პარასკევი, 21 თებერვალი, 2025
2025-02-12 05:32:19
ირინა მაკარიძე
ცივილიზებული სამყაროს მიერ არალეგიტიმურად ცნობილი ივანიშვილის ხელისუფლება დემოკრატის ნიღაბს იხსნის და ნამდვილ სახეს აჩენს. უწყვეტი პროტესტისგან გაბეზრებული რეჟიმი რეპრესიებს აძლიერებს, არაადეკვატურად გაზრდილი ჯარიმებითა და დემონსტრანტების მიმართ გამოჩენილი სისასტიკით ცდილობს თავისუფალი მოქალაქეების დაშინებას. ერთპარტიულ პარლამენტში კი რეკორდული სიჩქარით იღებს რეპრესიულ კანონებს, სადაც ხელის შემშლელიც არავინ ჰყავს.
ხელისუფლება საჯარო სამსახურებს ასუფთავებს თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებისგან და რეჟიმის დასაყრდენ ძალას აძლიერებს. „ოცნება“ არასამთავრობო სექტორს სრულად გაქრობას უპირებს, მედიას კი რეგულაციების ჩარჩოში მოქცევით ემუქრება. ყველას, ვისაც „ოცნების“ პროპაგანდისტული გზავნილებისგან განსხვავებული აზრი აქვს, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ იარლიყს აკრავს და მტრად, მოღალატედ, ჯაშუშად აცხადებს.
გადავედით თუ არა უკვე ავტოკრატიული მმართველობიდან დიქტატურაში? მარტო მოქმედებს ივანიშვილის რეჟიმი თუ მას უფრო დიდი რეჟიმი უმაგრებს ზურგს? აიძულებს თუ არა დასავლეთის სანქციები ივანიშვილის რეჟიმს, დათმობებზე წავიდეს, დანიშნოს ახალი არჩევნები და გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები? რას უნდა აკეთებდეს ამ დროს ოპოზიცია? _ ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პოლიტიკურ ფონდ „ჭავჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი:
_ ბატონო ზაზა, როგორ შეაფასებთ დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას? ბოლო დღეებში ხშირად გაისმის შეფასებები, რომ ეს უკვე გაფორმებული დიქტატურაა. ეთანხმებით თუ არა ამ აზრს?
_ ტერმინებზე ბევრი დავა შეიძლება _ ზოგი ამბობს, შეჯიბრებითი ავტორიტარიზმიდან კონსოლიდირებულ ავტორიტარიზმზე გადავდივართო. ზოგი _ ეს უკვე დიქტატურააო. სინამდვილეში, ეს ტერმინები მხოლოდ აკადემიურ ინტერესს წარმოადგენს, ჩვენთვის კი მთავარი სხვაა. რეალურად, საქართველოში უკვე არის დიქტატურა, რომლის სათავეშიც ერთი ოჯახი დგას. ეს ოჯახი ერთობა და დაგვცინის, სანამ ადამიანები იხოცებიან, ქვეყნიდან გარბიან, რომ გადარჩნენ, გაჭირვების გამო თავს იწვავენ (ზამირ კვეკვესკირის ტრაგედია გავიხსენოთ, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა და რაც სხვა უბედურებებმა მომდევნო დღესვე დაგვავიწყა). ხალხი კოვიდით პანტა-პუნტით იხოცებოდა _ მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზე ვიყავით სიკვდილიანობით! ოლიგარქის შვილი კი უცხოეთიდან, მაპატიეთ და, კუილის ამსახველ ტიკ-ტოკებს წერდა და ავრცელებდა. ამაზე უფრო მდარე, უღირსი, ერისთვის შეურაცხმყოფელი რა უნდა იყოს? ეს არის ამ ოჯახის ღირებულებების, განათლების, შეგნების, გემოვნების, მორალის სახე. იგივე გრძელდება დღესაც. ადამიანები თავისუფლებისთვის სიცოცხლეს რისკავენ, ოლიგარქის გაზულუქებული, სპეცრაზმს ამოფარებული შვილი კი შიშველ ფოტოებს დებს სოციალურ ქსელებში, რითაც გვანახებს, რომ სულ ფეხზე კიდია საქართველოს მოქალაქეთა წუხილიც, აწმყოცა და მომავალიც. 