- ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2024
2024-12-24 10:08:12
შორენა მარსაგიშვილი
რატომ არ არის ალენ ბერსეს პოზიცია ევროკავშირის პოზიცია? რატომ აქვს „ქართულ ოცნებას“ დასავლურ სანქციებზე ასეთი რეაქცია? რატომ არ უნდა დაიღალოს საქართველოს მოსახლეობა? რისი ეშინია ყველაზე მეტად ივანიშვილის ხელისუფლებას? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი:
_ ბატონო პაატა, საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური განცხადებები გააკეთა, რაც ხელისუფლებამ იმისთვის გამოიყენა, რომ ხალხისთვის ეთქვა, ეს არის ევროპის პოზიციაო. ამან საზოგადოების ნაწილში გაუგებრობა გამოიწვია. თქვენ რას იტყვით ბერსეს პოზიციაზე და რას ეტყვით იმ ხალხს, ვინც მისი განცხადებების გამო შეშფოთებულია?
_ პირველ რიგში, ის უნდა ითქვას, რომ საქართველოს პრობლემები აქვს ევროკავშირთან და არა ევროპის საბჭოსთან. ევროკავშირი არის ევროპის ერთობა, სადაც გაწევრიანებაზე „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა. ევროპის საბჭოს წარმომადგენლის ჩარევა ამ საკითხში უცნაურია და აშკარად ჩანს, რომ მას ამით ქულების დაწერა უნდა. ბერსე ახალი გენერალური მდივანია, ის გახლავთ შვეიცარიელი. შვეიცარია ევროკავშირს არც წარმოადგენს და ბერსესთვის ევროკაშირი უცხოა. მას არც აინტერესებს ევროკავშირი, მას სხვა ამოცანები და სხვა დღის წესრიგი აქვს და უნდა, ქულები ჩაიწეროს ევროპის საბჭოში და აჩვენოს ყველას, რომ მაგრები არიან და საქართველოში შიდა დაპირისპირებას აგვარებენ.
ბერსეს მიერ აღებული მიმართულება, რომ თითქოს რუსულ კანონშია პრობლემა, იმაზე მიუთთებს, რომ მისთვის მთავარია შერიგება და არ აინტერესებს, რისთვის იბრძვის ქართველი ხალხი. მას უნდა, რომ ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანაში პოლიტიკურმა ტემპერატურამ დაიწიოს. თვითმფრინავი რომ გაფრინდება, გაბრაზებულები მერე ტრაპზე რომ ამბობენ, ტრაპი არ ვარგაო, ისეა ამ რუსული კანონის საქმე. იმ კანონმა, რომელმაც შგვაშფოთა, უკვე კარგად იმუშავა. ეს კანონი „ქართულ ოცნებას“ იმისთვის სჭირდებოდა, რომ არჩევნები გაეყალბებინა და მოეხდინა დამკვირვებლების დისკრედიტაცია. დღეს კანონი აღარ არის აქტუალური. დღეს საქართველოს ხელახალი არჩევნები სჭირდება. კანონი თავისთავად არაფერი გახლდათ. ის მხოლოდ გზა იყო ავტორიტარიზმისკენ. „ქართულ ოცნებას“ ახლა არაფერში სჭირდება კანონი. ახლა ისინი უკვე თვითმფრინავში არიან და რა აზრი აქვს, რა გზით ავიდნენ იქ, ტრაპით თუ ესკალატორით? ვიღაცამ უნდა აუხსნას ალენ ბერსეს, რომ საქმე ისე მარტივად არ არის, როგორც ეს მას წარმოუდგენია. მის ჩამოსვლას ვაფასებ, როგორც ქულების დაწერას ევროპის საბჭოს თვალში და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას. ის ერევა არა მარტო ჩვენს შიდა საქმეებში, არამედ ევროკავშირის საქმეებშიც.
_ აქედან გამომდინარე, ოპოზიციის ნაწილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ მასთან შეხვედრაზე არ მივიდა?
