QronikaPlus
უჩა ნანუაშვილი: „ხელისუფლება აგონიაშია და გასულია ადეკვატურობის ველიდან“

უჩა ნანუაშვილი: „ხელისუფლება აგონიაშია და გასულია ადეკვატურობის ველიდან“

2024-12-25 07:53:28

ირინა მაკარიძე

28 ნოემბრის შემდეგ უწყვეტი საპროტესტო აქციების დროს 450-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათგან 80%-ზე მეტი სასტიკად სცემეს, საუბარია მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაზე. ამასთან, რეჟიმის დანამატად ქცეული სასამართლო, როგორც წესი, ნაცემ, ნაწამებ და ძალოვნების მიერ გაძარცვულ ადამიანებს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობს და სოლიდურ ჯარიმებს აკისრებს. რეჟიმი ამით არ კმაყოფილდება და სისხლის სამართლის წესით პატიმრობაში ჰყავს 30-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 18-19 წლის ახალგაზრდები. 

როგორც „ქრონიკა+“-ს „საიაში“ განუცხადეს, აქტივისტებს ბრალი ედებათ ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა (სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი), აფეთქების მომზადება (სსკ-ის 18, 229-ე მუხლი), პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილი) და სხვ. ამ მძიმე ბრალდებებით დაკავებულებს რამდენიმე წლით პატიმრობა ემუქრებათ. ეს იმ ფონზე, როდესაც ამ დრომდე იდენტიფიცირებული და პასუხისგებაში მიცემული არ არის არცერთი სამართალდამცველი, რომლებმაც აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს. 

ადამიანის უფლებების მასობრივად დარღვევის ფაქტებსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე, უწყვეტ სამოქალაქო პროტესტსა და ამ ფონზე ევროპული საბჭოს დელეგაციის ინიციატივაზე, რეჟიმთან დიალოგის („რუსული კანონის“ შესახებ) შესაძლებლობის საკითხზე „ქრონოკა+“-ს ესაუბრება ყოფილი სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დირექტორი, უჩა ნანუაშვილი:

_ განსაკუთრებით 28 ნოემბრის შემდეგ, პრაქტიკულად, რამდენიმე კვირის განმავლობაში მოხდა უმძიმესი დარღვევები _ მშვიდობიანი აქციების დარბევები, მოქალაქეების დაკავებები. დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული საპოლიციო ძალა წამებადაც კი იყო დაკვალიფიცირებული, მათ შორის, სახალხო დამცველმაც კი ეს სიტყვა გამოიყენა. რეალურად, დემონსტრანტების დარბევისას გამოიყენეს ორგანიზებული ხასიათის სისტემური ძალადობა. ბევრი დაკავებული უჩიოდა დაზიანებებს, რომლებიც იყო ძალიან მძიმე. დაზიანებების ლოკაციამ და ხასიათმა შექმნა ისეთი მტკიცებულებები, რომ პოლიცია იყენებდა ძალადობრივ მეთოდებს აქციის მონაწილეების დასასჯელად. ანუ ძალის გამოყენება არ იყო აუცილებელი, რადგან თავიდან აქციები იყო სრულიად მშვიდობიანი და პოლიციას ძალის გამოყენების არანაირი საფუძველი არ გააჩნდა. შემდეგაც, რაც ვნახეთ, სამართალდამცველთა ორგანოების უმოქმედობა, როდესაც მოქალაქეებს ნიღბიანებები უსწორდებოდნენ, ასევე მოსამართლეების დამოკიდებულება, რომლებიც ხედავენ, რომ ადამიანს აქვს დაზიანებები, ჩანს, რომ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ობიექტები არიან და ამაზე არანაირი კითხვები არ უჩნდებათ. ეს ცალკე პრობლემაა. შეიძლება ითქვას, რომ 12 წლის შემდეგ წამება დაბრუნდა უკან. სახალხო დამცველიც საუბრობს, რომ დაკავებულთა 80 პროცენტს აღენიშნება არაადამიანური მოპყრობის შედეგად დაზიანებები. დაკავებულთა უმეტეს შემთხვევაში წამება და არაადამიანური მოპყრობა დაფიქსირდა. ეს არს ყველაზე მძიმე, რაც მოხდა ამ აქციების დროს და მის შემდეგ. ვნახეთ, რომ სისტემა მომართულია და მუშაობს ამ ადამიანების დასჯის მიზნით, ამასთან, ჯარიმების სახით ჩართულია ფინანსური წნეხი.

