- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2021-06-29 07:02:32
ექსპრემიერი გიორგი გახარია პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთო, მან საკუთარი გუნდი წარადგინა და აღნიშნა, რომ „ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ“. გახარიას ივანიშვილის შესახებ კონკრეტული არაფერი უთქვამს და არც საჯაროდ გაუკრიტიკებია იგი, თუმცა ბევრი ისაუბრა კობახიძის შესახებ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მისთვის დამახასიათებელ აგრესიულ რიტორიკას იყენებს ყოფილი თანაგუნდელის მიმართ. გახარიამ და კობახიძემ ერთმანეთს კურდღლებიც უწოდეს.
ვის რა პოლიტიკური წონა აქვს და რას შეცვლის გახარიას ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში, ეს თვითმმართველობის არჩევნებზე გამოჩნდება, მანამდე კი პოლიტიკურად ცხელი წინასაარჩევნო სამზადისი გველოდება.
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „ქრონიკა+“-სთან იხსენებს, როგორ მოხვდა გახარია სისტემაში და იმასაც ამბობს, ის გახარიასთვის რაღაც ეტაპიდან უფრო პრობლემა იყო, „რადგან მე მაქვს ეჭვი, რომ ერთი კაცი (ივანიშვილი) ჩემი და გახარიას ურთიერთობაზე ძალიან ეჭვიანობდა“.
_ ბატონო გია, ექსპრემიერ გახარიამ განაცხადა, რომ „მამაჩემმა მიუტანა ჩემი სივი, გია ხუხაშვილმა მიიღო ჩემი სივი და სადღაც მიიტანა“, _ თქვენი ინიციატივით მოხვდა გახარია სისტემაში?
_ რეალურად, როგორ იყო, შემიძლია, გითხრათ: გახარიას მამამ მომიტანა ჩV იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გიორგი იმ დროს საქართველოში არ იყო. მას შემდეგ, რაც ჩამოვიდა, შევხვდი, გავესაუბრე. ჩვენ გვქონდა ბიზნეს ომბუდსმენის ვაკანსია. ბიძინა ივანიშვილს ვუთხარი მის შესახებ, შევახვედრე მას, ერთად ვისაუბრეთ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვენიშნა ომბუდსმენის თანამდებობაზე.
_ რატომ გააკეთეთ მაინცდამაინც მასზე არჩევანი?
_ პირველი იყო ის, რომ პროფესიული თვალსაზრისით კრიტერიუმს აკმაყოფილებდა და ესმოდა ბიზნესი, მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანი გახლდათ შემდეგი: საქართველოში ბიზნეს ომბუდსმენის პოზიციაზე ადამიანის გამწესება დიდ სირთულეს უკავშირდება, რადგან ვისაც ბიზნესი ესმის, ის არის რომელიმე კლანის წარმომადგენელი, შესაბამისად, რომელიმე კლანის წარმომადგენელი რომ დაგვენიშნა, სხვა დაჯგუფებებს უნდობლობის ფაქტორი ექნებოდათ. გახარია კი იყო ადამიანი, რომელსაც ესმოდა ბიზნესი, ამ მიმართულებით აინტერესებდა მუშაობა და საერთოდ არავის იცნობდა. მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვინც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გაიცნო. შესაბამისად, მისი ნეიტრალიტეტისა და სანდოობის უზრუნველყოფა მარტივი იყო, არც ერთ კლანს არ წარმოადგენდა და ეს გახდა გადამწყვეტი. პირდაპირ ვთქვათ: გახარია სისტემაში რომ აღმოჩნდა, ეს ნამდვილად ჩემი ინიციატივაა. ჩათვალეთ, რომ მე დავნიშნე და მე შევიყვანე სისტემაში, თუმცა მის შემდგომ კარიერულ სვლაში მონაწილეობა არ მიმიღია. მან ეს კარიერა სისტემის შიგნით საკუთარი ინტელექტისა და თვისებებიდან გამომდინარე გაიკეთა. შეიძლება ითქვას, რომ გახარიასთვის რაღაც ეტაპიდან უფრო პრობლემა ვიყავი, რადგან მაქვს ეჭვი, რომ ერთი კაცი (ივანიშვილი, _ რედ.) ჩემი და გახარიას ურთიერთობაზე ძალიან ეჭვიანობდა. ერთი ძალიან ეჭვიანი ადამიანია, გვარს არ დავასახელებ.
