- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-03-14 05:37:05
ირინა მაკარიძე
„ქართული ოცნება“ განსაკუთრებით ბრაზობს, როდესაც ევროპელი პარტნიორები მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ მიუთითებენ. რას ნიშნავს ვეტინგი, რატომ უნდა გაიარონ კეთილსინდისიერების ტესტი? რატომ ეწინააღმდეგება ამ მოთხოვნას მმართველი ძალა?
ამ საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის“ წევრი, კახა წიქარიშვილი:
_ ჩვენი კონსტიტუცია ამბობს, რომ მოსამართლე უნდა იყოს კომპეტენტური და კეთილსინდისიერი. აქედან გამომდინარე, კეთილსინდისიერება არის მოსამართლისთვის აუცილებელი პირობა. ეს, პირველ რიგში, უკავშირდება მის მოუსყიდველობასა და მედეგობას. კეთილსინდისიერება არის არა მხოლოდ კანონით და კონსტიტუციით გათვალისწინებული თვისება, არამედ ნდობის განმაპირობებელი აუცილებელი ფაქტორი. საყოველთაო გაგებითაც, ეს სიტყვა გულისხმობს ადამიანის პატიოსნებას სხვებთან ურთიერთობაში, რაც წარმოადგენს ნდობის საფუძველს. სასამართლო ხელისუფლება არის ყველაზე უფრო უკონტროლო ხელისუფლება _ იგი არის ხელისუფლება, რომელიც არ ექვემდებარება იერარქიას, მკაცრ სუბორდინაციას, დაცულია კონსტიტუციური გარანტიებით, არ ექვემდებარება პირდაპირ კონტროლს, არც საკანონმდებლო და არც ზედამხედველი ორგანოების მხრიდან. ამიტომ ამ ვითარებაში კეთილსინდისიერება არის ერთადერთი გარანტია, რომელიც გვაძლევს მართლმსაჯულებისადმი ნდობის საშუალებას. ჩვენ არ შეგვიძლია მოსამართლეები ვაკონტროლოთ ყოველ წუთში და ყოველ წამში, გავიგოთ, ვინმეს ხომ არ ხვდებიან ისინი თავიანთ კაბინეტებში? ვინმე ტელეფონზე ხომ არ ურეკავთ და ვინმესთან ხომ არ ათანხმებენ გადაწყვეტილებებს? ამიტომ კანონიც, კონსტიტუციაც და საერთაშორისო სტანდარტებიც ითხოვს, რომ მოსამართლე უნდა იყოს კეთილსინდისიერი. ახლა ჩვენ დავდექით ასეთი გამოწვევის წინაშე: „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დროს ყველა მოსამართლე იყო ცუდი და „ქართული ოცნების“ დროს ყველა მოსამართლე გახდა კარგი. ამით დაიხურა თემა და ეს საკითხი დისკუსიას აღარ ექვემდებარება. რეალობა არის ასეთი: ჩვენ გვაქვს აშშ-ის სანქციები, სანქცირებულია 4 პირი, მათგან 3 მოქმედი მოსამართლე და ერთი სააპელაციოს ყოფილი თავმჯდომარე. ისინი სანქცირებულები არიან კორუფციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირდაპირ ხელი დაადო ამ ადამიანებს და თქვა, რომ ისინი არიან კორუმპირებულები და ბოროტად იყენებენ გავლენებს. რეალურად, ისინი არიან სასამართლოს კლანის უმაღლეს იერარქიაზე მყოფი ადამიანები: მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე და ირაკლი შენგელია (ჩინჩალაძის მოადგილე). აშშ-მ სახელებითა და გვარებით დაადასტურა ის, რასაც არასამთავრობო სექტორი ამბობდა, რომ სასამართლო სისტემაში არის კლანი, რომელიც ბოროტად იყენებს ძალაუფლებას. ამან გახსნა ახალი დისკუსია ქვეყანაში, გაჩნდა მოთხოვნა საგამოძიებიო კომისიის შექმნის, რომ გავიგოთ, ეს ხალხი მართლაც არის თუ არა კორუმპირებული, გაჩნდა ინიციატივა ოპოზიციის მიერ, შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაბლოკა. ამით „ქართულმა ოცნებამ“ ეს დისკუსიაც ჩახურა. მაგრამ გაჩნდა ევროკავშირის დოკუმენტი, რომელშიც არის რეკომენდაცია მაღალი ეშელონების მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების. ეს გახდა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების ერთ-ერთი პორობა. ამან ხელახლა გახსნა ეს დისკუსია, თუ რას ნიშნავს კეთილსინდისიერება, როგორ შევამოწმოთ მოსამართლეების კეთილსინდისიერება და ისევ გამოვიდა „ქართული ოცნება“ და თქვა, რომ კატეგორიულად მიუღებელია ეს „ვეტინგის“ მექანიზმი.