_ ბატონო უჩა, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, 40-მდე ადამიანის წინააღმდეგ არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული, ეს კი ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს, მათ შორის, 18-19 წლის ბიჭებს, წლობით ციხეში გამოკეტვა ემუქრებათ, რას იტყვით ამის შესახებ?

_ ჩვენი ორგანიზაცია რამდენიმე  ასეთ ადამიანს იცავს, ვუწევთ მათ იურიდიულ დახმარებას, მათ შორის, ნაწილი ჯერ კიდევ გაზაფხულის პროტესტის დროსაა დაკავებული. ათამდე ადამიანი სისხლის სამართლის წესით სწორედ მაშინ დააკავეს. ახლა ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს 30-მდე ადამიანია დაკავებული, რომელთა წინააღმდეგ სისხლის სამრთლის წესით არის საქმეები აღძრული, ესაა გაგრძელბება იმ პოლიტიკის, რომ მაქსიმალურად დაისაჯონ აქციის მონაწილეები. ხაზს ვუსვამ, რომ შეკრება იყო სრულიად მშვიდობიანი და პოლიციას არ ჰქონდა არათუ არაპროპორციული ან გადამეტებული ძალის გამოყენების უფლება, არამედ, საერთოდ, ძალის გამოყენების უფლება არ ჰქონდა. კიდევ ვიმეორებ, აქციები იყო მშვიდობიანი და არაფერი კანონშეუსაბამო არ ხდებოდა. თუკი რამე იყო შეუსაბამო, მხოლოდ მას შემდეგ, რაც პოლიციამ დაიწყო ძალადობა, ძალის გამოყენება აქციის მონაწილეების მიმართ. ამის გამო იყო შეძახილები და ის რეაგირება, მათ შორის, პიროტექნიკით, ძალოვნების მიმართ, რაც ვნახეთ. მაინც, მთლიანობაში, აქციები იყო სრულიად მშვიდობიანი, განსაკუთრებითი, პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში. პოლიცია იყენებდა, ძირითადად, უკანონო დაშლის პრაქტიკას, ასევე გამოყენებული იყო სპეციალური საშუალებები, რა დროსაც ასევე არაერთხელ იყო დარღვეული პოლიციის მხრიდან კანონი. მაგალითად, წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი ხშირად ერთდროულად იყო გამოყენებული, მაშინ როდესაც საერთაშორისო სტანდარტებით, მათი ერთად გამოყენება არ შეიძლება. ჩვენ ვნახეთ, რომ წყლის ჭავლს ურევდნენ სხვადასხვა საშუალებას, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემას ქმნიდა. მათი გამოყენება უკვე შეიძლება საფრთხის შემცველად ჩაითვალოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ეს კიდევ ცალკე პრობლემას ქმნის ამ დოზით და ამ რაოდენობით, რაც ამ დღეებში იყო გამოყენებული.  ეს დაკავებები ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნაა, რომელიც მიმდინარეობს ამ ადამიანების მიმართ. ბოლო პერიოდში 30-მდე ადამიანია სისხლის სამართლის წესით დაკავებული, 450-ზე მეტი ადამიანია დაკავებული ადმინისტრაციული წესით. ყველა ეს საქმე არის პოლიტიკური, რადგან რეალურად ამ საქმეებს სხვა არანაირი საფუძველი არ გააჩნიათ. ამის ფონზე არც ერთი სამართალდამცველი პირის მიმართ არ ყოფილა არანაირი რეაგირება მათ მიერ ჩადენილი დანაშაულოს გამო. ჩვენ ვნახეთ, რომ ათეულობით ადამიანი არის სასტიკად ნაცემი, მათ იტაცებდნენ, მათ მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები დაფიქსირდა და დღემდე არცერთი საქმე არ არის რეალურად გახსნილი, აღძრული და არავინ დაკავებული.