_ „ქართული ოცნებისთვის“ გახარიას ფაქტორი შესაძლოა თუ არა აღმოჩნდეს ერთგვარი პრობლემა თვითმმართველობის არჩევნებზე?
_ გახარია უკვე არის პრობლემა „ქართული ოცნებისთვის“ და ეს მათ ისტერიულ ტონში ჩანს კიდეც. ისინი ცდილობენ, რომ გახარია ამ კინკლაობაზე გამოიწვიონ და იმის იმედით, რომ რესურსები მათ მხარეს განუზომლად დიდია, ამით გადატეხონ ყველაფერი. ჩვენ ვხედავთ შეურაცხყოფის ზღვარზე გაკეთებულ განცხადებებს. ისეთი ზომიერი ადამიანი, როგორიც სერგეენკოა, ითხოვს, რომ გახარიამ კითხვებზე პასუხი გასცეს, თითქოს თვითონ ხელისუფლების ყველა კითხვაზე პასუხი აქვს გაცემული და საზოგადოების წინაშე უმწიკვლოა. ვფიქრობ, გახარია სწორად იქცევა, როდესაც ინარჩუნებს სტრატეგიულ მოთმინებას. საერთოდ, კარგი მოთამაშე კოზირებს პროცესის ბოლოსთვის ინახავს. როდესაც რესურსი შეზღუდული გაქვს, თუ ახლა დახარჯე ყველაფერი, არჩევნებამდე შეიძლება აღარც მიგყვეს. გახარიას ამომრჩევლის იმ სეგმენტზე აქვს პრეტენზია, რომელიც არის „ქართული ოცნების“ ე. წ სამობილიზაციო ამომრჩეველი. ხელისუფლება მას აიძულებს ხოლმე ნეგატიური არჩევანის გაკეთებას, ანუ ტოვებს ბიძინასა და მიშას შორის არჩევანის პირისპირ და ცუდსა და უარესს შორის ისევ აირჩიოს ბიძინა. ამ ორპოლუსიანობის გარღვევაზე, აბსოლუტურად საფუძვლიანად, პრეტენზია აქვს გახარიას. ზუსტად ამის ეშინია „ქართულ ოცნებას“, რადგან ამ ნეგატიურ არჩევანზე ორიენტირებული სამობილიზაციო ელექტორატის გარეშე ის ხელისუფლებას ვერ ინარჩუნებს, ეს ელემენტარული არითმეტიკით დგინდება. ამიტომ მმართველი გუნდი თავის კონკურენტად დღეს ოპოზიციას კი არ მიიჩნევს, რომელსაც ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა ებრძოლოს და ეთამაშოს კატა-თაგვობანა, არამედ პრობლემად დღეს აღიარებს გახარიას. განსაკუთრებით, კობახიძე აქტიურობს, ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ბუჩქებში იჯდა და ერთი დღე პოლიტიკაში არ უბრძოლია, პირდაპირ ვიღაცამ აიყვანა და ხელისუფლებაში დასვა. სხვებს მოიხსენიებს კურდღლებად. საერთოდ, კურდღელი ყველაზე ხმამაღლა ყვირის ხოლმე სხვაზე, რომ სხვაა კურდღელი. ამ ნაწილში მახსენდება საბავშვო მულტფილმი „ზოოტოპია“, სადაც კურდღელია პოლიციელი, მაგრამ ამათგან განსხვავებით ის დადებითი გმირი იყო.
