- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-04-22 04:08:58
შორენა მარსაგიშვილი
საქართველოს ხელისუფლებამ დაწუნებული და უკან გაწვეული „რუსული კანონი“ უკან დააბრუნა. პარლამენტში უკვე დაიწყო მისი განხილვა. ამ კანონის შემობრუნებამ აღაშფოთა მთელი დასავლეთი. ერთადერთი, ვინც კანონი მოიწონა, რუსეთი იყო. რუსეთის პოზიცია პუტინის პრესსპიკერმა პესკოვმა გაახმაურა. ოპოზიცია და საზოგადოება აცხადებს, რომ ამ კანონის მიღებას არ დაუშვებენ. ხელისუფლება ამბობს, რომ ამჯერად უკან აღარ დაიხევს.
„რუსულ კანონის“ წინააღმდეგ ბრძოლისას რატომ უნდა მოითხოვოს ოპოზიციამ და საზოგადოებამ სამართლიანი არჩევნები? რატომ თქვა შარშან ოპოზიციამ უარი ბრძოლის გაგრძელებაზე? ვინ მფარველობს საქართველოში ნარკოტიკებით ვაჭრობას? ვის უშლის ხელს ვაზიანის სამხედრო ბაზა? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ლეიბორისტული პარტიის წევრი, უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი:
_ ნარკოტიკებთან დაკავშირებით ქვეყანაში საშინელი მდგომარეობაა. გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრი ნარკოდამოკიდებული გვყავს, ბაზარზე შემოსულია ათასი საზიზღრობა. ამ ნივთიერებების ბევრი მომხმარებელი დაიღუპა. თქვენი აზრით, რა ხდება, რატომ წალეკა ქვეყანა ასე ნარკოტიკებმა?
_ დასაწყისშივე ვიტყვი, რომ ნარკოტიკების დაყოფის კკატეგორიული წინააღმდეგი ვარ. მედიასაშუალებები, ძირიითადად, ტელევიზიები, პოლიტიკოსებისა და არასამთავრობოების ნაწილი ხშირად საუბრობს იმაზე, რომ თითქოს არსებობს ცუდი ნარკოტიკი და კარგი ნარკოტიკი.
_ კლუბურ ნარკოტიკზე ამბობენ, არაა ცუდიო. კარგიაო, არსად თქმულა.
_ კარგიაო, ამას ვერც იტყვიან. მაგრამ ყველანაირად ეწევიან მას პოპულარიზაციას. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ბუნებაში კარგი ნარკოტიკი არ არსებობს. ნარკოტიკი არის საშინელება. ნარკოტიკი იწვევს ათას უბედურებას, ნარკოტიკი კლავს! ნარკოტიკები ყველა ქვეყნისთვის უდიდესი პრობლემაა, საქართველოსთვის ეს განსაკუთრებული პრობლემაა. საქართველო სოციალური გენოციდის წინაშე დგას. რამდენი წელია, რაც საქართველოში შობადობას სიკვდილიანობა აღემატება? მას დაუმატეთ მიგრაცია, საქართველოში ოჯახი არ დარჩა, საიდანაც საზღვარგარეთ არ წავიდნენ სამუშაოს საძებნელად. ასეთ ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარების მაღალი მაჩვენებლი არის ტრაგედია.
საქართველოში ნარკოტიკებს ძალიან ბევრი მოიხმარს. ჩემთვის მიუღებელია ნარკოტიკების ნებისმიერი ფორმით პოპულარიცაზია. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ხელს უწყობს, როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციის ნაწილიც. ყველანაირი ნარკოტიკი არის საშიში და მიუღებელი, რაც არ უნდა მსუბუქი იყოს ის. კარგი და მსუბუქი ნარკოტიკი ბუნებაში არ არსებობს.
