QronikaPlus
ლია მუხაშავრია: „ივანიშვილი შეშინებულია!“

ლია მუხაშავრია: „ივანიშვილი შეშინებულია!“

2021-01-21 08:37:31

მართალია, მსოფლიოში პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კოვიდვითარება ელვისებური სისწრაფით ვითარდება, მაგრამ ჩვენს ბედკრულ სამშობლოში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ისევ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაა, უფრო კონკრეტულად, ადამიანები ცდილობენ, გაარკვიონ, „ოცნების“ ექსლიდერმა ეს გადაწყვეტილება ფორმალურად მიიღო თუ პოლიტკულისებში რეალურად გადაინაცვლა. იურისტსა და უფლებადამცველს, პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" წევრ ლია მუხაშავრიას, სხვების მსგავსად, მიაჩნია, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ჩვეულებრივი ფორმალობაა, თუმცა ჩვენი რესპონდენტი იმასაც ამბობს, რომ ოლიგარქი შეშინებულია.

- ქალბატონო ლია, გჯერათ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან რეალურად წავიდა?

- რა თქმა უნდა, არ მჯერა.

- დამისაბუთეთ, რატომ არ გჯერათ?

- ის პოლიტიკაში თავისი ქონების გადასარჩენად მოვიდა და ეს ქონება ისევ გადასარჩენი აქვს. საამისოდ კი პოლიტიკაში ყოფნა აუცილებელია, თუმცა მოსალოდნელი სანქციებისა და დასავლეთისგან მიღებული შეტყობინებების გამო ასეთი ვერსია მოიფიქრა და ჰგონია, რომ ამით ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ყველას თვალს აუხვევს. ჩვენ კი ვცდილობთ, საწინააღმდეგო დავასაბუთოთ, რასაც საფუძვლიანადაც ვახერხებთ.

საერთოდ, პოლიტიკოსები, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, პოლიტიკიდან წასვლას ვერ ახერხებენ ხოლმე, რადგან პოლიტიკას მაგნიტური ძალა აქვს. ამასთან, ივანიშვილი იმ კონტროლის მექანიზმს, რაც პოლიტიკაში ყოფნამ მოუტანა, ხელიდან არ გაუშვებს.

- თუ პოლიტიკიდან გასვლის ინსპირაციით ივანიშვილი საერთაშორისო საზოგადოებას ემალება, ეს უფრო სირაქლემის პოზას ჰგავს, ანუ დასავლეთში ვინმე დაიჯერებს, რომ იგი პოლიტიკას მართლა შეეშვა?

- ის ცდილობს და სხვა საკითხია, ეს ამბავი გამოუვა თუ არა. სხვათა შორის, ივანიშვილი მხოლოდ საერთაშორისო კი არა, ქვეყნის საზოგადოებასაც ემალება.

ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, „ოცნება“ ხელისუფლებიდან წავა და ამას დიდი დრო არ დასჭირდება და ის, ვინც მოვა, ივანიშვილს უეჭველად მიადგება და პასუხს მოსთხოვს.

- რა ფორმით?

- ამას მისივე მეთოდებით, ანუ არაფორმალურად გააკეთებენ და ფულს „დააყაჭინებენ“ თუ სამართლებრივ ნორმებს აამოქმედებენ, ეს არ ვიცი, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, პასუხის გაცემა მოუწევს.

- ვნახოთ, რა და როგორ იქნება, მაგრამ, თქვენი აზრით, ივანიშვილმა პოლიტიკური მემკვიდრეობა მაინცდამაინც ირაკლი კობახიძეს რატომ გადასცა?

- ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ივანიშვილს ისეთი აბსოლუტურად მორჩილი ადამიანი სჭირდება, როგორიც ბატონი კობახიძეა.

- რატომ?

- ივანიშვილს არ სჭირდება ის ადამიანი, რომელსაც პერსპექტივა აქვს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს და რაღაც მომენტში შესაძლოა, მასაც დაუპირისპირდეს. ამ თვალსაზრისით, კობახიძე ძალიან კომფორტული პირია.

სხვათა შორის, იმ განცხადებების შემდეგ, რომ არავინ უნდა დაურეკოს და შეაწუხოს, ივანიშვილს საშუალება ეძლევა, ყველასა და ყველაფერს ცოტა დისტანცირებულად დააკვირდეს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტოს, ტაქტიკა როგორ შეცვალოს. ის, ალბათ, მიხვდა, რომ იმ თამაშის წესებით, რომლითაც ამ ბოლო რვა წლის განმავლობაში მოქმედებდა, ვეღარ გააგრძელებს ცხოვრებას. მოკლედ, მას ახალი თვალი, ყური და მიდგომები სჭირდება. ისიც არაა გამორიცხული, რომ ივანიშვილს ამ გუნდთან ასოცირება აღარ უნდოდეს - ეს გუნდი როგორც ჩვენთვის არაა სასიამოვნო, სიმპათიური და მისაღები, ვფიქრობ, ივანიშვილისთვისაც ზუსტად ასეა, რადგან ამ გუნდს ჩვენზე უკეთესად იცნობს.

- ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა. მოკლედ, ივანიშვილს ეშინია?

- დიახ.

- ქალბატონო ლია, ამიხსენით, სანქციები, რომელიც შესაძლოა, ივანიშვილს დაუწესონ, რას გულისხმობს?

- აქ  მხოლოდ შიშველ სანქციებზე არაა გასამახვილებელი ყურადღება.

- აბა, კიდევ რაზეა?

- ოვალურ კაბინეტში ცვლილება იმას ნიშნავს, რომ თეთრი სახლიდან შტატების გარეთ მიმდინარე მოვლენებს უფრო მეტად მიადევნებენ თვალს, ყურადღება კი განსაკუთრებით სტრატეგიულ პარტნიორებზე გამახვილდება. ჩვენ აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორები ვართ და მართალია, საერთაშორისო ანალიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ის მოვლენები, რომელიც 2020-ში მოხდა, მაფიქრებინებს, რომ სამყაროში გარკვეული გადაადგილებები დაწყებულია და უნდა თუ არა, ამ გადაადგილებებში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, რაც საქართველოზე აშშ-ს აქცენტს თავისთავად გულისხმობს, რადგან კავკასია და აღმოსავლეთი აშშ-ის ინტერესის სფეროა და ამ მხრივ საქართველო ცენტრად მიიჩნევა. ჩვენი უახლოესი მეზობლების ტერიტორიაზე ახლახან რუსეთის მიერ განვითარებული მოვლენები იმას ნიშნავს, რომ აშშ-მ თავისი თვითმყოფადობა უნდა გააძლიეროს, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს აუცილებლად მოხდება.

- ასე რატომ ფიქრობთ?

- ტრამპი აშშ-ში რაღაც შიდა ინსტიტუტებისა და საქმიანობის გაძლიერებაზე იყო ორიენტირებული. ახლა კი თეთრი სახლი საერთაშორისო პოზიციის გამყარებას შეეცდება და საქართველოც ყურადღების ცენტრში მოხვდება. ყურადღების ცენტრში მოხვედრის შემდეგ კი მმართველობის ის ფორმა და წესი, რომელიც ივანიშვილმა აქ დაამკვიდრა, არავის მოეწონება და ამისთვისაც, ბუნებრივია, მოეკითხება!

- თუ მაინც მოეკითხება, აბა, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას რა აზრი ჰქონდა?

- მან ინაუგურაციას დაასწრო.

- ანუ?

- ივანიშვილმა ასეთი ფრაზა თქვა, _ აღარც დამირეკოთ და აღარც მომიკითხოთო.

- დიახ, თქვა. მერე?

- ამით ხაზი გაუსვა, ბატონებო, მე წავედიო. ეს, რა თქმა უნდა, თავდაცვის თვალთმაქცური აქტია, მაგრამ ნათქვამია, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო და ივანიშვილიც ყველაფერს გამოიყენებს.

მოკლედ, ჩემი აზრით, ივანიშვილს იმდენად უჭირს, რომ თანახმაა, ფასადად ასეთი რაღაცებიც „დაიყენოს“. სხვა შემთხვევაში, არსად წავიდოდა, მაგრამ ხედავს, რომ დასაყრდენი არც საკუთარ გუნდში ჰყავს, არც - ქვეყანაში და, მით უმეტეს, არც - საერთაშორისო ასპარეზზე. ამიტომ საკუთარი თავის დამალვა, უფრო სწორად, გადამალვა ამჯობინა  და შეიძლება, საქართველოშიც აღარ იყოს და მისი მოძებნა გახდეს საჭირო.

- ქალბატონო ლია, ისევ სანქციებზე ჩაგეკითხებით, ანუ ევროკავშირი სანქციების შესახებ გადაწყვეტილებას მძიმე იღებს, აშშ-ში კი ეს პროცედურა გაცილებით მარტივია. თქვენი დაკვირვებით, „ოცნებისექსლიდერს აშშ- სანქციების უფრო ეშინია თუ - ევროკავშირის?

- მსუბუქი და სასურველი არც აშშ-ის სანქციებია და არც - ევროკავშირის. საერთოდ, ამ ადამიანს ფული არც ერთ ანგარიშზე უდევს და მისი შემოსავალი არც ერთი კორპორაციის შემოსავლებზეა დამოკიდებული. ამიტომ მისი პორტფელი დარტყმას ვერც აშშ-დან აიტანს, ვერც - ევროკავშირიდან და ვერც - რომელიმე სხვა მხრიდან. აქედან გამომდინარე, მისთვის ნებისმიერი სანქცია არასასურველია. საერთოდ, ივანიშვილი მდიდარი იმიტომაა, რომ თითოეულ თეთრს ითვლის.

- შეიძლება, თუმცა ბოლო ეპისტოლეში ივანიშვილმა განაცხადა, მთელი ქონებაქართუ ფონდსგადავეცი და მე და ჩემმა მეუღლემ მხოლოდ 200 მილიონი დავიტოვეთო, ანუ ესეც ტყუილია?

