QronikaPlus
ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ქადაგიშვილს გეგმები ჩაუშალა

ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ქადაგიშვილს გეგმები ჩაუშალა

2024-01-23 04:47:20

შორენა მარსაგიშვილი

გასული წლის მიწურულს ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ კიდევ ერთხელ დაბრუნდა ქართულ პოლიტიკაში. ეს მისი რიგით მესამე მოსვლაა. ის კულუარებიდან შემთხვევით რომ არ გამოვიდოდა საჯარო ასპარეზზე, ამას ყველა ხვდება. და რაც არ უნდა ამტკიცოს „ქართულმა ოცნებამ“, ყველაფერი კარგად გვაქვსო, ივანიშვილის შემობრუნება საპირისპიროს ამტკიცებს.

პოლიტიკაში ივანიშვილის შემობრუნებას ოპოზიციაში დიდი ალიაქოთი უნდა მოჰყოლოდა. ისედაც სავალალო დღეში მყოფ ოპოზიციურ სპექტრს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის დაბრუნება კიდევ უფრო დაასუსტებს. ოპოზიციას სერიოზული რეაქცია არ ჰქონია, აი, მმართველ პარტიაში კი ძალიან შეწუხდნენ. ყველაზე მეტად, როგორც ამბობენ, კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე დანაღვლიანდნენ. ივანიშვილის მოსვლით ისინი ისე თავისუფლად ვეღარ იმოქმედებენ, როგორც აქამდე მოქმედებდნენ. მართალია, აქამდეც ყველაფერს ლიდერთან ათანხმებდნენ, მაგრამ რაღაცებს მაინც აპარებდნენ. ახლა გაცილებით ფრთხილად მოუწევთ ყოფნა, რაც იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ერთმანეთთან ქიშპობას შეწყვეტენ. წინ საპარლამენტო არჩევნებია და ყველაფერს გააკეთებენ, რომ საარჩევნო სიაში რაც შეიძლება მეტი თავისიანი ჩაწერონ.

როგორც „ქართული ოცნების“ კულუარებში ამბობენ, ყველაზე მეტად ივანიშვილის დაბრუნება ირაკლი კობახიძეს ეწყინა. მისთვის უფრო კომფორტული იყო, ივანიშვილი ჩრდილში მჯდარიყო. ამ ვითარებაში „ოცნების“ შემქმნელი პარტიაში მიმდინარე მოვლენებსა და მმართველი გუნდის წევრებზე ინფორმაციებს ირაკლი კობახიძისგან იგებდა. კობახიძეს კი ლიდერთან მიჰქონდა ის, რაც მას აწყობდა, ზოგი სიმართლე იყო, ზოგიც _ მონაგონი. ყვითელი ჭორებიც ბევრი მიუტანია „ოცნების“ მოქმედ თავმჯდომარეს „ოცნების“ დამფუძნებელთან.

როგორც „ქართული ოცნების“ კულუარებში „ქრონიკა+“-ს უთხრეს, ბიძინა ივანიშვილი ბოლო დროს ირაკლი კობახიძეს ნაკლებად ენდობოდა და მის მიმართ სერიოზული ეჭვები გაუჩნდა, რაც უსაფუძვლო ნამდვილად არ არის. პოლიტიკაში მესამედ მოსულმა „ოცნების“ დამფუძნებელმა, მართალია, კობახიძე შეაქო, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ივანიშვილს კობახიძის გარდა სხვა სანდო წყაროებიც ჰყავს გუნდში და მათგანაც გებულობს საინტერესო ამბებს.

„ქართული ოცნების“ მოქმედი თავმჯდომარე ოპოზიციურ მედიასთან თანამშრომლობაშიც არის შემჩნეული. პარტიაში სერიოზული ეჭვი აქვთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილზე კომპრომატებით სწორედ მისი გუნდიდან ამარაგებენ კრიტიკულ მედიას.