ხაზგასმით ვამბობ, რომ მოხმარების გამო ადამიანებს არ უნდა უშვებდნენ ციხეში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნარკომანია წახალისებული და ლეგალიზებული იყოს. ნარკოტიკების გაყიდვა ყველა ფორმით უნდა აიკრძალოს. სოციალურ ქსელებში ნარკოტიკული ნივთიერებების რეკლამირება ხდება დაუფარავად. მგონი, ჯერ ქვეყანაში ნარკოტიკების ლეგალიზება არ მომხდარა და ასეთი რეკლამა დასჯადი უნდა იყოს. იმედია, საქართველოს ხელისუფლება ნარკოტიკების ლეგალიზებას არ დაუშვებს.
_ შექმნილ სურათს თუ შევხედავთ, ეს ცოტა საეჭვოა.
_ ამათგან არაფერია გამორიცხული. დე ფაქტო ნარკოტიკებით ვაჭრობა მართლა ლეგალიზებულია საქართველოში, მაგრამ ეს ჯერ არ დაკანონებულა.
_ ბაზარზე შემოყრილია ბევრი ახალი ნარკოტიკი, რომელიც სწრაფ შეჩვევას იწვევს. თქვენ, როგორც ბიოლოგი, რას გვეტყვით ამაზე?
_ მე ნარკოლოგი არ ვარ და ვერ გეტყვით, რომელი უფრო სწრაფ შეჩვევას იწვევს. ის ყველამ ვიცით, რომ ნებისმიერი ნარკოტიკი იწვევს შეჩვევას. ნარკოტიკი არის მავნებელი და მორჩა! მარიხუანაზე გვესაუბრებიან ხოლმე, რომ თითქოს ის არ არის საშიში. არ დაიჯეროთ, მარიხუანას არამავნებლობა ეს არის სიცრუე. მარიხუანაც საშიში და მავნებელია. ნარკოტიკების პოპულარიზაცია უნდა შეწყდეს. მარიხუანას მოხმარება უამრავ პრობლემას იწვევს მომხმარებლებში.
_ არაერთი პოლიტიკოსი და ცნობადი სახე ამტკიცებს, რომ მარიხუანა შესაძლოა უფრო ნაკლებად მავნებელი იყოს, ვიდრე ალკოჰოლი.
_ მარიხუანას ღვინოსთან და ნებისმიერ ალკოჰოლურ სასმელთან შედარება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მით უმეტეს, საქართველოში, სადაც ალკოჰოლიზმის პრობლემა არ არსებობს.
_ როგორ არ არსებობს?
_ არსებობს, მაგრამ არა ისეთი მასშტაბის და ისეთი ტრაგიკული, როგორც ჩვენს მეზობელ რუსეთში. მე ალკოჰოლისა და სიგარეტის რეკლამის წინააღმდეგიც ვარ, განსაკუთრებით ნარკოტიკების რეკლამირებას ვეწინააღმდეგები. ნარკომანიის კუთხით საქართველოში უმძიმესი მდგომარეობაა და ამაში ტრადიციულად ხელისუფლებაა დამნაშავე.
_ რატომ არის ხელისუფლება დამნაშავე? ნარკოტიკების პოპულარიზაციას ოპოზიციონერები ახდენდნენ ძირითადად.
_ იმიტომ, რომ დღევანდელი ხელისუფლების სახელს უკავშირდება ამ ქვეყანაში ნარკოტიკებით ვაჭრობის დე ფაქტო ლეგალიზება. სოციალურ ქსელში ღიად მიდის ვაჭრობა და ამაზე მეტი მტკიცებულება არ არის საჭირო. მომხმარებლების დაჭერის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ გამსაღებლები უნდა დაისაჯონ.
_ შემთხვევით, ყველაფერი იმისკენ ხომ არ მიდის, რომ ნარკოტიკების ლეგალიზება მოხდეს? რამდენიმე წლის წინათ მომზადდა კიდევაც კანონი კანაბისის ლეგალიზების შესახებ.
