QronikaPlus
კახა გოგოლაშვილი: „ვერავინ გაექცევა ხელახალ არჩევნებს“

კახა გოგოლაშვილი: „ვერავინ გაექცევა ხელახალ არჩევნებს“

2024-12-25 07:20:17

თამარ სანაძე

ეუთო/ოდირმა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. არჩევნების შესაფასებელ ანგარიშში ჩამოთვლილია პრიორიტეტული რეკომენდაციები რომელთა შესრულებაც აუცილებელია დემოკრატიული არჩევნების სტანდარტებთან დასაახლოებლად და მომავალი არჩევნების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

რეკომენდაციების თანახმად, უნდა შეწყდეს:

ამომრჩევლების დაშინება, წნეხი საჯარო მოხელეებზე, ამომრჩევლების მოსყიდვა, ელექტორალური ძალადობა. ეუთო/ოდირის ანგარიშს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგით უპასუხა. ის ირწმუნებოდა, რომ ამ დასკვნით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები „თავისუფალი და კონკურენტული“ იყო.

ეუთო/ოდირის ანგარიშზე, ხელისუფლების მაღალჩინოსნების დასანქცირებასა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი და რონდელის ცენტრის მკვლევარი, კახა გოგოლაშვილი:

_ ბატონო კახა, გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელშიც საუბარია ამომრჩევლების დაშინებაზე, მოსყიდვაზე, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე. როგორია თქვენი შეფასება ამ ანგარიშზე და „ქართული ოცნების“ განცხადებებზე, რომ ეუთომ შეაფასა არჩევნები, როგორც კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებული კენჭისყრა?

_ ეუთო/ოდირის ანგარიში ძალიან კარგად ახასიათებს საკუთარ თავს. დასკვნა აშკრად არის მკვეთრად ნეგატიური. თუკი რაიმე დადებითი შეიძლება მოვძებნოთ ამ ანგარიშში, არის ის, რომ იქ წერია, მაგალითად, ორგანიზებული იყო კარგად, შედარებით სიმშვიდე იყო, მაგრამ და ამის შემდეგ ვკითხულობთ, რომ იყო დაშინება, არ უშვებდნენ დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებზე, არ აძლევდნენ ოქმების დაწერის შესაძლებლობას.

ყველა პუნქტთან დაკავშირებით არის ძალიან ნეგატიური შეფასებები და არა პოზიტიური. რაც შეეხება კონკურეტუნარიან გარემოს, რაც აღნიშნულია დასკვნაში, ეს ნიშნავს იმას, რომ მონაწილეობდა ბევრი და არა მხოლოდ ერთი პარტია, ამას ნიშნავს. რაც შეეხება ჩანაწერს, რომ მოქალაქეებს ჰქონდათ არჩევანის შესაძლებლობა, ეს ნიშნავს იმას, რომ შეეძლოთ სხვადასხვა პარტიას შორის აერჩიათ სასურველი. დასკვნაში არის საუბარი იმაზე, რომ რეალურად ხდებოდა მოსყიდვა, დაშინება, სხვადასხვა სახის შანტაჟი, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება. რეალურად ნათქვამია, რომ ეს არჩევნები თავისუფალი არ იყო. შეუძლებელია დაეთანხმო იმ კომენტარებსა და განცხადებებს, რაც ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა გააკეთეს. მათი განცხადებები არის აშკარა მანიპულაცია. ეს დაახლოებით ჰგავს ჩრდილოეთ კორეის ამბავს, როდესაც მათი საფეხბურთო გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის პირველივე რაუნდიდან გავარდა და რადგან ჩრდილო კორეაში ტელევიზიები აშუქებენ მხოლოდ იმას, რაც მათ ლიდერს სურს და რადგან ამ ქვეყნის მკვიდრნი ვერ უყურებენ საერთაშორისო გადაცემებს, ვერ გაიგეს სიმართლე. როდესაც ჩრდილოეთ კორეის გუნდი სამშობლოში დაბრუნდა, ჩემპიონებად გამოაცხადეს და იყო ზეიმი, ჩრდილოეთ კორეა მსოფლიო ჩემპიონი გახდაო. საკმაოდ დიდხან გაგრძელდა ეს ზეიმი. აი, დაახლოებით ასეთი სიტუაცია გვაქვს ახლა ეუთო/ოდირთან დაკავშირებით.

