- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2021-08-18 07:17:29
„არ არსებობს ძალა, რომელიც ან გამაჩერებს ან შემაშინებს ან დამაკომპლექსებს იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც აკეთებენ, აბსოლუტურად ყველა კამპანია, რომელსაც იგონებენ ჩემსა და ნიკას წინააღმდეგ, ტყუილზეა დაფუძნებული“, _ ამ შემართებით იწყებს 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების კამპანიას დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ოპოზიციონერი ელენე ხოშტარია.
„ქრონიკა+“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ელენე ხოშტარიასთან:
_ ქალბატონო ელენე, ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი, რომელიც თქვენი და ნიკა მელიას წარდგენის შემდეგ გაჩნდა, ენმ-ს უკავშირდება: ენმ ისევ ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას?
_ ეს არის პრინციპულად განსხვავებული კოორდინაცია ოპოზიციას შორის იმიტომ, რომ ეს არ არის ერთი პარტია _ „ნაციონალური მოძრაობა“. აქ არის სხვადასხვა პარტიის შეთანხმება ამ არჩევნებზე კოორდინაციის შესახებ.
_ ეს გასაგებია, მაგრამ სხვა რამ გკითხეთ, თუმცა რაკი საუბრის თემა შეცვალეთ, მითხარით, კოორდინაცია რას გულისხმობს?
_ პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს თავმჯდომარეობის თავის კანდიდატს არ ასახელებს და საკრებულოს თავმჯდომარე სხვა პარტიის სიით გასული კანდიდატი იქნება, რაც ძალაუფლების, ტექნიკურად რომ ვთქვათ, დათმობას ნიშნავს. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს ძალაუფლების ბალანსიც არის.
მეორე, „ნაციონალური მოძრაობა“ არ აყენებს მაჟორიტარებს. ტექნიკურად რომ მიდგომოდა საკითხს, შეეძლო ეთქვა, ყველაზე მეტი მეკუთვნისო, მაგრამ არ აყენებს სწორედ იმიტომ, რომ სხვა პარტიებმა ნახონ საკუთარი ადგილი ამ არჩევნებში. „ნაციონალური მოძრაობისაა“ მერობის კანდიდატი.
_ ამ შეთანხმებაში რამდენი პარტია მონაწილეობს?
_ ამ ეტაპზე ოთხი პარტია მონაწილეობს. უნდობლობა _ გულწრფელიც და არაგულწრფელიც _ ჩემთვის, რა თქმა უნდა, გასაგებია. სულ თავიდან „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ არსებობდნენ, როგორც პარტიები. გასაგებია, რომ ყველას სხვადასხვა გზა აქვს გავლილი. ეგრე, ეკა ბესელიაც იყო „ოცნებაში“.
_ ანუ ამ გაერთიანებას ეკა ბესელიაც უჭერს მხარს?
_ დიდი ალბათობით, დაუჭერს.
_ საინტერესოა ეკა ბესელია ოპოზიციურ ფლანგზე. ისე, ცოტა ღიმილის მომგვრელიცაა…
_ როდესაც სიტუაცია იცვლება და სხვადასხვა პოზიცია იკვეთება, ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა მხოლოდ ხელისუფლებას აწყობს. ამიტომ ეს ძალთა ბალანსი პრინციპული გრძელვადიანი გადაწყვეტილებაა და არა, უბრალოდ, რაღაც საარჩევნო კაპრიზი.
_ ჩემთვის, როგორც რიგითი ამომრჩევლისთვის, ყველაზე საინტერესოა, ექნება თუ არა საზოგადოებას ოპოზიციის მიმართ ნდობა, რომელიც 6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ პარლამენტში მაინც შევიდა და ამის გამო ამომრჩევლის ნაწილი გაანაწყენა?..
_ ნდობა ექნება თუ არა, ეს, ალბათ, არჩევნებზე გამოჩნდება და ამაზე ვერ ვიმსჯელებ. ჩემი პოზიცია ცნობილია, რომ პარლამენტში შესვლა არასწორ ნაბიჯად მიმაჩნდა არა იმიტომ, რომ პარლამენტში არშესვლა ერთადერთი გზაა, არამედ შესვლის ფორმაზე ვსაუბრობ _ მიშელის შეთანხმებას ვგულისხმობ. იმის გააზრება, რომ ეს შეთანხმება კრიზისს აღმოფხვრიდა, არასწორი იყო. ეგონათ, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და მათი რჩევების მოსმენა მნიშვნელოვანი იქნებოდა. ამ ლოგიკას პატივს ვცემ.