კიდევ ერთი მიმართულება, რაც გამოჩნდა, არის ჟურნალისტების მიმართ ძალადობა, რაც „ნოუ-ჰაუა“. ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ სწორედ მედიის წარმომადგენლები იყვნენ სამიზნეები და ძალიან ბევრი ჟურნალისტი დაზარალდა აქციების დროს. ამ დრომდე არცერთი თავდასხმელი გამოვლენილი და დასჯილი არ არის. ამას დამატებული არაფორმალური, კრიმინალური დაჯგუფებების თარეში დაკავებების დროს. ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, როდესაც პოლიციასთან და სპეცრაზმთან ერთად ასეთი კრიმინალური დაჯგუფებები, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში ძალადობდნენ მოქალაქეებზე, არა მხოლოდ აქციის ჩატარების ადგილზე, არამედ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, მათ შორის, სადარბაზოებში, ქუჩებსა და ა. შ. მთლიანობაში, იმდენად უკანონო და მძიმე შემთხვევები იყო, რომ თუ სადმე უნდა გამოეყენებინათ კანონით განსაზღვრული ზომები, სწორედ ამ შემთხვევებში, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიცია, პირიქით, ხედავდა, მაგრამ გულგრილი იყო და არ რეაგირებდა ასეთი დაჯგუფებების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანაში შექმნილიყო ტერორის ატმოსფერო. ამიტომაც იყო, რომ ჩხრეკისა თუ ამოღების ოპერაციები ჩატარდა ერთდროულად რამდენიმე დღის განმავლობაში, მასობრივად სხვადასხვა ბინებსა თუ ოფისებში. პრაქტიკულად, ხდებოდა მთელი სისტემის გამოყენება იმისთვის, რომ გადატეხილიყო პროტესტი, მოქალაქეები შეშინებულიყვნენ და აღარ გამოსულიყვნენ აქციებზე. სწორედ ამიტომ გამოიყენეს არა მხოლოდ ფიზიკური ძალადობა, არამედ ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მიიღეს დაჩქარებული წესით, რათა  შეზღუდულიყო გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება. აღსანიშნავია ცვლილებები საჯარო მოხელეების, პოლიციის შესახებ კანონებში, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მიზნად ისახავს იმას, რომ მონაწილეები დაისაჯონ, მეორე მხრივ, იმისთვის, რომ აღარავინ გაბედოს მომავალში ასეთი პროტესტის გამოხატვა, ნებისმიერ დარღვევასთან დაკავშირებით.

_ ჩვენ ვნახეთ საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება და ის სანქციები, რომელიც დაუწესეს რეჟიმის წარმომადგენელებს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და  ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა, ამის პასუხად კი რეჟიმმა სანქცირებული შს მინისტრი ვიცეპრემიერად წარადგინა, ხოლო ადამიანის წამებაზე პასუხისმგებელი პირების ღირსების ორდენებით დაჯილდოება დააანონსა. რას იტყვით ამის შესახებ და რა ბერკეტები რჩება ხელში ცივილიზებული სამყაროს ამ ყველაფრის წინააღმდეგ?

_ ის, რომ დაუსჯელობის სინდრომი მოქმედებს და ძალადობა არის წახალისებული, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, _ ის ადამიანები ჯილდოვდებიან და აწინაურებენ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ამ სისტემურ ძალადობაზე. ასეთი ფაქტები სწორედ ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულების ნიშნებს შეიცავს. ამ ტიპის დანაშაულებს რომის სტატუტი განიხილავს და ჰააგის სასამართლო. რაზედაც ჩვენ ვისაუბრეთ და რაც ხდებოდა ჩვენთან რამდენიმე კვირის განმავლობაში, სწორედ რომ არის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მასობრივი ძალადობის გამოვლინება, დაკავება, ცემა, წამება, რომელიც, რა თქმა უნდა, შეიცავს ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულის ნიშნებს. სწორედ ჰააგის სასამართლოს შეუძლია ამ ფაქტების გამოძიება  და სწორედ ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ ჩვენ. სანქციები არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი ფორმა რეაგირების, რაც ამ დანაშაულებრივ ქმედებებზე ცივილიზებულმა სამყარომ უნდა გამოიყენოს. არის საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე სხვა ნებისმიერი ინსტიტუტი, მათ შორის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომელიც ყველა ამ ფაქტის შესახებ უნდა იყოს გამოყენებული, სანქციები ახლო პერსპექტივაში, პრაქტიკულად, ბევრს არაფერს ცვლის, რა თქმა უნდა, შორ პერსპექტივაში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ყველა კონკრეტული დარღვევის დოკუმენტირება, დაფიქსირება და სასამართლოების გამოყენება, ეს იქნება ადგილზე თუ საერთაშორისო დონეზე. 

_ საქართველოში იმყოფებოდა ევროპული საბჭოს დელეგაცია ალენ ბერსეს ხელმძღვანელობით, თქვენც ბრძანდებოდით შეხვედრაზე. რას იტყვით ამ ვიზიტსა და იმ განცხადებაზე, რომელიც მან ბოლოს გააკეთა დიალოგის საჭიროებასა და ე. წ. რუსულ კანონში შესაძლო ცვლილებების შეტანაზე?