ისინი, ალბათ, არ ფიქრობენ, ვერ ხვდებიან იმას, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი განათლებულია, ინგლისურიც ბევრმა ძალიან კარგად იცის, წაიკითხეს და თავად გამოიტანეს დასკვნები და წერენ კიდეც სოციალურ ქსელში, აკეთებენ კომენტარებს, თარგმნიან მონაკვეთებს და უზიარებენ ერთმანეთს. ირაკლი კობახიძე და მისი გუნდი იმ განცხადებებს, რომ ეუთოს დასკვნა იყო დადებითი, აკეთებენ მათ მხარდამჭერ გაუთვითცნობიერებელ ამომრჩევლებზე. ისინი ფიქრობენ, რომ სწორედ ასეთი მოქალაქეებისთვის შეიძლება დეზინფორმაციის მიწოდება და ჰგონიათ, რომ დაიჯერებენ ამას, ხოლო დანარჩენი მოქალაქეების მიმართ არ გააჩნიათ არანაირი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს.

_ მოქალაქეები მართავენ პროტესტს დედაქალაქსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ამასთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად ვარ, ივანიშვილს ვესაუბრო, რომ მიიღოს ახალი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილებაო. როგორ წარმოგიდგენიათ ამ ვითარებაში ახალი არჩევნების მიღწევის შესაძლებლობა?

_ საბოლოო ჯამში, ხალხი არის მთავარი და ყველაფერი დამოკიდებულია მოქალაქეებზე. ყველაფერი ხალხია. თუ ისინი ხედავენ, რომ ხალხი მასობრივად არის გამოსული ქუჩაში, თუ დაინახავენ, რომ არ გაჩერდება პროტესტი და არის მზარდი, თუ დაინახავენ რომ არავინ იღლება და განწყობა არის საბრძოლო, შეუპოვარი, მგონია, რომ, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, დანებდება ხელისუფლება. ამას კიდევ მოყვება საერთაშორისო ზეწოლა, სანქციები. ამ პროცესში, რასაკვირველია, მათთან გაიმართება სხვადასხვა სახის საუბარი, დარწმუნება და ა. შ.

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, როგორ სახელმწიფოშიც ვცხოვრობთ. „ქართული ოცნება“ არ არის რაღაც ერთი გუნდი ან ერთობა, „ქართული ოცნება“ არის ერთი კაცი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც წყვეტს ყველაფერს და დანარჩენი პირწმინდად ასრულებს მის დავალებებს პოლიციისა და სასამართლოს ჩათვლით. სწორედ იმიტომ შესთავაზა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ივანიშვილს, ვილაპარაკოთ ახალ არჩევნებთან დაკავშირებითო, რომ ეს ზეწოლა უნდა ხორციელდებოდეს ბიძინა ივანიშვილზე და მას უნდა შეექმნას პრობლემები.

მას მძიმე პრობლემები აუცილებლად შეექმნება და კიდევ უფრო გაიზრდება, მათ შორის, ფინანსური პრობლემები, რომელიც რა თქმა უნდა, შეეხება პირადად მას. როდესაც დაიწყება ბიძინა ივანიშვილის ფინანსურად დასანქცირება, უცხოური ანგარიშებისა და აქტივების გაყინვა და სხვა კიდევ ბევრი რამ, მგონია, რომ ის ამის შემდეგ კარგად აწონ-დაწონის, ღირს თუ არა ყველაფრის ისე გაგრძელება, როგორც ახლა არის.

ჩვენ ვხედვთ ყოველდღე და აი, ახლაც რამდენი ხალხია ქუჩაში, სავსეა დედაქალაქი, რამდენი ადამიანი აპროტესტებს „ოცნების“ გუნდის ქმედებებს, რამდენი ითხოვს ახალ არჩევნებს. შევდივართ სოციალურ მედიაში და როგორი პროტესტი და მხარდაჭერაა.

ახალი არჩევნების იდეაა საერთაშორისო საზოგადოებაში, ერთი მეორეზეა გზავნილები ამის შესახებ და ვერავინ გაექცევა ხელახალ არჩევნებს.

_ პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ხელისუფლების მაღალჩინოსნები მაგნიტსკის სიაში არიან შეყვანილები, დასანქცირებულები არიან შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და გდდ-ს დირექტორის მოადგილე, მირზა კეზევაძე. როდესაც სანქციებს მაღალჩინოსნებს უწესებენ, რას უნდა ელოდოს ქვეყანა და როგორ შეაფასებთ ხელისუფლების დამოკიდებულებას სანქციებზე?

_ რეალურად, ხელისუფლების დამოკიდებულება არ არის ის, რასაც „ოცნების“ გუნდის წევრები აჩვენებენ. სინამდვილეში, ისინი ძალიან შეშინებულები არიან. სანქციები მათ უქმნის დიდ უხერხულობას, აშინებს თითოეულ მათგანს და არა მხოლოდ დასანქცირებულ პირებს. საქართველო არის ძალიან პატარა ქვეყანა, ეს ხალხი, რომლებიც არიან მდიდრები და აქვთ დიდი რესურსები, მათთვის მოგზაურობა ნიშნავს ძალიან ბევრს, ამ ხალხისთვის ასევე ძალიან ბევრს ნიშნავს შესაძლებლობა, რომ აწარმოონ ბიზნესი, ოპერაციები უცხოეთში. ამ ყველაფრის შეზღუდვა, რასაკვირველია, არ არის მარტივი და არც აბუჩად ასაგდები თემა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს პრესტიჟის საკითხია. როგორ გგონიათ, როდესაც ადამიანს მაგნიტსკის სიაში შეიყვანენ, დაასანქცირებენ, ნიშნავს იმას, რომ ის არის უბრალოდ დამნაშავე, ადამიანის უფლებების დამრღვევი, უბრალო კი არა, სერიოზული დამნაშავე და ეს დიდი დანაშაულია. მათთვის ოჯახსა და ნათესავებში ურთიერთობა არამგონია, რომ სასიამოვნო იყოს. აქ არის სოციალური სტატუსის საკითხი. ვახტანგ გომელაური არის მაღალჩინოსანი, მინისტრის სტატუსი აქვს, მაგრამ, ამავდროულად, არის მაგნიტსკის სიაში შეყვანილი ადამიანი, რომელსაც საერთაშორისო აქტორები ასანქცირებენ, რიყავენ და მისგან დისტანცირებას  ახდენენ. ეს არ არის სასიამოვნო და ეს ძალიან ცუდია ქვეყნისთვისაც, მაგრამ ამგვარი ქმედებები, სანქცირებები, აუცილებლად გამოიღებს თავის შედეგს. 

საქმე ის არის, რომ როცა დასანქცირდება რამდენიმე პირი, სხვები „ოცნების“ გუნდიდან ხედავენ ამას და ელოდებიან, რომ მათაც იგივე მოელით. ადრე თუ გვიან, ამ საკითხისადმი მათ დამოკიდებულებას, რომ დაასანქცირებენ, არა უშავს, ჩვენი მამა მარჩენალი ერთი კაცია და ის მოგვაქცევს ყურადღებას, შეიცვლება, დაფიქრდებიან და მიხვდებიან, რომ ეს სერიოზული, სახიფათო საკითხია.

_ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დასანქცირებით გამოწვეულ დანაკლისს ამ პირებს აუცილებლად შევუვსებთ ბიუჯეტიდანო. რას ფიქრობთ ამაზე, ეს როგორ შეიძლება გავიგოთ?

_ ეს შეიძლება გავიგოთ, როგორც დამატებითი დანაშაულის გაცხადება. სახელმწიფო ბიუჯეტი არის მოქალაქეების გადასახადების შედეგი, ანუ ბიუჯეტი არის ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ფული. თუკი დასანქცირებული პირის ანაზღაურება გინდა განახორციელო ბიუჯეტიდან, ამაზე აუცილებლად უნდა იყოს მოსახლეობაში კონსენსუსი, თანხმობა. ადამიანი თანახმა უნდა იყოს იმაზე, რომ თავისი ფულით ფინანსური დანაკლისი აუნაზღაურდეს მაღალჩინოსანს. რადგან ეს არასოდეს არ მომხდარა, ამ საკითხს ასე უბრალოდ „ოცნების“ არალეგიტიმური პარლამეტი ვერ გადაწყვეტს. ჯერ ერთი, პარლამენტმა უნდა მიიღოს ბიუჯეტის შესახებ კანონში შესაბამისი შესწორება და უნდა წარმოადგინოს შესაბამისად არგუმენტაცია; მეორე: ყოველივე ეს უნდა შეესაბამებოდეს მოსახლეობის ნებას. რადგან ასეთი რამე არასოდეს მომხდარა ჩვენს ქვეყანაში, მაშინ უნდა გამოიკითხოს მოსახლეობა, სურს თუ არა თავისი ფულით ვიღაცას რაღაც დაუკომპენსიროს.

დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობა არ იქნება თანახმა. მაგალითისთვის ვამბობ, კალაძეს თუ იტალიაში დაუყადაღეს, წაართვეს ხუთი მილიონის ღირებულებს ვილა, მოსახლეობამ თავისი ჯიბით უნდა უყიდოს მას სხვა ქვეყანაში ამავე ღირებულების ვილა ან აუნაზღაუროს, გადაუხადოს ის ფული? ხუთი მილიონი ევრო უნდა ჩაურიცხონ მას ბიუჯეტიდან? ანუ ჩვენი ჯიბიდან უნდა ამოიღონ და მისცენ კალაძეს, იმიტომ რომ კალაძე მონაწილეობდა ჩვენს ცემაში. ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია და ეს არის დანაშაულებების შსემცველი განცხადება. ასეთ ქმედებებს დემოკრატიასთან არანაირი საერთო არ აქვს. საერთოდ როგორ უნდა თქვას იურისტმა ასეთი რაღაც, რაც ირაკლი კობახიემ თქვა. ჯერ არ გამიგია ასეთი რამ არსაიდან. მას შეიძლება ეთქვა, რომ ჩვენ სასამართლოს ძალით მოვითხოვთ პასუხს ან შეიძლებოდა ეთქვა, რომ თუ უსამართლო ზომებს იყენებენ ჩვენი მაღალჩინოსნების  წინაშე, ჩვენ საერთაშორისო სასამართლოში ვიჩივლებთ და მოვითხოვთ პასუხს. ეს, რასაკვირველია, დემაგოგიური განცხადებაა, მაგრამ კიდევ გასაგები და ნაკლებად აღმაშფოთებელი იქნებოდა. მისი სიტყვები, რომ ჩვენ ყველას დანაკლისს ბიუჯეტიდან ავუნაზღაურებთო, ეს დაუშვებელია, შემაშფოთებელია, მან პირდაპირ გვითხრა, თქვენი ჯიბიდან ამოვიღებთ და დასანქცირებულ მაღალჩინოსნებს შევუვსებთ დანაკლისსო. ჩვენ არაფერს გვეკითხება. ეს აბსოლუტურად მიუღებელი მოდგომაა, მაგრამ არ მიკვირს და ვფიქრობ, უკვე აღარავის უკვირს დღეს საქართველოში „ოცნების“ გუნდის ასეთი ქმედებები, რადგან ჩვენ არ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, ეს ყველაფერი აღმოჩნდა იმიტაცია და უცებ ჩამოიშალა. „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ნიღაბი ჩამოიხსნა და ყველანაირი დეკორაცია ჩამოეშალა და გამოჩნდა მიტაცებული, ავტორიტარული რეჟიმი.

_ ბატონო კახა, მინდა, ერთ საკითხზე ვისაუბროთ, რომელიც საზოგადოების განხილვის საგანი გახდა და ეს არის კობახიძის განცხადება, რომ ჩვენ ძალიან მშვიდად მივალთ თებერვლამდე და ოპოზიცია კი არ შევა, ჩვენ შეგვასწრებს პარლამენტში შესვლასო. რა აძლევს მას ამგვარი განცხადების გაკეთების საფუძველს?

