- პარასკევი, 24 იანვარი, 2025
2025-01-23 09:48:32
გიორგი საკარული
50 დღეზე მეტია, რაც საქართველოს ყველა დიდ ქალაქში უწყვეტი პროტესტია რუსული მთავრობის წინააღმდეგ. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ითხოვს უდანაშაულო პოლიტპატიმრების განთავსუფლებას და ახალი არჩევნების დანიშვნას.
უწყვეტ პროტესტზე კი „ოცნების“ რუსული რეჟიმი აკავებს ყველას, ვისაც განსხვავებული პოზიცია აქვს. მიდიან ყველას წინააღმდეგ, ვინც პროევროპელია და არ უნდა რუსეთში ცხოვრება და აკავებენ ყველას, თუ ქუჩაში პოლიციას ვინმეს სახე არ მოეწონა. აი, ეს რეალობაა დღეს სრულიად საქართველოში.
უდანაშაულო ადამიანებს ასამართლებენ მოსამართლეები, რომლებიც პირდაპირ პროკურატურის, ანუ „ოცნების“ მითითებებსა თუ დავალებებს ასრულებენ. ასე მაგალითად, მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ პატმრობაში დატოვა მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ ცხრა პირი.
ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც პროევროპულ დემონსტრაციებში აქტიურად მონაწილეობდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საკუთარ ბინაში 5 დეკემბერს დააკავეს. გაგეცინებათ და მსახიობს ბრალად ედება „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა, მასში მონაწილეობა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდება“. ჭიჭინაძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში არც მეტი, არც ნაკლები 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ახლა კი ორიოდე სიტყვით მოგიყვებით მოსამართლეზე, რომელიც ანდროს და სხვა უდანაშაულო ბიჭებს „ოცნების“ ბრძანებით ასამართლებს.
***
ქეთევან ჯაჭვაძე 1975 წელს თბილისშია დაბადებული. მას სკოლაც თბილისში (#10) აქვს დამთავრებული, თუმცა, ოფიციალური ბიოგრაფიით, სამართალმცოდნეობას საგარეჯოში მდებარე დავით გარეჯელის სახელობის ჰუმანიტარულ-ტექნიკურ ინსტიტუტში დაეუფლა.
2006 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
ჯაჭვაძემ მოსამართლის კარიერა ჯერ კიდევ ენმ-ის ხელისუფლების დროს დაიწყო.
2007-2009 წლებში იყო გალი-გულრიფშის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავდროულად მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გორის რაიონულ სასამართლოში.
2009-2011 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2012-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2017 წლის მაისიდან იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.
2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
ფართო საზოგადოების ყურადღება მოსამართლემ 2017 წელს მიიქცია, როდესაც ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილაძის საქმეს განიხილავდა.
„ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე, ამ მოსამართლის კვალიფიკაციასა და იურისტის დიპლომს ეჭვის ქვეშ აყენებს.
კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდიდან ირკვევა, რომ ქეთევან ჯაჭვაძემ 1998 წელს დაამთავრა დავით გარეჯელის სახელობის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
ელისო კილაძე კი ამბობს, რომ ეს ინსტიტუტი 1996 წელს დაარსდა, 2 წელიწადში კი ქეთევან ჯაჭვაძე იურისტის დიპლომის აღებას ვერ შეძლებდა, ბაკალავრიატის საფეხურის გავლას მაშინ 5 წელი სჭირდებოდა. კილაძის ადვოკატი ამბობს, რომ ზემოხსენებულ უნივერსიტეტს, რომელიც ახლა აღარ არსებობს და მის შესახებ ცნობები საძიებო სისტემებიდანაც გამქრალია, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი მას შემდეგ დაემატა, როდესაც ჯაჭვაძე მეორე კურსზე იყო.
მოკლედ, ასეთია რეალობა. ასეთია ის სამარცხვინო გადაწყვეტილებები, რომელსაც დღეს რეჟიმის პირადი კარის მოსამართლეები იღებენ.
და მაინც... რა იქნება, თუ რეჟიმმა ეს ახალგაზრდები ბოლომდე გაწირა და ციხეში ჩატოვა? როგორ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები და რა ხელის შემშლელი პირობებია მათ გარშემო?
