QronikaPlus
თეა გოდოლაძე: „ბაღდათის ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო“

თეა გოდოლაძე: „ბაღდათის ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო“

2024-02-16 06:31:45

თამარ სანაძე

საქართველოში სტიქიურმა უბედურებამ ისევ შეიწირა ადამიანების სიცოცხლე. რამდენიმე დღის წინ მეწყერმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში ცხრა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

სოფელ ნერგეეთის მცხოვრებლების თქმით, მათ იცოდნენ, რომ ტერიტორია მეწყერსაშიში იყო და დასახმარებლად ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს. სტიქიის ზონაში მისულმა ბაღდათის მერმა კი განაცხადა, რომ არ არსებობდა დასკვნა მეწყერსაშიშობის შესახებ: „მხოლოდ ერთი განცხადება იყო შემოსული და ეს სახლი დღესაც დგას ხელუხლებელი, ეს ოჯახი ითხოვდა დახმარებას, რომ მთის მწვერვალიდან ხანდახან ჩამოედინებოდა ქვის ნატეხები. ჩვენ მყისიერად ჩამოვიყვანეთ აქ გეოლოგები. მათ მოგვცეს მითითება, რომ სახლის უკან გაგვეკეთებინა დამცავი კედელი, სხვა რამე დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილი იყო მეწყერსაშიში ან ვინმე ექვემდებარებოდა გასახლებას აღნიშნული ტერიტორიიდან, ვერსად ნახავთ“, _ განაცხადა ბაღდათის მერმა, კახა ენუქიძემ.

იყო თუ არა შესაძლებელი ბაღდათში მომხდარი სტიქიური უბედურების თავიდან აცილება? რა ზომები უნდა მიიღოს ხელისუფლებამ მსგავსი ტრაგედიების პრევენციისთვის? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-სთან ვრცლად საუბრობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი, თეა გოდოლაძე:

_ ქალბატონო თეა, რამდენიმე დღის წინ მეწყერს ხულოში ორი, ბაღდათში კი 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგედიამდე მოქალაქეებს მიუვიდათ შეტყობინება ამინდის გაუარესების შესახებ, რომ მოსალოდნელია ნალექი და ისინი უნდა იყვნენ ფრთხილად. საკმარისია ეს გაფრთხილება მაშინ, როდესაც ადამიანები სტიქიას ეწირებიან?

_ ეს მესიჯი საერთოდ არაფერს ნიშნავს. ეს მესიჯები არის ზოგადი მესიჯები. იყავით უსაფრთხოდ და შეინარჩუნეთ სიფრთხილე _ ეს არაფერს ნიშნავს საერთოდ. ეს არის გარემოს ეროვნული სააგენტოს მესიჯი და პასუხისმგებელიც ამაზე არავინაა. ამ შეტყობინებაში მოსახლეობას უბრალოდ აფრთხილებენ და არავინ იღებს მათ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას, არაფრის მთქმელი არ არის ეს შეტყობინებები. თითქოს თავად მოსახლეობას აკისრებს სააგენტო პასუხისმგებლობას.

_ ქალბატონო თეა, როგორ ფიქრობთ, შესაძლებელი იყო ბაღდათის ტრაგედიის თავიდან აცილება?

_ ბაღდათის ტრაგედიის თავიდან აცილება, რა თქმა უნდა, რასაკვირველია, შესაძლებელი იყო. ნებისმიერი მსგავსი ტრაგედიის თავიდან აცილება არის შესაძლებელი, თუკი ხახაში არ ჩაუვარდით გველეშაპს. რაც ბაღდათში მოხდა, ეს არის ზუსტად გველეშაპის ხახაში ყოფნა, იმიტომ რომ იდენტიფიცირებულია მეწყერი, საშიში ზონაა, ამას ახლა დიდი სპეციალისტი არ სჭირდება. მთას რომ შეხედავ, ხვდები, რომ იქ უნდა წამოსულიყო მეწყერი. არ შეიძლება ასეთი მთის ძირში ცხოვრება, არ შეიძლება, მშენებლობის ნებართვა გაიცეს ამგვარ ადგილებში. დაკიდებულია მთის ძირში რეალურად სახლები და ერთი დღე იქნება, ჩაგმარხავს მეწყერი. იმ დღეებში, როდესაც ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში, მოხდა ტრაგედია, მოსახლეობა ამბობდა, რომ ჩვენ გეოლოგები მოვიყვანეთ ქუთაისიდან და მათ უთქვამთ, _ ჩვენ არ გვაქვს ფინანსები, რომ კვლევები ვაწარმოოთ, სახელმწიფოს ამის სახსრები არ გააჩნია და კერძო გეოლოგებს, კერძო ჯგუფს მიმართეთო.

