QronikaPlus
კახა გოგოლაშვილი: „მოახლოებულმა არჩევნებმა ირაკლი კობახიძის რიტორიკა შეცვალა“

კახა გოგოლაშვილი: „მოახლოებულმა არჩევნებმა ირაკლი კობახიძის რიტორიკა შეცვალა“

2024-03-01 03:45:07

ირინა მაკარიძე

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებამ უკვე გამოიღო შედეგი, „ქართულმა ოცნებამ“ შეიცვალა რიტორიკა და ანტიდასავლური განცხადებების კეთებას თავი დაანება. შესამჩნევი გახდა გაპრემიერებული ირაკლი კობახიძის შერბილებული რიტორიკაც. წინასაარჩევნო მესიჯბოქსის შეცვლა მოუხდა ოპოზიციასაც. თუ მანამდე „ქართულ ოცნებას“ პრორუსულ ძალად აცხადებდნენ და ამომრჩეველს ჰპირდებოდნენ, რომ მხოლოდ ისინი შეიყვანდნენ ქვეყანას ევროკავშირში, ახლა ოპოზიცია სოციალური მიმართულების დაპირებებზე გადაერთო.

ახალი პრემიერის შეცვლილ რიტორიკაზე, ევროკავშირში გაკეთებულ შეფასებებსა და ოპოზიციის წინასაარჩევნო მესიჯბოქსზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორი, კახა გოგოლაშვილი:

_ ირაკლი კობახიძის რიტორიკა შეცვალა მოახლოებულმა  არჩევნებმა და იმ რეალობის აღქმამ, რომ ევროსკეპტიციზმი არ იქნება საარჩევნოდ გამოსადეგი პოზიცია. ამიტომ „ოცნებამ“ აიღო ახალი სტრატეგია. ცხადია, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შემდეგ იზრდება მოთხოვნა იმისადმი, რომ მთავრობამ და განსაკუთრებით მომავალმა ხელისუფლებამ გაატაროს ის რეფორმები, რომელსაც ოთხოვს ევროკავშირი, შესაბამისად, „ოცნება“ ცდილობს, თავი წარმოაჩინოს, რომ თითქოს ის ამ მიმართულებით ყველაფერს აკეთებს.

_ ირაკლი კობახიძის ბრიუსელში  ვიზიტის დროს საერთო პრესკონფერენციაზე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა,  აქცენტი გააკეთა სამ ძირითად მიმართულებაზე, რაც იყო არასამთავრობო სექტორის ჩართულობის მოთხოვნა და დაძაბულობის შემცირება, უსაფრთხოების გაძლიერება, ანტიდასავლურ რიტორიკაზე უარის თქმა. რას იტყვით, რატომ გახდა საჭირო ამ მიმართულებების გამოყოფა?

_ ის, რომ ჯოზეფ ბორელმა ფოკუსი სამ მიმართულებაზე გააკეთა, ეს არ ნიშნავს, თითქოს იმ 9 დათქმიდან დანარჩენი საკითხები აღარ არის აქტუალური. ეს სამი პუნქტი არის ნაწილი იმ 9 დათქმის, რომელიც ევროკომისიამ დაგვიწესა. ბორელი თავისთავად საუბრობდა ევროკავშირის პოზიციიდან. მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ხელისუფლებაში, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში და ა. შ., მაგრამ მნიშვნელობა აქვს ხალხის ნებას, რაც არის ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარება. ამ მიმართულებით არსებობს ისეთი ნაბიჯები, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიდგას. ერთ-ერთი არის ის სამარცხვინო დონე, რომელიც გვაქვს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრაში, განსაკუთრებით, განცხადებებთან შეერთების თვალსაზრისით, სანქციებზე აღარ ვსაუბრობ. გასაგებია, არ უერთდება საქართველო სანქციებს, მაგრამ განცხადებებს მაინც უნდა შევუერთდეთ? კეთდება სხვადასხვა პოლიტიკური განცხადება სხვადასხვა რეგიონისა და ქვეყნის მიმართ, არა მარტო რუსეთისა და ბელარუსის მიმართ, თუმცა დიდწილად ახლა განცხადებები სწორედ რუსეთსა და ბელარუსს ეხება და უკრაინაში მიმდინარე ომს.

_ ბორელმა „არასერიოზული“ უწოდა განცხადებებს „მეორე ფრონტთან“ დაკავშირებით. როდესაც კობახიძეს ჟურნალისტმა ამ საკითხზე კითხვა დაუსვა, რაზედაც მან უპასუხა, რომ უკრაინიდან იყო ამისკენ მოწოდებები. რას იტყვით ამის შესახებ?

