QronikaPlus
მალხაზ პატარაია: „სტალინის დროს შინსახკომი პაპუაშვილის მსგავსი სიებით ხვრეტდა ხალხს“

მალხაზ პატარაია: „სტალინის დროს შინსახკომი პაპუაშვილის მსგავსი სიებით ხვრეტდა ხალხს“

2024-05-20 05:43:52

შორენა მარსაგიშვილი

საქართველო რეალურად დგას რუსულ ორბიტაზე დაბრუნების საფრთხის წინაშე, რაც მისი დამოუკიდებლობის დაკარგვის ტოლფასი იქნება. აფხაზთა კრების ერთ-ერთი ლიდერი, მალხაზ პატარაია, „ქრონიკა+“-თან ამბობს, რომ „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში საქართველო დაშორდება დასავლეთს და შესაძლოა, რუსეთთან პირისპირ მარტო დარჩეს, რაც ჩვენს სუვერენიტეტს საფრთხეს შეუქმნის. მალხაზ პატარაიას განცხადებით, საქართველო „რუსულ კანონს“ კი არ უნდა იღებდეს, არამედ იმ ფაქტებს უნდა აგროვებდეს, რომელიც ადასტურებს რუსების მიერ ქართველთა გენოციდის მოწყობას და ყველაფერს აკეთებდეს იმისთვის, რომ გენოციდის აღიარება მოხდეს.

_ ბატონო მალხაზ, საქართველოში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებამ ღია ტერორი დაიწყო. ხოლო პარლამენტის სპიკერმა შავი სიების შექმნა დააანონსა. ამ შავმა სიებმა ბევრს გაახსენა საბჭოთა წარსული, როცა ბოლშევიკები ხალხის მტრების სიებს ადგენდნენ და მერე ხვრეტდნენ ადამიანებს.

_ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არის იმის ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ოლიგარქმა ადამიანი ერთუჯრედიან არსებად გახადოს. ის, რაც მან განაცხადა, ეს ეტაპი კაცობრიობამ უკვე გაიარა. გაიარა ძალიან ბნელ პერიოდში, ეს ხდებოდა ფაშისტებისა და ბოლშევიკების დროს. ხალხის მტრების სიების შედგენა მათი სტილი იყო. ასეთი რამის თქმაც კი ყოვლად წარმოუდგენელია. მგონია, რომ პაპუაშვილი განათლებული კაცია და ასეთი რამე არ უნდა ეთქვა. სხვა თუ არაფერი, სახელმწიფო თანამდებობის პირია. მით უმეტეს, იმ ქვეყანაში, სადაც საშინელი რეპრესიები მოხდა. ხალხის მტრების სიებით დაძრწოდნენ სტალინის დროს შინსახკომის თანამშომლები.

„რუსული კანონის“ მიღება არის დაუშვებელი. როგორც კი ამ კანონს მიიღებენ, აქაც იგივე პროცესები დაიწყება, რაც რუსეთში მიდის. რუსეთში აგენტის წოდება არის დამღა. ამ დამღას შევადარებდი ბართლომეს ღამეს ჯვრები რომ დასვეს დასახოცი ხალხის ჭიშკრებზე ან ებრაელების სახლებზე რომ ხატავდნენ ფაშისტები დავითის ვარსკვლავს. არ შეიძლება ამ კანონის მიღება. ამ კანონის მიღებით ჩვენ გავხდებით რუსეთი.

_ რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ გავხდეთ რუსეთი? ხელისუფლება ამბობს, რომ ამ კანონს უკან არ წაიღებს.

_ გამორიცხულია, ჩვენ რუსეთი არ გავხდებით. საქართველომ საკმაოდ ბევრი მსხვერპლი გაიღო იმისთვის, რომ ეს სახადი კიდევ ერთხელ არ მოიხადოს. სულ ახალხან გვქონდა ომი რუსეთთან. რუსებმა მოაწყვეს ქართველების გენოციდი და მარტო ესეც საკმარისია იმისთვის, რომ აღარასდროს დავბრუნდეთ რუსეთის ორბიტაზე. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ მათ ჩვენ სახელმწიფოებრიობა და ეკლესიის ავტოკეფალია გაგვიუქმეს.