_ სწორი გადაწყვეტილებაა. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა მათ წინასწარ იცოდნენ, რაზე აპირებდა საუბარს გენერალური მდივანი. შეხვედრის შემთხვევაში ეტყოდნენ, აქ კანონი რა შუაშია, ჩვენ ვკარგავთ ევროკავშირის პერსპექტივას, თუ გვეხმარები ამ გზის დაბრუნებაში როგორც კერძო პირი, დიდი მადლობა, მაგრამ არ ვაპირებთ ევროპის საბჭოს რეპუტაციის შენარჩუნების სანაცვლოდ ევროკავშირის დაკარგვას.
_ არანაირი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ მის განცხადებებს?
_ ყურადღება იმ კუთხით უნდა მივაქციოთ, რომ საზოგადოებას ავუხსნათ, სინამდვილეში რა ხდება. საზოგადოებამ მართლაც ვერ გაიგო, რასთან გვაქვს საქმე. ევროპა რაკი ჰქვიათ, ჰგონიათ, რომ ევროპა ევროპაა. ევროპა ბევრ რამეს ჰქვია. კობახიძე და „ქართული ოცნება“ ბერსეს განცხადებებს ბინძურად იყენებს პროპაგანდისთვის. ქმნიან ილუზიას, რომ ევროპაში ისე არ ყოფილა, როგორც ამას ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ამბობს. ყველას მინდა ვუთხრა, რომ ეს ის ევროპა არ არის. ქართველებს კარგი ფილმი გვაქვს, „ცისფერი მთები“. იქ არის ასეთი მომენტი, ეს სხვა ტაშიაო. მინდა ვუთხრა ხალხს, ეს სულ სხვა ევროპაა, ხალხო. ბერსეს სიტყვებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, მაგრამ რაკი „ოცნება“ აქცევს ყურადღებას, მაშინ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს სულ სხვა ევროპაა და ის ევროპა არაა, სადაც ჩვენ მივდივართ. ჩვენ მივდივართ ევროკავშირში. ევროპის საბჭოს წევრები ჩვენ უკვე ვართ. ევროპის საბჭოს წევრი ორი წლის წინ რუსეთიც იყო და ბელარუსიც. ისინი უკრაინაში შეჭრის შემდეგ გარიცხეს. ისე ნუ მოვიქცევით ჩვენ, რომ არათუ ევროკავშირი დავკარგოთ, არამედ ევროპის საბჭოდანაც გაგვრიცხონ.
_ ამის საფრთხე, მგონი, არის. თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, მართლა დავკარგოთ ევროპის საბჭოც.
_ რა თქმა უნდა, არის ამის საფრთხე. დღეს „ქართული ოცნება“ სასწაულ რამეებს აკეთებს.
_ სასწაულ რამეებში შედის, ალბათ, დასანქცირებული ჩინოსნების დაწინაურება და მათი ღირსების ორდენზე წარდგენა.
_ სწორედ ამ სერიიდანაა. გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნა დაცინვაა. ამით საქართველოს ხელისუფლება დასცინის არა მარტო ქართველ ხალხს, არამედ იმათაც, რომლებმაც ესენი დაასანქცირეს. დასანქცირებული ადამიანების ღირსების ორდენზე წარდგენა წარმოუდგენელი რამეა. მე პირადად რომ მქონოდა ღირსების ორდენი, აუცილებლად დავთმობდი და უკან მივუგდებდი „ქართულ ოცნებას“. იმედი მაქვს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ღირსების ორდენით არიან დაჯილდოებულნი, ამ ორდენებს „ქართულ ოცნებას“ უკან მიუგდებენ. ეს ორდენი ბევრ ღირსეულ ადამიანს აქვს. ამ ადამიანებს გული უნდა ერეოდეთ იმ ორდენზე, რომელსაც მალე მიიღებენ ისინი, ვინც ქართველ ხალხს სასტიკად სცემდა და აწამებდა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ჯილდოების დაყრის პროცესი დაიწყება. აშკარად ჩანს, რომ ხელისუფლება დასცინის და შეურაცხყოფას აყენებს ქართულ საზოგადოებას, ასევე დასცინის ევროკავშირს, რომელიც სანქციების გზით ცდილობს „ქართული ოცნების“ გამოფხიზლებას. აშკარაა, რომ ეს ხელისუფლება სანქციებით ვერ გამოფხიზლდება.
