- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2021-06-30 06:27:47
საქართველოში ვეტერანების ცხოვრება დალხენილი არ არის. სახელმწიფო მათთვის მხოლოდ 22-ლარიან დახმარებას იმეტებს. ეს იმ დროს, როცა დეპუტატის ხელფასი რამდენიმე ათასი ლარია. ხელფასების სიმცირეს არ უჩივიან არც ვეტერანთა დეპარტამენტში, რომელიც, წესით, ვეტერანთა პრობლემების მოგვარებაზე უნდა ზრუნავდეს.სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი ამბობს, რომ ვეტერანთა დეპარტამენტი მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს. მართალია, სახელმწიფო ვეტერანებს არ აფასებს, მაგრამ იყო ვეტერანი, ეს მაინც პრესტიჟულად ითვლება. როგორც წითელაშვილმა „ქრონიკა+“-სთან განაცხადა, პარლამენტის რამდენიმე წევრს ვეტერანის ყალბი მოწმობა აქვს.
როგორ გახდნენ დეპუტატები ვეტერანები? რატომ უნდა გადაიხედოს ვეტერანების სიები? როდის ახსენდება ისინი ხელისუფლებას? როგორ ჩაიგდო ბიზნესმენმა კაპანაძემ ხელში ვეტერანთა საცხოვრებელი? ასრულებს თუ არა რუსეთის დავალებებს ჩვენი რესპონდენტი? _ ამ თემების შესახებ ტრისტან წითელაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ ბატონო ტრისტან, თითქმის ყველა ხელისუფლება აცხადებს, რომ ისინი ვეტერანებს დიდ პატივს სცემენ. ეს პატივისცემა კარგად გამოიხატება იმ დახმარებაში, რასაც ომის მონაწილეები იღებენ. მათ თვეში 22 ლარი ეძლევათ. 22 ლარი ღირს ამ ადამიანების ღვაწლი?
_ ხელისუფლება ასე აფასებს ამ ადამიანების დამსახურებას სამშობლოს წინაშე. ყველა ხელისუფალი მსგავსად ექცეოდა ვეტერანებს, იგივე გზა გააგრძელა „ქართულმა ოცნებამ“. ყველას ძალიან კარგად მოეხსენება, რომ სამხედროებმა სამშობლოსთვის ბრძოლაში თავი არ დაზოგეს. თავდადებით იბრძოდნენ, როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალში. ორივე ომი ჩვენი დამარცხებით და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით დასრულდა. ეს მარცხი ჩვენი ბრალი არაა, საქართველო პოლიტიკოსების გამო დამარცხდა. ჩვენ, სამხედროები, ერთი წლისა და ერთი თვის განმავლობაში შიშველი ხელებით ვინარჩუნებდით აფხაზეთს. არც ცხინვალში დაგვიზოგავს თავი. ყველაფერი პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს. მათ წაგვაგებინეს ომი და მათი წყალობით არის საქართველოს ტერიტორიები ახლა ოკუპირებული. ისინი ამას, ბუნებრივია, არ აღიარებენ და გადაწყვიტეს, ყველაფერი ჩვენ დაგვაბრალონ. ამიტომ გვაძლევენ 22-ლარიან დახმარებას. ამით გვსჯიან იმის გამო, რაც ჩვენი ბრალი არ არის.
_ დასჯის რა გითხრათ, მაგრამ 22-ლარიანი დახმარების მიცემა ვეტერანებისთვის უფრო დაცინვაა.
_ მართლა დაგვცინიან. 22 ლარით რა უნდა იყიდოს ადამიანმა? თავად ათასები არ ჰყოფნით და ვეტერანებს ეუბნებიან, 22 ლარით იცხოვრეთო. სამარცხვინოა ასეთი დამოკიდებულება ვეტერანების მიმართ. არც ერთი ქვეყანა ასე აგდებულად არ ექცევა თავის ვეტერანებს, როგორც საქართველო. შესწავლილი მაქვს ყველა ქვეყანა, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. ვეტერანები ყველგან დაფასებული ხალხია. აფხაზ და ოს ვეტერანებს ჩვენზე ბევრად უკეთესი პირობები აქვთ.
_ ცხინვალი და სოხუმი ვეტერანებს დიდ პატივს სცემს. მათი საკანონმდებლო ორგანოები, ძირითადად, ომის მონაწილეებითაა დაკომპლექტებული.