_ არ არის გამორიცხული. ბიძინა ივანიშვილს ამ არჩევნებზე კიდევ ერთხელ თუ მიეცემა საშუალება ძალაუფლების მიტაცების, კანაბისის ლეგალიზაციის შესახებ კანონს ისევ შემოაბრუნებს პარლამენტში. ამ ადამიანის ინტერესებში ყოველთვის შედიოდა სხვების სიცოცხლის ხარჯზე ფულის კეთება. ამ საქმით რომ ფულის გაკეთება სურდა, ეს არასდროს დაუმალავს. ღიად აცხადებდა, რომ კანაფს არნახული მოგება ექნებაო. ასეთი ადამიანი და მისი გარემოცვა გველაპარაკება ოჯახის სიწმინდესა და ტრადიციულ ღირებულებაზე და რელიგიაზე? „ქართულ ოცნებას“ ამ თემებზე საუბრის უფლებაც კი არ აქვს. მათი ხელმძღვანელი, ფაქტობრივად, ნარკოტიკებით მოვაჭრეა. ამის გაკეთება რომ უნდოდა, არ დაუმალავს. სად ივანიშვილი და სად ქრისტიანობა და ადამიანობა? კაცი ნარკოტიკების პლანტაციების გაშენებას აპირებდა საქართველოში და მისი პარტია ქრისტიანული ღირებულებების დაცვაზე გვესაუბრება.
ნარკოტიკებით ვაჭრობის დაკანონებას რამდენიმე ოპოზიციური პარტიაც უჭერდა მხარს. ყველა, ვინც ნარკოტიკებით ვაჭრობის დაკანონების მომხრეა, არის ადამიანებისა და სამშობლოს მტერი. პირადად მე ასე ვუყურებ ამ საკითხს. რაც შეეხება ხელისუფლების მიერ ნაქადაგებ ქრისტიანობასა და ოჯახის სიწმინდეს, ეს არის მხოლოდ საარჩევნო ქრისტიანობა და საარჩევნო ოჯახური ღირებულებები. საარჩევნო ქრისტიანობისა და საარჩევნო ღირებულებების მე არ მჯერა.
წინა ხელისუფლებების დროსაც იყო საქართველში ნარკოტიკები, წინა ხელისუფლებაც მფარველობდა ნარკოტიკებით ვაჭრობას, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, არასდროს მომხდარა. მაშინ ასე ღიად არ ვაჭრობდნენ, ახლა ნარკოტიკის შეძენა სოციალური ქსელით შეგიძლია. წინამორბედ ხელისუფლებას მთელი ცხრა წელი ვებრძოდი და მისი დაუძინებელი მტერი ვიყავი, მაგრამ მაშინ ასეთი რამეები არ ხდებოდა. „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ხელისუფლებას გადააჭარბა ნარკოტიკებით ვაჭრობის მფარველობაში. ხელისყუფლება რომ არ მფარველობდეს, ნარკომოვაჭრეები ამდენს ვერ გაბედავდნენ.
_ ხელისუფლებამ რატომ შემოიტანა კიდევ ერთხელ უკან გაწვეული „რუსული კანონი“?
_ ეს ძალიან ძნელი სათქმელია. წესით, ბიძინა ივანიშვილს არ უნდა უნდოდეს საარჩევნო წელს მისთვის საზიანო კანონის შემოტანა. ამაზე ბევრი ვერსიის წამოყენება შეგვიძლია, მაგრამ ფაქტი ერთია: საჭიროა მის წინააღმდეგ ბრძოლა, ოღონდ სწორი ბრძოლა.
_ სწორ ბრძოლაში რას გულისხმობთ?
