- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2021-06-20 07:46:25
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ხელოვნებათმცოდნე დავით ბუხრიკიძე:
_ დათო, კორონავირუსმა მთელი მსოფლიო მოიცვა. შესაბამისად, გაჩერდა ყველაფერი. განსაკუთრებული ზიანი მიადგა ისეთ პატარა ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო: ჩამოიშალა ეკონომიკა, დიდი დარტყმა მიადგა კულტურას, დაიხურა თეატრები, საკონცერტო დარბაზები, საგამოფენო სივრცეები, მუზეუმები. როგორ შეაფასებდით კრიზისში მყოფ კულტურას?
ზოგადად, გლობალური საკითხის წინაშე დავდექით და ცხადია, საქართველოც დგას ამ უზარმაზარი პრობლემის წინაშე. ეკონომიკა ვახსენეთ და დიახ, იგი მიბმულია კულტურასთან, სოციალურ გარემოსთან, ჯანდაცვასთან და ყველა იმ სფეროსთან, რაც დაკავშირებულია ადამიანების ცნობიერებასთან. ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში არავინ ახსენებდა კულტურას, თუ რა ნაბიჯები შეიძლებოდა გადადგმულიყო მის ასაღორძინებლად. მახსოვს, ერთ-ერთმა დეპუტატმა პარლამენტში წამოჭრა ეს საკითხი, თუმცა იგი დარჩა „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“.
_ კერძოდ, რა თქვა?
_ თუ როგორ შეიძლებოდა კულტურაზე ეზრუნათ. მაშინ პანდემია ახალი დაწყებული იყო და ყველას აქცენტი გადატანილი ჰქონდა ვირუსზე, ჯანდაცვაზე და არავინ ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა დავხმარებოდით ადამიანებს მატერიალურად, თუნდაც, ერთჯერადად. თითქოს არც ისმოდა პასუხისმგებელი პიროვნების ხმა. მაშინ მინისტრი ჩხენკელი იყო, რომელიც ერთი-ორჯერ გამოვიდა სიტყვით და ისიც საერთოდ არავის ახსოვდა. ამასობაში ჩაირა მთელმა წელმა.
დავიწყოთ იქიდან, რომ პირველი და ყველაზე მთავარი გახლდათ მატერიალური დარტყმა. რასაკვირველია, ძალიან ბევრი დარჩა უმუშევარი. ერთადერთი, რასაც, ასე თუ ისე, გაუმკლავდა ქვეყანა, იყო სახელმწიფო თეატრებსა და სახელმწიფო დაწესებულებებში მყოფი ადამიანების ხელფასები. ამით ზოგიერთი შიმშილსაც გადაურჩა. პანდემიის პირობებში მეორე პრობლემა იყო სივრცის საკითხი. ადამიანები საერთოდ გაქრნენ ამ არეალიდან, დაიკეტა თეატრები, კინოთეატრები, დარბაზები, სამუზეუმო სივრცეები, ოპერის თეატრი, მუსიკალური სკოლები, მუსიკალური ცენტრები. პლუს კიდევ სკოლები, რაც ცალკე თემაა. ანუ კულტურის სფერო დარჩა მაყურებლის გარეშე _ ადამიანების, ვისთვისაც ეს ხელოვნება იქმნება. ის სივრცე დაიშთო, კონტაქტი გაწყდა იმათთან, ვისთვისაც პროდუქტი უნდა შექმნილიყო.
ხელოვნება არის ადამიანებისთვის და
თუ ხალხი არ მივიდა მუზეუში და არ ნახა გამოფენა ან პერფორმანსი ან არტი, თუ არ წავიდა საკონცერტო დარაბზში, თუ არ მივიდა სპექტაკლზე ან საბალეტო, საოპერო, მუსიკალურ წარმოდგენას ვერ უყურა, მაშინ ვისთვის უნდა შეიქმნას პროდუქტი? დაზარალდა როგორც არტისტი, რომელიც დარჩა სცენის მიღმა, ასევე მაყურებელი, რომელიც ვერ მოხვდა დარბაზში. პანდემიამ გაწყვეტა კომუნიკაცია არტისტს, ხელოვანს, მუსიკოსსა, მსახიობსა და მაყურებელს შორის.
