- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2021-06-29 08:06:53
მართალია, მთავარი ოპოზიციური პარტია, პარლამენტში შესვლის მიუხედავად, 19 აპრილის შეთანხმებას, ანუ ე. წ. მიშელის დოკუმენტს, ხელს არ აწერს, მაგრამ არსებობს ალბათობა, რომ ამ შეთანხმებას ენმ-ს ცალკეულმა წევრებმა ავტონომიურად მოაწერონ ხელი. ასეთი ეჭვი კი თინა ბოკუჩავას განცხადების შემდეგ გაჩნდა.
„ამნისტიის შესახებ“ კანონი უკიდურესად მავნებლურია და „ქართული ოცნების“ მიერ აღებულ ვალდებულებებს არ ეთანხმება. ამას, მათ შორის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები ამბობენ. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ კანონის თანაზიარი ვერანაირად გახდება. მას შემდეგ, რაც ეს შემდგარი ფაქტი იქნება, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებდა და აპირებს, იმ სულისკვეთების ნაწილი გახდეს, რაც საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის არის მნიშვნელოვანი. დროის ამბავია _ ჩვენ საქართველოში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას დავბრუნდებით. „ამნისტიის შესახებ“ კანონზე დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური, მესამე მოსმენა“, _ განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომელიც, ენმ-ის თავმჯდომარესთან ერთად, ამერიკულ ტურნეში იმყოფება.
იყო თუ არა ბოკუჩავას განცხადება პარტიასთან შეთანხმებული? _ ეს კითხვა „ქრონიკა+“-მა ენმ-ის ახალ სახეს, გიორგი ხვედელიანს დაუსვა. ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ ამ ეტაპზე პარტიაში „მიშელის დოკუმენტზე“ ხელმოწერა არ განიხილება.
სხვათა შორის, ვრცელ ინტერვიუში, რომელიც გიორგი ხვედელიანმა ჩვენს გამოცემას მისცა, საუბარი ე. წ. პარტიულ ალიანსებზეცაა, ანუ რესპონდენტი ადასტურებს, რომ თემატურ საკითხებზე პარტიაში ადამიანთა გაერთიანებები მართლა არსებობს.
„ქრონიკა+“ ასევე დაინტერესდა, ენმ-ს ბოიკოტის შეწყვეტა და პარლამენტში შესვლა მიხეილ სააკაშვილმა აიძულა თუ არა, რაზედაც ხვედელიანი ამბობს, რომ პარტიის ლდიერშიფმა და ასევე მხარდამჭერებმაც მიიჩნიეს, რომ ამ ეტაპზე პარლამენტში შესვლა უფრო მომგებიანი იქნებოდა.
_ გიორგი, რამდენიმე დღის წინ თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ენმ-მ ე. წ. მიშელის დოკუმენტს, შესაძლოა, ხელი მოაწეროს. ეს თინას კერძო ინიციატივაა თუ _ პარტიის პოზიცია?
_ პარტია ამ საკითხზე მსჯელობას გააგრძელებს, თუმცა ახლა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვამბობ, რომ ამ ეტაპზე პარტია „მიშელის დოკუმენტზე“ ხელის მოწერას ერთი მარტივი მიზეზის გამო არ განიხილავს.
_ და ეს „ერთი მარტივი მიზეზი“ რა არის?
_ დოკუმენტში არსებული ამნისტიის მუხლი, რომელიც ჩვენთვის მიუღებელია.
_ თუკი ასეა, აბა, ქალბატონმა ბოკუჩავამ ის განცხადება რატომ გააკეთა?
_ თუ ამნისტიის საკითხი, ასე ვთქვათ, ფრჩხილებს გარეთ გავა, მაშინ ამ საკითხზე მსჯელობა შესაძლებელი იქნება, მაგრამ იმ დოკუმენტს, სადაც ამნისტია ახლანდელი ფორმით იქნება, პარტია მხარს არ დაუჭერს!
_ ისე, გამორიცხავთ, რომ იგივე თინა ბოკუჩავამ ენმ დატოვოს და ამის საბაბი გახდეს პოლიტსაბჭოს მიერ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელის არმოწერა?
_ ქალბატონი თინა ახლა აშშ-ში იმყოფება და იმაზე, რომ შესაძლოა, პარტია დატოვოს, არაფერი მიუთითებს.
_ კეთილი, მაგრამ, გიორგი, ხმა დადის, რომ ყოფილ მმართველ პარტიაში რამდენიმე შიდა დაჯგუფებაა, მათ შორის, მელიასიც. ამას ადასტურებთ?