ეს რა უპასუხისმგებლო მიდგომაა?! რას ნიშნავს, კერძო ჯგუფს მიმართეთ და კვლევები აწარმოეთ? კერძო ჯგუფის აყვანა და კვლევის წარმოება მათ მიერ უდიდეს თანხებთანაა დაკავშირებული. ყველამ ვიცით, რომ ამის შესაძლებლობა საქართველოში ოჯახებს არ აქვთ. იცით, კერძო კვლევა რა ჯდება? საერთოდ რას ნიშნავს, კერძო კვლევას მიმართეთ? მუნიციპალიტეტი რას აკეთებს?! მილიონობით გრანტი აქვთ, სად მიდის ეს ფული?! მოსახლეობას რომ ეუბნები, ფული ააგროვე და დაიქირავე გეოლოგიო, ეს არის გულგრილობა, უპასუხისმგებლობა და საკუთარი მოსახლეობის გაწირვა პირდაპირი მნიშვნელობით.

მაგალითად, როდესაც კერძო კომპანიები კვლევას უკვეთავენ სპეციალისტებს, მესამედი ფასიც კი ძალიან დიდი თანხაა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ მხოლოდ ერთი პროფილის გაკეთება ჯდება ასი ათასი ლარი. ის ერთი პროფილი რომ გააკეთო, ხუთი ადამიანი უნდა იყოს ადგილზე მთელი ღამეები, აპარატურა, ცვეთა, ტექნიკა, მანქანები და ა. შ. საუბარი მაქვს ერთ უბრალო პროფილზე, გეოფიზიკურ ფაქტორზე.

რა იცის მოქალაქემ, მოსახლეობამ, პირველ რიგში, რა კვლევაა ჩასატარებელი? ეს არის ძალიან დიდი სისულელე. კიდევ ვიმეორებ: ეს მოსახლეობის გაწირვაა. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, როდესაც არსებობს გარემოს ეროვნული სააგენტო, როცა უამრავი თანხა მოდის ამ ეროვნულ სააგენტოზე, მოქალაქეს არ უნდა ეუბნებოდე, გაიღოს უზარმაზარი თანხა და კერძო ჯგუფს აწარმოებინოს კვლევა, ამას ჩვენი მოსახლეობა ვერ შეძლებს. ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ. ხომ აიღო სახელმწიფომ მსგავსი პროექტების მენეჯმენტი? რეგიონები უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ, დაკვეთა უნდა მისცეს უნივერსიტეტს, მეცნიერს, თვითონ უნდა მართოს ეს სისტემა. ჩვენთან ეს ასე არ ხდება. რა იცის გარემოს დაცვის მინისტრმა, რომელიც მეღვინეა ამ მიმართულებით, რა გააკეთოს? რა ხდება ამ ქვეყანაში, ვერ გავიგე. პური უნდა აცხოს მეპურემ. გაჭირვებულ ადამიანებს, რომელთა დიდი ნაწილი ემიგრაციაშია წასული, ეუბნები, რომ ასი ათასობით ლარი ააგროვოს, აიყვანოს სპეციალისტი, რომელიც არავინ იცის, არის თუ არა სანდო და მთელ პასუხისმგებლობას აკისრებ მოქალაქეს, მოსახლეობას, ეს არის ადამიანის გაწირვა.

_ ქალბატონო თეა, თუ გაქვთ ინფორმაცია, ატარებს კვლევებს გარემოს ეროვნული სააგენტო მეწყერსაშიშ ზონებში? კეთდება რამე ამ მიმართულებით?

_ აუცილებელია, მუნიციპალურ დონეზე მუშაობდნენ გეოლოგები და აკვირდებოდნენ ყველაფერს. იმისთვის, რომ სტიქიური უბედურებები თავიდან ავიცილოთ, უმნიშვნელოვანესია პროფესიონალთა მეტი ჩართულობა, რომლებიც ამ პრობლემებსა და ამგვარ საკითხებში არიან გარკვეულნი. მაგრამ ჩვენთან არაფერი კეთდება. არავინ არავის არ მიმართავს. მაგალითად, მე ყველაფერს მაცილებენ, ვმუშაობ მოხალისედ. ან ვინ უნა გააკეთოს კვლევა? ვინ უნდა შეისწავლოს? _ გარემოს ეროვნულ სააგენტოში სამი გეოლოგი ჰყავთ. ტერიტორიის შესწავლას სჭირდება გეოფიზიკა, სეისმოლოგია, მთელი ჯგუფი სჭირდება ამ კვლევას, მარტო გეოლოგი ვერ გააკეთებს. მხოლოდ სამმა ან თუნდაც ხუთმა გეოლოგმა რა უნდა გააკეთოს? ვიმეორებ: მთელი პროფესიონალთა ჯგუფია საჭირო. მხოლოდ გეოლოგი კვლევას ვერ ჩაატარებს.