_ საინტერესოა, რა არის ვეტინგი და რა გამოცდილება არსებობს ამ მხრივ?
_ ისტორიას რომ გავყვეთ, ვეტინგის მექანიზმი ევროპაში ცოტა დაუმუშავებელია თემაა. არ არის დიდი პრაქტიკა ამ მხრივ. რამდენიმე ქვეყანამ ჩაატარა ვეტინგი, მათ შორის, არის ალბანეთი, მოლდოვა, უკრაინა, მაგრამ ეს არ არის ძალიან გავრცელებული. ევროკავშირი და, ზოგადად, ევროსაბჭო, ვენეციის კომისია, ვეტინგის რეკომენდაციას უწევს მხოლოდ ისეთ ქვეყნებში, სადაც კორუფციის დონე საგრძნობლად მაღალია, ვინაიდან ვეტინგი არის საგამონაკლისო და საგანგებო მექანიზმი, რომელიც, ჩვეულებრივ, დემოკრატიულ სასამართლო სისტემებში არ გამოიყენება. ევროპული სტრუქტურები რეკომენდაციას უწევენ ვეტინგის გამოყენებას მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც კორუფციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების დონე აჭარბებს რაღაც ზღვარს და ჩვენც ჩავდექით ასეთი ქვეყნების რიგში.
_ ტექნიკურად როგორ არის ეს შესაძლებელი? როგორ უნდა მოხდეს ადამიანების კეთილსინდისიერების შემოწმება? პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირს კითხვით მიმართა, _ ის ხომ არ არის ვეტინგი, რაც ადეიშვილმა წინა ხელისუფლების დროს განახორციელა, რა დროსაც ხდებოდა მოსამართლეებზე ზეწოლა და სასამართლოებიდან მათი გაყრაო? ამის შესახებ რას იტყვით?
_ „ქართული ოცნება“ ასევე იმასაც ამბობს, რომ ვეტინგი იმ გაგებით, რა გაგებითაც ამას არასამთავრობო სექტორი ითხოვს, იქნება ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფა, ვინაიდან ვეტინგში ჩართული უნდა იყოს საერთაშორისო ორგანიზაციები. „ოცნება“ აცხადებს, რატომ უნდა შემიმოწმოს ჩემი მოსამართლე ვიღაც უცხოელმა? რაც შეეხება ადეიშვილს, (ზურაბ ადეიშვილი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი) „ოცნება“ ადეიშვილის ფაქტორს იყენებს ცალმხრივად, თავის სასარგებლოდ და არაფერს ამბობს იმაზე, რომ დღესაც სასამართლო სისტემას მართავს ის კლანი, იგივე სახელები და გვარებია. ეს კლანი და იერარქია შექმნა ადეიშვილმა. ადეიშვილმა შექმნა ჩინჩალაძე, შენგელია, მურუსიძე, მთელი ამ კლანის მთავარი ბირთვი. მეტიც: ადეიშვილის კადრია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ როინიშვილი, რომელიც იყო გენერალური პროკურორის მოადგილე და ადეიშვილის წარმომადგენელი უზენაეს სასამართლოში. ადეიშვილს ჰქონდა ძალიან მკაცრი იერარქია შექმნილი სასამართლო სისტემის სამართავად.
_ როგორ მუშაობდა/მუშაობს კლანი?
