- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2021-06-23 07:06:28
სასულიერო პირებისგან დამცინავი, შეურაცხმყოფელი ტონი საზოგადოებაში აღარავის უკვირს. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაში საპატრიარქოს ინსტიტუცია ნდობის მაღალი ხარისხით რომ სარგებლობს, ეს უკვე დიდი ხანია, გარკვეულია. ამის გამო კი იმ შედეგამდე მივედით, რომ საქართველოს მოსახლეობა დაიყო ბანაკებად, მორწმუნეთა და არამორწმუნეთა. მორწმუნეებს ერთადერთი მოსაზრება განუვითარდათ _ თუ ვინმე კრიტიკულადაა განწყობილი საეკლესიო თემების მიმართ, ისინი ურწმუნონი და ღვთისგან შორს მყოფნი არიან, თუ ვინმემ ცუდი თქვა რომელიმე მოძღვარზე, ისინი ანათემისთვის უნდა გამზადდნენ ან კუნთიანმა სტიქაროსნებმა უნდა დაურეკონ, დააშინონ, დაემუქრონ და უკიდურეს შემთხვევაში _ სცემონ.
ბევრჯერ მომისმენია მორწმუნე ადამიანებისგანაც, რომ მამაოები უკვე ზღვარს სცდებიან და ეს არ მოსწონთ, მაგრამ ამას ხმამაღლა ვერ იტყვიან. ზოგიც ერთი უკიდურესობიდან მეორეშია გადავარდნილი და მღვდლების ქონებასა და მანქანებს დასდევს, არადა, ამ დროს საერთოდ სხვა პრობლემებია ეკლესიასა და საზოგადოებას შორის. პრობლემები, რომლებიც ან დამალულია, ან ჩუმად, სხვადასხვა ხერხით იჩქმალება.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობენ, მამაოების თემაზე ააგორონ ჭორები ან ეკლესიას შეულახონ რეპუტაცია (ან სიმართლეა ის, რასაც ამბობენ, ან _ არა), არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფაქტებით საუბრობენ.
რამდენიმე დღის წინ ქობულეთის სასულიერო სკოლის კურსდამთავრებული, თამუნა ხახუტაიშვილი, „ფეისბუკზე“ შემდეგი შინაარსის პოსტს წერდა:
„ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც მე-8 კლასში გადავედი კირიონ მე-2-ის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში. სრულიად უცხო სახეები, ჩემთვის უცხო ქცევები, დამცირებები, აცრემლებული თვალები, მამის საფლავთან მწარე ტირილი და დედისთვის ტყუილის თქმა, რომ არაფერი მიჭირდა…“
ასე იწყება, პოსტი რომლის შინაარსიც გვეუბნება, რომ ამავე სკოლის კურსდამთავრებული სასულიერო სკოლის მასწავლებლებისგან, მოსწავლეებისგან და, არც მეტი არც ნაკლები, სკოლის ხელმძღვანელი მამაოებისგან ბულინგის მსხვერპლი იყო. პოსტში ვკითხულობთ, რომ საკონტროლო წერაში მიღებული დაბალი ქულის შემდეგ დაწყებული დაპირისპირება გაგრძელდა მამაოებისგან საშინელი და გაუგონარი შინაარსის სიტყვებით.
„პლიტასთან“ ვიდექი, ცრემლები თვალებიდან უკითხავად ცვიოდა, მინდოდა, მიწა გამსკდარიყო და შიგ ჩავვარდნილიყავი, რისთვის? მსიმართლე რომ დამემტკიცებინა! სამყარო თავზე დამამხო, მიყვიროდა და მაგიდაზე ხელებს ურტყამდა, რაც მაშინებდა და მანადგურებდა. მამაო ამბობდა, რომ ჩემს გაჩენაში თვით ღმერთმა შეცდომა დაუშვა…“
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, პოსტში ვკითხულობთ, რომ სასულიერო სკოლის ხელმძღვანელი, მამა გაბრიელ ჟღენტი, ასეთი შეურაცხმყოფელი იყო მოსწავლესთან. შემდეგ ნაწილში სხვა მამაო ფიგურირებს, მამა მიქაელი, რომელიც მოსწავლეს ემუქრებოდა და ეუბნებოდა, რომ ამბავი თუ გარეთ გავიდოდა, მას არავინ დაიცავდა:
„ყველაზე სასაცილო, რაც იმ მომენტში მესმოდა, ეს იყო მუქარა მღვდლისგან, რომ თუკი აქ მომხდარ თითოეულ სიტყვას კარს იქით ვიტყოდი, მე არავინ დამიცავდა და რომ მას ჰქონდა ძალაუფლება…“
და პოსტის დასასრული იყო შემდეგი: თავიდანვე გარიყული მოსწავლე როგორ გარიყული დარჩა მუდმივად და ის ბოლო ზარზეც კი არ მიიპატიჟეს:
„24 მაისი, ბოლო ზარი, ეს დღე ჩემ გარდა ყველა ჩემმა კლასელმა აღნიშნა, მე კი არაფერი მითხრეს. დამტოვეს ამ მოგონების გარეშე და მაგრძნობინეს, რომ მათთვის არაფერს წარმოვადგენდი და არც ეს დღე უნდა მეზეიმა. სრული პანიკა მქონდა, როცა ვნახულობდი მათ ღიმილიან სახეებს, მათ სამოსებზე წარწერებს, მე კი სახლში ვიჯექი და ველოდებოდი, თუ როდის შემომთავაზებდნენ მათთან ყოფნას. დამრიგებელ სოფო რომანაძეს დავურეკე და ვკითხე, თუ რატომ აღნიშნეს ჩემი გამოკლებით სკოლის დამთავრება? მან კი მიპასუხა: „ყველა არ ყოფილა და თან ვიწრო წრეში უნდა აღნიშნულიყო პანდემიის გამოო“. მე შევძელი და გადავიტანე“, _ ასე სრულდება ქობულეთის სასულიერო სკოლის კურსდამთავრებულის ფეისბუკპოსტი.