13 წელია, რუსეთთან ცალმხრივი დათმობის პოლიტიკას აწარმოებს ბერას მამა და რა მივიღეთ? რამდენიმე დღის წინ რუსეთმა ტრიუმფალურად გახსნა 1993 წელს _ ხაზს ვუსვამ, 1993-ს და არა 2008 წელს _ დახურული სოხუმის აეროპორტი. ეს სწორედ ის წელია, როცა მოხდა აფხაზეთის ოკუპაცია, ქოცპროპაგანდის მტკიცების მიუხედავად. და რას შვრება ამ დროს ქოცრეჟიმი _ ერთხელ მაინც წამოიკნავლა რამე? ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად და მისი მოსკოველი კურატორების დაკვეთის შესაბამისად, საქართველოს მმართველმა რეჟიმმა შეგნებულად გაიუცხოვა ყველა მეგობარი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან შეუძენია. დღეს საქართველო მარტოა და ცივილიზებული სამყაროსგან იზოლირებულია, რაც მათი არჩევანია. მართლაც მორალურად სნეული უნდა იყო, რომ დაიჯერო, თითქოს საქართველო ვინმემ გამოარჩია 200 ქვეყანას შორის და მაინცდამაინც ჩვენ გვჩაგრავს ე. წ. დიფ სთეითი. ეს უბრალოდ ურცხვი, უტიფარი, უსინდისო პროპაგანდაა, რომლის მიზანიც რეჟიმის დანაშაულებრივი პოლიტიკის გადაფარვაა. კლასიკური რუსული მეთოდი, რომელიც ამჟამად აქ ხორციელდება. მოკლედ, საქართველოში ეგზისტენციური კრიზისია, მუდმივი ფორსმაჟორის რეჟიმი, რომელიც დასრულდება ან რუსული რეჟიმის განდევნით ან საქართველოს სრული დამონებითა და რუსიფიკაციით.
_ რას იტყვით ბოლო პერიოდში კანონმდებლობის დაჩქარებულად გამკაცრებაზე?
_ ივანიშვილი ჩქარობს საქართველოში ახალი მოცემულობის შექმნას იმ მომენტისთვის, როცა ტრამპი საქართველოსთვის მოიცლის, რაც, სავარაუდოდ, გაზაფხულზე იქნება. ამ დროისთვის მას სურს სრულად ჰქონდეს განადგურებული პატრიოტული წინააღმდეგობის, თავისუფლებისთვის ბრძოლის, თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის ყველა კერა. ამ გზით ის შეძლებს ივაჭროს, როგორც ოლიგარქი _ ბიზნესმენთან.
_ რატომ გადაწყვიტა ახლა ხელისუფლებამ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეჩერება?
_ იმიტომ, რომ გადაეწურა ამ ადამიანების პარლამენტში შეყვანის ყველა იმედი, მოლოდინი და ილუზია. შესაბამისად, ახლა შეეცდება ალტერნატიული გზით წასვლას. უკვე ვხედავთ ოპოზიციის ხელოვნურად შექმნის მცდელობებსაც _ „ოცნებიდან“ ორგანიზებულად გამოყვეს ორი ჯგუფი და მათ დაარქვეს ოპოზიცია, რაც დიდად საცოდავი საყურებელია და ძალიან სასაცილოა, მაგრამ სწორედ ამ სახლობანას თამაშობენ ივანიშვილის მსახურები და თან უწევთ ამ ყველაფერზე სერიოზულად აკეთონ კომენტარები კამერების წინ, რაც ადვილი ნამდვილად არ უნდა იყოს.
_ ერთი მხრივ, გვაქვს უწყვეტი პროტესტი და, მეორე მხრივ, არალეგიტიმური ხელისუფლება. თქვენი აზრით, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს ეტაპი და როგორ წარმოგიდგენიათ ამ ვითარებიდან გამოსავალი?
_ ივანიშვილის რეჟიმის გეგმით, პროტესტი უნდა მინავლდეს ისე, როგორც ეს მოხდა რუსეთში 2012 წლის გამოსვლების შემდეგ. ზუსტად იგივე გზებითა და მეთოდებით მოქმედებს ივანიშვილი და, მეტიც, ზუსტად იგივე ხალხი დგას მის უკან. ჩვენი ამოცანაა, გავითვალისწინოთ ის შეცდომები, რომლებიც დაუშვეს ანტილუკაშენკურმა და ანტიპუტინისტურმა ძალებმა შესაბამის ქვეყნებში.
_ 53 ადამიანია რეჟიმის პატიმრობაში, 500-ზე მეტი დააკავეს, სახალხო დამცველმაც კი აღნიშნა, რომ 80 პროცენტი ნაცემი იყო, _ როგორია თქვენი შეფასება?
