- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2023-11-16 06:06:56
მიხეილ ხაჩიძე
„ქრონიკა+“-მა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა ისრაელ-ჰამასის ომში მონაწილე ქართველ-ებრაელთან. 31 წლის ბექა ბიბილაშვილი ელიტარულ დანაყოფ „დუვდევანის“ წევრია. ის გვიყვება, თუ რა ვითარებაა ფრონტზე, რამდენად მძიმეა მდგომარეობა და რა არის ისრაელის სტრატეგია და მიზანი.
შეგახსენებთ: 7 ოქტომბერს ჰამასმა დაიწყო სამხედრო ოპერაცია ისრაელის წინააღმდეგ სახელწოდებით: „ალ-აქსას“ _ „ქარიშხალი“. ქვეყანა დაექვემდებარა მასობრივ სარაკეტო შეტევას, მებრძოლებმა შეაღწიეს სასაზღვრო ქალაქებში, ჩაიდინეს სასტიკი დანაშაულები, დახოცეს 1400-მდე ადამიანი და ტყვედ გაიტაცეს 300-მდე ისრაელელი და უცხოელი. ისრაელი შევიდა საომარ მდგომარეობაში და ღაზის სექტორში დაიწყო ოპერაცია „რკინის ხმლები“. რეგიონის მასშტაბით საჰაერო იერიშები მიმდინარეობს. 27 ოქტომბერს ისრაელმა გამოაცხადა ღაზის სექტორში ოპერაციების მასშტაბის „გაფართოება“ და მალევე დაიწყო სახმელეთო წინსვლაც ღაზაში.
ისრაელის არმია უკვე ერთ თვეზე მეტია, იბრძვის ჰამასის ტერორისტების წინააღმდეგ. მიზნები ნათელია: გაათავისუფლლონ მძევლები, გაანადგურენ სამხედრო ოპერაციის ბაზა ღაზაში და აღმოფხვრან ომის მასალის მარაგი.
ისრაელის საბრძოლო შენაერთები კიდევ უფრო მასობრივად შევიდნენ მჭიდროდ დასახლებულ ღაზის ზოლში და ახლა უკვე მთლიანად მოიკიდეს ფეხი სანაპირო ზოლის ნახევარში.
პარალელურად, ისრაელი აგრძელებს მჭიდროდ დასახლებული ღაზის ზოლის მასობრივ დაბომბვას. დღეში ისრაელის საჰაერო ძალები ასობით მიმართულებას ბომბავს, მათ შორის, გვირაბებს, სამხედრო ობიექტებსა და ჰამასის ბაზებს. გარდა ამისა, ადგილზე ჯარები უტევენ სამხედრო კომპლექსებს, გვირაბებსა თუ სამალავებს. არაერთი ტოპტერორისტია ლიკვიდირებული.
ჰუმანიტარული მდგომარეობა ღაზაში კიდევ უფრო კატასტროფულია. დახმარების ორგანიზაციები ჩივიან, რომ მარაგი, რომელიც ჰუმანიტარული სახით მიიღეს ღაზის ზოლში სატვირთო მანქანებით, ჯერჯერობით, საკმარისია, თუმცა მალე ამოიწურება. მჭიდროდ დასახლებულ სანაპირო ზოლში, სადაც, დაახლოებით, 2.2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო საგანგაშოა. ამავდროულად, გაეროს თანამშრომლების რაოდენობა 79-მდე გაიზარდა. ბოლო 48 საათის განმავლობაში ხუთი თანამშრომელი დაიღუპა. ჰამასის მიერ კონტროლირებადი ჯანმრთელობის ორგანოს თანახმად, ღაზის ზოლში მოკლულ პალესტინელთა რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა.
„ცახალის“ სპიკერის თქმით, ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი მთლიანად ალყაშია. ეს გადამწყვეტი ნაბიჯია ისლამისტი „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში. ამასთან, სამოქალაქო პირებმა და მშვიდობიანმა მოსახლეობამ უნდა დატოვონ ღაზა. მათთვის ჰუმანიტარული დერეფანი არაერთხელ ამოქმედდა. ახლახან რამდენიმე საათში ღაზა 15 ათასმა ადამიანმა დატოვა. ეს ყველაზე მასობრივი გადინება იყო. მათ უსაფრთხო გასვლას კი სწორედ ისრაელის ჯარი კურირებდა, რათა „ჰამასის“ ტერორისტებს მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაეხოცათ და ამ გზით მათი გასვლისთვის ხელი შეეშალათ, _ ყველასთვის ნათელია, რომ „ჰამასი“ მოხუცებს, ქალებსა და ბავშვებს ცოცხალ ფარებად იყენებს.