სახელმწიფომ ვერ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის არტისტები, ხელოვანები, რომლებიც იყვნენ ამ სახელმწიფოს სუბსიდირების მიღმა, მათ დახმარებოდა და მათზე ეზუნა. ისინი აღმოჩნდნენ კატასტროფის წინაშე.
ეს პრობლემა არის უმთავრესი _ როდესაც დამოუკიდებელი არტისტები, ხელოვანები, ადამიანები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო სტრუქტურებში გაერთიანებულები, აღმოჩნდნენ კატასტროფის წინაშე.
არის კიდევ ერთი პრობლემა: ეს გახლავთ კულტურის სტრატეგიის არარსებობა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემა ამ მეოთხეში კონცენტრირდება სხვა უამრავ პრობლემასთან ერთად, რომელიც სფეროს აქვს.
თეა წულუკიანი ახლახან, 25 მარტს დაინიშნა კულტურის მინისტრად და თითქოს მის მიმართ პრეტენზიები არ უნდა იყოს, მაგრამ, ფაქტობრივად, ჩვენ ვართ ვითარებაში, როდესაც საქმე საქმეზე რომ მიდგეს, პასუხისმგებელი არასოდეს არავინ არის.
მაგალითად, გერმანიაში, როდესაც პანდემია გამოცხადდა, კულტურის სფეროს მუშაკებისთვის (აქ მხოლოდ მსახიობებს არ ვგულისხმობ) მილიარდ-ნახევარი ევრო გამოიყო. საუბარი მაქვს დამოუკიდებელ ხელოვანებზე _ არტისტებზე. იმათ კი, ვინც სახელმწიფო დაწესებულებებში იყვნენ დასაქმებულები, ჩვეულებრივად შეუნარჩუნდათ ანაზღაურება.
ეს გერმანიის მაგალითი მივიყვანე მხოლოდ. ფედერალურმა სამსახურებმა განსაზღვრეს, ვინ და როგორ უნდა დაფინანსებულიყო.
_ რაც ვერ მოხერხდა საქართველოში…
_ დიახ, რაც ვერ მოხერხდა საქართველოში, თუნდაც რეგიონული არტისტების მიმართ. ასევე უნდა ყოფილიყო, მაგალითად, გურიაში, სამეგრელოში, იმერეთში. ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა გამოეყო დაფინანსება რეგიონული პრინციპითაც. თუმცა ცხადია, რომ მუნიციპალურ დონეზე კულტურის სამსახურებისგან არავის მოუთხოვია ინფორმაცია, რა ხდებოდა მათთან, ვისთვის იყო დახმარება გასაწევი. ამ პრინციპით შეიკრიბა ინფორმაცია გერმანიაში, მიუხედავად იმისა, რომ იქ ფედერალურ მიწებს თავისი კულტურის მინისტრებიც კი ჰყავთ. შესაბამისად, შეკრებილი ინფორმაციის საფუძველზე, ფედერალურმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება დახმარებების გაცემაზე. ჩვენთან კი სახელმწიფო დაწესებულებებს მიღმა მყოფი კულტურის მოღვაწეები, ხელოვანები, არტისტები, მარტივად რომ ვთქვათ, გაიმეტეს. აქ საუბარი არ არის მხოლოდ რეგიონის წარმომადგენლებზე. უამრავი ადამიანი ვიცი თბილისში, შიმშილის პირას რომ აღმოჩნდა.
_როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ მოხერხდა ამ საკითხის სწორად გააზრება? თუმცა აქვე ისიც ვაღიაროთ, რომ არც ერთ მთავრობას კულტურა დიდად არ ანაღვლებდა. სხვა საქმეა კონკრეტული პერსონები, რომლებიც ამა თუ იმ ხელისუფლებას დროდან დრომდე წახალისებული ჰყავდა?
