- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2021-07-09 07:56:03
როგორია ლეიბორისტული პარტიის თვალით დანახული უახლოესი პერიოდის პოლიტიკური პროცესები? ვინ დგას ახალი პოლიტიკური მოთამაშეების, ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და რადიკალური დაჯგუფების ერთ-ერთ ხელმძღვანელ ლევან ვასაძის უკან? რას უნდა ველოდეთ მოახლოებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე? როგორ შეიძლება შეფასდეს ბოლო დროს ყველაზე აქტუალური თემა „თბილისი პრაიდი“?
_ ამ საკითხების შესახებ „ქრონიკა+“ ლეიბორისტული პარტიის ლიდერ შალვა ნათელაშვილს ესაუბრა და მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა:
_ ბატონო შალვა, ინტერვიუს უახლოესი პერიოდიდან დავიწყებ და პირველ რიგში შევეხები ოპოზიციური ერთიანობის საკითხს: უპრეცედენტო ერთიანობა გქონდათ, რამაც ძალიან დიდი შედეგი გამოიღო. რა გახდა მიზეზი იმისა, რომ ამ ერთობამ დაშლა დაიწყო და საბოლოოდ სრულად ჩამოიშალა? ვინ შემოიტანა განხეთქილება?
_ უპირველესად, ეს იყო, მართლაც, როგორც აღნიშნეთ, უპრეცედენტო ერთობა პოლიტიკური ძალებისა, რომელმაც მოიტანა ისტორიული შედეგები: მოსპო მაჟორიტარიზმი, რომელიც მტერი იყო ჩვენი სახლმწიფო განვითარებისა და არსებობის; მოიტანა პროპორციული პოლიტიკური სისტემა, რაც დიდხანს არ დადგებოდა ამ ერთობის გარეშე; პოლიტპატიმრები გამოაშვებინა ციხიდან, რომლებსაც სამუდამოს მიუსჯიდნენ; და რაც მთავარია, ისე შეარყია რეჟიმი, რომ მას დღეები ეთვლება… არა, ეთვლებოდა დღეები და ზოგიერთი ჩვენი კოლეგა რომ არ შესულიყო პარლამენტში, ეს პროცესი დამთავრდებოდა ძალიან დიდი შედეგებით. ამ ყველაფრის შემდგომ კი ახლა უკვე ეთვლება თვეები, მაგრამ მისი გადარჩენა მაინც შეუძლებელია. ამ ერთობამ შეაზანზარა უმრავლესობა. რა თქმა უნდა, ქართველი რისი ქართველი იქნება, თუ უკიდურესობებში არ გადავარდა: ერთიანობიდან ზოგიერთი მეგობარი და კოლეგა დაადგა ხელისუფლებასთან გარიგებისა და ალიანსის, შეთქმულების გზას, რაც ისედაც ჩანდა ბოლო თვეებში, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ პოლიტიკურ ერთობას ეს რაც შეიძლება გვიან შეტყობოდა, რათა უფრო მეტი და მეტი გამოგვეგლიჯა ხელისუფლებისთვის შედეგების სახით. ალბათ კარგად ხვდებით, რომ ეს ერთობა ლეიბორისტული პარტიის გარეშე არ იქნებოდა, ჩვენ მისაღები ვიყავით ყველა პოლიტიკური ძალისთვის, ამიტომ პასუხისმგებლობაც მეტი გვეკისრებოდა და მაქსიმალურად მოფერების პოლიტიკაზე ვიყავით გადასული, არ ვხეთქავდით უკვე გასახეთქად გამზადებულ ბზარებს… მაგრამ 15 თუ 20 მარტს ევროკავშირის შეხვედრაზე უკვე ჩემთვის ცხადი გახდა, რომ მეგობრები აპირებენ ამ ერთიანობის დარღვევით პარლამენტში შესვლას და ისეთ დოკუმენტზე ხელმოწერას, სადაც ნახსენებიც კი არ არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. ეს დოკუმენტი იქვე დაგვირიგეს მეგობარმა ელჩებმა. ამან მაიძულა გადამედგა მსოფლიო დიპლომატიურ პრაქტიკაში უპრეცედენტო ნაბიჯი _ დემარში და დამეტოვებინა საჯაროდ ეს შეხვედრა, მემხილებინა ის შეთქმულება, რაც მზადდებოდა. მხოლოდ ამის შემდეგ ჩაიწერა იქ საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლების ბარიერად 43%, თორემ ხსენება არ იყო, ისე შედიოდნენ. იქ ეწერა სასამართლო რეფორმის შესახებ გაურკვევლად და ხუთი კომიტეტის თავმჯდომარეზე. ამით შევდიოდით ისტორიაში ამხელა შედეგების მქონე ოპოზიციური ალიანსი. ანუ მაქსიმუმი წამოვიღეთ იმ ერთიანობიდან ქვეყნისთვის.