ამ ბრძოლაში ოპოზიციის ნაწილი არ მონაწილეობს. ოპოზიციის მცირე ნაწილისთვის პარლამენტში ყოფნა ამოცანაა და მთავარი დისკუსიის საგანი, მგონი, ეს არ უნდა იყოს.
_ აბა, რა უნდა იყოს?
_ ვინც ჩვენს კოალიციაში მონაწილეობს, გვაქვს მკაფიო სტრატეგია. იმის მიუხედავად, რა მოხდა მიშელის შეთანხმებით, ვინ შევიდა, ვინ _ არა, ხალხის ნდობა რომ მოვიპოვოთ, ერთი მხრივ, გვჭირდება ერთიანობა, მეორე მხრივ კი _ მრავალფეროვნება. მგონია, რომ სწორედ ამას ვთავაზობთ.
_ საპარლამენტო არჩევნებზე „ევროპულმა საქართველომ“ სახარბიელო შედეგი ვერ აჩვენა. ასეთ დროს პასუხისმგებლობა, თავისთავად, პარტიის ლიდერებზე ნაწილდება, მათ შორის, თქვენზეც _ მაშინ ხომ ამ პარტიის ლიდერშიპში იყავით. ალბათ, თავადაც გქონდათ მოლოდინი, რომ მეტ ხმას აიღებდით. პრობლემა ის ხომ არაა, რომ ამომრჩევლისთვის ცოტაზე მეტად გაუგებარია, რატომ არის პოლიტიკოსი, ამავდროულად, აქტივისტი და პირიქით?
_ ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, არჩევნების შედეგით იზომება. თუ რომელიმე არჩევნების შედეგი კარგი იყო, ასეთი სწორედ ბოლო არჩევნების შედეგია, მათ შორის, იმიტომ, რომ ერთიანი კანდიდატი ვიყავი. საარჩევნო ოლქისა და უბნის სპეციფიკიდან გამომდინარე, პრაქტიკულად, ძალიან ცუდი შედეგი დადო „ქართულმა ოცნებამ“, თან გაყალბების ფონზე. ამიტომ არ მგონია, რომ სამომავლოდ ამ არჩევნების შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ ან იმაზე ვისაუბროთ, რომ აქტივისტ-პოლიტიკოსს უარი უთხრეს. ზოგადად, არ შეიძლება, პოლიტიკოსი ერთი პროფილის იყოს.
_ აქტივიზმი არ არის თვითმიზანი?
_ არა, უბრალოდ, როცა კრიზისი და ხელისუფლებისგან ძალადობრივი ქმედებებია, ამას უპირისპირდები ბრძოლის სხვადასხვა ფორმით, მაგრამ თუ ქვეყნის განვითარების ხედვა არ გაქვს და კომპრომისი არ შეგიძლია, მაშინ, რა თქმა უნდა, სრულყოფილი პოლიტიკოსი არ იქნები. მთლიანობში, მგონი, ამას აფასებს ამომრჩეველი.
რაც შეეხება 2020 წლის არჩევნების შედეგებს, მგონია, რომ ოპოზიციამ ბევრი შეცდომა დაუშვა.
_ კერძოდ?
_ მაგალითად, ვერ მოახერხა შეთანხმება ძალიან ბევრ ადგილას. ასევე ძალიან ბევრი ურთიერთბრალდება და ურთიერთკინკლაობა იყო. ყველაფერი ეს ძალიან დამაბნეველია ამომრჩევლისთვის. მოკლედ, ბევრი შეცდომა დავუშვით.
_ ოპოზიციის შეცდომებზე საუბრისას ანალიტიკოსები ხშირად საარჩევნო პროცესში მიხეილ სააკაშვილის აქტოვობაზე აპელირებენ, რომელსაც მთელ რიგ შემთხვევაში ხელისუფლება სათავისოდ იყენებს…
_ ჩემი აზრით, შეცდომა იყო, მიხეილ სააკაშვილმა რომ გამოაცხადა, პრემიერ-მინისტრი ვიქნებიო. მერე, სხვათა შორის, ეს ნარატივი შეცვალა.