_ უახლოეს წარსულში რუსეთთან რამდენიმე ომი გვქონდა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ აგვისტოს ომს ვაღიარებთ რუსეთთან ომად. აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს ბევრი დღემდე რუსეთთან ომად არ აღიარებს.

_ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ 1992-1993 წლებში აფხაზეთში საქართველოსა და რუსეთს შორის მიდიოდა ომი. ამის მიუხედავად, დღემდეა იმის მცდელობა, რომ ეს ომი წარმოჩინდეს, როგორც აფხაზურ-ქართული კონფლიქტი. არავითარი ეთნოკონფლიქტი ეს არ ყოფილა, ეს იყო ომი საქართველოსა და რუსეთს შორის. ამ ომში აქტიურად მონაწილეობდნენ რუსული საჯარისო შენაერთები. ძალიან ბევრნი იყვნენ. ახლა ვფიქრობ, როგორ გავძელით 13 თვე და 13 დღე! არც იარაღი გვქონდა, არც ჯარი გვყავდა, არც მსოფლიო დამდგარა ჩვენ გვერდით. 1993 წლის ივლისში ძალთა დაშორიშორების მოღალატეობრივი შეთანხმება რომ არ გაგვეფორმებინა რუსებთან, ალბათ, კიდევ გავძლებდით ომს და აფხაზეთს არ დავკარგავდით.

დროა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და ითქვას, რომ 1992-1993 წლებში აფხაზეთში რუსეთსა და საქართველოს შორის მიდიოდა ომი და ეს არ ყოფილა ქართულ-აფხაზური კონფლიქტი. ეს ომი რომ რუსეთსა და საქართველოს შორის იყო, ამაზე იმ რუსული შენაერთების სიაც კარგად მეტყველებს, რომელიც რუსებმა აფხაზეთში გადმოისროლეს.

_ არსებობს ამ შენაერთების სია? ეს დოკუმენტურად არის დადასტურებული?

_ რა თქმა უნდა, არსებობს და რა თქმა უნდა, ეს დოკუმენტურად არის დადასტურებული. აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ შემდეგი რუსული შენაერთები მონაწილეობდნენ: რუსეთის შავი ზღვის საზღვაო ფლოტის სამხედრო დაჯგუფება (მეთაური ადმირალი კასატონოვი); 643-ე საზენიტო სადესანტო-სარაკეტო პოლკი (დისლოცირებული იყო გუდაუთაში); განსაკუთრებული დანიშნულების ფსკოვის დივიზიის ქვედანაყოფი; 901-ე ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბატალიონი; სამხედრო-საჰაერო ძალების 529-2 და 186-ე პოლკების ესკადრილიებისგან შემდგარი ავიაჯგუფი; მოსკოვის ოლქის პირველი საჰაერო პოლკის ესკადრილია (მეთაური კოვალენკო); 345-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკი გადასროლილ იქნა ქალაქ განჯიდან 1500-კაციანი შემადგენლობით, 122 ერთეული სადესანტო საბრძოლო მანქანით, 13 ერთეული საზენიტო და 13 ერთეული 120 მმ-იანი საარტილერიო დანადგარით. ერთი ბატალიონი განლაგდა ბომბორას აერობაზაზე, მეორე _ 643-ე პოლკის ტერიტორიაზე, 2 ასეული მესამე ბატალიონი ეშერის 24-ე სამხედრო-სეისმური ლაბორატორიის ტერიტრორიაზე განათავსეს; ეშერის ბატალიონი (მეთაური სემიულინი); ბატალიონი „როსია“ (მეთაური მეტელევი); დაჯგუფება „რუსული ლეგიონი“ (მეთაური გენერალ-მაიორი ლუნიოვი); ფორმირება „სლავბატი“ (მეთაური მაიორი კოლოდინი); ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია და ე. წ. კაზაკთა ბატალიონები (სოხუმის აღებისას 10 ბატალიონით იყვნენ წარმოდგენელი); სპეციალური ქვედანაყოფი „დელფინი“ (მეთაური კაპიტანი პიმენოვი ექვემდებარებოდა დნესტრისპირეთში განთავსებულ რუსულ სამხედრო კონტინგენტს); სპეცრაზმი „ედელვაისი“; სპეცრაზმი „ღამურა“; სპეცრაზმი „კატრანი“.