_ ამ თემაზე რაიმე ახლის თქმა რთულია, იმდენად აშკარაა ბოროტების სახე და მასშტაბი, რომელიც გვიპირისპირდება. გარდა იმისა, ვიტყოდი, რომ ეს რეჟიმი შეუდარებლად უფრო ბრუტალური, დაუნდობელი და სასტიკია, ვიდრე წინა ხელისუფლება, რომელსაც „აქტივში“ მხოლოდ ორი დარბევა _ 7 ნოემბერი და 26 მაისი ჰქონდა. ამ რეჟიმის ხელში კი ლამის ყოველდღე „7 ნოემბერია“. მხოლოდ შარშან, 2024 წელს, რამდენიმე ათეული სასტიკი დარბევა მოეწყო. და არანაირი „ძალის გადამეტება“ ან „გადაცდომა“ იქ არ ყოფილა _ ეს იყო დაგეგმილი სისასტიკე და წინასწარ გაცემული დაუსჯელობის დაპირება. ყველა, ვინც ამაში მონაწილეობდა, ივანიშვილის დიდი დანაშაულის თანამონაწილეა და, საკუთარი დანაშაულის ჩადენიდან, უკვე არა მხოლოდ რუსულ რეჟიმს, არამედ საკუთარ ტყავს იცავს.
_ როგორ უყურებთ ამ ბრძოლას, _ როგორც რუსეთის იმპერიასთან ხანგრძლივი ბრძოლის გაგრძელებას, თუ ლოკალური დამნაშავეების მიერ, რომლებმაც ხელისუფლება მიიტაცეს, ყველაფრის ფასად ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობას?
_ რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთთან დიდი, ისტორიული ბრძოლის გაგრძელება. 2012 წელი იყო რუსული რევანში წარმატებულ ქართულ სახელმწიფოზე, რომელიც სამაგალითო გახდა რეგიონისა და მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის. სამწუხაროა, რომ ამას ბევრი მხოლოდ დღეს მიხვდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ახლა მაინც მიხვდა. შევახსენოთ მკითხველს: 2008 წლის ომის დასრულების შემდეგ პუტინმა თქვა, _ რაც ვერ გააკეთეს რუსულმა ტანკებმა, იმას იზამს ქართველი ხალხიო. მერე, 2012 წლის გაზაფხულზე, აშკარა ცინიზმით ჰკითხა ქართველ ჟურნალისტს, შემახსენეთ, თქვენთან არჩევნები როდის არისო? გავა კიდევ რამდენიმე წელი და საქართველოს დაუძინებელი მტერი, ალექსანდრე დუგინი, იტყვის, _ 2008 წელს თბილისში ტანკებით რომ შევსულიყავით, იმაზე უკეთეს ხელისუფლებას ვერ დავსვამდით, ვიდრე დღეს გვყავს „ოცნების“ სახითო. ცხადია, რეჟიმის მსახურები იცავენ საკუთარ ძალაუფლებას, რადგან მათთვის ყველაფერთან ერთად ეს არის საარაკო მასშტაბის კორუფციისა და გაზულუქების საწინდარი. მაგრამ რუსული ზურგის გარეშე ეს უბიოგრაფიო, უავტორიტეტო და კორუმპირებული ფიგურები ვერაფერს მიაღწევდნენ.
_ როგორ შეაფასებთ დასავლელი პარტნიორების განცხადებებს, სანქციებს? რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს საბოლოო შედეგის მისაღწევად?
_ საქართველოს უცხოელი მეგობრების პოზიცია საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არასდროს ყოფილა ასეთი ცხადი, არაორაზროვანი და ღიად გამოხატული, საქართველოს დამოუკიდებლობის 34 წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, განცხადებები საკმარისი არ არის, ქმედებას კი, ერთი მხრივ, დრო სჭირდება (ეს არ არის ივანიშვილის ან პუტინის რეჟიმი, სადაც ერთი ბრძანებით ხდება პოლიტიკის ცვლილება, დასავლეთში დემოკრატიაა, რასაც პროცედურები და შეზღუდვები აქვს). რაც შეეხება სანქციებს, დასავლეთმა დაიგვიანა. ამაში დიდი როლი ითამაშეს ივანიშვილის ლობისტებმა, რომლებიც არ ჩანან. ასევე რუსეთის მიერ გადაბირებულმა ამერიკელებმა საკვანძო ადგილებში (მათ შორის, საქართველოში მომუშავე ამერიკელთა შორის), რომლებმაც, ცივი ომის სტილში ძალიან უარყოფითი როლი შეასრულეს. შესაბამისად, სანქციებმა ვეღარ შეასრულეს პრევენციული როლი, ანუ მათ ვერ შეძლეს საქართველოს გადარჩენა რუსული ავტორიტარიზმისგან. ახლანდელი სანქციები სადამსჯელოა _ ისინი სჯის ადამიანებს, რომლებმაც საქართველო რუსეთს ჩაბაარეს. მაგრამ მსოფლიოს ისტორიაში არ არსებობს პრეცედენტი იმისა, რომ სადამსჯელო სანქციებმა შეცვალა ან დასანქცირებული რეჟიმი, ან ამ რეჟიმის პოლიტიკა (მარტო კუბის ან ჩრდილოეთ კორეის მაგალითი არ კმარა?). ამდენად, სანქციები მხოლოდ ნაწილია იმ მთლიანი პოლიტიკის, რომელიც დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ უნდა ჰქონდეს გაშლილი. და ეს პოლიტიკა უნდა დასრულდეს რუსეთის, როგორც იმპერიის ნარჩენის, საბოლოო დანგრევით. მჯერა, ამას მოვესწრებით.
