- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2021-06-21 08:32:42
ბოიკოტის შეწყვეტის შემდეგ ოპოზიციამ სავალალო მდგომარეობაში ჩაიგდო თავი. მათ თავიანთი უპრინციპობით ბევრი მხარდამჭერი დაკარგეს. მხარდამჭერების დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას „ნაციონალური მოძრაობაც“. სამოქალაქო აქტივისტი ოთარ კვირიკაშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიციის რეიტინგის ვარდნა ხელსაყრელ ფონს უქმნის ლევან ვასაძესა და გიორგი გახარიას. კვირიკაშვილის თქმით, თვითმმართველობის არჩევნები ამ ორისთვის კარგი ტრამპლინი იქნება.
რა შეცდომა დაუშვა ოპოზიციამ? რატომ გაუჭირდება „ქართულ ოცნებას“ თვითმმართველობის არჩევნებზე? არიან თუ არა ვასაძე და გახარია ბიძინა ივანიშვილის სატელიტები? ვისკენ წავა „ნაციონალების“ ამომრჩეველი, ვინ შეასრულა თავისი სიტყვა? _ ამის შესახებ ოთარ კვირიკაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ ოპოზიციამ პირობა არ შეასრულა, შეწყვიტა ბოიკოტი და პარლამენტში შევიდა. მათი მტკიცებით, არსებულ სიტუაციაში ეს საუკეთესო გამოსავალი იყო. თქვენი აზრით, სწორად მოიქცა ოპოზიცია?
_ რაც მეტ ხანს გაგრძელდებოდა ბოიკოტი, ეს თავად ოპოზიციისთვის იქნებოდა კარგი. მათმა გადაწყვეტილებამ დაგვარწმუნა ერთ რამეში, რომ ისინი სახელმწიფოს მართვისთვის მზად არ არიან. ოპოზიციაში, როგორც ჩანს, არ გვყავს სახელმწიფო დონის ფიგურები. ამ პროცესმა ერთგვარი ლუსტრაცია მოახდინა და ეს არის ძალიან კარგი. ამომრჩეველმა დაინახა, რომ ოპოზიციამ ელემენტარულ ზეწოლას ვერ გაუძლო. ამ შემთხვევაში ზეწოლა მოდიოდა ევროპიდან. ევროპის პოზიციას შარლ მიშელი ახმოვანებდა, რომელიც ერთი ჩვეულებრივი ჩინოვნიკია.
ევროპას მილიონი პრობლემა ჰქონდა: იქით პალესტინა-ისრაელის ამბები აწუხებდა, აქეთ ამერიკა-ჩინეთის. ცალკე არის კოვიდის პრობლემა. რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან გადაისროლა ჯარი. მოკლედ რომ ვთქვათ, მთელი მსოფლიო არეულ-დარეული იყო. ყველას თავისი საფიქრალი ჰქონდა და ჩვენთვის მართლა არავის ეცალა. უცბად უნდოდათ, საქართველოს პრობლემა მოეგვარებინათ. ევროპისთვის მთავარი იყო, მხარეებს შორის რაღაც შეთანხმება შემდგარიყო. სიმართლე არავის აინტერესებდა.
მიშელმა ამ ვითარებაში მეხანძრის როლი ითამაშა და ხანძრის ჩაქრობა გამოუვიდა კიდევაც. ოპოზიციის უმრავლესობა პარლამენტში შევიდა. ეს ოპოზიციისთვის ძალიან ცუდია. მათ ერთი თვეც რომ გაეძლოთ დარწმუნებული ვარ, დასავლეთი სერიოზულად მოსთხოვდა „ქართულ ოცნებას“ პასუხს და საქართველოს საკითხი ცოტა სხვანაირად გადაწყდებოდა. ახლა რა ხდება? _ ოპოზიცია გაყალბებულ არჩევნებზე აღარ საუბრობს, თვითმმართველობის არჩევნებზე არიან გადასულები.