_ ადეიშვილთან გადაწყვეტილებას ათანხმებდა ჩინჩალაძე, შემდეგ ჩინჩალაძესთან შედიოდა სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარესთან _ მოსამართლე. ადეიშვილიდან მოსამართლემდე იყო მკაცრი იერარქიული ხაზი, რისი საშუალებითაც გადაეცემოდა დაკვეთები და მესიჯები ადეიშვილიდან მოსამართლემდე. იგივე ხალხი მართავს დღეს სასამართლო სისტემას. ადეიშვილმა ააწყო სასამართლოს მართვის ჩრდილოვანი მოდელი, რომელიც გადმოიბარა „ქართულმა ოცნებამ“.
_ ახლა ვინ არის ადეიშვილის „ადგილზე“, ვის ემორჩილება კლანი?
_ თუ ჩინჩალაძე ადრე შედიოდა ადეიშვილთან, ახლა ჩინჩალაძე შედის ივანიშვილთან. თუ ადრე ჩინჩალაძე გადაწყვეტილებას ათანხმებდა ადეიშვილთან, ახლა გადაწყვეტილებას ათანხმებს ივანიშვილთან.
_ პირდაპირ ივანიშვილთან ხდება შეთანხმება? იუსტიციის სამინისტროს ან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რა ფუნქცია აქვს ამ იერარქიაში?
_ იუსტიციის სამინისტრო საერთოდ აღარავის აინტერესებს. იუსტიციის საბჭო არც ადრე იყო რეალური გადაწყვეტილების მიმღები და არც დღეს არის. გადაწყვეტილებას იღებს მიხეილ ჩინჩალაძე, რომელსაც აქვს კონსულტაცია ორ ან სამ ადამიანთან, ჩინჩალაძეს აქვს პირდაპირი კონსულტაცია ივანიშვილთან. ეს მე ვიცი რამდენიმე წყაროდან. ივანიშვილთან დაახლოებული წყაროებიდან ჩემთვის ცნობილია, რომ ჩინჩალაძე პირდაპირ კავშირზე იმყოფება ივანიშვილთან. მეტიც: ჩინჩალაძე არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავლენიანი პირი ივანიშვილის კარზე.
_ ანუ ჩინჩალაძე შედის იმ რამდენიმე ადამიანს შორის, ვინც ივანიშვილთან პირად კონტაქტზე იმყოფება?
_ დიახ, 2015-16 წლებში ჩამოყალიბდა ეს ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილსა და ჩინჩალაძის კლანს შორის. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ტერმინი „ტროიკა“, ასე მოიხსენიებდა ის ჩინჩალაძეს, მურუსიძესა და ცერცვაძეს. ცნობილია ასევე ტერმინი „ჩვენი ბიჭები“, _ როგორადაც მოიხსენიებდა მათ ივანიშვილი. სულ არ სჭირდება ივანიშვილს ყოველ წუთში დარეკვები და ტელეფონზე საუბრები. როგორც ადეიშვილი აკონტროლებდა მკაცრად სასამართლო სისტემას, ივანიშვილი ასე მკაცრად არ აკონტროლებს.
ჩინჩალაძემ უკვე ძალიან კარგად იცის, რა აინტერესებს „ქართულ ოცნებას“, ივანიშვილს, მასთან დაახლოებულ წრეებს. და ის კლანის მეშვეობით ასრულებს ამ შეკვეთებს. სასამართლო ხელისუფლება ჩამოყალიბდა იმ სახით, რომ ხშირ შემთხვევაში მოსამართლეს, რომელსაც უჭირავს მაღალი თანამდებობა და გარკვეულ როლს ასრულებს მაღალ ინსტანციებში, საერთოდ არ სჭირდება არანაირი დარეკვა, კარგად იცის, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომ „ქართული ოცნება“ და კლანი იყოს კმაყოფილი. არის მოსამართლეების გარკვეული ჯგუფი, რომელმაც იცის, რა იქნება კლანისა და ბიძინა ივანიშვილის მოსაწონი გადაწყვეტილება.
_ რას იტყვით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებ? კარგა ხნის მანძილზე ჭიანურდებოდა არამოსამართლე წევრების დანიშვნა, რა როლი აქვს მას?
