QronikaPlus
თბილისი პრაიდი და „ქართული ოცნების“ მორიგი მარცხი დემოკრატიასთან

თბილისი პრაიდი და „ქართული ოცნების“ მორიგი მარცხი დემოკრატიასთან

2021-06-21 05:37:20

თუ ფეხით სეირნობა ან სამშობლოში მოგზაურობა გიყვართ, არ შეიძლება, მგზავრობისას თქვენი ყურადღება არ მიიპყროს თითქმის ყოველი ფეხის ნაბიჯზე აღმართულმა, სხვადასხვა ფერებში განათებულმა ჯვრებმა და კარგად ნაცნობმა სამშენებლო პროექტებმა _ დიახ, ეკლესიებზე მაქვს საუბარი, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ისეთი სისწრაფით შენდება, სურვილს გიჩენს, მონაცემთა ბაზაში საქართველოს საპატრიარქოს სტატუსი გადაამოწმო, თან გეშინია, უეცრად არ აღმოაჩინო, რომ მოძღვარი, რომელსაც აღსარებას აბარებ და შენს ყველაზე მნიშვნელოვან ამბებს ანდობ, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი არ აღმოჩნდეს.

არ გეგონოთ ეს მშენებლობები იმ თანხით კეთდებოდეს, კომუნისტების ცოდვების გამოსასყიდად რომ ვუხდით ეკლესიას, არა ბატონო, ის თანხა სინოდის ავტოპარკის განახლებისთვისაა განკუთვნილი, სამშენებლო თანხები კი იმ 25 000 000-ის იქით, თქვენი ჯიბიდან გასული დამატებითი ხარჯია. რატომ გავამახვილე ყურადღება ფინანსურ ნაწილზე, ახლავე აგიხსნით: თუ ჩვენ, გარდა საშემოსავლო ნაწილიდან გადარიცხული თანხისა, დამატებით ვაშენებთ ტაძრებს, ე. ი. დედაეკლესიას საქართველოს მოსახლეობის, სულ მცირე, 75% მაინც უჭერს მხარს და იზიარებს მის შეხედულებას, რაც, დაახლოებით რომ ვივარაუდოთ, 2 250 000 ადმიანია. აქედან იმათაც თუ გამოვაკლებთ, რომლებიც მარხვას მოდისთვის იცავენ და აღსარებას იმიტომ აბარებენ, რომ მერე სანაცნობოში ამაზე მაღალფარდოვნად ისაუბრონ, ყველაზე უხეშად რომ ვთქვათ, 2 000 000 ადამიანი დარჩება. ახლა იმას განვმარტავ, თუ რატომ დავკონკრეტდი ციფრებზე და შემდეგ მთავარ სათქმელსაც მოგიყვებით. ანუ ამ მიახლოებითი გამოთვლით, სულ მცირე, 2 000 000 ადმიანი სრულად უჭერს მხარს ეკლესიას და მის მიერ ნაქადაგებ წერტილ-მძიმესაც კი. შესაბამისად, ყველას აქვს წაკითხული ბიბლია (მოკლე შინაარსი მაინც) და ერთხმად აღიარებს, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ ირგვლივ არის, შექმნილია ღმერთისგან და ჩვენ მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი და ჩასუნთქვა-ამოსუნთქვაც მისი წესების მიხედვით ხდება.

მოკლედ, ის, რაც შესავალში წაიკითხეთ (ჩემი აზრით), დალაგებული და ლოგიკურად მოაზროვნე ქვეყნის მცხოვრებლებისთვის ჩვეული დღის წესრიგი უნდა იყოს, მაგრამ როდესაც საქართველოზე ვსაუბრობთ, რეალობა ისეთია, როგორც ლამაზად დახვეული საქსოვი ძაფის გორგალი, რომლის შიდა ფენებიც ისეა აბურდული, ნახევარი ცხოვრება შეიძლება დატოვო მისი განცალკევებისთვის.

საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა კუთხეში, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ლგბტ(ქ) თემის წარმომადგენლებს უწოდებენ (ჩვენთან რასაც უწოდებენ, არ დავწერ). ეს ადამიანები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი არიან, რადგანაც ქუჩაში, სამსახურში, კაფე-ბარებში, ტრანსპორტსა და თუნდაც სახლში, მათთან ერთად ვიმყოფებით. არ თქვათ, არ არსებობსო _ არსებობს, თანაც ისევე, როგორც მზე მაღლიდნ გვიყურებს, თუმცა ამ ქვეყანაში უცნაურ და ცოტა გაუგებარ აღქმას ის გვიქმნის, რაზედაც უკვე შესავალ ნაწილში დავწერე, ანუ თუ კენჭი, მეტეორი, მანქანა და ამ მომენტში ამ სტატიის კითხვა უფლის ნებაა, როგორც ამას ჩვენი სარწმუნოება გვეუბნება, ლგბტ(ქ) თემის წევრების არსებობა ჩვენს რეალობაში ასევე არ წარმოადგენს სხვა განზომილების „შემოქმედის“ პასუხისმგებლობას და ეს ადამიანებიც უფლის ნებით არიან მოვლენილები, ანუ სრულიად კანონზომიერად _ შესაბამისად, მათ ზუსტად იდენტური ქმედითუნარიანობა, მუშაობის, სუნთქვის, გადაადგილების, სიმღერის და, ზოგადად, არსებობის უნარი აქვთ, ასევე გააჩნიათ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. თუ ნებისმიერი ჩვენგანი ღიად აპროტესტებს ზოგადად ქვეყანაში, სამსახურში ან სხვა ნებისმიერ სექტორში არსებულ ხარვეზებს, ასევე ლგბტ(ქ) თემის წარმომადგენლებს სრული უფლება აქვთ იმისა, რომ საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტსა და, მით უმეტეს, დედაქალაქში, დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრება და შეხედულება საკუთარ თუ ზოგადსაკაცობრიო პრობლემებთან მიმართებში, თუნდაც, ქუჩაში გამოსვლით.

საქართველოში ლგბტ(ქ) თემის ხილვადობის ზრდა მას შემდეგ შეიმჩნევა, რაც ქვეყანში ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცეიბი შეიქმენა, რომლებიც ხშირად იმაზე მეტს აკეთებენ, ვიდრე მოქმედი თუ ყოფილი ხელისუფლების მოღვაწეობის პერიოდებში დაწერილი უახლესი ისტორიის ფურცლებიდან ვკითხულობთ. ამის გამო საპატრიარქომ და მათთან კოალიციურად დაკავშირებულმა პარტიებმა თუ რიგითმა მოქალაქეებმა, ასეთ ორგანიზაციებს სატანის დაწესებულებები უწოდეს და დღემდე ღრმად არიან დარწმუნებულები, რომ იქ მომუშავე თითოეულ ადამიანს, მარცხენა მხარზე შეუხედავი, რქებიანი და კუდიანი არსება აზის, რომელიც ანტიქრისტეს მსახურია და „მსხვერპლი“ სრულიად დამონებული ჰყავს.

ლგბტ(ქ) თემის ყველაზე მსშტაბური გამოჩენა და თავიანთი უფლებების დასაცავად ქუჩაში გამოსვლის პირველი ფაქტი 2013 წლის 17 მაისია, როდესაც თბილისში ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე პირველად აღინიშნაა. ლგბტ დროშები და რამდენიმე ტრანსფარანტი, რომელზეც ძალიან ჩვეულებრივი წარწერები იყო გაკეთებული, ქვეყანაში ლამის სახელმწიფო გადატრიალების ტოლფას ქმედებად შერაცხა საპატრიარქომ და მათთან დასაპირისპირებლად ანაფორიანი მხედართმთავრები და თავიანთი მებრძოლები ქუჩაში გამოფინა, წამოსვლამდე კი ხელში ტაბურეტიც მისცა, რომელიც მსოფლიო ბატალურ ისტორიაში პირველად გამოიყენეს არა როგორც ერთი მოკრძალებული ადგილის ჩამოსადებად, არამედ ბრძოლის იარაღად.

უთანასწორო ბრძოლაში ტაბურეტი და „არასწორი“ ხელი ბევრს მოხვდა, ხოლო ვინც იმარჯვა და საგანგებოდ მომზადებულ ყვითელ მიკროავტობუსებსა და ავტობუსებში ელვის სისწრაფით შევიდა, გავეშებული ბრბოს დახმარებით ტურბულენტურ ზონაში აღმოჩნდა.