_ თვითმმართველობის არჩევნებზე იმიტომ გადაერთნენ, რომ ამ არჩევნებზე გადაწყდება, დაინიშნება თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
_ სულ ტყუილდ აქვთ ვადამდელი არჩევნების იმედი. არაფრის მომგებები ეგენი არ არიან.
_ ასე კატეგორიულად რატომ ამბობთ, რომ არაფრის მომგებები არ არიან?
_ მას შემდეგ, რაც პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს, ყველანაირი შანსი დაკარგეს. ეგეც არ იყოს, საერთო კანდიდატებზე ვერ თანხმდებიან. ამ დროს ოპოზიციურ ველზე ორი დამატებითი მოთამაშე გამოჩნდა: ლევან ვასაძე და გიორგი გახარია. ოპოზიცია ვერც ერთს მოუგებს, აღარაფერს ვამბობ „ქართულ ოცნებაზე“.
_ თვითმმართველობის არჩევნებზე ისევ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს?
_ მიღწეული შეთანხმების თანახმად, თუ „ოცნება“ 43%-ს ვერ აიღებს, ვადამდელი არჩევნები დაინიშნება. მმართველ პარტიას 43%-ის აღება გაუჭირდება და, დიდი ალბათობით, ვერც აიღებს. ეს ვასაძისა და გახარიას დამსახურება იქნება. თუ არჩევნებში ამ ორმა ძალამ დაიკავა მეორე-მესამე ადგილი, ჩათვალეთ, რომ ეს შეთანხმება მათთვის გაფორმებულა. თვითმმართველობის არჩევნები ამათთვის ტრამპლინი იქნება. ვადამდელი საპარლამენტოს შემდეგ ისინი მოვლენ ხელისუფლებაში და ივანიშვილი თავის „ოცნებასთან“ ერთად მშვიდად გადავა ოპოზიციაში. ქვეყანაში ახალი რეალობა დადგება.
არსებულ ოპოზიციას არანაირი შანსები არ გააჩნია. ვინმეს თუ სჯერა, რომ რაიმე შედეგს დადებენ, მათ ვეტყოდი, _ ნეტარ არიან მორწმუნენი. „ნაციონალური მოძრაობა“ ინტერვიუს ჩაწერის მომენტში ჯერ ისევ გარეთ რჩება. ისინი ახლა ბეწვის ხიდზე გადიან. პარლამენტში შესვლის შემთხვევაში ამომრჩევლის დიდ ნაწილს დაკარგავენ, გარეთ დარჩენის შემთხვევაში კი გამარგინალდებიან.
_ რატომ გამარგინალდებიან?
_ არსებულ სიტუაციაში მათ ქუჩიდან არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ. ამის უნარი რომ ჰქონოდათ, აქამდე შეცვლიდნენ. პარლამენტში არშესვლით ხვიჩიებსა და მისნაირებს მისცემენ შანსს, რომ მთლიანად დაიკავონ საპარლამენტო ტრიბუნა. ახლანდელი გადმოსახედიდან, მთავარი პოლიტიკური ამბები იქნება პარლამენტი. მიშა სააკაშვილი აქ რომ ყოფილიყო, სხვანაირად წავიდოდა საქმე. „ნაციონალებს“ საქართველოში არ ჰყავთ ისეთი ლიდერი, რომელიც მუხტს აწევს.
_ ნიკა მელიას არ შეუძლია მუხტის აწევა?
_ ნიკა მელია ძალიან ცდილობს, ოპოზიციის გამაერთიანებელი იყოს, მაგრამ არ გამოსდის.