_ ამის თქმის საფუველი მას არ გააჩნია, ესაა თავხედობა და ცინიზმი. ჯერ ერთი, რას პასუხობს ის მოსახლეობას?! კობახიძე ცდილობს, დაამციროს ოპოზიცია, დაამციროს და დააკნინოს ხალხი, რომელიც ცვლილებებს ითხოვს. მისი გამოსვლები შეიცავს ტიპური დიქტატორის ელემენტებს. მათ ხომ რეალურად არაფერი აქვთ სათქმელი. სხვა არაფერზე რომ არ ვისაუბროთ, ჯერ ერთი, ხალი არჩევნების დანიშვნა არც ერთ ქვეყანაში არ წარმოადგენს რაღაც ისეთ მძიმე ტრაგედიას. თუ სზოგადოებაში არსებობს მოთხოვნა და მოსახლეობა არ იღებს ხელისუფლებას, ხელისუფლება კი არ ძაბავს სიტუაციას და კი არ მიჰყავს იქამდე, რაც თითქმის ერთი თვეა მიმდინარეობს დედაქალაქში და მთლიანად ჩვენს ქვეყანაში, არც ერთი თავმოყვარე ხელისუფლება ამას არ დაუშვებდა. ელემენტარულად, გამოჰკითხავდა ხალხს, რით ხართ უკმაყოფილო, რა გინდათ და გამოკითხვის შედეგად თუ დადგინდებოდა, რომ ახალი არჩევნები უნდათ, ეტყოდა, კი ბატონო, ჩავატაროთ. მაგრამ „ქართულ ოცნებას“ საერთოდ არ სჭირდება არჩევნები, მათ არ სჭირდებათ პლურალიზმი, არ სჭირდებათ ოპოზიცია, ერთადერთი კაცია მათთვის მთავარი, ესაა ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც მსოფლიოზე ძალიან უცნაური წარმოდგენები აქვს. საერთოდ. ამ ტრამპსაც რატომ ჩააცივდნენ. არ ვიცი. „ქართულ ოცნებას“ არ ქვს ტრამპის იმედი, უბრალოდ. წყალწაღებული რომ ხავსს მოეჭიდება, ზუსტად ამ როლს ასრულებს ტრამპი მათთვის. ისინი სხვებს აჩვენებენ, რომ აი, კარგად ვარ მოჭიდებულიო. ეს კი ქმნის ოპტიმიზმს საკუთარ მხარდამჭერებში, რომ არ გასკდეს ბომბი, რომ „ოცნებიდან“ არ დაიწყონ გაქცევა მათმა მომხრეებმა და მათ შორის მთავრობისა და პარლამენტის ე. წ. წევრებმა. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თვითონ შიგნით შეინარჩუნონ კონსოლიდაცია და ამასობაში ფიქრობენ, რომ რაღაცნაირი მეთოდებით, რეპრესიებითა და სხვადასხვა ხერხით, გაუსწორდებიან ყველას, ვინც მათ წინააღმდეგ წავა. დაშლიან და დააკარგვინებენ იმედს არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ მთლიანად საზოგადოებას. აქ მხოლოდ ოპოზიციაზე არ არის მსჯელობა, აქ მთლიანად ხალხზეა საუბარი. მიაჩნიათ, რომ ეს არის მომენტის ამბავი, წელავენ დროს და ფიქრობენ, რაღაცნაირად გადარჩნენ. ამასობაში კი თვითონ დაიშლება „ქართული ოცნება“.

ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიცია, ხალხი კი არ იშლება, პირიქით უპრეცედენტო კონსოლიდაცია ხდება საპროტესტო გამოსვლებში და ხალხიც სხვადასხვა ლოკაციიდან იკრიბება და მიდის რუსთაველზე, აპროტესტებს, საუბრობს და უზიარებს თავიანთ აზრებს ერთმანეთს. ამ ყველაფერს კი, საბოლოო ჯამში, საზოგადოება მიჰყავს ძალიან დიდ კონსოლიდაციამდე, დიდ გაერთიანებამდე.

ამიტომ „ქართულ ოცნებას“ ტყულად აქვს ტრამპის იმედი. ჯერ ერთი, ის არ არის მარტო და ვერც ერთი პრეზიდენტი ვერ გადაახტება ვერც კონგრესს და ვერც სენატს და, მთლიანობაში, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში არანაირად არ შედის ის, რომ დაუპირისპირდეს ევროპას. თუ ევროპაში ერთხმად ამბობენ, რომ ივანიშვილის რეჟიმი პრორუსულია, რომელიც აშორებს საქართველოს ევროკავშირს და ქვეყანა მიჰყავს არადემოკრატიული მიმართულებით, ამ ყველაფერს ტრამპი დაუპირისპირდეს, ევროპელებს თავზე გადაახტეს და ჩაკიდოს ხელი ბიძინა ივანიშვილს, მასთან იძმაკაცოს და იყოს ასე, წარმოუდგენელია. რას ამბობს „ოცნება“ და რას ელოდება? რა, ტრამპი ჯარს ჩამოიყვანს და ამით დააშოშმინებს ამდენ ხალხს, რომელიც აჯანყებულია და არჩევნებს ითხოვს?

