QronikaPlus
საქართველო _ დამტოლებელი ხალხის ქვეყანა

საქართველო _ დამტოლებელი ხალხის ქვეყანა

2019-12-21 09:13:43

რამდენიმე დღის წინ მეგობარმა მკითხა, _ მეჩვენება თუ რამე ხდება და არ ვიცი, პოლიტიკურ პროცესებს განერიდეო. ცალკეულ ობიექტურ გარემოებებზე არაფერს ვიტყვი, არც სუბიექტურზე, რომელიც ჩემი პიროვნების აუტანლობას შეეხება რიგი მედიასაშუალებების მხრიდან, მაგრამ შევეცადე, მისთვის მიზეზები ამეხსნა, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ჩემეული ანალიზი დამენახვებინა. შევეცდები, ამ ყველაფერს ახლა გვერდი ავუარო, თუნდაც იმიტომ, რომ პროცესი მაინც მიდის, დუღს და როგორც იტყვიან, არ ავჭრა დეტალური ანალიზით. თუმცა ამავე პროცესების ფონზე აუცილებლად უნდა შევეხო 14 დეკემბრის აქციას.


ჩვენ _ ქართველები, ვატოლებთ ყველაფერს, რისი დატოლებაც შესაძლოა, ძალიან ადვილია და იმასაც, რისი დატოლება ჰიპოთეტურადაც წარმოუდგენელი გახლავთ. ბარემ, აქვე რამდენიმე მაგალითსაც ვიტყვი:
_ ვის რამდენი ხინკალი შეუძლია ჭამოს?
_ რამდენი ჭიქა თუ ბოთლი ღვინო დალიოს?
_ რამდენი სახლი აქვს?
_ რამდენი ფული აქვს?
_ რამდენი ტელეფონი აქვს?
_ რამდენჯერ შეუძლია ერთ ღამეში (მერა რა, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, დაამატებს _ ჩქიმ „პაკაზუხა“…)?
_ გივის (სიხარულიძე) უფრო დიდი აქვს თუ მას? და თუ აქ ფიასკოს განიცდის, ეგრევე დასძენს: „პატარა და მუშა“…
_ რამდენი ქვეყანა აქვს ნანახი?..
_ რამდენი მოუპარავს?..
_ რამდენად ცნობილია ანუ „ცნობადი“?..
_ რამდენად მაგარი მორწმუნეა?..
_ რამდენი?..
_ რამდენად?..
_ ?..
მოკლედ, ყველაფერს ვატოლებთ. ამ ფონზე რა გასაკვირია პოლიტიკოსები ატოლებდნენ, თუ რამდენი მომხრე ჰყავთ და რამდენი ადამიანის _ მხარდამჭერის შეკრება შეუძლიათ?.. უბრალოდ, აქ მთავარია, ახსნა და არგუმენტები… როცა მე „დაგანახებ“ ბევრს _ მაგარი ვარ და თუ ვერ დაგანახე _ ეგრევე ირთვება: „პატარა და მუშა“ _ ანუ ჩემი მომხრეები ხარისხიანი და პროგრესულები არიან, იმისი _ ბნელები. ლოგიკური ახსნაა, მით უფრო, იდეოლოგიური განსხვავების დროს. უბრალოდ, ერთი რამ არის პრობლემა, _ „პატარა და მუშას“ მქონეც იმ დღეს ელოდება, როდესაც იმდენივე „პუბლიკას“ შეკრებს და მანდ ხარისხი სულაც არ აინტერესებს.
პოლიტიკოსებს მასა სჭირდებათ და არა _ ინდივიდები, ადამიანები, რომლებიც მხოლოდ მათ დაუკრავენ ტაშს და ზენიტში აიყვანენ. დიახ, პოლიტიკოსებს სჭირდებათ მასა, რომელსაც შეუძლია პიროვნული თავისუფლებისა და ინდივიდუალიზმის მიჩქმალვა _ ზოგს ობიექტური (არ მესმის), ზოგსაც სუბიექტური _ მერკანტილური მიზეზების გამო.