_ რა მოუტანა საქართველოს მედიაციის პროცესმა და შარლ მიშელის 5-პუნქტიანმა დოკუმენტმა?
_ მიშელის ხელშეკრულებამ ქვეყანას მოუტანა ოპოზიციური ერთიანობის გახეთქვა, ნიჩაბზე დადებული, წასასვლელად გამზადებული ივანიშვილის რეჟიმის დროებითი გადარჩენა და უიმედობის გაძლიერება მოსახლეობის გარკვეულ ფენებში. ასე რომ, ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა არ შეიძლებოდა! მის შემდეგ გამოჩნდებოდა უკეთესი დოკუმენტი. თავიდან საერთოდ არაფერს გვთავაზობდნენ, არაფრის გაგონება არ უნდოდა ხელისუფლებას პირველ რაუნდზე. როცა შევიკრიბეთ, სასამართლო და საარჩევნო რეფორმის ხსენებაც არ უნდოდათ, ამიტომ რაც მეტს გავძლებდით და მოვითმენდით, უფრო და უფრო კარგი შარლ მიშელის დოკუმენტი შედგებოდა და, საბოლოო ჯამში, მივაღწევდით იმას, რომ იმ დოკუმენტში ეწერებოდა 2021 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
_ ყოველგვარი რეფერენდუმის გარეშე?
_ რა რეფერენდუმი?! რის რეფერენდუმი?! პირდაპირ ვამტვრევდით რკინის კარს.
_ რა გამოწვევების წინაშე დადგა პარტია მას შემდეგ, რაც პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, თქვენ გეკრძალებათ საარჩევნო კომისიებში წევრის ყოლა და გარდა ამისა, 2022 წლის თებერვლიდან საბიუჯეტო დაფინანსებაც გიჩერდებათ?
_ თებერვლიდან სარეკლამო დრო გვეკრძალება და ის მათხოვრული დაფინანსება _ 18 000 ლარი, იმის ფონზე, როდესაც 25 000 ლარი ნარმანიას აქვს თვეში ხელფასი, 20 000 ლარი ბექაურს აქვს, იმ მედიის მახრჩობელას _ ამას ვსაუბრობ თვიურ ხელფასზე და მთელ ამხელა პარტიას 18 000 ლარი დაგვიტოვა ივანიშვილმა, რომლითაც 3700 უბანს უნდა მოვემსახუროთ, ცენტრალური ოფისი შევინახოთ, ვიარსებოთ და ისიც უნდა წაგვართვან თებერვლიდან. ფაქტობრივად, პარტიას კრძალავენ, რადგან ვერ მოგვთხარეს, მათთვის ძალიან საშიში ძალა ვართ, სისტემის მტერი. შეიძლება აქ მმართველი პარტიები შეიცვალოს, ეს პარტია წავიდეს, სხვა მოვიდეს, მაგრამ სისტემა უცვლელი რჩება. ერთადერთი მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, როგორც კი მოვალთ, ის 3% ქონება ხალხისა, რომელიც ამ 3%-იანმა ელიტამ მიითვისა, დემოკრატიულად გადავანაწილოთ: აქციებში, ვაუჩერებში, ხელფასებში პენსიებსა და ა. შ. სხვა ამას ვერავინ გააკეთებს, რადგან ყველას უკან ოლიგარქიული ჯგუფები დგას _ ერთ ოლიგარქს წაართმევენ და მეორეს მისცემენ. ამიტომ ფრონტალური შეტევაც ჩვენზეა და ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ ოპოზიციის მხარდაჭერით გააკეთეს ეს, იქ მიშელის ფრაქციები თუ ვინც არიან, მათ დაუჭირეს მხარი ამას და აღარაფერს ვამბობ სულგაყიდულ ელისაშვილზე. აი, ამათ დაუჭირეს მხარი ამ კანონს. მადლობელი