_ სააკაშვილის ეს განცხადება შეცდომად რატომ მიგაჩნიათ?
_ იმიტომ, რომ, უბრალოდ, განცდა, აი, წინა ხელისუფლება ბრუნდებაო, ქვეყნის უმრავლესობის დაკვეთა არაა. ეს არც ოპოზიციის კონსენსუსი იყო. ამანაც გამოიწვია პრობლემები. „ევროპული საქართველოს“ კამპანიამაც გამოიწვია პრობლემები. შეუთანხმებლობამ გამოწვია პრობლმები. შესაბამისად, უკეთესი შედეგის დადება შეიძლებოდა, თუმცა არსებითი მაინც არჩევნების გაყალბება იყო.
_ ბარემ, ისიც მითხარით, რაში ხედავთ ოპოზიციის სისუსტეს და სრული გაერთიანების გარეშე ოპოზიციას ექნება სასურველი შედეგი?
_ ოპოზიცია სრულად ვერ გაერთიანდება და ეს მოცემულობაა. წინა არჩევნებზე ელისაშვილსაც ოპოზიცია ერქვა, მაგრამ დღეს ძალიან რთულია, რომ მას ოპოზიცია უწოდო. ამიტომ ყველაზე მთავარია, ამომრჩეველს ძალის კონსოლიდაცია და მრავალფეროვნება ვანახოთ. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ეს შევძელით. თავს არ მოვიტყუუებ და გეტყვით, რომ ნამდვილად სასურველია, მეტი პარტია შემოურთდეს ამ პროცესს, თუმცა, თავისთავად, ხალხს ესეც არჩევნების წინ შეგიძლია ანახო, რომ ძალგიძს, დათმო შენი ინტერესი, მიაღწიო კომპრომისს, შეთანხმდე და ისე გახვიდე არჩევნებზე. მგონი, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსახლეობისთვის შეაფასოს, რომ კოალიცია არ არის სამომავლო დაპირება და მხოლოდ სკამებისთვის ბრძოლა.
_ რეალურად, რისთვის იბრძვით?
_ ჩვენ ვიბრძვით ცვლილებისთვის. ამის საჩვენებლად, მგონი, საკმარისი გზავნილია. ოპოზიციის სხვადასხვა ნაწილი რა ტაქტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს უკვე თითოეული მათგანის პასუხისმგებლობაა.
_ მელია, ხოშტარია, ბოკერია, ჯაფარიძე _ ერთ დროს გაყრილები ისევ ერთად ხართ, თან იმ ფონზე, როდესაც „ოცნება“ ხალხს ისევ „ნაცებით“ აშინებს. ეს სწორი პოლიტიკური სვლაა?
_ ახლაც გაყრილები ვართ. არასწორია, როცა ამბობენ, რომ ჩვენ შევერთდით. ჩვენ კი არ შევერთდით, შევთანხმდით.
_ რაზე?
_ ერთმანეთს შორის ძალის დაბალანსებაზე. არ ვარ 5 ნომერი, ნიკა არ არის „გირჩის“ ნომერი, „გირჩი“ არ არის „დროა“ და ა. შ., ანუ ყველა ვინარჩუნებთ ჩვენს სიას, მათ შორის, საკრებულოში და იმ ჩვენს პოზიციებს, რაც აქამდე გვქონდა. ამიტომ შეყრაზე ლაპარაკი არ არის.
მეტიც: საკრებულო არის და უნდა იყოს მერის მაკონტროლებელი. პარტნიორობისთვის სხვა ფუნქციები არსებობს, მაგალთად, მოადგილე. ეს არასდროს გვქონია _ არც ერთი ხელისუფლების დროს. აქედან გამომდინარე, ეს ბოლომდე კარგად აღქმული არაა. რასაც პარლამენტი უნდა აკეთებდეს აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, იგივეს უნდა შვრებოდეს საკრებულო მერის მიმართაც. ამიტომ გაერთიანება ამ თვალსაზრისით არაა. არის კოორდინაცია ბრძოლაში და ურთიერთკონტროლი, რაც არსებითად განსხვავდება ე. წ. შეყრისგან.
_ გასაგებია, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, მაგრამ რა რესურსითა და პროგრამით მიდის ოპოზიცია ამომრჩეველთან?