_ არავის მასთან არ უსაუბრია, ზოგადად, ამ აგენტების, რუსულ კანონზე, რადგან ეს აღარ დგას დღის წესრიგში. იმდენად ბევრი რამ მოხდა ამ კანონის მიღების შემდეგ, დაწყებული საარჩევნო მანიპულაციებით, დამთავრებული ამ უმძიმესი ფაქტებით, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, მიტინგების დარბევის, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების, ამ ყველაფერმა გადაფარა უკვე ეს კანონი. რეალურად, ეს კანონი უკვე არის მესამე და მეხუთეხარისხოვანი. არავის, სამოქალაქო საზოგადოების არც ერთ წარმომადგენელს, არ დაუყენებია რუსული კანონის საკითხი და, უბრალოდ, არ მესმის, საიდან მოვიდა ეს თემა? როგორც ჩანს, ეს ხელისუფლების გზავნილია. კობახიძე შეხვდა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს და, სავარაუდოდ, ისინი ცდილობენ, აჩვენონ, რომ რაღაც კომპრომისებზე მიდიან და სწორედ ამ რუსული კანონის რაღაც ცვლილებებით შემოიფარგლებიან. რა თქმა უნდა, ამაზე არავის საუბარი არ ჰქონია. ეს კანონი საერთოდ, მთლიანად უკან წასაღებია, მაგრამ დღეს სხვა მოთხოვნებია. მოთხოვნა არის ორი: 1. უნდა გათავისუფლდეს ყველა დაკავებული და მათ მიმართ ყველა პროცედურები უნდა შეწყდეს. 2. ახალი არჩევნები. ახალი არჩევნებისთვის აუცილებელია შეიქმნას გარკვეული პირობები. ცხადია, იგივე ცესკო ვერ ჩაატარებს სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს. ჩვენ ვნახეთ როგორ ჩატარდა არჩევნები ამ ცესკოს პირობებში. ამიტომ მნიშვნელოვანია ცესკოს შეცვლა და უფრო დემოკრატიული და ბალანსირებული კომისიის შექმნა. აღსანიშნავია საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ასევე პროპაგანდის იარაღი იყო მთელი ეს პერიოდი. იგი უნდა გახდეს დამოუკიდებელი, რომ საარჩევნოდ შესაძლებელი იყოს უფრო თავისუფალი გარემოს შექმნა. ასევე უსაფრთხოების სამსახურმა თუ სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა (ეს ვალდებულება აქვს) ყველა ფაქტი უნდა გამოიძიონ, სადაც პოლიციელების მხრიდან ჩადენილი დანაშაულის ნიშნები იკვეთება. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ინსტიტუტიც, პრაქტიკულად, გაუქმებულია, მას არც ერთი საქმე არ გამოუძიებია.

_ ამ ეტაპზე ეს იყო მედიაციის პირველი მცდელობა ევროპული დელეგაციის მხრიდან. ალენ ბერსეს ვიზიტის დროს ბევრს გაახსენდა შარლ მიშელის ვიზიტი. როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა მოხდეს ამ შედეგამდე მისვლა, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები და განთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები?