ვარ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“ არ დაუჭირეს მხარი ამ კანონს, მაგრამ წინააღმდეგი უნდა წასულიყვნენ, უნდა ეთქვათ: ხალხო, პარტია იკრძალება! და ეს პროცესი უკვე განგრძობადი იქნებოდა. ჩვენ შემდეგ სხვას მიადგებიან, მერე სხვას აკრძალავენ, სხვას დაიჭერენ. ეს დასაწყისია ამ პროცესის ისევე, როგორც ჰიტლერმა 30-იან წლებში ჯერ კომპარტია აკრძალა, _ სოცდემოკრატებს გაუხარდათ, ამათი ამომრჩეველი ჩვენ დაგვრჩებაო; შემდეგ სოცდემოკრატები აკრძალა, პროფკავშირებს გაუხარდა, ახლა ჩვენ ვიგრიალებთო; მერე პროფკავშირები აკრძალა; არასამთავრობოებს გაუხარდათ, ახლა ჩვენ დაგვრჩება პროფკავშირებიც და პარტიებიცო; შემდეგ არასამთავრობოებიც აკრძალა და დანაშაულებრივად გამოაცხადა პარტიის შექმნის მცდელობა. აი, ამ გზას ვადგავართ ახლა ჩვენ.
_ როგორია გარედან დანახული პარლამენტის საქმიანობა და ის რიტორიკა, რომელიც ბოლო დროს რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა შეცვალა? თუნდაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ მაგალითი ავიღოთ.
_ გიორგის დადებითად ვუყურებდი და არ ვარ ანტიპათიურად განწყობილი მის მიმართ ახლაც. ის კი არა, მის მიტიგზედაც კი წავედი და მხარი დავუჭირე, ისიც იყო მოსული ჩემთან. ახლა ისეთი პერიოდია, რომ სულს დააჩნდება და არ შემიძლია შევიძულო ადამიანი, მაგრამ გული მტკივა, რომ დაღუპა იმ ჩხარტიშვილმა, თავისი ცოლის ბაბუაა თუ სიდედრის ძმა არის, დაღუპა მან. გასაგებია, რომ აფინანსებს, მაგრამ არ უნდა დაახრჩო და ამოაშავო ამის გამო. ფაქტობრივად მან გიორგის პოლიტიკური მომავალი გაუნადგურა და ამაზე მწყდება გული, რომ მისმა მცდარმა ნაბიჯმა ქვეყნის განვითარება შეაფერხა და რეჟიმის არსებობა გაახანგრძლივა.
დანარჩენზე არ ვიცი. ახლა იქ სუსის პარტიები არიან და მათ არც ჰქონდათ თავისუფალი მოქმედების უფლება, _ როცა წარმომშობი სხვა გყავს, ვერაფერს იზამ დამოუკიდებლად. მაგრამ სხვების გამიკვირდა, რომლებსაც პოლიტიკური მომავალი ჰქონდათ.
_ რეალურად რას ცვლის ამ პარტიების ყოფნა პარლამენტში? რაში უშლიან ისინი ხელს უმრავლესობას?
_ არაფერში არ უშლიან ხელს, პირიქით _ რეჟიმმა გადაირჩინა თავი მათი შესვლით, პარლამენტი ერთპარტიულიდან გადაიქცა მრავალპარტიულად და მისაღები გახდა გარემომცველი მსოფლიოსათვის. ეს არის საშინელი შედეგი იმისა, რაც გააკეთეს. ის კი არა, შევარდნაძეს ერთი პერიოდი ერთი ხმის უპირატესობით ჰყავდა უმრავლესობა. 117 ვიყავით ოპოზიცია, 118 იმას ჰყავდა, ერთი ხმით გვიგებდა და აქ ამდენი უმრავლესობა ჰყავთ ამათ და რა უნდა მოუგო? შევარდნაძის დროს მე 50-კაციანი ფრაქცია მყავდა და მაშინაც ჭირდა, რამე გაგეკეთებინა და ამათ რით უნდა მოუგო?
