- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-06-27 05:46:33
მიხეილ ხაჩიძე
ისრაელის თავდაცვის ძალებმა, უსაფრთხოების სააგენტო „შინ ბეტმა“ და ისრაელის პოლიციამ შაბათს დილით (8 ივნისს) „ჰამასის“ წინააღმდეგ ღაზის სექტორში ჩაატარეს ერთ-ერთი ყველაზე გაბედული, რთული, მაღალი რისკის მქონე, მაგრამ წარმატებული ოპერაცია. ებრაელმა მებრძოლებმა ტერორისტული ჯგუფის ტყვეობისგან ოთხი მძევალი ცოცხლად გამოიხსნეს.
მისია ჩატარდა დღისით და ისეთ ტერიტორიაზე, სადაც ისრაელის ძალები აქამდე არ მოქმედებდნენ. 26 წლის ნოა არგამანის, 21 წლის ალმოგ მეირ იანის, 27 წლის ანდრეი კოზლოვისა და 41 წლის შლომი ზივ-კიკოზაშვილის გადარჩენის ოპერაცია რამდენიმე კვირით ადრე დაიგეგმა.
თავდაპირველად ოპერაციის სახელწოდება იყო „ზაფხულის თესლი“, თუმცა მისი სახელი შეიცვალა ღონისძიების შემდეგ და მას „ოპერაცია არნონი“ ეწოდა _ „იამამის“ ოფიცრის მთავარი ინსპექტორის, არნონ ზმორას პატივსაცემად, რომელიც მძიმედ დაიჭრა „ჰამასის“ ცეცხლის გახსნის შედეგად სამი მძევლის გადარჩენის დროს და მოგვიანებით სავადმყოფოში ჭრილობებით გარდაიცვალა.
დაგეგმვის პერიოდში მოიპოვეს დაზვერვის მონაცემები და შეისწავლეს მძევლების ადგილმდებარეობა. ომის ფონზე „ჰამასმა“ არაერთხელ გადაიყვანა მძევლები ღაზის სექტორის სხვადასხვა ნაწილში, რათა ამ გზით თავიდან აეცილებინა ისრაელის სამაშველო ოპერაციები.
გადარჩენის ოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე პოლიციის ელიტულმა კონტრტერორისტულმა ქვედანაყოფმა „იამამმა“ ღაზის ცენტრალური ნუსეირათის სხვადასხვა მაკეტსა თუ მოდელზე ივარჯიშა, რომელიც სამხედრო ოფიციალური პირების თქმით, „მსგავსი იყო 1976 წლის ენტებაზე შეტევის სამზადისისა, როდესაც ისრაელის სამხედროებმა უგანდაში ტერორისტების მიერ გატაცებული 100-ზე მეტი მძევალი გადაარჩინეს. უნდა ითქვას ისიც, რომ მაშინდელ ხმაურიან და წარმატებულ ოპერაციას შეეწირა ისრაელის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ძმა იონათან ნეთანიაჰუ, რომელიც ისრაელის ოფიცერი და ელიტარული განყოფილება „საიერეტ მატკაცის“ მეომარი იყო.
ამასთან, ნუსეირათში მისიის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ებრაელმა სამხედროებმა ახალი ოპერაცია წამოიწყეს აღმოსავლეთ ბურეჯში _ ნუსეირათის აღმოსავლეთით და დეირ ალ-ბალახში _ სამხრეთ-აღმოსავლეთით, აშკარად, ნუსეირათში „ჰამასის“ თავდაცვითი ძალების შემცირების მიზნით.
დიპლომატიური წყაროს თანახმად, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა დაამტკიცეს ოპერაცია ხუთშაბათს საღამოს, როდესაც ომის კაბინეტისა და უსაფრთხოების კაბინეტის სხდომა ჩატარდა.
საბოლოო ჯამში, შეტევა განხორციელდა შაბათს დილით, მას შემდეგ, რაც შინ ბეტმა რეკომენდაცია გაუწია, რომ ეს იქნებოდა ოპტიმალური დრო „ჰამასის“ ტერორისტების გასაოცებლად. ღაზაში მძევლების გადარჩენის წინა ოპერაციები ღამით ჩატარდა.