_ როგორც სატელეევიზიო ინტერვიუებიდან ირკვევა, კობახიძესა და გახარიას შორის მართლაც იყო დაპირისპირება. იმით, რომ გახარიას გადადგომა მოუწია, შეიძლება ითქვას, რომ კობახიძემ გაიმარჯვა?
_გააჩნია, რა პრიზმაში ვხედავთ პროცესს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ შიგა პარტიული გაგებით, კობახიძე კი არ გამოვიდა გამარჯვებული, არამედ მამამ (ივანიშვილმა, _ რედ.) შვილებს შორის კობახიძე დანიშნა საყვარელ შვილად. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუდმივად კობახიძე იქნება საყვარელი შვილი, რადგან მამას საკუთარი პრობლემები უფრო აწუხებს, ვიდრე _ შვილების. მას შეუძლია, ყოველდღე სხვადასხვა შვილი დანიშნოს საყვარელ შვილად. მე მეჩვენება, რომ გახარიასაც, მიუხედავად იმისა, რომ თავის პოლიტიკურ ძმებს უპირისპირდება, საბოლოო ჯამში, მაინც აქვს პრეტენზია საყვარელ შვილობაზე. ამ ეტაპზე, ალბათ, არა, რადგან მას სურს მამას დაუმტკიცოს, რომ ის უფრო მაგარია, ვიდრე სხვა შვილები და ის არის ნამდვილი მემკვიდრე. ამას სჭირდება შედეგის დადება და რეალური პოლიტიკური კაპიტალის შექმნა. არა რეიტინგის, არამედ კონკრეტული შედეგის სახით ადგილობრივ არჩევნებზე. გახარია რომ ამ შედეგს დადებს, შემდეგ ნუ გამოვრიცხავთ, რომ შვილი ოჯახში დაბრუნდეს.
_ ის, რომ გახარიას კვლავ სურს, ივანიშვილის „საყვარელი შვილი“ იყოს, ხომ არ დასტურდება იმით, რომ ის საჯაროდ არ აკრიტიკებს ივანიშვილს და ეს არის თუ არა სტრატეგიული შეცდომა?
_ არ მგონია შეცდომა. გახარიას ზუსტად აქვს განსაზღვრული, რომელ სეგმენტზე მუშაობს. ის, ვისაც არ მოსწონს, რომ გახარია ივანიშვილს არ ეხება, ეს ხალხი ისედაც არ არის მისი ამომრჩეველი. ეს ის ხალხია, ვინც ფიქრობს, რომ გახარია არის თვალთხარია და უნდა, რომ გახარიამ ილაპარაკოს, რა ხდებოდა მაშინ. ამ ხალხზე მუშაობას აზრი არ აქვს, რადგან ეს ხალხი გახარიას ამომრჩეველი არ არის. გახარია კი საკუთარ ამომრჩეველს ელაპარაკება, რომელიც არის ე. წ. სამობილიზაციო ელექტორატი, რომელსაც არ სურს წარსული „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, არ მოსწონს აწმყო „ქართული ოცნების“ სახით, ეძებს მომავლის არჩევანს. მათი ფსიქოტიპი ასეთია, რომ მოსწონთ, როცა გახარია პირად ემოციებზე მაღლა დგება, ანუ ის უფრო ღირსეულად იქცევა, ვიდრე მისი პოლიტიკური ოპონენტები, კობახიძე თუ სხვები, რომლებიც მუდმივად უტევენ, ის ამ საბრძოლო ტატამზე არ ადის. ეს გახარიას მხრიდან პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისითაც ძალიან სწორია, რადგან ამ იაფფასიან კინკლაობაში არ შედის და ოპონენტებზე უკეთესად გამოიყურება. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გახარია არასდროს გამოიყენებს თავის ჯოკერებს. როდის, როგორ დასჭირდება, ისე მოიქცევა. ეკონომიური უნდა იყოს, რადგან ყველა ზარბაზნიდან რომ გაისროლოს, ბოლოს აღარაფერი დარჩება და არჩევნებზე შედეგი როგორ უნდა დადოს? სტრატეგიული მოთმინება, როგორც ემოციურად, ასევე პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისით, მისი ყველაზე სერიოზული იარაღია და ზუსტად ამის გამო ვარდებიან „ქართული ოცნების“ ე. წ. ლიდერები ისტერიკაში. ჩვენ ვხედავთ, კობახიძემ დაარღვია ტაბუ და ტელევიზიიდან ტელევიზიაში დარბის, იმ ტელევიზიებში, რომლებსაც პარტიულს ეძახდა სულ ცოტა ხნის წინათ. მას ასევე სხვა პრობლემებიც აქვს, გაუჩნდა ეჭვი, რომ შეიძლება ხვალ-ზეგ მანაც დაკარგოს საყვარელი შვილის სტატუსი. ამაზე ვრცელდება ინფორმაცია იგივე პარტიის ყრილობასთან დაკავშირებით. ამიტომ ის ახლა ცდილობს, მაქსიმალურად იაქტიუროს, როგორც გახარიასთან, ასევე ნებისმიერ სხვა ფრონტზე, რომ მამიკოს დაუმტკიცოს, სასიცოცხლოდ აუცილებელია მისი არსებობა, მაგრამ ვფიქრობ, სიზიფეს შრომას ეწევა, რადგან სისულელეს სისულელეზე აკეთებს, _ ეს ძალიან კარგად ჩანს მის ბოლო გამოსვლებში.
_ ის, რომ გახარია არ დაუპირისპირდა ივანიშვილს, მის პოტენციურ ამომრჩეველში ხომ არ გამოიწვევს ეჭვს, რომ იგი ივანიშვილის პროექტია და თუ იწვევს, იქნება თუ არა ეს ხელის შემშლელი ფაქტორი?
_ ასეთი ეჭვი რომც იყოს, ამ ამომრჩეველს ესეც კი აწყობს. გახარია ივანიშვილის პროექტი არის თუ არა, ის მაინც მისაღებია, რადგან ბიძინასა და მიშას შორის ეს ხალხი არჩევანს ყოველთვის ბიძინაზე აკეთებდა. იმიტომ კი არა, რომ ბიძინა მოსწონდა, არამედ იმიტომ, რომ მათ ისევ აწმყო ურჩევნიათ წარსულში დაბრუნებას. ასე აზროვნებს ის ხალხი, შესაბამისად, ამ ადამიანებისთვის ასეთი შეთქმულების თეორიაც კი უფრო მისაღებია, ვიდრე სხვა ალტერნატივა, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნება. შესაბამისად, გახარია დღეს საერთოდ არ არის ოპოზიციის კონკურენტი. და გახარიას ელექტორალური კვეთა, უბრალოდ, არ აქვთ, პირიქით სიტუაციური მოკავშირეები არიან. ერთ ამოცანაზე მუშაობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 43%-იანი ბარიერი ვერ გადალახოს. ოპოზიციას არ უნდა ეშინოდეს იმის, რომ გახარიამ შეიძლება იმდენი აკრიფოს, მერე ვეღარ შეაკავოს. გახარიას ელექტორატი იზომება 10%-ით, ეს არის ზუსტად ის კრიტიკული რაოდენობა, რაც ძალაუფლებას ართმევს ბიძინას. გახარია ოპოზიციის სიტუაციური მოკავშირეა, მაგრამ სტრატეგიული მოწინააღმდეგეა. ადგილობრივი არჩევნების შემდეგ თუ მივიღეთ მოცემულობა, რომ დაინიშნა რიგგარეშე არჩევნები, რომელზედაც გარდაუვალი იქნება პოსტსაარჩევნო კოალიციების ფორმირება, რადგან ვერც ერთი პარტია ექსკლუზიურად ხელისუფლებაში ვერ მოვა, იმ ეტაპზე უკვე ვფიქრობ, გახარია პოსტსაარჩევნო კოალიციის კუთხით, უფრო იბრძოლებს საკუთარ „მამასთან“ (ივანიშვილი, _ რედ.) დაბრუნებისთვის, ვიდრე კიეველი „მამის“ (სააკაშვილი, _ რედ.) ორბიტაზე აღმოჩენისთვის.