-აი, შევარდნაძის დროს თუ ავიღებთ, მას პოლიტიკა ჰქონდა ასეთი, რომ კულტურის წარმომადგენლებთან ახლოს უნდა ყოფილიყო. რატომ ხდებოდა ეს? იმიტომ კი არა, რომ მას კულტურა აინტერესებდა, არამედ ინტელიგენციაში ჰყავდა პოლიტიკური დასაყრდენი. პირადად იცნობდა რეჟისორებს, მსახიობებს, არტისტებს. მას ჰქონდა ამ ადამიანებთან ურთიერთობის განსაკუთრებული ნიჭი. აი, თუნდაც მისი საქართველოში დაბრუნება გავიხსენოთ, ვინ იყო აღფრთოვანებული და ვინ უჭერდა მას მხარს? ეს მხარდაჭერა ეყრდნობოდა, ვიმეორებ, მისი კომუნიკაციის ნიჭსა და ერთჯერად თუ მრავალჯერად დახმარებებს, რომელსაც ის უწევდა ამ ადამიანებს. ისინი სანაცვლოდ მასზე მითებს ავრცელებდნენ. ნუ დაგვავიწყდება, რომ იმ დროს მათ აზრს მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა საზოგადოებაზე.
პრინციპში, ხელისუფლებები მერეც და დღესაც თუნდაც უცხოელი სტუმრების წინაშე თავს იწონებენ კულტურით, კონკრეტული ხელოვანებით, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან გააზრებული კულტურის პოლიტიკა არასოდეს ჰქონია საქართველოს.
_ დღესაც?
_ დღევადელ დღემდე გაგახსენებთ სააკაშვილის პერიოდს, როდესაც კულტურა იდეოლოგიზებული იყო. ადამიანები, რომლებიც მისი მომხრეები არ იყვენ, ფაქტობრივად, განიდევნენ სახელოვნებო სცენიდან. მისი სიყვარული კულტურის მიმართ გამოიხატებოდა ფრაქციებში. სახელოვნებო სფეროდან დაიწყო მისი კონფლიქტი წინა თაობასთან.
მან დასაყრდენი იპოვა ახალი ლიბერალური შეხედულებების ახალგაზრდებში ან შეიძლება ასეც ვთქვათ _ რამიშვილი-ბოკერიას იდეოლოგიური მიმართულების ახალგაზრდებში, რომლებსაც კი ჰქონდათ ევროპული განათლება, მაგრამ საბოლოოდ ძალიან ხისტი დამოკიდებულება გამოიჩინეს ხელოვანების მიმართაც. მათთვისაც მისაღები აღმოჩნდნენ „სამეფო“ კარის პოეტები, რეჟისორები, არტისტები, მომღერლები.
_ თუმცა დღეს არ არიან მთავრობის კარის მომღერლები? მიკერძოება დღესაც ხომ ჩანს?
_ დღესაც არიან ხელისუფლების მიმართ ლოიალური არტისტები, ხელოვანები. უბრალოდ, არ არის ხისტი აგრესია, როგორც მიშას დროს იყო. დღეს აქვთ ასეთი მიდგომა _ ილაპარაკე რაც გინდა, ტენდერს მაინც ჩემიანს მოვაგებინებ. ეს არის მართვის ზოგადი პოლიტიკა. სამწუხაროდ, კულტურის სფეროში ხშირად საქმიანობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც საერთოდ ვერ ერკვევიან მის არსში. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ არაკომპენტენურობა ძალიან საშიშია, განსაკუთრებით _ კულტურაში.
ბოლო პერიოდით რომ ვიმსჯელოთ, ძალიან მნიშვნელოვანია ივანიშივილის პირადი ინტერესები და სიმპათიები. რა თქმა უნდა, ყურადღების მიღმა ვერ დაგვრჩება მისი პრემიები სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებისადმი, რაც ასევე ხელისუფლებისა და, რა თქმა უნდა, პირადად მის მიმართ კეთილგანწყობის დემონსტრირების აუცილებელ პირობად იქცა. როგორც იტყვიან, ხარკს გადახდა უნდა და იხდიან კიდეც მერე ეს ადამიანები საარჩევნო პერიოდში.
