QronikaPlus
„საქართველო უნდა გახდეს მეორე ბელარუსი“, - პატრუშევის ახალი გეგმა

„საქართველო უნდა გახდეს მეორე ბელარუსი“, - პატრუშევის ახალი გეგმა

2024-05-30 08:41:09

შორენა მარსაგიშვილი

საქართველოს ხელისუფლება ღიად დაადგა რუსეთისკენ მიმავალ გზას.  „ქართულ ოცნებას“ რომ რუსეთისკენ აქვს გეზი აღებული, ამაში უკვე არავის ეპარება ეჭვი. აღარც რუსი ჩინოსნები მალავენ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებით აღფრთოვანებას. სამაგიეროდ, დასავლეთია შეშფოთებული „ქართული ოცნების“ ქმედებებით. ამჯერად ევროპა და ამერიკა მარტო შეშფოთებას არ დასჯერდებიან. სანქციები სულ ახლოსაა.

გულხელდაკრეფილი არც კრემლია. იქ, მართალია, საქართველოს ხელისუფლების საქმიაონობით და ზღვარგადასული ანტიდასავლური რიტორიკით კმაყოფილები არიან, მაგრამ ამას მაინც არ სჯერდებიან და ცდილობენ, საქართველოზე სრული კონტროლი დაამყარონ.

საქართველოს მიმართულება ნიკოლაი პატრუშევს აქვს ჩაბარებული. პატრუშევი რამდენიმე კვირის წინ გაათავისუფლეს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტიდან. ეს თანამდებობა მას ბევრი წელი ეკავა. ახლა პატრუშევი რუს დიქტატორ პუტინის მრჩეველია.

გასულ კვირას მან ძალოვანი სტრუქტურებისა და სპეცსამსახურების  წარმომადგენლებთან თათბირი გამართა. როგორც ტელეგრამარხი Генерал СВР-ი იუწყება, ამ თათბირზე ორი საკითხი განიხილეს და ერთი საქართველოს შეეხებოდა. თათბირზე იმსჯელეს, თუ როგორ უნდა გახდეს საქართველო მეორე ბელარუსი. საქართველოს ბელარუსიზაციას რუსები უახლოეს ხუთ წელიწადში აპირებენ.

„ნიკოლაი პატრუშევმა უსაფრთხოების ბლოკის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა ორ თემაზე, ერთ-ერთი თემა საქართველო იყო. ნიკოლაი პლატონოვიჩმა გამოაცხადა ამ ქვეყნის მიმართ წინასწარი გეგმები, რომლის მიხედვითაც, საქართველო უმოკლეს დროში უნდა გადაიქცეს „მეორე ბელარუსად“, გახდეს ფინანსურად და ეკონომიკურად დამოკიდებული რუსეთზე (ამას ხელი უნდა შეუწყოს აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციებმა საქართველოს წინააღმდეგ). შემდეგი 5 წლის განმავლობაში საქართველო უნდა გახდეს საკავშირო სახელმწიფოს ნაწილი.

პატრუშევის თქმით, ეს გეგმები საქართველოს ამჟამინდელ ხელმძღვანელობას მიეცა და მათი თანხმობაც იქნა მიღებული. ხუთ წელიწადში საქართველო უნდა გახდეს ავტორიტარული რეჟიმის მქონე ქვეყანა, ისევ ლუკაშენკოს ბელარუსის რესპუბლიკის მაგალითზე. ნიკოლაი პატრუშევი მიიჩნევს, რომ გეგმის განხორციელება შესაძლებელია მითითებულ ვადებში“, _ წერს ტელეგრამარხი.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. ამ საკითხზე სასაუბროდ, პრინციპში, არც ეცალათ. ჯერ მთავარმა პროკურორმა დატოვა თანამდებობა, მერე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკომისარი მას დაემუქრა და მერე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა დაუანონსა „ქართულ ოცნებას“ სანქციების დაწესება.

მართალია, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს უშუალოდ პატრუშევის თათბირზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, მაგრამ მათი რიტორიკა აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთთან ჩასახუტებლად მზად არიან. თავის მხრივ, ჩახუტების მზაობას რუსებიც გამოხატავენ. ირაკლი კობახიძის განცხადებას, ევროკომისარი მემუქრებოდაო, რომელიც საქართველოში სერიოზულად არავინ მიიღო, თვით დიქტატორი პუტინი გამოეხმაურა, რომლის ბრძანებით უამრავი ადამიანია მოკლული.

საქართველოზე გავლენების დასაბრუნებლად რუსეთს ასეთი ხელსაყრელი დრო არასდროს ჰქონია და ბოლო წლებში ალბათ ყველაზე მეტად უნდა ახლა საქართველოზე კონტროლის აღდგენა. საქართველოზე კონტროლოს დაბრუნებით ის სომხეთზეც გავა. სომხეთზე, რომელიც ნელ-ნელა შორდება რუსეთს. სომხეთს რუსეთთან პირდაპირი კავშირი არ აქვს. ამ ორ ქვეყანას შორის საქართველოა. რუსეთმა საქართველოზე კონტროლის დაბრუნება თუ მოახერხა, სომხეთშიც დაიბრუნებს დაკარგულ პოზიციებს.

