QronikaPlus
პაატა მანჯგალაძე: „ოცნება“ უკვე პუტინივით ლაპარაკობს“

პაატა მანჯგალაძე: „ოცნება“ უკვე პუტინივით ლაპარაკობს“

2024-05-30 04:46:15

გიგა გელხვიიძე

გაფრთხილებები ამოიწურა და აშშ-მ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის და იმ პირებისთვის, რომლებიც აქტიურად უკრავენ ტაშს საქართველოს პარტნიორების, აშშ-ისა და ევროკავშირის, მტრად გამოცხადებას, ხოლო მათ ნაცვლად რუსეთის დადებით კონტექსტში წარმოჩენას, სანქციების ვრცელი და მრავალფეროვანი პაკეტი მოამზადა.

სად წაიყვანს სანქციები საქართველოს? რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას რიგით მოქალაქეებზე? რა ხდება წინასაარჩევნო პერიოდში მაშინ, როცა საპროტესტო ტალღის ავანგარდში მყოფი სტუდენტები, ფაქტობრივად, ერთხმად აცხადებენ, რომ მათ არ ჰყავთ გამოკვეთილი ოპოზიციური პარტია, რომელსაც არჩევნებზე მხარს დაუჭერენ? არადა, წინ არჩევნებია, რომლითაც, პირველ რიგში, ოპოზიციას „ქართული ოცნების“ 12-წლიანი მმართველობის დასრულება სურს. ახალგაზრდების მთავარი შეთავაზება, ამჯერად უკვე ოპოზიციისთვის, ერთიანი პოლიტიკური სიაა, რომლითაც ისინი არჩევნებზე წარდგებიან და ეს იქნება გარანტორი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადაინაცვლებს.

ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება გამარჯვების კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი და პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურ მდივანი, პაატა მანჯგალაძე:

_ ბატონო პაატა, რას იტყვით აშშ-ის სანქციებზე?

_ მინდა, ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ არავის არ აინტერესებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, მექსიკაში შევა ვიზით თუ მექსიკიდან „ღირსებით“ შეიპარება. ამ რუსული კანონით ჩვენი პარტნიორები _ ამერიკა, ევროპა, ცივილიზებული სამყარო გამოაცხადეს მტრად და შესაბამისი რეაქცია მოჰყვა ამ ხალხის მხრიდან. ამერიკას აგენტობას აბრალებ და იმან თუ ვიზა შეგიზღუდა, ის მისი ბრალია? ეს არის ამ ხელისუფლების ბრალი და ისინი სამართლიანად იქცევიან. თუ შენ აქ ამერიკას უწყებ ბრძოლას, რუსული ინტერესების გატარების მიზნით, მასაც აქვს თავის ბერკეტები და იყენებს. ამის დაყვანა სანქციებამდე იქნება პრიმიტივიზმი. მტრის ჩანაცვლების სპეცოპერაცია მიდის. უნდათ, ქართველებს უთხრან (თითქოს, ჩვენ მოკლე მეხსიერება გვაქვს, ეს შეურაცხყოფაც არის ქართველი ერისთვის), რომ რუსეთი არის ჩვენი კეთილდღეობის გარანტი, ხოლო ევროპა და ამერიკა _ მტერი. მერე იტყვიან, არც ევროპა გვინდა, არც ნატო გვინდა და მოხდება ბელარუსიზაცია საქართველოში. ამისკენ მიდის ყველაფერი და ხორციელდება ეს სპეცოპერაცია, ერთ-ერთი ფაზაა ამის. თუ გაუვიდათ, გადავლენ მომდევნო ფაზაზე და არ უნდა მივცეთ უფლება, ეს გააკეთონ. მათ უნდოდათ, რომ ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის ჩაეხერგათ ევროპული და ამერიკული მომავალი და დაიქცა ახლა ქვეყანა, თუ მათთვის ჩაიკეტება ევროპა და ამერიკა, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს და მოეშვან ამ მავნებლობას მართლა. პუტინივით ლაპარაკობენ უკვე, რომ ევროპა არის ტერორისტული სახელმწიფო. რა იკადრეს? _ ევროკომისარს დააბრალეს, რომ კობახიძეს ემუქრებოდა.

_ ამაზეც მინდა გკითხოთ, _ რამდენად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო კობახიძის ამ განცხადებამ საქართველო საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე?

