- ხუთშაბათი, 26 დეკემბერი, 2024
2024-12-25 07:43:41
გიგა გელხვიიძე
უწყვეტი საზოგადოებრივი პროტესტის 26-ე დღე, ასობით დაკავებული და მრავალი მცდელობა ხელისუფლების მხრიდან, ჩაახშოს ის პროცესები ქვეყანაში, რომელიც ახლა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია.
ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი უკვე ღიად, ყოველგვარი მორიდების გარეშე, ცდილობენ ქვეყანაში ჩამოაყალიბონ დიქტატურა და ამისთვის უკვე გადაკვეთილია ყველა ფერის ხაზი.
საზოგადოებას, რომელიც ქუჩაში დგას, მხარს უჭერს დასავლეთი და ევროპის ქვეყნები, რაც გამოიხატება მათ განცხადებებში და უკვე ქმედებებში... ქმედებები კი ამ შემთხვევაში არის სანქციები, რომელიც უკვე შეეხო შსს-ს მეთაურს და სხვა მაღალჩინოსნებს, ასევე არის ევროპული ქვეყნების ინდივიდუალური, ეროვნული სანქციები და ძალიან მალე იქნება მიღებული გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტების გაუქმების თაობაზეც, რაც შეშფოთების საგანი გახდა მმართველ გუნდში.
ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრა საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტსა და გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელს 2017-18 წლებში, გიორგი ტუმასიანს:
_ ბატონო გიორგი, სანამ მიმდინარე პროცესების სიღრმისეულ შეფასებაზე გადავალთ დავიწყოთ იმ პროცესებით, რომელიც განვითარდა ქვეყანაში ბოლო საპარლამენტო არჩევნების (2024 წლის 26 ოქტომბერი) შემდეგ.
_ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვხედავდით სახელმწიფოს მიტაცების კლასიკურ პროცესებს, მაგრამ ახლა არჩევნების გაყალბებით და საგარეო პოლიტიკის ღიად შეცვლის შემდეგ აღმოვჩნდით დიქტატურის ჩამოყალიბების პროცესში. საზოგადოებამ გამოიღვიძა და გაიაზრა, რა საფრთხის წინაშე ვდგავართ. აქედან შემდეგი ნაბიჯი არის სრული დიქტატურა და სახელმწიფოს სრული ფლობა ერთი ადამიანის, რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ. შესაბამისად, თუ ახლა საზოგადოება გაჩერდება, შანსია, რომ დიქტატურას ვეღარ გაუმკლავდება, ეს შინაგანად ყველას ესმის და ამის თქმის საჭიროება არც არის. სწორედ ამიტომ 26 დღე საზოგადოება დგას თვითორგანიზებულად, დეცენტრალიზებულად, საკუთარი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის გააზრებით და ისტორიულ პროცესებშია ჩართული, ყველა იზიარებს, რომ 1921 წლის იდენტურია ეს ყველაფერი თავისი შინაარსით, რადგანაც ახლა გადაწყვიტეს ჩვენი შეყვანა ისეთ ავტორიტარულ დიქტატურულ გავლენებში, რომელიც, პირველ რიგში, რუსეთს გულისხმობს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ აქ იკვეთება ასევე ჩინეთის კომუნისტური პარტია, ირანის „აიათოლას“ რეჟიმები და ა. შ. თუ 9 აპრილი, რომელიც დიდი ტრაგედია არის ჩვენთვის, იყო გამოსვლის პროცესი, ახლა არის შესვლის პროცესი. სწორედ ამიტომ 1921 წელთან პარალელი, რომელზეც პრეზიდენტიც საუბრობს, ძალიან მნიშვნელოვანია და, შესაბამისად, ისტორიული მნიშვნელობა უზარმაზარია, ამიტომაც ვხედავთ წინააღმდეგობის მოძრაობს. ეს არის ეროვნულ-განმათავისუფლებელი და წინააღმდეგობრივი მოძრაობა.
_ გვინახავს „ქართული ოცნების“ პერიოდში გამართული აქციები და მათი დარბევაც, თუმცა ახლა სულ სხვა სახით ხდება ეს, კიდევ უფრო მეტი აგრესია აქვთ სამართალდამცველებს. გამიზნულად აფერხებენ მედიების მუშაობას, ასახიჩრებენ ადამიანებს _ როგორ ფასდება ეს?