ობიექტურობისთვის ვიტყვი, რომ ივანიშვილმა ბოლო პერიოდში დიდი ამაგი გაწია თეატრების მიმართ. აი, ახლაც გარემონტებულია რამდენიმე თეატრი ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ფოთში, თელავში. ყველა ამ თეტრში დასაქმებულია ბევრი ადამიანი. და არავინ იტყვის, რომ ეს გააკეთა „ქართუმ“, ეს გააკეთა ივანიშვილმა.
_ მადლიერები არიან ივანიშვილის?
_ ახლა რომ ნახოთ თუნდაც ოზურგეთის თეატრი, ეს გრანდიოზული, უზარმაზარი ორ დარბაზი _ სარეპეტიცოთი, განახლებული ტექნოლოგიებით _ შესანიშნავია! იგივე კეთდება ზუგდიდში. შესაბამისად, ცხადია, რომ ხალხი მისი მადლიერია.
კულტურაში ადამიანი, თუნდაც მდიდარი, ხომ არ უნდა განსაზღვრავდეს სფეროს წარმომადგენლების კეთილგანწყობას ან კონკრეტული მოღვაწეების მიმართ ვიღაცის პერსონალური დამოკიდებულება ხომ არ უნდა იყოს დამატებითი პრივილეგიების მიზეზი?
_ ფაქტობრივად, თუ ეს ადამიანი იქნება ხელისუფლებაში, მაგ შემთხვევაში საქმე დაჩქარებული წესით გაკეთდება და თუ არ იქნება, არ გაკეთდება?
_ დიახ, ეს ერის პრობლემაა, ამას არ უნდა განსაზღვრავდეს არავინ, არც მინისტრი. უნდა არსებობდეს კულტურის გრძელვადიანი სტრატეგია. მაგალითად ისევ გერმანიას მოვიყვან: იქ სტრატეგია მუდმივად განახლებადია და მასზე მთელი ისნტიტუტი მუშაობს. თუმცა მოხდა ერთი უცნაური ფაქტი, რამაც მეც გამაკვირვა: კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელმაც ორწლიანი მემორანდუმი გააფორმა თეატრალურ კავშირთან, განაცხადა, რომ აწი არ იქნება, რომ პრივილეგიები ჰქონდათ ვიღაცებსო _ არტისტებსა თუ რეჟისორებსო. დეტალურად შევისწავლით თეატრის პრობლემებს და ისე გადავწყვეტთ დაფინანსების აუცილებლობასო. მან საკმაოდ მკაცრი ხელი გამოაჩინა. ვნახოთ, რა იქნება და როგორ შეძლებს ის საკუთარი პირობის შესრულებას?
_ დათო, ჩვენ ვიცით, ვინ არის თეა წულუკიანი _ სად იყო, სად მუშაობდა იგი. დღეს კი მისთვის სრულიად უცხო სფეროში მოგვევლინა მინისტრად. საინტერესოა, რას უკავშირებთ ამ თანამდებობაზე მის დანიშვნას, როგორი მინისტრი იქნება ქალბატონი თეა?
_ დავიწყოთ იქიდან, რომ თეა წულუკიანის, როგორც პერსონის, კულტურის სფეროში გადასროლა ნიშნავს იმას, რომ „ოცნებამ“ ის მოიშორა, როგორც ოდიოზური, მკაცრი, ხისტი, ცოტა სარკასტული პიროვნება. მოგეხსენებათ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მას ცალკეული საკითხებისადმი.
წულუკიანმა აღნიშნა, _ ჩემი სურვილით წამოვედი ამ თანამდებობაზეო.
გასულ აპრილში რომ გეკითხათ, კულტურის მინისტრი ვინ გახდებაო, ვერც ერთი ადამიანი ამას ვერასდროს იტყოდა. ვერ იტყოდა თავადაც. უბრალოდ, ეს სფერო მაინც უფრო მოშორებულია პოლიტიკისგან, გავლენისგან, ფულისგან, დასვენებისგან. როგორი პრობლემურიც არ უნდა იყოს კულტურის სამინისტრო, ყოველთვის უფრო მეორეხარისხოვანი იქნება იგი მედიისთვისაც და საზოგადოებისთვისაც.
