- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2021-07-28 06:56:00
დასავლეთი შეშფოთებულია საქართველოში შექმნილი ვითარებით. იმდენად შეშფოთებული, რომ სანქციებიც კი ახსენეს. სანქციების დაწესების ამბავი „ოცნებაში“ არ ეამათ და შეეცადნენ, ყველაფერი საქართველოში აშშ-ის ელჩისთვის დაებრალებინათ. ამასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ, შალვა პაპუაშვილმა და არჩილ თალაკვაძემ განცხადება გაავრცელეს, რომელსაც აშშ-ის ელჩი გამოეხმაურა. ლეიბორისტულ პარტიაში მეოცნებეებს ცოტა თავშეკავებას ურჩევენ და იმ პერიოდს ახსენებენ, როცა „ქართული ოცნება“ ოპოზიციაზე ზეწოლას აშშ-ის ელჩის დახმარებით ახორციელებდა.
რა ვერ გაიყვეს კელი დეგნანმა და „ქართულმა ოცნებამ“? მივა თუ არა საქმე სანქციების დაწესებამდე? რატომ არ ემზადება ოპოზიცია არჩევნებისთვის? დააშინა თუ არა ხელისუფლებამ ქართული მედია? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ლეიბორისტული პარტიის წევრი ნინო მეტრეველი ესაუბრება:
_ ქალბატონო ნინო, ხელისუფლებამ ჟურნალისტებს ღია ომი გამოუცხადა. 5 ივლისს ეს ნათლად გამოჩნდა. თქვენ ყოფილი ჟურნალისტი ხართ და გახსოვთ, რომ რომელიმე ხელისუფლება ასე ღიად დაპირისპირებოდა მედიას?
_ მსგავსი არაფერი მახსოვს. არადა, ვინ არ გამოვიარეთ: კვირაია, კახა თარგამაძე, მერაბიშვილი. თავისუფალი მედია არავის მოსწონდა, მაგრამ ასეთი აგრესია არავის გამოუვლენია, რაც ამათ გააკეთეს. „ნაციონალების“ დროს მახსენდება „ფოტოგრაფების საქმე“. ამის გასაპროტესტებლად მთელი მედია ფეხზე დავდექით. ხელისუფლება იძულებული გახდა, ფოტორეპორტიორები ციხიდან გამოეშვა. თავისუფალ მედიასთან ბრძოლა არავის მოუგია და ვერც ესენი მოიგებენ.
_ მედიასთან ბრძოლას რომ ვერ მოიგებენ, ამდენი არ ესმით „ქართულ ოცნებაში“?
_ არ ესმით. სამაგიეროდ, ეს კარგად ესმოდა წინა ხელისუფლებას. მედიას ისინიც ვერ იტანდნენ, მაგრამ ასეთ შეცდომებს არ უშვებდნენ. ისინი პოლიტიკოსები იყვნენ. ესენი რაღაც გაურკვევლობები არიან. ოლიგარქები არიან და მათი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ფული იშოვონ.
_ ფულს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებიც შოულობდნენ, მაგრამ მედიას ასე არავინ დაპირისპირებია.
_ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ისინი პოლიტიკოსები იყვნენ. ამასთან, ვერც ბედავდნენ ჟურნალისტებთან ასეთ დაპირისპირებას.
_ ამათ რა გამბედაობა შეეყარათ? ერთ დღეს 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი გალახეს.
_ საომარი მოქმედებების დროს არ დასხმიან ამდენ ჟურნალისტს თავს, რაც ერთ დღეს 5 ივლისს მოხდა. ეს „ქართულ ოცნებას“ ძალიან ძვირი დაუჯდება. ეჭვი არავის აქვს, რომ ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმა მედიაზე. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება, პრაიდის მომწყობებსაც და მათ მოწინააღმდეგე რადიკალებსაც. ჩვენ ორვე მხარეს რუსეთთან ვაკავშირებთ.
_ თქვენი აზრით, რუსეთი იდგა პრაიდის უკან?
_ პრაიდის უკან იდგა რუსეთი. იმ რადიკალებზე უკვე აღარაფერს ვამბობ, რუსეთის დავალებით რომ მოქმედებენ, ამას თავადაც არ მალავენ. რაც შეეხება პრაიდს, მათთან დაკავშირებითაც სერიოზული ეჭვები გაჩნდა. ლგბტქ თემი, როგორც ყოველთვის, მაისში ატარებს ხოლმე აქციას.