_ ძალიან დიდი პატივისცემით სარგებლობენ, ქართველი ვეტერანები კი სასაცილოდ აგვიგდო სახელმწიფომ. ჩვენ იმის გამო კი არ ვჩივით, რომ 22 ლარს გვაძლევენ, ჩვენ იმაზე გვტკივა გული, სახელმწიფოს ასეთი დამოკიდებულება რომ აქვს ვეტერანების მიმართ. ჩვენი უფლებების დაცვასა და ჩვენი პრობლემების მოგვარებაზე არავინ ზრუნავს.
_ ვეტერანთა დეპარტამენტი რას აკეთებს? მათი ფუნქცია ხომ ვეტერანების პრობლემების მოგვარებაა?
_ ვეტერანთა დეპარტამენტი, წესით, უნდა ზრუნავდეს ვეტერანებზე, მაგრამ არ ზრუნავს. მაშინ, როცა ვეტერანებს მათხოვრულ 22 ლარს გვიგდებენ, ვეტერანთა დეპარტამენტი კოლოსალური თანხებით ფინანსდება. ვეტერანთა დეპარტამენტი ჩვენ გვერდით უნდა იდგეს და ჩვენთან ერთად მოსთხოვოს ხელისუფლებას, რომ ვეტერანების უფლებები დაცული იყოს. ნატოს სტანდარტებზე ძალიან უყვართ საუბარი ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს. როგორ ვართ ნატოს სტანდარტების მატარებლები, როცა ქვეყანას ასეთი მიტოვებული ჰყავს თავისი ვეტერანები? ნატოს სტანდარტებს კი არა, ვეტერანების ამბავი რუსეთის სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს.
_ რუსეთის სტანდარტების ვერდაკმაყოფილებაში რას გულისხმობთ?
_ იქაური ვეტერანები ძალიან დაფასებულები არიან. ისინი ჩვენზე ბევრად უკეთ ცხოვრობენ. საქართველოს ვეტერანები ძალიან ცუდ დღეში ვართ. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ მიმართ აგდებულ დამოკიდებულებას მხოლოდ „ოცნების“ ხელისუფლება იჩენს. წინა ხელისუფლებებიც ასე იქცეოდნენ. მათთვის ჩვენ, უბრალოდ, არ ვარსებობთ. ჩვენ მხოლოდ არჩევნების წინ ვახსენდებით. ყურადღების გამოჩენას მათგან აღარ ვითხოვთ, მაგრამ დევნას მაინც მოეშვან.
_ ვეტერანებს დევნის ხელისუფლება? ამით რისი თქმა გინდათ?
_ ვეტერანების ნაწილს საცხოვრებელი არ გააჩნია. ვეტერანების ნაწილმა ყოფილ სამხედრო ნაწილებს შეაფარა თავი, სადაც ახლობლების დახმარებით, პატარა საცხოვრებლები მოიწყვეს. ისინი იქ დროებით არიან თავშეფარებულნი. ხელისუფლება მათ აქედანაც ყრის. მერიის ზედამხედველობის ინსპექცია მიდის და ამ ადამიანებს 20.000 და მეტი თანხებით აჯარიმებს. ზოგს 50.000-ლარიანი ჯარიმაც გამოუწერეს. წარმოგიდგენიათ, რა ხდება?! ვეტერანს, რომელსაც სახელმწიფო 22-ლარიან კომპენსაციას აძლევს, რამდენიმე ათეული ათასი ლარით აჯარიმებს.
_ რატომ აჯარიმებს?
_ თუნდაც იმისთვის, რომ ვეტერანმა პატარა საპირფარეშო ააშენა, რათა შედარებით ნორმალურ პირობებში ყოფილიყო. 22-ლარიანი კომპენსაცია დაცინვაა. თქვენი გაზეთით ვეკითხები ხელისუფლებას, _ რა უნდა იყიდოს ადამიანმა 22 ლარით? ზოგიერთ ვეტერანს სხვა შემოსავალი არ გააჩნია. 22 ლარით როგორ უნდა ირჩინოს თავი? ამის გამო ვეტერანთა სახელმწიფო სამსახური სკანდალებს უნდა აწყობდეს, მაგრამ ისინი ხმას არ იღებენ. ან რატომ უნდა ამოიღონ ხმა, როცა თავად გადასარევად ცხოვრობენ. სახელმწიფო აფინანსებს მათ მივლინებებს, ემსახურებათ მანქანები. სამსახურში მიჰყავთ თავიანთი ახლობლები და საკმაოდ კარგ ხელფასებს უხდიან. ჩვენი არსებობა მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ.
