QronikaPlus
პაატა მანჯგალაძე: „თუ მედიას აუქმებ, თუ პოლიტიკოსებს იჭერ, პუტინისტი ხარ, აბა, რა ხარ?“

პაატა მანჯგალაძე: „თუ მედიას აუქმებ, თუ პოლიტიკოსებს იჭერ, პუტინისტი ხარ, აბა, რა ხარ?“

2025-02-12 05:16:11

ირინა მაკარიძე

„ოცნების“ ხელისუფლება დიდი ნაბიჯებით მიდის დიქტატურისკენ _ რეჟიმის რეპრესიებზე, გამკაცრებულ კანონმდებლობაზე, მედიისა და არასამთავრობოების დადუმების დაანონსებულ მცდელობაზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე:

_ ყველა ავტოკრატიულ რეჟიმს აქვს საერთო ნიშნები: პირველი _ ხალხს ეუბნებიან, თითქოს რაღაც გარე მტრები არსებობენ, რომლის დასამარცხებლადაც აუცილებელია, კონსოლიდირებული იყოს ძალაუფლება და შეიზღუდოს ადამიანის უფლებები; მეორე _ იწყება მედიის კონტროლი და არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვა; და მესამე _ პოლიტიკოსები ციხეში. ამ თანმიმდევრობით მიდიან ქვეყნები ავტოკრატიიდან დიქტატურისკენ. ამის მაგალითია ბელარუსი, ვენესუელა, ირანი, რუსეთზე აღარ ვსაუბრობ, იქ ეს ეტაპი 2012 წელს დაასრულეს. იქ ოპონენტებს პირდაპირ კლავენ _ საკმარისია ბორის ნემცოვისა და ალექსეი ნავალნის შემთხვევების გახსენება. ავტოკრატიებსა და დიქტატურებს ბევრი აქვთ საერთო. ჩვენთან რაც არის, დიქტატურის ეს ნაირსახეობა, პირდაპირ რუსეთიდან მართულია. არანაირი ინტელექტუალური კვლევა-ძიება ამათ არ ჩაუტარებიათ. დარწმუნებული ვარ, გამზადებული გაიდლაინები მოსდით და ასე მართავენ ქვეყანას. ახლა დაიწყეს „ჭანჭიკების მოჭერა“ მედიასთან დაკავშირებით ვნახეთ, რაც ხდება _ კანონი დააანონსეს. ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით კანონს ამზადებენ, რომ გამორიცხონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა. აცხადებენ, „ჩვენ დავაფინანსებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს“. ბიუჯეტიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია როგორ იქნება ხელისუფლების კრიტიკით დაკავებული? მარტივია, _ ვინც გააკრიტიკებს, არ მისცემენ დაფინანსებას. ვხედავთ პირდაპირ ნიშნებს რეპრესიული სისტემის გამკაცრების: გზის გადაკეტვა ადრე თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იყო, ახლა სისხლის სამართალში გადადის. ასევე აპირებენ გაამკაცრონ კანონმდებლობა პოლიტიკოსების, საჯარო მოხელეების, პოლიციელების მიმართ შეურაცხყოფაზე, ე. წ. თავდასხმაზე, ვინმემ ქუჩაში „მონა“ რომ არ დაუძახოთ... ადრე როდესაც ვკითხულობდი საბჭოთა კავშირში გასული საუკუნის 30-იან წლებში მასობრივი ტერორის შესახებ, ვცდილობდი გამეაზრებინა, როგორ ხდებოდა ეს. ერთი ასეთი ისტორია შემხვდა, რომ 1937 წელს ორი და მღეროდა აივანზე დაახლოებით ასეთი შინაარსის ტექსტს:- „რა კარგია ძია ლენინთან, ნეტავ სტალინიც წავიდოდესო“. ამ სიმღერის გამო დააკავეს ორივე, ერთი ფეხმძიმედ იყო და გადარჩა, მეორე გადაასახლეს. ეს ხდებოდა საქართველოში, წარმოგიდგენიათ? ახლაც იგივეს ცდილობენ. ბელადის, ივანიშვილის ხსენებაზე კი არა, პოლიტიკოსის, საჯარო მოხელი, ან პოლიციელის აუგად მოხსენიების გამო უკვე კონკრეტული სანქციებია. სად მივდივართ და მათი მიზანი რა არის, ცხადია უკვე.

_ აღსანიშნავია, რომ საოცრად სწრაფად იღებენ ამ კანონებს...