_ 17 მაისს ატარებდნენ. 17 მაისი ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა. ჩვენთან ეს დღე ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ გამოცხადდა.
_ ოჯახი როცა გაქვს, მისი სიწმინდე ყოველდღე უნდა დაიცვა. ამას კონკრეტული თარიღის დაწესება არ სჭირდება. არ არის საჭირო ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის წინააღმდეგ რაღაც თარიღის მოგონება. ჰომოფობიის წინააღმდეგ ყოველდღე უნდა გაილაშქრო და ამას პრაიდებისა და აღლუმების მოწყობა საერთოდ არ სჭირდება. ახლა ისევ ჩემს ეჭვებს დავუბრუნდები. ლგბტქ თემი ყოველთვის 17 მაისს მართავდა აქციას. 17 მაისი გადააგორეს და უცებ ივლისში მოინდომეს აღლუმის მოწყობა. ამ შემთხვევაში მთელ თემს არ ვგულისხმობ. იმ პირებზე მაქვს საუბარი, ვინც ამგვარ ღონისძიებებს გეგმავს. მათ უნდა განმარტონ, რატომ მოუნდათ, ამ პაპანაქებაში აღლუმი გაემართათ? დარწმუნებული ვარ, რომ ლგბტქ თემშიც ჰყავს რუსეთს თავისი აგენტურა შეგზავნილი. დააგეგმინა ეს აქცია, მერე გამოიყვანა რადიკალები და თბილისის ცენტრში მოგვიწყო ის საშინელება.
ლგბტქ თემი, რატომღაც, მაშინ აქტიურდება, როცა ქვეყანაში საპროტესტო მუხტია. ასე იყო 2018 წელს, როცა დავით სარალიძის საქმის გამო გამოვედით ქუჩაში. ასე იყო 2019 წელს, როცა გავრილოვის ღამეს მოჰყვა აქციები. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ლგბტქ თემი რუსეთის მიერ მართულ ძალებს აძლევს გააქტიურების საფუძველს. ანტისაოკუპაციო აქცია პირდაპირ რომ დაარბიონ, ყველაფერი გამოაშკარავდება. ამიტომ გამოდიან ლგბტქ თემის წარმომადგენლები. რუსეთუმეები კი ქართველობის დაცვას იწყებენ. სინამდვილეში, კრემლის დაკვეთას ასრულებენ.
5 ივლისს ასეთი ამბები რომ ატყდა, სად იყვნენ ლგბტ თემის წარმომადგენლები? ვინმემ ნახა ეს ადამიანები საერთოდ? ეს მაფიქრებინებს რომ პრაიდი რუსეთის დავალებით დააანონსეს, რათა რუსეთუმეები გააქტიურებულიყვნენ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მთელ თემს არ ვგულისხმობ, მაგრამ ლგბტქ წარმომადგენლები მოსკოვიდან იმართებიან და ფალავანდიშვილების მსგავსად ასრულებენ კრემლის დაკვეთებს.
ლევან ვასაძე რომ წინა დღეებში გაქრა, ეს უკვე ძალიან საეჭვოდ მომეჩვენა. როგორც კი მისი „ავადმყოფობის“ ამბავი გავიგე, მაშინვე ვთქვი, რომ აქ რაღაც ძალიან ცუდი მოხდებოდა.
_ ვასაძე პირველად არ მომტყდარა სიტუაციიდან. ეს ჩვევაში გადაუვიდა. ადრეც მოიქცა ასე. რას ფიქრობთ მის გაქრობებზე?
_ ვერ გეტყვით, რატომ იქცევა ეს ადამიანი ასე. წინა წლებშიც იმუქრებოდა, თავის მომხრეები დაიბარა ვერის ბაღში და თავად აღარ მივიდა. ვასაძე თავად ხომ არ ღებულობს გადაწყვეტილებებს. რასაც მოსკოვი უბრძანებს, იმას აკეთებს.
_ მაშინ ასე გკითხავთ: რატომ აქრობს მოსკოვი გადამწყვეტ მომენტში ვასაძეს?