რამდენიმე თვეში საქართველოში მორიგი არჩევნები ტარდება. უახლოეს მომავალში ხელისუფლების წარმომადგენლები დაიწყებენ ჩვენთან შეხვედრას. არც დაპირებების მოცემას მოერიდებიან. მერე არც ერთი დაპირება არ შესრულდება.
_ თქვენ ხომ კარგად იცით, რომ დაპირებები არ შესრულდება, რატომღა აძლევთ ხელისუფლებას ხმას?
_ ვიღაცებს იმედი აქვთ, რომ ხელისუფლებას შერცხვება და დაიწყებს ვეტერანებზე ზრუნვას. პირადად მე მათი დაპირებების არ მჯერა.
_ არ ვიცი, გჯერათ თუ არა, მაგრამ თქვენი სახელი „ოცნებასთან“ ასოცირდება. ოპოზიცია ხშირად საყვედურობს ხელისუფლებას, რუსეთუმე წითელაშვილი გიჭერთ მხარსო.
_ მე არც ხელისუფლების მჯერა და არც ოპოზიციის. ერთიც და მეორეც მიუღებელია ჩემთვის. არც მათ ვუყვარვარ. არ ვუყვარვარ იმიტომ, რომ სიმართლეს ღიად ვამბობ. არც ახლა მომერიდება სიმართლის თქმა. პოზიცია და ოპოზიცია ერთმანეთთან დაპირისპირებული არ არიან. ისინი დაპირისპირებას თამაშობენ. სინამდილეში, ერთმანეთთან ძალიან კარგად არიან. გადახედეთ პარლამენტს და კარგად დაინახავთ ამ კოჰაბიტაციას. სამარცხვინო პარლამენტი ჰყავს დღეს საქართველოს. ან სადღაა პარლამენტი. რაც ამ შენობაში ხდება, ესაა ცირკი და კლოუნადა. პარლამენტის სხდომებს ინტერესით ვადევნებ თვალს. რამდენი წელია, რაც ხალხისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება და კანონი არ მიუღიათ. არც ვეტერანებზე ზრუნავენ. ერთმანეთს ეკამათებიან უაზროდ და ამაში იღებენ დიდ ხელფასებს.
დღევანდელი პარლამენტის სახე არის „გირჩი“ _ წყლის პისტოლეტებით რომ დარბიან პარლამენტში. იმის მაგივრად, რომ კანონებზე იმუშაონ, თამაშობენ. წყლის პისტოლეტებით საბავშვო ბაღის ბავშვებიც კი აღარ ერთობიან.
_ ჯობია, ისევ წყლის თოფებით ირბინონ. „იმელის“ პარლამენტში „კალაშნიკოვით“ მორბენალი დეპუტატებიც გვახსოვს, მაგრამ ქვეყნისთვის არც მათ გაუკეთებიათ რამე.
_ კარგია, რომ ნამდვილი იარაღით არ დარბიან. უბედურებას დაატრიალებდნენ, ისეთ ჭკუაზე არიან. დეპუტატი კანონებს უნდა წერდეს. ესენი კიდევ რას აკეთებენ? ქალბატონი თაკო ჩარკვიანი მარტო ყვირის. ის ყველას ლანძღავს. იმ დღეს ვფიქრობდი, რა დამსახურება აქვს ამ ქალს ისეთი, ყველას რომ გადაუარა? _ ვერაფერი გავიხსენე.
გაღიზიანებას იწვევენ „გოგლი-მოგლიზე“ გაზრდილი დედიკოს ბიჭები, რომლებიც პარლამენტში მრავლად არიან. ისინი მითითებების გარეშე ერთ ნაბიჯსაც კი ვერ დგამენ. ამიტომ მათ ვერაფერს მოსთოვ, თუნდაც, ვეტერანების პრობლემების მოგვარებაზე მუშაობას.
_ „გოგლი-მოგლიზე“ გაზრდილ ბიჭებს რატომ უნდა მოსთხოვოთ ვეტერანების პრობლემების მოგვარება? პარლამენტში იყვნენ ვეტერანები და მათაც კი არ ამოუღიათ ხმა ამ მიმართულებით. პრეტენზიები მათთვის უნდა წაგეყენებინათ.
_ მე მათ მიმართ არაერთხელ მქონია პრეტენზიები. ჩემი პრეტენზიები საჯაროდაც მაქვს დაფიქსირებული. მედია ჩემს განცხადებებს დიდად არ აშუქებს. მე არაერთხელ მოვითხოვე, რომ ვეტერანთა სიები გადამოწმდეს.