დილის 11:00 საათზე იამამისა და შინ ბეტის ოფიცრებს მიეცათ ბრძანება ნუსეირათში ორ მრავალსართულიან შენობაზე იერიშის მიტანის შესახებ, სადაც „ჰამასის“ ბარბაროსებს მძევლები ჰყავდათ გამოკეტილი.
უნდა ითქვას, რომ ნუსეირათი არის ღაზის იმ რამდენიმე რაიონიდან ერთ-ერთი, სადაც ისრაელის სახმელეთო ჯარები ჯერ არ იყვნენ შესულები ტერორისტულ ჯგუფ „ჰამასის“ წინააღმდეგ IDF-ის სახმელეთო შეტევის პერიოდის განმავლობაში.
შენობები ერთმანეთისგან დაახლოებით 200 მეტრის დაშორებით მდებარეობდა და გადაწყვიტეს, ორივესთვის ერთდროულად შეეტიათ, რათა თავიდან აეცილებინათ „ჰამასის“ მიერ მძევლების შესაძლო დახოცვა, სამაშველო ოპერაციის იდენტიფიცირების შემდეგ.
არგამანს „ჰამასის“ მებრძოლები მარტო მალავდნენ ერთ-ერთ პალესტინურ ოჯახში, დანარჩენი სამი მძევალი კი ცალკე სახლში, ასევე მცველებთან ერთად ჰყავდათ. IDF-ის ცნობით, „ჰამასი“ ასეთ ოჯახებს თანხას უხდის მძევლების სახლებში შენახვისთვის.
არგამანის გადარჩენა სამხედრო ჩინოვნიკებმა შეაფასეს, როგორც შედარებით მშვიდი გარემოებების გათვალისწინებით ჩტარებული ოპერაცია. მთავარი ბრძოლა დაიწყო სახლში, სადაც მეირი, კოზლოვი და ზივი იმყოფებოდნენ. სწორედ იქ დაიჭრა ისრაელის სამაშველო ჯგუფის მეთაური ზმორა. მებრძოლებმა მოახერხეს და სამი მძევალი და ზმორა გაიყვანეს ნუსეირათიდან. თუმცა ყველაფერი აქ არ დამთავრებულა. გზად ისრაელის სამხედროების მანქანა გაფუჭდა და ღაზაში გაიჭედა. სხვა ძალები სწრაფად მივიდნენ შემთხვევის ადგილზე მათ გადასარჩენად, ისინი მიიყვანეს ღაზაში მობილიზებულ ვერტმფრენამდე, საიდანაც გადაიყვანეს ტელ ჰაშომერის საავადმყოფოში, ცენტრალურ ისრაელში.
ნოაც ანალოგიურად ვერტმფრენით გადაიყვანეს საავადმყოფოში, ცოტა ხნით ადრე, სანამ დანარჩენ სამს ღაზიდან გამოიხსნიდნენ.
IDF-ის ცნობით, სამაშველო ძალებს დაუპირისპირდნენ ტერორისტები ცეცხლსასროლი იარაღისა და რაკეტების უპრეცედენტო რაოდენობით ნუსეირათში, რის გამოც სახმელეთო ჯარები და ისრაელის საჰაერო ძალები ჩაერთო ფართო დარტყმების განხორციელებაში.
თავდასხმები მიზნად ისახავდა ტერიტორიების განადგურებას იმ ლოკაციებზე, საიდანაც „ჰამასის“ ოპერატორები ცეცხლს ხსნიდნენ, ამასთან, უმთავრესი ამოცანა იყო მაშველი ძალებისა და მძევლების დაცვა.