ორგანიზაციებმა, რომლებმაც აღნიშნული აქცია დაგეგმეს, დაახლოებით კი იცოდნენ, რომ ამ ყველაფერს პროტესტი მოყვებოდა, მაგრამ წინა საღამოს ხელისუფლებაში რამდენიმე თვის მოსულმა „ქართულმა ოცნებამ“ ისინი დაამშვიდა, რომ პოლიცია მათ გვერდით იქნებოდა და მათი უსაფრთხოების გარანტად იქცეოდა. ვინც პოლიტიკურ პროცესებში კარგად ერკვეოდა და იცოდა საპატრიარქოსა და ივანიშვილის ხელისუფლების ქართულ-ჯიგრული მეგობრობის ამბავი, კითხვის ნიშნები კი უჩნდებოდათ, როგორ დაუპირისპირდებიან ერთმანეთსო, მაგრამ სადღაც იმასაც უშვებდნენ, რომ დასავლელი და ევროპელი პარტნიორების კიდევ უფრო მეტად დასამეგობრებლად და მჭიდრო კავშირისთვის, ალბათ, ნამდვილ დემოკრატიის ზეიმს მოაწყობენ და იმ 90%-ზე მეტს, რომლებმაც არჩევნებში მხარი დაუჭირა, დაანახვებენ, რომ არც ჩვენ ვართ მიშაზე ნაკლები ევროპელებიო. ასეც მოხდა, დემოკრატიისა და ტოლერანტობის განცდა ნამდვილად შექმნეს _ თუმცა მოჩვენებითი, ისეთივე ბრჭყვიალა და თვალისმომჭრელი, როგორიც თავიანთი წინასაარჩევნო დაპირებები იყო, რომლებიც, ხელისუფლებაში ახლად მოსული ჩინოვნიკების წონაში მატების პარალეურად, სულ უფრო უსუსური და გალეული ხდებოდა.

17 მაისის მოვლენების შემდეგ დემოკრატიულობის ნიღაბი კი გაიბზარა, მაგრამ „ქართული ოცნების“ მესვეურებმა წებოც მალევე იშოვეს და 2014 წლის აპრილში საქართველოს მთავრობამ, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს განსახილველად გაუგზავნა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც შემდგომში „ანტიდისკრიმინაციული კანონის სახელით“ ჩაიწერა ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში.

აღნიშნული კანონპროექტი, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შეიქმნა, მას შემდეგ, რაც 2013 წელს საქართველოს დაეკისრა ვალდებულება, მიეღო კანონი, რომელიც დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის აღმოფხვრისკენ იქნებოდა მიმართული. პარლამენტმა კანონი 2014 წლის 2 მაისს მიიღო, რის შემდეგაც ის ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი ხელმოწერით დაამშვენა და 17 მაისს გაბზარული დემოკრატიულობის ნიღაბიც ოდნავ გამთელდა, მაგრამ ბზარის კვალი იმდენად შესამჩნევი აღმოჩნდა, რომ ლგბტ(ქ) თემის წარმომადგენლებმა ფართომასშტაბიანი გამოსვლების ჩატარება ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს და არჩიეს, რომ კვლავ „თავის კვადრატში“ ემოძრავათ, აი, ისე _ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები რომ დარბიან და ასობით წრეს არტყამენ მისთვის გამოყოფილ მონაკვეთზე.

ხელისუფლების პარალელურად, საქართველოს საპატრიარქოც არ მჯდარა გულზეხელდაკრეფილი და ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის საპირწონედ, 17 მაისს ქართული საერთაშორისო, „ოჯახის სიწმინდის“ დღე დაეარსებინა _ დაარსეს კიდეც, ჰოდა, აგერ უკვე 7 წელია, პიკაპებზე (თქვენი ფულით განახლებული ავტოპარკიდან) ამხედრებული ანაფორიანები კი რწყავენ ქუჩებს ნაკურთხი ონკანის წყლით. ისე, ვერ დაუკარგავ, ცხელ დღეებს უხდება გრილი ქუჩები.

გადიოდა დრო და საქართველოში სულ უფრო და უფრო მეტი ლგბტ(ქ) თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია იქმნებოდა, ზოგი მოდისთვის, ზოგი გრანტისთვის და ზოგიც მართლა საჭიროებისამებრ. მათი რიცხვი ერთეულებიდან მალე ათეულებში გადავიდა და, შესაბამისად, სოციალური ქსელების ეპოქაში იმაზე ხშირად გვახსენებენ თავს, ვიდრე ამას წელიწადში ერთხელ 17 მაისს მოახერხებდნენ. სოციალური ქსელები არც საპატრიარქოსთვის წარმოადგენს პრობლემას და წინათ საერო ცხოვრებაში კარგად გამოსული (ახლა უკვე ანაფორიანები) რეციდივისტები და მოძალადეები, იქაც საფუძვლიანად გააქტიურდნენ. მათთან ერთად საზოგადოებრივი და პოლიტიკური აზრებიც ორად გაიყო და მოკლედ, ამ გაჭირვებულ წუთისოფელში, ჯიბეში ბატი-ბუტის ფული თუ მოგეპოვება, არაფერი სჯობს მისი თანხლებით ფეისბუქის გვერდის ასქროლვა-ჩამოსქროლვას. ჩვენც ვსქროლავთ და ნანახი იმდენად გვაოცებს და გვაკვირვებს, რომ ხანდახან მკლავზეც ვიჩქმეტთ ხოლმე, რათა დავრწმუნდეთ, რომ ნამდვილად რეალურ სამყაროში გვიხდება ცხოვრება და არა რაღაც წარმოსახვით, გაუგებარ რეალობაში, რომელიც იმდენად გაუგებარი და აბსურდულია, რომ მეცნიერები დროა, ახალ მიმართულებებზე მსჯელობდნენ, რომელიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ცალკე საგნად ჩაეშვება. სახელიც რაიმე მსგავსი უნდა ჰქონდეს, მაგალითად, _ აბდაუბდოლოგია, რომელსაც ლოგოდ აინშტაინის ცნობილი ფოტო ისე მოუხდება, როგორც კარგად შეპიწკინებულ გოჭს ასევე კარგად შეკაზმული ახალი ტყემალი.

