- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2021-06-21 08:11:23
დმანისში მომხდარმა სისხლიანმა დაპირისპირებამ ნათლად გამოაჩინა, რომ საქართველო სამართლებრივი სახელმწიფო აღარ არის. იმის მაგივრად, რომ სახელმწიფოს დამნაშავეები გამოევლინა და დაესაჯა, ძველბიჭურად მოიქცა და მხარეები შეარიგა. შერიგებაში პარლამენტის წევრები და მინისტრები პირადად იყვნენ ჩართულნი. ადგილზე გადასროლილი იყო სპეცდანიშნულების რაზმიც, რომელმაც ჩვენი საზოგადოება ნამდვილად შოკში ჩააგდოო. მოზვინული ძალოსნები ნამდვილად არ ტოვებდნენ სპეცრაზმელების შთაბეჭდილებას. ამ ტიპის სპეცრაზმელების ნახვა არ გაჰკვირვებია ყოფილ პოლიციელ ზვიად კუპრავას. ის პირადად იცნობს ამ გაბარიტების მქონე სპეცრაზმელებს. მისი თქმით, სახელმწიფოს ბრალია, სპეცრაზმელები ასეთ ფორმაში რომ არიან. ყოფილი პოლიციელი დარწმუნებულია, ისინი აღარც კი ვარჯიშობენ.
როგორი უნდა იყოს სპეციალური დანიშნულების რაზმი? რა დაგვანახა დმანისის ინციდენტმა? როგორ უნდა მოქცეულიყო შექმნილ ვითარებაში სახელმწიფო? _ ამის შესახებ ზვიად კუპრავა „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ დმანისში მომხდარმა დაპირისპირებამ ბევრი კითხვა გააჩინა. ძალიან თვალში საცემი იყო პოლიციის უმოქმედობა. სამართალდამცველები იდგნენ და უყურებდნენ, როგორ ურტყამდნენ ადამიანები ერთმანეთს თავში უროებსა და ხელკეტებს. თქვენ, როგორც ყოფილი პოლიციელი, ამ უმოქმედობას რით ხსნით?
_ საქართველოს აქვს კონსტიტუცია, სადაც გაწერილია, თუ როგორი სახელმწიფო გვაქვს ჩვენ. ჩვენი კონსტიტუციით, საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც ყველა დავა და კონფლიქტი წყდება სამართლებრივ ჭრილში. კანონის ჭრილში საკითხების გადაჭრა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპია. იმას, რაც დმანისში ვიხილეთ, სამართლებრივ სახელმწიფოს პრინციპებთან არანაირი საერთო არ ჰქონდა. იქ მოვლენები განვითარდა შემდეგი პრინციპით: „ჟიზნ ვარამ“ (Жизнь ворам).
სახელმწიფომ დმანისის კონფლიქტი შავი სამყაროს სტილში მოაგვარა. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ჩვენი ხელისუფლება თანამშრომლობს ქურდულ სამყაროსთან. სახელმწიფომ გვაჩვენა, რომ მან ქურდული გარჩევები აითვისა. დმანისში სახელმწიფომ საქმე გაარჩია. ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის მტყუან-მართალი გამოავლინა. აქ აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ორივე მხარეს იდგნენ საქართველოს მოქალაქეები. ერთმა დეპუტატმა განაცხადა, რომ კონფლიქტი მეზობელ სახელმწიფოებს შორის მოგვარდაო.
_ ეს პოლიტიკური მარგალიტი ელისო ბოლქვაძეს ეკუთვნის.
_ ელისო ბოლქვაძე არის პარლამენტის წევრი და ცოტა მეტი დაკვირვება მართებს, როცა ოფიციალურ განცხადებას აკეთებს. თავისი განცხადებით მან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დააყენა ეჭვქვეშ. დავუბრუნდები ისევ დმანისის მოვლენებს: იქ სახელმწიფომ საქმე ქურდულ სტილში გაარჩია, რაც ჩვენს კონსტიტუციასთან აბსოლიტურად შეუთავსებელია. კანონის დაცვაზე არავის უფიქრია. დმანისში ჩავიდნენ სოზარ სუბარი და ვიღაც გაურკვეველი თანამდებობის პირები. იმათ დაიწყეს რაღაც შეხვედრები და სიტუაციის დალაგება. იქ პირველ რიგში პოლიციას უნდა ემუშავა, შემდეგ _ პროკურატურას. ნაბახუსევზე გამოსულ ტიპებს მხარეების შერიგებაზე არ უნდა ეზრუნათ და არ უნდა ეძახათ, რომ ჩვენ ძმები ვართ და ერთმანეთს ხელი ჩამოართვითო.