_ მთელ რიგ საკითხებზე განსხვავებული ხედვები გვაქვს. ქალაქის საკითხებს რომ შეხედო, მაგალითად, ჩემი და „გირჩის“ ან თუნდაც „ნაციონალური მოძრაობის“, ხედვები განსხვავებულია. ეს პრობლემა კი არაა, არამედ იმ მრავალფეროვნებაზე მეტყველებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ამასთან, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არჩევნები არ არის უბრალოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ეს ცვლილების არჩევნებია. მთავარი, რასაც ამომრჩეველს ვთავაზობთ, ანგარიშვალდებულებაა, რაც არ არსებობს და რაც ხელისუფლების მხრიდან ძალადობის, კანონის დარღვევისა და ა. შ. მიზეზია. ამ ანგარიშვალდებულების გარანტია ისაა, რომ სხვადასხვა პარტია ერთმანეთის საკონტროლებლად მოვდივართ.
_ კონტროლში რას გულისხმობთ?
_ იმას, რომ ანგარიშვალდებულება იქნება ხალხის მიმართ და არა _ რომელიმე ბელადის. მეორე, რაზედაც ხელი გვაქვს მოწერილი, არის სასამართლო რეფორმა, რომლის გარეშეც შეუძლებელია ან სამართლიანობის ან თანასწორობის ან ეკონომიკური განვითარების მიღწევა. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი დაპირებაა.
კოალიციაც ეგ არის. ყველაზე მთავარი, რასაც პირდაპირ ვთავაზობ, ისაა, რომ არ არსებობს ერთი ძალის, როგორც მონოლითის ხელისუფლებაში დაბრუნება. ამის იქით, რა თქმა უნდა, „გირჩს“ თავისი ეკონომიკური პროგრამა აქვს, ნიკას _ თავისი, მე კი _ ჩემი, ანუ ეს პროგრამები ერთი ვერ იქნება, მაგრამ ერთი რაც არის, ანგარიშვალდებულება და ერთმანეთის ძალაუფლების კონტროლია.
_ ხშირად გვსმენია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა დამოუკიდებელი უნდა იყოს პოლიტიკური წნეხისგან. როგორ შეძლებთ ყველაფერ ამას, როდესაც რამდენიმე პარტიის მიერ შერჩეული კანდიდატი ხართ?
_ ზუსტად ეს ოთხი პარტიაა ამის გარანტი. თუ, ვთქვათ, „ნაციონალური მოძრაობა“ გადაწყვეტს, რომ ისევ პარტიული აქტივი დაასაქმოს, არის სამი დანაჩენი პარტია, რომელიც ჩასაფრებულია. სხვადასხვა პარტიის ყოფნა კონკურენციაა, როცა ხედავ, რომ მეორე სუბიექტი შეცდომას უშვებს, პრაგმატულადაც შესაძლებელია, შეცდომა არ დააშვებინო. იდეალიზმს რომ თავი დავანებოთ, პრაგმატულადაც გაწყობს, რომ ამხილო შეცდომაში, რათა შენ უფრო ძლიერი გახდე. ერთმანეთის კონტროლი მოცემულობაა, ამიტომ გარანტი, რომ აღარ უნდა დასაქმდეს პარტაქტივი ადგილობრივ თვითმმართველობაში, უბრალო სიტყვიერი და კეთილსინდისიერი დაპირება კი არა, მიდგომაა, რომ ჩვენ ერთმანეთს ვაკონტროლებთ და ჩვენს პრაგმატულ ინტერესში შედის, ერთმანეთს შეცდომები არ დავაშვებინოთ.
_ ქალბატონო ელენე, პროტექციონიზმსა და კორუფციასაც შევეხოთ: არაერთხელ გვინახავს, როგორ იბრძვით ცალკეული გადაწყვეტილებების წინააღმდეგ. აი, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილისთვის მიწების გადაცემა გავიხსენოთ, თუმცა მსგავსს უკანონო გადაწყვეტილებებს წინა ხელისუფლებაც იღებდა ხოლმე. მაშინაც და ახლაც ყველაფერი ეს ლამის სახელმწიფოებრივი აუცილებლობით მართლდებოდა და მართლდება. რა გარანტიაა, რომ იგივე არ მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ საკრებულოს თავმჯდომარე გახდებით, ნიკა მელია კი _ დედაქალაქის მერი?
