- ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2024
2024-12-24 09:55:07
ირინა მაკარიძე
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს ვიზიტისა და მის მიერ გაკეთებული განცხადებების, მასობრივი ტერორისა და რეპრესიების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი:
_ პირველ რიგში, ევროპის საბჭოს დელეგაციის ვიზიტი არ უნდა ყოფილიყო, როგორღაც, ლეგიტიმაციის სურათის შემქმნელი. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ალენ ბერსემ მკაფიო განცხადება გააკეთა, რომ ვიზიტი არ ემსახურება მისიას, დახმარების ხელი გაუწოდოს მთავრობას, რომელსაც არ აქვს ქვეყანაში აღიარება. ჩვენი მოთხოვნაც ეს იყო და მასაც მიაჩნდა, რომ მისი მანდატი არ ითვალისწინებს ლეგიტიმაციის აღიარებას. აქ უნდა აღინიშნოს, რომ თვითონ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლებმა ძალიან მწვავე განცხადებები გააკეთეს არჩევნებთან დაკავშირებით. ასე რომ, ინფორმაცია ბ-ნ ალენ ბერსეს საკმაოდ ბევრი აქვს და ჰქონდა, სანამ საქართველოში ჩამოვიდოდა, ახლა კიდევ უფრო მეტი აქვს. რაც შეეხება მისი განცხადების იმ ნაწილს, სადაც ის საუბრობდა კრიზისის განმუხტვის შესაძლებლობაზე და რეფერირება მოახდინა ე. წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით რაღაც სამუშაო ჯგუფის შექმნასთან, ეს რეალურად ამოვარდნილია კონტექსტიდან. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ეს არასწორი იყო, არც მისი მანდატის შესაბამისი და არც იმ სურვილების, რომელიც შეხვედრაზე ჩვენგან გახმოვანდა. რა სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას იმ სიტუაციაში, როდესაც ათიათასობით ადამიანი ყოველდღე ქუჩაშია, ასობით ადამიანი დაპატიმრებულია და ახალი არჩევნების მოთხოვნით უპრეცედენტო პროტესტს მართავს? შესაბამისად, აბსოლუტურად შეუსაბამო განცხადება იყო ეს. ასევე აქცენტი იმაზე, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ადამიანები განთავისუფლდებიან. ეს ისედაც ყველამ ვიცით. აქ რა დამატებითი ჩარევა არის საჭირო? მთავარია, მათი განთავისუფლება, ვინც სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული. ასეთი ადამიანები საკმაოდ ბევრია. მათ მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებები შესაძლოა იყოს ძალიან მძიმე და ამაზე უნდა გაკეთებულიყო აქცენტი და, ზოგადად, პოლიტპატიმრების საკითხზე ქვეყანაში. ამაზე ძალიან მკაცრი საერთო განცხადება გამოაქვეყნა ოპოზიციამ. მართალია, აქ მის მიმართ პიროვნულადაც არის ძალიან მძაფრი კრიტიკა, მაგრამ ეს არის რეაქცია, ჩემი აზრით, იმ არასწორ გზავნილებზე, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ იმ ნაწილზე, რაზეც ვსაუბრობ. პრაქტიკულად, ქვეყანაში ორი მთავარი მოთხოვნაა, - გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი არჩევნები. თუ რამე დიალოგზე არის საუბარი და მისი, როგორც ევროსაბჭოს გენერალური მდივნის შეზღუდული მანდატი პოლიტიკურ ნაწილში ითვალისწინებს, ამ საკითხზე უნდა ყოფილიყო. ეს ჩვენ ძალიან კარგად ავუხსენით შეხვედრაზე. „ხალხის მხარდაჭერა“ ეს უბრალოდ ეტიკეტისთვის განკუთვნილი სიტყვათა წყობა ხომ არ არის? თუ მოქალაქეები და პოლიტიკოსები ამ მოთხოვნებს აყენებენ, უნდა გაითვალისწინონ ეს კონტექსტი. დიალოგი, რა თქმა უნდა, ყველა მძაფრ პროცესს, საბოლოო ჯამში, მოჰყვება, ოღონდ ეს დიალოგი უნდა იყოს არგუმენტირებული და შედეგზე ორიენტირებული. რუსულ კანონზე სამუშაო ჯგუფის შექმნა ახლა როგორ შეიძლება? ეს თემა ახლა არანაირად აღარ არის აქტუალური, იმდენად სხვა ვითარება და მოთხოვნებია. მგონია, რომ ამ ნაწილში ის ასცდა რეალობას. ბოლო ინსტანცია ის არ არის. ევროპის საბჭოში საქართველოს მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ათწლეულების განმავლობაში სწორედ ეს ორგანიზაციაა ჩვენი ერთ-ერთი სერიოზული პლატფორმა იმ მიმართულებებზე, რასაც დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა წარმოადგენს. თუმცა ბოლო 12 წლის განმავლობაში მათთან ურთიერთობის რესურსი, ისევე როგორც სხვა ორგანიზაციების, გამოყენებული არ იქნა. ახლა ვართ სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც მოსალოდნელია, რომ გადავა ეკონომიკურ კრიზისში. მგონი, ამ ვითარების სიმძაფრე ყველას კარგად უნდა ესმოდეს.