_ კობახიძემ თავი ჩაიგდო უხერხულ მდგომარეობაში. როცა აქ იყო ძალიან ამაყად და ომახიანად აცხადებდა, რომ დასავლეთში არის „გლობალური ომის პარტია“, თითქოს ევროკავშირის ინსტიტუტებში არიან ძალიან გავლენიანი პირები, რომლებსაც უნდათ, საქართველო ჩაითრიონ ომში, იმიტომ არ გვაძლევენ კანდიდატის სტატუსს და ა. შ. ახლა მას ეს ყველაფერი უკან დაუბრუნდა ბუმერანგივით. ბორელი დიპლომატია და არ დასვამდა ამ საკითხს, მაგრამ ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა და მან ყველაფერი გადაიტანა სხვა მიმართულებით, თითქოს მხოლოდ უკრაინას გულისხმობდა და არა ევროპას. რა თქმა უნდა, ევროპა ამას არასდროს ეთანხმებოდა, რომ საქართველო ჩართულიყო ომში. უხერხული მდგომარეობა შეიქმნა. ეს გამოიწვია იმ არასწორმა რიტორიკამ, რაც აქამდე „ოცნებას“ და, კონკრეტულად, ირაკლი კობახიძეს ჰქონდათ.

_ ერთ-ერთი საკითხი, რაზედაც ფოკუსი გააკეთა ჟოზეფ ბორელმა,  არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ დამოკიდებულების შეცვლაა. მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში გყავთ ძალიან აქტიური და ცოცხალი არასამთავრობო სექტორი და მოუწოდა, რომ ჩართონ ისინი 9 ნაბიჯზე მუშაობის პროცესში. რატომ გახდა ამაზე აქცენტირება საჭირო ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან?

_ ევროკავშირში კარგად იციან, რა დამოკიდებულებას ავლენენ მმართველი ძალის წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. ზოგადად, არასამთავრობო სექტორი არის საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკურად არ გახლავთ ანგაჟირებული, ამიტომ ის უფრო ობიექტურად ხედავს ყველაფერს. კრიტიკა და ყველა ის წინადადება, რომელიც მოდის ამ სექტორიდან, არის ობიექტური და მისი ჩართულობის გარეშე წინსვლა ძალიან გაჭირდება. ამიტომ მოითხოვს ევროკავშირი არასამთავრობო ორგანიზაციების სრულად ჩართვას პროცესში. ფაქტია, მმართველი ძალა ეწინააღმდეგება ამას. ხელისუფლებას ბევრი რამის დაფარვა უნდა _ არ ატარებს რეფორმებს, თუმცა უნდა, რომ საწინააღმდეგო წარმოაჩინოს. არასამთავრობო სექტორის პროცესებში სრული ჩართვის შემთხვევაში კი ამას ვერ გააკეთებს. ამიტომ ხდება ის, რასაც ვხედავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს არ აძლევენ უფლებას, მონაწილეობა მიიღონ 9 ნაბიჯზე მუშაობის პროცესში. შესაბამისად, ვიღებთ ევროკავშირიდან მკაცრ მოთხოვნას, რომ სამოქალაქო სექტორი ჩაერთოს პროცესებში. დემოკრატიის განვითარება ვერ მოხდება სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გარეშე. სამოქალაქო  საზოგადოების წნეხი თუ არ არსებობს, არცერთი მთავრობა არ ატარებს ბოლომდე დემოკრატიულ რეფორმებს. ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს, ძალაუფლება  საკუთარ ხელში ჰქონდეს კონცენტრირებული, ასე არის მოწყობილი მთავრობების ლოგიკა. ამიტომ აუცილებელია, ჩაერთოს პროცესებში სამოქალაქო სექტორი, პოლიტიკისგან თავისუფალი ხალხი, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიისა და თანასწორუფლებიანობის განვითარებას.  

_ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რომელიც თავად არის წამოსული არასამთავრობო სექტორიდან, ვხედავთ, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში შესაძლებლობას არ უშვებს, არასამთავრობო სექტორს არ შეუტიოს. როგორ ახსნით ამ ფაქტს?