წავა თუ არა წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე სტრასბურგში? _ ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ერთ-ერთი უფლებადამცველი, ადვოკატი ნათია კორკოტაძე:
_ ქალბატონო ნათია, წლებია ემსახურებით პროფესიას, რომელიც მოიცავს ადამიანთა უფლებების დაცვას. ამ წლების განმავლობაში გახსოვთ ასეთი მასობრივი დაკავებები, რაც დღეს ხდება?
_ სააკაშვილის დროს იყო დაკავებები ადმინისტრაციული წესით, თუმცა ასეთი მასობრივი დაკავებები ნამდვილად არ ყოფილა. შესაძლებელია გაგრძელებულიყო 10 დღე ან ორი კვირა, დარბაზიდან დარბაზში გადავდიოდით, ზოგჯერ ღამის 3-4 საათზე ტარდებოდა ხოლმე პროცესები, მაგრამ ახლა 54-ე დღეა, ეს ამბები ხდება და მსგავსი სიტუაცია არასდროს მახსენდება ნამდვილად.
_ და ამ ყველაფერს დამატებული ჟურნალისტების დაკავება.
_ მიშას დროს იყო, ერთადერთი რეპორტიორები რომ დააკვეს ჯაშუშობის მუხლით 2011 წელს და... მაგრამ იცით, რა ხდებოდა მაშინ? საელჩოებსა და დიპლომატებს ვხვდებოდით და პოლიტპატიმრებს პრეზენტაციებს ვუწყობდით, სპეციალური კომისია იყო შექმნილი, რომელიც შემდეგ ჩვენ ამ ხელისუფლებას ლანგრით მივართვით. პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით მე და კახა კუკავა ვმუშაობდით თავიდან ბოლომდე, როგორც კი დაიწყო ეს კომისია (კახა კუკავა იყო თავმჯდომარე). მაშინ მასხრად გვიგდებდნენ, რომ რა სისულელეა, ამით ვერაფერს მიაღწევთო, მაგრამ მივაღწევთ კი არა, ხომ ხედავთ, სამართლიანობის აღდგენა დაიწყო. დღეს სამართლიანობის აღდგენა კი არა, ნამდვილად ვერ ვარქმევ სახელს იმ ყველაფერს, რაც ხდება საქართველოში.
_ თქვენ ახლა იცავთ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის უფლებებს, რომლის სასამართლო პროცესიც წარიმართა ძალიან პატარა დარბაზში.
_ ეს ცალკე აღებული მთავარი თემაა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი იყო ხუთპირიანი საქმე, მეორე ექვსპირიანი. პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება საქმის გაერთიანებასთან დაკავშირებით, გაერთიანდა და ერთი სისხლის სამართლის საქმის ნომერი მიეცა. მაგრამ როდესაც შუამდგომლობა შედის სასამართლოში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოსამართლემ „კოპი-ფეისტით“ გადაიტანოს, რადგან ეს იყო გასულ წლებში, იმის წინა წლებში და ეს ხდება დღესაც. ამასთან დაკავშირებით ვუთხარი მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძეს და დიდი მოლოდინი ამ მოსამართლისგან არ მქონია, რადგან იგი არის პირი, რომელიც ასრულებს პროკურატურის დავალებებს ისე, რომ ერთ სიტყვას არ შეცვლის და ეს ზუსტად გამომდინარეობს იქიდან, რაც მან გააკეთა და განჩინება გამოიტანა ამასთან დაკავშირებით.
_ თუ გავითვალისწინებთ მის განათლებასა და კვალიფიკაციას, დიდად გასაკვირი ამ მოსამართლისგან არაფერია.
_ რა თქმა უნდა. დავით ხარშილაძის, ქალბატონ ელისო კილაძის შვილის ინტერესებს ვიცავდი და სწორედ ამ მოსამართლემ, ჯაჭვაძემ განიხილა წინასასამართლო პროცესი. მაშინ ქალბატონმა ელისომ გაამჟღავნა პირველად ამ მოსამართლის ბიოგრაფია.