_ თავიდან ეს თითქოს გამოუვიდა, მაგრამ შემდეგ ციხეში გამოამწყვდიეს, რამაც მისი პოზიციები ძალიან შეასუსტა._ ნიკას ესკობარივით გაუკეთეს _ ციხეში ჩასვეს და მისი პატიმრობის პერიოდში გარეთ შემოაცალეს ის, რასაც ეყრდნობოდა. ნიკა მელიას პლუსი ის იყო, რომ ყოველთვის დისტანცირებას ახდენდა ძველი „ნაცმოძრაობისგან“. ამ სიტუაციაში ის გამაერთიანებელი ვერ იქნება. არაა ის მიშას კალიბრის პოლიტიკოსი.თვითმმართველობის არჩევნებში მთავარი მოთამაშეები გახარია და ვასაძე იქნებიან, თუ ისინი მართლა მიიღებენ მონაწილეობას. ისინი „ქართულ ოცნებასაც“ წაართმევენ ხმებს და ოპოზიციასაც. ზოგიერთი ექსპერტი კი ამბობს, რომ მხოლოდ ხელისუფლებას წაართმევენ ხმებს, მაგრამ ასე არ არის საქმე. ვასაძე „პატრიოტთა ალიანსის“ ხმებს წამოიღებს. გახარიამ შეიძლება, „ნაციონალებსაც“ კი წაართვას მხარდამჭერები. ეგრე არაა საქმე, როგორც ექსპერტები წარმოაჩენენ. ხალხი ვისშიც დაინახავს ცვლილებების უნარს, იმისკენ წავა.
_ გახარიამ და ვასაძემ რა უნდა შეცვალონ?
_ გახარიას პიროვნული რეიტინგი აქვს, თორემ ხოჯევანიშვილებით და კერესელიძეებით ვერაფერს შეცვლის. ვიმეორებ: თვითმმართველობის არჩევნები ამ ორი ახალი ძალისთვის ერთგვარი ტრამპლინი და მოსამზადებელი პროცესი იქნება. თუ ახლა ნორმალურ შედეგს აჩვენებენ, საპარლამენტოსთვის სერიოზულად მოემზადებიან. ქართველი ამომრჩეველიც შეუწყობს მათ ხელს. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ ჩვენი ამომრჩეველი ასეთია _ ახალ გამოჩენილ ძალაზე იცის ხოლმე აჟიტირება. ახლაც აჟიტირებული არიან გახარიასა და ვასაძეზე. 2024 წელს შეიძლება, საერთოდ ვეღარ აიღონ ხმები. დღეს ამ ძალებს 10-12%-ის აღება თავისუფლად შეუძლიათ. გაცილებით მეტი შანსი ექნება ვასაძეს.
_ საზოგადოების დიდი ნაწილი ვასაძეს არასერიოზულად აღიქვამს.
_ ტყუილად აღიქვამს არასერიოზულად. მას გახარიაზე მეტი გავლენა და უფრო ძლიერი ზურგი აქვს. მის უკან საპატრიარქო დგას.
_ საპატრიარქო ნამდვილად უჭერს მხარს ვასაძეს. ჩვენი ინფორმაციით, ეპისკოპოსების ნაწილი მრევლს ღიად მოუწოდებს ვასაძის მხარდაჭერისკენ.
_ დიდი მხარდაჭრა ექნება საპატრიარქოსგან. მას რუსეთიც დაუჭერს მხარს. მოძრაობის პრეზენტაციაზე რაც თქვა ამ ადამიანმა, მე პირადად ყველაფერში ვეთანხმები. მაგრამ ერთია, რას ამბობს და მეორეა, ვინ დგას მის უკან. ძალიან მაინტერესებს, ვინ იდგება მის უკან და გვერდით? 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა ისეთი უვარგისი ხალხი შემოიკრიბა, რომ მისი მხარდაჭერის სურვილი გამიქრა. ვასაძე კარგად საუბრობს, მაგრამ თუ პოლიტიკური ნაგავი დაიყენა გარშემო, შედეგს ვერ მიიღებს. შედეგი თუ უნდა, მარგინალები და კორუფციაში შემჩნეულები გვერდით არ უნდა დაიყენოს.
_ ვასაძე რუსეთთან არის დაკავშირებული. ეს ფაქტორიც მნიშვნელოვნად შეუშლის მას ხელს.