იმდენივე ადამიანი რომ შეეკრიბა ოპოზიციას 21 ივნისს, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შეკრიბა 14 დეკემბერს ან რომელიმე სხვა თარიღის დროს, ხომ ცხადია _ პოლიტიკური მოცემულობა და რეალობა ახლა სხვა იქნებოდა. როდესაც გამუდმებით ვსაუბრობ მეც და არაერთი სხვა პერსონა, ოპოზიციის ტაქტიკურ თუ სტრატეგიულ შეცდომებზე და ამის გამო თურმე ივანიშვილის რეჟიმს ვამაგრებთ, ეს უზნეობა ცალკე გადავდოთ და პირდაპირ ვიკითხავ: 100 ან თუნდაც 150 ათასი „საბჭოთა მენტალობის“ ადამიანის საპირწონე _ პროგრესული(!) „ინდივიდების“ შეკრება რა გახდა? რატომ ვერ მოხერხდა? ყველა შეშინებული და დაშინებულია? და შეშინებული და დაშინებულ ადამიანებს რომელი ომი მოუგიათ? ვის იმედად მიდიხართ _ მივდივართ არჩევნებზე? მანახეთ ოპოზიციის ერთი ლიდერი, რომელიც უარს იტყოდა მის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ამდენი ადამიანის ხილვაზე და მათ წინაშე მგზნებარე სიტყვით გამოსვლაზე? ისიც ხომ ფაქტია, რომ არა ყოფილი „რუსთავი 2“ და ახლანდელი „მთავარი არხი“, უფრო სწორად კი ნიკა გვარამიას ფაქტორი, დღევანდელი ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა სახეზეც კი ამოუცნობი იქნებოდა ხალხისთვის? ახლა ვის მოსწონს გვარამია და ვის _ არა, ეგ ნაკლებად მაინტერესებს _ ცხადია, რომ უნიჭიერესი ადამიანი და მენეჯერია. რომ არა ნიკა გვარამია, ოპოზიციას პულსიც ვერ გაესინჯებოდა და იქნებ, ბევრი ლიდერი 14 დეკემბრის აქციაზეც გვენახა, თუ ტრიბუნაზე არა, წინა რიგებში მაინც. ამ პერსონის კონტექსტში თავად მიხეილ სააკაშვილმაც კი უნდა აღიაროს მისი უკიდეგანო და ფასდაუდებელი დამსახურება იმ პროცესში, რასაც ოპოზიციის, ასე თუ ისე, სიცოცხლისუნარიანობა ჰქვია. და აქ თუ დატოლებაზე მიდგა საქმე, ნამდვილად არ მეგულება ოპოზიციურ ფლანგზე დღეს პერსონა, რომელიც მას დაეტოლება _ ვიმეორებ, იმის მიუხედავად, მის პოზიციას, ლექსიკას, ლინგვისტურ შესაძლებლობებს (უდავოდ გამორჩეული აქვს), პოლიტიკურ აქცენტებს ვიზიარებთ თუ არა.
ამიტომ როდესაც ოპოზიცია თუ გონიერი ადამიანების „არმადა“ ზეიმობს იმას, რომ თავისუფლების მოედანზე „საბჭოთა სულისკვეთების“ ადამიანები იდგნენ და „საბჭოთა სფიჩები“ ისმოდა, კარგად დაფიქრდნენ ნიუანსებზე და ის მედალი თუ მონეტა, რომელსაც პოლიტიკა ჰქვია, მეორე მხარეზეც გადმოაბრუნონ.
პირადად მე იმ ადამიანების რიცხვს განვეკუთვნები, რომლებიც იტყვიან და ამბობენ: „ის მაინც ბრუნავს!“ თან ისე, რომ არც იმ ცეცხლის ალის მეშინია, რომელმაც რამდენიმე წუთის შემდეგ უნდა დამწვას. მე იმ ადამიანების რიცხვს განვეკუთვნები, რომლებმაც „ბირჟა მაფიის“ მხარდამჭერი აქციის დროს პირველმა განვაცხადე: „სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული“, იმ ადამიანების, რომლებმაც „ბასიანის მოვლენების“ შემდგომ და უფრო მოგვიანებითაც _ 20 ივნისს, იგივე გავიმეორე. მერე რა, რომ ეს სიტყვები შემდეგ სხვებმაც გადაამღერეს შეფასებებისთვის, მაგრამ ჩემთვის მთავარი აზრის გენერაციაა და არა _ კუთვნილება. მე იმ ადამიანების რიცხვს განვეკუთვნები, რომლებმაც (მგონი, ერთადერთი ვიყავი, მაგრამ მაინც) „ბასიანთან“ მამები და დედები ვერ ვიპოვე და ამის შესახებ ვიყვირე(!). სრულებით არ აქვს მნიშვნელობა, სახელმწიფო ლეგიტიმურად მოქმედებდა თუ არა _ შვილები პოლიციას შევატოვეთ, თითქოს ის პოლიციელები ჩვენი შვილები არ იყვნენ და სეირს ვუყურებდით _ ვინ _ ვის! ამ თემის გაგრძელებად ვერც რუსთაველზე ვნახე მშობლები, რომლებიც გაბრაზებული შვილების გვერდით უნდა მდგარიყვნენ და ისინი საფრთხისთვის მოერიდებინათ. საფრთხე და უკონტროლო, კანონს გადასული მოქმედებების პრევენცია მოეხდინათ მათი იქ ყოფნით, თუნდაც ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან. რა პრევენციაა ეს, არ განვავრცობ, თუმცა ერთი შეხედვით გასაგებია _ მუდამ დამარცხებული მამების