QronikaPlus
ნინო გოგუაძე: „ბრძოლის ჟინით „ოცნებას“ დავამარცხებთ!“

ნინო გოგუაძე: „ბრძოლის ჟინით „ოცნებას“ დავამარცხებთ!“

2021-06-20 09:16:33

ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მოცემულობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც ოპოზიციის ნაწილმა შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა და საკანონმდებლო ორგანოში საკუთარი ადგილები დაიკავა.
საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ამის გამო ხელის მომწერი ოპოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, გააკრიტიკა, რიგ შემთხვევაში კი მათ გაყიდულები და მოღალატეებიც უწოდა. ფაქტია, პოლიტიკოსები, რომლებიც თვეების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ გაყალბებული არჩევნებით დაკომპლექტებულ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ გააჩნია, დღეს საპარლამენტო ტრიბუნებიდან გვესალმებიან.

გაწყვეტილია თუ არა კომუნიკაცია ოპოზიციურ პარტიებსა და ამომრჩეველს შორის? რა მოცემულობაშია ოპოზიცია და რა არის ამ სიტუაციიდან გამოსავალი? როგორ უნდა მოემზადონ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებისთვის? რამდენად მაღალი შანსი აქვს „ქართულ ოცნებას“, რომ 43% აიღოს?

აღნიშნული თემების შესახებ „ქრონიკა+“ პოლიტიკოს ნინო გოგუაძეს ესაუბრა:

_ ქალბატონო ნინო, რა პოლიტიკური მოცემულობის წინაშე აღმოვჩნდით მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ნაწილმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, პარლამენტში ადგილები დაიკავა და მელია ციხიდან გამოვიდა?