„ქართულმა ოცნებამ“ თვითონაც ძალიან კარგად იცის, რომ არაფერი უშველის. ამგვარი განცხადებებით ცდილობს, ხალხი დააწყნაროს, საპროტესტო მუხტი დაასუსტოს. თავისივე ხალხს, პარლამენტშიც და მხარდამჭერებშიც, აძლევენ იმედს, რომ საბოლოოდ არ დაიშალონ, რადგან დაშლის პირას არიან. ისინი ნერვიულობენ იმაზე, რომ ვერ ხედავენ მომავალს ამ პარტიაში, ისინი ნათლად ხედავენ, რომ მომავალი არ გააჩნიათ. თვითონ ამ პარტიაში ყველა ხედავს, რომ „ქართულ ოცნებას“ მომავალი არ გააჩნია, თავადვე მოიჭრეს უკან დასახევი გზა და გადააყოლეს ბიძინა ივანიშილის შიშებს.

_ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალან ბერსეს ვიზიტზეც საინტერესო იქნება თქვენი შეფასება. „ოცნების“ მაღალჩინოსნებთან შეხვედრის შემდეგ მან თქვა, საქართველოს მთავრობამ გარანტიები მისცა, რომ ე. წ. უცხოური გავლენების შესახებ კანონში შესწორებებს შეიტანდა, რა ხდება?

_ მისი ერთგვარი მცდელობა, რომ რუსული კანონი რაღაცნაირად გაუქმდეს და მისი შედეგები არ იყოს საზიანო საზოგადოებისთვის, შეიძლება არ არის ნეგატიური, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში მან ვერ გაითვალისწინა რამდენიმე რაღაც. ეს გაუთვალისწინებლობა გამომდინარეობს იქიდან, რომ ალან ბერსე არ იცნობს კარგად საქართველოს, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, პროტესტს, ის ჩამოვიდა სრულიად მოუმზადებელი. მან არ იცის, რა ხდება საქართველოში და, პირველ რიგში, არ იცის, რომ ჩვენ ამ პარლამენტს არ ვცნობთ ლეგიტიმურად.

როდესაც მან შესთავა ოპოზიციას, რომ დავსხდეთ და უცხოური გავლენების შესახებ კანონთან დაკავშირებით კომისია შევქმნათო, ვისთან უნდა შეიქმნას კომისია? ეს ხომ პირდაპირ ლეგიტიმაციის საკითხია? ე. ი. ცნობ „ოცნები“ს პარლამენტის ლეგიტიმაციას. მან დაუშვა შეცდომა. მეორე შეცდომა იყო ის, რომ ამ კანონთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ უკვე იმსჯელა და დასკვნაში აღნიშნა, რომ კანონი უცხოური გავლენების შესახებ არ ექვემდებარება არანაირ შესწორებას, არანაირ გაუმჯობესებას, ეს კანონი, უბრალოდ, უნდა გაუქმდეს.

როდესაც არსებობს ვენეციის კომისიის ასეთი სახის დასკვნა, მაშინ ლაპარაკი იმაზე, რომ დავსხდეთ, კომისია შევქმნათ და ეს კანონი გავაკეთილშობილოთ, აბსოლუტურად ილუზიური და არასწორი ამოცანაა. ბერსემ, პრაქტიკულად, შანსი მისცა „ქართულ ოცნებას“, რომ იგივე კანონი დატოვოს და შეიტანოს რაღაც მცირე შესწორებები.  უნდა შექმნას „პროცესის იმიტაცია“ და ამასობაში „ქართული ოცნება“ გაიყვანს დროს. ხალხი კი უნდა დაწყნარდეს და უყუროს, როგორ მიმდინარეობს კომისიის მუშაობა ერთ კანონთან დაკავშირებით. ეს, რა თქმა უდა, იყო ძალიან მცდარი გზა, სწორედ ამიტომ გამოვიდა ბერსესთან შეხვედრის შემდეგ უკმაყოფილო ოპოზიცია და ამიტომ დარჩა უკმაყოფილო მოსახლეობის ის დიდი ნაწილი, რომელიც უპირისპირდება რეჟიმს.

გაზიარება