_ არა, თუმცა ყველა დიდ პარტიაში არსებობს ადამიანთა ჯგუფები, რომლებსაც გარკვეულ საკითხზე გარკვეული პოზიცია აქვთ, ანუ ალიანსები ყველა პარტიაში არსებობს, მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობაშიც“. აი, მაგალითად, პარლამენტში შესვლას მომხრეებიც ჰყავდა და მოწინააღმდეგეებიც. ადამიანები საკუთარი პოზიციებიდან გამომდინარე ჯგუფდებიან ხოლმე.
_ ის 12 ადამიანი, რომელიც ენმ-ს 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შეუერთდით, ე. წ. მელიას ალიანსს წარმოადგენთ?
_ ასეთი დაჯგუფებები ყოველთვის საკითხებთან მიმართებით იქმნება ხოლმე. ბოლოს, ყველაფერი ეს პარლამენტში შესვლა-არშესვლას უკავშირდებოდა.
_ გიორგი, კონკრეტული კითხვა დაგისვით და კონკრეტულად მიპასუხეთ: 12 ადამიანი, რომელიც ბოლოს „განაციონალდა“, ე. წ. მელიას ალიანსია?
_ ვერ ვიტყვი, რომ ალიანსია. დაჯგუფება რაღაც პოზიციის ირგვლივ ხდება და არა _ ადამიანების. პარტია ინსტიტუციაა, რომელშიც ადამიანები საკუთარი მოსაზრებებით შედიან. ისინი ვიღაცის მიმართ შეიძლება, ლოიალურები იყვნენ, ვიღაცის მიმართ კი _ ნაკლებად ლოიალურნი. ამიტომ, პირადად მე, სიტყვა „დაჯგუფებას“ არ გამოვიყენებდი, თუმცა გარკვეული იდეების გარშემო ალიანსები, რასაკვირველია, არის.
_ კეთილი, მაგრამ ენმ-ს პირველად მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა, _ მას შემდეგ, რაც ნიკა მელია საპატიმროს დატოვებს, პარლამენტში უნდა შეხვიდეთო. მელია კი, როგორც ვიცი, ბოლო წუთამდე ბოიკოტის გაგრძელების მომხრე იყო. სხვა შემთხვევაში ციხეშიც არ წავიდოდა…
_ ეს ორი საკითხი ერთმანეთს არ უკავშირდება.
_ მე პირიქით მგონია: ანუ თუ მელია ბოიკოტზე უარს იტყოდა, „ოცნება“ „გრეხებს“ აღარ გაუხსენებდა. ვცდები?
_ მელიამ გირაო იმიტომ არ გადაიხადა, რომ მის მიმართ საქმე უკანონოდ აღიძრა. შესაბამისად, გირაოც უკანონო იყო.
საერთოდ, პარტიის ყველა ლიდერი, იმდროინდელი თავმჯდომარის გარდა, რომელმაც პარტია დატოვა, ბოიკოტს სწორ ნაბიჯად მიიჩნევდა. როცა მელიას წინააღმდეგ უკანონო საქმე გააცოცხლეს, ბოიკოტი აქტიურ ფაზაში იყო და პარტიის ყველა ლიდერი ბოიკოტს მხარს უჭერდა.
აქედან გამომდინარე, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს ორი საკითხი ერთმანეთთან მიბმული იყო.
_ ე. ი., მელია-სააკაშვილის კიევურ შეხვედრაზე ეს უკანასკნელი ენმ-ს პარლამენტში შესვლას დაჟინებით არ ითხოვდა?
_ დაჟინებაზე ლაპარაკი არაა.
_ აბა, რაზეა?
_ ორივე ლიდერი ერთსულოვანი იყო, რომ ამ ეტაპზე ბრძოლის ის მექანიზმი, რასაც პარლამენტში შესვლა ჰქვია, გამოსაყენებელი იყო. მეტიც: ნიკა მელია ამ აზრის ჩამოყალიბების ავანგარდში გახლდათ.
_ გასაგებია, მაგრამ ლამის შვიდთვიანი ბოიკოტით ოპოზიციამ რა მოიგო და გიორგი, ბარემ, აქვე გკითხავთ, ოპოზიციას რატომ ჰგონია, რომ ადგილობრივ არჩევნებში „ოცნება“ 43-პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს და, შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება?
_ 19 აპრილის დოკუმენტით პარლამენტში შესვლა პრინციპულად სხვა მოცემულობაა.