„ჰამასის“ სამთავრობო მედიის ოფისმა განაცხადა, რომ ოპერაციის დროს, სულ მცირე, 210 ადამიანი დაიღუპა. IDF-მა აღიარა, რომ იძულებული გახდა, დაეხოცა პალესტინელი მოქალაქეები ბრძოლების ფონზე, მაგრამ მან დაადანაშაულა „ჰამასი“ მძევლების დაკავებაში და მჭიდროდ დასახლებულ სამოქალაქო გარემოში ბრძოლის გამართვაში.
„ჩვენ ვიცით 100-ზე ნაკლები (პალესტინელი) მსხვერპლის შესახებ. მე არ ვიცი, რამდენი მათგანია ტერორისტი“, _ განაცხადა ისრაელის თავდაცვის სპიკერმა, კონტრადმირალმა დანიელ ჰაგარიმ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე.
სამხედრო ჩინოვნიკებმა აღნიშნეს, რომ მისია წარმატებასა და წარუმატებლობის ზღვარზე იდგა. ოპერაციას ერთად მეთაურობდნენ IDF-ის შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ჰერცი ჰალევი და „შინ ბეტის“ უფროსი, რონენ ბარი. ნეთანიაჰუ და გალანტი ასევე აკვირდებოდნენ მისიას ომის ოთახიდან.
ეს იყო ისრაელის მხოლოდ მესამე ასეთი წარმატებული ოპერაცია ბოლო 246 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც „ჰამასმა“ მძევლები აიყვანა.
ნოა არგამანი (26), ალმოგ მეირ იანი (22), ანდრეი კოზლოვი (27) და შლომი ზივ-კიკოზაშვილი (40), რომლებიც რვა თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ „ჰამასის“ ტყვეობაში, პირველადი სამედიცინო შეფასებით, თავს კარგად გრძნობენ. მათთან მუშაობენ ფსიქოლოგები, ფსიქიატრები და სხვადასხვა სახის სპეციალისტები. ოთხივე მათგანი გაიტაცეს სუპერნოვას მუსიკალური ფესტივალიდან რეიმთან 7 ოქტომბერს დილით, როდესაც „ჰამასის“ ხელმძღვანელობით 3000-მა ტერორისტმა მოკლა 1200 ადამიანი და აიყვანა 251 მძევალი.
აღსანიშნავია, რომ შლომ ზივ-კიკოზაშვილი არის ქართველი-ებრაელი, რომელიც ნოვას ფესტივალზე დაცვის თანამშრომლად მუშაობდა. „ქრონიკა“+-მა მის მამასთან, მურად ზივ-კიკოზაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა მაშინ, როდესაც იგი საავადმყოფოს პალატაში შვილთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდა:
_ ბატონო მურად, მაზალ ტოვ! გილოცავთ პირველ რიგში ამ დიდ ამბავს, ამ წარმატებულ ოპერაციას და ვაჟის სახლში მშვიდობით დაბრუნებას. ბედნიერებასა და სიხარულს გისურვებთ მუდამ! პირველ რიგში, მინდა, ემოციების შესახებ გკითხოთ, _ როგორი იყო თქვენი პირველი რეაქცია?
_ ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. მადლობა საქართველოს, ჩემს სამშობლოს. მე ორი სამშობლო მაქვს, საქართველო და ისრაელი. ორივე ჩემია ამ დედამიწაზე. მიყვარხართ, ქართველებო და მადლობას გიხდით ისრაელისა და ჩემი ოჯახის გვერდით დგომისთვის. რაც შეეხება რეაქციას, ძალიან ძლიერი ემოციები იყო, წარმოუდგენლად დიდი, ენით აღუწერელი, ვერგადმოსაცემი.
_ შაბათი დღე იყო. თქვენ, ალბათ, სავარაუდოდ, შაბათს იცავთ. როგორ და როდის მოაღიწა ინფორმაციამ თქვენამდე?