_ რატომ ითხოვთ ვეტერანების სიების გადამოწმებას? ეჭვი გაქვთ, რომ ეს სტატუსი ვიღაცებს ტყუილად აქვთ მინიჭებული?
_ ეჭვები მაქვს, მე განსაკუთრებით იმ მაღალჩინოსნების საქმეები მაინტერესებს, რომლებსაც ვეტერანების საბუთები უდევთ ჯიბეში. ამ ადამიანებმა უნდა გვითხრან, რომელ ბატალიონში იბრძოდნენ, რა საბრძოლო დავალებაში აქვთ მონაწილეობა მიღებული. რამდენიმე ომი გამოვიარეთ და თითქმის ყველანი ვიცნობთ ერთმანეთს. თუ არ ვიცნობთ, ერთმანეთზე გაგონილი მაინც გვაქვს. ახლა ზოგიერთ ისეთს აქვს ვეტერანის მოწმობა, რომლის სახელი არც კი გაგვიგონია. უცნობი ვეტერანები, ძირითადად, ხელისუფლებაში არიან. მე ისინი ბრძოლის ველზე არ მინახავს.
_ ამით რისი თქმა გინდათ, რომ ხელისუფლებაში მყოფი პირები ომში მონაწილეობას იბრალებენ?
_ რა თქმა უნდა, იბრალებენ. ისინი ბრძოლოს ველზე არავის უნახავს. ომში ნამყოფი თუ არ ხარ, რანაირად უნდა იყო ვეტერანი? ეს საკითხი სერიოზულად არის შესასწავლი.
_ „ტრუხა“ ვეტერანების ვინაობას არ დაასახელებთ?
_ დავასახელებ, ოღონდ ახლა არა.
_ ახლა რატომ არა?
_ იმიტომ, რომ ეს საკითხი ჯერ კარგად უნდა შევისწავლოთ. როცა შევისწავლით, მერე უნდა ვამხილოთ ყველანი.
_ ის მაინც გვითხარით, „ტრუხა“ ვეტერანები აღმასრულებელ ხელისუფლებაში არიან თუ საკანონმდებლოში?
_ ყალბი ვეტერანები მთავრობაშიც არიან და პარლამენტშიც. რამდენიმე დეპუტატი ვეტერანობას იბრალებს. მათ ვეტერანის ყალბი მოწმობები აქვთ. ისიც უნდა გაირკვეს, თუ ვინ და რატომ მისცა მათ ეს მოწმობები. ახლა მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ გპირდებით, რომ ერთ დღეს ვამხელ. სხვა დეპუტატების საქმიანობაც შესასწავლია. უნდა ავახსნევინოთ, რატომ არ არის ვეტერანთა უფლებების დაცვა მათი პრიორიტეტი.
_ ვეტერანების უფლებები რომ დაუცველია, ამაში მარტო ხელისუფლებაა დამნაშავე?
_ რა თქმა უნდა, ხელისუფლებაა დამნაშავე. მათ ევალებათ ვეტერანების საქმეების მიხედვა.
_ თავად ვეტერანებს არაფერი წვლილი არ მიგიძღვით იმაში, რომ ხელისუფლებას ვეტერანების ამბავი არ აინტერესებს?
_ ჩვენ რა წვლილი უნდა მიგვიძღოდეს? როცა სამშობლოს დასჭირდა, ბრძოლის ველზე წავედით და ვიბრძოლეთ. ამის გამო თუ ვისჯებით, მაშინ პირდაპირ თქვან.
_ მე სხვა რამეზე ვსაუბრობ. ვეტერანები ერთად არ დგახართ და ამიტომაც გაიგნორებთ ხელისუფლება. ზოგიერთი თქვენგანი „ნაცებს“ უჭერს მხარს, ზოგი _ „ქოცებს“. ზოგიერთი სულ სხვა პარტიას უჭერს მხარს. სადაც ერთობა არ არის, იქ შედეგის მიღწევა რთულია.
_ ამაში მეც გეთანხმებით. ვეტერანების ნაწილი „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, მეორე ნაწილი _ „ნაციონალურ მოძრაობას“. ზოგიერთს საერთოდ ყველაფერზე აქვს ხელი ჩაქნეული. ზოგი სხვა საქმეებით არის დაკავებული. ჩვენ ყველანი ერთად რომ დავმდგარიყავით, ხელისუფლება ასეთ თავხედობას ვეღარ გამოიჩენდა ჩვენ მიმართ. ჩვენი დაქსაქსულობით ყველა ხელისუფალი კარგად სარგებლობდა.