როცა რაიონი ორად არის გაყოფილი და ერთმანეთს ურტყამს, სამართალდამცველების უმოქმედობა ყოვლად წარმოუდგენელი და მიუღებელია. მე იმას არ ვამბობ, რომ კონფლიქტში მონაწილე ყველა პირი უნდა დაეკავებინათ. რამდენიმე ასეული ადამიანი ჩხუბობდა და ყველას, ბუნებრივია, ვერ დააკავებდნენ. ყველა მათგანის დაკავების მომხრე არც მე ვარ, მაგრამ კანონი უნდა აღსრულებულიყო და ყველაფერს თავისი სახელი დარქმეოდა. აქ კი რა მივიღეთ? _ საქმე ქურდულად გაარჩიეს და მოჩხუბრებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
_ თქვენ არ მოგეწონათ, სახელმწიფომ ლმობიერება რომ გამოიჩინა?
_ ეს არ ყოფილა ლმობიერება, ეს იყო საქმის ქურდული გარჩევა. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და ყველაფერი კანონის ჭრილში უნდა მოგვარებულიყო. სახელმწიფოს შეეძლო, ლმობიერება გამოეჩინა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამართალი აღსრულდებოდა. დამნაშავეები უნდა გამოვლენილიყო და ისინი უნდა დაეკავებინათ. მერე ზოგს პირობითს მისცემდნენ, ზოგს ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლებდნენ, ზოგს გააფრთხილებდნენ, ზოგსაც დააჯარიმებდნენ, მაგრამ მანამდე დამნაშავეები უნდა გამოევლინათ და დაესაჯათ. სამწუხაროდ, სახელმწიფომ საქმის ქურდულად გარჩევა ამჯობინა.
_ დმანისში კონფლიქტის დაწყების შემდეგ სამართალდამცველების მობილიზება ვიხილეთ. „გაიშნიკების“ შემდეგ ასეთი მსუქანი სამართალდამცველები საქართველოს აღარ უნახავს. საიდან მოხვდა ეს ხალხი ჯერ პოლიციაში და შემდეგ _ დმანისში?
_ შსს-ს რამდენიმე დანაყოფი ჰყავს. ის ხალხი, ვინც დმანისში გადაისროლეს და ვისზეც დღეს ყველა საუბრობს, უბნის ინსპექტორები არ ყოფილან. უბნის ინსპექტორიც არ უნდა იყოს ასეთი ვიზუალის. ტრაგედია ისაა, რომ ესენი იყვნენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები და როგორც სპეცრაზმელები, ისე გადაისროლეს დმანისში.
_ მათი სპეცრაზმელობა ცოტა დაუჯერებელია. როგორ შეიძლება სპეცრაზმელი ასეთ ფიზიკურ ფორმაში იყოს?
_ არ ვიცი, რა არის დაუჯერებელი, მაგრამ ეკიპირების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ისინი სპეცდანიშნულების რაზმის წევრები იყვნენ.
_ ეკიპირებაში რას გულისხმობთ?
_ ხელში ეკავათ ხელკეტები და თავზე ეხურათ ჩაფხუტები. ეს სპეცდანიშნულების ეკიპირებაა. მეც გაოგნებული ვარ ნანახით. იმ დღეს დმანისში კაი მოქეიფე ბიჭები ვიხილეთ. სპეცრაზმელები რომ ასეთ ფორმაში არიან, ეს თავად ამ ადამიანების პრობლემა არ არის. ეს, პირველ რიგში, ჩვენი სახელმწიფოს პრობლემაა.
_ ამბობთ სპეცრაზმის ეკიპირება ეცვათო, მაგრამ მაინც არ მჯერა, რომ ეს სპეცრაზმი იყო. ასეთი სპეცრაზმელები შევარდნაძის დროსაც კი არ გვყოლია. სპეცრაზმი ცოტა სხვა სტანდარტია.