საქართველოს წინააღმდეგ ომში ასევე მონაწილეობდნენ შავი ზღვის დიდი ნავსაწინააღმდეგო ხომალდები: „ქერჩი“, „სკრანი“, „კრანი კავკაზი“, „სმეტლივი“. ხომალდები: „ბასკუნჩაკი“, „რაზიტელნი“, „ვიცე-ადმირალი ჟკოვი“, „სნაიპერი“, „ბეზუკორიზნენი“, „კილ-25“, „დონი“, „ვტნ“, „ვმ-66“, დიდი სადესანტო ხომალდები: „ნიკოლაი ფილჩენკოვი“ და „კრიმსკი კომსომოლეცი“.

ეს სიაც საკმარისია იმის სათქმელად, რომ ეს იყო საქართველო-რუსეთის ომი და არა ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, როგორც ამას რუსეთი წარმოაჩენს. სამწუხარიოა, რომ რუსებს ამაში ქართული მხარე აჰყვა და დღემდე რუსეთ-საქართველოს ამ ომს აფხაზეთის კონფლიქტად მოიხსენიებს. რუსებმა აფხაზეთში ჩაიდინეს საშინელი დანაშაული _ მოაწყვეს ქართველთა გენოციდი. აუცილებლია, რუსებმა ამაზე პასუხი აქგონ. ჩვენ „რუსულ კანონზე“ კი არა, რუსეთის მიერ ქართველთა გენოციდის აღიარებაზე უნდა ვმუშაობდეთ. გენოციდის საკითხში წამყვანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ Genocide Watch-მა, რომელიც ხელმძღვანელობს ამ საკითხზე მომუშავე მსოფლიოს 100 ორგანიზაციისგან შემდგარ პლატფორმას, მოუწოდა აშშ-სა და სხვა ქვეყნებს, აფხაზეთიდან ქართველების განდევნა და მათი მასობრივი განადგურება აღიარებულ იქნას გენოციდად.

_ არსებობს იმის ალბათობა, რომ რუსეთს ქართველების გენოციდი დაუმტკიცდეთ?

_ ამის დამადასტურებელი უამრავი მასალა არსებობს. ჯერ კიდევ ცოცხლები არიან ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარ თავზე იწვნიეს რუსული საშინელება. ამ ომის დასრულებიდან 31 წელი გავიდა და საქართველოს ხელისუფლებამ თითქმის არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართველთა გენოციდი აღიარებულიყო. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე არსებობს აფხაზეთში დაღუპული ქართველბის სია. სია არის საკმაოდ უხარისხო.

_ რას ნიშნავს უხარისხო?

_ მხოლოდ სტატისტიკური სიაა ეგ და კონკრეტულ ისტორიებს არ მოიცავს. ერთი-ორი წინადადებითაა ნათქვამიი ამა თუ იმ ამბის შესახებ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვაგროვებდით გენოციდის დამადასტურებელ ფაქტებს. ეს კამპანია განსაკუთრებით უკრაინის ომის შემდეგ გავააქტიურეთ. ამ ომმა მთელ მსოფლიოს დაანახვა რუსეთის ნამდვილი სახე. მსოფლიო გაოგნებულია იმ სიმხეცეებით, რასაც რუსები სჩადიან. ამ დროს რუსებს უფრო დიდი საშინელებები აქვთ ჩადენილი აფხაზეთში.