_ როგორ ფიქრობთ, რუსულ კანონში ცვლილებების შეტანა ხომ არ არის ის სავაჭრო თემა, რის შემოტანასაც ამ დისკურსში ახლა ბიძინა ივანიშვილი ცდილობს?
_ საერთოდ, რუსულმა კანონმა ძალიან სერიოზული როლი ითამაშა იმ პროტესტის წარმოშობაში, რომელიც აზვირთდა ამ კანონის შემოტანისთანავე, მაგრამ მიმდინარე მოვლენების დროს ეს კანონი არავის აღარ უხსენებია. როგორც ჩანს, იყო არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მცდელობა, რომ ამ მიმართულებით გადაეტანათ ყურადღება, თითქოს რაღაც კომპრომისებისთვის მზად არიან. როგორც მახსოვს, ადრეც გაკეთდა განცხადება, თუმცა სერიოზულად ეს არავის აღუქვამს, დღეს არის უკვე სხვა მასშტაბის ვითარება, სხვა მოთხოვნები, განსაკუთრებით, არჩევნების მანიპულირების შემდეგ, ამიტომ იმ დისკურსში, რაც არსებობს საქართველოსთან დაკავშირებით, ეს საკითხი არ დგება. თუ იქნება ახალი არჩევნები და შეიცვლება არსებული რეჟიმი, ეს კანონიც მიჰყვება მას და ბევრი სხვა რამ. ვფიქრობ, იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტინქტს, რომ იპოვონ აუცილებლად ვითარების განმუხტვის, დარეგულირების გზები, აქ, ადგილობრივად შეაგებეს ეს შეთავაზებები, რომ ცვლილებებს შეიტანენ რუსულ კანონში და გაათავისუფლებენ ადმინისტრაციულ პატიმრებს. ესეც „ტყვეებით ვაჭრობის“ ერთგვარი მაგალითია. მართალია, ადმინისტრაციული წესით დაკავებაც პოლიტიკური მოტივაციით მოხდა, ეს ჯარიმებიც დისკომფორტია, მაგრამ ადამიანები სისხლის სამართლის წესით არიან ციხეებში. ამ ახალგაზრდებს ზოგს ვიცნობ, ზოგს არ ვიცნობ, ბევრ მათგანს ვხვდებოდი მთელი ამ კვირების განმავლობაში აქციებზე, მანიფესტაციებზე, პროტესტზე, ბევრთან მისაუბრია საათობით. ყველა შეიძლება ასეთი მსხვერპლი გახდეს. ჩვენ ვხედავდით, როგორი სისასტიკით ხდებოდა დარბევა, როგორ უსწორდებოდბენ ადამიანებს, მათ შორის, ბევრი ჟურნალისტი, ექიმი, თუ სხვა პროფესიის ადამიანია, თუმცა პროფესიას აღარ აქვს ახლა მნიშვნელობა, სასწაულებრივად გადაურჩა ლეტალურ შედეგს. ამაზე კეთდებოდა ჩვენი შეხვედრის დროს მთავარი აქცენტი. მოთხოვნა სწორედ ეს იყო, რომ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ამ მიმართულებით გაეკეთებინა აქცენტი, მათ შორის, მოენახულებინა პოლიტიკური მოტივით დაკავებული ადამიანები, დაშავებულები. აქ არავინ უნდა ჩათვალოს, რომ ოპოზიცია გაბრაზებული პოზიციიდან ლაპარაკობს. ოპოზიცია ამ ნაწილში არის უკმაყოფილო, მაგრამ კმაყოფილია ლეგიტიმაცის საკითხთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებით, რაც აღვნიშნეთ კიდეც. აქ კიდევ ერთი საკითხი დგება ამ არაღიარებისა და სანქცირების პროცესში, _ საერთაშორისო ორგანიზაციები