_ გაუგებარია ჩემთვის, რას ემსახურებოდა ეს ვიზიტი. მთავარ მოთხოვნებზე უნდა ყოფილიყო აქცენტი გაკეთებული და არა მეორე-მესამე ხარისხოვან საკითხებზე. პროტესტის გამომხატველი განცხადებების შემდეგ ალენ ბერსემ შეასწორა და განაცხადა, რომ არ ჩამოსულა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაციისთვის და მას სხვა მისია აქვს. თუმცა მისიასაც უნდა ჰქონდეს კონკრეტული მიზანი და ამოცანა, რომ არ განმეორდეს წლების წინანდელი. მაშინაც იყო მედიაცია, მაგრამ ვნახეთ, რომ არ შესრულდა შარლ მიშელის შეთანხმება. ასეთი არაერთი დაპირება გვახსოვს „ოცნებისგან“, რომელიც შემდეგ არ შესრულდა. ამიტომ ვფიქრობ, სანამ ასეთი დისკუსია დაიწყება, ჯერ დაკავებულები უნდა განთავისუფლდნენ და ხელახალი არჩევნები დაინიშნოს. ის სტრუქტურები, რომლებიც დავასახელე, განთავისუფლდნენ პოლიტიკური გავლენებისგან და ნამდვილად ნეიტრალური მენეჯმენტის ქვეშ მოექცნენ. ამის შემდეგ უკვე არის შესაძლებელი დიალოგი. სამწუხაროდ, მოვლენები აჩვენებს, რომ ხელისუფლება პირიქით, აგონიაშია და გასულები არიან ადეკვატურობის ველიდან. აშშ-ის სანქცირებული პირი ვიცე-პრემიერი ხდება, ანონსდება დაჯილდოება იმ ჯალათების, რომლებსაც ბავშვებისა და ახალგაზრდების სისხლში აქვთ ხელები გასვრილი. როგორ უნდა ვენდოთ მათ მიერ გაკეთებულ რამე დაპირებას?! რა თქმა უნდა, ეს ხდება დროის გაყვანის მიზნით, რომ პროტესტი შენელდეს, მოქალაქეების ყურადღება სხვა მიმართულებით გადავიდეს. ასე მოხდა რამდენჯერმე _ თავის დროზე, გენერალური პროკურორის პოსტიდან გადადგა შოთაძე, მაგრამ როგორც კი აქციები დასრულდა, სამ თვეში უკან დააბრუნეს. 2019 წელს, „გავრილოვის ღამის“ შემდეგ, კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა, მაგრამ შემდეგ დააწინაურეს და პრემიერად დაგვისვეს. ასეთია „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, რომელიც აგებულია სიცრუეზე, სიყალბესა და ძალადობაზე. ამიტომ მათთან დიალოგი, ვფიქრობ, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

_ ჩვენ ვიცით, რომ ალენ ბერსე შეხვდა ბიძინა ივანიშვილს. არსებობდა ერთგვარი მოლოდინი, რომ მას გადასცემდა ევროპიდან გარკვეულ გზავნილს, რაც ხალხისთვის მისაღებ შედეგს გამოიღებდა. რას ფიქრობთ, რეალურად, რა მოხდა?

_ არ ვიცი, არ მინდა რაიმე სპეკულაციებში შევიდე, ალბათ, გამოჩნდება. თუმცა მახსოვს, საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის ზარისა და საუბრის შემდეგ შეიცვალა ის, რომ ნაკლებად მოძალადე გახდა პოლიცია და ნაკლებად იყო ძალადობის მეთოდები გამოყენებული. მას შემდეგ ხელისუფლებამ დაიწყო საუბარი, რომ აუცილებელია რაღაც დიალოგი, დისკუსია. ასეთი ჩარევები მნიშვნელოვანია, მაგრამ არ ვიცი, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს რამდენად აქვს ის ავტორიტეტი და წონა, რომ გავლენა მოახდინოს, ეს, ალბათ, გამოჩნდება უახლოეს პერიოდში. თავისთავად, ის ფაქტი, რომ ალენ ბერსე ხვდება ივანიშვილს, რომელიც დღევანდელი გადმოსახედიდან არის კერძო პირი და არ გახლავთ მთავრობის ხელმძღვანელი, ეს, ალბათ, იმის აღიარებაა, რომ საქართველოში მთავარი გადაწყვეტილების მიმღები სწორედ ივანიშვილია და არა რომელიმე ოფიციალური თანამდებობის პირი.

_ ეს მათ რეპუტაციაზე როგორ აისახება, თუნდაც ის, რომ არაფორმალურ ლიდერთან შეხვედრა მოუწიათ და იქიდან მხოლოდ ის შედეგი წამოიღეს, რომ რუსულ კანონში ცვლილებებს შეიტანენ, რომელიც არავის აღარ აინტერესებს?

_ არ ვიცი, ეს შეიძლება ითქვას, დიალოგის მცდელობაა. ისეთი საკითხი გაჟღერდა, რაც, როგორც ვთქვი, არავის მოუთხოვია. თუკი რამეს გეგმავს, ეს ორგანიზაციაც უნდა იყოს მომზადებული და არა ის, რომ მერე რაღაც სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდოს თავი. რუსულ კანონში ცვლილების შეტანაზე რომ მზად არის თურმე, ამის თქმას საერთოდ უთქმელობა სჯობდა. არ ვიცი, რა იყო ამ ყველაფრის მიზანი. ვერ დავინახე, რომ ამ ვიზიტს ამ კუთხით რაიმე შედეგი აქვს. პირიქით, მგონია, რომ მკაცრ პოლიტიკასა და სანქციებს უფრო ექნება შედეგი, რომ ხელისუფლება მიხვდეს რეალური დისკუსიის დაწყების აუცილებლობას. ახლა რასაც აკეთებს, ეს არის ფასადის შექმნა, თითქოს ისინი დიალოგისთვის მზად არიან. რეალურად, ვერ დავინახე საამისო მზადყოფნა.