პარტიასა და ივანიშვილს კარგად ახსოვთ არჩილ თალაკვაძის კომოს ტბაზე ჩაშლილი ვოიაჟი. თალაკვაძეს მაშინ პარლამენტის სპიკერის პოსტი ეკავა. ამ პოსტზე თალაკვაძემ კობახიძე ჩაანაცვლა, რომელმაც, თავის მხრივ, პარლამენტის სპიკერის სავარძელში რუსი ოკუპანტი გავრილოვი ჩასვა. მისი სპიკერობა სწორედ ამ ამბავმა შეიწირა. როგორც ამბობენ, სწორედ კობახიძემ გააგებინა მედიას, თალაკვაძე კომოს ტბაზე რომ მიდიოდა დროის სატარებლად.

ირაკლი კობახიძე განსაკუთრებით პრემიერებს ერჩის. ირაკლი ღარიბაშვილს ჯერ კიდევ პირველი პრემიერობისას გადაეკიდა. მაშინ მას ასე მყარი პოზიციები არ ჰქონდა და კახა კალაძესთან ერთად და მისი დავალებით მოქმედებდა. იმ პერიოდში კალაძეს სურდა პრემიერობა. ამბები ივანიშვილთან, ტრადიციულად, კობახიძეს აჰქონდა. ძირითადად, ღარიბაშვილის ნათესავებზე კომპრომატებს დაატარებდა. ამ ამბებს მას კალაძე აწვდიდა. კალაძეს, თავის მხრივ, სოსო გოგაშვილი ამარაგებდა, რომელიც სუსის უფროსის მოადგილე იყო. ამ კომპრომატებმა გაჭრა და ივანიშვილმა ღარიბაშვილი სახლში გაუშვა. ეს 2015 წლის დეკემბერში მოხდა, შემდეგ წელს საპარლამენტო არჩვნები იყო.

ღარიბაშვილი, მართალია, მოიშორეს, მაგრამ კალაძე-კობახიძის დუეტმა პრემიერის პოსტი ხელში ვერ ჩაიგდო _ ივანიშვილის გადაწყვეტილებით, მთავრობის მეთაურად გიორგი კვირიკაშვილი დაინიშნა. ირაკლი კობახიძე მალე მასაც გადაემტერა. პარლამენტის თავმჯდომარეობა აღარ აკმაყოფილებდა და მთავრობის მეთაურის პოსტს დაადგა თვალი.

კვირიკაშვილთან დაპირისპირება კი სულ სხვა თემაზე მოუვიდა: პარლამენტმა საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძე აირჩია. ამის გამო „ქართული ოცნების“ წევრი, გედი ფოფხაძე, გადაირია. მან თანაპარტიელები ოპოზიციასთან გარიგებაში დაადანაშაულა. ის პარტიიდან წასვლითაც იმუქრებოდა. სახელისუფლებო კულუარებში ირაკლი კობახიძის გადაყენება განიხილებოდა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან. ამის გამო მას პრემიერ კვირიკაშვილთან დიდი დაპირისპირება მოუვიდა. პრემიერს იმ პერიოდში პარტიის თავმჯდომარის პოსტიც ეკავა.

პარტიაში სერიოზულად დაიძაბა ვითარება. „ქართული ოცნება“ რამდენიმე ადამიანმა დატოვა... და ამ დროს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდებოდა. კვირიკაშვილს თუ დავუჯერებთ, პირადად მან სთხოვა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნება და პარტიის თავმჯდომარის პოსტის დაკავება.

ივანიშვილის პოლიტიკაში მეორედ მოსვლასთან ერთად ქვეყანაში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. კლუბ „ბასიანში“ პოლიციის სპეცრაზმის შევარდნას დიდი ამბები მოჰყვა. შემდეგ იყო დათუნა სარალიძის საქმეზე დაწყებული საპროტესტო გამოსვლები, რასაც მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძის გადაყენება მოჰყვა. რამდენიმე წელიწადში შოთაძე ისევ მთავარ პროკურორად დააბრუნეს. შოთაძის შემდეგ გადააყენეს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. მთავრობის მეთაურად მამუკა ბახტაძე დაინიშნა. კობახიძე და კალაძე კვლავ მშრალზე დარჩნენ.