_ ამის შესახებ პროკურატურაში უამრავი საქმე და ტომი არსებობს, მაგრამ აფხაზეთში ქართველების დახოცვისა და წამებისთვის არავინ დასჯილა. დამნაშავეების ვინაობაც კი არ დაუდგენიათ. არც ძებნა გამოცხადებულა.

_ არსებობს აგრესორის ანუ რუსეთის სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მეორე არის ამის ჩამდენი პირების ინდივიდუალური პასუხისმგებლობა. არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფოს 30 წლის განმავლობაში არავითარი ნაბიჯი არ გადაუდგამს. იმდენად უნდა მოხდეს გენოციდის თემის აქტუალიზაცია, რომ მომდევნო ხელისუფლებამ დააფიქსიროს რუსეთის მიერ ქართველების გენოციდი აფხაზეთში.

_ მომდევნომ რატომ? ამ ხელისუფლების იმედი არ გაქვთ?

_ ეს ხელისუფლება ამას არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებს. მომდევნომ კი უნდა დაამტკიცოს, რომ რუსეთმა აფხაზეთში ქართველების გენოციდი მოაწყო. აგრესია და ოკუპაცია უკვე ფიქსირებულია საკანონმდებლო დონეზე, მაგრამ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა არ არის დამდგარი, მათ შორის, 2008 წლის მოვლენებზეც. თუმცა ჩვენ მუხლი გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსში და პირდაპირ მედვედევი და პუტინი არიან ამაზე პასუხისმგებელნი.

გენოციდი არის უმაღლესი და ყველაზე მძიმე დანაშაული. გენოციდზე საერთოდ საუბარი არ არის. რამდენიმე საპარლამენტო დოკუმენტში არის ნახსენები სიტყვა გენოციდი, თუმცა არ არის მითითებული, ვინ ჩაიდინა ეს გენოციდი. გენოციდს, როგორც წესი, სახელმწიფო ახორციელებს. არსებობს ასევე სამხედრო და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულები. ესენიც ჩადენილი აქვთ რუსებს. ეს დანაშაულები ახლაც ხდება გალის რაიონში. გალში აპარტეიდია ქართველების. გალი ქართველების დიდი გულაგი გახლავთ. ჰააგის ტრიბუნალმა პუტინზე ორდერი გასცა იმის გამო, რომ ხდება ბავშვების ერთი ეთნიკური ჯგუფიდან მეორეში გადაყვანა, ბავშვებს არუსებენ ძალით. იგივე ხდება ახლა გალის რაიონში. იქ ქართველი ბავშვების რუსიფიკაცია მიმდინარეობს. თუმცა ამაზე ყურსაც არავინ იბერტყავს. სხვათა შორის, ეს არის გენოციდის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი პუნქტი. ამაზე, როგორც უკვე ვთქვი, არავინ ხმას არ იღებს.

_ ამ შემთხვევაში ხელისუფლებას უნდა ვუსაყვედუროთ, პირველ რიგში, ის უნდა საუბრობდეს ამ თემაზე. მაგრამ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასაც შეუძლია განგაშის ატეხა. ისინი ხმას არ იღებენ, მეტიც, ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ უნდა დავივიწყოთ, რაც აფხაზეთში მოხდაო. ამაზე რას ფიქრობთ?

_ ეს საკმაოდ ძველი ინერციაა და ის შევარდნაძის ხელისუფლებიდან მოდის. შევარდნაძის ხელისუფლებამ მაქსიმალურად შენიღბა ზემოთ ჩემ მიერ ჩამოთვლილი დანაშაულები. ეს მაშინ მოხდა, როცა აფხაზეთის ომი აფხაზურ-ქართულ კონფლიქტად გამოაცხადეს. ჩვენ დაგვჭირდა 15 წელი და კიდევ ერთი ომი რუსეთთან იმისთვის, რომ მივმხვდარიყავით, რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა აგრესიას და ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სახით. 2008 წლის ომიდან მეორე 15 წელი გავიდა და, სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილში ჯერ კიდევ მყარად არის გამჯდარი რუსული პროპაგანდა. ისინი დღემდე იმ აზრზე არიან, რომ ეს იყო ეთნოკონფლიქტი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აფხაზეთში ეთნოკონფლიქტი არ ყოფილა.

ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, არცერთი დამნაშავე არ აღიარებს თავის დანაშაულს. შესაბამისად, გენოციდის ჩამდენი დაინტერესებულია, რომ დამალოს ეს დანაშაული. გენოციდის უკან ყოველთვის დგას სახელმწიფო, რომელიც მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას იყენებს, რომ არ მოხდეს ამ გენოციდის აღიარება. რუსეთი ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ გენოციდში დამნაშავედ არ ცნონ. რუსეთს ამ მხრივ ძალიან დიდი საქმე გაუკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ და პოლიტიკურმა კლასმა, როდესაც ვერ დაძლიეს ეს ეთნოკონფლიქტი თავის ცნობიერებაში, რომელიც ნამდვილად არ ყოფილა და ეს იყო რუსეთ-საქართველოს ომი! ქართველების მხრიდან აფსუა ეთნოსი არასდროს შევიწროებულა. პირიქით, საბჭოთა კავშირის დროს ის იყო პრივილეგირებული ეთნოსი და ამასთან დაკავშირებით არანაირი პროტესტი არ ყოფილა. მთელი ეროვნული მოძრაობა მიმდინარეობდა ქართველების დისკრიმინაცია. ერთ უბრალო მაგალითს მოგიყვანთ, რომელიც საყოველთაოდ ცნობილი გარემოებაა _ აფხაზეთში ქართველები მასობრივად ეწერებოდნენ აფხაზებად. აფხაზები თუ იჩაგრებოდნენ, ქართველები აფხაზებად როგორ იწერებოდნენ? წესით, პირიქით უნდა ყოფილიყო. მაგრამ აფხაზები არ იჩაგრებოდნენ და რატომ ჩაეწერებოდნენ ქართველებად?

ის, რაც 1992-1993 წლებში მოხდა აფხაზეთში, იყო რუსეთის პირდაპირი აგრესია საქართველოს მიმართ. რუსეთმა აწარმოა ჰიბრიდული აგრესია, დაახლოებით ისეთი, როგორიც ყირიმსა და დონბასში „მწვანე კაცუნების“ მეშვეობით. ვგულისხმობ 2014 წელს. გააჩნია, რა შესაძლებლობები და ამოცანები აქვს კრემლს, ხან ჰიბრიდულ ომს მიმართავს, ხან ღია აგრესიას. საქართველოში ჰიბრიდული აგრესია იყო 1992-1993 წლებში და ღია აგრესია _ 2008 წელს. უკრაინაში ჰიბრიდული აგრესია იყო 2014 წელს და 2022 წელს დაიწყო პირდაპირი აგრესია.

საბჭოთა კავშირი 1991 წელს დაიშალა. შესაბამისად, დღის წესრიგში იდგა რუსეთის გადარჩენის ამოცანა. ამის გამო მოსკოვმა დასავლეთთან დაიწყო კეკლუცობა, თამაშობდა და დემოკრატიული იმიჯი მოირგო. შედიოდა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, შეურთდა ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულ კონვენციას. ის ამ ნაბიჯებს დგამდა იმიტომ, რომ დასავლეთისგან ფული სჭირდებოდა.

_ დასავლეთიც არ იშურებდა ფულს რუსეთისთვის.