_ სასამართლოს მართვაში მნიშვნელოვანია ძალაუფლების ცენტრები. ასეთია იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სადაც კლანს ჯერ კიდევ 2015 წლიდან ხელში უჭირავს უმრავლესობა. 2015 წელს მოხდა გარიგება კლანსა და „ქართულ ოცნებას“ შორის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები გადავიდნენ კლანის მხარეს. ამით კლანმა ხელში ჩაიგდო ძალაუფლების ბირთვი _ იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 2019 წლიდან კლანმა ხელში ჩაიგდო უზენაესი სასამართლო იმ გაგებით, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობა უკვე გახდა კლანის მხარდამჭერი. 2017 წელს კლანმა ხელში ჩაიგდო დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი. რაც შეეხებათ თავმჯდომარეებს (ასევე ძალაუფლების ცენტრი), ისინი ყოველთვის წარმოადგენდნენ კლანის დასაყრდენ ძალას. კლანის დასაყრდენი ძალა არის ასევე სადისციპლინო კოლეგია, რომელიც 4 წევრისგან შედგება. ასევე იუსტიციის უმაღლესი სკოლა, რომელსაც კლანი აკონტროლებს და ბოლოს, კლანის დასაყრდენი ძალა ეს არის მოსამართლეთა კონფერენცია, სადაც უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ლევან მურუსიძის კანდიდატურას. ანუ კლანი აკონტროლებს ძალაუფლების ყველა ცენტრს, ყველა რგოლს, რომელიც შედის სასამართლო სისტემაში.
_ საინტერესოა, როგორ მართავს მოსამართლეთა კორპუსს კლანი?
_ მოსამართლეთა კორპუსი არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ორიენტირებულია თვითგადარჩენაზე. 2013 წელს მოსამართლეებში იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ კლანმა დაარწმუნა მოსამართეების უმრავლესობა, რომ თქვენი გადარჩენის გზა გადის კლანის ირგვლივ კონცენტრაციაზეო.
_ რატომ სჭირდებოდათ გადარჩენა, რა საფრთხე ემუქრებოდათ მოსამართლეებს?
_ გახსოვთ, 2013 წელს „ქართული ოცნება“ მოსამართლეებს ემუქრებოდა გაშვებით, დაჭერით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის, დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებით. მაშინ კლანმა დაარწმუნა მოსამართლეები, რომ თუ ჩვენ ერთად დავდგებით და დავუპირისპირდებით „ქართულ ოცნებას“, შევძლებთ გავიმარჯვოთ და ხელში ჩავიგდოთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მართვის ბერკეტი. ამ დროს, 2013 წელს, კლანს მხარს უჭერდა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ჯერ კიდევ ახლო კავშირში იყო ჩინჩალაძესთან და მის გუნდთან. როდესაც 2013 წელს კლანმა გაიმარჯვა მოსამართლეთა კონფერენციის არჩევნებში, ამით მოსამართლეთა კორპუსს უთხრა, რომ თუ ჩვენ ერთად დავდგებით, ვერც „ქართული ოცნება“, ვერც არასამთავრობო სექტორი და ვერც სხვა ვერ დაგვაზარალებს. ამის შემდეგ უკვე მოსამართლეთა კორპუსი მოძრაობის თვითგადარჩენის მიმართულებით.
_ თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს? საკმარისი იქნება ამ რეკომენდაციების შესრულება სამართლიანი მართლმსაჯულების დასამკვიდრებლად, თუ სხვა ნაბიჯებია საჭირო?