_ ესენი რაც მალე გააცნობიერებენ იმ სიგიჟეს, რაშიც იმყოფებიან (ეს გაცნობიერებული ღალატია სინამდვილეში), უკეთესია ჩვენთვის. ესენი არ არიან მამა აბრამის ბატკნები. ახლა ამბობენ ასე, რომ ჩვენი ოჯახი რა შუაშია და ჩვენი შვილები რა შუაშიაო. მთელ საქართველოს უხერგავენ გზას კეთილდღეობისთვის და რუსული ჭაობისთვის ამზადებენ ქვეყანას. ამერიკული სანქციები არ იქნება მტკივნეული. მტკივნეული იქნება საქართველოს მოქალაქე, როცა გამოუტანს „ოცნებას“ სანქციას და მიაკერებს მოღალატის იარლიყს, ეს იქნება ყველაზე მძიმე სანქცია.

_ სანქციებზე როდესაც ვსაუბრობთ, არის მოსაზრება, რომ ეს არ იქნება მხოლოდ პიროვნული სანქციები და გავლენას იქონიებს ხალხზეც. ჩვენ მოვისმინეთ დახმარების პაკეტებისა და პარტნიორული ურთიერთობების შესახებ მსჯელობა.

_ მეტი ზიანი რა გვინდა? არის საუბარი იმაზე, რომ ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების ფანჯარა გაეხსნას ქვეყანას და ევროკავშირი რისთვის გვინდა? მეტი სამუშაო იყოს, ქართველი არ წავიდეს ქვეყნიდან და აქ შეიქმნას ის პირობები, რაც ევროპაშია, ხომ? ამ გზას თუ ხერგავ, ვინ გამოდიხარ? რუსი გამოდიხარ. ამაზე დიდი ცუდი საქმე არ არსებობს, რომ საქართველო დატოვო ამერიკისა და ევროპის დახმარების გარეშე. ამას რომ აკეთებენ, თუ დასავლური გავლენა შემცირდება, აქ გაიზრდება თავისთავად რუსული გავლენა და დასავლური გავლენის შემცირება ნიშნავს საქართველოს, როგორც თავისუფალი ქვეყნის, არსებობის მოსპობას.

_ დავუშვათ, არ დაიხიეს უკან და დაწესდა ის სანქციები, რაზედაც არის საუბარი არა მხოლოდ აშშ-ის, არამედ ევროკავშირის მხრიდანაც, ამ ყველაფრის გათვალისწინებით რამდენი წლით უკან დახევა მოუწევს საქართველოს?

_ ისინი ხომ ამბობენ, რომ 80% უჭერს მხარს? რაღაც მხარდაჭერა, რომ შეინარჩუნოს და დამფრთხალი ვირთხასავით არ მიახტეს ქვეყანას თვალებში ივანიშვილი, გამოსავალი არსებობს: თქვან, რომ გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა და გაიწვიონ ეს კანონი ახლა, პლებისციტზე გამოიტანონ არჩევნებზე. აი, ეს იქნება გამოსავალი, საუკეთესო ყველასთვის. სხვა შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ ელოდება პასუხისგება ძალიან სერიოზული დანაშაულისთვის. არ მინდა, ცუდზე ვისაუბრო, მაგრამ როდესაც არ მოვუსმინეთ ზვიად გამსახურდიას (ჩვენ კი მოვუსმინეთ, მაგრამ რუსულმა რევანშმა დაამხო ხელისუფლება), ეს რომ არ მომხდარიყო, ზვიადი ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთთან ერთად აგრძელებდა გზას და გეგმებიც იგივე გვქონდა, საქართველო ჩამოშორდა ამ ყველაფერს და ამ ჩამოშორებამ გამოიწვია ის, რომ მთელი 20 წელი დაკარგა ქვეყანამ, ის შესაძლებლობის ფანჯარა რომ ვერ გამოვუყენეთ ამით. 2004 წელს გახდნენ ეს ქვეყნები ევროკავშირის წევრები. საქართველო ჯერ კიდევ არ არის. როდის გაიხსნება სხვა ფანჯარა? ალბათ, ერთი 30 წელი აღარ გაიხსნება.

_ თანამდებობიდან გადადგა გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე. თუ ელოდებით, რომ ამ ფაქტს ექნება ერთგვარი ჯაჭვური რეაქცია და სხვა თანამდებობების პირები, მათ შორის, საჯარო მოხელეებიც დატოვებენ დაკავებულ თანამდებობებს?

