- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2021-07-01 06:45:58
ლეიბორისტული პარტია აღმოჩნდა ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა და დღემდე ბოიკოტს განაგრძობს. ლეიბორისტული პარტიის წევრი მამუკა ჯუღელი „ქრონიკა+“-ის რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ აცხადებს, რომ ლეიბორისტული პარტია ღირსეულად დგას იმ სიტყვისა და პრინციპების ერთგულად, რომლითაც ამ ბრძოლაში შევიდა.
ჯუღელის მტკიცებით, შემდეგ არჩევნებზე ცალსახად ვიხილავთ ხმებში ასახულ საზოგადოების განწყობას:
_ მამუკა, რატომ არ არის ლეიბორისტული პარტია პარლამენტში წარმოდგენილი?
_ ამაზე არსებობს ძალიან მარტივი და ლოგიკური პასუხი: არჩევნების შემდეგ ლეიბორისტულმა პარტიამ, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, მიიღო ბოიკოტში ყოფნის გადაწყვეტილება, ვინაიდან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევს გაყალბებულად, არ აღიარებს შედეგებს და არც არსებულ დეპუტატთა წარმომადგენლობას ცნობს ლეგიტიმურად. შესაბამისად, ლეიბორისტული პარტია რჩება საკუთარი პოზიციებისა და განცხადებების ერთგული.
_ სხვა ოპოზიციური პარტიები, რომლებიც შევიდნენ პარლამენტში, თავიანთი ქმედებით აღიარებენ არჩევნების ლეგიტიმურობას?
_ როდესაც რამდენიმე თვის განმავლობაში საკუთარ ამომრჩეველს უმეორებ და არწმუნებ, რომ არჩევნები გაყალბდა და ის შედეგები, რომელიც დადგა, არ იყო ნამდვილი, შენ კი ამის გამო იღებ ბოიკოტში ყოფნის გადაწყვეტილებას და ითხოვ რიგგარეშე არჩევნებს, ერთ დღეს უბრალოდ დგები და პარლამენტში შედიხარ, ბუნებრივია, ეს აჩენს ლოგიკურ ეჭვს; მიუხედავად იმისა, ეს დეპუტატები რას ამბობენ და როგორ იმართლებენ თავს, მათი ეს გადაწყვეტილება სწორედაც ლეგიტიმაციას სძენს უკვე არსებულ ხელისუფლებას და ისინი უკვე თანაბარპასუხისმგებლიანები ხდებიან „ქართული ოცნების“ ნებისმიერ გადაწყვეტილებაში _ იქნება ეს რეპრესიული თუ სხვა ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება. ამიტომ ისინი უკვე „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ინაწილებენ ყველანაირ პასუხისმგებლობას, პარლამენტში შესვლის დღიდან. რასაც ხელისულება აკეთებს, სამოქალაქო აქტივისტებისა თუ ბოიკოტში მყოფი პარტიის მიმართ, თუ ზოგადად ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მიმართულებით, თითოეულ ამ ნაბიჯში, რითაც ქვეყანა ზიანდება, ოპოზიციონერი დეპუტატები თანაბრად პასუხისმგებლები არიან. მიუხედავად იმისა, თუ რას იტყვიან ისინი, პარლამენტში მათი შესვლის გადაწყვეტილება არის ლეგიტიმაციის მინიჭება არსებული ხელისუფლებისთვის, რაც თავისთავად წინააღმდეგობაში მოდის მათ პირვანდელ განცხადებასთან, რომ არჩევნები გაყალბდა.
_ რატომ ვერ შეინარჩუნა ბოლომდე ოპოზიციამ ერთობა ბოიკოტის ნაწილში? ამასთან დაკავშირებით ბევრი ვერსიაა, რომ ზოგი მიეყიდა, ზოგიც კომპრომატების მსხვერპლი აღმოჩნდა და ა. შ., თქვენ აზრით, რატომ ვერ შეინარჩუნა ერთობა ოპოზიციამ?
_ გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც ახსენეთ და რომელზედაც ეჭვი არსებობს, ამ ყველაფერთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია, რომ ისინი არ აღმოჩნდნენ საკმარისად პრინციპულები და მათ, ალბათ, თვითონ არ სჯეროდათ იმის, რომ გამარჯვება შეეძლოთ, რადგანაც ისინი ფიქრობდნენ, რომ მათ არ აქვთ საკმარისი ძალა და შესაძლებლობა, რათა ხალხის ინტერესები დაეცვათ, _ ამან უბიძგა, რომ ემოქმედათ მინიმალური სარგებლის მიღებით მაინც. ახლა უკვე პარლამენტში ვხედავთ მოჩვენებითი ოპოზიციონერობის თამაშს. იქნება ეს შეთანხმება, გადაწყვეტილება თუ სხდომები, თითქოს ცდილობენ „ქართული ოცნებისთვის“ წინააღმდეგობის გაწევას. მათ უნდათ საზოგადოება დააჯერონ, რომ ეს იყო არსებული სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი. სინამდვილეში, სამწუხაროდ, ისინი, უბრალოდ, სუსტი ოპოზიციონერები აღმოჩნდნენ, რომელთაც არ ეყოთ იმდენი პრინციპულობა და ძალა, რომ ხალხისთვის მიცემული სიტყვა შეესრულებინათ.
_ რა პერსპექტივა ჰქონდა ოპოზიციის ბოიკოტის გაგრძელებას? შესაძლოა, ოპოზიცია მართლაც ქუჩაში დარჩენილიყო?
_ მაშინდელი არსებული მდგომარეობა, დასავლეთიდან ჩართულობის ხარისხი და აშშ-ში სანქციებისთვის მზაობა, აბსოლუტური წინაპირობა იყო იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელ ივანიშვილს დაედებოდა სანქციები, რაც, ფაქტობრივად, იქნებოდა გარანტი რიგგარეშე არჩევნებისა. შესაბამისად, არ გახდებოდა საჭირო ვაჭრობა. ბოიკოტში ყოფნა ოპოზიციისთვის გამარჯვების მიღწევის საუკეთესო გზა იყო. ვინც ამ გზას გადაუხვია, ისინი ქუჩაში დარჩენილ ოპოზიციონერებზე გაცილებით უარეს მდგომარეობაში დარჩნენ. დღეს ისინი მოჩვენებითი ოპოზიციონერები არიან, რადგან მათ მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში, არც თავგანწირული ბრძოლის მაგალითი აჩვენა და ვერც ვერაფერი შეცვალა. მათ შორის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერილი საკითხებიდან არც ერთი პუნქტი არ სრულდება. მაგალითად, იმ კანონის გაწევა, რომელიც გულისხობს ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური პარტიებისთვის დაფინანსებისა და, შესაბამისად, მასზე მიბმული სხვა ბენეფიტების შეწყვეტას, როგორიც არის კომიისის წევრი ოლქში, უფასო სატელევიზიო დრო და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტში ცალსახად ეწერა, რომ აღნიშნული დოკუმენტი უკან უნდა გაწვეულიყო, ეს კანონპროექტი მიიღეს. ეს არის მხოლოდ ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ მიღებული კანონი, რადგან პირადად ჩვენს პარტიას ეხება და ჩვენი პარტიის გაუქმების ერთადერთ შესაძლებლობად წარმოუდგენია „ქართულ ოცნებას“. გარდა ამისა, შარლ მიშელის დოკუმენტში არსებულ ყველა საკითხში „ქართულმა ოცნებამ“, ტრადიციულად, გადააგდო ოპოზიცია. მათ შორის, არის ამნისტიის კანონპროექტი, რითაც პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს ყველა იმ ჩინოვნიკს, რომელმაც 20 ივნისს ახალგაზრდებისთვის თვალების დათხრის გადაწყვეტილება მიიღო. ასევე საარჩევნო რეფორმა, რა ნაწილშიც აბსოლუტურად გადაგდებული აღმოჩნდა ოპოზიცია. ახლა ცდილობენ მიღწეული რეფორმების დიდ გამარჯვებად წარმოჩენას, სინამდვილეში კი საარჩევნო რეფორმა გაუარესებულია. პირდაპირ „ქართულ ოცნებაზეა“ მორგებული. ასეთი საშინელი საარჩევნო რეფორმა, ალბათ, უკანასკნელ წლებში არასდროს გვიხილავს. ასევე მოსამართლეების საკითხი, სადაც საუბარი იყო უვადოდ მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებაზე. ხელმოწერის მიუხედავად, ეს ისევ გრძელდება. ფაქტობრივად, შარლ მიშელის დოკუმენტში არსებული ყველა პუნქტი „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა თავისთვის და ვიმეორებ: ყველა პუნქტში გადააგდო ოპოზიცია. შესაბამისად, მივიღეთ ის, რომ ერთ მხარეს გვყავს „ქართული ოცნება“, რომელმაც ტრადიციულად გადააგდო ოპოზიცია, ხოლო მეორე მხარეს გვყავს ვითომ ოპოზიციონერობანას მოთამაშე დეპუტატები, რომლებიც ცდილობენ იმიჯის შენარჩუნებას და გამარჯვების მიღწევის წარმოჩენას. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ წაგებულ ბრძოლაში არიან ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ, რადგან მათ ამომრჩევლის თვალში აბსოლუტურად დაკარგეს ნდობა. ამასთანავე, ვერც რეალური რეფორმები განახორციელეს. ერთადერთი დარჩა ლეიბორისტული პარტია, რომელიც ღირსეულად დგას იმ სიტყვისა და პრინციპების ერთგულად, რომლითაც ამ ბრძოლაში შევიდა. შემდეგ არჩევნებზე ცალსახად ვიხილავთ ხმებში ასახულ საზოგადოების განწყობას. ვნახავთ, სინამდვილეში, რა უნდოდა ხალხს და ბრძოლის როგორი მეთოდები აღმოჩნდა წარმატებული. ეს ყველაფერი გამოჩნდება რიგგარეშე არჩევნებზე.
_ პარლამენტში შესული და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოპოზიცია აცხადებს, რომ ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და რომ სახელმწიფოს ინტერესები დააყენეს პარტიულ ინტერესებზე მაღლა, _ ამ ნაწილში როგორია თქვენი პოზიცია?
_ საერთოდ ვერ ვხედავ კავშირს ამ დოკუმენტსა და ოპოზიციის საპროტესტო მოთხოვნებს შორის. ოპოზიცია ორ რამეს ითხოვდა: პოლიტპატიმრების განთავისულებასა და რიგგარეშე არჩევნებს. შარლ მიშელის დოკუმენტში არსებულ საკითხებში არც ცალსახად იყო გათვალისწინებული პოლიტპატიმრების განთავისუფლება და პოლიტიკური რეპრესიების დასრულება, მით უმეტეს, დოკუმენტში არ არის კონკრეტული თარიღი, თუ როდის უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. შესაბამისად, ეს დოკუმენტი საერთოდ ვერ პასუხობდა ოპოზიციის მოთხოვნებს. ეს, უბრალოდ, ოპოზიციისთვის იყო ბერკეტი, რომ საკუთარი დანებება გაეფორმებინა მოჩვენებითი გამარჯვებით. დღემდე ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერით კრიზისი აღმოიფხვრა. გარდა იმისა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი არ იზიარებდა ოპოზიციის მოთხოვნებს, დანარჩენი საკითხები, რომლებიც დოკუმენტში იყო ასახული, არ შესრულებულა. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელია დროებით თავისუფალია, იგი გირაოთია განთავისუფლებული, ამნისტიის კანონპროექტი თუ გავა, ღირსებაშელახული აღმოჩნდება ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, რომელზედაც ითქვა, რომ დამნაშავე იყო და ხელისუფლებამ შეიწყალა. ანტისაოკუპაციო აქციაში მონაწილეობას დანაშაულად გამოგვიცხადებენ. თუ ამნისტიის კანონპროექტს არ მიიღებენ, მაშინ „ქართულ ოცნებას“ ბერკეტი დარჩება, რომ ისევ დააპატიმროს ნიკა მელია. ასევე გრძელდება პოლიტიკური საკითხების განხილვა, დაწყებული პოლიტიკური ფიგურებით, მაგალითად, გიგი უგულავა, გაგრძელებული მედიის ხელმძღვანელებით, ნიკა გვარამია, დამთავრებული რიგითი აქტივისტებით, რომლებთაც ყოველდღიურად გვდევნიან, გვიჭერენ და ბოლო დროს დაკავების პროცესებში ხელის მომტვრევაზეც მივიდნენ. ორი პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს, მაგრამ პოლიტიკური რეპრესიები გრძელდება. „ქართულ ოცნებას“ სრული ბერკეტი აქვს, რომ პოლიტიკური რეპრესიები განახორციელოს. რიგგარეშე არჩევნების საკითხი ჩამოკიდებული არის საარჩევნო რეფორმასა და თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე. საარჩევნო რეფორმა კი სრული კრახია. ბოლო შეცვლილი რეფორმის ფარგლებში, პროცედურები როგორი გამართულიც არ უნდა იყოს, საბოლოოდ, ხმები რომ დაითვლება და უბანზე შემაჯამებელი ოქმი იქნება შესადგენი, ამ ვითომ გამარჯვებული საარჩევნო რეფორმის დამსახურებით, არ იცნობა ნამდვილად.