_ სპეციალისტებისთვის ნათელი და გასაგებია, რომ ეს არის ერთი ერთში იმ ტიპის წინააღმდეგობის ჩახშობის მცდელობა, როგორიც იყო თავის დროზე რუსეთში და იქაც იბრძოდა საზოგადოება. პუტინმა ასე მარტივად ვერ ჩამოაყალიბა დიქტატურა რუსთსა და ბელარუსში, სადაც კიდევ უფრო აქტიურად იბრძოდნენ. შესაბამისად, ივანიშვილის რუსულ რეჟიმსა და რუსეთის სპეცსამსახურებს აქვთ დღის წესრიგში ზუსტად იგივე გეგმა, რომლის მიზანია, საქართველოს თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება გატყდეს ამ წნეხის ქვეშ და ამის შემდეგ დამყარდეს სრულფასოვანი დიქტატურა. ჩვენ დავინახეთ განსხვავებული სტრატეგიები, ეს იყო უპრეცედენტო თავისი შინაარსით საქართველოს ისტორიისთვისაც, მათ შორის, ძალადობის მთელი კასკადი. ბევრი მსჯელობა მიდის 2007 წლის 7 ნოემბერზე, რომ იქ იყო ძალადობა, რის შედეგადაც გადადგა მაშინდელი პრეზიდენტი და აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა, მაგრამ ახლა ვნახეთ შვილი ნოემბერი ათგზის და კიდევ უფრო მეტი და ეს ხდებოდა ზედიზედ. თავისი შინაარსით ერთ-ერთი კომპონენტი ამ ყველაფრის იყო ძალადობა, რომლისთვისაც „ოცნება“ იყო მომზადებული. არჩევნებამდე პრეზენტაცია გამართეს. ძალადობის ახალი საშუალებები იყო წყლის ჭავლის მანქანები და ა. შ. მეორე მხარე არის უკანონო ბანდფორმირებები, რომელიც ასევე არის რუსული და ბელარუსული სცენარი, ე. წ. ტიტუშკები, რომელთა მიზანში ამოღებულია პოლიტიკური ძალები და ჟურნალისტები. მიუხედავად იმისა, რომ ახლა საერთაშორისო წნეხის შედეგად, შემცირდა ცოტა ეს პროცესი, გრძელდება წითელი ტერორი, რეპრესიები, პოლიტიკური პატიმრების აყვანა და ა. შ. შესაბამისად, რუსული რეჟიმი ივანიშვილის მეთაურობით იყენებს ყველა ხერხს, რომ გაუმკლავდეს წინააღმდეგობას. დაინახეს, რომ ძალადობას არ მოაქვს ის ეფექტი, რაც სურთ. ივანიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუშიც თქვა, რომ მაინც გამოდიან დარბევის შემდეგო და ასეც არის, ამიტომაც ახლა სხვა ხერხებს ეძებენ. მათი მთავარი ხერხი ამ მომენტში არის პირდაპირ გებელსის სტილის პროპაგანდა, შავზე _ თეთრი და უბრალოდ იგნორირება პროცესების, რეალობის გაყალბება პროპაგანდის მანქანის მეშვეობით.
_ ჩვენ ვნახეთ ამ ყველაფრის შემდგომ დაწინაურებული და ღირსების ორდერზე წარდგენილი შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური, რომელიც დასანქცირდა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ და ის მოხვდა ცნობილ მაგნიტსკის სიაში. როგორი შეფასებები მოჰყვება ამას საერთაშორისო მასშტაბით?