_ პოლიტიკურ ველზე ახალი მოთამაშეები გამოჩნდნენ, მათ შორის, გიორგი გახარია. თუ ბოლო კვლევებს დავეყრდნობით, რომელიც „ედისონ რისეჩმა“ და „იპსოსმა“ ჩაატარა, იგი მეორე ოპოზიციური ძალაა. რას უნდა ველოდოთ?
_ ეგ წასახალისებლად ჩაუწერეს, თორემ რომც უჭერდნენ მხარს გახარიას ეს ყოფილი „ქოცები“ თუ მოქმედები, ისინი გამოკითხვის დროს ამას არ აღიარებენ, ისეთი შიში აქვთ ჩამდგარი ძარღვებში რეჟიმისგან. ძრწიან, რომ არ გაიშიფრონ, არ მიუხტნენ სახლში და არ წაართვან ის, რაც ტენდერში აქვთ მოგებული. ეს იმისთვის დაუწერეს, რომ წაახალისონ, გააგულადონ, მაგრამ ამის ნამდვილად არაფერი ეტყობა ჯერ გახარიას. ის ისევ ამბობს, რომ არავის ებრძვის და არაფერს იტყვის. აბა, თუ არაფერს ებრძვი და არაფერს იტყვი, მაშინ პოლიტიკაში რა გინდა საერთოდ და მით უმეტეს, ოპოზიციაში?
_ მან თავის ბოლო გამოსვლაშიც ხაზი გაუსვა იმას, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა მედიის მიმართ იყო სწორი და „ოცნების“ მონაპოვარია თავისუფალი მედია.
_ კი და ის 20 ივნისის თვალების დათხრა სწორი გადაწყვეტილება ყოფილა და ბიძინა ივანიშვილი, თურმე, არ ერეოდა მთავრობის საქმიანობაში, უბრალოდ, მას გაუჩნდა რაღაც ეჭვი. ნუ, ახლა ეს ანეკდოტიც აღარ არის.
_ რას მიანიშნებს ის ფაქტი, რომ 20 ივნისის შესახებ „ქართული ოცნება“ მხოლოდ ზედაპირული განცხადებებით შემოიფარგლება? ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ გახარია მართლაც ბიძინა ივანიშვილის პროექტია?
_ გახარია არის სპეცსამსახური, ის წარმოადგენს რუსეთის საგარეო დაზვერვას. მაგათ ყოველთვის ჰყავთ სარეზერვო ვარიანტები. შევარდნაძე ხომ იყო მათი კაცი იმ დონეზე, რომ საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნეს, შემდეგ ცეკას პირველი მდივანი იყო, მერე გორბაჩოვმა სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. უშიშროების მინისტრებსა და შს მინისტრებს რუსეთი ნიშნავდა: კვირაია, თარგამაძე და ვარდიკო ნადიბაიძე პირდაპირ მოსკოვიდან იყვნენ რეკომენდებულები, მაგრამ მაინც არ ენდობოდნენ მათ და პრორუსულ ალტერნატიულ პარტიებს უქმნიდნენ. მოსკოვი არასოდეს ენდობა, რაც არ უნდა თავისად თვლიდეს პოლიტიკურ ფიგურას და ალტერნატიულს უსვამს მეთვალყურეობისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში აამოქმედოს და ზუსტად ასე აამოქმედეს ახლა გახარია, რადგან ძალაუფლების შესანარჩუნებლად ბიძინა ივანიშვილმა რაღაც დაუთმო ვასაძეს ისეთი, რასაც ჯერ ვერ ვგებულობთ და რომც გავიგოთ, შეიძლება ვერც ვთქვათ.
_ ლევან ვასაძეზე მინდა გკითხოთ: ვისი პროექტია ვასაძე და რა როლი აქვს მას?