_ კერძოდ?
_ ამ დოკუმენტს თავისი ხარვეზები აქვს, რის გამოც ენმ-მ მასზე ხელმოწერისგან თავი შეიკავა. ისე, არსებობდა ალბათობა, რომ პოლიტიკურ ბოიკოტს უფრო მეტი პოლიტიკური შედეგი მოეტანა. ასეთ ტიპის მოლაპარაკებებში „ქართული ოცნება“ ძალიან ცბიერია და მოხდა ის, რაც მოხდა, თუმცა თუ შედარებას გავაკეთებთ, პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს შედეგი ბევრად მეტია, ვიდრე, თავის დროზე, შესვლა იქნებოდა.
ყველაფერ ამაში მნიშვნელოვანი ერთი რამეა.
_ სახელდობრ?
_ ბოლო 30 წელიწადში არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემა გვაქვს და ამ ბოიკოტით საერთაშორისო საზოგადოებას გავაგებინეთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია თამაშის ის წესები, რომლითაც ხელისუფლებებს 3-დან 5-პროცენტამდე ყოველთვის ჯიბეში უდევთ!
ერთ სიტყვით, ბოიკოტით მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ, რასაკვირველია, უფრო მეტად გაიგო, რომ „ოცნებას“ შეუძლია, ოპოზიციის ლიდერი შეთითხნილი ბრალდებით დაიჭიროს, ანუ „ოცნებას“ არც შიდა პოლიტიკური საკითხები ადარდებს და არც _ საერთაშორისო იმიჯი.
_ ეს გასაგებია, მაგრამ კითხვის მეორე ნაწილზეც მიპასუხეთ, ანუ ოპოზიციას რატომ ჰგონია, რომ „ოცნება“ ადგილობრივში 43-პროცენტს ვერ გადალახავს და მიშელის დოკუმენტის თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება? სხვათა შორის, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მხარდამჭერები შესაძლოა, ენმ-მაც დაკარგოს. ყოველ შემთხვევაში, არაერთი ადამიანი ვიცი, რომელიც მთავარი ოპოზიციური პარტიის პარლამენტში შესვლას აპროტესტებს.
_ კვლევა ჩავატარეთ და ჩვენი მომხრეების აბსოლუტური უმრვალესობა იზიარებს აზრს, რომ ასეთ რეჟიმთან ბრძოლა, ამ ეტაპზე, სამივე პერსპექტივიდან უნდა ვაწარმოოთ.
_ რომელი სამი პერსექტივიდან?
_ პარლამენტიდან, აქცია-მანიფესტაციებიდან და საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობით.
_ უკაცრავად, აქცია-მანიფესტაციები სადაა?
_ შეიძლება, დღეს და ხვალ არაა, მაგრამ აქციები პოლიტიკური ბრძოლის იარაღი აუცილებლად იქნება. საერთოდ, ყველაფერ ამას თავისი დრამატურგია აქვს. ოპოზიცია პარლამენტში ახლახან შევიდა და გარკვეული ფაზებია გასავლელი.
რაც შეეხება 43-პროცენტიან ბარიერს, ამ ხელისუფლების პირობებში, რასაკვირველია, ერთმნიშვნელოვანი არაფერია, მაგრამ დარწმუნებულნი ვართ, რომ თუ ყველაფერი ობიექტურად იქნება, „ოცნებას“ 43 პროცენტის აღების რესურსი არ გააჩნია, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა შიდა ფრაგმენტაცია ხდება. ამასთან, გახარიასა და ვასაძის ფაქტორებიც მუშაობს, ანუ თუ ისინი ხმებს დააგროვებენ, ეს ხმები, ძირითადად, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისგან იქნება წამოღებული.
_ გიორგი, რატომ არ უშვებთ, რომ ივანიშვილის მიზანიც, იქნებ, სწორედ ესაა, ანუ „ოცნება“ გახარია-ვასაძით ჩაანაცვლოს?
_ ნებისმიერი ჰიპოთეზა დასაშვებია, მაგრამ რაღაც პრინციპიდან უნდა ამოვიდეთ. ჩვენი პრინციპი, მიზანი და მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივში 43 პროცენტის აღება ვერ მოახერხოს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. ვადამდელის ჩატარებამდე კი საზოგადოებისთვის ცხადი უნდა გახდეს, ვინ ვის ინტერესებს ატარებს, ვინ ვის ეთამაშება და, საერთოდ, ვინ არის რეალურად ის ძალა, რომელიც ივანიშვილის რეჟიმთან ცალსახა და ერთმნიშვნელოვან წინააღმდეგობაშია.