აბდაუბდოლოგიას ცოტა ხნით შევეშვათ და კვალავ რეალიზმს დავუბრუნდეთ… დროც ცოტა წინ „გადავახვიოთ“ და კვლავ 2021 წელს დავუბრუნდეთ. რამდენიმე კვირის წინ ქვეყანაში ლგბტ(ქ) თემის საკითხმა კიდევ ერთხელ გამოანათა, თავისი სიფერადით (თან ისეთი ფერები აქვს, როგორ გინდა, მზერა მოარიდო) და საზოგადოება კვლავინდებურად აახმაურა. რაინდად წოდებულმა ლევან ვასაძემ ბევრი ფიქრის შედეგად საკუთარი პარტია „ერი“ ჩამოაყალიბა, რომელიც სრულმასშტაბიანად ასე იშიფრება: ერთობა, რაობა, იმედი, ამასაც თუ ჩავშლით, ასეთ სურათს მივიღებთ:
ერთობა _ კომბლიანების, ანაფორიანებისა და რუსეთუმეებისგან მიღებული, გაურკვეველი წარმონაქმნი;


რაობა _ ამას ბევრი განხრა აქვს, ამიტომაც ძალიან მარტივად, ავთანდილ ვარსიმაშვილის ფილმის სახელწოდება „იდიოტოკრატიას“ მოვარგებ (უხდება თემატურად);

იმედი _ რაც შეეხება იმედს _ ოლიგარქისა და მის ხელში არსებული მთელი სამთავრობო სტრუქტურების იმედად რომ დავდექით, კი გემახსოვრებათ, სად გავეკვეხეთ (ჯერაც იქ ვართ, პრინციპში) _ ჰოდა, კომბლიანი კაცის იმედად, თქვენი არ ვიცი და ჩემი გადმოსახედიდან, მტერი იყოს თუ უნდა, რაღაც მომენტში, ეგეც შემეცოდებოდა.

ჰოდა, ვასაძემ თავისი პარტიის წარდგენისას მკაცრად თქვა, რომ მისი ძირითადი ამოცანა იქნება ქვეყნის გაწმენდა სატანისტური და ლიბერალური წარმონაქმნებისგან, ამიტომაც, იბრძოლებს „მთავარი არხის“, „ტვ პირველისა“ და „ფორმულის“ მსგავსი მედიასაშუალებების წინააღმდეგ და რაღა თქმა უნდა, სრულად აკრძალავს ქვეყანაში ლგბტ(ქ) თემის წევრების პარპაშს. ყოველივე ამის საპირწონედ კი 2021 წლის 1-დან 5 ივლისის ჩათვლით თბილისი პრაიდის კვირეული დაანონსდა, რომელიც ფართომასშტაბიანი, ეგრეთწოდებული ღირსების მარშით დაგვირგვინდება, მოკლედ რომ ვთქვათ წინასაარჩევნოდ, მმართველი პარტიის დემოკრატიული ინდექსის ფართომასშტაბიანი შემოწმება დაიგეგმა, რამაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლით, გიორგი გახარიას გადადგომის და ოპოზიციაში გადაბარგების შემდეგ, ისედაც საგონებელში ჩავარდნილი ,,ქართული ოცნება”, კიდევ უფრო დააფიქრა, ერთი სიტყვით, როგორც ერთმა ბრძენმა კაცმა თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში: რა უნდა ვქნა? თავს ზევით ძალა არაა, თავს ვერ ვიკლავ და ისე ამგენის შემხედვარე რომ მეიკლა კაცმა თავი ის ჯობია, მარა ცოდვააო იქინე აღარ მიგიღებენო, ჰოდა არც იქინე მიმიღონ და არც აქანა გავჩერდე, საით წევიდე არ ვიცი მე“ - აი ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში არიან. მოკლედ, ბევრი იფიქრეს თუ, ცოტა კობახიძემ მოიფიქრა და მყარად გადაწყვიტა, რომ ,,იქინე“ ყოფნა სჯობს და არჩევნების წინ, სამღვდელოების განაწყენება არ იქნება, ამიტომაც, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას გადაცემა ,,რეაქციაში“ მყარად და რიხიანად განაცხადა, რომ ლგბტ(ქ) თემის წარმომადგენლებს პრაიდის ჩატარების უფლება არ უნდა მიეცეთ და რომ აღნიშნული ქმედება არ გავს პასუხისმგებლობიანი ადამიანების გადაწყვეტილებას. ამით კობახიძემ მწვანე შუქი აუნთო, რაინდ ლევან ვასაძეს და მის მომხრეებს, რომლებმაც ნინი ქარსელაძის სიტყვებით, რომ ვთქვათ ,,საუკეთესო სისხლისღვრა“ დაანონსა თუ, ხელისუფლება პრაიდის ჩატარებას არ შეაჩერება. მაგრამ ამ განცხადებით კობახიძე, რომლიც ამავდროულად კონსტიტუციონალისტია და ახალი კონსტიტუციის ერთ-ერთი შემოქმედია, სწორედ ამ კონსტიტუციის ერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერი დაარღვია. საქართველოს მოქმედ კონსტიტუციაში ვკითხულობთ:

,,საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მიხედვით ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია, ხოლო დისკრიმინაცია აკრძალულია.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიხედვით წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ შეკრების უფლება აქვს ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში.
ამავე მუხლის მიხედვით ხელისუფლებას შეკრების შეწყვეტა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.
საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ლგბტქი ადამიანებისთვის საჯაროდ შეკრების თვისუფლების შეზღუდვას. ასეთი საკანონმდებლო ჩანაწერი რომც ყოფილიყო მოვიდოდა წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციასთან.

“ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა დანარჩენ ნორმატიულ აქტებთან“.

აქედან გამომდინარე, მმართველი პარტიის დემოკრატიული ინდექსის შემოწმების საწყის ეტაპზე, შედეგები ასე გამოიყურება: 0:1 - კონსტიტუციის სასარგებლოდ.

ლევან ვასაძის და ,,ქართული ოცნების“ განცხადებების მიუხედავად, საკუთარ პოზიციას არ თმობს თბილისი პრაიდის ორგანიზატორები და აცხადებენ,რომ პრაიდი მაინც ჩატარდება და ძალიან ფერადი და მასშტაბური სანახაობა იქნება.
,,ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პრაიდი იყოს ყველაზე მასშტაბური, შედგეს ბოლომდე, იყოს ძალიან ფერადი, კეთილი და მხიარული”, -აცხადებს მოძრაობა ,,სირცხვილიას“ ერთ-ერთი აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.

გაუძლებს თუ არა, პოლიცია და მმართველი გუნდი დემოკრატიის გამოცდას, ეს 2021 წლის 5 ივლისს გაირკვევა, თუმცა, წინასწარი შედეგების გამოტანა უახლოესი ისტორიის გადახედვის შედეგად მარტივია, თუ 2013 წლის 17 მაისს ხელისუფლება ლგბტ(ქ) თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დაპირდა მაქსიმალურ უსაფრთხოებას, კარგად ვნახეთ როგორ გაართვეს ამ ამოცანას თავი, დღეს კი, როდესაც მმართველი პარტიის თავმჯოდმარე აცხადებს, რომ პრაიდი არ უნდა ჩატარდეს, რთული წარმოსადგენი არ იქნება რა შეიძლება მოხდეს.
ამას კარგად აცნობიერებენ პრაიდის ორგანიზატორებიც და მთელ პასუხისმგებლობას 5 ივლისს მოვლენათა მოსალოდნელ განვითარებაზე, ხელისუფლებას აკისრებენ.

და ბოლოს, განვავრცობ იმას, რითაც დავიწყე - ამ მოკლე მონახაზით და დაინტერესების შემთხვევაში, Google-ში, თუნდაც ერთი საათით ინფორმაციის მოძიებით, მიხვდებით, რომ ის 2 000 000 ადამიანი, სულაც არ იზიარებს ჭეშმარიტებას იმის შესახებ, რომ ყოველი ქმედება უფლის მიერ ნაკარნახევია, სხვა შემთხვევში ეს წერილი უფრო მცირე და ნაკლებ ინფორმაციული დატვირთვის იქნებოდა.

გიგა გელხვიიძე

გაზიარება