_ მინდა, წაგიკითხოთ ბაღდათის მერის განცხადება მეწყერსაშიში ზონების კვლევის შესახებ: „რაიმე დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილი იყო მეწყერსაშიში ან ვინმე ექვემდებარება გასახლებას აღნიშნული ტერიტორიიდან, ვერსად ნახავთ“. რას ნიშნავს მისი ეს განცხადება იმის ფონზე, რომ სოფელ ნერგეეთში სტიქიამ ცხრა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა?

_ ვერსად შეხვდებით დასკვნას იმის შესახებ, რომ, მაგალითად, სოფელი ნერგეეთი იყო და არის მეწყერსაშიში ტერიტორია, იმიტომ რომ ნახევარი დასკვნა აქვს დადებული სააგენტოს. იმ მუნიციპალიტეტისთვის არავის დაუვალებია, კვლევა აწარმოეო. რა იცის გამგებელმა? რაც მან თქვა, ფაქტია, რომ აზრზე არ არის იქ რა ხდება, რასთან აქვს საქმე. არავის მიუცია მისთვის დირექტივა. არ არის სახელმწიფო პოლიტიკა ამ კუთხით ჩამოყალიბებული. შევაფასეთ, იდენტიფიცირება გავაკეთეთ, არც მეწყერია, არც მდინარეა, არც ჭალაა, _ ესაა კვლევა? ამის საფუძველზე შეიძლება, დასკვნა გამოიტანო? ამის საფუძველზე შეიძლება, გაასახლო ადამიანი? იქ რომ მიდიხარ, პირველ რიგში, ვიზუალურად აკვირდები, აკეთებ მონიტორინგს, ეს მონიტორინგი არის გეოდეზიური, გეოფიზიკური, სეისმური, აკეთებ მოდელირებას და მერე ეუბნები ამ ხალხს, რომ დატოვონ ეს ტერიტორია ან სანამ მიგაჩნია, რომ არის საშიში ზონა, გაასახლე, სწრაფად გაიყვანე ეს ხალხი უსაფრთხო ადგილას, ამ ყველაფერს სპეციალისტის გარდა არავინ იტყვის.

კიდევ ვიმეორებ: ძალიან დიდი უსამართლობაა, როდესაც მოსახლეობას ეუბნები, რომ დაიქირავე და კერძოდ აწარმოე კვლევა. მაშინ რაში გვჭირდება გარემოს ეროვნული სააგენტო? რატომ ვარჩენთ ამ უწყებას? რატომ აძლევენ ფინანსებს, გრანტებს? მილიონობით ლარია დახარჯული, უამრავი თანხაა დახარჯული და შედეგი არ არის. ეს არის უტიფრობა, ხომ შეიძლება, საზღვარი ჰქონდეს ამ ყველაფერს?

_ საერთოდ, ამ შემთხვევაში სად უნდა დასრულდეს საუბარი სტიქიაზე და სად არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა? როგორ უნდა მოქმედებდეს სისტემა, ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი?

_ ბაღდათის ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. ვერავის გავაგებინე, რომ არ შეიძლება, გარემოს სააგენტო და გეოლოგი მუშაობდეს მთავრობაზე. სახელმწიფოს უნდა რცხვენოდეს, პასუხისმგებლობა აქვს აღებული. სადაცაა, ჩამოვა დაბლა მთაწმინდა, კვლევა დავდე ამ ყველაფრის შესახებ და მითხრეს, რომ ადვოკატი აიყვანეო. მოსახლეობამ უნდა აიყვანოს ადვოკატი, რომელიც თანხასთანაა დაკავშირებული. ოთხი წელია, სასამართლო არ ჩანიშნულა, 4 წლის შემდეგ აშენდა კორპუსი და ახლა მეუბნებიან, ადვოკატი ავიყვანო, აშენდა კორპუსი, რომლის მშენებლობაზე ნებართვა არ უნდა გაეცა მერიას, ეს არის მეწყერსაშიში ზონა და საშიშია იქ ცხოვრება. დავდე დასკვნა, რომელზედაც არავინ რეაგირებს. სახელმწიფო უნდა იყოს პასუხისმგებელი ამგვარ მოვლენებზე. მეცნიერება უნდა განვითარდეს, მეცნიერებმა უნდა დადონ სწორი, დასრულებული დასკვნა. შემდგომ ამ დასკვნაზე უნდა მოხდეს სწორი რეაგირება. არ შეიძლება, სპეციალისტმა ილაპარაკოს ის, რაც სახელმწიფოს აწყობს.

აქ გვაქვს სისტემური პრობლემა. სახელმწიფომ უნდა დაალაგოს სწორად სისტემა სპეციალისტებთან ერთად. არ შეიძლება სპეციალისტების უგულებელყოფა.

გაზიარება