_ რამდენად გაჯანსაღდა პოლიტიკური პროცესი მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ პარლამენტში საკუთარი ადგილი დაიკავა და რას ცვლის „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა პოლიტიკური კლიმატის კუთხით?
_ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ეს იყო რუსული საპარლამენტო მოდელი, სადაც ერთი დომინანტი პარტია არსებობს და არის დემოკრატიული ფასადის შემქმნელი პოლიტიკური დაჯგუფება. შემოდგომაზე არჩევნებია და მე მაინც ველოდები, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სერიოზულ სიმწვავეს შეიტანს საარჩევნო გაგებით და გარკვეული დინამიკა აიკრიფება. გასაგებია, რომ ახლა დაპაუზებულია ყველაფერი, თან ცხელა. როცა გარეთ ცხელა, პოლიტიკაში შედარებით გრილდება ხოლმე. ჩვენი პოლიტიკა ტემპერატურის უკუპროპორციულია, მაგრამ არ მგოინია, რომ ეს სიმშვიდე დიდხანს გაგრძელდეს. „ნაციონალური მოძრაობა“ დაიწყებს აქტიურობას. იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ობსტრუქციის ელემენტებიც შემოვიდეს საპარლამენტო ცხოვრებაში, რაც გასაგებიც არის. ობსტრუქცია ერთ-ერთი პოლიტიკური ილეთია და ყველა ქვეყანაში გამოიყენება. მთავარია, თავპირი არ დაალეწონ ერთმანეთს. გასაგებია, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან არაკომფორტული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა. მათი მოდელი ყველაფრის რუსულ თარგზე მოჭრა იყო და მათ აწყობდათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ არ შესულიყო პარლამენტში, რადგან მულტიპარტიულობის ამოცანა მათ სხვა პარტიების ხელით შეასრულეს. მათ უნდოდათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაეტოვებინათ არასისტემურ ოპოზიციად, ეს რუსული ტერმინია, რომელსაც იყენებდნენ „ქარული ოცნების“ ე. წ. ლიდერები, თალაკვაძე, მათ შორის. მაგალითად, ნავალნის, რომელსაც ყველაზე დიდი ელექტორატი ჰყავს რუსეთში, არასისტემურ ოპოზიციას უწოდებენ. ასე რომ, „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეთ დატოვება და თამაშიდან გაყვანა აწყობდა, მაგრამ მათ მიიღეს სწორი გადაწყვეტილება და პარლამენტში შევიდნენ. რაც შეეხება იმას, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერენ, ესეც დროებითი მოვლენაა. ხელის არმოწერის მიზეზი ამნისტიის შესახებ კანონია, სადაც სხვადასხვა ინტერპრეტაციაა. ისინი ასე ფიქრობენ და სწორიც არის, რომ ხელს თუ მოაწერენ ამ დოკუმენტს, ამის შემდეგ „ქართულმა ოცნება“ ეს კანონი იმ სახით რომ მიიღოს, რა სახითაც უნდათ, მელიას მორალური პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთება. გამოვა, რომ მელია დაზარალებულების ხარჯზე გამოდის ციხიდან. მელიამ ეს დილემა დაზარალებულების სასარგებლოდ გადაწყვიტა, მან თქვა, რომ თუ ასეთი სახით მიიღება ამნისტია, ამის წინააღმდეგია. ეს მორალური დილემა, რომლის წინაშეც ხელისუფლება ვირეშმაკულად ცდილობდა, მელია დაეყენებინა, მელიამ დაზარალებულების სასარგებლოდ გადაწყვიტა. შესაბამისად, მაქვს მოლოდინი, რომ როგორც კი ამნისტიის თემა დაიხურება ან ისე, ან ასე, დოკუმენტზე ხელმოწერას წინ არაფერი აღუდგება. ამ მორალური პასუხისმგებლობის „შეტენა“, რასაც ხელისუფლება ცდილობს, მელიას არ უნდა და აბსოლუტურად სწორად იქცევა.