_ ვხედავთ, რომ კლანმა ასე დაალაგა სიტუაცია: „ოცნებას“ უნდა მივცეთ ის, რაც მას აინტერესებს, ეს პოლიტიკური დაკვეთები იქნება, კონკრეტული საქმეები თუ რაც სხვა, ხარკის სახით უნდა გადავუხადოთ „ქართულ ოცნებას“. სასამართლოში ჩამოყალიბდა სხვადასხვა კატეგორიის მოსამართლეთა ჯგუფი: მოსამართლეები, რომლებიც პირდაპირ მუშაობენ კლანის დაკვეთებზე; არიან მოსამართლეები, რომლებიც არ მუშაობენ კლანის დაკვეთებზე, ინდივიდუალურად ახორციელებენ მართლმსაჯულებას, მაგრამ მათ არ ეწერებათ მნიშვნელოვანი საქმეები და ისინი ან რაიონებში არიან გადანაწილებულნი, ან ისეთ პალატებსა და კოლეგიებში, სადაც არ არის მნიშვნელოვანი საქმეები. კლანმა შეაჯამა ინტერესები. მოსამართლეს ეუბნება, _ რა გინდა? შენ გინდა იყო დამოუკიდებელი, კი ბატონო, იყავი დამოუკიდებელი, ოღონდ კონფერენციაზე მხარს დამიჭერ მე. შენ იმუშავებ დამოუკიდებლად, არ არის პრობლემა, ოღონდ კონფერენციაზე მოხვალ და მე დამიჭერ მხარს, ყოველ შემთვევაში, ოპოზიციაში არ ჩამიდგები. კლანმა შექმნა ასეთი სისტემა: დაკვეთებს ასრულებს, ის დაწინაურდება. ამ სისტემის მიხედვით დაკვეთების შემსრულებელი მოსამართლეები წინაურდებიან და წახალისდებიან, ისინი გადაჰყავთ აპელაციაში, შემდეგ კასაციაში, ანუ აწინაურებენ. შესაბამისად, კლანის ერთგულება არის კარიერული წინსვლის აუცილებელი წინაპირობა. მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც მოსამართლეს ეუბნებიან, შენ ამ საქმეს თუ გააკეთებ, დაგაწინაურებ, გადაგიყვან უზენაესში. ჩვენთვის ცნობილია, რომ გარკვეული მოსამართლეები დააწინაურეს დაკვეთების შესრულების სანაცვლოდ. აქ ყოველთვის ფულის ელემენტი არ არის გარეული. ფულის ფაქტორიც არის, რა თქმა უნდა, შავი ფული მოძრაობს სასამართლოში, ოღონდ, ჩვენ არ ვიცით მისი მასშტაბები. არიან მოსამართლეები, რომლებიც დაკვეთებს ასრულებენ, მაგრამ პირდაპირ ფულს კი არ იღებენ ამ საქმეებიდან, მაგრამ კლანის დავალებით შესრულებული სამუშაოსთვის ამ მოსამართლეებს, მაგალითად, წლის ბოლოს ეძლევათ შავი ფულის სახით „წახალისება“. ოღონდ ეს ფული არ არის დაკავშირებული კონკრეტულ საქმესთან. კლანი აძლევს მოსამართლეს ამ ფულს მოტივით, რომ შენ ხარ კარგი ბიჭი და ეს ფული შენ დაგჭირდება.
_ ანუ არაოფიციალური პრემია?
_ არაოფიციალური პრემიები არსებობს, ოღონდ ჩვენ არ ვიცით, რა მასშტაბით. ეს არ ნიშნავს, რომ კორუფცია მხოლოდ ამ ფორმით არის. იქ შეიძლება იყოს ინდივიდუალური შემთხვევები, როდესაც კონკრეტული მოსამართლეები თვითონ გადიან გარიგებაზე კლანთან შეთანხმების გარეშე. მაინც მგონია, რომ კორუფციას სისტემაში აქვს კოორდინებული ხასიათი და კლანი არის ამ კორუფციული სქემების კოორდინატორი. პირველმა ინსტანციამ რომ გადაწყვიტოს საქმე ერთი მხარის სასარგებლოდ და იმ საქმეში ფული გაკეთდეს, ეს გადაწყვეტილება აპელაციამ ძალაში თუ არ დატოვა, ის ფული დასაბრუნებელი იქნება. თუ კასაციამაც იგივე არ გაიმეორა, ძალაში არ დატოვა იგივე გადაწყვეტილება, მაინც დასაბრუნებელი გახდება ის ფული, ამიტომ ერთი ხელი უნდა აკონტროლებდეს სამივე ინსტანციას, რომ საქმეში ფული გაკეთდეს. პირველ ინსტანციას ეტყვიან, _ შენ ჩვენი ძმაკაცი ხარ და ასე გაგვიკეთე ეს საქმე, აპელაციამ იცის, რომ გადაწყვეტილება ძალაში უნდა დარჩეს და კასაციამაც იცის, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს ძალაში. როდესაც საქმეში არსებობს ინტერესი, სამივე ინსტანციის მოსამართლემ იცის ამის შესახებ. ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს იგივე სახის კონტროლი იყო, ოღონდ არა მხოლოდ კორუფციული, სახელისუფლებო კონტროლი იყო სხვადასხვა კატეგორიის პოლიტიკურ საქმეებზე. არსებობდა გამოთქმა: „ამ საქმეს აპელაციაში დახვდებიან“ და ა. შ. აპელაციის მოსამართლეს ეტყოდნენ: „შენ ამ საქმეს გააკეთებ, პრობლემა არ იქნება, ამ საქმეს კასაციაში დახვდებიან. ასე ცენტრალიზებულად ხდებოდა საქმეზე კონტროლი პირველი ინტანციიდან ბოლო ინსტანციის ჩათვლით. იგივე სქემა მოქმედებს ახლაც. 2019 წლამდე, სანამ კლანს არ ჰქონდა სრული კონტროლი უზენაეს სასამართლოში, მოსამართლეთა უმრავლესობას ვერ აკონტროლებდნენ უზენაეს სასამართლოში. კორუფციაც იყო შეზღუდული ხასიათის, იმიტომ რომ აპელაციაში თუ გაკეთდებოდა საქმე, კასაციას შეიძლება, გაეუქმებინა. ამიტომ კლანი ამ სქემას ბოლომდე ვერ მიჰყვებოდა. 2019 წელს, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობა ხელში ჩაიგდო კლანმა, უკვე ის გახდა ცენტრალიზებული წესით მაკონტროლებელი ყველა მნიშვნელოვანი კატეგორიის საქმეების.
_ როგორ მალავენ შავ ფულს, ასე ვთქვათ, ათეთრებენ?
_ არიან მოსამართლეები, რომლებიც ამ ფულით ყიდულობენ გარკვეულ ქონებებს, ოღონდ ცდილობენ, რომ ეს ქონებები გააფორმონ ნათესავებზე, ოჯახის წევრებზე ან გაასაღონ როგორც ვინმეს საჩუქარი.
_ როგორც დიმიტრი გვრიტიშვილის დეკლარაციაში აღმოჩნდა, ხან 50 ათას ლარს ჩუქნიან მას და ხან 100 ათასს?
_ დიახ, ეს საკითხი საჭიროებს ცალკე შესწავლას, არიან მოსამართლეები, რომლებსაც ჰყავთ ძალიან გულუხვი დედები, მამები, ბიძები, ბებიები, ბაბუები... როგორც წესი, მდიდარ ადამიანს ფულს არ ჩუქნიან, მათ შორის, არც მშობლები. წარმოიდგინეთ, მოსამართლე, რომელსაც აქვს ხელფასი წელიწადში 70 ათასიდან 80 ათასამდე, ამ დროს დედა ჩუქნის 100 ათასს, მამა 50 ათასს. ვთქვათ, მე რომ მაქვს წლიურად შემოსავალი 70 ათასი, ჩემს მეუღლეს კიდევ ცალკე 70 ათასი, რატომ უნდა მჩუქნიდეს დედა ფულს?! კითხვა ისმის, რატომ ხდება, რომ ცალკეულ მოსამართლეებს ჰყავთ ასეთი გულუხვი ნათესავები და სხვა მოსამართლეებს _ არა? ასევე კითხვა ჩნდება, _ რატომ არის რომ ცალკეულმა მოსამართლეებმა დააგროვეს დიდძალი ქონება, მილონობით ლარის ღირებულოების უძრავი და მოძრავი ქონება და ცალკეულმა მოსამართლეებმა და სხვებმა, რომლებსაც იგივე ხელფასი, იგივე სტაჟი აქვთ, ქონება ვერ დააგროვეს?
ასევე საყურადღებოა არადეკლარირებული ხარჯები, მაგალითად, უცხოეთში ვიზიტები. არც ისაა გამორიცხული, მოსამართლეების ოჯახების წევრების ბიზნესებში წავიდეს ეს ფული და გათეთრდეს ამ გზით.