„ქრონიკა+“ ამბის დასაზუსტებლად პოსტის ავტორს, თამუნა ხახუტაიშვილს რამდენჯერმე დაუკავშირდა. მან ჩვენს სატელეფონო ზარებს, სამწუხაროდ, არ უპასუხა.
ამბის გადასამოწმებლად „ქრონიკა+“ სასულიერო სკოლის ხელმძღვანელ მამა გაბრიელ ჟღენტს დაუკავშირდა:
_ მამა გაბრიელ, რამდენიმე დღის წინ თქვენმა კურსდამთავრებულმა პოსტი დადო, სადაც სკოლის ადმინისტრაციას ბულინგსა და შევიწროებაში ადანაშაულებს. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს?
_ არა, არა, ეს შეცდომა იყო, შენდობა ითხოვა…
_ მაშინ პოსტი რატომ დაწერა ან რატომ წაშალა შემდგომ?
_ არ ვიცი არაფერი, ეს ბავშვი 3 წლის წინანდელი კურსდამთავრებულია, ჩვენს სკოლას და ჩვენს ურთიერთობას მსგავსი მიმართულება ამ ბავშვთან არ ჰქონია.
_ ე. ი. თქვენ ამბობთ, რომ შეცდომა იყო?
_ არა, არა, ძმაო, შეგეშალათ, ჩემო კარგო…
„ქრონიკა+“-ს წყარო უყვება, რომ თამუნას ძმა იყო მისული სკოლაში:
„მისი ძმა იყო მოსული და მის დას დებილი და გიჟი ეძახა, მამაოებმა დაავალეს, რომ პოსტი წაშლილიყო, თამუნამ პოსტი რამდენიმე დღეში გააქრო სოციალური ქსელიდან“.
„ქრონიკა+“ პოსტში ნახსენებ მეორე მოძღვარს, მამა მიქაელს დაუკავშირდა:
_ მამა მიქაელ, ადასტურებთ თუ არა პოსტში ხაზგასმულ ბრალდებებს? შეესაბამება ეს ყველაფერი სიმართლეს?
_ ჩვენ სერიოზულადაც არ მიგვიღია ეს ყველაფერი. რაღაცას ყური მოვკარი ჭორის დონეზე, თავად მე არ მინახავს. როგორც რამდენიმე კურსდამთავრებულმა აღნიშნა, საერთოდ ასეთი რაღაც არამცთუ რეალობაში, არამედ ჩანაფიქრშიც არ ხდება. ტყუილი იყო.
_ გოგონამ პოსტი მალევე წაშალა, როგორც წყარო გვიყვება, მისი ძმა იყო სკოლაში დაბარებული და პოსტის წაშლა მოძღვრებმა დაავალეთ?
_ არ ყოფილა, არანაირი შეხება არ გვქონია, როგორც მითხრეს, თვითონ წაშალა ეს პოსტი, რადგან ძალიან მწვავე გამოხმაურება მოჰყვა თვითონ კურსდამთავრებულებისგან და სკოლის ახლანდელი მოსწავლეებისგან. საერთოდ, არანაირ სიმართლესთან არ ჰქონდა შეხება. ზუსტად არ ვიცი პოსტის შინაარსი, სერიოზულად არც მიმიღია და არც მიმიქცევია ყურადღება. ხედავთ, დღევანდელ პერიოდში თითქოს მოდად იქცა ეკლესიისა და მღვდელმსახურების ლანძღვა-გინება, სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ამის წახალისება ხდება, ძალიან ცუდი ტენდენციაა, თუმცა ღმერთმა ხომ იცის ყველაფერი.
_ მამა მიქაელ, ბავშვი მე-8 კლასიდან დაწყებულ პრობლემებზე საუბრობს. ნუთუ, ამდენი რაღაცის მოტყუება შესაძლებელი იყო?