_ გახარიას ფაქტორითა და იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაზედაც ვისაუბრეთ, დღევანდელი გადმოსახედიდან რა პერსპექტივა აქვს რიგგარეშე არჩევნებს? შეძლებს „ქართული ოცნება“ ადგილობრივ არჩევნებზე 43%-ის აღებას?
_ თუ გახარიამ ფატალური შეცდომები არ დაუშვა და მიზნობრივი ელექტორალური სეგმენტის მოზიდვა შეძლო, დაასტაბილურა თავისი პოლიტიკური წონა და ეს საპნის ბუშტივით არ გასკდა, რისი ბევრი პრეცედენტიც გვინახავს ქართულ პოლიტიკაში, შესაძლებელია, რიგგარეშე არჩევნები რეალური იყოს. ჯერ გახარიას რეიტინგი არის ე. წ. მოლოდინის რისკი: რაც უფრო დიდია მოლოდინი, რისკი იმისა, რომ ეს დიდი მოლოდინი დიდ იმედგაცრუებაში გადავა, აგრეთვე დიდია. გახარიამ თუ მოახერხა ამ განსაწმენდელის მინიმალური დანაკარგებით გადალახვა, ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ სერიოზული პრობლემა აქვს. ოპოზიციასაც უნდა ესმოდეს, რომ დღეს გახარია რაც უფრო მეტად გაძლიერდება, ეს მათივე სტრატეგიული ამოცანის შესრულებაზე მუშაობს. არ ვამბობ, რომ უნდა ჩაეხუტონ და შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე ეძახონ, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან სწორი ტონი ასეთი უნდა იყოს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ხელისუფლების მხრიდან დანაშაულზე, ეს არის ხელისუფლების დანაშაული, რომლის ერთ-ერთი თანამონაწილე და შემსრულებელიც გახარია იყო, მათ შორის, ხაზარაძეზე წერილის გადაცემა იქნება ეს თუ 19-21 ივნისის მოვლენები. ოპოზიციამ უნდა თქვას, რომ გახარია, რა თქმა უნდა, დამნაშავეა, მაგრამ ის არ არის მთავარი დამნაშავე და ჩვენი სამიზნეა ხელისუფალი, რომელიც გახარიასა და სხვებს ამ ყვლაფერს აკეთებინებდა. ეს იქნება სწორი ტონალობა. ხელისუფლება ეცდება, ყველა თავისი დანაშაული და ცოდვა გახარიას „ჩაუდოს“. ეს მცდელობები უკვე არის, კობახიძე აცხადებს, რომ თურმე გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში ცუდად ჩაატარა სპეცოპერაციები. ოპოზიცია ამ ხაფანგში არ უნდა გაებას, მან უნდა თქვას, რომ ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ დანაშაულია, გახარიას ამაში აქვს თავისი წილი და ამისთვის მოეთხოვება, მაგრამ იმ თამაშში შემსვლელები არ ვართ, რომ თითქოს გახარიას ბრალი ყოფილა ყველაფერი და საბოლოოდ გამოვა, რომ ხელისუფლება თეთრი და ფუშფუშა ყოფილა, _ ეს უნდა თქვას ოპოზიციამ.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ გახარია სტრატეგიულ მოთმინებას იჩენს და კოზირებს ინახავს, მათ შორის, შესაძლოა, ეს იყოს 2 ივნისის თემაც, თუ ვინ გასცა ბრძანება? განსაკუთრებული ინტერესი საზოგადოების მხრიდან, სწორედ, ამ თემის მისამართითაა.