_ ეს არის დაპირისპირების ღია განაცხადი დასავლეთთან, რადგანაც მაგნიტსკის სიაში შეყვანა და სანქცირება მიზნად ისახავს, რომ გამოაფხიზლოს ის, ვისაც რეალობასთან კავშირი აქვს ხელისუფლებაში და ესმის საერთაშორისო პროცესები. ამ შემთხვევაში, ცხადია, ივანიშვილი სრულად გადასული არის იმ ავტორიტარულ ბანაკში და არანაირად სენსიტიური აღარ არის საერთაშორისო საზოგადოებისა და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიერ მიღებული გადაწყვეტილების. მეორე მხრივ, სენსიტიური აღარ არის თავისი მოსახლეობის პოზიციებისადმი. შეგახსენებთ, რომ ყალბი პროპაგანდა იყო მთელი წინასაარჩევნო პერიოდი, ღირსებით ევროპისკენ, მშვიდობით ევროპისკენ და კეთილდღეობით. რა ხდება დღეს? იშლება ეკონომიკური კეთილდღეობა, ახლა მშვიდობა არ არის ქვეყანაში და არც ევროპისკენ მივდივართ, შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის უმრავლესობისთვისაც კი ეს პროცესები ამის წინააღმდეგაც არის. არადა, „ოცნების“ ელექტორატს ეგონა, რომ ხმას აძლევს სამოქალაქო მშვიდობას და ევროპაში მშვიდობიან გაწევრიანებას. ეს არის შეურაცხყოფა არა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის, არამედ მათ შორის საკუთარი ამომრჩევლისაც. ივანიშვილი რადგანაც ყალიბდება როგორც დიქტატორი, მას არ აქვს საერთოდ არანაირი შეფასების სისტემა, რომ მას სჭირდება ელექტორალური მხარდაჭერა, არც საკუთარი ამომრჩევლისგან, არც ოპოზიციისგან, საერთოდ საზოგადოების მხარდაჭერა აღარ სჭირდება, რადგანაც წარმოუდგენია, რომ ყალიბდება დიქტატორად და აღარ სჭირდება არც არჩევნები, არც ნებისმიერი დემოკრატიული პროცესი. შესაბამისად, ეს არის ქვეყნის მისაკუთრების ძალიან კრიტიკული მდგომარეობა, რადგანაც საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკურ ისტორიაში (ვგულისხმობ 1918-21 წლებს და ბოლო 33 წლის პერიოდს) არავის ჰქონია იმის სურვილი, რომ დიქტატურა ჩამოყალიბებულიყო. ავტორიტარიზმის ელემენტები გვქონია, მაგრამ დიქტატურად ჩამოყალიბების მცდელობა არავის აზრადაც არ მოგვსვლია. ივანიშვილი აშკარად დგას დიქტატურის ჩამოყალიბების გზაზე, რაც საკმაოდ ძვირი პროცესია. საზოგადოებაც იხდის დიდ ფასს და თვითონაც. მას მოუწევს ამ ფასის გადახდა საბოლოო ჯამში, რადგანაც ქართული საზოგადოება, მთელი ამ დამოუკიდებლობის პროცესების შემდეგ ქვეყანაში არ დათანხმდება ბიძინა ივანიშვილის დიქტატურასა და ყალბ კობახიძის მიერ გაჟღერებულ რეალობაში ცხოვრებას. შავი თეთრია, გაუნათლებლობა ძალაა, ეუთო/ოდირის განცხადება თურმე პოზიტიურია და ა. შ. ეს გათვლილია იმაზე, რომ შენ მართო საზოგადოება პირდაპირი სიცრუით.
_ თქვენ ახსენეთ პროპაგანდა. წინასაარჩევნო პერიოდში ვიხილეთ „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებული რუსული საარჩევნო კამპანია, იგივე ლოზუნგები და იგივე ვიდეო რგოლები, რომელიც ერთი ერთში იყო გადმოკოპირებული რუსეთიდან. როგორ იმუშავა და როგორ მუშაობს დღეს საქართველოში რუსული პროპაგანდა?
_ საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე. აწყობილია მთელი პროპაგანდის სისტემა დაწყებული ყველზე აგრესიული „პოსტივით“ და შემდეგ მოდის „იმედი“, „რუსთავი 2“ და საზოგადოებრივი მაუწყებელიც ფარავს გარკვეულ სეგმენტს, ასევე სხვა ხერხები, როგორიც არის ტროლების, ბოტების მექანიზმები, ყალბი ფეისბუქ გვერდების სპონსორობა, ვიდეო რგოლები და ა. შ. ამ პროპაგანდის შინაარსი აწყობილია მანიპულაციებდადა სიცრუეზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზუსტად რუსული სპეცსამსახურებისა და ჰიბრიდული ელემენტის კვალი ჩანს აქ. დავიწყოთ „ლიბერალური ფაშიზმის“ წოდებით, დედა _ დედაა და მამა _ მამაა, კაცი _ კაცია, ეს ყველაფერი არის გადმოკოპირებული რუსეთიდან. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ვინაიდან ჩვენ არ ვართ რუსულენოვანი საზოგადოება უკრაინელებთან და ბელარუსებთან შედარებით, ნაკლებად ვიცნობთ იმას, თუ რა პროპაგანდაა იქ, თუმცა სპეციალისტები ვინც არიან, კარგად იციან, რომ ეს არის გადმოკოპირებული რუსეთიდან. როდესაც მაგნიტსკის სიაზე მკითხეთ, ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ ერთი-ერთში გადმოკოირებული არის „მაგნისტსკის სიაში“ შეყვანილი პირების დაჯილდოება. კადიროველები დააჯილდოვეს თავის დროზე და კადიროვმაც შემდეგ დააჯილდოვა ყველა ის, ვინც მოხვდა მაგნიტსკის სიაში.