_ ეს ბავშვი, როგორ ვიცი, მერვე კლასში გადმოვიდა. ჩვენ არ ვღებულობთ, ზოგადად, მაგრამ რაღაც მერე თხოვნა იყო, რომ სკოლაში დათრგუნული იყო და პრობლემები ჰქონდა და მაგის გამო მივიღეთ.
_ ბავშვი თქვენ გადანაშაულებთ, ამბობს, რომ მამა მიქაელი დამემუქრა, თუ ამბავს გარეთ გავიტანდი, კარგი დღე არ დაადგებოდა…
_ ასეთი რაღაც არ გამიგია, სიმართლე გითხრათ. ბავშვები კი მიყვებოდნენ, მაგრამ ისეთ რაღაცებს ამბობდა, რომ ყველაზე ცუდი მღვდელმსახურიც არ ეტყვის ამას ადამიანს, რადგან ბავშვისა და საზოგადოების წინააღმდეგ ნათქვამი კი არ გამოდიოდა ეს ყველაფერი, ელემენტარული ცოდნა ყველას გვაქვს და ღვთის საწინააღმდეგოს ასე აშკარად არ ვიტყვით… ზოგადად, ასეთი რაღაც არ თქმულა საერთოდ.
თამუნა ხახუტაიშვილის დამრიგებელი, სოფო რომანაძე, „ქრონიაკ+“-სთან უარყოფს მოსწავლის წაყენებულ ბრალდებას:
_ ეს არ იყო ბანკეტი, ეს იყო ერთ-ერთი უბრალო შეკრება მოსწავლის ოჯახში, სადაც დღემდე იკრიბებიან ბავშვები. მეტი არაფერი. მე შემიძლია, მოგცეთ ფოტოები, როდესაც მთლიანმა კლასმა პარაკლისი გადაიხდა. ეს ბავშვი იყო თეთრი პერანგით, წარწერებიც გააუკეთეს იმ დღეს ერთმანეთს, ბანკეტი კლასს არ ჰქონია პანდემიიდან გამომდინარე. ეს იყო და ეს. დღემდე, როცა ერთმანეთს ვხვდებით, ძალიან თბილად ვართ განწყობილი. არ ვიცი, რა დაემართა, რატომ დაწერა ეს პოსტი. იმდენად მეუხერხულება ჩემს სკოლასთან, ჩემს ბავშვებთან და მასთანაც, რადგან მართლა არ მომხდარა მსგავსი ფაქტი.
„ქრონიკა+“ ხახუტაიშვილის ძმას დაუკავშირდა:
_ თუ თქვენი და ბულინგის მსვერპლი იყო, რატომ არ ჰქონდა ოჯახს რეაქცია სკოლაში სწავლის პერიოდში? გიყვებოდათ თუ არა ბავშვი სკოლაში ყოფნის დროს პრობლემებზე, რომლებზედაც ახლა დაიწყო საუბარი?
_ არ მსურს ამ თემის შესახებ კომენტარის გაკეთება.
ბრალდებების ავტორი ჩვენს ზარებს რამდენიმე დღის განმავლობაში არ პასუხობდა, ფოტოები კი კლასის საერთო შეკრებიდან ადასტურებს, რომ თამუნა მათთან ერთად იმყოფებოდა. საინტერესოა, რა გახდა მიზეზი პოსტის დადების, რომელიც ბრალდებებით იყო გაჯერებული ქობულეთის სასულიერო სკოლის წარმომადგენლების მიმართ ან წაშლის მიზეზი? _ ამაზე პასუხები თამუნა ხახუტაიშვილისგან ვერ მოვისმინეთ.
„ქრონიკა+“-ს ასევე უნდა ეკითხა მისთვის, როცა ის აღნიშნავს, რომ ბოლო ზარი არ ჰქონია, ხოლო ფოტოები საპირსპიროს ადასტურებს, რით ხსნის ამას და თუ შეაშინეს და პოსტი სამღვდელოების დავალებით წააშლევინეს, რატომ არ იღებს ხმას?!
საინტერესოა, საბოლოოდ სამღვდელოებასთან მიგვიყვანს ძიება თუ, უბრალოდ, „განაწყენებულ“ მოსწავლესთან?!
პრობლემის გადაჭრის ხერხი კი, სამწუხაროდ, არ ჩანს, _ სკოლა უარყოფს ბრალდებებს, ხოლო ბრალდებების ავტორი დუმს და ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
საზოგადოება განსჯის, ეს იყო სკოლის მიერ დაბულინგებული მოზარდი თუ „განაწყენებული“ ბავშვის პოსტი, რომელმაც იგი 2 დღეში წაშალა..
„ქრონიკა+“ აგრძელებს თემაზე მუშაობას. დამატებითი დეტალების შემთხვევაში ინფორმაციას შემდეგ ნომრებში გაგაცნობთ.
ზუკა ნემსაძე