_ შესაძლოა. დარწმუნებული ვარ, მას აქვს კოზირები. როგორ შეიძლება პრემიერ-მინისტრი იყო და კოზირები არ გქონდეს? ასეთი კოზირები სხვებსაც აქვთ, მეც მაქვს. მე ძალიან სერიოზული ინფორმაციის მატარებელი ვარ, შესაძლოა, არანაკლები ინფორმაციის მატარებელი ვიყო, ვიდრე _ გახარია. როცა ხელისუფლის ან კონკრეტული ადამიანის შესახებ კომპრომატია, არსებობს თამაშის წესები, როცა ამას არ აკეთებ, მაგრამ როცა მიდიხარ პოლიტიკაში, ვეღარ იტყვი, რომ ამ ინფორმაციას არასდროს გააჟღერებ, რადგან პოლიტიკამ შეიძლება, იძულებული გაგხადოს, რომ ეს კოზირები გადმოაგდო.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ მსგავსი პოლიტიკური კოზირები თქვენც გაქვთ. რას ეხება ისინი და რა შემთხვევაში აპირებთ მათ გამოყენებას?
_ ყველაფერს ეხება. მე პირველ წლებზე („ქართული ოცნების“ ხელისულებაში მოსვლის) ვიცი ბევრი რამ, რაც შეიძლება ძალიან სკანდალურია, მაგრამ ვიცავ ადამიანურ ზღვარს. არსებობს რაღაც დამოკიდებულებები და მე ეს მიჭირავს. პირველი წითელ ხაზს არასდროს გადავკვეთ. თუ ოპონენტებმა გადაკვეთეს, მერე შეიძლება ვუპასუხო კიდევაც.
_ საკითხი, აიღებს თუ არა „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ს, პირდაპირ გახარიასთან არის კავშირში?
_ ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი 43%-ის თემაში დღეს არის გახარია. გარკვეულწილად, არის ვასაძეც, რადგან ისიც ართმევს გარკვეულ ელექტორატს „ქართულ ოცნებას“, იმ შემთხვევაში, თუ აკრიფა საერთოდ რამე და დარჩა რუკაზე. „ქართული ოცნების“ სამობილიზაციო ელექტორატის შემკვრელი იყო ბიძინა ივანიშვილი, მას არ ჰქონდა არანაირი იდეოლოგია, ის ისრუტავდა ყველას: ლიბერალს, ათეისტს, კონსერვატორს. საერთოდ არ ჰქონდა არავისთან პრობლემა. ერთადერთი ფასეულობა იყო მისთვის ძალაუფლება და ძალაულების მოპოვების ამოცანის ირგვლივ ფაშისტსა და ლიბერალს ერთად აერთიანებდა, საერთოდ არ ჰქონდა არანაირი პრობლემები. კობახიძე ლიბერალობასა და ევროპულ ფასეულობებზე რომ დებს თავს, არანაირი პრაიდი არ უნდა შედგესო, განაცხადა. ასეთები არიან, არანაირი ფასეულობათა სისტემა არ გააჩნიათ. ევროპაზე საუბრობენ, მაგრამ, რეალურად, ევროპა მათთვის გეოგრაფიული კატეგორიაა და არა ფასეულობების კატეგორია. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა დისტანცირება, დაიწყო ამ აჯაფსანდალის სეგმენტაცია ინგრედიენტებად. ბიძინა ივანიშვილის ამ კრებითმა ელექტორატმა იდეოლოგიური ნიშნით დაიწყო დაშლა სამ ძირითად სეგმენტად: ულტრაკონსერვატიული, ზომიერი და ცენტრი, რომელშიც ადმინისტრაციული რესურსი მოიაზრება, ასევე „მედროვეები“, რომლებიც ყოველთვის ხელისუფლებასთან არიან. ეს ცენტრი დარჩება „ქართულ ოცნებასთან“, ზომიერები უფრო ორიენტირებულები არიან გახარიაზე, ხოლო ულტრაკონსერვატიულ ფრთაზე ვასაძე რაღაცას ცდილობს.
ნენე ინჯგია