_ მას შემდეგ, რაც შეთანხმების დოკუმენტს ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა და პარლამენტში შევიდა, თითქოს ოპოზიცია გაიყო. მართლაც არის განსხვავებული მოსაზრებები, ძალიან მკაფიო შეფასებები ისმის იმასთან დაკავშირებით, უნდა მოეწერა თუ არა ხელი ოპოზიციის ნაწილს დოკუმენტზე? მე, მაგალითად, დღესაც იგივე პოზიციაზე ვარ, რომ იმ პირობებით, რაზედაც ხელი მოაწერა ოპოზიციამ, არ უნდა მოეწერა, რადგან ჩვენ ვითხოვდით ვადამდელ არჩევნებს. საპარლამენტო რესპუბლიკაში ვადამდელი არჩევნები არის კრიზისის განმუხტვის ერთადერთი ცივილიზებული ფორმა. თუ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, ასეთი წარმოუდგენელი რამ არ უნდა ყოფილიყო ვადამდელი არჩევნების მიღწევა. ამ დოკუმენტში შედის ამნისტიის პროექტი, რომელიც ძალიან მძიმეა. ტექსტში პირდაპირ წერია: იმისთვის, რომ ორი პოლიტიკური საქმე გადაწყდეს, საჭიროა 20 ივნისთან დაკავშირებული ყველა დანაშაულის ამნისტირება. მესმის, რომ ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც ხელი მოაწერა შეთანხმებას, განზრახვა კი არ ჰქონია, რომ პოლიციელებისა და პოლიტიკური დამკვეთებისთვის პასუხისმგებლობა აეცელებინა, მაგრამ ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერით „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაცია მიეცა. ოპოზიციას უფრო დაწვრილებით უნდა წაეკითხა დოკუმენტი და ევარაუდა, რა შედეგი შეიძლებოდა მიეღო ხელმოწერის შემთხვევაში. 2 წლის წინ რომ საშინლად დაარბიეს მიტინგი და ადამიანებმა თვალი დაკარგეს, ბევრს ჯანმრთელობა შეერყა, იმ პოლიციელებისა და თანამდებობის პირების ამნისტირება ძალიან მძიმეა. მგონია, რომ როცა ამ პროექტის განხილვა განახლდება პარლამენტში, ისევ საკმაოდ დაიძაბება ურთიერთობა, რადგან ეს ძალიან მძიმე პროცესი იქნება, ეს იარები მოუშუშებელია. რაც არ უნდა ალტერნატიული კანონი მოამზადონ, „ქართული ოცნება“ რა კანონსაც მიიღებს, იმაზე პასუხისმგებელი იქნება შეთანხმებაზე ხელის მომწერი ოპოზიცია, რადგან მათ გარეშე „ოცნება“, უბრალოდ, ვერ გაბედავდა ასეთი ამნისტირების კანონის მიღებას. მათ სწორედ სჭირდებოდათ ოპოზიციისა და საერთაშორისო მედიატორების ლეგიტიმაცია, რაც მოხდა ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით. ჩემთვის აბსოლუტურად გაურკვეველია, როგორ შეიძლება შენი მთავარი პრინციპი იყოს, რომ თვითმმართველობის არჩევნებს არ შეიძლება მიაბა რიგგარეშე არჩევნები? ამას აცხადებდნენ კიდეც ოპოზიციონერები, რომლებმაც ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი და მეორე დღეს დასთანხმდნენ პრინციპის შეცვლას. პლებისციტი და ვადამდელი არჩევნები სხვა პრინციპია, ხოლო თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც თავისი არსით აბსოლუტურად სხვა ტიპის არჩევნებია, არსობრივად განსხვავებულია და თან, 43%-ზე რომ დასთანხმდნენ. შარშან რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, თვითმმართველობის არჩევნებით იმ პარლამენტის ლეგიტიმაცია როგორ უნდა მოხდეს, არ მესმის. დღესაც კი ყველანი ვამბობთ, რომ ეს პარლამენტი არალეგიტიმურია. ამიტომ არსებობს არათუ შეუთანხმებელი, არამედ მკვეთრად განსხვავებული პოზიციები ამ დოკუმენტზე ხელმომწერ, პარლამენტში შესულ ოპოზიციასა და იმ ოპოზიციას შორის, ვინც გარეთ დავრჩით. მათ შორის, მე, საერთოდ, ერთიანობის ფეტიშის მომხრე არ ვარ, რადგან ზოგჯერ, როცა ერთიანობა თვითმიზანი ხდება, თუ ეს ერთიანობა არ არის ძალიან მყარი, იგი გაზიანებს. ერთიანობა არ შეიძლება იყოს მიზანი, ერთიანობა შეიძლება იყოს საშუალება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, დღეს, რადგან ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ ოქტომბერში თვითმმართველობის არჩევნებია ჩასატარებელი, მკაფიო შეხედულებები უნდა დავიტოვოთ, მოსაზრებები არ უნდა შევიცვალით, თუმცა ერთმანეთს მტრები არ უნდა ვეძახოთ. უნდა მოვძებნოთ ერთმანეთთან შეხების წერტილები. თუ მთელი ოპოზიციის მიზანია ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ხელისუფლებიდან ჩამოშორება, რაც მათ დეკლარირებული აქვთ, ერთმანეთთან კოორდინაციით, ოპტიმალური სტრატეგიის მოძებნით უნდა გავიდეთ თვითმმართველობის არჩევნებზე. რაც შეეხება ნიკა მელიას, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ იგი ციხიდან გამოვიდა. ჩემი დიდი პატივისცემა მას. ნიკა მელია, დღეს არის ძალიან გამორჩეული ოპოზიციური ფიგურა. იმედი მაქვს, ის სწორად წარმართავს მოლაპარაკებებს. თვითონ მას არ უთქვამს, თვითმმართველობის არჩევნებში რა ფორმით აპირებს ჩართვას, ჯერ გადაწყვეტილებაც კი არ მიუღია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება, როგორც თბილისში, ასევე მთელ საქართველოში. დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა მელია ძალიან პოზიტიურ როლს ითამაშებს ოპოზიციის საერთო სტრატეგიის შემუშავებაში.

_ თქვენ აღნიშნეთ, რომ დოკუმენტით გათვალისწინებული ამნისტიის პროექტი ძალიან მძიმეა, რატომ დასთანმხდა ამას ოპოზიციის ის ნაწილი, რომელმაც ხელშეკრულებას ხელი მოაწერა? სათანადოდ ვერ გაიზრა თუ ესმოდა, რაზეც მიდიოდა და მაინც დასთანხმდა? თავად კი აცხადებს, რომ ეს გამარჯვება იყო…

_ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებმაც შეთანხმებას ხელი მოაწერეს, მაინც ცდილობენ, რომ ეს გამარჯვებად გამოაცხადონ, მათ შორის, ამას ცდილობენ ისინი, რომლებმაც დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. ეს არ არის გამარჯვება, თავად კი გამოაცხადეს და ზეიმი მოაწყვეს, მაგრამ მე ამას არ მივიჩნევ გამარჯვებად და, შესაბამისად, არ შემიძლია, ეს შევაფასო, როგორც გამარჯვება. შეთანხმების ეს დოკუმენტი არ არის ისეთი, რომელიც კრიზისიდან გამოიყვანს ამ ქვეყანას. ეს არ არის ის დოკუმენტი, რისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით, _ ვადამდელი არჩევნებისთვის. ერთიანობა ბოლომდე რომ შეგვენარჩუნებინა და კიდევ უფრო გაეძლო პოლიტიკურ სპექტრს, საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვან დათმობებზე მოუწევდა „ქართულ ოცნებას“ წამოსვლა. სამწუხაროა, რაც მოხდა. რაც შეეხება იმას, რომ ხელის მომწერ ოპოზიციას ეს სპეციალურად არ გაუკეთებია, ამაში ადამიანურად მინდა ვიყო დარწმუნებული, მაგრამ მაინც, ყველაფრის მიუხედავად, მათი პასუხისმგებლობაა ამნისტიის ის კანონი, რომელსაც „ქართული ოცნება“ პარლამენტში მიიღებს. როდესაც ხელმომწერი ოპოზიცია კრიტიკაზე ღიზიანდება და ამბობს, რომ ამ პროცესზე პასუხისმგებლობა აიღო და დაასრულა შეთანხმებაზე ხელის მოწერით, _ ეს ასე არ მთავრდება. პასუხისმგებლობის აღება ნიშნავს იმას, რომ პროტესტით სავსე აქტივისტების დერეფანშიც მოუწევთ გასვლა, მათ შორის, რა თქმა უნდა, რეპუტაციის ნაწილი მაინც შეელახებათ და დაზიანდებიან, _ სწორედ ამის გააზრებაა პასუხისმგებლობის ნაწილი და არა ის, რომ ისინი თითქოს გმირები არიან, საქართველო გადაარჩინეს და ახლა კამათის დრო არ არის. პირიქით, ერთმანეთს უნდა ვეკამათოთ, ვაკრიტიკოთ კიდევაც, ამ ჩვენი მკაფიო და მკაცრი განსხვავების მიუხედავად, უნდა შევძლოთ საერთო ენის გამონახვა მათთან, ვისთანაც ეჭვი არ გვეპარება, რომ სხვისი თამაში კი არ ითამაშეს, არამედ უბრალოდ გულწრფელად შეცდნენ.

_ მხოლოდ იმ ნაწილთან განიხილავთ საერთო ენის გამონახვას, ვისზედაც ფიქრობთ, რომ გულწრფელად შეცდნენ?

_ მე ასე ვფიქრობ, რადგან თუ ეჭვი გეპარება პარტნიორის კეთილსინდისიერებაში, მასთან ერთად ბრძოლაში არ მიდიხარ. პირადად ჩემთვის ყოველთვის ვაფასებ, მათ შორის, საჯარო განცხადებებსაც თუ დავუკვირდებით, ვინ როგორ არის შეწუხებული, ვინ რა გამოსავალს ეძებს ან არ ეძებს, პირიქით _ გაჯიუტებულია თავის პოზიციაში, შეგიძლიათ მათი დიფერენცირება მოახდინოთ. არ მინდა სახელების დარქმევა, რადგან ეს პროცესია და ასეთ დროს არ მსურს, სახელები დავარქვა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გამოიკვეთება. ამის შემდეგ კი ხალხი, პოლიტიკოსები, ექსპერტები ყველაფერს თავის სახელს დაარქმევენ.

_ თქვენ ბრძანეთ, რომ ისმის განცხადებები, _ ახლა კრიტიკის დრო არ არის. იმაზე, რომ ხელის მომწერი ოპოზიცია არასწორად მოიქცა, ხომ არ ფიქრობთ, რომ ერთგვარი ხელის შემშლელი იქნება საზოგადოების მხრიდან ოპოზიციური პარტიების/ერთობის ნდობის ნაწილში?