_ ერთად დგომას რატომ ვერ ახერხებთ?
_ ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ჩვენც ადამიანები ვართ და სხვადასხვა დამოკიდებულება გვაქვს ამა თუ იმ საკითხის მიმართ. ჩვენ ერთიან აზრზე რომ არ ვართ, ეს ხელისუფლების დამსახურებაცაა.
_ ხელისუფლება რა შუაშია?
_ სპეცსამსახურებმა შეძლეს და ჩვენ ერთმანეთთან დაგვაპირისპირეს. მრავალი საუკუნის წინ მოიგონეს გაყავი და იბატონეს პრინციპი. ჩვენც ასე დაგვყვეს და კარგად ახერხებენ ჩვენს მართვას. მე ვიცი ისეთი ვეტერანებიც, რომლებსაც არავის დანახვა არ უნდათ და მათიც კარგად მესმის. ჩვენი მიმართულებით სასწაული რაღაცები ხდება.
ყველაფრის მიუხედავად, ვეტერანებმა არაერთხელ წამოვწიეთ წინ ჩვენი საკითხი. ამის გარშემო სერიოზული გაერთიანებაც მომხდარა. როგორც კი ხელისუფლება დაინახავდა, რომ ჩვენ ერთად ვიდექით და ვეტერანების პირობების გაუმჯობესებას ვითხოვდით, მაშინვე რამდენიმე კაცს დაითრევდნენ ხოლმე.
_ რას ნიშნავს, რამდენიმე კაცს დაითრევდნენ?
_ იმას ნიშნავს, რომ აქციის რამდენიმე მონაწილეს მოთხოვნებს უკმაყოფილებდნენ ან სადმე დაასაქმებდნენ. მერე ისინი სხვანაირ საუბარს იწყებდნენ და პროტესტიც კარგავდა სიმწვავეს. ვეტერანების პრობლემები კი კვლავ გადაუჭრელი რჩებოდა. ჩვენს თემას ამარგინალებენ. მსგავსი ტექნოლოგიებით გვებრძვიან. ამის მიუხედავად, ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ და გავაგრძელებთ ბრძოლას.
_ რისთვის გააგრძელებთ ბრძოლას?
_ იმისთვის, რომ ვეტერანების პირობები გაუმჯობესდეს. ჩვენ სხვა მიზანი და ინტერესი არ გვაქვს.
_ მართლა არ გაქვთ სხვა ინტერესები?
_ არ გვაქვს. ჩვენ ვეტერანების უფლებების დაცვა და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესება გვინდა.
_ პოლიტიკაში მოსვლა არ გინდათ?
_ ამ ეტაპზე ჩემთვის მთავარია ვეტერანების უფლებების დაცვა. ვეტერანების თემას პოლიტიკოსები იყენებენ ხოლმე არჩევნების წინ სათავისოდ. ჩვენ გვინდა, რომ ვეტერანი დაფასებული იყოს. ვეტერანების დაუფასებლობა ძალიან ცუდად მოქმედებს მომავალ თაობებზე. ისინი ხედავენ, რომ ამ ადამიანებს პატივს არ სცემენ, ეს ახალგაზრდები არც სამხედრო სამსახურში წავლენ და საჭირო რომ გახდეს, არც ქვეყნის დასაცავად აიღებენ ხელში იარაღს. ამ ვეტერანებს რომ უყურებენ, ვის მოუნდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა?
_ ამისთვის ბრძოლა ქართველ ხალხს ყოველთვის მოუნდება. ამ ქვეყანაში, საბედნიეროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ისე წავლენ სამშობლოს დასაცავად, რომ არ იკითხავენ, დააფასებს თუ არა მათ ვინმე.
_ ასეთი ადამიანები საქართველოს ბევრი ჰყავს, მაგრამ მაინც საჭიროა ვეტერანების დაცვა. ჩვენ ხომ დალხენილ პირობებში არ ვცხოვრობთ. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილი რომ იყოს, კიდევ გავიგებდი ვეტერანების დაუფასებლობას. როცა ტერიტორიული მთლიანობა აღსადგენია და კიდევ ბევრი ბრძოლები გველოდება წინ, ვეტერანების დაფასება აუცილებელია. დაკარგულ ტერიტორიებს ვინ ჩივის, შეიძლება, ახალი ტერიტორიების დაცვა დაგვჭირდეს. ალბათ ყველამ მოუსმინეთ, თურქეთის პრეზიდენტმა მესხეთზე რომ წაიკითხა ლექსი. თურქები დღემდე ვერ ეგუებიან, ეს ტერიტორიები საქართველომ რომ დაიბრუნა. მათ ისევ ამ მიწებზე უჭირავთ თვალი.