სომხეთი, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული პარტნიორი და მოკავშირე იყო, კრემლს აღარ სწყალობს. ოფიციალურმა ერევანმა არაერთხელ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ამ თემაზე სომხები აქტიურად საუბრობენ ევროპელებთან. ევროპის პარალელურად ერევანი ამერიკასთანაც აგვარებს ურთიერთობებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სტრატეგიული პარტნიორები იყვნენ, სომხებს ამერიკასთან ყოველთვის კარგი ურთიერთბა ჰქონდათ. ეს პირველ რიგში სომხური ლობის დამსახურებაა.

გასულ კვირას ერევანში რამდენიმე საინტერესო ამბავი მოხდა: სომხეთს ეწვია შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის მოადგილე. ასეთი ვიზიტები შემთხვევითი რომ არ არის, ყველას და, განსაკუთრებით, რუსეთს კარგად მოეხსენება.

გასულ კვირასვე რუსებმა სომხეთიდან თავიანთი ელჩი გაიწვიეს. როგორც რუსები ამბობენ, ელჩთან მოლაპარაკებები უნდა გამართონ.

„24 მაისს მოსკოვში კონსულტაციებისთვის დაიბარეს რუსეთის ფედერაციის ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში, სერგეი კოპირკინი“, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ. ელჩის გაწვევამდე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ სომხეთი არ შეიტანს ფინანსურ წვლილს ჩშთO-ს 2024 წლის ბიუჯეტში, რომელიც გასული წლის ნოემბერში მიიღეს. ჩშთO, რომელიც 2002 წელს შეიქმნა, მოიცავს რუსეთს, სომხეთს, ბელარუსს, ყაზახეთს, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს.

სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი ღიად ანტირუსულ პოლიტიკას ეწევა. ფაშინიანი ცდილობდა უსაფრთხოების კავშირების დამყარებას ისეთ ქვეყნებთან, როგორებიც არის საფრანგეთი, აშშ და ინდოეთი. ბოლო თვეებში სომხეთი სერიოზულად დისტანცირდა რუსეთისგან. ერევანში უკვე ბევრჯერ გაიმართა ანტირუსული აქციები. ნიკოლ ფაშინიანმა მოსკოვი არაერთხელ მოიხსენია არასანდო პარტნიორად. ამის გარდა, ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა.

კიდევ უფრო ადრე პრემიერმა ფაშინიანმა რუსეთი სომხეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებებში, ხოლო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. ფრანგულ ტელეკომპანია Fრანცე 24-თან ინტერვიუში ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა ორგანიზაციაში თავისი წევრობა გაყინა, რადგან ამ გაერთიანებამ არ შეასრულა უსაფრთხოების სფეროში სომხეთის მიმართ არსებული ვალდებულებები. შეკითხვას, _ დატოვებს თუ არა სომხეთი ორგანიზაციას? _ ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა, რომ ამას მომავალი აჩვენებს.

ერევნიდან ელჩის რუსეთში გაწვევის მეორე დღეს სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა ვანაძორის სტადიონზე. მიზეზი გახდა ცუდი მეტეოროლოგიური პირობები. ფაშინიანი საქართველოს საზღვართან მდებარე ქალაქ ტაშირში მიფრინავდა, მეორე ვერსიით კი ბაგანისში, აზერბაიჯანის საზღვარზე, სადაც ცოტა ხნის წინ დამთავრდა საზღვრის დელიმიტაციის პროცესი.

ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერტმფრენის ავარიულად დაშვება საოცარი და საეჭვო ამბავი არ არის. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ავარიულ დაშვებამდე ფაშინიანმა ღიად დაიწყო კრემლის კრიტიკა და ქვეყნის საგარეო კურსის რადიკალურად შეცვლა, კითხვის ნიშანი აუცილებლად გაჩნდება. თანაც იმ ფონზე, როცა ჯერ ბოლომდე არ არის გარკვეული ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის ამბავი.

ირანის პრეზიდენტი რაისი ვახსენეთ და მისმა სიკვდილმაც დაგვანახა საქართველოს ხელისუფლების ღიად პრორუსული კურსი.

ირანის პრეზიდენტის დაკრძალვაზე საქართველოს დელეგაცია ირაკლი კობახიძის მეთაურობით გაემგზავრა. ირანი, მოგეხსენებათ, რუსეთის ერთ-ერთი გამორჩეული პარტნიორია. 

დაადგება თუ არა საქართველო საბოლოოდ რუსულ გზას და გავხდებით თუ არა მეორე ბელარუსი, ეს ამ კვირაში გაირკვევა. საქართველოს პარლამენტი შეეცდება, დაძლიოს რუსულ კანონზე დადებული ვეტო. თუ ვეტო დაიძლევა, მაშინ ამ ქვეყანაში ბევრი რამე შეიცვლება და ეს ცვლილებები სასიკეთო ნამდვილი არ იქნება.

გაზიარება