_ ჩვენ მარტო ამ რუსული კანონის წინააღმდეგ არ უნდა ვიბრძოლოთ. ბრძოლის დროს აღარ უნდა დავუშვათ იგივე შეცდომა, რაც გასული წლის მარტში დავუშვით. ის პროტესტი, რაც შარშან მარტში აგორდა, იყო გულწრფელი და სწორი. აქციის ორგანიზატორები და აქციაზე სიტყვით გამომსვლელები ერთხმად აცხადებდნენ, რომ ჩვენ არა მარტო „რუსული კანონის“, არამედ რუსული ხელისუფლების წინააღმდეგაც უნდა გვებრძოლა. მოქალაქეებისა და ძირითადად ახალგაზრდების პროტესტმა შედეგი გამოიღო და ხელისუფლებამ „რუსული კანონი“ უკან გაიწვია. როგორც ეს კანონი უკან გაიწვიეს, ოპოზიციამ უარი თქვა რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებაზე. ზოგმა ეს ღიად თქვა, ზოგმა თავისი დუმილით დაუჭირა მხარი ბრძოლის შეწყვეტას.
სამწუხაროდ, ლეიბორისტული პარტია იყო ერთადერთი, რომელმაც ტრიბუნიდან მოითხოვა ბრძოლის გაგრძელება. პოლიტიკოსებიდან მხოლოდ მე და ბატონმა შალვა ნათელაშვილმა ვთქვით, რომ ეს მოღალატე ხელისუფლება უნდა გაგვეშვა და ვადამდელი არჩევნები დაგვენიშნა. სამწუხაროდ, ამას პოლიტიკურმა პარტიებმა მხარი არ დაუჭირეს, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება ამას ემხრობოდა. პოლიტიკოსების განცხადებებმა ხალხზე გავლენა იქონია, აქციები დასრულდა, პროტესტიც შეწყდა. ჩვენ მივაღწიეთ გამარჯვებას, რომელიც არ იყო სრული. მინდა, მივმართო პოლიტიკოსებს, რომ იქნებ, ახლა მაინც ვიბრძოლოთ სწორად ამ რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ.
_ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნამ ახლა უკვე დაკარგა აზრი, რამდენიმე თვეში ისედაც ტარდება არჩევნები.
_ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას აზრი მართლა აღარ აქვს, შარშან კი ამ მოთხოვნას აზრი ჰქონდა. ახლა ჩვენ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ ბრძოლას უნდა მივაბათ არჩევნების თემაც და მოვითხოვოთ სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ლოზუნგი ასეთი უნდა იყოს: „არა რუსულ“ კანონს!“ „არა რუსულ ხელისუფლებას!“ „კი სამართლიან არჩევნებს“. ევროპა ჩვენი არჩევანიას ძახილი კარგი და მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არის ზოგადი პოზიცია, რომელიც ჩვენს განწყობას ასახავს. მთავარი მოთხოვნა „რუსული კანონის“ გაუქმებასთან ერთად უნდა იყოს სამართლიანი არჩევნები.
ჩვენ ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ ერთ კონკრეტულ თემაზე ბრძოლაში არ უნდა შევყვეთ, რამდენადაც მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს ის. სამართლიანი არჩევნები თუ არ ჩატარდა, ამ კანონს კიდევ შემოაბრუნებენ.
_ კიდევ შემოაბრუნებენო, ამბობთ. დარწმუნებული ხართ, რომ ამ კანონს ისევ უკან წააღებინებთ ხელისუფლებას?