_ მათაც უჭირთ... ჩვენ გვიჭირს წვიმაში, ქარსა და სიცივეში დგომა, მაგრამ ჩვენ არჩევანი არ გვაქვს, ჩვენ უკან საქართველოა. ისინი რას იცავენ? ისინი იცავენ ივანიშვილსა და იმ კეთილდღეობას, რომელიც აქვთ, ფულებს, დუბაიში დროსტარების არჩევანს. და მთავარი ლეგენდა რა არის? _ რომ დასავლეთია საფრთხე. ირანში ეუბნებიან ხალხს, რომ სიონისტები არიან საფრთხე; ვენესუელაში სოციალისტებად მოაქვთ თავი და კაპიტალისტებს აცხადებენ მტრებად; რუსეთში ლგბტ დასავლეთია საფრთხე. ბელარუსში აცხადებენ, რომ პოლონეთი ნატო-ში შედის და აი, ნატო-ს საფრთხე არის. ერთი და იგივე ადამიანია პრეზიდენტი 30 წელია. ეს ხმა თუ ჩაახშვეს, რომელიც ისმის მედიიდან, ღმერთმა ნუ ქნას, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ გაქრნენ, დასავლეთი თუ გავიდა აქედან და პოლიტიკოსები გადაშენდნენ, აქ ჩვეულებრივი დიქტატურა იქნება. ბელარუსულ დიქტატურასა და ქართულ დიქტატურას შორის არავითარი განსხვავება არ იქნება. ისინი ძალიან ემსგავსებიან ერთმანეთს ადამიანის უფლებების დარღვევისა და სხვა საკითხებში. „ოცნებამ“ ჩინეთი რომ გამოაცხადა სტრატეგიულ პარტნიორად, ჩვენთან თუ დემოკრატიას ჯერ კიდევ პოზიტიური შინაარსი აქვს, ჩინეთში პირდაპირ ამბობენ, რომ დემოკრატია ეს არის გარედან თავსმოხვეული მექანიზმი, რომლითაც დასავლეთი ცდილობს ჩინეთისა და სხვა ქვეყნების გაკონტროლებას. ასე იქნება აქაც, _ ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატია ნეგატიურ შინაარს შეიძენს, ლიბერალიზმს ხომ უკვე მისცეს ეს შინაარსი. ამიტომ გამოსავალი არის პროტესტი. მადლობა იმ ხალხს, ვინ ერთხელ მაინც გამოვიდა ქუჩაში, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი მასა არის ე. წ. ნეიტრალური. ამ დროს ნეიტრალური ადამიანი სინამდვილეში „ქოცთან“ ერთად ამ პროცესის თანამონაწილეა და პასუხისმგებელი არის ამ ყველაფრის.

_ გვახსოვს, ბიძინა ივანიშვილს დასავლეთში „უხეირო დიქტატორი“ უწოდეს, თუმცა ნამდვილი დიქტატურისკენ საკმაოდ სწრაფად მივექანებით... 

_ მათი სურვილია, რომ ქუჩაში არავინ გამოვიდეს, ხმა არავინ ამოიღოს და არავინ არაფერი გააპროტესტოს და ბიძინა ივანიშვილის მილიარდებსა და საქართველოს ძარცვის უფლებას შესწირონ საქართველო. მათი მთავარი დიდი ტყუილი ისაა, რომ დასავლეთს ცუდი უნდა საქართველოსთვის. სინამდვილეში, არაღიარების პოლიტიკის მთავარი მხარდამჭერი არის დასავლეთი და აშშ, რუსეთი კი არის ოკუპანტი, რომელიც საქართველოს ადგილზე სამ „ქვეყანას“ ხედავს. ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა შექმნეს ინსტიტუციები წლების განმავლობაში, 30 წელზე მეტია საქართველოს რუსული გავლენის შემცირებაში ეხმარებიან, ბევრი რეფორმა გატარდა მათი ხელშეწყობით. დასავლეთზე როდესაც აცხადებ, რომ მტერია და რუსეთზე დუმხარ, ვინ გამოდიხარ? _ რუსი, რუსეთის სამსახურში მყოფი ძალა. შენ თუ ადამიანის უფლებებს ანადგურებ,  შენ თუ ავტოკრატიას ამკვიდრებ, თუ მედიას აუქმებ, თუ პოლიტიკოსებს იჭერ, პუტინისტი ხარ, აბა, რა ხარ?

_ „ოცნება“ იმუქრება, რომ „ფარას“ ამერიკულ ვარიანტს მიიღებს, რუსული კანონი მიღებული აქვს. როგორ ფიქრობთ, რატომ დასჭირდა ახლა კიდევ ახალი კანონის მიღება?