_ როგორც ცნობილია, ისინი ელოდებიან აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას. როგორც აცხადებენ, რაღაც შეიცვლება ამით. ამაზე რას იტყვით?

_ კი, მაგრამ ტრამპსაც თავისი საქმეები აქვს და ის ნაკლებად მოიცლის საქართველოსთან დაკავშირებული პრობლემეისთვის, მაგრამ ივანიშვილის ხელისუფლება ხავსს ეჭიდება და იმედი აქვს. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ტრამპის დამოკიდებულება შეიცვლება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიც არის თუნდაც ჩინეთთან, ირანთან, რუსეთთან ურთიერთობები? ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ისეთ თემებზე აწყობს პოლიტიკას, რაც ტრამპისთვის ნაკლებად მოსაწონი იქნება, თუნდაც საქართველოს ხელისუფლების ბოლო გადაწყვეტილებები: სტრატეგიული კავშირი ჩინეთთან, თუნდაც ის, რომ ორჯერ იყო საქართველოს ხელისუფალი ჩასული ირანში. აღსანიშნავია ისიც, რომ სანქციებთან დაკავშირებით სწორედ რესპუბლიკელი სენატორები და კონგრესმენები აქტიურობდნენ. ისინი აკრიტიკებდნენ ბაიდენის ხელისუფლებას, რომ აქამდე არ იყენებდა სანქციებს, როგორც ერთგვარ იარაღს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ტრამპი გაითვალისწინებს რესპუბლიკური პარტიის ლიდერების პოზიციებს. არ ვიცი, რისი იმედი აქვს „ქართულ ოცნებას“, ცოტა რთული წარმოსაგენია.

_ რას იტყვით სახალხო პროტესტზე, რომელიც არ ჩერდება?

_ პროტესტი გრძელდება და უნდა გაგრძელდეს. კი, თითქოს არაფერი არის შედეგი, მაგრამ რომ დავუკვირდეთ, ვნახავთ, რომ ასეთი ხანგრძლივი და ასეთი მასშტაბის პროტესტი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველდღიურად ხელისუფლების პოპულარობა სულ უფრო მცირდება. ამ აქციებმა თუნდაც ის მოიტანა, რომ ხელისუფლების დელეგიტიმაციის საკითხი, პრაქტიკულად, შეუქცევადი გახდა. ჯერ არავის, დასავლურ, ცივილიზებულ ქვეყანას, არ უღიარებია ეს არჩევნები, როგორც სამართლიანი და თავისუფალი. ასევე ხდება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ერთგვარი ჩამოშლა. ბევრი ადამიანი უკვე გადადგა თანამდებობიდან, უკმაყოფილება უფრო და უფრო იზრდება, მათ შორის, „ოცნების“ მხარდამჭერებშიც. ვნახეთ ბოლო კვირის განმავლობაში არა მხოლოდ აქციები იყო, არამედ მარშები, არ დარჩა არცერთი პროფესია, არც ერთი ჯგუფი თუ კუთხე, სახალხო პროტესტში მონაწილეობა რომ არ მიეღო.  ისეთ ქალაქებში ჩატარდა აქციები, სადაც დამოუკიდებლობის ისტორიაში აქცია არ ყოფილა. 40-ზე მეტ ქალაქში ჩატარდა აქციები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბიზნესი არასდროს ყოფილა ასეთი კრიტიკული ხელისუფლების მიმართ. საქართველომ ბევრი ხელისუფლება გამოიცვალა, მაგრამ ბიზნესი ყოველთვის ლოიალური რჩებოდა მმართველი ძალის მიმართ და განსაკუთრებულ შემთხვევაში აკეთებდა განცხადებებს. ახლა ვნახეთ, რომ რამდენიმე ასეულმა კომპანიამ განცხადება გააკეთა, ფონდებიც იქმნება დაზარალებულების მხარდასაჭერად... ეს პროტესტი გრძელდება, ხელისუფლება ცდილობს მის ჩახშობას, ამიტომ იღებს ახალ კანონებს, ამძიმებს სანქციებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ხალხის პროტესტი არ ჩერდება და ამას ძალიან მალე ნამდვილად ექნება შედეგი. სწორედ ამიტომაც ხელისუფლება ასეთ სასტიკ ზომებს იყენებს, რადგანაც ხვდება, რომ დრო მის საზიანოდ მოქმედებს.

 

გაზიარება