_ ვასაძე ასევე არის რუსეთის სპეცსამსახური, საგარეო დაზვერვა კურირებს ძირითადად საქართველოს. ადრე უდრო ФСБ კურირებდა და ეტყობა, ახლა უკვე საზღვარგარეთად გვთვლიან და საგარეო დაზვერვას ჩააბარეს საქართველო. მას დავალებული აქვს, რომ უკურატოროს საპატრიარქოს, რომ ეს ორგანიზაცია იყოს მკვეთრად პრორუსული და აქტიურად წარმოადგენდეს მოსკოვის ინტერესების გამტარებელ ძალას. მოგეხსენებათ, ყველა იმპერია იყენებს რელიგიას და განსაკუთრებით ეს მართლმადიდებლური იმპერიები: ბიზანტია და ახლა რუსეთი მაქსიმალურად იყენებდნენ რელიგიას გარესამყაროს დასამორჩილებლად. არც ბიზანტია იყო ჩვენთან ცამდე მართალი და ეკლესიას იყენებდა. ამიტომ ევალება ვასაძეს საპატრიარქოზე კურატორობა, რისთვისაც იღებს ძალიან დიდ ფინანსებს მოსკოვიდან. ეს სპეცსამსახურის ფინანსებია. ამ ფინანსებიდან დიდ პროცენტს იტოვებს თავისთვის და ნაწილს ახმარს იმ ანაფორიანებს, ეს არის მისი ბიზნესი და ახლა ეტყობა, დაავალეს, რომ პოლიტიკაში უნდა შემოიჭრას. თუმცა ამის დიდი ხალისი რაღაც არ ეტყობა და ეს კარგად გამოჩნდა იქიდან, რომ ჯერ დააქუხა ლგბტ-ების წინააღმდეგ გალაშქრება და ბოლოს თურქეთის გავლით გაიქცა მოსკოვში და იქიდან დაიბარა, რომ ძალიან ცუდად ვარ და მიხედეთ თქვენ მაგ ლგბტ-ებსო. ახლა ეს ძალიან იაფფასიანი ვირეშმაკობაა (იცინის).
_ სამ თვეში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება _ რა შანსები აქვს ოპოზიციას?
_ რომ არ ყოფილიყო ეს უზარმაზარი განხეთქილება ოპოზიციაში, ხელისუფლება გარანტირებულად მარცხდებოდა ადგილობრვიშიც და ყველა დონის რეფერენდუმ-არჩევნებშიც. ახლა არის 50/50-ზე, მეტი არა.
_ აქტიურად განიხილება თბილისის მერობის ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის დასახელება. შეუერთდება თუ არა ლეიბორისტული პარტია ამ მოწოდებას და თუ კი, ვინ შეიძლება იყოს ის ადამიანი, რომელიც შეძლებს „ოცნების“ რეალურად დამარცხებას?
_ ოპოზიციისგან არასერიოზულობაა, თბილისის მერობაზე იფიქრო მაშინ, როდესაც დაკარგე ხელისუფლებაში მოსვლის რეალური შანსი. ახლა უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ „ოცნებამ“ წააგოს მთლიანი არჩევნები, რომ 43% ვერ დაიწეროს. დანარჩენი იქ მერების გამოკიდება, თუ რომელი მაფიოზი მერი იქნება, აბსოლუტურად არ მაღელვებს, რადგან მთავარი მაფიოზია მოსაცილებელი. ამის მერე იმ მერებს გავრეკავთ ერთი ბრძანებულებით. რაში მაინტერესებს, ხარაგაულში მერი ჩემი იქნება თუ სხვა რომელიმე პარტიის წევრი?
_ როგორ ფიქრობთ, 2021 წლის არჩევნებისთვის უნდა ველოდოთ თუ არა ბიძინა ივანიშვილის ღიად დაბრუნებას პოლიტიკურ ველზე? ხომ არ ფიქრობთ, რომ „ქართული ოცნება“ ივანიშვილის საზრუნავი უკვე აღარ არის და მას ამ ეტაპზე სხვა გეგმები აქვს?
_ ივანიშვილი არსად წასულა. წასული ივანიშვილი უფრო მეტად არწასულია, ვიდრე მოსულია ოფიციალურად. ეს არის უსაშინელესი და უმავნესი ფიგურა საქართველოსთვის და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. მისთვის საერთაშორისო სასამართლო მზადდება, დამერწმუნეთ, რომ ივანიშვილს ელოდება ჰააგის ტრიბუნალი. ისეთი ფაქტები გასკდება მისი წასვლის შემდეგ, შეიძლება თმა ყალყზე დაგვიდგეს და აღარ გასწორდეს.