მერე იყო საპრეზიდენტო არჩევნები და სალომე ზურაბიშვილი ძლივს გაიყვანეს პრეზიდენტად. 2019 წელს კი გავრილოვმა კინაღამ შეიწირა ეს ხელისუფლება. პრემიერობაზე მეოცნებე კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარეობაც დაკარგა. ეგონა, რომ სპიკერობას 2020 წლის არჩევნების შემდეგ უბოძებდნენ, მაგრამ _ არა. მისთვის შედარებით უკეთესი დრო ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის მერე დადგა. მას პარტიის თავმჯდომარეობა უბოძეს და „ქართულ ოცნებაში“ დიდი ინტრიგების ხლართვის ეპოქაც დადგა.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარე, იმავდროულად, პრემიერიც უნდა იყოსო. პრემიერი იმ პერიოდში გიორგი გახარია იყო, რომელიც 2021 წლის თებერვალში გადადგა. ამით მან ის პროვოკაცია ჩაშალა, რაც ნიკა მელიას დაკავების დროს უნდა მომხდარიყო. ივანიშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, პრემიერად ღარიბაშვილი დაინიშნა, კობახიძეს კი თალაკვაძესთან ერთად ოპოზიციასთან მოლაპარაკებების წარმოება დაევალა. იმ დროისთვის ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებდა.

იმავე პერიოდში კობახიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და მის მიმართ ივანიშვილს სწორედ მაშინ გაუჩნდა ეჭვები. იქ გამართულ შეხვედრებზე კობახიძე ამერიკელ პარტნიორებს არწმუნებდა, მე თქვენი ერთგული ვარო. ეს ამბავი „ოცნების“ დამფუძნებლის ყურამდეც მივიდა და მან პარტიის თავმჯდომარე გააფრთხილა. კობახიძემ ცოდვები, მოგვიანებით, დასავლეთის ლანძღვით გამოისყიდა. თუმცა შარშან ისევ შეეშალა _

გასული წლის დასაწყისში ირაკლი კობახიძეს ბილბაოში „საბინო არანას ფონდის“ უმაღლესი ჯილდო გადაეცა. მას ჯილდო მიანიჭეს ქართულ-ბასკური მეგობრობის გაღრმავებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის. „ქართულ ოცნებაში“ თავმჯდომარის დაჯილდოების ამბავმა ყველა გააკვირვა. ვერავინ ხვდებოდა, რა შუაში იყო კობახიძესთან ქართულ-ბასკური მეგობრობა. მოკლე ხანში გაირკვა, რომ ამ ჯილდოს გადაცემის ინიციატორი კობახიძის მამის მეგობარი იყო, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში წავიდა ესპანეთში, დიდი ფულიც იშოვა და საკმაო გავლენებიც აქვს. კობახიძეებმა, რატომღაც, იფიქრეს, რომ ამ ჯილდოთი ისინი ივანიშვილის თვალში ქულებს დაიწერდნენ და შესაძლოა, პრემიერის პოსტისთვისაც გამოეკრათ ხელი.

ამის პარალელურად, გიორგი კობახიძემ (ირაკლი კობახიძის მამა) და „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, პარტიის შიგნით ახალი გუნდის ჩამოყალიბება დაიწყეს. ირაკლი ქადაგიშვილიც ედეპეს წევრი იყო. ის და მამა კობახიძე ერთად იყვნენ ეროვნულ მოძრაობაში და შემდეგ ერთად დაუპირისპირდნენ კანონიერ ხელისუფლებას. „ოცნებაში“ ქადაგიშვილი ირაკლი ალასანიამ შემოიყვანა. მერე ქადაგიშვილმა ალასანია უარყო და ახლა პარლამენტში ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარეა. რაც შეეხება ახალ გუნდს, ის ირაკლი კობახიძის დასაყრდენი უნდა გამხდარიყო. მართალია, კობახიძე პარტიის თავმჯდომარეა, მაგრამ მას თავისი გუნდი არ ჰყავს. და დიდად არც პარტიაში უყვართ. ივანიშვილმა ეს ამბავი გაიგო და ძალიან გაბრაზდა.

საეჭვოა, რომ ივანიშვილი ამის გამო დაბრუნებულიყო პოლიტიკაში, მაგრამ თავისი მესამედ მოსვლით კობახიძეებისა და ქადაგიშვილის გეგმა დაასამარა.

გაზიარება