თუ როგორ აგრძელებენ საქართველოსთან ან საქართველოს დელეგაციებთან ურთიერთობებს. ევროპის საბჭოში ათწლეულებია მუშაობს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ასევე სხვა სტრუქტურებში, სადაც ასევე უნდა დაკომპლექტდეს დელეგაციები და უნდა იყოს ცნობილი მათი უფლებამოსილების საკითხი. მაინტერესებს, როგორ მოხდება სანქცირებული, დე ფაქტო ხელისუფლების პირობებში ამ სამუშაოს განხორციელება? ის ადამიანები, თუნდაც დღეს უკვე დიპლომატიური პასპორტის მქონე პარლამენტის წევრები, შესაძლებელია ვერც შევიდნენ ევროპის ტერიტორიაზე. ეს საკითხები იქნება გასათვალისწინებელი და შემდეგ ევროპის საბჭოს ასამბლეის ბიურო და შემდეგ საპარლამენტო ასამბლეაც ამ საკითხებზე იმსჯელებენ. აქ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა საკითხზე მსჯელობისას გათვალისწინებული იყოს ის კონტექსტი, ვითარება და ის განწყობები, რაც არის ჩვენს საზოგადოებაში.
_ ეს ძალადობრივი ფაქტები მოქალაქეების მიმართ, რაც სახალხო დამცველის მიერაც კი შეფასდა, როგორც წამება, რა პასუხისმგებლობას ითვალისწინებს და შესაძლებელია თუ არა ამის გადაფარვა რაღაც მოლაპარაკების პროცესით?
_ მე თვითონ ვიყავი მონაწილე ამ პროცესების და ვხედავდი, რაც ხდებოდა, ზოგი ფაქტი ეკრანზე ვნახე. როგორი მეთოდებით ხდებოდა დარბევა წყლის ჭავლითა და გაზის გაშვებით. თვითონაც მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდი რაღაც მომენტში, ერთი ღამის განმავლობაში სამჯერ მომხვდა ეს მხუთავი გაზი. რა გაზი იყო, არ ვიცი, ესეც ხელისუფლების დანაშულია, რომ არ ამბობენ მკაფიოდ, თუ რა სპეციალურ საშუალებებს იყენებენ, რა ქიმიური შემადგენლობაა. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ამის შესახებ ინფორმაცია, სპეციალისტებმა და მედიკოსებმა ამაზე არაერთხელ გააკეთეს განცხადება. წარმოუდგენელი იყო, სპეცრაზმელები როგორ უმოწყალოდ ექცეოდნენ ადამიანებს. აღარაფერს ვამბობ ქუჩის მოძალადე ჯგუფების თავდასხმებზე, მათ შორის, ჟურნალისტებსა და ჩვეულებრივ მოქალაქეებზე. ეს როგორ ამოვა ვინმეს მეხსიერებიდან, თუ რა სისასტიკით გაუსწორდნენ სპეცრაზმელები ძირს დაგდებულ გიორგი მაისაშვილს, რომელსაც გამეტებით რამდენჯერმე წიხლი ჩაარტყეს და, პრაქტიკულად, უგონოდ მიატოვეს?! ის ადამიანი ხომ გაწირეს სიკვდილისთვის?! ისევე როგროც ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე. ბევრმა აღნიშნა და მეც არ მეგონა, თუ ის გადარჩებოდა. ასევე მისი ოპერატორი გიორგი შეწირული, რომელსაც ფეხებით შედგნენ თავზე. გურამ როგავა გადარჩა სასწაულებრივად, ამის პატიება, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება, ეს დიალოგით ვერ გადაიფარება! ერთი რეაგირება რაც არის სანქციების სახით, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ დანაშაულებზე პასუხისმგებელი პოლიტიკური პირები სანქცირდებიან. მაგნიტსკის სიაშიც კი მოხვდა შს მინისტრი, ამოქმედდა ბრიტანული ფინანსური სანქციები, ასევე აშშ-ის სავიზიო სანქციები. უკვე ევროპის ქვეყნებმა, როგორც ბალტიისპირეთის, ასევე სხვა, დაიწყეს სანქცირება. ისინიც ფიქრობენ გაცილებით მასშტაბური სანქციების დაწესებაზე. როცა სამართალი იქნება ქვეყანაში და არ იქნება უზურპირებული სასამართლო და სახელმწიფო უწყებები, რა თქმა უნდა, ის ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაულები, პასუხს აგებენ. ამდენად, მოლაპარაკების რეჟიმში დანაშაულების გადატანა, მათი დავიწყება და არრეაგირება, ასე, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება. არავის სიამოვნებს, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველდღე ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენიება, სანქცირება ხდება. ბუნებრივია, ეს ხორციელდება იმ ადამიანების მიმართ, ვისაც აქვს პასუხისმგებლობა ამ ყვეყანაში. ივანიშვილის ირგვლივ ნელ-ნელა ვიწროვდება წრე.
_ რას იტყვით ივანიშვილთან ალენ ბერსეს შეხვედრაზე?
_ ენიგმატური და რაღაც სუპერკონფიდენციალური შეხვედრა იყო. გასაგებია, რომ დეტალები არ გახდა ცნობილი, მაგრამ ამან ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. ამიტომ ყველას უნდა ესმოდეს, ასეთ სენსიტიურ პერიოდში ყველა ასეთ ვიზიტს სჭირდება ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი, რომ სწორად და კომპეტენტურად მოხდეს კომუნიკაცია როგორც დე ფაქტო ხელისუფლებასთან, ასევე საქართველოს საზოგადოებასთან, რათა არ მოხდეს არა ვინმეს პიროვნული დისკრედიტაცია, არამედ ნდობა არ დაიკარგოს ორგანიზაციების მიმართ. მკაფიოდ უნდა გვესმოდეს ასევე, რომ რუსეთის მთავარი ამოცანაა ჩვენი დაპირისპირება დასავლეთთან. იმის ჩვენება, რომ დასავლეთი არის არასამართლიანი ხშირ შემთხვევაში, რომ მას არ აინტერესებს საქართველოს ბედი რეალურად და ა. შ. ცხადია, ეს ასე ნამდვილად არ არის. დასავლეთი საქართველოს მიმართ ძალიან დიდი ყურადღებით არის და ზომები, რომელსაც ის იღებს პასუხისმგებრელი პირების დასასჯელად სანქციების ჭრილში თუ სხვა ტიპის გადაწყვეტილებებში, სწორედ მხარდაჭერაა იმის, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ დაკარგოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა და არ ჩამოშორდეს ევროპულ გზას.
_ გასულ კირას ივანიშვილს ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი. ითქვა, რომ კიდევ შედგებოდა მათ შორის საუბარი, ეს რას გეუბნებათ?