_ ვინაიდან არჩევნებზე ვსაუბრობთ, მინდა, „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებსაც შევეხოთ _ რა იცვლება ამ შემთხვევაში?
_ არაფერს გვაძლევს, ჟვანია წავა თუ ყენია მოვა, ახლა ის გააყალბებს. უმრავლესობა ისევ „ქართულ ოცნებას“ აქვს კომისიებში, თან უფრო მეტი, ვიდრე აქამდე. აბა, ახლა წარმოიდგინეთ, თვითონ „ქართული ოცნების“ ერთი ოფიციალური წევრი კომისიაში, 8 პროფესიონალად წოდებული, პროფესიონალი გამყალბებელი „ქოცი“ უშიშროებიდან, ამას ემატება სატელიტი სუსის პარტიები: „გირჩი“, იგივე „ოცნება“, ელისაშვილი იგივე ,,ოცნებაა“, ვაშაძე ახლა, ბუნებრივია, ვერ აღუდგება წინ ჩხარტიშვილის ზეწოლას; ვრჩებოდით ჩვენ, „ნაცები“ და „ევროპელები“ და აქედანაც ჩვენ ამოგვიღეს და ვისაც გადასცეს ჩვენი კომისიის კვოტა, სუსის პარტიაა ისიც. ადრე მაგ პარტიამ კვოტა წაართვა კოკო გამსახურდიას, პარლამენტში არ შევიდა კოკო და ისინი შევიდნენ მისი კვოტით. ფაქტობრივად, ოპოზიციის ორი კომისიის წევრი დარჩა, სრული უმრავლესობა აქვს ბიძინა ივანიშვილს. გარდა ამისა, გაგიგიათ ასეთი რამ? _ „ამერიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია“, ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის სმენია ვინმეს? _ არ არსებობს. იქმნება არჩევნების წინ კომისია და არჩევნების მერე იშლებიან, მიდიან სახლში. ეს არის სუპერ „სამინისტრო“ შექმნილი, თავისი გაყალბების გამოცდილი ფუნქციონერებით, თავისი ასეულმილიონიანი ბიუჯეტით, თავისი მანქანების პარკით და პირველ სართულზე გატენილი ვისკის კოლექციებით, რომლებშიდაც ათეულბით მილიონი ლარია გადახდილი და ვითომ სასაჩუქრეა, იქ უდევთ თუ არ დალიეს უკვე, არ ვიცი.
ცესკო არის საშინელებათა და ბოროტების სასახლე. ცენტრალური საარჩევნო კმისია არის მოსკოვში, თურქმენეთში, ბაქოში და არის თბილისში. როცა ეს რჩება, რა რეფორმაზე შეიძლება ლაპარაკი?!
_ რა ბერკეტები შეიძლება გამოიყენოს „ოცნებამ“ გაყალბებისთვის?
_ არაფერი მეთოდი არ იქნება, იგივეს გააკეთებენ, იგივე ოქმებს დაწერენ, რაც სურთ მათ გამარჯვებისთვის, თუ ამერიკამ და ევროპამ არ დაადო სანქციები. თუ ასეთი ადვოკატირება გაუწიეს ელჩებმა იქ სენატორ რიჩმა და შაჰინმა, იქით კალიურანდმა და ევროპელმა დეპუტატებმა, ეს რეჟიმი იქნება და იქნება, თუ ხალხი არ აჯანყდა. შესაბამისად, არაფერი აზრი არ ექნება იმ არჩევნებსა და რეფერენდუმებს. მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას და თვითმკვლელი ხომ არ არის.
_ ადამიანის უფლებები და სამართლიანობა _ „თბილისი პრაიდს“ მინდა შვეეხო. იმ განცხადებების ფონზე, რომელიც „ქართული ოცნების“ წამყვანმა ფიგურებმა გააკეთეს, წააგო თუ არა დემოკრატიასთან მმართველმა გუნდმა?