თაობა ჩირგვებში ყოფნას ირჩევს. მაგრამ როდესაც 20 ივნისსაც შევატოვეთ სახელმწიფოს შვილები (აქაც ვიმეორებ: სახელმწიფოს მოქმედების ლეგიტიმაციაზე არაფერს ვამბობ, არც ზომიერებაზე და არც ძალის გადამეტებაზე), უტყუარად დავადასტურე ჩემთვის მორიგჯერ _ ბაქია და კონფორმისტი ხალხი ვართ მთლიანობაშიც და ცალ-ცალკეც, ანუ ინდივიდუალურად. მამები და დედები ვართ ცუდები. მაგრამ მთავარია, აქაც დავატოლეთ _ რამდენიმე გადარეული, ფერადი, ნარკომანი, უნიჭო, უზრდელი ერთობა პარლამენტის წინ და იქვე იყო არგუმენტი: „პატარა და მუშა“ _ შეუდრეკელი, მამაცი, გონიერი ახალგაზრდები.
პოლიტიკოსებმა (ხელისუფლებიდანაც და ოპოზიციიდანაც) ეს თემაც სათავისოდ წველეს _ სამშობლო წველეს რეალურად. თუნდაც ამ პროცესებისას არაერთხელ აღმინიშნავს, რომ რაღაც სხვაგვარად უნდა გაკეთებულიყო, რაღაც შეცვილილიყო, რაღაც არ იყო სწორი, რაღაც ძალიანაც მართებული გახლდათ. მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ისინი – ახალგაზრდები _ იქ მაინც მარტონი იყვნენ _ მამები და დედები კი ვი-მა-ლე-ბო-დით! და დამალული მამები და დედები დღეს რა უფლებით ამბობენ, რომ 14 დეკემბერს თავისუფლების მოედანზე „საბჭოთა მენტალობის“ ადამიანები იდგნენ? არ ვაფეტიშებ, მაგრამ ამის თქმის უფლება თუ ვინმეს აქვს, თუნდაც შეფასებითი თვალსაზრისით და მჯერა, რომ არა თავად პერსონების შეურაცხყოფით, მხოლოდ ერთადერთი ადამიანია _ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ შეფი და შესაძლოა, რამდენიმე გამონაკლისიც.
აქვე მეც აღვნიშნავ მოკრძალებულად, თუმცა სასტიკად _ გუშინ თავისუფლებაზე შეკრებილი ადამიანების გასაგონად: ეს თქვენი შვილები არასოდეს იყვნენ მართლები, თუნდაც თბილისში ჩამოუსვლელად რომ გამოგეხატად მათი მხარდაჭერა? აქ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვის უჭერთ მხარს, ღიად თუ ფარულად _ თქვენს შვილებზე გესაუბრებით და სამშობლოზე, არც რომელიმე ერთ კონკრეტულ მოვლენას ვგულისხმობ. მე ამის თქმის უფლებას ის მაძლევს, რომ არც ცუდი მიმიჩქმალავს ოდესმე და კარგისთვისაც კარგი დამირქმევია. არა, არ გეტოლებით, მინიმუმ, სხვადასხვა წონით კატეგორიაში ვარ, იმათთანაც, ვინც ხელისუფლებას უჭერს მხარს და იმათთანაც, ვინც მისი დაუძინებელი, პათოლოგიური ოპონენტია. იცით, რა ხდება? როდესაც ხელისუფლება გრძნობს, რომ მისი მხარდამჭერი ღიად ამბობს: „ეს არ არის სწორი“, იწყებს ფიქრს. პირველი ფიქრი ამ უკუღმართ ქვეყანაში არის ეჭვი _ მოღალატეა? მაგრამ როცა რეალურად არ ხარ, მერე უჩნდებათ პატივისცემა და ანგარიშსაც გიწევს. შემდეგ გადახედავენ საკუთარ საქციელს და, ასე თუ ისე, სწორ მოქმედებებს იწყებენ (ჰო, მესმის, რომ ეს საუკეთესო ვარიანტია _ ლამის იდეალური ჩვენსა და, ზოგადად, სახელმწიფოს მართვის სინამდვილეში. მაგრამ ოდესმე გვიცდია რამე ანალოგიური? _ არა!). დააკვირდით, აქ არ ვსაუბრობ ოპონირებაზე პოლიტიკური პარტიების მხრიდან, არამედ იმ ადამიანებზე _ ხელისუფლების მხარდამჭერებზე, რომლებსაც ისევე უჭირთ, სტკივათ, შიათ, სწყურიათ, განიცდიან, ნერვიულობენ, როგორც სხვებს _ დანარჩენს. და თუ ხელისუფლებას, ხელისუფლებებს ელემენტარული გონიერება და თვითგადარჩენის ინსტინქტი აბადიათ, ისინი, ასე თუ ისე, სწორ მოქმედებას იწყებენ. სხვა შემთხვევაში კი _ ათასობით ადამიანის ტაში მათ ნარცისად აქცევს, უკარგავს რეალობის განცდას, აკარგვინებს ადეკვატურობას და მერე თავადაც უკვირთ და მათ მხარდამჭერებსაც _ „ღვინია გადაიჩეხა“?
ამჟამინდელი პოლიტიკური პროცესიც დატოლებაა _ ოპოზიცია ცდილობს, ხელისუფლება იმაზე უფრო მძიმედ და სასტიკად დაამარცხოს, ვიდრე ეს 2012 წელს ვიხილეთ, ხოლო ხელისუფლება „გონიერებაში“ ეტოლება წინამორბედს და ცდილობს, ყველას დაანახოს, რომ „გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს“. მოკლედ, ისევ ვინ _ ვის, ან უფრო სწორად _ ვისი?..