_ მეც მიჭირდა ამის დაჯერება, მაგრამ ეს იყო სპეცდანიშნულების რაზმი. მათ სპეცრაზმელების ფორმა ეცვათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები წელიწადში ერთხელ აბარებენ ფიზიკური მომზადების ნორმატივებს, რომელიც მოიცავს აზიდვებს, სირბილს. დმანისში ნანახი სპეცრაზმელებიდან რომელია ფიზიკური ნორმატივების ჩამბარებელი? ასეთი სპეცრაზმელები რომ გვყავს, ეს, როგორც უკვე აღვნიშნე, სახელმწიფოს ბრალია. სახელმწიფო არ სთხოვს სპეცრაზმელებს, რომ სათანადო ფორმაში იყვნენ და ისინიც მოეშვნენ.
სპეცრაზმელებს განსაკუთრებით მძიმე ნორმატივების ჩაბარება უწევთ. მარტო 30-კილომეტრიანი „მარშ-ბრასოკები“ უნდა შეასრულონ. რომელი მათგანი ირბენდა 30-კილომეტრიან დისტანციაზე? თან მარტო კი არ უნდა ირბინო, „მარშ-ბრასოკის“ დროს აკიდებული გაქვს მთელი ეკიპირება, რაც საკმაოდ მძიმე სატარებელია. მისი ტარება ძალიან ძნელია, თუ ფიზიკურად სათანადოდ არ ხარ მომზადებული. ან აზიდვებს რომელი მათგანი გააკეთებდა? ვერც სამკილომეტრიან დისტანციას დაფარავენ იმ დროში, რაც გაწერილია. ამას სჭირდება სათანადო ფორმა და ფიზიკური მომზადება.
სპეცრაზმელები რაკი ასეთ ფორმაში არიან, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო მათგან არ ითხოვს ფიზიკურ მომზადებას. სახელმწიფოსგან ასეთი მოთხოვნა რომ ყოფილიყო, ეს ადამიანები სხვანაირ ფორმაში იქნებოდნენ ანდა სხვა იქნებოდა სპეცდანიშნულების რაზმის წევრი.
ამ სპეცრაზმელების ფიზიკურმა ფორმამ გვაჩვენა, რომ ჩვენი სახელმწიფო ჩამოშლილია. ხელისუფლებას ყველაფერი ფეხებზე კიდია. ამ ბიჭების მიმართ არანაირი პიროვნული პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ სპეცრაზმელებზე მეტად ისინი ტელეღიპუცებს ჰგავდნენ. გადიოდა წლების წინათ ასეთი მულტფილმი. სოციალურ ქსელში ამ თემაზე ბევრი ხუმრობა იყო. ეს ყველაფერი სახელმწიფოს უსაფრთხოებას რომ არ ეხებოდეს, სასაცილო იქნებოდა, მაგრამ სახელმწიფოს ეხება და სატირლად გვაქვს საქმე.
_ მართლა სატირლად გვაქვს საქმე. სპეცრაზმს სპეცოპერაციების ჩატარება ევალება. ამ ადამიანებმა სპეცოპერაცია როგორ უნდა ჩაატარონ?
_ გამორიცხულია, ამათ რაიმე სპეცოპერაცია ჩაატარონ. სპეცოპერაცია სხვანაირად ტარდება. სპეცრაზმი არის ელიტური დანაყოფი. ისინი გამოჰყავთ ყველაზე რთულ სიტუაციაში. ისინი ებრძვიან ტერორისტებს. არ მინდა, ამ ბიჭებს გული ვატკინო, მაგრამ ისინი სპეცოპერაციას ვერ ჩაატარებენ. ხაზგასმით ვამბობ, რომ ამ ბიჭებთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს და არც არაფერს ვერჩი მათ. პრეტენზიები სახელმწიფოსთან და სისტემასთან მაქვს. სახელმწიფო რომ სთხოვდეს ამათ ფორმაში ყოფნას, ისინი ფორმაში იქნებოდნენ.
_ სპეცრაზმელი რომ ხარ, სახელმწიფომ თუ არ მოგთხოვა, ისე არ უნდა იყო ფორმაში? ახლა თუ არა ოდესღაც ხომ მაინც ექნებოდათ რაიმე კურსი გავლილი და თავისი ინიციატივით ივარჯიშონ.
_ არ სთხოვს სახელმწიფო ამათ ვარჯიშს და ისინიც არ ვარჯიშობენ. ნორმატივების ჩაბარების გარდა სპეცრაზმელები ყოველ დილით ვარჯიშობდნენ, ასეთია წესი. ამათი ვიზუალიდან გამომდინარე ჩანს, რომ არავინ ვარჯიშობს. სპეცრაზმელებს არც ნიცშეს ცოდნა მოეთხოვებათ და მათთვის არც დოსტოევსკის წაკითხვაა აუცილებელი. ისინი ფიზიკურად კარგად უნდა იყვნენ მომზადებულები.