_ საზოგადოების ნდობა შერყეულია, თუნდაც, იმის გამო, რაც მოხდა. მოქალაქეების ნაწილს ბოლომდე სჯეროდა ოპოზიციის და მათი ნაწილი რომ პარლამენტში შევიდა, მას შემდეგ მოქალაქეების ამ ნაწილის ნდობა ხელის მომწერი ოპოზიციის მისამართით ისედაც დაკარგული აქვს. ნდობის მოპოვება პოლიტიკოსებს ყოველდღიურად გვჭირდება. რაც შეეხება კრიტიკას და მკაფიო პოზიციებს, ეს აუცილებელი მგონია. ტყუილია ის, რომ ერთიანობის გამო, რაც ჩვენთვის მიუღებელია, იმაზე თვალი უნდა დავხუჭოთ, _ ეს ასე არ უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური სპექტრი მკაფიოდ განვსხვავდებით ერთმანეთისგან, ამ განსხვავებებით უნდა შევძლოთ ერთიანობა და არა იმით, რომ ოპოზიციის ნაწილი, რომელიც შევიდა პარლამენტში, არ გავაკრიტიკოთ, მომავალი ერთიანობის გამო. ადამიანებს, მათ შორის, პოლიტიკურ ძალებს შორის არსებობს მკაფიო განსხვავებები, ამიტომაც იქმნება სხვადასხვა პოლიტიკური ძალა. ეს არის იდეოლოგიური, წარსული თუ მომავალის ხედვის ნაწილში სხვაობები. ჩვენ ეს განსხვავებები კი არ უნდა გავაქროთ, პირიქით _ ამ განსხვავების მიუხედავად, უნდა შევძლოთ ერთმანეთთან საერთო მიზნისთვის გაერთიანება და ერთმანეთთან შეხების წერტილების მოძებნა. ყველა ერთნაირები ვერ გავხდებით. მე მგონია, მთავარია, ხალხმა არ იგრძნოს ტყუილი. ახლა, მე რომ დავდგე და ვისაუბრო იმაზე, რომ ეს შეთანხმების დოკუმენტი ძალიან კარგი და მისაღებია-მეთქი, მოვიტყუები. ხალხი ყოველთვის გრძნობს, ვინ არის გულწრფელი და ვისი კრიტიკა არის იმისკენ მიმართული, რომ მართლა რაღაცას არ ეთანხმება და ვისი კრიტიკაა თვითმიზანი. იმედი მაქვს, რომ ადამიანები გულწრფელობას აფასებენ. კრიტიკისა და განსხვავებულობის მიუხედავად, თუ საერთო მიზანი გაქვს და შეხების წერტილები იპოვე, ერთიანობას წინ არაფერი უდგას, მაგრამ ის, რომ ახლა მოვატყუოთ ხალხი, თითქოს ოპოზიციურ სპექტრს შორის არანაირი განსხვავება არ არის, _ ეს ისეთი დიდი ტყუილია, რომ არც ერთიანობას გამოადგება და არც _ ამ პროცესს.

_ თქვენით თქმით, საზოგადოების ნაწილმა ხელის მომწერი ოპოზიციის მიმართ, გარკვეულწილად, ნდობა დაკარგა. სამომავლოდ, თვითმმართველობის არჩევნები იქნება თუ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები? პოლიტიკოსები და პოლიტიკური ძალები, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ, განწირული არიან თუ არა კრახისთვის?