_ ალბათ იმიტომ, რომ თავისი აგენტი გადაარჩინონ. ხვალ შეიძლება სხვა დავალების შესასრულებლად დასჭირდეთ. ზუსტად ვერ ვიტყვი, რა ხდება. ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ბოლო მომენტში რაინდი ქრება და პასუხისმგებლობას სხვას ატოვებს ხელში. შესაძლოა, ეს მისი ხასიათის ბრალია და ეშინია, საკუთარ თავზე აიღოს რაღაცები.
_ ამ შემთხვევაში ფალავანდიშვილსა და ალტინფოს დამფუძნებელს შეეტენა პასუხისმგებლობა. უცოდველები არც ისინი არიან.
_ რა თქმა უნდა, მათი ბრალიც არის ბევრი რამე, მაგრამ თავიდან ლევან ვასაძე ლაპარაკობდა ყველაზე მეტს. ამ ძალადობას სხვა „გმირებიც“ ჰყავდა. ყველა მათგანმა უნდა აგოს პასუხი. მათ შორის, პრაიდის ორგანიზატორებმაც. მე ვრჩები ჩემს აზრზე, რომ ისინიც რუსეთის მიერ იმართებოდნენ და სურდათ არეულობის მოწყობა.
_ 5 ივლისის მოვლენებს ოპოზიცია ძალიან მშვიდად ადევნებდა თვალს. ამ დუმილს როგორ ხსნით?
_ ჩვენ პროტესტი თავიდანვე გამოვხატეთ, სხვა ოპოზიციონერებმაც გააკეთეს განცხადებები.
_ ეს ძალიან რბილი შეფასებები იყო. იმ ძალადობაზე ოპოზიციას მკვეთრი პროტესტი უნდა ჰქონოდა.
_ მათ ნაცვლად პასუხის გაცემა გამიჭირდება. მე მხოლოდ ჩემს ვარაუდებზე შემიძლია ვისაუბრო. ოპოზიციამ, სავარაუდოდ, ლგბტქ თემის გამო შეიკავა თავი. ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ არაა სოლიდარული ლგბტქ თემის მიმართ. ეს კარგად იცის ოპოზიციამ, ამიტომ იყვნენ თავშეკავებულები, ამომრჩევლის დაკარგვას მოერიდნენ.
_ იმ დღეს ლგბტქ თემი არ დაურბევიათ, დაარბიეს მედია.
_ მაინც მოერიდათ თავიანთი პოზიციის დაფიქსირება. არ უნდათ, რომ მათი პარტია ლგბტქ თემთან იყოს დაკავშირებული.
_ 15-მა პარტიამ ხელი მოაწერა განცხადებას, რომ ამ ადამიანების უფლებებს დაიცავს და ერთი განცხადების გაკეთება დააკარგვინებდა ამომრჩეველს?
_ მათ მაგივრად რა გიპასუხოთ? მე მხოლოდ ჩემი ვარაუდი შემიძლია გითხრათ და გითხარით კიდევაც. დღევანდელი ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს ანტიდისკრიმინაციული კანონისთვისაც აქვს ხმა მიცემული, მაგრამ მაინც დუმილი არჩიეს. რას ვიზამთ, ეს მათი არჩევანია.
_ როგორც ყოფილ ჟურნალისტს, ხელისუფლების ბოიკოტზეც უნდა გკითხოთ: მათ გადაწყვიტეს, რომ ოპოზიციურ მედიას არ დაელაპარაკონ. ასე იქცეოდნენ, თავის დროზე, „ნაციონალებიც“. რას მოიგებს ამ ბოიკოტით „ოცნება“?
_ რაც სხვამ მოიგო, იმას მოიგებს. ან რას ნიშნავს, ბოიკოტი გამოუცხადო მედიას? ეგენი არიან საჯარო მოხელეები და ხომ არ დაავიწყდათ, რომ ჩვენ ვუხდით ხელფასს? ხელფასს, ძირითადად, ლაპარაკში ვუხდით, აბა, კანონებს ეგენი არ წერენ და ქვეყნის ტერიტორიების დასაბრუნებლად არ იბრძვიან. იმ დღეს კიოდა გია ვოლსკი, ჟურნალისტი პირად სივრცეს მირღვევსო. პარლამენტში რა პირად სივრცეზე მელაპარაკება საჯარო პირი?! ლოგინია მაგის პირადი სივრცე. იქ არავინ შეუხტება.