_ ეს ადამიანი არც მალავს, რომ მის უკან რუსეთი დგას. ქვეყანაში ისეთი ვითარებაა, ვასაძის მხარდაჭერაში ხალხს რუსული ფაქტორიც აღარ შეუშლის ხელს. ბოლო პროცესებმა ევროპისა და ამერიკის მიმართ უნდობლობა გააჩინა. ხალხს იმედი ჰქონდა, რომ დასავლეთი დაგვეხმარებოდა ხელისუფლების შეცვლაში, მაგრამ მათ ოპოზიცია აიძულეს, პარლამენტში შესულიყვნენ და „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში ყოფნის ვადა გაუხანგრძლივეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ვასაძეს ძალიან სერიოზული შანსები აქვს. ახლა მასზეა ბევრი რამე დამოკიდებული. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა კატეგორიის ხალხს დაიყენებს გვერდით. გახარია უფრო შუალედურ ამომრჩეველზე იმუშავებს. და ორივე ძალა, საერთო ჯამში, 20%-ზე მეტს აიღებს.
_ დანარჩენი ოპოზიცია რამდენს აიღებს?
_ აქამდე სააკაშვილი პირადი რეიტინგით ახერხებდა 30-35%-ის აღებას. ახლა ამ შედეგის დადება გაუჭირდება. ამ შედეგსაც იმიტომ დებდა, რომ ორპოლუსიანობა იყო პოლიტიკაში. ლევან ვასაძისა და გიორგი გახარიას შემოსვლით საქართველოში ორპოლუსიანი დროება დამთავრდება. მესამე ცენტრს „ლელო“, „გირჩი“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ აკეთებენ. ამ პირობებში „ნაციონალებს“ ძალიან გაუჭირდებათ, ისევე როგორც _ მთელ ოპოზიციას.
_ გაუჭირდებათ, თუ „ქართულმა ოცნებამ“ რაიმე სასწაული არ ჩაიდინა.
_ იმაზე მეტი რაღა უნდა ჩაიდინოს, ვიდრე სჩადის? ხალხი „ოცნების“ სასწაულებს უკვე შეჩვეულია _ არაფერზე რეაქცია არ აქვს. „ნაციონალების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ოპოზიციაში ვიყავი. პატარა რამე რომ მომხდარიყო, რუსთაველი ხალხით სავსე იყო. 50.000 კაცი უპრობლემოდ გამოდიოდა აქციაზე. ახლა ქვეყანა თავზე გვექცევა და ხალხს რეაქცია არ აქვს. განა, რა შეცდომა უნდა დაუშვას ხელისუფლებამ ისეთი, რომ ხალხი გადაირიოს? ბერასა და ღარიბაშვილის ჩანაწერზე მთელი ქვეყანა გარეთ უნდა გამოსულიყო, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. ხალხმა ისე გაატარა, თითქოს არაფერია, ბერას გინების გამო ბავშვებს სახლებში რომ უვარდებოდნენ. ციხის კადრები ამაზე მეტი კი არ იყო, რამაც „ნაციონალები“ შეიწირა. „ნაციონალების“ დროს ნამდვილად იყო ტერორი, მაგრამ არც ახლა არის განსხვავებული სიტუაცია. ოპოზიციურად განწყობილებს „ოცნებაც“ ატერორებს, მაგრამ საზოგადოების რეაქცია ნულია. არა მგონია, „ოცნებამ“ რამე ისეთი ჩაიდინოს, რომ ხალხი გარეთ გამოვარდეს.
_ თქვენ ზემოთ ორპოლუსიანი გარემო ახსენეთ. იყვნენ „ნაციონალები“ და „ქართული ოცნება“. „ნაციონალების“ დაბრუნების შიშით ხალხი ივანიშვილს აძლევდა ხმას. ახლა „ნაცები“ თუ აღარ იქნებიან მთავარი კონკურენტები, ეს „ოცნებისთვისაც“ ხომ ცუდი იქნება?