თავადაც არ სურს დაიჯეროს, რომ მოიშორეს და ამიტომ აქტიურობს, დადის ყველგან და ხვდება ყველას. დაინიშნა და ვერ გახდა კულტურის მინისტრი _ ამაზე მეტყველებს მის მიერ შერჩეული მოადგილეები: იურისტი სოსო გიორგაძე, რომელიც აქამდე იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა; იურისტი იოსებ ბაღათურიაც, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში და ხელმძღვანელობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს; მინისტრის პირველი მოადგილე გახდა კახა სიხარულიძე, რომელიც დიპლომატია და სხვადასხვა დროს საგარეო საქმეთა სამინისტროში იკავებდა მინისტრის პირველი მოადგილის, დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და პრესსპიკერის თანამდებობებს, იყო საქართველოს ელჩი ჩეხეთში, ჩინეთში, იტალიაში, სან-მარინოსა და მალტაში.
_ ანუ კულტურის სფერო ისევ არაკომპეტენტური ადამიანების ხელშია?
_ ფაქტობრივად, იურისტების ხელშია. რატომ უნდა იყოს იურისტი კულტურის სამინისტროში სპეციალისტის ან მოადგილის თანამდებობაზე?!
თავად წულუკიანს ვერ ვიაზრებ ამ პოსტზე. ამდენი ხანი გავიდა. ჰო, ძალიან მიზანდასახულიაო, ლაპარაკობენ თეატრის სპეციალისტები და რეჟისორები. ყველა რაღაც სიმპათიით არის განწყობილი, მაგრამ მე ეს უფრო შიში მგონია _ სკამებისა და თანამდებობების შესანარჩუნებელ სიაში. დამიჯერეთ, კულტურის სტრატეგია კულტურის საკითხებში გარკვეულმა კომპეტენტურმა ადამიანებმა უნდა შეიმუშაონ.
_ ე. წ. ელიტურ სამყაროში წულუკიანის დანიშვნამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ვიღაცას მოეწონა, ვიღაცას _ არა. თქვენი შეფასებით, ვინ უნდა ხელმძღვანელობდეს საქართველოში კულტურის სფეროს აღორძინებას ისე, რომ ეშველოს კულტურას და მინისტრი ყველასთვის მოსაწონი კანდიდატურა აღმოჩნდეს?
_ ეს უნდა იყოს პერსონა, რომელსაც დიდი წონა აქვს საზოგადოებაში.
_ ასეთ პერსონად ვინ მიგაჩნიათ?
_ მაგალითად, ცნობილი მწერალი, კომპოზიტორი, მუსიკოსი, მსახიობი, ვისაც საზოგადოებაზე ზეგავლენა აქვს, პლუს ქარიზმაც რომ ჰქონდეს და ნიჭიც. თუმცა ასეთი ადამიანების მოზიდვა კულტურის მინისტრის პოზიციაზე იმას ნიშნავს, რომ ხელოვანებმა თავისი პირადი ცხოვრება გვერდით უნდა გადადონ.
_ მასე ქეთი დოლიძესაც ჰგონია საკუთარი თავი წონიანი…
_ ქეთი დოლიძე იმდენად ოდიოზური, ხისტი, ამბიცური, მიკერძოებული და გამოკვეთილად პოლიტიზებულია, რომ მინისტრი არ შეიძლბა იყოს, მაგრამ პოზიტიური ქეთი დოლიძე რომ წარმოვიდგინოთ, რომელსაც საზოგადოებაც დაუჭერდა მხარს, მაშინ იგი მინისტრობის კარგი კანდიდატი იქნებოდა.
_ დოლიძეს რომ თავი დავანებოთ, როგორ ფიქრობთ, დღევანდელი მდგომრეობიდან გამომდინარე, რა დრო დასჭირდება კულტურას, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეს?
_ მინიმუმ, ერთი წელი, სანამ ეს პანდემია არ დასრუდლება და სანამ გლობალური სიტუაცია არ გამოსწორდება. მაქსიმუმ 2023 წლის ბოლომდე, წესით, რაღაც ძვრები უნდა იყოს.
გიორგი საკარული