_ უნდა წავაღებინოთ, სხვანაირად არ შეიძლება. ამ კანონის მიღება ჩვენს ევროპულ მომავალს უქმნის საფრთხეს. ევროპელებმა პირდაპირ გვითხრეს, რომ თუ ამ კანონს მივიღებთ, წინ ვერ წავალთ. შესაძლოა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსიც კი ჩამოგვართვან. ამიტომ ეს კანონი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივაღებინოთ „ქართულ ოცნებას“. ევროპულ მომავალზე უარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვთქვათ. ჩვენი ერთადერთი ფარი და გადარჩენის შანსი რუსეთთან მიმართებით არის ევროპა. დამოუკიდებლად საქართველო რუსეთს ვერანაირად ვერ გაუმკლავდება. სხვა თუ არაფერი, ცოტანი ვართ იმისთვის, რომ რუსეთს დამოუკიდებლად გავუწიოთ წინააღმდეგიობა. ამას ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ხვდება. აქედან გამომდინარე, ამ კანონის ჩაგდება მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარია სამართლიანი არჩევნები. ჩვენ ამ ბრძოლაში აქტიურად ჩავერთვებით. მარტო კანონის ჩაგდება არ გვიშველის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, _ ესენი თუ დარჩებიან, ამ კანონს კიდევ შემოიღებენ, ახლა რომც გავაწვევინოთ. ეს ხელისყუფლება უნდა გავუშვათ. ესენი კიდევ თუ დარჩნენ ხელისუფლებაში, ქართველ ერს გაანადგურებენ. რუსეთის გუბერნიად გვაქცევენ და სამუდამოდ დაგვიხურავენ ევროპის კარს. არ არის სფერო, სადაც ამ ხელისუფლების წარმომადგენლები მას კორუფციული ინტერესების გამო არ ანადგურებდეს. ყველაფერს ანადგურებენ, ენასაც, მამულსაც და სარწმუნოებასაც.
_ არადა, რელიგიურობაზე დებენ თავს.
_ „ოცნების“ რელიგიურობაზე ჩვენი ტაძრების სავალალო მდგომარეობაც მეტყველებს. ნახეთ, რა დღეშია დიდებული გელათი! მოსახლეობისგან იცლება ქვეყანა. ერთადერთი პირველი წელი იყო შარშან, როცა საქართველოში მოსახლეობის მატება დაფიქსირდა. ეს მოხდა რუსეთიდან ხალხის ჩამოსვლის ხარჯზე. ამდენი რუსის საქართველოში შემოშვება არის სამშობლოს ღალატი და წმინდა წყლის გენოციდი.
_ გენოციდი რატომაა?
_ ეს არის ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის შეცვლა. შარშან უსისხლო გენოციდი მოგვიწყვეს, როცა ამდენი რუსი შემოიყვანეს. ასევე უამრავი ადამიანი იღუპება შიმშილით. იღუპებიან ნარკოტიკებით. ეს მხოლოდ კორუფციული მოტივებით კეთდება თუ პუტინის დავალებით, არ ვიცი. დიდი ალბათობით, ორივეთი. საკუთარი ხელისუფლება, რომელიც ბოლო რვა წელია, რაც აღარ არის არჩეული, გვანადგურებს როგორც ერს და როგორც სახელმწიფოს.
მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი ძალიან არის დაცემული, სამართლიანი არჩევნები თუ არ ჩატარდა, მათთან ბრძოლა ძალიან გაჭირდება. როგორც წესი, საქართველოში არჩევნებს, ძირითადად, არჩევნებამდე იგებენ.
_ ოპოზიცია პარლამენტში მოწოდების სიმაღლეზე რომ ყოფილიყო, გაბედავდნენ ამ კანონის შემობრუნებას მეოცნებეები?
_ ოპოზიცია პარლამენტს გარეთ უნდა ყოფილიყო მოწოდების სიმაღლეზე. ამ შემთხვევაში ხელისუფლება ამდენს ნამდვილად ვერ გაბედავდა. რუსულ დუმად წოდებულ პარლამენტში ოპოზიცია საერთოდ არ უნდა შესულიყო. ყველას კარგად ახსოვს, თუ როგორ დადო ოპოზიციამ საჯაროდ პირობა, რომ გაყალბებული გზით არჩეულ პარლამენტში არ შევიდოდა. ხელიც კი მოაწერეს დოკუმენტს. ეს საჯაროდ გაკეთდა. ყველა ხელისმომწერი შევიდა პარლამენტში. ერთადერთი გამონაკლისი არის შალვა ნათელაშვილი. მან უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე. გაყალბებული არჩევნებით არჩეულ პარლამენტში ჩვენი ადგილი არ არის.