_ დიახ, შაბათი დღე იყო, დილა. მეძინა მაგ დროს. დილის ექვს საათზე დავწექი. დილით ადრე ვლოცულობთ, მაგ დროისთვის მივედი სახლში და დავწექი, დავიძინე. 12 საათზე გამაღვიძეს. მეგობარმა დამირეკა ბევრჯერ და ვუპასუხე. ასე და ასეაო, _ მითხრა, _ ინფორმაცია ვრცელდება და ხმაური არისო. ვუთხრაი, _ სანამ ჯარი არ დამირეკავს, არავისი არ მჯერა, ძმაო-მეთქი. მერე ჩემმა ბიძაშვილმა დამირეკა, მარინამ. მეუბნება, _ მურადი, მურადი, ე ბიჯო, რაღაც ხდება, ადექი ზეზეო. წამოვხტი! არ გაუვლია 5 წუთს, ყავას ვიკეთებდი და მოვიდა ჩემი მეუღლე სამსახურიდან, _ აბა, მურად, ჩქარა ჩაიცვი, წამოდი, ჩვენი შვილი მოვიდაო. მერე ჩავეხუტეთ ერთმანეთს, ვიცეკვეთ, ვაკოცეთ ერთმანეთს, ვიბედნიერეთ, სიხარულით ცაში ავედით. გავფრინდით, რასაც ჰქვია.
_ თქვენს მეუღლეს უკვე „ცაჰალისგან“ ჰქონდა ინფორმაცია დადასტურებული, თუ მანაც მედიით შეიტყო სამაშველო ოპერაციისა და ზივის გამოხსნის შესახებ?
_ მას ჯარიდან დაურეკეს, ოფიციალური ინფორმაცია მიაწოდეს: _ მოემზადეთ და მოდით, თქვენი შვილი გამოხსნილია, თავისუფალია და ისრაელში იმყოფებაო. ინფორმაცია მედიისგანაც ჰქონდა. უკვე ყველა ამაზე საუბრობდა, ყველგან იწერებოდა. ინფორმაცია მასობრივად გავრცელდა. თუმცა ჩემი მეუღლეც ოფიციალურ ცნობას ელოდებოდა ჯარისგან. სწორედ ამის მიღების შემდეგ მოვიდა საჩქაროდ სახლში და მითხრა.
_ ინფორმაციის ოფიციალურად მიღების შემდეგ თქვენ პირდაპირ შლომთან წახვედით საავადმყოფოში?
_ დიახ, თელ ჰაშომერის საავამდყოფოში წავედით პირდაპირ. ჩვენზე ადრე შლომი იყო ჩამოყვანილი და დაბინავებული იქ, პალატაში. ვერტმფრენით ჩამოიყვანეს სამხედროებმა და მალევე გადაიყვანეს საავადმყოფოში. რომ დაგვინახა, სიხარულისგან მეცხრზე ცაზე იყო, ჩავეხუტეთ ერთმანეთს, ბევრი ვიტირეთ, ბევრი ვკოცნეთ ერთმანეთი. უზომოდ ბედნიერები ვიყავით სიხარულისგან. ეს იყო ენით აუწერელი წუთები. ჩვენი ვაჟი 8-თვიანი ტყვეობის შემდეგ ჩვენთან იყო ცოცხალი. წარმოგიდგენიათ, რა ბედნიერება და რა ემოციები იქნებოდა?! _ დიდებული.
_ ახლა როგორ არის შლომი, როგორ გრძნობს თავს?
_ აგერ ახლა დილის საუზმე ვჭამეთ ერთად. ამ წუთს ერთად ვართ პალატაში. ჩემ გვერდით არის ახლა შლომი.
_ მომიკითხეთ შლომი დიდი პატივისცემით, ბატონო მურად და ჩემგან და „ქრონიკა+“-ის რედაქციისგან მიულოცეთ განთავისუფლება. გისურვებთ ყოველევე საუკეთესოს!
_ დიდი მადლობა. კი ბატონო, მოგიკითხავთ. დიდი მადლობა თქვენ (იქვე ებრაულად ეუბნება რაღაცას შვილს და პასუხიც გაისმა ებრაულადვე შლომისგან).
_ ბატონო მურად, როგორ გრძნობს თავს შლომი ახლა, კიდევ უნდა ჩაგეკითხოთ?