_ ვოლსკის ლოგინი ნამდვილად არავის აინტერესებს.
_ ღმერთმა დაგვიფაროს, მაგის ლოგინის ამბებმა რომ დაგვაინტერესოს. პარლამენტში დეპუტატს პირადი სივრცე ვერ ექნება. ასე რომ, კეთილი ინებოს ვოლსკიმ და უპასუხოს ჟურნალისტების კითხვებს. თუ არ უნდა, მიბრძანდეს. ძალიან დიდ ხელფასს ვიხდით და ასეთი ტონით საუბრის უფლება არ აქვს.
ზოგჯერ მგონია, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა შემთხვევით არ მიმართეს ბოიკოტის რეჟიმს. არაა გმორიცხული, ისინი მომავალზე ფიქრობდნენ და თავის გადარჩენა სურდეთ.
_ რას გულისხმობთ?
_ „ოცნება“ რომ უფსკრულისკენ მიექანება, ეს აშკარაა. ამას მმართველ პარტიაშიც გრძნობენ. კაცმა არ იცის, ხვალ რა მოხდება. ზოგიერთი მეოცნებე ამიტომ ამჯობინებს დუმილს. არ უნდათ ისეთი რამე თქვან, რაც მომავალში პრობლემებს შეუქმნის. არ უნდათ, ახლა ნათქვამი სიტყვა წინ დახვდეთ. ეს ხომ ის ხალხია, მუდმივად ნავიდან ნავში რომ ხტება. ახლაც, სავარაუდოდ, გადასახტომ ნავს ეძებენ.
_ ვითომ ნავის საძებნელად აქვთ საქმე?
_ მათი დუმილი ამის ნიშანია. ამათ ძალიან კარგი ყნოსვის უნარი აქვთ. კარგა ხნით ადრე გრძნობენ, ხელისუფლება რომ შეიცვლება.
_ თქვენ საკმაოდ დიდი ჟურნალისტური გამოცდილება გაქვთ. თქვენი აზრით, იცვლება ხელისუფლება?
_ ეს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება, მაგრამ როდის, არ ვიცი. დღეს ამის პროგნოზირება განსაკუთრებით რთულია. ისე დაჩქარდა პროცესები, იმას ვერ იტყვის ადამიანი, ხვალ რა იქნება. რაღაც აუცილებლად შეიცვლება, ასე ვერ გაგრძელდება. სიტუაცია მომწიფებულია… მაგრამ იმასაც მკარნახობს ჩემი გამოცდილება, რომ ეს ცვლილება მშვიდობიანად არ მოხდება.
_ არეულობას ელოდებით?
_ ლაითი ცვლილებები ნამდვილად არ იქნება.
_ ბევრი თვითმმართველობის არჩევნებზე ამყარებს დიდ იმედებს. თქვენ რას ფიქრობთ?
_ არჩევნები? დიდი იმედი არ მაქვს. თვითმმართველობის არჩევნებმა რამე რომ შეცვალოს, მაშინ ძალიან დამუხტული სიტუაცია უნდა იყოს. მხოლოდ ასეთი მუხტი მოაგებინებს ოპოზიციას არჩევნებს.
_ ახლა მუხტი არ არის?
_ ახლა არ არის. ოპოზიცია მხოლოდ მაშინ იგებს არჩევნებს, როცა არის დაძაბული გარემო. ხალხი მაშინ აძლევს ოპოზიციას ხმას, როცა ძალიანაა გამწარებული. ასე იყო 2008 წელს და ასე მოხდა 2012 წელს.
_ თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 თვეზე ცოტა მეტი დარჩა. არც ერთი პარტია არ ატარებს საარჩევნო კამპანიას და რა ხდება?
_ რა ხდება, ვერ გეტყვით. მართლა ცოტა უცნაური სიტუაციაა. არავინ არაფერს აკეთებს. მხოლოდ გახარია დადის აქეთ-იქით და გაიძახის, „ნაცები“ უნდა დავამარცხოო.
_ გულით თუ უნდა „ნაცების“ დამარცხება, რას იზამ.