_ ყველაფერ ამის წყარო უკონტროლო ძალაუფლებაა. როდესაც ერთადერთი ხარ და გყავს შენი პარტიის წევრები საკრებულოში, სასამართლოში, პროკურატურაში, აღარ არსებობს უწყება და ინსტიტუტი, რომელიც გააკონტროლებს შენს ქმედებას. მაგალითად, საკრებულოში რომ არ ყოფილიყო „ქართული ოცნების“ უმრავლესობა, მაშინ გაჩნდებოდა კითხვა, _ დაასაბუთეთ, რატომ უნდა ვაჩუქოთ ბიძინა ივანიშვილს მიწაო. იგივე წინა ხელისუფლების დროსაც პრობლემა პარლამენტშიც იყო, საკრებულოშიც, მაგრამ რეფორმა ტარდებოდა, იდეა ცოტა განსხვავებული იყო და ერთი კაცის არაფორმალური მმართველობა არ გვქონდა, მაგრამ მორჩილება იქაც არსებობდა და ანგარიშვალდებულება არ მუშაობდა.
ზუსტად ძალთა კონტროლი და სასამართლოს არსებობა იქნება იმის გარანტი, რომ კორუფცია გაკონტროლდეს.
_ დავუშვათ, საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციამ მოიპოვა და საკრებულოს თავმჯდომარე გახდით, ქალაქის მერი კი _ კალაძე. ამ შემთხვევაში, როგორ წრმოგიდგენიათ თანამშრომლობა, რაც გარდაუვალია? ბოლოს და ბოლოს, საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს…
_ თუ „ქართული ოცნება“ მთლიანად არ წავიდა ხელისუფლებიდან, შეუძლებელი იქნება არსებითი ცვლილებები. კალაძის პრობლემა ის კი არაა, რომ ხედვა არ აქვს ან სპეციალისტს ვერ მოიყვანს ან, ვთქვათ, ხედვებში ვერ ვთანხმდებით, მისი მმართველობა ოლიგარქზე მიბმული მმართველობაა, მთელი თავისი შესაბამისი „ბუკეტით“ _ კორუფციითა და უკანონობით. როცა ემსახურები ოლიგარქს, ყველაფერზე უნდა მოუწერო ხელი და უკვე მეორეხარისხოვანი ხდება ხედვები. შეიძლება, მან მწვანე ბუჩქები ჩამოიტანოს და დარგოს, მაგალითად, მზიურის პარკი, მართლაც, გადასარევად გააკეთა და ძალიან კარგია, მაგრამ მისი მმართველობა ამით ვერ გამოსწორდება. ამიტომ უწევს, რომ „სიცოცხლისთ სავსე ქალაქი“ დაარქვას ქალაქს, სადაც ხალხი იღუპება, რადგან არ უნდა აღიაროს, რომ არის მოძალადე ხელისუფლების ნაწილი.
კალაძეს შინაგანად რომც უნდოდეს ცვლილებები, იქიდან გამომდინარე, რომ ივანიშვილის სრულად მორჩილია, არაფერი გამოუვა. სისტემა უნდა მოირღვეს, კალაძეც უნდა დამარცხდეს და მთლიანად „ქართული ოცნებაც“!
_ და მაინც, თუ ისე მოხდა, რომ კალაძე მერი ხდება, მაშინ?
_ რა თქმა უნდა, იგივე მაკონტროლებელი ფუნქცია მექნება _ საგამოძიებო, ანტიკორფციული… იგივე გენგეგმის საკითხი, მიწების გაყიდვა… ნაცნობობით ვისაც უნდა, აძლევენ და უმტკიცებენ, კოეფიციენტს უცვლიან. ამასობაში, მიწას იმას არ აძლევენ, ვისაც რეალურად ეკუთვნის.
მოკლედ, საკრებულოს მოგება ოპოზიციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ლაპარაკი იმაზე არაა, რომ ჩვენ საკრებულოში ვიქნებით. თბილისის მოგებამ უნდა გამოიწვიოს რიგგარეშე არჩევნები. ამიტომ ვამბობ, რომ თუ ეს სისტემა მთლინად არ გავტეხეთ, რაღაცა სხვა საკითხების მოგვარებით ქვეყანაში სიტუაციას ვერ შევცვლით. მაგალითად, შეიძლება, მუზეუმის საკითხი და სხვა უსამართლობები გავაჩეროთ, მაგრამ არსებითად ვერ შევცვლით სისტემას.