სანამ სასამართლო დაიწყებოდა, მანამდე მოსამართლის თანაშემწეს შევხვდი და ვთხოვე, რომ საზოგადოების დიდი ინტერესია, გადავსებულია სასამართლოს ეზო ხალხით და როდესაც 11 ბრალდებული გყავს ერთ პროცესზე, სულ მცირე, ოჯახის ორი წევრი ხომ მაინც უნდა შემოვიდეს და დაესწროს სასამართლო პროცესს და ოჯახის წევრებიც კი ვერ შემოვიდნენ, გარდა ამისა, დასასხდომი სკამების პირველი რიგიც კი აღებული იყო და წინა რიგებზე განთავსებულები იყვნენ პოლიციის წარმომადგენლები. ვერ გავიგე, ტერორისტებს ვიცავდით და რამე საშიშროებას ხედავდნენ დარბაზში? შესაბამისად, ადვოკატების სახელით ვთხოვე თანაშემწეს, რომ ქალბატონი ქეთევანისთვის გადაეცათ ჩვენი თხოვნა დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით, მაგრამ მან მიპასუხა, რომ დარბაზს ვერ შეცვლიდნენ, რადგან იქ ნაფიც მსაჯულთა სხდომა ტარდებაო.
_ მოიტყუა?
_ რა თქმა უნდა! აზრი არ ჰქონდა თანაშემწესთან საუბარს, რადგან ის თავად დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ ღებულობდა და დარბაზში როგორც კი მოსამართლე შემოვიდა, პირველი შუამდგომლობა რაც იყო, დავაყენე მე, რომ საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, იქნებ, დარბაზი შეცვალოთ-მეთქი. აბსურდული მიზეზები მოიგონა და ბოლოს თქვა, რომ მაგ დარბაზში შესაძლოა, ტექნიკური გაუმართაობა იყოსო. ამასთან, მოსამართლეს ვუთხარი, რომ ჩვენ არ ვჩერდებით და შემოვიფარგლებით საქართველოს მართლმსაჯულებით და ამას აუცილებლად გაგრძელება ექნება სტრასბურიგის სასამართლოში და ამიტომ ჩვენ გვჭირდება დასაბუთებული განჩინება ამასთან დაკავშირებით. ყველა ადვოკატი დამეთანხმა, გამოაცხადეს შესვენება და შესვენების შემდეგ გადავედით სხვა დარბაზში. ეს ბრალდებულები, უფრო სწორედ, ტყვეები შემოვიდნენ დარბაზში, განლაგდნენ თავიანთ ადგილებზე, ძლივს სუნთქავდნენ და თან ყველაზე მნიშვნელოვანი იცით, რა არის? დაცვის უფლება გვერღვევა ადვოკატებს. მე რომ ადამიანის ინტერესებს ვიცავ, უნდა მქონდეს სამუშაო პირობები შექმნილი, მაპატიეთ, მაგრამ მუხლებზე ვერ დავიდებ დოკუმენტებს და ისე ვერ ვიმუშავებ.
_ თქვენ ხართ ერთ-ერთი ადვოკატი, რომელიც იცავს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის უფლებებს. მასთან ერთად პატიმრობაში რჩება იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი. აღსანიშნავია, რომ მათ ჯგუფური ძალადობა ედებათ ბრალად, მაგრამ არცერთი პირი ერთმანეთს არ იცნობს და სრულიად აბსურდული ბრალდება ისმის მათ წინააღმდეგ. მოკლედ რომ ვთქვათ, რეჟიმი ამ ადამიანებს ასამართლებს რის გამო?
_ რეჟიმი ამ ადამიანებს ასამართლებს იმის გამო, რომ ხალხი დაადუმონ, შიში დანერგონ, მაგრამ ამ ყველაფერმა უკურეაქცია გამოიწვია და ხალხი უფრო გაბრაზებულია. როდესაც საპროტესტო აქციები დაიწყო, გამოდიოდა 100, 200 კაცი, ახლა თქვენ კარგად ხედავთ, რომ მათი რიცხვი გაიზარდა და ძალიან ბევრი გახდა. რატომ? იმიტომ, რომ გაბრაზებულია ხალხი და უკან არავინ დაიხევს. როდესაც ამბობენ, რომ აქციაზე ნაცები გამოდიან და მე იქ რა მინდაო, არის ძალიან დიდი ტყუილი, რადგან იქ მხოლოდ ნაცები არ გამოდიან. როდესაც მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში იყო, პირობითად ვამბობ, ბავშვი რომ დაიბადა, 9 წლის იყო და 9 წლის შემდეგ სააკაშვილი გადადგა და 12 წელია უკვე ესენი არიან ხელისუფლებაში. 20 და 22 წლის ახალგაზრდობას უნდათ ევროპა, არ უნდათ რუსეთი და ესენი პირდაპირ რუსეთისკენ მიგვათრევენ. უნდათ, რომ სადღაც გადავიჩეხოთ და ასე არ ხდება. თუნდაც, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი რომ დააკავეს, სამარცხვინოა ეს ყველაფერი.