_ იქნება და ახლა სპეცრაზმელებს ნიცშეს ცოდნას სთხოვენ. ბიძინას უყვარს ამ ადამიანის ციტატების კითხვა.
_ სპეცრაზმელს ნიცშეს ცოდნა სპეცოპერაციის ჩატარების დროს რაში გამოადგება? მას სათანადო ფიზიკურ ფორმაში ყოფნა სჭირდება.
_ იმას გამორიცხავთ, რომ ეს არ იყო სპეცდანიშნულების რაზმი და უბნის ინსპექტორებს სპეცრაზმის ფორმა და აღჭურვილობა გადააცვეს?
_ არ ვიცი, არ მინდა შორს წასვლა… ეჭვი არ მეპარება, რომ ესენი სპეცრაზმელები იყვნენ. პირადად ვიცნობ ასეთი ფიზიკური მონაცემების სპეცრაზმელებს. მათ ვინაობას, ბუნებრივია, არ დავასახელებ, ასეთები მრავლად არიან. ასეთ სპეცრაზმელებს განსაკუთრებით ხშირად ვხვდებით გდდ-ს რომ ეძახიან, იქ. 130 და 160-კილოიანი სპეცრაზმელები არიან. ვკითხე კიდევაც, არ ვარჯიშიობთ-მეთქი? და მითხრეს, _ არავინ გვთხოვს ვარჯიშს და რატომ ვივარჯიშოთო?
დმანისში მიმდინარე მოვლენებს მთელი ჩვენი სმეზობლო ადევნებდა თვალყურს. განსაკუთრებით ყურადღებით იქნებოდა რუსეთი, რომელიც ჩვენ მიმართ მტრულად არის განწყობილი. წარმომიდგენია, როგორ გაიხარებდნენ, როცა ნახავდნენ, რომ ასეთი სპეცრაზმი გვყავს. სპეცრაზმი არის ელიტური დანაყოფი. როცა ასეთია ელიტური დანაყოფი, სხვა დანაყოფები როგორი იქნება, წარმოიდგინეთ. საერთოდ, რას ვაშენებთ? სად მივდივართ? რატომ მივდივართ? ვერაფერი გავიგე. ეს ყველაფერი არის ამ ხელისუფლების პოლიტიკის ბრალი.
სახელმწიფოს რომ არ ჰქონდეს ასეთი პოლიტიკა, ასეთ სავალალო შედეგს არ მივიღებდით.
_ ჩვენი ხელისუფლება შეგნებულად აკეთებს იმას, რომ ელიტური დანაყოფი ასეთ ფორმაში იყოს, თუ, უბრალოდ, მიუშვეს სიტუაცია?
_ ფაქტი ისაა, რომ სიტუაცია მიშვებულია. ყოველ დილით რომ ვარჯიშობდნენ, გადასარევ ფიზიკურ ფორმაში იქნებოდნენ. რაც არ უნდა კაი პურისმჭამელი ტიპები იყვნენ, ყოველ დილით რომ ივარჯიშონ, წონაში მაინც დაიკლებდნენ.
_ ისევ დმანისის ინციდენტს დავუბრუნდეთ. ზემოთაც გკითხეთ, რატომ იყო იქ პოლიცია ასეთი უმოქმედო? რა გარანტია იყო, რომ ეს დაპირისპირება სერიოზულ კონფლიქტში არ გადაიზრდებოდა? ოპოზიციონერებს ლობიოს აყრისა და სხვისი თეფშიდან ჭამის გამო იჭერენ, უროებისა და ხელკეტების ტრიალი კი ისე გაატარეს.
_ სხვისი თეფშიდან ჭამის გამო მე დამაკავეს, რადგან ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა. პოლიტიკური დაკვეთა იყო ისიც, რომ პოლიცია დმანისის ინციდენტში არ ჩაერია. არადა, ეს პირდაპირ მათი მოვალეობა იყო. როდესაც ადამიანები კანონის ფარგლებს გასცდებიან, იქ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს. დმანისში ადამიანები კანონის ფარგლებს გასცდნენ, მაგრამ პოლიცია არ ერეოდა, იდგნენ და სეირს უყურებდნენ. სამაგიეროდ ჩამოიყვანეს ვიღაც გაურკვეველი ტიპები, რომლებმაც ღვინით და გარჩევებით შეარიგეს დაპირისპირებული მხარეები.