მოკლედ, ამ არჩევნების უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს, რომ თბილისმა თქვას: მინდა ცვლილებები და „ოცნება“ ვაიძულოთ, რომ დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.
_ სიტყვამ მოიტანა და მიშელის დოკუმენტი ანულირებულია. კობახიძე ხან ამბობს, „ოცნებამ“ 53 პროცენტიც რომ აიღოს, რიგგარეშეს დავნიშნავთო, ხან კი გაიძახის, 3 პროცენტიც რომ ავიღოთ, რიგგარეშეს არ დავნიშნავთო. „ოცნებას“ ენდობით?
_ „ქართულ ოცნებას“ არაფერში ვენდობი. არაფერში მჭირდება მისი ნდობა. საერთოდ, ის 43%-იც არ მაინტერესებს. მათი მოგონილი რიცხვია იმ მომენტში, როდესაც იფიქრეს, რომ აიღებდნენ. მერე გახარიას ამბავი იყო. ეტყობა, ვერ გათვალეს და ამიტომ თქვეს, ახლა არ გვინდაო. მოკლედ, არ მაინტერესებს, რა დღის წესრიგი აქვს „ქართულ ოცნებას“. ჩვენი ამოცანაა, თბილისის, კონკრეტულად ჩემი და მთლიანად ქვეყანაში დამაჯერებლად მოგება, რა შემთხვევაშიც, უბრალოდ, მათ სხვა გამოსავალი არ ექნებათ და მოუწევთ დანიშნონ რიგგარეშე არჩევნები. ისინი აქამდე არ ნიშნავდნენ, რადგან ხვრელებს ნახულობდნენ.
_ ანუ?
_ ოპოზიციაშიც ნახეს ხვრელი _ ელისაშვილი, რომელიც შევიდა პარლამენტში და შეარყია ერთიანობა.
ჩვენი პარტნიორების კეთილსინდისიერებითაც ისარგებლეს _ რომელი პარტნიორი წარმოიდგენდა, რომ ერთ დღეს ხელს მოაწერდნენ, მეორე დღეს კი ამას გადახევდნენ? მთელი რიგი რაღაცებით ისარგებლეს, თორემ აქამდეც აუცილებლად მოუწევდათ მათ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. ზუსტად ისე როგორც მოუწიათ მელიას გამოშვება და მანამდე კიდე, სხვა პოლიტპატიმრების გამოშვება. როდესაც შენ დამაჯერებლად იგებ, სულ არ მაინტერესებს, რაზე აქვთ ხელი მოწერილი. ახლა რომ მოაწერონ იგივე 43%-ს ხელი, არანაირი გარანტია არ იქნება, რომ ისინი შეასრულებენ პირობას. ისინი არაფერს შეასრულებენ _ უნდა ვაიძულოთ, რომ შეასრულონ და ამ იძულების ერთადერთი მექანიზმი არის ბევრი აქტიური მოქალაქე, რომელიც ხმას აძლევს ცვლილებას.
_ ცვლილებაზე ხმის მიცემაში მხოლოდ საკუთარ თავს მოიაზრებთ?
_ ხმას მე ნუ მომცემს და ნურც 5-იანს შემოხაზვს. სულ ერთია, რომელ ნომერს მისცემს, 41-ის გარდა.
_ საუბრის თემას შევცვლი, ქალბატონო ელენე: თითქოს წვრილმანია, მაგრამ ქალაქში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც ახლობლები არ ჰყავთ და მათი გარდაცვალებისას დაკრძალვის ხარჯებს თვითმმართველობა იღებს. ეს ხარჯები კი ყოველ მომდევნო წელს წინა წლის მაჩვენებლის _ რაოდენობისა და ინფლაციის საფუძველზე განისაზღვრება. ამ ფონზე ოპოზიციისთვის მუდამ თემაა, აი, მერია კუბოებს ყიდულობსო. მესმის, ეს პოპულიზმისთვის კარგია, მკვდარი არ არის და კუბოს ყიდულობენ, მაგრამ მაინტერესებს, თქვენ რას იზამთ, ადამიანებს დაუკრძალავს დატოვებთ?