_ პოლიტიკური და მმართველი გუნდისთვის მაღალი ინტერესის მქონე საქმეები მნიშვნელოვანია. გასაგებია, თქვენც თქვით, რომ მოსამართლეებს თქმაც არ სჭირდებათ, თვითონ იციან, რა გადაწყვეტილება მოეწონება „ოცნებას“, მაგრამ რაც შეეხება რიგით საქმეებს, რამდენად აქვთ ჩვეულებრივ მოქალაქეებს შანსი, ქვეყანაში იპოვონ სამართალი?
_ პერიოდულად ვეკითხები ადვოკატებს და არის სხვადასხვა მოსაზრება ამ საკითზე. ზოგი ადვოკატი ფიქრობს, რომ საქმეების უმრავლესობა არ არის კლანისთვის საინტერესო და არ ერევიან. ზოგი ადვოკატი ფიქრობს, რომ საქმეების ნახევარზე მაინც არის ინტერესი და ერევიან. არის საქმეები, რომლებიც ძალიან ჭიანურდება და არის საქმეები, რომლებიც სწრაფად განიხილება. მაგალითად, ძალიან მაღალი ფინანსური ინტერესის საქმეები. ესეც საყურადღებოა.
_ მურუსიძემ თქვა, რომ ვეტინგი ყველა მოსამართლეს შეეხება. რეალურად ვის შეეხება ვეტინგი?
_ ალბანეთში ვეტინგი შეეხო როგორც კორუფციას, დეკლარაციებისა და ქონებების გადანაწილებას, ასევე მოსამართლეთა კვალიფიკაციას და მოსამართლეთა კავშირების გადამოწმებას დანაშაულებრივ სამყაროსთან. საქართველოში ვენეციის კომისიამ და ევროკავშირმა პირდაპირ თქვა, რომ ეს უნდა იყოს კეთილსინდისიერების გადამოწმება. აქ კვალიფიკაციაზე არ ყოფილა მინიშნება. ევროკავშირმა პირდაპირ თქვა, რომ ვეტინგი არ უნდა შეეხოს ყველა მოსამართლეს, უნდა შეეხოს საკვანძო თანამდებობებს. მურუსიძე და „ქართული ოცნება“ როდესაც აცხადებს, რომ ვეტინგი ყველას შეეხება, აქ ხდება იმ ფენომენის გამოყენება, როგორიცაა „ჩონჩხი კარადაში“. ამით მოსამართლეებს ეუბნებიან, რომ ყველას აქვს „ჩონჩხი კარადაში“, ანუ არასწორი გადაწყვეტილებები მიღებული, რის გამოც თქვენ გემუქრებათ გათავისუფლება, პასუხისმგებლობა. ამის მიზანია, რომ განაწყონ მოსამართლეები ამ პროცესის წინააღმდეგ.
_ რას ელით, შესაძლებელი გახდება ამ რეკომენდაციის შესრულება?
_ თუ საერთაშორისო ზეწოლებისა და შიდა აქტიურობის შედეგად „ქართული ოცნება“ წამოვიდა დათმობაზე, შეეცდება ხელიდან არ გაუშვას კონტროლის მექანიზმი. თუ ვეტინგკომისია შეიქმნება, ის გახდება ძალაუფლების ახალი ცენტრი. „ქართული ოცნება“ შეეცდება, ეს ძალაუფლების ცენტრი მისი კონტროლის ქვეშ მოაქციოს. თუმცა მაინც მგონია, რომ „ქართული ოცნება“ საქმეს აქამდე არ მიიყვანს და კატეგორიულად შეეწინააღმდეგება ამას. ერთმა მოსამართლემაც რომ აგოს პასუხი ორგანიზებული კორუფციის გამო, ამან შეიძლება მთლიანად არიოს სიტუაცია, ეს იქნება სერიოზული სიგნალი მთელი სისტემისთვის და ეს გამოიწვევს სისტემის დესტაბილიზაციას, პრობლემას შეუქმნის თვითონ „ქართულ ოცნებას“. შეიძლება, ხალხის დასანახად სადღაც რომელიმე მოსამართლე მართლაც დაიჭირონ, ოღონდ ის არ იქნება კლანის წევრი.