_ ანტიდისკრიმინაციული კანონი მიღებულია ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი განკარგულებით მისი პრემიერ-მინისტრობის დროს, ფილანტროფ სოროსთან შეხვედრის შემდეგ. არაფერ შეთქმულების თეორიას არ ვაღიარებ, სოროსი აქ იყო ჩამოსული მის სასახლეში და ამის ვიდეოკადრებიც არსებობს. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილს კანონით აქვს უფლება, ამ პრაიდს გააკეთებინოს თუნდაც მსვლელობა და დღეს ხელისუფლების განცხადებები იმის თაობაზე, რომ არ არიან მომხრე პრაიდის ჩატარების, არის სრული ფარისევლობა და გათვლილია არჩევნებზე, რომ კონსერვატიული ელექტორატი არ დაკარგონ. მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანს (მთავარია, მოკვლასა და ომის გაჩაღებას არ ქადაგებდეს) აქვს უფლება, მოაწყოს მსვლელობა და დაუშვებელია მასზე ძალადობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ხედვა არ ემთხვევა მათ იდეოლოგიას. ვფიქრობ, რომ ტრადიციული ოჯახი და ტრადიციული ორიენტაცია არის ერისა და სახელმწიფოს საფუძველი, მაგრამ ესენი ჩვენი მოქალაქეები არიან და ხომ არ უნდა დავხოცოთ?! მათაც იგივე პრობლემები აწუხებთ ზუსტად!
შსს-მ გააკეთა განცხადება, რომ ისინი დაიცავენ გამომსვლელთა უსაფრთხოებას, მაგრამ ასევე გვახსოვს 2019 წლის პრაიდი და უკან წაღებული შსს-ს დაპირება.
_ რას უნდა ველოდეთ 5 ივლისს?
_ პოლიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაიცვას ადამიანის უსაფრთხოება, მიუხედავად იმისა, ვინ რა ორიენტაციას მიეკუთვნება. ამაში უხდიან მათ ხელფასს და ეს არის მათი უშუალო მოვალეობა. აბა, მაინცდამაინც ჩვენ უდნა დაგვთხარონ თვალები მიტინგებზე?
_ ვინაიდან პოლიციის მოვალეობასა და ხელისუფლებას შევეხეთ, მინდა აღვნიშნო, რომ გახარიამ პირველ ივლისს გორში ვიზიტისას გააკეთა განცხადება, რომ მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ყველა ადამიანის უფლება და ჯანმრთელობა დაცული იყო.
_ კი, ეს დაცვა გომურის თვალებზე ჩანს კარგად.
_ ბოლოს, საქართველოში არსებულ მედიაგარემოზე მინდა გკითხოთ: რა მდგომარეობაშია ქართული მედია დღეს?
_ ალბათ მსოფლიოში არ მოიძებნება მეორე სახელმწიფო, სადაც მედიამენეჯერები და მფლობელები საბრალდებო სკამზე სხედან და მათ წინააღმდეგ სასამართლო პროცესებია დაწყებული. ამით საქართველო გამორჩეულია. გარდა ამისა, ის მედია მარეგულირებელი ბექაური, რომელიც არის მახრჩობელა ამ ტელევიზიების, 300 მაღაზიას ფლობს ქვეყნის მასშტაბით, მარკეტების ქსელი „ორი ნაბიჯი“ მისი საკუთრებაა და როგორ ფიქრობთ, ის წინააღმდეგობას გაუწევს ივანიშვილის დავალებებს და რამე დამოუკიდებელ ობიექტურ გადაწყვეტილებებს მიიღებს?
მთლიანად ჩამოსაშლელია სისტემა თავისი მედია მარეგულირებლებით. ფაქტობრივად, თავიდან მოგვიწევს თავისუფალი მედიის შექმნა. ის, რასაც ახლა დღევანდელი მედია, იგივე თქვენი ჰოლდინგი და ეს ტელევიზიები აკეთებენ და უძლებენ, ამით იყრება მომავალი მედიაგარემოს საძირკველი. მართალია, ტანჯვით და ამდენი ვაებით, მაგრამ უწვალებლად არაფერი მოდის.
გიგა გელხვიიძე