- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-08-09 08:40:05
გიგა გელხვიიძე
„მოგესალმებით!
მე ვარ გიორგი და მინდა მოგიყვეთ ჩემი ყოფილი დამსაქმებლის, „გუდვილისა“ და ამავე კომპანიის წარმოების დირექტორის დამოკიდებულების შესახებ ჩემ მიმართ“, _ ასე იწყება ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ ყოფილი თანამშრომლის, გიორგი მაჭარაშვილის facebook პოსტი, სადაც ავტორი ყვება, თუ როგორ გაათავისუფლეს რუსი ეროვნების ქალბატონის გამო, რომელიც კომპანიამ სპეციალურად მოიწვია რუსეთიდან და შემდგომში ერთ-ერთი ფილიალის წარმოების დირექტორად დანიშნა.
მაჭარაშვილის წერილიდან ჩანს, რომ სამსახურიდან მისი გაშვების მიზეზი რუსული ენის არცოდნა აღმოჩნდა და ეს იმ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო ენა ქართულია.
„შევეცდები, მოკლედ განვმარტო ჩემი და „გუდვილის“ თანამშრომლობა. 2022 წლის ნოემბრის ბოლოს დამიკავშირდა „გუდვილის“ HR-ის ხელმძღვანელი და მთხოვა შეხვედრა. შედგა 2-ეტაპიანი გასაუბრება, შევხვდი როგორც HR-ის წარმომადგენელს, ასევე ტოპ მენეჯმენტს. შემომთავაზეს წარმოების ხელმძღვანელის თანამდებობა და მეც დავთანხმდი.
ჩემი იქ მუშაობის პერიოდში იყო ბევრი შრომატევადი და დამღლელი დღეები. მოგეხსენებათ, სავაჭრო ობიექტისთვის რას ნიშნავს დღესასწაულების პერიოდი
(ახალი წელი, აღდგომა). მე და ჩემმა გუნდმა თავი გავართვით ყველაფერს შეუფერხებად და ტოპმენეჯმენტისგან დავიმსახურეთ მადლობა. ასევე ჩემი მუშაობის პერიოდში მივიღეთ ISO-ს სერტიფიკატი.
ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც წარმოების დირექტორად დაინიშნა რუსეთიდან მოწვეული ქალბატონი. მოსვლის დღიდან ის ახორციელებდა ჩემ მიმართ (და არამხოლოდ ჩემ მიმართ) დამამცირებელ მოპყრობას, ფსიქოლოგიურ ზეწოლას. უფრო გასაგები რომ იყოს, დიალოგისას იყენებდა მსგავს ფრაზებს: „თავი რისთვის გაქვს მხრებზე? მე დირექტორი ვარ და შენ მენეჯერი“.
მას არ შეეძლო არც ქართულად და არც ინგლისურად წერა და მეტყველება, მაიძულებდა, რომ მესაუბრა რუსულად და ამას მოითხოვდა კატეგორიულად. მოგვთხოვა, თანამშრომლებს გადმოგვეწერა რუსული შრიფტი, რადგან, როგორც ამბობდა, ის არ იმყოფებოდა საბავშვო ბაღში და თარგმნის დრო არ ჰქონდა.
მოკლედ რომ ვთქვა, ყველანაირად მიქმნიდა იმ გარემოს, იძულებული გავმხდარიყავი, ჩემი ნებით დამეტოვებინა სამსახური. ერთ დღესაც დამიბარა მის სამუშაო ოთახში და მითხრა, რომ ჩემი სურვილით დამეწერა სამსახურიდან წასვლის განცხადება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად გამათავისუფლებდა და დაწერდა ისეთ მოხსენებას, რომ საქართველოში ვერცერთ კომპანიაში ვეღარ შევძლებდი მუშაობას. ჩემგან მიიღო უარი. როგორც კი დავტოვე კაბინეტი, დავურეკე HR ხელმძღვანელს და მოვუყევი, რაც მოხდა. მან კი მითხრა: „შენც ხომ იცი, ასე კადრების გაშვება არ ხდება _ ან რამე უნდა დააშავო, ან ერთი თვით ადრე უნდა გაგაფრთხილონ წერილობით“. მიუხედავად ამისა, ამავე დღეს იმავე HR ხელმძღვანელისგან მივიღე შეტყობინება სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და მიზეზის გარეშე. რის შემდეგაც, მივმართე „პროფესიულ კავშირს- სოლიდარობის ქსელს“. ეს ორგანიზაცია მიწევს იურიდიულ დახმარებას, ვიბრძოლო სამართლებრივად და სასამართლო გზით მივაღწიო სამართლიანობას.
მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ „გუდვილის“ წარმომადგენლობამ პირველმა გამოხატა ინიციატივა ჩემთან თანამშრომლობისა, გამომდინარე იქიდან, რომ, მათივე თქმით, მიცნობდნენ როგორც შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიან ყოფილ თანამშრომელს და ასევე არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც მიწევდნენ კარგ რეკომენდაციას.
იმედს ვიტოვებ, სიმართლე გაიმარჯვებს!“ _ წერს მაჭარაშვილი.
„ქრონიკა+“ დაინტერესდა, რა ეტაპზეა გიორგი მაჭარაშვილის საქმის მსვლელობა და იყო თუ არა აღნიშნულთან დაკავშირებით ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მენეჯმენტსა და მას შორის რამე სახის კომუნიკაცია? როგორია მისი მოლოდინები საქმის სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით?