_ ჩემი დაკვირვებით, „ნაცმოძრაობას“ ბრძოლა ორ ფრონტზე უწევს, ანუ მხოლოდ „ოცნების“ კი არა, ოპოზიციის შეტევებსაც იგერიებს.
_ რას გულისხმობთ?
_ აი, მაგალითად, გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილს ლამის ცოცხლად მარხავს. იგივე „ლელოც“ წინააღმდეგია, რომ ნიკა მელია თბილისის მერობაზე ოპოზიციის საერთო კანდიდატი იყოს. ეს კი არადა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, თუ ერთობას დასჭირდება, ენმ მზადაა, მელიას კანდიდატურა საერთოდ არ დაასახელოსო…
_ ნიკა მელიას ამოცანა ის კი არაა, ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი იყოს, მელია ბევრი რამის კანდიდატი იქნება, მაგრამ მისი მთავარი ამოცანაა, რომ ოპოზიციის ერთიანობა შენარჩუნდეს და საზოგადოებას იმის განცდა ჰქონდეს, რომ ოპოზიციური ძალები ერთი საერთო მიზნისთვის პერიოდულად იბრძვიან. თუ დანარჩენი ოპოზიცია ასეთი კანდიდატის წარმოდგენას შეძლებს, ამას „ნაციონალური მოძრაობა“ განიხილავს, რადგან ნიკა მელიას ამოცანა, წეღანდელი თქმის არ იყოს, ის არ გახლავთ, რომ აუცილებლად კანდიდატად მოგვევლინოს.
_ ნიკა მელიას პოზიცია ცნობილია, მაგრამ სხვა რამ გკითხეთ, გიორგი: ანუ ენმ-ს წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ „ოცნებასთან“ უწევს თუ ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებთანაც? ისე, ოპოზიციამ ენმ რაღაცნაირად კედელთან მიაყენა _ ყველა პარლამენტში შევიდა და თქვენს ბოიკოტს აზრიც აღარ ჰქონდა…
_ ასე არაა.
_ აბა, როგორაა?
_ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, რომ ამ ფაზაში ეს მოქმედება სწორი იქნებოდა.
_ შეიძლება, მაგრამ სხვები რომ არ შესულიყვნენ, ენმ ბოიკოტს ხომ არ შეწყვეტდა?
_ ის, რომ ვიღაცამ რაღაც ნაბიჯი ნაადრევად გადადგა, შეიძლება, სწორი არ იყო, რადგან დროს ოპოზიციისთვის შესაძლოა, უკეთესად ემუშავა, თუმცა ჩვენ იმაზე არ ვართ ორიენტირებულნი, რომ ოპოზიციონერ კოლეგებთან ვილაპარაკოთ, აი, ამ დროს ეს და ის შეგეშალათო.
ჩვენი ამოცანაა, რომ წარსულის მომენტები გვერდზე გადავდოთ, რადგან ამას მნიშვნელობა აღარ აქვს და ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ!
რაც შეეხება გიორგი ვაშაძეს, მას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თავისი განწყობა აქვს, რაც ხშირად გაუმართლებელია და არგუმენტებით არაა გამყარებული, თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენთვის გიორგი ვაშაძის საკითხები მნიშვნელოვანი არ არის.
საერთოდ, ოპოზიციაში მილიონი პარტია და ფიგურაა. ჩვენი ამოცანაა, რომ ძირითადი ოპოზიციური ძალები ივანიშვილის სისტემის წინააღმდეგ ერთიანები იყვნენ. ამასთან, ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ფუნდამენტური ერთიანობის გარეშე ამ ფესვგადგმულ სისტემასთან ბრძოლა ძალიან რთული იქნება!
ყველას, ვინც ამას ვერ აცნობიერებს და მაინცდამაინც დიდი მხარდაჭერითაც არ გამოირჩევა, თავისი გზა აქვს. ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რაც ჩვენი დღის წესრიგია. ამ დღის წესრიგში ძალით ვერავის შემოვიყვანთ და თუ ვინმეს სხვა არჩევანი აქვს, კი ბატონო, იმ არჩევნით იაროს!
მოკლედ, დარწმუნებული ვართ, რომ გაერთიანების გზა სწორი გზაა, ოღონდ იმ ძალების გაერთიანებაზეა ლაპარაკი, რომლებიც იზიარებენ, ივანიშვილის სახით ვისთან აქვთ საქმე და ამ რეჟიმთან საბრძოლველად რა ტიპის აქტიურობა და თავგანწირვაა საჭირო!