_ თავისთავად ფაქტი მაკრონის ჩართულობის, მისი აქტიურობის ამ მიმართულებით არის ძალიან კარგი. ის, რომ ივანიშვილს დაუკავშირდა, ბუნებრივია, ყველასთვის ნათელია, რომ ის არის გადაწყვეტილების მიმღები და სხვა არავინ. სწორად მოიქცა ამ კონტექსტში, როდესაც არ არის აღიარებული პარლამენტისა და მთავრობის ლეგიტიმურობა დემოკრატიული საზოგადოების მხრიდან. თუ კიდევ დამატებით არგუმენტად არ ვიტყვით იმ ფაქტს, რომ ივანიშვილს აქვს საფრანგეთის მოქალაქეობა. აქ სხვა არის მთავარი, ამ დონის მსოფლიო ლიდერის ჩართულობა და პირდაპირი კომიუნიკაცია, ვფიქრობ, კარგად უნდა აგრძნობინებდეს ივანიშვილს მდგომარეობის სიმწვავეს. საფრანგეთის ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება, თუ რაზე იყო ლაპარაკი, ბუნებრივია, ეს არის რეპრესიების შეწყვეტა, დატყვევებული ადამიანების განთავისუფლება და დემოკრატიული პროცესის გაგრძელება. რეალური შინაარსი ამ საუბრის, რა თქმა უნდა, უცნობია, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და, ალბათ, ძალიან სერიოზული გამაფრთხილებელი ზარი და ქმედება მაკრონის მხრიდან. რა მოყვება ამას, მომავალში ვნახავთ. ჯერჯერობით დე ფაქტო ხელისუფლება აგრძელებს თავის პოლიტიკას, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქილიკით აღარ ქილიკობენ სანქციებზე.
_ თუმცა აპირებენ, დააჯილდოონ დასანქციებული ძალოვნები, მაგნიტსკის სიაში შესული შს მინისტრი კი ვიცეპრემიერად დააწინაურეს.
_ ეს არის აბსოლუტურად უსუსური ნაბიჯები, თითქოს შესამსუბუქებლად ამ მძიმე ვითარების თავიანთი ამომრჩევლების თვალში. ასევე მაქსიმალურად შეკავშირების მცდელობა იმ გუნდის, რომელიც არის დარჩენილი. დარწმუნებული ვარ, რაზეც დგას ეს რეჟიმი, ეს არის სამართალდამცავი სისტემა, თუ სხვა უწყებები, აქაც ძალიან ბევრი არის უკმაყოფილო და კიდევ მეტი იქნება, რადგან ეს ადამიანები არ არიან ისეთი დაბალი აღქმის, როგორც მათ მიაჩნიათ. როგორ შეიძლება, ვინმემ დაიჯეროს სანქცირებული მთავრობის წევრები, მინისტრები და პარლამენტარები ამ ქვეყანას გაუძღვებიან და დასავლური განვითარების გზით წაიყვანენ? როგორ შეიძლება, რეალობასთან ახლოს იყოს, რომ დასჯილმა მთავრობამ, ვისაც არავინ დაელაპარაკება, შეიძლება რაიმე სარგებელი მოიტანოს?!
_ „ოცნებაში“ აცხადებენ, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ამის შესახებ რას იტყვით?
_ ჩვენ ვისმენდით იმასაც, რომ სანქციები არ არსებობს, არარეალურია, რომ ივანიშვილი უკვე არის სანქციის პირობებში. ვხედავთ ახლა, სანქციების რა ტალღაა, ყოველდღიურად კიდევ უფრო მძიმდება ვითარება. ახლა უკვე საუბარია იმაზე, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ შესაძლებელია უკვე პოლონეთი, გერმანია და საფრანგეთი ინდივიდუალურად განიხილავდნენ ამ საკითხს, ამას უკვე ჯაჭვური რეაქციით თითქმის ყველა ქვეყანა შეუერთდება, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა. ეს თავისთავად წარმოუდგენლად ზღუდავს ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ოპერირების არეალს. აქეთკენ მიჰყავთ თავად ყველაფერი, იმის ნაცვლად, რომ მართლაც დიალოგზე იფიქრონ, რეპრესიები შეაჩერონ, ადამიანები გაათავისუფლონ და დაიწყონ საუბარი იმაზე, როგორ მომზადდეს ახალი არჩევნები, რომ ქვეყანას ჰქონდეს პერსპექტივა მომავლისთვის და რაღაც ახალი პროცესი დაიწყოს, დემოკრატიული, მართლაც იმგვარი, რომელიც გამოხატავს საზოგადოების ყველა ფენის ინტერესს. ეს უნდა იყოს სწორედ არჩევნების მთავარი შინაარსი და არა ხელების გადაგრეხა და ამ ფორმით ხელისუფლების შენარჩუნება.