_ ყველაზე ასე არ ვიტყოდი. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ მემეტებიან გასაწირად. უბრალოდ, მათ თუნდაც თვითმმართველობის არჩევნებში ექნებათ იმის დამტკიცების შესაძლებლობა, რომ პარტიულ ან პირად ინტერესებზე მაღლა დგანან და დეკლარირებულ მიზანს, ამ არაფორმალური და აბსოლუტური ძალაუფლების მქონე ხელისუფლების მმართველობიდან ჩამოშორებას ემსახურებიან. დარწმუნებული ვარ, ვადამდელი არჩევნები მაინც იქნება, იმის მიუხედავად, მიიღებს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ 43%-ს. შეუძლებელია ასეთი არაკომპეტენტური ხელისუფლების პირობებში ცხოვრება, იგი მხოლოდ სიძულვილით მართავს ქვეყანას, ვერანაირ კრიზისს ვერ გადალახავს, უბრალოდ, ამის უნარი არ გააჩნია. კრიზისის დაძლევის ერთადერთი საშუალება არის ვადამდელი არჩევნების ჩატარება, მით უმეტეს, საპარლამენტო რესპუბლიკაში. ეტყობა, ჩვენ ისევ საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელი გვაქვს, ასე მკვახედ ამბობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება. ყოველთვის კარგია, რომ საპრეზიდენტო რესპუბლიკაში არჩევნები კონსტიტუციით გათვალისწინებული ვადებით ჩატარდეს, ხოლო საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი იმითაც განსხვავდება საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელისგან, რომ, მაგალითად, ზოგ ქვეყანაში წელიწადში ორჯერ ტარდება ვადამდელი არჩევნები, ეს ამ ქვეყნის სტაბილურობას საფრთხეს კი არ უქმნის, არამედ პირიქით, რადგან ლეგიტიმაცია სჭირდება ხელისუფლებას. პარლამენტში ვინც არ უნდა შევიდეს და რამდენი პარტიაც არ უნდა იყოს წარმოდგენილი, ეს პარლამენტი არ არის აღიარებული პოლიტიკურად სამართლიანი არჩევნების შედეგად მიღებულ პარლამენტად. ამიტომ ნდობის კრიზისი ამ ხელისუფლებასა და პარლამენტს ყოველთვის იქნება. მგონია, რომ ვადამდელი არჩევნები ჩვენს ქვეყანაში მაინც ჩატარდება.

_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ხელის მომწერი ოპოზიციონერები ამბობდნენ რიგგარეშე არჩევნების მიბმა თვითმმართველობის არჩევნებზე არასწორია და მეორე დღეს დოკუმენტს ხელი მოაწერესო. ის, რომ საბოლოოდ მაინც, ამ ეტაპზე, რიგგარეშე არჩევნები თვითმმართველობის არჩევნების შედეგზეა მიბმული, დღევანდელი მოცემულობით, რა შანსი აქვს მმართველ გუნდს და ოპოზიციას? შეძლებს „ქართული ოცნება“ 43%-ის აღებას?

_ პირდაპირ გეტყვით, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ხელისუფლების შედეგი ყოველთვის გაცილებით მაღალია, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებში. ამიტომ ვინმეს თუ ჰგონია, რომ 43% „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან რთულად მისაღწევია, ცდება და მე ამას არ ვეთანხმები. თუმცა, რა თქმა უნდა, შანსი არის იმისა, რომ „ოცნებამ“ ვერ შეძლოს 43%-ის აღება. ამას სჭირდება ოპოზიციის მხრიდან ძალიან გათვლილი, ასევე მაქსიმალური კოორდინაცია მაჟორიტარების შერჩევის პროცესში, იქნება ეს დიდ ქალაქებში, თუ სხვაგან, სადაც შესაძლებელია. ჩვენ ვიცით, რომ მაჟორიტარ კანდიდატებს გასამარჯვებლად თვითმმართველობის არჩევნებში 50%-ის გადალახვა არ სჭირდებათ, ვინც ყველაზე მეტ ხმას იღებს, ავტომატურად მაჟორიტარია. თუ ბევრი ოპოზიციური კანდიდატი იქნება, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ შანსი ეზრდება და ამიტომ მაჟორიტარ კანდიდატებშიც აუცილებელი მგონია შეთანხმება, რამდენადაც შესაძლებელი იქნება, აბსოლუტურად ყველგან, რომ ვერ მოხდეს შეთანხმება. ეს მესმის, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ოპოზიცია მაჟორიტარებში ერთიანი კანდიდატებით გამოვიდეთ, _ მე ასე ვფიქრობ.

_ თქვენ თქვით, რომ აბსოლუტურად ყველგან საერთო კანდიდატზე ვერ შეთანხმდებიან, თუმცა გასულ კვირებში აქტიურად განიხილებოდა თემა, რომელიც ნიკა მელიას თბილისის მერობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატად დასახელებას ეხებოდა. რამდენად რეალური გგონიათ ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების თანხმობა?

_ ეს არის კონსულტაციების შედეგად მისაღები გადაწყვეტილება. ნიკა მელია არის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი კანდიდატი. მნიშვნელოვანია მისი გადაწყვეტილება, ასევე როგორ შეთანხმდებიან მთელ საქართველოში სხვა კანდიდატებზე. ყველაფერი შესაძლებლად მიმაჩნია. თუ მოვახერხეთ და შეთანხმების, თანხმობის, ბრძოლის ჟინი გავაჩინეთ, „ქართულ ოცნებას“ დავამარცხებთ. თუ ეს ვერ მოავახერხეთ, ასეთ შემთხვევაში შანსები კლებულობს.