_ რა თქმა უნდა. „ქართული ოცნება“ აუცილებლად ჩამოიშლება. ამ ძალასაც საინტერესო ამომრჩეველი ჰყავს. აბორიგენი „ქოცები“ ამბობენ, რომ „ნაცები“ არ გვინდა, მათ ჩვენ პოლიტიკურად ვებრძოდითო. არის მეორე კატეგორია, რომელიც ამბობს, რომ ყოფილი ხელისუფლება ღმერთსა და ტრადიციებს ებრძოდა. ამ ადამიანებს „ქართული ოცნება“ არ მოსწონდათ, მაგრამ იძულებული იყვნენ, ხმა მისთვის მიეცათ. ასეთებს ბევრს ვიცნობ. მათთვის მიუღებელი, იყო ბიძინას რომ კანაფის დათესვა სურდა, მაგრამ მაინც „ოცნებას“ აძლევდნენ ხმას, რადგან „ნაცების“ დაბრუნების ეშინოდათ. როგორც უკვე გითხარით, მათთვის წინა ხელისუფლება რელიგიასთან და ტრადიციებთან ბრძოლასთან ასოცირდება. ეს ხალხი ლევან ვასაძესთან წავა.
ხელისუფლებას მესამე კატეგორიის ამომრჩეველიც ჰყავს _ ცოტა კრეატიულები და გონება რომ უჭრით. ეგენი უფრო ყოფილი პრემიერისკენ წავლენ. არსებული გუნდით გახარია ვერ გაქაჩავს. ახალი თუ არავინ დაიმატა, ვერაფერს შეძლებს. ძალიან მაგარი იქნებოდა, ირაკლი ალასანია რომ დამდგარიყო მის გვერდით. ალასანია და გახარია სერიოზულ წარმატებას მიაღწევენ. ეს ორი ერთად ანგარიშგასაწევი ძალაა. ის ხალხი, ვინც ახლა ჰყავს გახარიას, მათი იმედი ნაკლებად უნდა ჰქონდეს. რამდენჯერმე გამოიყვანა ეს ხალხი და მერე ისევ დამალა.
_ ისე თავადაც გაუჩინარდა. გასულ კვირას უნდა გაეკეთებინა სატელევიზიო განცხადებები. ყველაფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ გადაიფიქრა.
_ იმიტომ გადაიფიქრა, რომ არ ჰყავს ისეთი გუნდი, რომელიც ეროვნულ კამპანიას გაქაჩავს. ისინი ჩვეულებრივი ჩინოვნიკები არიან, არც მწვადს დაწვავენ და არც _ შამფურს. ალასანიასთან თუ გაერთიანდება, კარგ შედეგს დადებს. ერთმანეთის მეზობლები კი არიან, მაგრამ ახლო მეგობრობა არ აკავშირებთ.
_ პოლიტიკა ისეთი რამეა, მტრებსაც კი მოყვრებად აქცევს.
_ არ ვიცი, რამდენად რეალურია მათი ერთად დადგომა, მაგრამ ალასანიასა და გახარიას სერიოზული ძალის შექმნა შეუძლიათ. ვასაძეც სერიოზულ შედეგს დადებს. დანარჩენი ოპოზიცია სად იქნება, მართლა არ ვიცი. პირადად მე მათ ხმას არ მივცემ.
_ ბოიკოტი რომ შეწყვიტეს, ამიტომ არ მისცემთ ხმას?
_ ეს პატარა მიზეზია? ესეც რომ არ იყოს, ოპოზიციას არანაირი ხედვა არ გააჩნია. აქამდე ისხდნენ და „ქართული ოცნების“ ლანძღვის გარდა არაფერს აკეთებდნენ, ახლა უკვე ერთმანეთის ლანძღვა დაიწყეს. რაღაც სისულელეებს მიედ-მოედებიან. ერთმანეთს აბრალებენ, არა შენ აპირებდი პირველი შესვლას, არა _ შენო. ვის რაში აინტერესებს, რომელმა გადაწყვიტა პირველმა პარლამენტში შესვლა? „ნაციონალებსაც“ ძალიან უნდოდათ პარლამენტში შესვლა, მაგრამ ასე უცბად გადაწყვეტილების მიღება ეშინიათ. მთელი ეს პერიოდი ხალხი იმით კვებეს, რომ გაყალბებულ არჩევნებს არ აღიარებდნენ და პარლამენტში არ შევიდოდნენ. თამასა ძალიან მაღლა აწიეს, ამომრჩეველი დაძახებას ელოდება, რომ სიტუაცია გაბდღვნან. ისინი აღარ ეძახიან. პარლამენტში შესვლით ძალიან ბევრ მხარდამჭერს დაკარგავენ.