_ მიუხედავად უწყვეტი პროტესტისა, კობახიძე აცხადებს, რომ 4 პარტია ათას კაცსაც ვერ აგროვებს და მილევად რეჟიმშია პროტესტი, ამაზე რას იტყვით?
_ ავტორიტარული სახელმძღვანელოები და დიქტატორული გაიდლაინები ალბათ ამას ასწავლიან, რომ ხალხის პროტესტზე არ უნდა შედრკე, პირიქით, რეპრესიები უნდა გააღრმავო, შენი გუნდი უფრო უნდა შეკრა, პროპაგანდა გააძლიერო, ბევრი ტყუილი თქვა, ადამიანების დაშინებაზე იმუშაო. ამ დოქტრინას მიჰყვება. არ მგონია, ვერ ხედავდეს, რომ აქციები სხვა რეჟიმში გადავიდა. ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი მანიფესტაციაა, მარშები, რომელიც იმართება ქალაქის ქუჩებში, წარმოუდგენელი და ლამაზი სანახაობებია. მართლაც არასდროს ყოფილა ასეთი მრავალფეროვანი, საინტერესო თავისი შინაარსით, სილამაზით, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ რუსთაველის გამზირზე. როგორ შეიძლება მთავრობამ არ მიაქციოს ყურადღება, ბიზნესი რას ამბობს?! ბიზნესით სულდგმულობს ეს ქვეყანა გარკვეულწილად, ის კომფორტიც, რომელსაც ხელისუფლება იქმნის თავისთვის, ბიზნესიდან მოდის. უნდა ესმოდეთ მათი ხმა. ადამიანების ბრაზი და განწყობა ასე მალე ვერ ქრება, შეიძლება რომელიმე აქციაზე ნაკლები ადამიანი იყოს დაბალი ტემპერატურიდან გამომდინარე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროტესტი ჩაცხრა. ყველა რეჟიმი როდესმე სრულდება. ვნახეთ როგორ ჩამოიშალა ასადის რეჟიმი.
_ კობახიძე სალომე ზურაბიშვილს დაჭერით დაემუქრა, ამაზე რას იტყვით, რამდენად სერიოზულად შეიძლება აღვიქვათ ეს მუქარა?
_ ესეც არის თავისი ამომრჩევლის გამხნევების მცდელობა, არ ვფიქრობ, რომ ამ მუქარას რაიმე სერიოზული შედეგი მოჰყვეს, რომ ამ ვითარებაში მყოფ მმართველ გუნდს ჰქონდეს ახლა ამის საშუალება. სურვილი შეიძლება ნამდვილად აქვთ.
_ თუმცა ერთი პრეზიდენტი არის პატიმრობაში და გასაკვირი არ იქნება, ალბათ, მეორესაც თუ დაიჭერენ.
_ არ მგონია, ამის განხორციელების რამე მექანიზმი არსებობდეს, ეს კიდევ დაამძიმებს მათ ვითარებას, გაართულებს და გააღრმავებს იმ კრიზისს, რომელიც არის ქვეყანაში. ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარედაც ალბათ შეუდარებლად მძიმე იქნება პასუხი, თუკი ამის მცდელობა იქნება. მართალი თქვით, ერთი პრეზიდენტი დატყვევებულია, ძალიან სამწუხაროა, რომ არ ხერხდება და არ ხდება მისი განთავისუფლება. ახლა კიდევ ასეთი მუქარა ჟღერდება. არ ვფიქრობ, რომ ამას რამე საფუძველი ჰქონდეს, ეს არის ფინალისკენ წასული რეჟიმის აგონია. ზურაბიშვილი 29 დეკემბრის შემდეგაც დარჩება ქვეყნის პრეზიდენტად. გასაგებია, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, მაგრამ ასეთი ექსტრემალური ვითარებაა დღეს საქართველოში, რაც შეიქმნა ამ მიტაცებული არჩევნების შემდეგ, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო საზოგადოებისა და ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანმა ნაწილმა არ აღიარა მისი შედეგები. ამიტომ ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან მაღალი საერთაშორისო ინსტიტუტები დღეს ამას მიიჩნევენ რეალისტურ სცენარად.