_ ასეთ დროს ბულინგი არ არის სწორი. რაც უფრო მეტი ადამიანი წამოვა რეჟიმიდან, ჩავთვალოთ, რომ მაინც დიდი საქმე კეთდება, რადგანაც რეჟიმი უნდა დასუსტდეს საბოლოოდ იმ დონეზე, რომ საზოგადოებისთვის ზიანის მიყენება ვერ შეძლოს. არ ვიცი, რა მიზეზი ჰქონდა მის წასვლა-წამოსვლას, მაგრამ რაც მეტი ადამიანი გამოეცლება რეჟიმს, ეს ყველა ჩვენგანისთვის კარგია.

_ „ოცნების“ წარმომადგენლების ბოლო დღეების პოზიციები და განცხადებები რას გაგონებთ?

_ პროპაგანდას! ადრე რომ ვუსმენდი ან ირანში რომ ვიღაცას ებრძვიან, რაღაც შეთქმულების თეორიას ავითარებენ ან ბელორუსში ამერიკა რომ მტერია და ყველაფრის მოსპობა უნდა ან რომ ვისმენთ რადიკალური ტერორისტული ორგანიზაციების განცხადებებს, რომ ამერიკა უნდა გავანადგუროთ, თითქოს ეს ორკესტრირებულია, რაღაც აქ მივიდნენ. შემთხვევითი არ იყო, ალბათ, კობახიძე ირანში ჰამასთან და ჰეზბოლასთან ერთად რომ იდგა.

_ აქციებზე მინდა, რომ გკითხოთ, _ რამდენად მნიშვნელოვანია საპროტესტო მუხტის შენარჩუნება და ელოდებით თუ არა, რომ ის კიდევ უფრო გაიზრდება?

_ ეს სურვილის დონეზე არ უნდა დავტოვოთ. აქციები უნდა ვაქციოთ ვალდებულებად იმიტომ, რომ თუ ჩვენ ხმას არ ამოვიღებთ, ჩვენს გასაკეთებელს ვერც ევროპა გააკეთებს და ვერც ამერიკა. არ მინდა დარდიმანდულად ვიყოთ მხოლოდ ჩვენი პარტნიორების იმედზე, როგორც ხშირად გვახასიათებს ქართველებს. ჩვენს გასაკეთებელ საქმეს ვერავინ გააკეთებს. ამერიკა გვეხმარება, ევროპა გვეხმარება, მათ თავიანთი საქმეებიც ბევრი აქვთ და ჩვენს საქმეს უნდა მივხედოთ ქართველებმა.

_ რამდენად გაქვთ იმის მოლოდინი, რომ 2024 წლის არჩევნები სამართლიანად ჩატარდება?

_ სწორედ ამიტომ იღებენ ამ რუსულ კანონს, რომ მტრად გამოაცხადონ პარტნიორები და დამკვირვებელი არავინ დარჩეს არჩევნებზე, ვერ შემოვიდნენ ქვეყანაში და ივანიშვილმა გააფორმოს რუსული რეჟიმი საქართველოში, რაც ნიშნავს რუსეთის დროშის აფრიალებას, ეს არის წინასაარჩევნო რეპეტიცია.

_ ერთიანი სია, რომელიც არის ახალგაზრდების დაკვეთაც...

_ პირდაპირ ვამბობ, რომ ჩვენ ვეთანხმებით ამ იდეას. აქ რაღაც ბუღალტერიის შემოტანა, იმას ამდენი, ამას იმდენი, არ იქნება სწორი. ყველა პარტიული ტრენდების გარეშე ერთი არჩევნები უნდა ჩავატაროთ ისე, რომ იყოს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და არა პარტიული ტრენდებიდან. როგორც მერაბ კოსტავამ თქვა: „ყველაზე დიდი პარტია არის საქართველო“.

_ თითქმის ორი თვეა მიმდინარეობს საპროტესტო აქციები რუსული კანონის წინააღმდეგ, სადაც არცთუ ისე კარგი და დადებითი დამოკიდებულება არის პოლიტიკოსების მიმართ, _ რას ეტყვით მათ? რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ გაიზიარონ გამოცდილი პოლიტიკოსების შეხედულებები?

_ არიან ისეთებიც, რომ აქვთ პოლიტიკოსების მიმართ ანტიგანწყობები და ამასაც „ქართულმა ოცნებამ“ შეუწყო ხელი, რომ პოლიტიკა არ არსებობდეს ქვეყანაში. ეს იმას ჰგავს, რომ აი, ჩვენ გვინდა კარგი ქირურგიული ოპერაცია, ქირურგების გარეშე. გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, რაც გვყავს, მაინც იქიდან მოგვიწევს პოლიტიკური სპექტრის არჩევა, რადგანაც იგი ერთ და ორ დღეში არ იბადება ქვეყანაში.

გაზიარება