„ქართული ოცნების“ მიერ 14 დეკემბერს გამართულ აქციას ოპონენტებმა „საბჭოთა სულისკეთების“ აქცია დაარქვეს. შეცდომაა _ ისევ არასწორი ანალიზია. რადგან ამ აქციაზე, მინიმუმ, 50% ის ადამიანი იდგა, რომელიც წინა ხელისუფლების დროსაც ეტოლებოდა ოპოზიციას, ხოლო 25% (მინიმუმ, გნებავთ, მაქსიმუმ) ის ადამიანი, რომლისგანაც დღევანდელი ოპოზიცია ელოდება მხარდაჭერას სამომავლოდ. და ახლა სწორედ წინა და ამჟამინდელ დატოლებებში მონაწილე პერსონების მეშინია. მეშინია არა იმიტომ, რომ მოჩვენებითად ახლა „ოცნებას“ უჭერენ მხარს, არამედ იმიტომ, რომ ისინი არიან ამ სახელმწიფოს რეგრესი _ მამლის ბოლო ქარიან ამინდში. მეშინია იმიტომ, რომ, თავის დროზე, დღევანდელმა ოპოზიციამ ამ ადამიანებს თავისუფლება ვერ აგრძნობინა, ვერ ასწავლა და დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, ვითარება რომ შეიცვალოს _ ამათ ყველაფერს აპატიებს და ისევ დააყენებს გნებავთ, თავისუფლების მოედანზე და გნებავთ, პარლამენტის წინ. დატოლებაში მონაწილე პერსონები კი საკუთარ როლს ისევ პირნათლად შეასრულებენ.
თუ ვინმე დღეს არის რეგრესი, ეს არ გახლავთ ივანიშვილი, თუ ვინმე არის საშიში _ ეს არ გახლავთ სააკაშვილი… ამ ქვეყნის უბედურება ის ადამიანები არიან, რომლებმაც არ იციან, რა არის სახელმწიფოს თავისუფლება და პიროვნული, მით უფრო, არ გააჩნიათ.
და აქვე, ჩემი დიდი პატივისცემა იმ ადამიანებს, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ იმ პოლიტიკური ძალის, რომლის მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ. ისინი არ არიან საშიშნი სახელმწიფოსთვის. ისინი ვერ და არ იქნებიან უზნეო დატოლების პროცესში მომქმედი პირები.
ისე, ერთი რამ რომ ვცადოთ და „ლანძღვის“ დატოლებები მაინც დავუშალოთ საკუთარ თავს, იქნებ, უკეთესი შედეგი დავაყენოთ. მაგრამ იმ პოლიტიკოსებს რა ვუყოთ, რომლებიც ამბობენ, რომ „ახლა ექსპერიმენტების დრო არ არის“, და რა ვუყოთ იმ ვითარებას, თუ ხვალ დამარცხებულის გვერდით აღმოვჩნდებით… ოჰ, ეს კონფორმიზმი…


და აი, პასუხი ჩემს მეგობარსაც… როცა ვამბობ, საქართველო არის დატოლებების ქვეყანა, იცით, პირველ რიგში, რას ვგულისხმობ? აი, „ჩემი სიდედრი შენსას სჯობია, არა ჩემი სჯობს შენსას… ორივე წყალში დასახრჩობია, შენც მოისვენებ _ მეც…“ ანუ იმას, რომ შევეშვათ დატოლებებს და ვაშენოთ სახელმწიფო!
სახელმწიფოში დატოლებების ადგილი არ არის!

გოჩა მირცხულავა

გაზიარება