ისრაელი ღაზის მოსახლეობას სამხრეთით ევაკუაციისკენ მოუწოდებს, სანამ ჯარები ქალაქს „ჰამასისგან“ გაასუფთავებენ. ისრაელის მთავრობის სპიკერმა, ეილონ ლევიმ, კვირას განაცხადა, რომ დაახლოებით 100 000 მოსახლე რჩება ღაზაში. ისრაელის სამხედრო ოპერაციამდე მისი მოსახლეობა 1,1 მილიონი ადამიანი იყო. ახლა სექტორის მილიონ-ნახევარზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა მის სამხრეთ ნაწილში გადასული.
ლიბანი და ბრძოლა ორ ფრონტზე
ამის პარალელურად, ისრაელს ბრძოლა და თავდაცვა უწევს ჩრდილოეთ მხრიდანაც, სადაც მისი მეზობელია ლიბანი. იქ აქტიური „ჰეზბოლა“ კი „ჰამასს“ მხარდაჭერას უცხადებს და ისრაელს უტევს. კვლავ მოხდა ინციდენტები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე ლიბანთან. „ცახალის“ თანახმად, ბოლო შეტაკების შედეგად ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა. „ჰესბოლა“ თავს ესხმის ისრაელის სამხედრო და დასახლებულ ქალაქებს, არ განასხვავებს მშვიდობიან მოქალაქეებს და სამხედროებსა თუ ინფრასტრუქტურას. შტაბის უფროსმა, ჰერზი ჰალევმა, კვირას ჯარში ვიზიტის დროს თქვა, რომ ისრაელის სამხედროები მზად არიან ლიბანში შესაძლო მნიშვნელოვანი თავდასხმისთვის: „ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ჩრდილოეთით მტერთან საბრძოლველად და თავის დასაცავად“, _ დასძინა მან.
ამ ფონზე, „ქრონიკა+“-მა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა ომში მონაწილე ქართველ ებრაელთან. ბექა ბიბილაშვილი საქართველოში გაიზარდა. იგი წლებია, ისრაელში ცხოვრობს და „დუვდევანის“ წევრია. „დუვდევანი“ ელიტარული ქვედანაყოფია ისრაელის თავდაცვის ძალების „კომანდოს“ ბრიგადაში. იგი გამოირჩევა მისი ფარული ოპერაციებით ურბანულ რაიონებში, რომლის დროსაც მისი ოპერატორები ხშირად ატარებენ სამოქალაქო ტანსაცმელს ადგილობრივ არაბულ მოსახლეობაში შენიღბვის მიზნით. ასევე ცნობილია, რომ დანაყოფს ჰყავს მაღალკვალიფიციური წევრები, როგორც ადამიანურ, ასევე მექანიკურ კონტრთვალთვალში. განყოფილება ახორციელებს უამრავ მაღალი რისკის რთულ ოპერაციას, მათ შორის, მებრძოლებისა და ტერორისტების მიზანმიმართულ მკვლელობებს და სხვა ფარულ ოპერაციებს არაბულ რეგიონებში, რომელთაგან ბევრი კლასიფიცირებულია.
სწორედ ასეთი ელიტარული დანაყოფის მებრძოლია ბექა ბიბილაშვილი, რომელიც ახლა ცხელ წერტილში წინა ხაზებზე იბრძვის და ტერორისტებზე ნადირობს. დაძაბული განრიგისა და სიტუაციის მიუხედავად, მან „ქრონიკა+“-თან რამდენიმეწუთიანი საუბარი მოახერხა:
_ ბექა, როგორ განიცდით ამჟამად ისრაელში არსებულ მდგომარეობას „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ?
_ ისრაელი თავდაყირა დადგა და არაფერია ისე, როგორიც იყო 7 ოქტომბრამდე. ქვეყანაში, თუ შემიძლია მოკლედ ვისაუბრო ამაზე, მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია განხორციელდა, როგორც ღაზის სექტორის გარშემო, ასევე ნაწილობრივ ჩრდილოეთით, ქვეყნის ცენტრშიც, სადაც ხალხი გადავიდა ქვეყნის სხვა ნაწილებში ან მის ფარგლებს გარეთ. ქვეყნის შიგნით, ერთი მხრივ, სკოლები და სხვა დაწესებულებები დაიხურა თავდასხმიდან ერთი კვირის შემდეგ, მეორე მხრივ, ღაზის სექტორიდან ისრაელში 6000-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს ამ პერიოდში. 6000 რაკეტა! ჩვენ ეს არასდროს გვქონია აქამდე. უბრალოდ რომ შევადაროთ 2014 წელს, როდესაც ჩვენ 50 დღის განმავლობაში ვომობდით „ჰამასთან“, ამ 50 დღის ბოლოს მას 6000 რაკეტა არ ჰქონდა გამოშვებული. ახლა ჩვენ გვაქვს მეტი რაკეტა კვირაში, ვიდრე გვქონდა 50 დღეში 2014 წელს.