_ საქართველოში ბევრი იმედოვნებდა, რომ სანქციები იყო წამალი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გამოაფხიზლებდა.
_ სანქციები „ქართულ ოცნებას“ ვერ გამოაფხიზლებს. სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ვერც ბრიუსელი და ვერც ვაშინგტონი „ქართულ ოცნებას“ ვერ გამოაფხიზლებს. „ქართული ოცნების“ გამოფხიზლება მხოლოდ ქართველ ხალხს შეუძლია. ქართველი ხალხი ყინვაგამძლე აღმოჩნდა. ეს აქციები იმის მანიშნებელია, რომ ქართველ ხალხს ბრძოლის გაგრძელება შეუძლია და ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. ხალხი არ უნდა გაჩერდეს და არ უნდა დანებდეს. მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობა არა მხოლოდ არადემოკრატიულია, არამედ მათ სტაბილურობის შენარჩუნებაც კი არ შეუძლიათ. ყველამ უნდა დაინახოს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას მოქალაქეები არ ემორჩილებიან.
დაუმორჩილებლობის ყველაზე კარგი ფორმაა ის, რასაც დღეს ჩვენ თბილისსა და მთელ საქართველოში ვხედავთ. ქუჩაში ყოფნა არის ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი, მაგრამ ამის პარალელურად სხვა ღონისძიებებიც არის საჭირო და ეს თუ მოხერხდება, უფრო მეტი ეფექტი იქნება.
_ რა უნდა მოხერხდეს კიდევ?
_ ერთი ორჯერ საყოველთაო გაფიცვა იქნებოდა ძალიან კარგი. ასეთი რამეები არაერთხელ მომხდარა იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში. ეს გაფიცვა თუ მოხდა, ყველა დაინახავს, რამდენად არამყარია „ქართული ოცნება“.
_ თქვენი აზრით, მივალთ საყოველთაო გაფიცვამდე?
_ მგონი, რომ მივალთ. მთელი საქართველო რომ გაჩერდეს თუნდაც ერთი დღით, ეს მნიშვნელოვანი შემოლაწუნება იქნება ივანიშვილის ხელისუფლებისთვის. ქვეყნის ერთი დღით გაშეშება საკმარისია.
_ ზემოთ თქვენ აღნიშნეთ, ყინვაგამძლე აღმოჩნდა ქართველი ხალხიო. ეს მართლაც ასეა, მაგრამ გაუთავებლად ხომ არ შეიძლება ამ აქციების გაგრძელება. როდემდე უნდა იყოს პროტესტი?
_ პოლიტიკაში ხელახალი დაბრუნების შემდეგ ივანიშვილმა მაჰათმა განდი ახსენა და მგონი, შეცდომით. მაჰათმა განდის ჰქონდა ნათქვამი, რომ ბრძოლა გაგრძელდება მანამდე, ვიდრე არ გავიმარჯვებთ. ისინი იდგნენ და გაიმარჯვეს. მათ მიაღწიეს ინდოეთის დამოუკიდებლობას მშვიდობიანი გზით. თქვენ მკითხეთ, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს აქციებიო? მაშინ მე ვიკითხავ, რამდენ ხანს შეიძლება იხოცებოდნენ უკრაინელები დამოუკიდებლობისთვის? ისინი იხოცებიან და ჩვენ რა გაგვიჭირდა, რომ გნებავთ სიცხეში, გნებავთ სიცივეში ვიდგეთ გარეთ! ჩვენგან თავგანწირვას არავინ ითხოვს. ჩვენ, უბრალოდ, უნდა ვიდგეთ და ეგაა. არ უნდა ვიკითხოთ, რამდენი ხანი უნდა ვიდგეთ. უნდა ვთქვათ, რამდენ ხანსაც საჭიროა, იმდენ ხანს უნდა ვიდგეთ. და ეს უნდა გავაკეთოთ კიდეც.