_ ფაქტია, რომ პროტესტის ავანგარდში დგას ხალხი. როგორ უყურებთ ამ პროცესში პოლიტიკური პარტიების როლს?
_ ის, რომ პარტიები ამ პროცესში არ თუ ვერ ერთვებიან, მათივე „დამსახურებაა“. და იმის გათვალისწინებით, რომ პარტიები, რეალურად, თითო-ოროლა ადამიანის ხელშია, გამოდის, რომ ეს სურათი იმ კონკრეტული 4-5 ადამიანის „დამსახურებაა“, რომელთაც არ სურთ, პარტიები დემოკრატიული პრინციპით იქმნებოდეს და იმართებოდეს. სანაცვლოდ, პარტიებს პირად ან ოჯახურ ბიზნესად მიიჩნევს. შიდაპარიული დემოკრატიის როლსა და მნიშვნელოვაზე „ჭავჭავაძის ცენტრი“ 5 წელია მუშაობს. ამ თემით ამ ეტაპზე თავს აღარ შეგაწყენთ, მაგრამ აღვნიშნავ, რომ სანამ პარტიები ღია, დემოკრატიულ, ტრანსპარენტულ ორგანიზმებად არ გადაიქცევა, მანამდე ექნება ამომრჩევლის დიდ ნაწილს მათთან გაუცხოება.
_ თქვენი აზრით, რა აიძულებს ივანიშვილს, წამოვიდეს დათმობაზე?
_ მხოლოდ ძალა. ძალა და შიში, რომ თუ ის ძალაუფლებას არ დათმობს, მოუწევს ყველაფრის დათმობა. შეიძლება ესეც არ იყოს საკმარისი, რადგან ივანიშვილი, როგორც ადამიანი, რომელიც ისედაც არავის ენდობა (მის პარანოიაზე წლებია, ლეგენდები დადის), როგორც რეჟიმის ლიდერი, რომელსაც უამრავი ენით აღუწერელი ბოროტება აქვს ჩადენილი მკვლელობებისა და რუსეთთან მოღალატური თანამშრომლობის კუთხით, არასდროს დაიჯერებს, რომ თუ ის წავა, მას ვინმე ანგარიშს გაუწევს და ისევე არ მოექცევა, როგორც ის მოექცა თავის მოწინააღმდეგეებს. ამიტომ ივანიშვილი არავითარ შემთხვევაში არ დათმობს მოლაპარაკების გზით. ის დათმობს მხოლოდ მაშინ, როცა სხვა ალტერნატივა ფიზიკურად აღარ ექნება.
_ როგორია თქვენი მოლოდინი?
_ მოლოდინებზე საუბარი შესაძლებელია მაშინ, როდესაც არსებობს ჩამოყალიბებული, მყარი მოცემულობა. ჩვენს შემთხვევაში კი მოცემულობა ყოველდღიურად იცვლება. ამდენად, რთულია მოლოდინებზე საუბარი. ყველაფერს დინამიკაში უნდა შევხედოთ. სამწუხაროდ, განსხვავებით 2003 ან 2012 წლებისგან, რუსებმა და კონკრეტულად ივანიშვილმა ისეთი რეალობა შექმნეს, როდესაც კომპრომისული გზა, რეალურად, აღარ არსებობს. ერთ მხარეს ვართ ჩვენ, ქართველი ხალხი, ჩვენს უკან ჩვენი სამშობლო, ჩვენი თავისუფლება, ჩვენი ოჯახებია. მეორე მხარეს კი არის ივანიშვილის რუსული რეჟიმი, მე ვიტყოდი, ერთი დიდი დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც ძალით აპირებს შეინარჩუნოს ის, რაც უკანონოდ და უსამართლოდ მოიპოვა. გახსოვთ, ლაშა ნაცვლიშვილისა და შალვა რამიშვილის ცნობილი ეთერი, სადაც ისინი ამბობენ, _ იმდენი სიავე გვაქვს გაკეთებული, ხალხი რომ გაიგებს, რა მოგვივაო? სწორედ ესაა მათთვის სასწორზე. ჩვენთვის _ საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა, დემოკრატია და ევროპული მომავალი, რაც შეუთავსებელია ივანიშვილის მიზნებთან.