_ პირველი დღეებია, ცოტა რთულია, ეჩვევა ნელ-ნელა, ადაპტირდება. ძალიან ძნელია. ფიზიკურად უმაღლეს ფორმაშია, ფსიქოლოგიურად რაც შეეხება, აკვირდებიან, აძლევენ, რაც საჭიროა; ფსიქიატრი, ფსიქოლოგი არ ტოვებენ, ყველა ექიმი აქ არის. ყველა ყურადღებას აქცევს. ერთი წუთით არ სცილდებიან. უმაღლეს პირობებშია, არაფერს აკლებენ. მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებენ უმაღლეს დონეზე. ასეა, გვიხარია, ძალიან გვიხარია. გაგახაროთ საქართველო გამჩენმა, საქართველო და ისრაელი გაგახაროთ გამჩენმა. მე ორი სამშობლო მაქვს, პირველია საქართველო, მეორეა ისრაელი. მე საქართველოში დავიბადე.
_ შლომს როდის გამოწერენ, ბატონო მურად, რას ამბობენ ექიმები?
_ ჯერჯერობით საავადმყოფოდან არ უშვებენ, რადგან სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ბევრი დაბომბვაა ლიბანიდან, „ჰეზბოლა“ გვბომბავს და არ არის უსაფრთხო გარემო. ფსიქოლოგებმა უარი თქვეს, არ შეიძლება მისი გაშვება უსაფრთხოების მიზნითო. ამიტომ ჯერ საავამდყფოოში ვრჩებით. აქ უსაფრთხოდ არის.
_ ბატონო მურად, ებრაული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში შლომის მეგობარი ამბობს, _ შლომმა უთხრა მას, რომ როდესაც ის გადაარჩინეს ებრაელმა სამხედროებმა, ისინი ბედნიერებისგან ტიროდნენო. გითხრათ ამაზე რამე შლომმა თქვენც?
_ მართალია სრულიად. ყველა ტიროდა. ჯარისკაცები ბედნიერებისგან ტიროდნენ, ერთმანეთს ეხუტებოდნენ. ჩემი ვაჟიშვილი ვინც გადამირჩინა, ის ჯარისკაცი იყო არნონ ზმორა, რომელიც გარდაიცვალა, ალბათ, იცით უკვე ეს ამბავი. ის დაეცა გმირულად, სამაშველო ოპერაციის დროს დაიჭრა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. მე მის გასვენებაში ვიყავი, პატივი მივაგე, მივუსამძიმრე ოჯახს და მადლობა გადავუხადე ყველაფრისთვის. ის გმირი მებრძოლი იყო, თავისი სიცოცხლე დათმო, სხვების სიცოცლხე იხსნა!
_ ბატონო მურად, თქვენი მეუღლე ამბობდა ასევე ებრაულ მედიასთან ინტერვიუში, რომ ექიმების თანხმობას ელოდებოდა მოუთმენლად, რათა ქართული კერძები მიგეტანათ შლომისთვის საავამდყოფოში. ხომ არ მიიღეთ ეს თანხმობა უკვე?
_ კი, მივიღეთ ექიმებისგან თანხმობა და აქვს უფლება ჭამოს ქართული კერძები. ჭამს ყველაფერს, რაც უნდა. ახლა დეიდამისს აშდოდიდან მოაქვს ქართული საჭმელები. მალე მოვა ჩვენთან საავამდყოფოში და ერთად ვისადილებთ.
_ რა უყვარს შლომს ყველაზე მეტად?
_ ყველაფერი უყვარს. ქართულ კერძებზე გიჟდება. ყველაფერს სიამოვნებით და სიყვარულით ჭამს: ფლავი, გუფთა, ტოლმა, შეჭამადი, ყალია.
_ კარგად ბრძანდებოდეთ, გმადლობთ ინტერვიუსთვის. შლომს მალე გამოჯანმრთელებას, ისრაელს კი მშვიდობას ვუსურვებ.