კანონში პირდაპირ წერია: იმისთვის, რომ შემაჯამებელი ოქმი ლეგიტიმური იყოს, საჭიროა, მინიმუმ, კონკურსის წესით, უპარტიო, 5 კომისიის წევრისა და 1 პარტიული კომისიის წევრის ხელმოწერა. სულ 8 უპარტიო წევრია, მაგალითად, თუ 4 უპარტიო კომისიის წევრი არ მოაწერს ხელს, ამ უბანზე მიღებული შემაჯამებელი ოქმი არ იცნობა ნამდვილად. ეს ნიშნავს, რომ იმ უბანზე, სადაც ოპოზიცია გაიმარჯვებს, „ქართულ ოცნებას“ წინასწარ ყველა უპარტიო წევრი ეყოლება გაფრთხილებული, კომიისის უპარტიო 4 წევრმა არ მოაწეროს ხელი იმ უბნებში, სადაც ოპოზიცია გაიმარჯვებს. მეორე მხრივ კი მოაწეროს ხელი იმ უბნებში, სადაც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. ანუ „ქართული ოცნება“ თვითონ გადაწყვეტს ხმების დათვლისას, რომელი უბანი უნდა ჩაითვალოს და რომელი _ არა. აქამდე ეს ბერკეტი არ არსებობდა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ ინიშნებიან კომისიის უპარტიო წევრები _ ყველა „ქართული ოცნების“ დანიშნულია. შესაბამისად, საარჩევნო რეფორმა ისეთია, რომ როგორ კარგადაც არ უნდა ჩატარდეს არჩევნები დღის განმავლობაში, „ქართული ოცნება“ დღის ბოლოს მხოლოდ იმ უბნებს ცნობს გამარჯვებულად, სადაც ის გაიმარჯვებს. ამის სრული ბერკეტი ექნება, კანონის შესაბამისად.
_ რეალურად, შეძლებს „ქართული ოცნება“ 43%-ის დაწერას თვითმმართველობის არჩევნებზე?
_ ბუნებრივია, შეძლებს. ახალი საარჩევნო რეფორმით, „ქართულ ოცნებას“ მიეცა ბერკეტი, ლეგიტიმურად ცნოს ის უბანი, რომელიც მას აწყობს და არ ცნოს ლეგიტიმურად ის შედეგები, რომელიც არ აწყობს. გარდა ამისა, ადგილობრივი არჩევნების შედეგებზე რიგგარეშე არჩევნების მიბმას ის ცუდი მხარე აქვს, რომ ადგილობრივი არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე, ხმები ითვლება ოლქების მიხედვით და საშუალო უნდა დაჯამდეს. მაგალითად ავიღოთ მილიონ-ნახევრიანი დედაქალაქი, რომელიც 10 სამაჟორიტარო ოლქად იქნება დაყოფილი. თბილისსა და მესტიას თანაბარი წონა ექნება, თბილისში თუ „ქართული ოცნება“ აიღებს 2%-ს, მესტიაში _ 50 %-ს, საშუალო 45% გამოვა. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ სრული ბერკეტი აქვს, დაიწეროს ის შედეგი, რომელიც მას გაუხარდება.
ნენე ინჯგია