_ მართლაც არ იშურებდა და რუსეთის მიმართ ლოიალურობასაც იჩენდა. 1992-1993 წლებში რუსეთი ძალიან სუსტი იყო, ის დასავლეთის ფულის გარეშე ვერ გადარჩებოდა. ამიტომ თამაშობდა ლოიალური სახელმწიფოს როლს და ღია აგრესიით აფხაზეთში არ გამოჩნდებოდა. ის აფხაზეთში გამოჩნდა მის მიერ შექმნილი კაზაკების რაზმებით, რომლებიც რუსი სამხედროები იყვნენ. კავკასიელ ხალხთა კონფედერაციაც რუსებმა სპეციალურად აფხაზეთის ომისთვის შექმნეს. ამ ორგანიზაციას კავკასიელი ერები უნდა დაეცვა. ჩეჩნეთში ორი ომი იყო, მაგრამ კონფედერატებს ხმაც არ ამოუღიათ ჩეჩნების დასაცავად, მათ მხარეს ბრძოლაზე ზედმეტია ლაპარაკი. ან როგორ იბრძოლებდნენ, როცა ეს კონფედერაცია მაშინვე დაიშალა, როგორც კი აფხაზეთში საომარი მოქმედებები დასრულდა. ბაგრამიანის ბატალიონიც რუსი სამხედროების შექმნილია.

_ ბაგრამიანის ბატალიონი სომხური დაჯგუფება არ იყო, რომელიც აფხაზეთში მცხოვრებმა სომხებმა შექმნეს?

_ ამ დაჯგუფებაში სომხები კი იყვნენ, მაგრამ შექმნით რუსეთმა შექმნა. დაჯგუფებაში რუსეთის არმიაში მომსახურე ეთნიკური სომეხი სამხედროები იყვნენ, რომლებიც ვითომ დაითხოვეს რუსეთის არმიიდან. სინამდვილეში აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოაგზავნეს. იმდენად მასშტაბურია რუსული აგრესია აფხაზეთში, როგორც უკვე გითხარით, მიკვირს კიდევაც, როგორ გავუძელით 13 თვე და 13 დღე ასეთ ურჩხულს.

რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რომ ამ ომისთვის ეთნოკონფლიქტი დაგვერქმია და გენოციდზე არ ყოფილიყო საუბარი. ეს მან საქართველოს ხელისუფლებისა და პოლიტიკური კლასის ხელით მოახერხა. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ოპოზიციასაც, მათ შორის, დღევანდელსაც, რომლის ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ აფხაზეთში ჩადენილი საშინელებები არ უნდა გავიხსენოთ, თურმე. ეს ხმამაღლა როგორ უნდა თქვა ადამიანმა? რას ნიშნავს, დავივიწყოთ?! იმიტომ, რომ რუსეთმა პასუხი არ აგოს, ჩვენი მეხსიერება უნდა დავბლოკო? ასე არ შეიძლება.

_ ისე, ამ ოპოზიციონერებს რომ ჰკითხო, რუსეთის მოწინააღმდეგეები არიან, თავისი ქმედებით კი რუსეთის დანაშაულს აფარებენ ხელს. გენოციდზე დიდი საშინელება რაღა უნდა იყოს?

_ ასე გამოდის, რომ რუსეთს ეხმარებიან. რას ნიშნავს, ეს ამბები უნდა დავბლოკოთ? დანაშაულია ჩადენილი და მე ჩედენილი დანაშაულის დაბლოკვა არ გამიგია. ამ ჩადენილ დანაშაულს ჰყავს კონკრეტული მსხვერპლი. ამ მსხვერპლს ჰყავს ოჯახი, ნათესავები, გაუბედურებული ადამიანები. რატომ უნდა დავივიწყოთ ეს ყველაფერი, ამიხსენით ვინმემ? პეპელა დილას იბადება და საღამოს კვდება, ასეთია ბუნების კანონი, მაგრამ ადამიანებს მის სიკვდილზეც კი გვწყდება გული. რამდენიმე თვის წინ საქართველოში დიდი აჟიოტაჟი ატყდა ერთი ძაღლის მოკვლაზე. ეს იყო საშინელება, დაცვა ცხოველსაც სჭირდება. ძაღლის მოკვლას ის ადამიანებიც გმობდნენ, რომლებიც გვთავაზობენ, რომ აფხაზეთში რაც მოხდა, მეხსიერებაში დავბლოკოთო.