_ ვერაფერს ვიზამ. ივანიშვილის დამარცხება რომ არ ენდომება, ამაში, მგონი, ეჭვი არავის ეპარება. „ნაცებზე“ ლაპარაკით ძალიან მარტივად გაიშიფრა ყოფილი პრემიერ-მინისტრი.
_ რას გულისხმობთ გაშიფრვაში?
_ საბოლოოდ დადასტურდა, რომ ივანიშვილის თამაშს თამაშობს.
_ ივანიშვილის თამაშს ოპოზიციის დიდი ნაწილიც თამაშობს.
_ სამწუხაროდ, ასეა.
_ ისევ არჩევნების თემას დავუბრუნდები. არჩევნების წინ ასეთი პასიურობა გახსენდებათ?
_ არ მახსენდება. ალბათ, აქვთ პარტიებს საამისო მიზეზი. ჩვენ ამ ეტაპზე არავისთან გვაქვს კონსულტაციები და არ ვიცით, რას ფიქრობენ სხვა პარტიები.
_ თქვენ რას ფიქრობთ? თქვენ რატომ არ აქტიურობთ?
_ როგორ არ ვაქტიურობთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. არჩევნებს მომზადებულები შევხვდებით.
_ ალიანსში ტრადიციულად არავისთან შეხვალთ?
_ ლეიბორისტები არასდროს შევსულვართ სხვა პარტიებთან ალიანსში, ახლა მით უფრო არ შევალთ. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, საპარლამენტო ოპოზიციას ვგულისხმობ, ლეიბორისტების აკრძალვას დაუჭირა მხარი. ამის გამო ძალიან ნაწყენები ვართ, მაგრამ საჭირო თუ გახდება, მათ ისევ დაველაპარაკებით. ოპოზიციური ერთობისთვის ჩვენ აქამდეც ბევრი რამე დაგვითმია და მომავალშიც დავთმობთ.
ახლა მხოლოდ ის ვიცით, რომ არჩევნებში ტრადიციულად დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილეობას. რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერაზე საუბარი ჯერ არ ყოფილა. კანდიდატს როგორ უნდა დავუჭიროთ მხარი, როცა ჯერ კანდიდატები არავის დაუსახელებია.
_ არჩევნების წინ ძალიან გააქტიურდა დასავლეთი. ეს თუ იქონიებს გავლენას იმაზე, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს?
_ ვერ გეტყვით. დასავლეთი საპარლამენტო არჩევნების წინაც აქტიური იყო, მაგრამ ივანიშვილმა მაინც შეძლო არჩევნების გაყალბება. ოპოზიციამ ამ სიყალბეს ბოიკოტი გამოუცხადა და რამდენიმე თვე პარლამენტში არ შედიოდა. მერე დასავლეთის ჩართულობით ივანიშვილმა ოპოზიცია დაითანხმა პარლამენტში შესვლაზე. ამ მხრივ განსაკუთრებით კელი დეგნანი აქტიურობდა.
_ თქვენ წინა ინტერვიუში განაცხადეთ, რომ ივანიშვილი კელი დეგნანს ოპოზიციის ზეწოლისთვის იყენებსო. ახლა იმავე კელი დეგნანს „ოცნება“ გმობს და რა ეტაკათ?
_ იმიტომ გმობენ, რომ მათთვის სასიამოვნო განცხადებებს აღარ აკეთებს. არც გააკეთებდა, იძულებული რომ არ გამხდარიყო.
_ რამ გახადა იძულებული?
_ დასავლეთის რეაქციამ. თეთრმა სახლმა ახსენა სანქციები და კელი დეგნანიც იძულებული გახდა, ამ თემაზე ერთი-ორი სიტყვა ეთქვა. ხელისუფლებამ ეს ძალიან შეიცხადა. „ქოცებო“, ახლა აღარ მოგწონთ კელი დეგნანი? მაშინ ხომ კარგი იყო კელი დეგნანი, ოპოზიცია პარლამენტში რომ შემოგიყვანათ? მაშინ ხომ მოგწონდათ აშშ-ის ელჩი, თავზე ხელებს რომ გისვამდათ და ყველა უკანონობაზე თვალებს ხუჭავდა. ისე გააუქმეს ლეიბორისტული პარტია, ქალბატონ ელჩს ერთი საპროტესტო განცხადება არ დასცდენია. როგორც კი „ოცნებისთვის“ არმოსაწონი რამ თქვა, მაშინვე აიმრიზნენ ელჩზე.
