QronikaPlus
ქართველი, რომელიც ორივე პოლუსს ავტომანქანით დალაშქრავს _ ინტერვიუ მასშტაბური ექსპედიციის მონაწილე ზურაბ სანიკიძესთან

ქართველი, რომელიც ორივე პოლუსს ავტომანქანით დალაშქრავს _ ინტერვიუ მასშტაბური ექსპედიციის მონაწილე ზურაბ სანიკიძესთან

2024-01-23 07:12:36

მიხეილ ხაჩიძე

ზურაბ სანიკიძე პირველი ქართველი იქნება, რომელიც ორივე პოლუსს ავტომანქანით დალაშქრავს. ის ტრანსგლობალური ექსპედიციის წევრია. ჯგუფს სატესტო გასვლა უკვე ჰქონდა. „გინესის“ რეკორდის დამყარებას ვგეგმავთ, ჯერ მსოფლიოში ორივე პოლუსზე მანქანით არავინ ყოფილა, თვითმფრინავის გარეშე წრე არავის დაურტყამს ჩრდილოეთიდან სამხრეთით. „ნეტფლიქსი“ და კიდევ ერთი ინგლისური ტელევიზია მოგვყვება“, _ გვიყვება ბატონი ზურაბი.

დეტალების გასარკვევად „ქრონიკა+“ ზურაბ სანიკიძეს დაუკავშირდა, რომელიც უკვე გზაშია, თუმცა მან საუბარი მოახერხა და თავად მოგვიყვება, როგორი ვითარებაა და რას მოიცავს ექსპედიცია:

_ ბატონო ზურაბ, პირველ რიგში, თქვენ შესახებ მოგვიყევით, როგორც ვიცი, კანადაში ცხოვრობთ.

_ 1999 წლიდან ვცხოვრობდი კანადაში, მყავს სამი შვილი, სამივე სტუდენტია, ერთი ბიჭი, ორი გოგო. უმცროსი გოგო ტორონტოს უნივერსიტეტში სწავლობს საერთაშორისო ურთიერთობებზე, ბიჭი სტატისტიკას სწავლობს, უფროსი გოგო კი მენეჯმენტს. გაფანტულები არიან კანადის სხვადასხვა ქალაქში. მე და ჩემი მეუღლე დავბრუნდით საქართველოში სულ ცოტა ხნის წინ, სადაც ვაშენებთ ჩვენი ოცნების სახლს ჩემს მამულში, ვარ წარმოშობით სოფელ ნოქალაქევიდან. კანდაში თავიდან ვსაქმიანობდი გოლფით, მქონდა გოლფკლუბი ტორონტოს გარეუბანში, შემდეგ საცხოვრებლად გადავედით ედმონტონში, სადაც პროფილი შევიცვალე და ხელი მოვკიდე დეველოპმენტს. ბოლოს დავამთავრე ჩემი საქმიანობა ვანკუვერში, სადაც 5 წელი გავატარე, სანამ საქართველოში დავბრუნდებოდი. ჩავერთე საექსპედიციო საქმიანობაში. ჩემზე იყო მთელი ლოგისტიკა, ნებართვების აღება და ა. შ., რაც კი დაკავშირებული იყო ექსპედიციასთან დედამიწის ირგვლივ.

_ როდის დაიწყო ექსპედიცია?

_ უკვე მეხუთე დღეა, გზაში ვართ, ოფიციალური სტარტი 10  იანვარს ნიუ-იორკიდან ავიღეთ, 12 იანვარს გქვონდა ძალიან დატვირთული დღე. ინტერვიუ მივეცით „დილის შოუს“, „ფოქსნიუსზე“ ჩაწერაზე ვიყავით სტუდიაში; შემდეგ ვეწვიეთ „ფორდის“ ქარხანას, სადაც მენეჯმენტთან გვქონდა დატვირთული შეხვედრა. საკმაოდ საინტერესო დღეები გვაქვს და წინ კიდევ ბევრია. ექსპედიციის დაწყებამდე ჯერ მიღება გაიმართა თაიმსსქვერზე, შემდეგ იყო გლობალური ივენთი, რომელშიც ბევრი ქვეყნის მთავრობაა ჩართული. ბიუჯეტიც ძალიან სოლიდურია.

_ რა ტიპის ექსპედიციაა ეს, უფრო დეტალურად რომ მოგვიყვეთ?

_ „გინესის“ რეკორდის დამყარებას ვგეგმავთ, _ ჯერ მსოფლიოში ორივე პოლუსზე მანქანით არავინ ყოფილა, თვითმფრინავის გარეშე წრე არავის დაურტყამს ჩრდილოეთიდან სამხრეთით. 50 ათასი კილომეტრის გავლა მოგვიწევს. მახარებს ის ფაქტი, რომ საქართველოში გამოვივლით. ასევე მიხარია, რომ ყველა პოლუსზე საქართველოს დროშის აღმართვის საშუალება მექნება. იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის!

_ ამას გარდა, კიდევ რა იგეგმება ექსპედიციის ფარგლებში?

_ ექსპედიციას ძალიან მნიშვნელოვანი ექსპერიმენტები დაემატა. ჩვენ ვასრულებთ ბევრ ექსპერიმენტს ცენტრის (ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია, _ რედ.) ნებართვით. პროექტს ასევე შეემატა სამედიცინო ასპექტი, ადამიანებზე დაკვირვება ექსტრემალურ პირობებში. შვეიცარიის საავადმყოფოთა ქსელის დავალებით ვასრულებთ ამ საქმეს.