მესხეთ-ჯავახეთის მხარე კიდევ სხვა პრობლემების წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს და აქ პრობლემებს მარტო თურქეთი არ შექმნის. ნინოწმინდისა და ახალქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქე არ არის. მათ სომხეთისა და რუსეთის მოქალაქეების პასპორტები უდევთ ჯიბეში. ხვალ რომ რაღაც მოხდეს, იტყვიან, რანაირი საქართველოა, აქ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვცხოვრობთო.
ძალიან მძიმე ვითარება გვაქვს, აუცილებლად უნდა დაფასდნენ ვეტერანები, მე ჩემი მხრიდან ვაპირებ მათი უფლებების დასაცავად ბრძოლას. თუ შემომიერთდებიან, კარგი იქნება.
_ ვეტერანების უფლებების დაცვა შეიძლება ბევრს სურს, მაგრამ თქვენთან ერთად დადგომას არ მოისურვებენ. თქვენ ასოცირდებით რუსეთთან.
_ ვიცი, რომ რუსეთუმეობას მაბრალებენ. ეს ჭორი შეგნებულად გამივრცელეს, ეს მოხდა ჩემი დისკრედიტაციის მიზნით.
_ არ ხართ რუსეთუმე?
_ არა. რანაირად უნდა ვიყო რუსეთუმე? ყველა ომში მაქვს მონაწილეობა მიღებული და ყველა ომში რუსეთი იყო ჩვენი მოწინააღმდეგე. რუსეთუმე რომ ვყოფილიყავი, მათ წინააღმდეგ ვიბრძოლებდი? დავჯდებოდი ჩემთვის. ამ ხმებს ის ადამიანები მივრცელებენ, რომლებსაც ჩემი დისკრედიტება უნდათ.
_ რატომ უნდათ თქვენი დისკრედიტირება?
_ ამაზე მათ უნდა დაუსვათ კითხვა. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ მე რუსეთუმეობას მართლა რუსეთუმეები მაბრალებენ.
_ ვისზე საუბრობთ, რომ რუსეთუმეა?
_ სახელსა და გვარს არ დავასახელებ, მაგრამ ყველა მიხვდება, ვისზე ვსაუბრობ. რუსეთუმეობას ისინი მაბრალებენ, რომლებიც რუსეთის სამხედრო სასწავლებელში სწავლობდნენ. თქვენი მკითხველი მიხვდება, თუ ვისზეა საუბარი. მათგან განსხვავებით მე რუსეთში არ მაქვს სამხედრო განათლება მიღებული.
_ აბა, სად მიიღეთ სამხედრო განათლება?
_ უკრაინაში. ახლა მე ვსვამ კითხვას: მე ვარ რუსეთუმე, თუ ისინი? მათი ბრალდებები არ მაინტერესებს. ჩემთვის ახლა მთავარი ვეტერანების უფლებების დაცვაა. ამას აუცილებლად გავაკეთებ. ახლა ისნის სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე შესახლებული ვეტერანების ბედი მადარდებს. ეს ადამიანები ყოფილი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე დროებით შესახლდნენ. ცოტა ხნის წინ მათ მიადგნენ და უთხრეს, რომ იქაურობა უნდა დაეცალათ. ის ტერიტორია ბიზნესმენმა კაპანაძემ შეიძინა. იმ ცნობილ „რიჟაზე“ ვსაუბრობ. ის ამ ტერიტორიაზე რაღაცის გაკეთებას აპირებს და სულ არ ადარდებს იქ თავშეფარებული ვეტერანები. ჩვენი ჩარევის შემდეგ „რიჟამ“ მათი გამოყრა ვერ მოახერხა, მაგრამ ახლა სხვა მეთოდს მიმართეს _ ამ ბიჭებს ჩაუჭრეს დენი, გაზი და წყალი. დენი მეზობლებიდან გადაიტანეს და საშინელ მდგომარეობაში არიან. ხელისუფლებამ და თბილისის მერიამ ამას აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება. „რიჟას“ არ აქვს უფლება, ვეტერანები საცხოვრებლიდან გამოყაროს.
შორენა მარსაგიშვილი