_ როგორია თქვენი საბრძოლო მისია? მოკლედ რამდენიმე დეტალის თქმა თუ შეიძლება?
_ დეტალების თქმისგან თავს ვიკავებ, თუმცა თქვენ გეტყვით იმას, რომ ვარ ცხელ წერტილში, ყველაზე დაძაბულ ადგილას და ვნადირობ ტერორისტებზე. ჩემმა დანაყოფმა ამ დროისავის 1800 ტერორისტი გაანადგურა.
_ რას აპირებთ, როგორ აგრძელებთ ბრძოლას?
_ ჩვენ არ გავჩერდებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ, სანამ ყველა ტერორისტს არ გავანადგურებთ. ეს არის ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის. ისრაელი სიკეთის მხარესაა, მსოფლიოც სიკეთის მხარეს უნდა იდგეს, რათა ბოროტებაზე გავიმარჯვოთ. ბოროტება კი არის „ჰამასი“, „ჰეზბოლა“ და ყველა ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის მშვიდობიან, ჰარმონიულ ერებსა თუ ხალხებს.
_ როგორია თქვენი საბრძოლო მოტივაცია და შემართება?
_ ისრაელის ჯარს მოტივაცია და შემართება არც არასდროს აკლდა, თუმცა იმ ნაცისტური თავდასხმისა და საშინელების შემდეგ, ეს გაასმაგებულია. ჩვენ ვიცით, რომ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისა და მომავლისათვის, „ნევერ აგაინ“ _ სწორედ ის დროა, რომ ეს აღარასდროს განმეორებულიყოს. საშინელი თავდასხმა განხორციელდა მშვიდობიან ისრაელზე ტერორისტების მიერ. ყველაფერს ვიზამთ, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ, ყველა განადგურდეს და სათანადოდ დაისაჯოს.
_ როგორ გეგმავთ იმის უზრუნველყოფას, რომ თქვენი ქმედებები გავლენას არ მოახდენს „ჰამასის“ მიერ დატყვევებულ მძევლებზე და პალესტინის სამოქალაქო სექტორზე?
_ ტერორისტული ორგანიზაციების „მოდუს ოპერანდის“ ნაწილია, რომ ისინი იყენებენ სამოქალაქო პირებს, ასევე საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საავადმყოფოებსა და მეჩეთებს დამცავ ფარად. ამჯერად მასში ასევე შედის ისრაელელ-ებრაელი მძევლები. ჩვენ შევკრიბეთ დაზვერვის ინფორმაცია და ახლა ვიყენებთ პინცეტის მსგავსს მიდგომას ტერორისტული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დასარტყმელად.
_ იცით, სად იმალებიან მძევლები?
_ მძევლები ღაზის სექტორის სიღრმეში არიან, მაგრამ ასევე ტერორისტულ გვირაბებში მათ ცოცხალ ფარებად იყენებენ. ეს ართულებს მთელ სიტუაციას ჩვენთვის, ჩვენ ეს ვიცით.
_ გინდათ „ჰამასის“ განადგურება?
_ ტერორისტული ორგანიზაციები „ჰამასი და „ჰეზბოლა“ ერთ ღამეში არ გაქრება. ეს არის მასობრივი ტერორისტული არმიები, კბილებამდე შეიარაღებული ათიათასობით რადიკალი ისლამისტი მებრძოლით, რომლებიც მზად არიან, მოწამებრივად აღესრულონ. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ, საბოლოო ჯამში, ამ ტერორისტული ორგანიზაციების დაჩოქება იქნება შესაძლებელი. ყველა წევრი ისრაელის არმიის სამიზნეა და მათი ინფრასტრუქტურა კი ჰაერიდან ნადგურდება.
_ შეიძლება თუ არა „ჰამასის“ შედარება ისლამისტურ ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოსთან?
_ თავიდან თითქოს არ მომწონდა ეს შედარება. მაგრამ მას შემდეგ, რაც დავინახეთ, როგორ გადაადგილდებიან ისრაელის ქალაქებში პიკაპებით ნიღბიანები და მძიმედ შეიარაღებულები, იტაცებენ და კლავენ თუნდაც მცირეწლოვან ბავშვებსა და მოხუცებსა და თავიანთ მძევლებს ალლაჰ აკბარის საზეიმო შეძახილებით აღლუმში ატარებენ, IS-თან შედარება, სამწუხაროდ, ძალიან რელევანტურია.