QronikaPlus
გია ხუხაშვილი: „მუდმივი ინფანტილიზმია ჩვენი პოლიტიკოსების დაავადება _ ისინი არ იზრდებიან“

გია ხუხაშვილი: „მუდმივი ინფანტილიზმია ჩვენი პოლიტიკოსების დაავადება _ ისინი არ იზრდებიან“

2021-07-09 07:18:35

რა არის ქართული პოლიტიკის მოტორი, ის ძირითადი ძალა, რაც ამოძრავებს ქართულ პოლიტიკას? რამდენად პასუხობს ხალხის მოთხოვნებს პოლიტიკური ელიტა და ექნება თუ არა ოქტომბერში ქართველ ამომრჩეველს რეალური არჩევანი? _ ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ „ქრონიკა+“ ანალიტიკოს გია ხუხაშვილს ესაუბრა:

_ ბატონო გია, რა ხდება ქართულ პოლიტიკაში?

_ ქართული პოლიტიკის მთავარი მამოძრავებელი მოტორი, სამწუხაროდ, არის დაპირისპირება, ნეგატიური გზავნილი. არანაირ პოზიტიურ ენერგიას ქართული პოლიტიკური ელიტა არ ატარებს. მომავლის ხედვა მხოლოდ ფორმალურად არის დეკლარირებული. რეალურად კი ქმედებები ორიენტირებულია ერთმანეთის სიძულვილზე, საზოგადოების ორ ნაწილად გაყოფის მცდელობაზე. თითქოსდა, მთავარია ერთმანეთის შესახებ სიმართლის თქმა _ ეს სიმართლე კი არის ის, რომ მათი ოპონენტები არიან მათზე უარესები.
ქართულ პოლიტიკაში არავინ ამტკიცებს, რომ თვითონ არის კარგი, ყველა ამტკიცებს, რომ მისი ოპონენტი მასზე უარესია.

_ რამდენად იზრდებიან ჩვენი პოლიტიკოსები?

_ მუდმივი ინფანტილიზმია ჩვენი პოლიტიკოსების დაავადება _ ისინი არ იზრდებიან. არათუ სხვის, საკუთარ შეცდომებზეც ვერაფერს სწავლობენ. მათ გამო ერთსა და იმავე მანკიერ წრეზე გვიწევს ტრიალი.

_ რამდენად გამოხატავს ჩვენი პოლიტიკური ელიტა ხალხის ინტერესებს?

_ კვლევები აჩვენებს, რომ ქართველი ხალხი არის არჩევანის გარეშე. ამომრჩეველი არჩევანს კარგსა და უკეთესს შორის კი არ აკეთებს, ანუ პოზიტიურსა და უკეთესს მომავალზე ორიეტირებულ არჩევანს, არამედ აკეთებს ნეგატივზე ორიენტირებულ _ ცუდსა და უარესს შორის არჩევანს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამომრჩეველი ღირსეულ არჩევანს ვერ აკეთებს და მას უწევს მისი თვალთახედვით ნაკლები უბედურების არჩევა. ესაა სამწუხარო რეალობა, აქედან გამომდინარე, ქართული პოლიტიკური ელიტა ამომრჩევლის მოთხოვნებს ვერ პასუხობს _ ვერ პასუხობს ხალხის დაკვეთას.

_ ნამოხვანჰესის წინააღმდეგ მიმართული აქციების დროს გამოჩნდა უნდობლობა პოლიტიკოსების მიმართ, როდესაც მათ არ მისცეს პროცესების მართვის სადავეების ხელში აღების შესაძლებლობა მომიტინგეებს. რამდენად სიმპტომატურია ეს განწყობა პოლიტიკოსების მიმართ?

_ პოლიტიკოსები ცხოვრობენ თავიანთი კამერული, სალონური პრობლემებით და ხალხი ცხოვრობს თავის გაჭირვებით, რომელიც არ ენდობა არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ არც ოპოზიციას და ცდილობს, რომ თვითონ გადაჭრას თავისი პრობლემები, რაც ძალიან, ძალიან სამწუხაროა. პოლიტიკოსები და განსაკუთრებით ოპოზიცია იმისთვის არის საჭირო, რომ ის ტრანსლირებდეს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ხელისუფლების მიმართ და ამ პროტესტის კაპიტალიზაციას ახდენდეს.
არა მხოლოდ ნამახვანჰესის პროტესტის დროს, ჩვენ ვნახეთ, რომ დასავლეთ საქართველოში რამდენიმე სერიოზული პროტესტის კერა იყო, მაგრამ ოპოზიციას არ ენდობიან, არ იკარებენ, რაც ნონსენსია და სერიოზული პრობლემაა.