_ თქვენ საუბრის დასაწყისში ახსენეთ წინააღმდეგობის გაგრძელების აუცილებლობა, თუმცა უფრო სიღრმისეულად რომ დავანახოთ მკითხველს: რა მოხდება მაშინ, თუ შემცირდება ის მზარდი წინააღმდეგობა, რომელიც ახლა ხდება საქართველოში და რომელსაც ვხედავთ მთელი ქვეყნის მასშტაბით? რა მოხდება თუ „ქართული ოცნება“ იგრძნობს საკუთარ უპირატესობას?
_ თუ ბიძინა ივანიშვილს გამოუვა ის, რაც სურს, რომ ამ მომენტში შეძლოს რაიმე ხერხებით გატეხოს წინააღმდეგობის მოძრაობა და შეწყდეს ის, მაშინ ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ შემდეგი შანსი აღარ იქნება. ბიძინა ივანიშვილი დაამყარებს დიქტატურას და ამის ელემენტები უკვე გვაქვს, ეს არის დრაკონული, თავისი შინაარსით უსამართლო კანონები, ამას ემატება ჩინური ხელოვნური ინტელექტის კამერები, სხვა შეზღუდვები, ჩვენ ასევ უნდა შევხედოთ აქ, თუ როგორ მართავს ჩინეთი ერთპარტიულად ავტორიტარულად მოსახლეობის უზარმაზარ რაოდენობას და ამ ხერხებით ბიძინა ივანიშვილი, სავარაუდოდ, აპირებს და ნათელია ეს უკვე, საქართველოს მოსახლეობა აცხოვროს ციფრულ საკონცენტრაციო ბანაკში, დიქტატურაში, სადაც ის იქნება მფლობელი ქვეყნის, სადაც დასრულდება თავისუფლება. შეიზღუდება ინტერნეტი, რაც კიდევ ერთი ბასტიონია თავისუფლების, სოციალური ქსელები, შეიზღუდება შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით გვაქვს გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება. თუმცა შესაძლებელია ისიც შეიზღუდოს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მათ არ აქვთ კონსტიტუციური უმრავლესობა, რომელიც სჭირდებათ პარლამენტში იმისთვის, რომ შევიდეს ცვლილებები კონსტიტუციაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ გადაუხვიეს კონსტიტუციის 78-ე მუხლიდან ყოველგვარი ცვლილების გარეშე. გამოვიდა კობახიძე, რომელიც ამბობს, რომ მე ვარ კონსტიტუციური ორგანო (საქართველოს მთავრობა) და ჩვენ ოთხი წილის მანძილზე ამ მუხლის ვალდებულებას არ შევასრულებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ არის საკონსტიტუციო ორგანო რეალურად, რადგანაც თუ შენ არღვევ კონსტიტუციას, აღარ ხარ საკონსტიტუციო ორგანო. ამ პერიოდში ჩვენ უნდა მოველოდეთ იმას, რომ ყველა ტიპის სხვა ადამიანის უფლებები, რაც არის გარანტირებული კონსტიტუციაში, დაირღვევა და ამის შემდეგ, როდესაც რუსული კანონიც ამოქმედდება, სამოქალაქო საზოგადოება შეიზღუდება, ასევე წნეხის ქვეშ იმყოფება სამი კრიტიკული ტელევიზია და სხვა კრიტიკული მედიასაშუალებები, თუ მოახერხეს ეს ყველაფერი დაარეგულიროს, შემდეგ წარმოუდგენლად რთული არის, თუ შეუძლებელი არა, რომ დიქტატურის ჩამოყალიბებას გავუწიოთ სრულფასოვანი წინააღმდეგობა. სწორედ ეს არის მისი გათვლა და სწორედ ამიტომაც, არ უნდა გაჩერდეს ეს წინააღმდეგობის მოძრაობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყოველდღე იქნება ერთი და იგივე მუხტი, ეს მუხტი არის ცვალებადი, როგორც ხედავთ, საჭიროებებიც და აქტივობებიც ცვალებადია, მაგრამ როგორც ერთი დიდი უცვლელი პროცესი ის გრძელდება, გამომდინარე იქიდან, რომ დასრულების წერტილი არის ახალი სამართლიანი არჩევნები.