_ ზოგადად, ძალიან ბევრი ხარჯია, რომელიც გადასახედია. ჩემი აზრით, უსახლკარო ადამიანების გასვენების ხარჯი რეალურად საჭიროა. პირადად მე არაერთხელ მიმიმართავს გაჭირვებული ადამიანების შემთხვევაში, თუმცა მთლიანობაში ხარჯები უნდა გადაიხედოს.
მაგალითად, სოციალურად დაუცველებზე მხოლოდ 1,58 ლარი იხარჯება. იგივე შშმპ-ის ხარჯები. უამრავი ხარჯი არის, რომელიც გადასახედია. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ერთ პირთან მოლაპარაკებები აბსოლუტური განუკითხაობაა და იხარჯება უამრავი ფული. პიარზე იხარჯება უამრავი ფული და ამ დროს ბევრ მნიშვნელოვან თემაზე არ იხარჯება. ასევე ჯანდაცვის სამინისტროსა და ქალაქის ჯანდაცვას შორის არის გასამიჯნი ძალიან ბევრი ფუნქცია, ანუ ასე ცალკე აღებული კუბოების ტენდერზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, რეალურად უნდა გადავხედოთ ყველაფერს. ძალიან დიდი ბიუჯეტი აქვს ქალაქს _ მილიარდ ორასი მილიონი და სწორად უნდა იყოს დახარჯული. მათ შორის სოციალური ხარჯები უნდა იყოს არა ისეთი, რომ ერთხელ დახარჯავ და პრობლემა არ გვარდება. არამედ უნდა იყოს უფრო კარგად გააზრებული. ჩვენ ეკონომიკა უნდა ამოვქოქოთ, რადგან თბილისს აქვს ამის რესურსი.
_ კერძოდ, რა რესურსებია?
_ ინვესტიციების, ტურისტების მოზიდვის. ბევრი კლუბის გახსნის, ბევრი საინტერესო პროექტის შექმნის თბილისში. ასეთ რაღაცებზე თუ არ ვიფიქრეთ, მარტო სოციალური ბიუჯეტით არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც ეს ეყოფა. როგორც კი ეკონომიკა ამოიქოქება, შესაბამისად ბევრად ნაკლები ადამაინი იქნება, რომელსაც დახმარება დასჭირდება. ერთჯერადი დახმარებების, წამლების, სამედიცინო დახმარებების საჭიროება შემცირდება და ოპტიმალურად გადანაწილდება ეს სოციალური ხარჯები.
_ ყველა გამოკითხვით, ძალიან დიდი წილია ე. წ. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომლის ნაწილიც, მართალია, ოპოზიციისკენ იხრება, მაგრამ შესაძლოა, არჩევნებზე არც წავიდეს ან ხმა არავის სასარგებლოდ მისცეს. რა სტრატეგია გაქვთ ამ მიმართულებით?
_ სწორედ ეს არის მთავარი ამოცანა. პირველი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს თავისი ამომრჩეველი. არსებობენ მთელი რიგი ჯგუფები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აძლევენ ხმას, მაგრამ არიან ოპოზიციურად განწყობილები, ვთქვათ, „ევროპულ საქართველოს“ არ აძლევენ ხმას, მათაც უნდა ჰქონდეთ არჩევანი. იმიტომაა მნიშვნელოვანი, „დროა“ იქნება, „ლელო“, ვაშაძე თუ სხვა პარტია, ამ ხალხს არჩევანი ჰქონდეს. ეს მრავალფეროვნება სწორედ ამაზეა გამიზნული, რომ შუაში მდგომ ამომრჩეველს ჰქონდეს არჩევანი. მეორე: უნდა დააჯერო ხალხს, რომ არჩევნებზე წასვლას აზრი აქვს, რადგან ნიჰილიზმი, რომელსაც თესავს „ქართული ოცნება“ და მთლიანობაში ეს სიტუაცია, შთაბეჭდილებას უქმნის ხალხს, რომ აზრი არ აქვს _ „დავრჩები სახლში“ და მოქმედების რწმენა აქვს ხალხს დაკარგული.
_ რას აკეთებს ოპოზიცია საიმისოდ, რომ საზოგადოებაში მუხტი გაზარდოს?