სამწუხაროდ, დმანისში გამოჩნდა, რომ საქართველო სამართლებრივი სახელმწიფო აღარ არის. ხელისუფლება ქურდულად არჩევს საქმეებს. კონფლიქტში მონაწილე ყველა ადამიანის დაკავების მომხრე არც მე ვიყავი, მაგრამ ვინც დამნაშავე იყო, მათ კანონის წინაშე აუცილებლად უნდა ეგოთ პასუხი.
_ რა გარანტიაა, რომ კიდევ არ გაგრძელდება დაპირისპირება?
_ ამის გარანტია მაშინ იქნებოდა, თუკი დამნაშავეები კანონის თანახმად დაისჯებოდნენ. აქ სუფრით და ღვინით შეარიგეს. ხელი ჩამოართმევინეს ერთმანეთისთვის და ფიქრობენ, რომ კონფლიქტი მოგვარდა.
_ დმანისი არ არის პირველი შემთხვევა, როცა დამნაშავეები არ ისჯებიან. იგივე მოხდა 2019 წელს პანკისში, იქ ადგილობრივებმა პოლიციის მანქანა დაწვეს, მაგრამ ამის გამო პასუხი არავის უგია.
_ პანკისში ცოტა სხვანაირად იყო საქმე. იქ მოსახლეობა ჰესების მშენებლობის გასაპროტესტებლად გამოვიდა. მშენებელ კომპანიას ჰესის მშენებლობა უნდა დაეწყო. იქ შეიყვანეს სპეცრაზმი და ამას მოჰყვა დაპირისპირება. ეს პროტესტი ლეგიტიმური იყო.
_ პოლიციის მანქანებისთვის ქვების დაშენა ლეგიტიმური პროტესტი ნამდვილად არ არის.
_ გასცდა თუ არა ეს პროტესტი ლეგიტიმურ ჩარჩოებს, სხვა ამბავია. თავად პანკისელებს სრული უფლება აქვთ, რომ ჰესების მშენებლობა გააპროტესტონ.
ჩვენ ვერც პანკისში ვნახეთ სამართლებრივი სახელმწიფო.
დმანისის ინციდენტიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ რომ თუ მსგავსი რამ კიდევ მოხდება, არც იქ ჩაერევა პოლიცია.
_ არჩევნებში ხომ კარგად ერევიან.
_ ასეთ კონფლიქტებში რომ არ ერევა პოლიცია, ეს სწორედ არჩევნებთან არის დაკავშირებული. არჩევნების გამო არ მოსთხოვეს იმ ადამიანებს პასუხი, ვინც დმანისში ცემა-ტყეპა მოაწყო. ზოგთან წინა არჩევნების გამო იყვნენ ვალში, ზოგსაც მომავალ არჩევნებში გამოიყენებენ.
_ წელს თვითმმართველობის არჩევნები ტარდება და მათი თავი აუცილებლად დასჭირდებათ.
_ დასჭირდებათ და გამოიყენებენ კიდევაც. ეტყვიან, მაისში რომ არ დაგიჭირეთ, ხომ გახსოვთ, ახლა კეთილი ინებეთ და არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იმუშავეთო. როდესაც ქუჩას არჩევნებზე სასურველი შედეგისთვის იყენებ, ძალიან ცუდია და კიდევ უფრო ცუდია, როცა სახელმწიფო სამართლებრივი პრინციპებით აღარ მოქმედებს. ამას მთელი მსოფლიო უყურებს და უბრალოდ უხერხულია. ასევე უხერხულია ის, რომ რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლების სათავეში მოვიდა, არც ერთი უცხო ქვეყნის აგენტი არ გამოუვლენიათ. ვინც გამოვლენილი და დაჭრილი იყო, ისინიც გაუშვეს ციხიდან. იმას ვერავინ იტყვის, რომ აქ უცხო ქვეყნის აგენტურა არ მოქმედებს…
ყველანი ვადევნებდით თვალს ისრაელში მიმდინარე პროცესებს. ყოველღამე იბომბებოდა ისრაელის ქალაქები. ამის გამო არც ეკონომიკა ჩამოშლილა და არც სახელმწიფოს შექმნია პრობლემები. ხალხი მეორე დღეს ჩვეულებრივად მიდიოდა სამსახურში. ჩვენთან კი რა ხდება?!
შორენა მარსაგიშვილი