_ გიორგი, თქვენს facebook პოსტში აღნიშნული იყო დაახლოებითი მოტივი, რის გამოც განვითარდა კონფლიქტი ახლად დანიშნულ წარმოების ხელმძღვანელსა და შენ შორის. კიდევ სხვა რამ ხომ არ გახდა აღნიშნულის საფუძველი?
_ სიმართლე გითხრათ, მიჭირს საუბარი ამაზე, რადგანაც არ ყოფილა კონკრეტული მოტივი, რის გამოც შეიძლებოდა მეფიქრა, რომ ამის გამო მოხდა ეს ყველაფერი. ერთადერთი, ვვარაუდობ, რომ არ ვიცოდი რუსული ენა და ვერ ველაპარაკებოდი.
_ როგორც ყველა მსგავსი ტიპის კომპანიას, მათ შორის, „გუდვილსაც“ ექნება საკუთარი წესდება, რომელიც გაწერილია თანამშრომლებისთვის. თუ იცნობ მას და არის თუ არა აღნიშნული, რომ რუსული ენის ცოდნა სავალდებულოა დასაქმებულებისთვის?
_ რა თქმა უნდა, მსგავსი რამ არც უკითხავთ, როდესაც სამსახურში ამიყვანეს. გარდა ამისა, ხაზგასმით მქონდა აღნიშნული, რომ არ ვიცოდი რუსული ენა.
_ თქვენს პოსტში ასევე თქვით, რომ ამ ყველაფრის შემდგომ თავად წამოვიდნენ გარკვეულ მოლაპარაკებებზე „გუდვილის“ წარმომადგენლები. რა ტიპის კომუნიკაცია შედგა თქვენ შორის და თუ შეეხებოდა ის მომხდარს?
_ საუბრის დონეზე შემომთავაზეს რაღაც სხვა პოზიცია ამ ქალბატონის გარეშე და ვიქნებოდი დიღმის ფილიალში.
_ ერთგვარი ბოდიშის მოხდის მცდელობა ხომ არ ჰქონიათ?
_ არა, რა თქმა უნდა. რეალურად, არც კი უსვამდნენ იმას ხაზს, რომ ამ მიზეზის გამო მიწევდა სამსახურის დატოვება. აპელირებდნენ იმაზე, რომ ექვსთვიან ხელშეკრულებას გაუვიდა ვადა და ამის გამო მიწყვეტდნენ ხელშეკრულებას. აღნიშნული ხელშეკრულებაც დარღვევით შედგა და სწორედ ამის საფუძველზე შეგვაქვს სასამართლოში სარჩელი მე და ჩემს ადვოკატებს. პირველი რიცხვიდან ვმუშაობდი, ხოლო ხელშეკრულება გააფორმეს 12 რიცხვში და მისი ამოწურვის ვადათაც, შესაბამისად, ეს რიცხვი დასახელდა.
_ თუ გქონდათ მსგავსი კომუნიკაცია და თუ მოიკითხეთ, რატომ გახდა საჭირო რუსი ეროვნების თანამშრომლის მოწვევა?
_ ამ საკითხით ვერ დავინტერესდებოდი, გამომდინარე იქიდან, რომ დირექტორი ტოპმენეჯმენტს განეკუთვნება, შესაბამისად, არ მქონდა, საშუალება ეს ინფორმაცია მომეძია. მაგრამ ისეთი კადრების დეფიციტი არ აქვს ქვეყანას, რომ დირექტორის პოზიციაზე მომუშავე ადამიანი ვერ იპოვოს, მით უფრო, ამ სფეროში.
_ რას ამბობენ იურისტები და როგორია მოლოდინი?
_ მოლოდინი რომ არ მქონდეს, არც მივიდოდით სასამართლომდე. იურისტებიდანაც იგივე შემართებაა, რომ გავიარეთ ყველაფერი, ყველა მტკიცებულებიდან დაწყებული, სხვა საბუთებით დამთავრებული. რეალურად არის შანსი. სხვა შემთხვევაში სამართლიანობისთვის ბრძოლას არც დავიწყებდი.
_ მიგაჩნია თუ არა, რომ შენი ეს საქმე, შესაძლოა, მაგალითი გახდეს ბევრისთვის და ამის გამოც ხომ არ გადაწყვიტე ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის?
_ რა თქმა უნდა, ჩემი მიზანიც რეალურად ეგ უფრო არის, რომ ვანახო ხალხს ეს ყველაფერი. თუ გადაავლებთ თვალს ჩემს სოციალურ ქსელს, ნახავთ, რომ წერილზე, რომელზეც საუბრობთ, არსებული თანამშრომლები აკომენტარებენ და ხომ ხვდებით, რამდენად დიდ საფრთხეში აგდებენ თავიანთ სამსახურს და რამხელა სტრესში არიან, მაგრამ მაინც გამოხატავენ თანადგომასა და მხარდაჭერას.
_ თავად „გუდვილმა“ თუ გააკეთა რამე სახის ოფიციალური განცხადება ამ ფაქტის შესახებ?
_ არა, როგორც ვიცი, გაზიარებული ჰქონდა ჩემი პოსტი გურამ შეროზიას (ბლოგერი) და იქ იყო კომუნიკაცია, რომ მათ არ ჰყავდათ საერთოდ რუსი დირექტორი. აღმოჩნდა, რომ ქავთარაძის ობიექტიდან ის ქალბატონი ჩახსნეს და დიღმის ობიექტზე გადაიყვანეს.