ივანიშვილის რუსულ დუმაში ოპოზიციის შესვლა იყო ნამდვილი ღალატი. ოპოზიციას პირობა ჰქონდა ხალხისთვის მიცემული და ეს დანაპირები უნდა შეესრულებინა. მაშინ ოპოზიციას ცოტაც რომ გაეძლო, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გარანტირებული იყო. სამწუხაროდ, ოპოზიციამ ვერ გამოიჩინა სიმტკიცე და ღალატის ტოლფასი ნაბიჯი გადადგა. პარლამენტში შესვლაც ღალატი იყო და იქიდან ვერგამოსვლაც ღალატია. არადა, ბევრი მიზეზი იყო, რის გამოც ოპოზიციას პარლამენტი უნდა დაეტოვებინა პროტესტის ნიშნად.
_ როდის უნდა წამოსულიყო ოპოზიცია პარლამენტიდან პროტესტის ნიშნად?
_ თუნდაც მაშინ, შარლ მიშელს დოკუმენტი თავზე რომ გადაახია „ქართულმა ოცნებამ“. თუნდაც „რუსული კანონის“ შემოტანის დროს შეიძლებოდა პარლამენტიდან წამოსვლა. როცა თავზე გახევენ ყველაფერს და ვერაფერს აკეთებ, რა აზრი აქვს პარლამენტში ყოფნას? ასეთ დროს პროტესტის ნიშნად უნდა დატოვო იქაურობა. ჩვენ ეს რჟიმი აუცილებლად უნდა დავამარცხოთ. ოპოზიცია ისეთი ჭრელია, რომ ბევრი საერთო არ გვაქვს. ჩვენი გაერთიანებაც წარმოუდგენელია, ამიტომ რაღაცებზე უნდა შევთანხმდეთ. მთავარია სამართლიანი არჩევნების მიღწევა. უნდა ვიბრძოლოთ ბარიერის დასაწევად. საარჩევნო ადმინისტრაციას მარტო ხელისუფლება არ უნდა აკონტროლებდეს, ბევრი დეტალია შესათანხმებელი. ოპოზიცია სამართლიან არჩევნებზე არაფერს ამბობს. „რუსულ კანონს“ ყველა ლანძღავს, მაგრამ მარტო ამ კანონის წინააღმდეგ ბრძოლა საკმარისი არ არის. მთავარი ამ ხელისუფლების შეცვლაა.
_ გასულ კვირას ხელისუფლებამ გვამცნო, რომ ვაზიანში ახალი აეროპორტის აშენებას აპირებს. ამას ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. რას ფიქრობთ ახალ აეროპორტზე?
_ რამდენადაც ვიცი, ნატოს სტანდარტებიდან და მსოფლიო საავიაციო კავშირის სტანდარტებიდან გამომდინარე, სამხედრო და სამოქალაქო ავიაციის ობიექტები გამიჯნულია ერთმანეთისგან. შესაბამისად, ძალიან ცუდი რამე გამოდის. თუ ვაზიანში აეროპორტი აშენდება, ვაზიანის სამხედრო ბაზა უნდა გაუქმდეს. ესენი შეგნებულად აშენებენ ამ აეროპორტს ვაზიანში. ვაზიანის სამხედრო ბაზა ყველაზე მომზადებული და ბრძოლისუნარიანი სამხედრო ობიექტია. როგორც ჩანს, საქართველოში ასეთი ბაზის არსებობა რუსეთისთვის დამატებითი ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა. ამ პროექტთან დაკავშირებით სხვა ახსნა არ გამაჩნია. ახალი აეროპორტის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ის სხვა ადგილზე უნდა აშენდეს.