_ იმიტომ, რომ ამ რუსული კანონის აღსრულების პრობლემა აქვთ. საქართველო იმდენად არის დამოკიდებული დასავლურ დაფინანსებაზე, ესენი ყველა გამოაცხადო უცხოეთის გავლენის აგენტებად და მტრებად, ეს არის შეუძლებელი. ამიტომ უწევთ „ფარას“ ანალოგის შემოტანა. მერე, ალბათ, პროპაგანდაში იტყვიან, რომ „რატომ არის რუსული კანონი? ჩვენ ამერიკული კანონი მოვიღეთ“... ის კანონი აშშ-მა თავის დროზე მიიღო ნაცისტური და კომუნისტური საფრთხისგან თავდასაცავად, ესენი კი რუსულ გავლენას ზრდიან და დასავლურ გავლენას ამცირებენ. ეს დასავლური გავლენა რომ შემცირდება საქართველოში, ვისი გავლენა გაიზრდება, ვისი შავი ფული შემოვა? _ რა თქმა უნდა, რუსეთის. ისინი ამბობენ, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს თავისი ინტერესი, ტრამპს აქვს თავისი მიზანი. კი, ყველა სახელმწიფოს თავისი ინტერესი აქვს, მაგრამ ჩვენ გონება იმისთვის გვაქვს, რომ მივხვდეთ, საქართველოს ინტერესებს აშშ-ის ინტერესები უფრო ემთხვევა თუ რუსეთის ინტერესი. რუსეთს უნდა, საქართველო იყოს მისი ვასალი და ყურმოჭრილი მონა, როგორც აქამდე იყო. აი, ეს არის მთავარი.

_ რას იტყვით 49 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ? როგორ ფიქრობთ, რატომ მიიღეს ახლა ეს გადაწყვეტილება?

_ ეს სჭირდებათ რეპრესიებისთვის. სხვა შემთხვევაში რომელიმე დეპუტატის დაკავებისას ცალ-ცალკე დასჭირდებოდათ იმუნიტეტის მოხსნა, ახლა ვისი დაჭერაც მოუნდებათ, დაიჭერენ და ამით დამთავრდება ყველაფერი.

_ გახარიას პარტიას რჩება 12 პარლამენტარის მანდატი.  შედეგად, 101 წევრია პარლამენტში, ორი მათგანის გამოკლებაც კი ცვლის ვითარებას, რას იტყვით ამის შესახებ?

_ რა თქმა უნდა, ასეა. საერთო რაოდენობის 2/3, ანუ 100 დეპუტატიც თუ არ არის, მაშინ ასეთი პარლამენტი, ჯერ ისედაც არალეგიტიმურია, უკვე ფორმალისტურ-სამართლებრივ დონეზეც არ არის ლეგიტიმური. მგონია, ჩვენი ყოფილი კოლეგები არ აპირებენ პარლამენტში შესვლას. ამდენად მათი მანდატები დროებითია. თვითმარქვია პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, თუ სხდომებს არ დაესწრებიან, მაისში უკვე ავტომატურად შეუწყდებათ უფლებამოსილება.

_ სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ მიმართა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს თხოვნით, თავიანთ დედაქალაქებს მიაწვდინონ ხმა, რომ რეპრესიების გაძლიერებასთან ერთად კიდევ უფრო გაძლიერდეს ზეწოლა ივანიშვილის რეჟიმზე. რას იტყვით ამაზე? რა ბერკეტები აქვს ახლა დასავლეთს, რომ აიძულოს რეჟიმი, წავიდეს დათმობებზე?

_ სანქციები მოძალადეების წინააღმდეგ ინდივიდუალურად უკვე ამუშავებულია. მგონი, აშშ-მა და ევროპამ ერთად უნდა იმოქმედოს, ამას ამბობს ამერკელი კონგრესმენი, „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე ჯო უილსონიც.  ახლა მთავარი საკითხია „მეგობარი აქტის“ ამოქმედება, რომელიც ორპარტიულად აქვთ ინიცირებული „რესპუბლიკელებსა“ და „დემოკრატებს“. ამ აქტის მთავარი არსი არის, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსა და მათთან დაკავშირებული პირებს, მათ შორის, ნათესავებსა და ბიზნესპარტნიორებს უნდა შეექმნათ დისკომფორტი. აი, მაშინ დაფიქრდება ოლიგარქიის დამცველი მოძალადე მაღალჩინოსანი პოლიციელი, როდესაც თავისი შვილი, რომელისც სასწავლებლად გაუშვა ევროპაში, აშშ-ში, უკან ჩამოუვა, როდესაც აქ მოპარულ ფულს ვეღარ გამოიყენებს დასავლეთში. იმ დრომდე, ვიდრე აქ მოპარულ ფულს თავისუფლად ხარჯავს საზღვარგარეთ, არაფერზე დაფიქრდება. გამოსავალი არის პროტესტი, პროტესტი და სანქციები! სხვა გამოსავალი არ არსებობს. შიში შეიძლება გვქონდეს ყველას და ბუნებრივიცაა, მაგრამ უნდა ვიპოვოთ შიშის დაძლევის მექანიზმი. სხვა შემთხვევაშ, შიშს დაემატება მონობა. ახლა შიში და თავისუფლება გვაქვს, მერე იქნება შიში და მონობა.

გაზიარება