_ მოახლოებულ არჩევნებზე როგორ შეძლებს ამომრჩეველი თავისი სურვილებისა და მოთხოვნების რეალიზებას, როდესაც ორივე მხარე, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, გაკოტრებულია და მათ მიმართ ნდობა შემცირებულია?

_ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება მოუწევს ისევ ცუდსა და უარესს შორის, ნაკლებ უბედურებას აირჩევს. როდესაც ცუდსა და უარესს შორის გაქვს არჩევანი გასაკეთებელი, ბუნებრივია, რომ შენ მზად ხარ, ერთჯერადად გაიყიდო. როცა ფიქრობ, რომ არც ერთი უქნია ღმერთს და არ გჯერა არც ერთის, რომ არც ერთი შენს პრობლემებზე არ იფიქრებს, ფიქრობ, რომ კაი, ჯანდაბას, ვინც ერთჯერადად გადაიხდის, წავალ და ისევ იმას მივცემ ხმასო. და ვინ არის გადამხდელი? _ ისევ ხელისუფლება. აი, ეს ნიჰილიზმი, ეს სკეპტიკური დამოკიდებულება იწვევს იმას, რომ ხელისუფლებას მუდმივად აქვს ოპოზიციაზე უპირატესობა. განა იმიტომ, რომ რამით სჯობს, არამედ იმიტომ, რომ მას შეუძლია, ერთჯერადად იყიდოს _ მეტი ფული, მეტი საშუალება, მეტი რესურსი აქვს. როდესაც ყიდვაზე ვლაპარაკობ, ამაში მხოლოდ ფულის გადახდას არ ვგულისხმობ, არამედ: გზა გამიყვანე, გაზი შემომიყვანე, ვიღაც დამისაქმე, _ ეს არის ხელისუფლების კოზირი, რითიც ის ყიდულობს ამომრჩეველს.

_ რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ ეს არჩევნები იქნება გარდამტეხი და ცვლილებების მომტანი?

_ გარკვეულწილად, გიორგი გახარიას პოლიტიკურმა განაცხადმა ეს სურათი შეცვალა. ეს მატრიცა, რომელიც შექმნა არსებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა, ეფუძნებოდა მაინც ე. წ. ორპოლუსიანობას, შუაში გაკრეფას, ერთმანეთის დემონიზებას, საზოგადოების გახლეჩასა და დაპირისპირებას. გახარიამ ამ ორპოლუსიან თამაშში გარკვეული კორექტივი შეიტანა. იმ სამობილიზაციო ელექტორატს ართმევს ახლა ხელისუფლებას, რომლის მეშვეობითაც ამ ნეგატიურ არჩევნებში ხელისუფლება მუდმივად აღწევდა თავის მიზანს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდება გახარიას პოლიტიკური პროექტი.

_ ადამიანებს სულ უფრო ნაკლებად სჯერათ პოლიტიკოსების განცხადებების. რამდენად შეძლებს თუნდაც გახარია, დაარწმუნოს ამომრჩეველი თავის გულწრფელობაში?

_ არათუ ეჭვი შეაქვთ პოლიტიკოსების გულწრფელობაში, საერთოდ, ამომრჩეველმა ამ პოლიტიკოსების ხელში გააკეთა დასკვნა, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა და არავის დაჯერება არ შეიძლება.
რაც შეეხება გახარიას, ის მუშაობს ამომრჩევლის სპეციფიკურ სეგმენტზე, ეს სეგმენტი არ არის კრიტიკული ზომა. გასაგებია, რომ მასთან კითხვები აქვს, როგორც ერთ მხარეს, ისე მეორეს და ბევრი არ უწონებს საქციელს, მაგრამ ეს სეგმენტი, რომელიც არის დაახლოებით 10-15%-მდე, რომლისთვისაც გახარია არის სხვებთან შედარებით მეტად მისაღები ფიგურა, სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ასეთ პოლარიზებულ გარემოში მან „ოქროს გასაღები“ დაიჭიროს ხელში. რაც ნიშნავს, რომ გახარია შეიძლება აღმოჩნდეს ფაქტორი იმისა, რომ საითაც გადაიხრება ის, იქით გადაიხრება ძალაუფლება, რითაც შეუძლია, ძალიან ოსტატურად ისარგებლოს.

ირინა მაკარიძე

გაზიარება