_ მარტო არ ამრეზილან, კობახიძემ, თალაკვაძემ და პაპუაშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს. ამ განცხადებაზე რას ფიქრობთ?
_ ეს არის სამარცხვინო განცხადება. რომელიც მიუთითებს, რომ „ოცნებაში“ დიდი არეულობაა.
_ დიდ არეულობაში რას გულისხმობთ?
_ იმას, რომ ყველა თავის თამაშს თამაშობს. მოგეხსენებათ, რომ ეს პარტია რამდენიმე დაჯგუფებად არის დაყოფილი. ყველა თავისას მიერეკება. ეს თამაშები მომავალზეა ორიენტირებული. ყველა ცდილობს, ისე მოიქცეს, რომ მომავალში ნებისმიერ სიტუაციას მოერგონ.
_ კალაძე საერთოდ დუმს.
_ კალაძეს კარგი ალღო აქვს. ამ არჩევნებს გადააგორებს და მერე ცალკე გავა. ახლაც, ფაქტობრივად, ცალკეა, მაგრამ ჯერ არ აოფიციალურებს. ისიც აცნობიერებს, რომ არაპროგნოზირებადი სიტუაციაა. კაცმა არ იცის, ხვალ რა მოხდება. რაღაც რომ მოხდება, ამას ყველა ხვდება.
სიამაყით ვადევნებ თვალს იმას, თუ როგორ იბრძვიან ჟურნალისტები სიმართლისთვის. შეუძლებელია, ამ ბრძოლამ შედეგი არ გამოიღოს. მოუთმენლად ველოდები ამ ბრძოლის შედეგებს. ხელისუფლებამ დიდი სისულელე ჩაიდინა, მედიას ომი რომ გამოუცხადა. მედიასთან ომი ჯერ არც ერთ ხელისუფალს არ მოუგია.
მარტო მედიის ბრძოლა სიტუაციას ვერ შეცვლის. ოპოზიციამ და ხალხმაც უნდა იაქტიუროს. არჩევნებზე აუცილებლად უნდა მივიდეს ამომრჩეველი და „ოცნების“ წინააღმდეგ მისცეს ხმა. ჩვენ მთელი „ოცნება“ უნდა გავუშვათ. ღარიბაშვილის გადადგომა შედეგის მომტანი არ იქნება.
_ რატომ არ იქნება შედეგის მომტანი?
_ იმიტომ, რომ მის ადგილს სხვა ღარიბაშვილი დაიკავებს. ყველაფერს ივანიშვილი მართავს. რა აზრი აქვს, რა გვარის მატარებელი იქნება პრემიერის სკამზე მჯდარი კაცი. ჩვენ რეალური ცვლილებებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ამ მხრივ მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია პარლამენტში მყოფ ოპოზიციას.
_ რა როლი უნდა შეასრულონ?
_ თუ ნამდვილად სურთ ცვლილებები, ადგნენ და პარლამენტი დატოვონ. მაშინ დავიჯერებთ, რომ მათ მართლა სდომიათ ცვლილება და მათი განცხადებები ცარიელი სიტყვები არ არის. პარლამენტი ისევ ერთპარტიული უნდა დარჩეს, რომ დასავლეთმა დაინახოს ივანიშვილის ნამდვილი სახე.
საერთაშორისო თანამეგობრობა აშკარად მხარს უჭერს საქართველოს. ახლა ბევრი რამე ოპოზიციასა და ამომრჩეველზეა დამოკიდებული. ამ ხელისუფლებაზე ზეწოლა თუ არ იქნა, არჩევნების გზით ისინი პოზიციებს არ დათმობენ. ოპოზიციას მათთვის არჩევნების მოგებაც გაუჭირდება. მერე რა, რომ თამარ ჟვანია გადადგა? _ ცესკო ისევ მაგათია. ამათი შეკავება მხოლოდ სანქციებით არის შესაძლებელი, ეს სანქციები პირადად ივანიშვილს უნდა დაუწესონ და მერე მართლა შეიცვლება ვითარება.
შორენა მარსაგიშვილი