- რა თქმა უნდა.

- რატომ?

- ივანიშვილი იმდენად შეშინებულია, რომ ხეირიანი არგუმენტიც ვერ მოიფიქრა და ეს თემა მრჩევლებსაც კი ვერ გაანდო, რათა სათანადო იდეები მიეღო და ყველაფერი ეს საზოგადოებისთვის სასაცილო ფორმით არ მიეწოდებინა.

საერთოდ, კარგი ფინანსური მრჩეველი უკეთესს რამეს შესთავაზებდა, მაგრამ ივანიშვილი არავის ენდობა და ასეთი სასაცილო განცხადებაც ამიტომ გამოუვიდა.

ისე, ივანიშვილი ახლა მხოლოდ იმით კი არაა დაკავებული, რომ ქონებას „ქართუ ფონდს“ გადასცემს (რაც ცნობილია), არამედ უფრო იმ ფულადი აქტივებისა და ქონების გადამალვაზე მუშაობს, რომლის შესახებაც არაფერი ვიცით. ამ დიდ საქმიანობაში, ცხადია, ბევრი რამ გამოეპარებოდა...

- ქალბატონო ლია, სანამ ბოლო კითხვას დაგისვამთ, ერთ თემასაც შევეხები: ივანიშვილის პოლიტიკიდან თუნდაც ფორმალური წასვლა ოპოზიციამ სათავისოდ როგორ უნდა გამოიყენოს?

- ამის გამოყენება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად შეიძლება, მაგრამ ვხედავთ, რომ ივანიშვილი რამდენიმე საქმითაა დაკავებული და, საწყალი, ხანდახან მეცოდება კიდეც.

- რას გულისხმობთ?

- ერთი მხრივ, უნდა გვაჩვენოს, რომ პოლიტიკიდან წავიდა, მეორე მხრივ კი ოპოზიციის რიგებში შუღლი თესოს. სხვათა შორის, ამ ბოროტი მარცვლებიდან ზოგიერთმა იხეირა, თუმცა მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი - ამდენი ხნის მცდელობის შემდეგ მხოლოდ ამას რომ მიაღწია, ე. ი. ოპოზიციის ერთიანობა მართლა მყარია და ოპოზიციაში არიან გონიერი ადამიანები, რომლებსაც საზოგადოება შეიძლება, დაეყრდნოს.

მოკლედ, ახლა, როცა ივანიშვილი ჰორიზონტზე ფორმალურად არ ჩანს, ოპოზიციას ძალიან კარგი შანსი აქვს, თავისი საქმე გააკეთოს!

სხვათა შორის, ოპოზიციაში დაწყებული კინკლაობა მცირემასშტაბიანი მგონია. მთელი ჩემი დღე და მოსწრება ჟურნალისტებს ვიცავ, მაგრამ ის, რასაც ზოგიერთი კადრულობს, არ შეიძლება, ჟურნალისტიკა იყოს, ეს უფრო რაღაც დაკვეთის შესრულებაა... ჟურნალისტიკის იდეა მოვლენის ყოველმხრივ საუკეთესო გაშუქებას უნდა ემსახურებოდეს და არა - ამ მოვლენის ყველაზე ცუდი მხარის წარმოჩენას.

ასეა თუ ისე, კენჭების ასეთი სროლა ოპოზიციას კიდევ უფრო განამტკიცებს და მის ერთიანობასაც შეკრავს!

- ე. ი., დარწმუნებული ხართ, რომ ელისაშვილიოცნებისდავალებებს ასრულებს?

- არა, ამ შემთხვევაში, ეს „ოცნების“ დავალების პირდაპირი შესრულება არაა.

- აბა, რა არის?

- როცა ადამიანს კარგად იცნობ, შეგიძლია, მას იმგვარი პედალირება გაუკეთო, რომ ისე ალაპარაკდეს, როგორც შენ გაწყობს! ბოლო დღეებში, მგონი, სწორედ ამას ვუყურებთ. ყოველ შემთხვევაში, არ მგონია, ვინმემ ელისაშვილს დაავალა, ასე და ისე თქვიო. უბრალოდ, ვიღაცამ პროვოკაციაზე წამოაგო და ამ დადგმულ სიტუაციაში ის როლი გაითამაშა, რომელიც მისცეს.

პოლიტიკოსს პროფესიული თუ ცხოვრებისეული გამოცდილება იმიტომ სჭირდება, რომ მსგავსს ანკესზე არ წამოეგოს.

- მოკლედ, გჯერათ, რომ ეს პერიპეტიები ოპოზიციის გამარჯვებით დასრულდება, არა?

- რა თქმა უნდა. საზოგადოების ერთსულოვნება ეჭვს არ იწვევს, რომ ამ ხელისუფლების შეცვლა აუცილებელია. ამასთან, საერთაშორისო საზოგადოებაც ჩვენზე არანაკლებაა შეშფოთებული და ეს ერთობლიობა აუცილებლად მოიტანს შედეგს.

გიორგი აბაშიძე

გაზიარება