_ სწორედ ჩვენი კამპანიის ერთ-ერთი ამოცანაა, რომ აქტიურად დავდივართ მოსახლეობაში და დაუგეგმავ შეხვედრებს ვატარებთ. ეს ხდება იმისთვის, რომ ადამინებს რწმენა გავუჩინოთ. რეალუარად ყველა ხმა მნიშვნელოვანია. არჩევნებზე მისვლა მნიშვნელოვანია და არჩევანის თავისუფლება იქ ექნებათ. თუ იქნება განცდა, რომ ბიძინამ არჩევნებს აზრი დაუკარგა, მაშინ უნდა შევეგუოთ მონობა-მორჩილებაში ცხოვრებას.
დიახ, ჩვენი ამოცანა არის ხალხის მოტივირება, რომ არჩვენებზე მივიდნენ და ხმების დაიცვან.
_ ხმები როგორ უნდა დავიცვათ?
_ ხმების დაცვა ხდება როგორც პარტიების მხრიდან ტექნიკურად, ასევე ყველაზე ძლიერი მექნიზმი არის როდესაც მოქალაქე თავად არის ფხიზლად და არ აძლევს გაყალბების საშუალებას. ამოწმებს სიებს, ამოწმებს თავისი ოჯახის წევრებს. აკვირდება, რამე ხომ არ ხდება უბანზე. როდესაც მოქალაქეები არიან აქტიურები _ სხვათა შორის, ეს ხდებოდა 2012 წელს, ძალიან აქტიურები და მობილიზებულები იყვნენ, ეს განწყობა ქუჩებშიც იგრძნობოდა. ასეთი შემართებით უნდა მივიდეთ არჩევნებზე. მაშინ არ არსებობს მექანზიმი, რომელიც გაგაყალბებინებს იმ მასშტაბით, რომ იყოს ძალიან დიდი განსხვავება. ეს არის ჩვენი საარჩევნო კამპანიების ამოცანები ზუსტად და ამაზე ვმუშაობთ ყოველდღიურად.
_ რას ელოდებით, როგორ ანტიკამპანიას აწარმოებენ ოპონენტები თქვენ წინააღმდეგ? მაგალითად, წლებია, საუბრობენ თქვენს რუსულ დიპლომზე, ასევე საბჭოთა კავშირის ჰიმნზე პარლამენტში, ანუ ახლაც ამ კუთხით დაგესხმიან თავს თუ სხვა მოლოდინი გაქვთ?
_ სიბინძურეს ველოდები, ოღონდ, პირდაპირ გეტყვით, რომ არ არსებობს ძალა, რომელიც ან გამაჩერებს ან შემაშინებს ან დამაკომპლექსებს იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც აკეთებენ, აბსოლუტურად ყველა კამპანია, რომელსაც იგონებენ ჩემსა და ნიკას წინააღმდეგ, ტყუილზეა დაფუძნებული.
როდესაც არის ტყუილი, მას ძალა არ აქვს და ძალას კარგავს. ჩემს წარსულში რამის რომ მრცხვენოდეს, ან არ შემეძლოს დაშვებული შეცდომის აღიარება, მაშინ, რა თქმა უნდა, შეშინებული ვიქნებოდი, რამე არ ამომიქექონ-მეთქი, მაგრამ აბსოლუტურად ყველა შეცდომაზე შემიძლია ვთქვა, შეცდომაა-მეთქი და აბსოლუტურად არც ერთი ნაბიჯი გადამიდგამს, რომელიც იქნებოდა ან ტყული ან ბინძური ან ქვეყნის ინტერესების საზიანო.
შეიძლება, შევმცდარვარ და ამაზე ვილაპარაკებ, ამიტომ ეს სიბინძურის თუ დაშინების კამპანია ვერაფერს მოიტანს _ აქამდეც გვინახავს.
ჩემი მეგობრები არაერთხელ დაუკავებიათ, ხელი მოუტეხავთ -საფრთხის შეგრძნება ყოველთვის იყო, მაგრამ ეს მხოლოდ მეტ ძალას გვმატებს. სხვაგვარად უნდა დავნებდეთ და ვიცხოვროთ მუდმივი ცემა-ტყეპისა და უბედურების რეჟიმში. ამიტომ არ არის საინტერესო, „ქართული ოცნება“ რას ამოქექავს ჩემ წინააღმდეგ.
ზუკა ნემსაძე