_ როგორც ვიცი, თქვენ აქტიურად ხვდებით მოსახლეობას. ბრძოლის ჟინის გაჩენაზე საუბრობთ, როგორია საზოგადოების განწყობა დღევანდელი მოცემულობით?

_ მიუხედავად იმისა, რომ რეგიონებში სიარულის დროს ძალიან ბევრ აქტიურ ადამიანს შევხვდით, ტყუილები არ მიყვარს და სიმართლე გითხრათ, დავინახე როგორი გაუცხოებული და გაჭირვებულია ადამიანები, ხალხი, რომელიც არავის იმედი აქვს. ხელისუფლება და ოპოზიცია მათთვის ერთი და იგივეა, ნიჰილიზმი რომ არსებობს საზოგადოებაში, ეს ოპოზიციის ძალიან დიდი გამოწვევაა. ამ ხელისუფლებამ ხომ ნიჰილიზმი კიდევ უფრო გააღრმავა. 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ძალიან დიდი მოლოდინი იყო, რომ ეკონომიკურად წინ წავიდოდით, ადამიანის უფლებები მეტად დაცული იქნებოდა. ამ ადამიანებს იმედი ძალიან ბევრმა ხელისუფლებამ გაუცრუა და ახლა, უბრალოდ, „ქართული ოცნება“ ნერგავს პოლიტიკოსებისა და პოლიტიკის მიმართ ნიჰილიზმს. ხალხი იმდენად გაჭირვებულია, ძალიან რთულია გააგებინო, რა შუაშია, პარლამენტში შესვლა-არშესვლა, ბოიკოტი, მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება-არშეთანხმება. მიუხედავად ამისა, რაღაცნაირად უფრო უნდა დავუახლოვდეთ ხალხის პრობლემებს. ოპოზიციას ნაკლები რესურსი აქვს მოსახლეობის პრობლემების მოსაგვარებლად, მაგრამ უსამართლობა სადაც ხდება, იქ კონკრეტულ ადამიანებს უნდა დავუდგეთ გვერდით. სადაც დახმარება სჭირდებათ, რამდენადაც შეგვეძლება, მათ შორის, ხელისუფლების გამოყენებით, უნდა დავეხმაროთ მათ. ეს ხალხი თავს ყველასგან მიტოვებულად გრძნობს. პოლიტიკა არის სადღაც სხვაგან, ხალხი კი სადღაც სხვაგანაა, ეს არის რეალობა. პოლიტიკოსები ხშირად ამბობენ, ჩვენი ელექტორატი ელექტორატი კი არა, ჩვენი მოქალაქეები არიან, ეს ის ხალხია, ვისთვისაც პოლიტიკა კეთდება. მგონია, რომ აუცილებელია პოლიტიკოსებისა და ხალხის დაახლოება. ძალიან რთულია, მაგრამ ეს არის პოლიტიკოსის ამოცანა, რომ ნდობა გააჩინოს ხალხში, _ ხალხი გრძნობდეს, რომ მხოლოდ არჩევნების წინ კი არ ახსენდებათ, არამედ მერეც ახსოვთ ადამიანები. მხოლოდ იმიტომ კი არ ვხვდებით, რომ მათგან ხმა გვინდა, არამედ მათი გაჭირვება ჩვენიც არის, რომელსაც ისე მოვაგვარებთ, როგორც ხელგვეწიფება. ხალხი არ უნდა მოატყუო. ზოგჯერ უთქვამთ კიდევაც, მოგვატყუეთ მაინცო. რაღაც კონკრეტულ პრობლემაზე მითქვამს ხოლმე ადამიანებისთვის, რომ ამას ვერ გადავჭრით, ისინი კი იმდენად შეჩვეულები არიან დაპირებებს, რომ უთქვამთ, მოგვატყუეთ მაინც, რომ მოაგვარებთო. არ უნდა მოატყუო და არ უნდა გადავარდე პოპულიზმში, მაგრამ უნდა იცოდე, რომ მათი ტკივილი შენი ტკივილიც არის და ადამიანებს, როგორც ელექტორატსა და ხმას არ უნდა უყურო.

ნენე ინჯგია

გაზიარება