ერთი ლოგიკური კითხვა მაქვს: ანდრო ჭიჭინაძის შუამდგომლობაში როდესაც ვადა გააგრძელეს, იქ წერია, რომ ჩვენ 158 პოლიციის თანამშრომელი გვყავს დასაკითხი, რომლებმაც დაზიანებები მიიღესო. თუკი მათ დაზიანებები მიიღეს, ნუთუ შინაგანი რწმენიდან გამომდინარე ერთი კითხვა მაინც არ გაგიჩნდათ, რომ გამოკითხვის თუნდაც ერთი ოქმი მაინც იყოს, ანუ 50 დღე გავიდა ანდრო ჭიჭინაძის დაკავებიდან ისე, რომ ერთი დოკუმენტი არ აქვთ გაკეთებული და მე ეს აღვნიშნე სასამართლო პროცესზე.
ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ისინი (ბრალდებულები) ერთმანეთს იცნობენ და როლებს ანაწილებდნენო და გამეცინა ამაზე. სასამართლო პროცესზე პროკურს განვუცხადე, _ ბატონო პროკურორო, ანდრო ჭიჭინაძე არის მსახიობი და როლებს რეჟისორი ანაწილებს-მეთქი. რაც ყველაზე მთავარია, 11 ბრალდებულიდან არცერთი არ იცნობს ერთმანეთს. ესენი იყვნენ და არიან დამოუკიდებელი პირები, რომლებიც აპროტესტებენ რუსულ რეჟიმს და არ უნდათ რუსეთი და უნდათ ევროპა. მას შემდეგ, რაც ე. წ. პრემიერმა კობახიძემ გააკეთა განცხადება ევროინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, ზუსტად ამან გამოიყვანა ეს ხალხი ქუჩაში და ამან გამოიწვია ის პროტესტი, რაც ხდება დღეს მთლიან საქართველოში.
არის ახალგაზრდების კატეგორია, რომელიც ცხვარი შეიძლება შევიდეს ციხეში და მგელი გამოვიდეს. არიან ადამიანები, რომლებმაც შესაძლოა საერთოდ ცხოვრებაზე ხელი ჩაიქნიონ ან უფრო გაბოროტდნენ. შერჩევითი სამართალია და ჩვენ წინა ხელისუფლების დროს სწორედ ამას ვაპროტესტებდით და მე როგორც იურისტსა და ადვოკატს საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ იქნება ხელისუფლებაში, მაგრამ რასაც მე მაშინ ვებრძოდი და 10 წელი ქუჩაში ვიდექი, ანალოგიური მეორდება დღესაც. ასისხლიანებენ ადამიანებს, სცემენ, იჭერენ, მეორე დღეს ხელისუფლება ან კონცერტს მართავს, ან საახალწლო სოფელს აშენებს, ან ნაძვის ხეს დგამს. რით განსხვავდება ეს ხელისუფლება წინისგან? ყოველდღიურად დაჭერებისა და უსამართლობის მოწმე ვხვდები და ამას მუდამ გავაპროტესტებ, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში.
_ უბრალოდ, უსამართლობისა და დაუცველობის შეგრძნება გრჩება დღეს ამ ქვეყანაში, როცა იცი, რომ რუსული მეთოდებით გასამართლებენ და არა ისე, როგორც ნამდვილად სამართლიან სასამართლოს შეეფერება. ქვეყანაში, სადაც განსხვავებული აზრის გამო გიჭერენ, გისჯიან იმდენ წელს, რამდენსაც მკვლელს ან მოძალადეს, აქ უკვე ზედმეტია სამართლიანობასა და სიტყვის თავისუფლებაზე ლაპარაკი. იმ სიტყვის თავისუფლებაზე, რომლის ლოზუნგიც ივანიშვილის ტელევიზიას ჰქონდა 2012 წელს.