იმას კი, ვინც ამას ვერ ხვდება, პიროვნული შუღლი უფრო აწუხებს და ჭორაობითაა დაკავებული, შეუძლია, ასე გააგრძელოს!
_ გიორგი, რა ამის პასუხია და, სალომე სამადაშვილი მოღალატეა? ანუ ენმ-დან მიშელის დოკუმენტზე ხელი რომ არ მოეწერა, პროცესი შესაძლოა, სხვაგვარად განვითარებულიყო, არა?
_ მოღალატეს არავის ვუწოდებ, მით უმეტეს, სალომე სამადაშვილს! მას თავისი აზრი ჰქონდა. პირადად მე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სალომე სამადაშვილის პოზიციას არ ვიზიარებდი. არც პარტიამ გაიზიარა.
სალომე სამადაშვილმა არჩევანი გააკეთა და პარტია დატოვა. ეს პოლიტიკური არჩევანი, ჩემი აზრით, სწორი არ იყო, თუმცა მოღალატეს, რასაკვირველია, ვერ ვუწოდებ!
_ ისე, მიშელის შეთანხმებას სამადაშვილმა ენმ-ს სახელით მოაწერა ხელი და ეს დეტალი, ვფიქრობ, საყურადღებოა…
_ კი ბატონო, მაგრამ პარტია დატოვა.
_ დიახ, მაგრამ პარტია ხელმოწერის შემდეგ დატოვა…
_ გარკვეული მომენტები, შეიძლება, არის, მაგრამ ეს მისი არჩევანი და გადაწყვეტილება იყო…
_ გიორგი, ბოლოს, საერთაშორისო პოლიტიკასაც, კერძოდ, ბაიდენისა და პუტინის შეხვედრასაც შევეხოთ. წესით, ეს შეხვედრა მთავარი ამბავი თუნდაც იმიტომ უნდა იყოს, რომ საქართველო პუტინმა კი არა, ბაიდენმაც არ ახსენა. ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს „დუმილი“ საქართველოს ე. წ. ექვსთა კავშირში შეთრევის წინაპირობაა, ანუ დასავლეთმა, რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვას, საქართველოს გაწირვა ამჯობინა?
_ არა, მთავარი სხვა რამეა.
_ რა?
_ საქართველოს ბრალია, რომ ამ კონტექსტში მსოფლიოს დღის წესრიგში ვერ მოხვდა.
_ საქართველოს რატომ ადანაშაულებთ?
_ თუ საკუთარ ინტერესებს წინა პლანზე თვითონ არ წამოწევ, სხვა, რაც უნდა პარტნიორულად იყოს განწყობილი, თავს არ მოიკლავს!
გარდა ამისა, პარტნიორს უნდა, რომ შენც ისეთ სრულფასოვან პარტნიორად დაგინახოს, რომელიც კონკრეტულ პოლიტიკას პრინციპულად ახორციელებს!
_ ეს რა შუაშია?
_ ივანიშვილი პრინციპულად იმას ახორციელებს, რაც 2012 წელს თქვა.
_ 2012-ში „ოცნების“ დამფუძნებელმა რა თქვა?
_ საქართველო დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების ფაქტორი აღარ უნდა იყოსო. თუ დავაკვირდებით, „ოცნების“ მუშაობა პრინციპულად აქეთკენ მიდის, თუმცა დასავლეთი ქართველი ხალხისა და ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილის მასთან დაკავშირებულ განწყობას ხედავს.
ამიტომაც საქართველოსთან პარტნიორულ დამოკიდებულებას ისევ ინარჩუნებს, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ყველაფერ ამაში გადამწყვეტი ხელისუფლების როლია. ჩვენ კი ისეთი ხელისუფლება გვყავს, რომელმაც ამოცანად ის დაისახა, რაც 2012-ში ივანიშვილმა თქვა.
ერთი სიტყვით, გადაწყვეტილება ჩვენი მისაღებია: ისეთი ხელისუფლება გვინდა, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის საუბარში მხარეებს საქართველოს აქცენტებს დაასმევინებს. თუ მიგვაჩნია, რომ ეს საკითხები წინა პლანზე უნდა იყოს წამოწეული, მაშინ შესაბამისი ხელისუფლება უნდა გვყავდეს!
ვანო პავლიაშვილი