_ ეს ამომრჩეველი გახარიასა და ვასაძეს ნამდვილად არ მისცემს ხმას.
_ ესენი უფრო ლეიბორისტებისკენ წავლენ. ერთადერთი, ვინც პოზიციები არ შეცვალა და სიტყვას უერთგულა, არის შალვა ნათელაშვილი. ბოკერია კი ამბობს, არ შედის „ევროპული საქართველო“ პარლამენტშიო, მაგრამ რაღა დროსია, _ ყველა გაექცა პარტიიდან. ოპოზიციას ძალიან მცირე შანსი აქვს, მაგრამ „ქართული ოცნება“ 43%-ზე მეტს ვერ აიღებს და ეს ვასაძე-გახარიას დამსახურება უფრო იქნება, ვიდრე დანარჩენი ოპოზიციის.
_ გახარია და ვასაძე ამ ოპოზიციასთან ალიანსს არ შექმნიან?
_ ოპოზიციასთან არ შექმნიან, მაგრამ არც ბიძინასთან წავლენ. გახარია და ვასაძე ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, ივანიშვილს სიმშვიდე გარანტირებული ექნება. ისინი ივანიშვილზე საქმეს არ აღძრავენ. იგივე მოხდება, რაც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ როცა მიშამ შევარდნაძეს ხელშეუხებლობის გარანტია მისცა, ასევე მისცემენ ივანიშვილს გარანტიებს. ეს ორი ძალა მისთვისაც ძალიან კომფორტულია. არსებული ოპოზიცია ნელ-ნელა გაქრება. „ნაციონალებს“ დარჩება ამომრჩეველი. პატარა ვაშაძესაც ეყოლება თავისი ელექტორატი. მისგან ეროვნული ლიდერი არ გამოვა, მაგრამ 2-3% სულ ექნება.
_ „ქართულ ოცნებას“ 43%-ის აღება გაუჭირდებაო, ამბობთ. ეს თუ ასე მოხდა, მაშინ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. თქვენი აზრით, მიიყვანს „ოცნება“ აქამდე საქმეს?
_ 43%-ს ვერ აიღებენ და მოუწევთ ვადამდელის დანიშვნა. ეს პარლამენტი დიდხანს ვერ გაძლებს. უმრავლესობაც ცირკია და _ ოპოზიციაც. ერთმანეთზე უარესები არიან და ამათ გინდათ, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანონ? დამიჯერეთ, ვასაძე გიჟი არაა, პოლიტიკურ თამაშში რომ ჩაერთო. მას სერიოზული კავშირები აქვს რუსეთთან. მას რაღაცებს უმზადებს მოსკოვი.
_ რაინდი არაა ის პერსონა, გარანტიების გარეშე შემოსულიყო პოლიტიკაში.
_ რაღაც გარანტიები ნამდვილად ექნება. მან ძალიან კარგად იცის, რომ უკვე მომწიფებულია სიტუაცია. ადამიანებს თავზე ხელოვნურად ახვევენ ლგბტ თემებს. ხალხს უამრავი პრობლემა აქვს და ხელოვნურად ქმნიან ექსცესებს. არავის არაფერს ვერჩი, მაგრამ აღლუმების ჩატარება ნამეტანია. საზოგადოებაში ძალიან დიდი აგრესიაა დაგროვილი. ლგბტ თემის მიმართ არავის აქვს აგრესია. აგრესია ამ საკითხის ხელოვნურად შემოტენის მიმართ არის. ამ აგრესიას ვასაძე სათავისოდ იყენებს, ზუსტდ წერტილებში არტყამს. ტრადიციების დამცველის იმიჯი შეიქმნა. ამის გამო მას მრევლის დიდი ნაწილი გაჰყვება.