_ არა, არანაირი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება აღარ არსებობს. დრაკონული კანონები მიიღეს პირბადესთან დაკავშირებით, მანქანის ჯარიმებზე, ლაზერის, ნიღბების შესხებ ან, უბრალოდ, შესაძლოა პოლიციელს გაუჩნდეს იმის განცდა, რომ შეგხედა, ვიზუალურად, არ მოეწონე და 48 საათი დაგაპატიმროს. რა ჰქვია ამ ყველაფერს? საინტერესოა, ე. წ. პრეზიდენტმა ყაველაშვილმა ერთი კანონი მაინც თუ წაიკითხა, რომელზედაც გამოიტანა აზრი და ხელი მოაწერა?
_ ყაველაშვილი იმდენად აბსურდული ფიგურაა, რომ არც ღირს მასზე სერიოზულად საუბარი და დროის დაკარგვა.
_ ნამდვილად და იმ დროს, როდესაც მომიტინგეებს აეკრძალათ პირბადის ტარება, პოლიციელებს, სპეცრზმელებსა და სხვა დანაყოფების წარმომადგენლებს ადრე თუ ნომრის ნიშნით და სახელებით ამოიცნობდით, ახლა ყველა ერთნაირია და ვერ ხდება ადამიანების იდენტიფიცირება. როდესაც ამბობენ, რომ პოლიციელები დაშავდნენო, ერთი პოლიციელი მაინც გვაჩვენონ დაშავებული და ვაპირებ, რომ გამოვითხოვო, თუ რამდენი პოლიციელის მიმართ არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული და ბრალი ვის აქვს წაყენებული? ეს აუცილებლად უნდა გავაკეთო სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდანაც და ქალაქის სასამართლოდანაც. სპეციალური საგამოძიებო სამსახური რას აკეთებს? _ არაფერს. რომელიმე პოლიციელის, საჯარო მოხელის მიმართ დაიწყო რაიმე დევნა? ფაქტზე მაინც თუ დაიწყო, ან პირის მიმართ თუ მაინც დაიწყო დევნა?
_ ანდროზე მინდა გკითხოთ ორი სიტყვით, _ როგორ გრძნობს თავს და რას ამბობს, როგორ ექცევიან ციხეში?
_ სხვათა შორის, როდესაც ანდროსთან შევედი და მას ვესაუბრე, მითხრა, რომ კარგად ეპყრობიან, პირიქით ტელევიზორი შეიძინეს და ნორმალურ პირობებშია.
_ ჯანმრთელობის მხრივ როგორ არის?
_ კარგად არის.
_ როგორც ადვოკატის, როგორია თქვენი მოლოდინი?
_ თუ ესენი დარჩებიან ხელისუფლებაში, არანაირი კარგის მოლოდინი არ მაქვს.
_ შესაძლოა, რომ ანდრო, ისევე როგორც სხვა უდანაშაულო ბიჭები, დატოვონ პატიმრობაში?
_ დიახ, შესაძლებელია.
_ აპირებთ სტრასბურგში გასაჩივრებას?
_ რა თქმა უნდა. ჩვენ აღკვეთის ღონისძიებაც უნდა გავასაჩივროთ სტრასბურგში. მთელმა მსოფლიომ იცის უკვე, რაც საქართველოში ხდება.
_ დაბოლოს, მტკიცებულებების შესახებ მინდა გკითხოთ, რა დევს საქმეში?
_ როცა ჩვენ ბრალდებამ გადმოგვცა მტკიცებულებები, რომლის წარდგენასაც სასამართლოში აპირებდა და ვნახეთ 3 დისკი, სადაც ანდრო ჭიჭინაძის მიერ ჩადენილი დანაშაულია თითქოს ასახული და წაუყენეს ის მუხლი, რაც წაუყენეს. ერთ-ერთი ასეთია: ანდრო დგას აქციაზე წინა რიგში და პოლიციის მხრიდან ვარდება ანდროს წინ წყლიანი ბოთლი, რა დროსაც ანდრო იღებს ამ ბოთლს და აბრუნებს უკან, რომელიც პოლიციამდეც არ აღწევს. ის, რომ პოლიციელის მიერ იყო ეს ბოთლი ნასროლი და ანდრომ დააბრუნა, აი, აქ თურმე ანდრომ დანაშაული ჩაიდინა. ეს არის თურმე ძალადობა ჯგუფურად, რომელიც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.