ცხოველის მოკვლაზე ატეხეთ ასეთი ამბავი, ძალიან სწორადაც მოიქეცით, მაგრამ ძალიან არასწორად იქცევით, როცა გვთავაზობთ დავივიწყოთ ის, რაც აფხაზეთში მოხდა. იქ ადამიანები დახოცეს. დახოცეს საშინელი წამებით. მათი ცხედრები ქუჩაში დაყარეს. ამ ცხედრებს ძაღლები და ღორები ფლეთდნენ. ეს როგორ დავივიწყოთ? ამ თემაზე ვმუშაობ და უამრავი ისტორია მაქვს მოსმენილი. ვერც კი წარმოიდგენთ, რა საშინელი ფორმით აწამეს იქ ხალხი. თუკი რამე დამცირება შეიძლებოდა, დაამცირეს და მერე დახოცეს. მე ამის არც დავიწყებას ვაპირებ და არც პატიებას! ის არაფერს არ ნიშნავს, რომ ამის ჩადენიდან 32 თუ 31 წელი გავიდა?! ყველამ კარგად გაიგოს, რომ გენოციდი, როგორც დანაშაული, არც ხანდაზმულობას ექვემდებარება და არც რაიმე ამნისტიას. გენოციდს არ პატიობენ. გენოციდი გამოძიებულ უნდა იქნას და რა დროც არ უნდა გავიდეს, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ! არ გამოვა რუსეთის ხელის დაფარება. რუსეთმა აუცილებლად უნდა აგოს პასუხი ქართვეელბის გენოციდზე.

_ იმედი ვიქონიოთ, რომ მართლაც დაისჯება რუსეთი ქართველებისთვის მოწყობილი გენოციდის გამო. უკრაინაში ჩადენილ გენოციდზე რომ პასუხს აგებენ, ეს უკვე ნათელია. გენოციდისთვის მასალებს ამზადებენ დევნილობაში მყოფი ჩეჩნებიც. რუსებმა ჩეჩნეთშიც ბევრი საშინელება ჩაიდინეს.

_ მე მჯერა, რომ ქართველთა გენოციდისთვის აუცილებლად დაისჯება რუსეთი, მაგრამ ამის გაკეთება ადვილი არ იქნება. ჩვენ ჯერ იმაში უნდა დავაჯეროთ დასავლეთი, რომ 1992-1993 წლებში აფხაზეთში რუსეთსა და საქართველოს შორის მიდიოდა ომი და ეს არანაირი ქართულ-აფხაზური ეთნოკონფლიქტი არ ყოფილა. დასავლეთი რომ ამ ომს ეთნოკონფლიქტად მიიჩნევს, ეს შევარდნაძის ხელისუფლების დამსახურებაა. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ნაწილი დღესაც იმას ამბობს, რომ ეს იყო ეთნოკონფლიქტი.

_ ბევრი დღემდე იმასაც ამტკიცებს, რომ აფხაზეთში ჩვენ შევიჭერით და ჩვენ დავიწყეთ ომი.

_ არსადაც არ შევჭრილვართ. აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი და საქართველოს ხელისუფლებას სრული უფლება ჰქონდა, თავის ტერიტორიაზე შეეყვანა ჯარები. მით უმეტეს, რომ ჯარების შეყვანა აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან იყო შეთანხმებული. ომი იქ დაიწყო რუსეთმა. მე შევარდნაძის ხელისუფლებათან დაპირისპირებული ვიყავი და მეც კი არ მითქვამს, რომ ომი საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო. ასეთი რამე არ მომხდარა. ეს იყო რუსეთის პროვოკაცია, ომი რუსეთთან. რუსეთმა მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, რუსეთმა მოაწყო ქართველების გენოციდი.

გაზიარება