QronikaPlus
„აუცილებლად უნდა ჩაიცვა ის, რაც მოგწონს და გიხდება“

„აუცილებლად უნდა ჩაიცვა ის, რაც მოგწონს და გიხდება“

2023-12-28 06:34:07

გიორგი საკარული

13 წელია, მოდას ემსახურება და სულ ექსპერიმენტებშია ჩართული. ქმნის ექსკლუზიურ სამოსს, რომელიც ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა მომხმარებელზეა ორიენტირებული, ისეთზე, ვისაც უყვარს რიგინალურად და განსხვავებულად ჩაცმა. მის შემოქმედებაში ბევრი ფერია, თუმცა ყოველ მათგანს იყენებს იმის მიხედვით, თუ რას გვკარნახობს მსოფლიო მოდა.

მსოფლიო მოდის ტენდენციებს ყოველთვის აკვირდება, მაგრამ მათი გავლენის ქვეშ არ ექცევა, რაც მის ნამუშევრებზეც მეტყველებს. სამოსის გარდა დიზაინერ ნიკოლოზ ქანთარიას გამოშვებული აქვს პარფიუმი, ექსკლუზიურად მისი სახელობის სუნამო, პომადა და ახლა უკვე სამკაული, რომელზეც, როგორც თავად ამბობს, მთელი ცხოვრება ოცნებობდა.

ნიკოლოზის შემოქმედება მრავალფეროვანი და საინტერესოა, თუმცა ამჯერად „ქრონიკა+“-ს დიზაინერი უახლესი მოდის ტენდენციებზე ესაუბრება, 2024 წლის მთავარ ფერზე და იმაზე, თუ როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ ახალ წელს:

_ ნიკოლოზ, როგორი იქნება 2024 წლის მოდის ტენდენციები?
_ ჩვენ ვიცით, რომ ყველა მოდის სახლს აქვს მისი ტენდენციები ყოველწიურად. რეალურად, ეს გამომდინარეობს იქიდან, თუ რისი წელი მოდის, ასევე უმეტესობა მოდის სახლებისა რა კოლექციებსაც ქმნის, სწორედ იმის მიხედვით იქმნება საბოლოოდ მთელი წლის ტრენდი. საქართველოშიც ასე ხდება, თუმცა ბოლო დროს, რაც მოდის კვირეულები დაიხურა, ყველა მოდის სახლი ცდილობს ტენდენციურზე მეტად იყოს სერიოზული. როგორც ყოველთვის, შემოდგომა-ზამთრის კოლექციაზე ვმუშაობ და მხოლოდ ორი ფერი მაქვს გამოყენებული, შავი და ვერცხლისფერი. ეს იქნება ბრენდ „ნიკოლასის“ წლევანდელი მთავარი ფერები, დიდი ლაბადები, დუტის უნისექსი სამოსი, ვერცხლისფერი აქსესუარები და პლუს სიბრჭყვიალე.
_ რომელია 2024 წლის ყველაზე მოდური ფერი და როგორ უნდა მოვირგოთ ის?
_ როგორც უკვე გითხარით, ჩემი ბრენდის სახლისთვის შავი და ვერცხლისფერია მთავარი. „ნიკოლასის“ მომხმარებლები ზოგადად მიჩვეულები არიან ფერთა დიდ ასორტიმენტს კოლექციებში, თუმცა წელს ეს ორი ფერი იქნება ტრენდული ჩემს სამოსში და ვერცხლისფერი სამკაულები. უნისექსზე ვმუშაობ, რომელიც როგორც ქალბატონებს, ასევე მამაკაცებს შეუძლიათ მოირგონ.
_ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ახალი წლის ღამეს გამოვიყურებოდეთ კარგად და რაზე მეტყველებს ეს?
_ ახალი წლის ღამე ჩემთვის პირადად არის რაღაც ახლის საწყისი, მეტიც: ის ნამდვილად არის ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეპიზოდი, შესაბამისად, უნდა გამოვიყურებოდეთ ისე, როგორც გვინდა, რომ მთელი წლის მანძილზე ვანათებდეთ _ გარეგნულად და შინაგანად! ტენდენციაზე თუ ვისაუბრებთ, ეს ის შემთხვევაა, როცა აუცილებლად უნდა ჩაიცვა ის, რასაც მიიჩნევ, რომ გიხდება და იყო უბრალოდ ბედნიერი! ჩაიცვი ისეთი სტილი, რომელიც ხაზს გაუსვამს შენს სექსუალურობას, მომხიბვლელობას და გარეგნულ იერსახეს.
_ ამბობენ, მყვირალა ფერი იქნება აქტუალურიო, რა შეიცვალა მოდის ტენდენციებში?
_ რეალურად რომ დავაკვირდეთ, ყველაფერი ძველი ბრუნავს. ფერები იგივე დარჩა, მაგრამ ეს სიბრჭყვიალე გამოიხატება უკვე ქსოვილის ფაქტურებზე, პრიალა ზედაპირებსა და დამატებით აქსესუარებში.
_ რა რჩევებს მისცემთ ქალბატონებს, ისევე როგორც მამაკაცებს?
_ როცა რჩევებზე მეკითხებიან ხოლმე, მაქსიმალურად ვცდილობ, მასზე მორგებული რჩევა მივცე ყველას პერსონალურად. თუმცა ყველა ჩემს მომხმარებელსა და, არა მარტო, ვურჩევ, რომ შეეცადონ ორიგინალური სამოსი შეუხამონ ყოველდღიურს და თუნდაც ერთი დეტალით გაამხიარულონ საკუთარი ლუქი. მართალია ამბობენ, გემოვნებაზე არ დაობენო, თუმცა ყველაზე მეტს სწორედ რომ გემოვნებაზე დაობენ, ამიტომაც, საბოლოო ჯამში, ყველამ უნდა მოირგოს ის, რაც მას უხდება და ეგ იქნება ყველაზე ტენდენციური ამ შემთხვევაში.
მოდა ყოველ წელს იცვლება, იღებს სათავეს და გრძელდება რამდენიმე წელიწადი. ხშირ შემთხვევაში კი, როგორც აღვნიშნე, ისევ ბრუნავს. ჩემი აზრით, ამ წლის ქალბატონი არის მებრძოლი, ცეცხლის სტიქია იძლევა ამ სიძლიერესა და სიკაშკაშეს. რაც შეეხება მამაკაცებს, სხვათა შორის, ეს ტენდენცია, რომელიც ახალ თაობას ახლა აქვს, ძალიან მომწონს. აქაც გააჩნია ადამიანს, რამდენად აქვს ჩაცმის ინტელექტი და რას მიიჩნევს ის ტრენდულად.
_ თუ ითვალისწინებთ მსოფლიო მოდის ტენდენციებს და თუ გადმოგაქვთ ის საკუთარ კოლექციაში?
_ რა თქმა უნდა, ვაკვირდები ყველა მოდის სახლის ნამუშევარს, ფერებს, სტრუქტურასა და სილუეტებს, ოღონდ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არაფრით დაემსგავსოს „ნიკოლასი“. უნდა იცოდე, რას აკეთებს სხვა, რომ მსგავსი არ გაგეპაროს კოლექციაში. არასოდეს გადმომიტანია სხვა დიზაინერის კოლექციის დეტალები ჩემში და არც არასოდეს გადმოვიტან. „ნიკოლასი“ ყოველთვის იქნება ბრენდი, რომელსაც ყველა ვერ მოირგებს, თუმცა ყოველთვის ეყოლება მომხმარებელი.
_ სამკაულები, რომელიც ექსკლუზიურად ამ წლის ბოლოს გამოუშვი, მოგვიყევით ამაზე?
_ 13 წლის განამვალობაში, ჩემი ბრენდის ისტორიაში, სულ მინდოდა სამკაულის გამოშვება. იცით, რომ ბრენდში მაქვს პირველი ექსკლუზიური სუნამო, ტუჩის ბალმი, ჩანთები, ფეხსაცმელი და სამოსი, რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, ამ წლის ბოლოს საფუძველი ჩაეყარა „ნიკოლასის“ ვერცხლის სამკაულებს.
როგორც სამოსი „ნიკოლასში“, ასევე პარფიუმი და სამკაულებიც იქნება უნისექსი. ვერცხლის ორიგინალური სამკაული იქნება სპეციალური შემოთავაზებით და მომხმარებელს მასზე შეეძლება, მისთვის სასურველი სახელის ან მონახაზის შეკვეთა. წარწერა ექნება ძველი ქართული ანბანის დამწერლობით, რითაც ხაზი გავუსვი იმას, რომ ქართულია და საქართველოშია ნაწარმოები.
დარწმუნებული ვარ, ეს სამკაული დაიკავებს ყველაზე მოთხოვნადი საჩუქრის ადგილ-ტიტულს. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო კომპანია GM-ს საოცრად შესრულებული საქმისთვის. სამკაულების კამპანია გადაიღო უნიჭიერესმა ფოტოგრაფმა, სოფი ტატიშვილმა და მალე პირველი ვერცხლის BRAND NICKOLA’S unisex სამკაული უკვე გასაყიდად ჩაეშვება.
_ რით განსხვავდება შენი ბრენდი სხვა ბრენდისგან?
_ რაც შეეხება განსხვავებას, „Nickola's“-ში იკერება ერთი, ექსკლუზიური სამოსი და არ მეორდება არასოდეს. თუ ჩემი კოლექციიდან მომხმარებელს მოეწონება რომელიმე კონკრეტული სამოსი, დამიჯერეთ, მისი მსგავსი არავის ექნება. შესაძლოა, ეს კომერციულად ცუდი გათვლაა, მაგრამ ჩემთვის მოდა და ჩემი ბრენდი არ არის მხოლოდ კომერციული და ფინანსური მხარე. ეს ჩემთვის არის ხელოვნება და ის, რაც ძალიან მაბედნიერებს.
მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი „Nickola's“ ზოგჯერ კონტექსტიდან ამოვარდნილია, ქმნის ისეთ რაღაცეებს, რასაც ყველა ვერ ჩაიცვამს, მაინც ძალიან ბევრ ადამიანს მოსწონს. კონკრეტულ კოლექციებს ჰყავს ძალიან ცოტა მომხმარებელი. თავიდან, როცა ეს ყველაფერი დავიწყე, ველოდი კრიტიკას, თუმცა, საბედნიეროდ, ქართველმა მომხმარებლებმა კარგად მიიღეს და შესაბამისად, ძალიან ბედნიერი ვარ. ბევრი ვიშრომე, რომ ჩემი ადგილი დამემკვიდრებინა მოდის სფეროში. ამ შრომამ შედეგი გამოიღო და ხალხმაც აიტაცა ეს ყველაფერი. როცა ადამიანი საქმეს იწყებ, არასოდეს არ უნდა თქვა, რომ ეს მაქსიმუმია. უნდა იფიქრო, რომ ჯერ ყველაფერი წინ გაქვს.

გაზიარება