ვიღაცამ შესაძლოა, ქსენოფობი დამიძახოს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა ჩემი სათქმელი: დმანისში ორი დღის მანძილზე ძალიან დრამატულად ვითარდებოდა მოვლენები. ვიღაცები „ალაჰ აკბარს“ ყვიროდნენ და იქ მცხოვრებ სვანებს ჩამოსახლებულებს ეძახდნენ და იმის გამო დაუწყეს გმობა, რომ ჯვარი აღმართეს. ასეთი რამეები იმიტომ ხდება, რომ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს. ამ დროს ოპოზიცია ერთმანეთს ჭამს. ოპოზიციურ მედიასაც ფეხებზე კიდია ხალხი და ქვეყანა.
მე წარმოშობით ხევსური ვარ და ჩემთვის რაღაცები ძალიან მიუღებელია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიმაჩნდეს, საქართველო მხოლოდ ქართველებისაა. დავით აღმაშენებელი შედიოდა სინაგოგებსა და მეჩეთებში. აქ ყოველთვის ცხოვრობდნენ სხვადასხვა რელიგიისა და ეროვნების ადამიანები. ტოლერანტობა არავისგან გვესწავლება ქართველებს, მაგრამ არც ისე გამოვა, მე პატივი გცე და შენ უროებით და ჯოხებით დამხვდე. ამაზე აუცილებლად უნდა იყოს სათანადო რეაქცია. ჩემთვის გაუგებარია ის ისტერიკა, რომელიც დმანისში ჯვრის აღმართვაზე ატყდა.
_ ეს მართლა უაზრო ისტერიკა იყო. ჯვრის აღმართვაზე ლოყები დაიხოკეს და საერთოდ არავის ჰქონია რეაქცია, ჯავახეთში სომეხი „ბოევიკის“ ძეგლი რომ დადგეს. იგი ყარაბაღში აზერბაიჯანელების წინააღმდეგ იბრძოდა. ამან არ შეურაცხყო ჩვენი აზერბაიჯანელი მოქალაქეები?
_ ამათ ჯვარზე აქვთ რეაქცია. ჯავახეთი ვახსენეთ და უნდა ვთქვა, რომ ნინოწმინდის საკრებულოს წევრების ნაწილმა ერთი სიტყვა არ იცის ქართული. საკრებულოს რამდენიმე წევრი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ქვეყანა ქვეყანას აღარ ჰგავს. ამაზე თუ მაქვს პროტესტი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქსენოფობი ვარ. მე მინდა, რომ ჩემი ქვეყანა ძლიერი იყოს.
ძალიან ბევრს უჩნდება ამის გამო პროტესტი და ისინი ლევან ვასაძეს დაუჭერენ მხარს. მეც დავუჭერდი, მაგრამ რუსული ფაქტორის გამო ვიკავებ თავს. არასამთავრობოების ოპოზიციაც ძალიან გამაღიზიანებელია. საკმარისია თქვა, რომ ტაო-კლარჯეთი ან საინგილო საქართველოა, რომ გამოვარდებიან და ყვირიან, ეგ არის რუსული ნარატივიო. რატომ არის რუსული ნარატივი? ებრაელებსაც ასე რომ ეფიქრათ, არც იერუსალიმი ექნებოდათ და არც _ არაფერი. გავა 200 წელი და იქნებ, დაიშალოს ეს თურქეთი და საქართველოს დაუბრუნდეს თავის ტერიტორიები. აჭარა 300 წელი იყო თურქეთის შემადგენლობაში, მაგრამ დღეს ისევ საქართველოს ნაწილია. საკმარისია, ოკუპირებული ტერიტორიები ახსენო, რომ რუსული ნარატივიო, გაიძახიან. ქართული მიწები მარტო რუსებს არ აქვთ ოკუპირებული.
შორენა მარსაგიშვილი