_ პარლამენტის თავმჯდომარეა და რაღაცით ხომ უნდა „გაამართლოს“ თავისი მდგომარეობა? მას არ აქვს თავისი პირადი გავლენა, არც პირადი სიახლოვე ბიძინა ივანიშვილთან, სხვებისგან განსხვავებით, ამიტომ მაქსიმალურად უნდა აჩვენოს, რომ იცავს მმართველ ძალას. როგორც  ჩანს, მან საკუთარ თავზე აიღო ეს როლი, რომ სამოქალაქო სექტორის მიმართ შეტევითა და მისი დისკრედიტაციის მცდელობით აჩვენოს თავისი მნიშვნელობა. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი რამე, რის შესახებაც საუბრობს, თავად არ სჯერა, მაგრამ საჭიროდ მიიჩნევს, ასე ილაპარაკოს, რომ დაამტკიცოს თავისი ლოიალურობა „ქართული ოცნების“ მიზნების მიმართ. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ მიზნები შემოიფარგლება ძალაუფლების შენარჩუნებით, ამისთვის კი საეროდ არ სჭირდებათ სამოქალაქო საზოგადოება. არ აქვს მნიშვნელობა, ის თავად სამოქალაქო საზოგადოებიდან მოდის თუ არა. შესაძლოა, მას სამოქალაქო საზოგადოების როლი სულ სხვაგვარად აქვს გააზრებული, თუნდაც, როგორც საკუთარი კეთილდღეობის მიღწევის საშუალებად. არ იცის, რომ სამოქალაქო საზოგადოების როლი არის ობიექტურად გადამწყვეტი დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაში, მის გარეშე დემოკრატიას ვერც ერთი მთავრობა ვერ შექმნის.  კობახიძეს აქვს ასეთი ამბიცია, რომ ის ააშენებს დემოკრატიას, რადგან წარმოადგენს ხალხს. მოსახლეობის 60 პროცენტს, თურმე, მოსწონს მთავრობა და ამიტომ ააშენებენ დემოკრატიას ამ ხალხისთვის. სინამდვილეში, ეს არის ძალიან დიდი ილუზია, ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების გარეშე ვერცერთი მთავრობა ვერ ააშენებს დემოკრატიას.

_ არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ რიტორიკაში შევიდა ცვლილებები, მესიჯბოქსი შეცვალა ოპოზიციამაც. თუ აქამდე ოპოზიციური პარტიების მთავარი მესიჯბოქსი იყო „წინ, ევროპისკენ“, „შინ, ევროპისკენ“, ახლა ეს მემარჯვენე პარტიები წინასაარჩევნოდ აკეთებენ სოციალური მიმართულების განცხადებებს, ჰპირდებიან პენსიების გაზრდას, სამუშაო ადგილებს, საუბრობენ ბავშვთა შიმშილობაზე. რას იტყვით ამის შესახებ და, ზოგადად, მემარცხენეობასა და მემარჯვენეობაზე საქართველოში?

_ მემარცხენეობა და მემარჯვენეობა დასავლური  პოლიტიკური კულტურის ნაწილი და ტრადიცია, თუმცა ეს ყველაფერი იცვლება, რადგან იცვლება სამყარო, პრობლემები და იცვლება დამოკიდებულებები. აბსოლუტურად მემარცხენე და აბსოლუტურად მემარჯვენე პარტიები და პოლიტიკოსები მსოფლიოში აღარ არსებობენ. არის საერთო დემოკრატიული ღირებულებები და იმ ღირებილებებთან მიმართებით, რა თქმა უნდა, არის განსხვავებული ხედვები, თუ როგორ უნდა უზრუნველყო დემოკრატიული ლიბერალიზმი, თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეები და როგორ უნდა გაზარდო მოსახლეობის კეთილდღეობა. საქართველოში, მით უმეტეს, ეს ტრადიცია ბოლომდე არც ჩამოყალიბებულა. საქართველოში პოლიტიკა არის უფრო პოპულისტური, ყველა პარტია ამის მიხედვით აწყობს თავის დაპირებებს. ამომრჩევლის მოთხოვნაც ასეთია. მოსახლეობა პოლიტიკოსებისგან ითხოვს არა გრძელვადიანი საკითხების გადაწყვეტას, არამედ იმწუთიერი პრობლემების გადაჭრას. მოსახლეობა ითხოვს სოციალურ მხარდაჭერას ახლავე, ბიუჯეტის გადანაწილებაში უფრო სოციალურ, შეიძლება ითქვას, მემარცხენე იდეებს. ამიტომ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იბრძვიან ხელისუფლებაში მოსასვლელად, ამ მოთხოვნას ანგარიშს უწევენ და თავიანთ პროგრამაში, სოციალურ დაპირებებს, როგორც მოკლევადიან ხედვას, ისე წარადგენენ. რა თქმა უნდა, პროგრამაში უნდა იყოს ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ხედვაც. „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება, „ლელო“, თუ პარტია, რომელიც დღეს პოლიტიკურ ველზე აქტიურობს და ცდილობს მხარდაჭერის მიღებას, ამ მიდგომის გარეშე ამომრჩევლის გულს ვერ მოიგებს.

გაზიარება