_ რამდენი ადამიანი მონაწილეობთ ექსპედიციაში?

_ ექსპედიციის ყველა ეტაპს გაივლის რვა ადამიანი, მათ შორის ვარ მეც. სხვადასხვა ეტაპზე მონაწილეთა რაოდენობა ხან მეტია, ხან _ ნაკლები. მთავარი გუნდის წევრი 8 ვართ, მაგრამ საბოლოოდ 12 ვიქნებით. ტექნიკური პერსონალიც ჩაითვლება. ორი მეცნიერი გლაციოლოგი (მეცნიერება მყინვარების შესახებ, _ რედ.) მოგვყვება, ფრანგი და გერმანელი.

_ ქართველი მხოლოდ თქვენ ხართ?

_ მხოლოდ მე ვარ. როგორც იცით, საქართველოში გამოვივლით მომავალი წლის სექტემბერში. იმედია, გნახავთ! ექსპედიციაში ჩემ გარდა არიან ჩართულები ბელგიელები, ამერიკელები,  ისლანდიელები, უკრაინელები, ასევე ლატვიის წარმომადგენელი. გარკვეულ ეტაპზე ჩვენთან ერთად იმოგზაურებს იტალიელი ასტრონავტი პაოლო ნასპოლი, რომელსაც ერთი წელი აქვს დაახლოებით კოსმოსში გატარებული. პაოლა კატაპანო  არის ისრაელის წარმომადგენელი ქალბატონი, რომელიც ასევე გარკვეულ ეტაპზე მიიღებს  მონაწილეობას ექსპედიციაში. ჩვენთან არის ემურ გრიმსონი, რომელსაც ჰქონდა ბედნიერება, საქართველოში ყოფილიყო 2 წლის წინ _ ოჯახთან ერთად გვესტუმრა, ის არის დამფუძნებელი და დირექტორი ცნობილი კომპანიისა, რომლის წარმოებულიც გახლავთ ჩვენი საექსპედიციო მანქანები. ის და მისი გუნდიც გარკვეულ ეტაპზე  მონაწილეობს ამ ექსპედიციაში.

_ ექსპედიციამდე გქონდათ სატესტო გასვლა, ამის შესახებაც მოგვიყევით...

_ ძალიან რთული იყო, მაგრამ იმდენად მაღალი დონის ექსპერტები იყვნენ და უძლიერესი ტექნიკა გვქონდა, რომ ყველა სირთულე გადავლახეთ. აღჭურვილი ვიყავით სპეციალური ტანსაცმლით. მინუს 60 გრადუს ყინვაში ყველაფერი ფიზიკის კანონებს ექვემდებარება, ყველას სცივა და იყინება, მაგრამ თუ წესებს დაიცავ, შესაძლებელია ყველაფრის მართვა.

ანტარქტიდა მთლიანად არ მოგვივლია, გადავედით, მანქანები გამოვცადეთ. სამი კვირა იყო გეგმაში, მაგრამ ერთი თვე დაგვჭირდა, რადგან ამინდის გაუარესების გამო ძალიან დიდხანს მოგვიხდა გაჩერება. დაგეგმილი გვაქვს ჩრდილოეთ პოლუსზე ასვლა და გრენლანდიაში ჩასვლა. საუკეთესო პროგნოზი ორი თვეა, მაგრამ შეიძლება სამი ან ოთხი თვეც გასტანოს. ყველაზე რთული მაინც ჩრდილოეთის პირობებია, ძალიან საშიშია.

_ სადაც კი იყავით, თქვენთვის ყველაზე შთამბეჭდავი რა იყო?

_ მონაყოლით ბევრი რამ ვიცოდი, მაგრამ საკუთარი თვალით ნანახი სულ სხვა რამეა. თეთრი დათვი თურმე მთლად თეთრი არ ყოფილა. უამრავი დათვი ვნახე. დათვს შეუძლია ადამიანის სუნი 20 კილომეტრზე იყნოსოს, თუმცა მანქანისა და ხმაურის ეშინია. მანქანიდან გადასვლის ან აისბერგზე ასვლის დროს დიდი შანსია, მოგეპაროს.

ძალიან შთამბეჭდავი სანახავი იყო, ყინულის გორები როგორ მიცოცავს. ერთმანეთზე გადადიან, რადგან ერთი მხრიდან სხვა დინება აწვება, მეორე მხრიდან _ სხვა. დაახლოებით ოთხი მეტრის სისქის ყინულები ტყდება და ერთმანეთზე ცოცავს. ავტობუსისხელა ყინულები სათამაშოებივით აწყდება აქეთ-იქით. იქ თავს მოლეკულასავით გრძნობ, იმხელა ლოდების წინაშე. შეიძლება დღეში ორასი კილომეტრი გაიარო, მაგრამ ყინულმა ასი კილომეტრით უკან წაგიყვანოს, მცოცავი ყინულია და ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება წავიდეს, მათ შორის, ჩვენი მოძრაობის საპირისპიროდაც. ძალზე შთამბეჭდავია მზის ჩასვლა-ამოსვლა. სამ მზეს თუ ერთად დავინახავდი, ვერასოდეს წარმოვიდგენდი. მზე ჰორიზონტზე იმდენად დაბლაა, ილუზია იქმნება, თითქოს სამი მზეა _ ულამაზესი სანახაობაა. სადაც გაიხედავ ქვევით ყველაფერი თეთრია, ზევით კი წმინდა ცისფერი. ამ ორ დისკს შორის შუაში დგახარ და მხოლოდ ორ ფერს, თეთრსა და ცისფერს ხედავ.

გაზიარება