- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-06-17 17:47:34
გიორგი საკარული
ლიტერატურის მუზეუმში ისტორიკოს მანანა ხომერიკის წიგნის, „ფიროსმანის დაბადებისა და გარდაცვალების მისტერია“ პრეზენტაცია გაიმართა. ფიროსმანის დაბადებისა და გარდაცვალების კვლევა ისტორიკოსმა 2003 წლიდან დაიწყო.
ხომერიკის თქმით‚ ნიკალა დაიბადა 1865 წელს სოფელ შულავერში, ხოლო გარდაიცვალა 1918 წლის 4 მაისს თბილისის მიხეილის საავადმყოფოში ტუბერკულოზით.
მანანა ხომერიკმა ამ საკითხების კვლევის დროს ყურადღება მიაქცია ნიკალას დის – ფეფეს ნაამბობს. 1922 წელს მისგან ორი მოგონება ჩაწერეს შალვა დადიანმა და ნინა თარიშვილმა. ფეფე ერთ ჩანაწერში ამბობს, რომ ნიკალაზე 2-3 წლით ვარ უფროსიო, მეორეში კი ასაკობრივ სხვაობას 4 წლამდე ზრდის. პირველი მოგონების თანახმად, ფეფეს იმერელ სიძეს (დისქმარს) ობლები დედასთან ერთად წაუყვანია თბილისში. იმ დროს ფეფე 9 წლის ყოფილა, ნიკო კი – 7-ის. მეორე მოგონების მიხედვით კი სიძეს (ალექსი) მხოლოდ 8 წლის ნიკო წაუყვანია თბილისში და ქალანთაროვებისთვის მიუბარებია.
ცხადია, რომ აღწერილი მოვლენები ფეფეს ზუსტად არ ახსოვს; არც უფროსი, გარდაცვლილი დის სახელი იცის. უტყუარია მხოლოდ მშობლების სახელები – ასლან ფიროსმანაშვილი და თეკლა ტოკლიკიშვილი; ასევე ის ფაქტი, რომ ფეფე ნიკალაზე უფროსი იყო. ვინაიდან მხატვრის დაბადების ჩანაწერი არ მოგვეპოვება, დიდ მნიშვნელობას იძენს ფეფეს დაბადების თარიღი. მამია ჩორგოლაშვილმა 1979 წელს დაადგინა, რომ ფეფუცა, იგივე ნატალია‚ დაბადებული იყო 1863 წელს. ცხადია, რომ ნიკალა თავის უფროს დაზე ადრე ვერ დაიბადებოდა. ამიტომ თუ ადრე მხატვრის დაბადების თარიღად 1862 წელი იყო მიჩნეული, ნელი კობიაშვილმა სამართლიანად ივარაუდა, რომ ნიკალა 1866 წელს უნდა ყოფილიყო დაბადებული. არსებობს ფიროსმანაშვილების ოჯახის სხვა წევრების როგორც საეკლესიო ჩანაწერები, ასევე კამერალური აღწერაც.
არქივში მოკვლეულმა დოკუმენტებმა ისტორიკოს საშუალება მისცა, დაედგინა ფიროსმანის გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებზედაც დღემდე აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა.
პირველი ვერსიის თანახმად, ნიკალა თბილისის მიხეილის საავადმყოფოში გარდაიცვალა და კუკიის სასაფლაოზეა დასაფლავებული; მეორე ვერსიით, რომლის თანახმადაც მხატვარი არამიანცის საავადმყოფოში გარდაიცვალა და შესაბამისად, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე დაკრძალეს, ვასო ჩაჩანიძის მოგონებებს ეყრდნობა.
„ვასო ჩაჩანიძე იხსენებდა, რომ 1918 წელს, როდესაც თბილისში „ისპანკის“ ეპიდემია მძვინვარებდა, ერთ დღეს ის პეტრე-პავლეს სასაფლაოზე იყო. ამ დროს საავადმყოფოში მიცვალებულები მოასვენეს. ერთ-ერთი თითქოს ნიკალა ყოფილა, საღებავებით დასვრილი ტანსაცმლით. ვასომ მოიყვანა მღვდელი სამადალაშვილი, რომელმაც ჩაატარა წირვა და საფლავი აკურთხა. მას შემდეგ ძმები ვასო და დავით ჩაჩანიძეები ამ კონკრეტულ საფლავზე მიუთითებდნენ, მაგრამ ყველას როდი სჯეროდა ეს. 2006 წელს ამ ვერსიამ დამაჯერებლობა შეიძინა“, _ ამბობს „ქრონიკა+“-თან მანანა ხომერიკი.
2014 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ გურამ ოდიშარიას ინიციატივით და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, პროფესორ ზაზა აბაშიძის თავმჯდომარეობით, შეიქმნა ფიროსმანის საფლავის დამდგენელი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც იყო ისტორიკოსი მანანა ხომერიკი. კომისიის მუშაობის დროს წარმოჩინდა სხვადასხვა ვერსია.
„როგორც ჩანს, კომისიის თავმჯდომარისთვის ჩემი ვერსია მისაღები აღმოჩნდა, რადგან 2017 წელს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გამოსცა ჩემი ნაშრომი „ფიროსმანზე და არა მხოლოდ…“. სამეცნიერო-პოპულარული წიგნების სერიის რედაქტორია პროფესორი ზაზა აბაშიძე, ხოლო წიგნის რედაქტორი _ ლანა გრძელიშვილი“, _ გვითხრა ხომერიკმა.
მხატვრის უკანასკნელი განსასვენებლის ძიებისას მანანა ხომერიკს მოუწია ისეთ შეუსწავლელ საკითხებში გარკვევა, როგორიცაა თბილისის სასაფლაოების ისტორია, საავადმყოფოებს, ეკლესიებსა და სასაფლაოებს შორის არსებული კავშირები, რის გარეშეც შეუძლებელია გავაცნობიეროთ უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვის საავადმყოფოებისთვის დადგენილი წესი. 2019 წელს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა კვლავ გამოსცა მანანა ხომერიკის ზემოაღნიშნული ნაშრომი.
მანანა ხომერიკი, ისტორიკოსი:
_ ეს გახლავთ ჩემი პირველი ნაშრომი ფიროსმანის შესახებ. ამჯერად ყურადღება გავამახვილე ორ მთავარ საკითხზე, რომელიც ბუნდოვანებით იყო მოცული. ეს გახლავთ ფიროსმანის დაბადებისა და გარდაცვალების საკითხი, რომელზედაც სხვადასხვა ვერსია არსებობდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საბოლოო სიტყვა იქნება და აღარ ვიტყვით ამის შემდეგ, რომ არაფერი ვიცით ფიროსმანის დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ. იმედი მაქვს, ამას დაესმება წერტილი.
_ ქალბატონო მანანა, სიახლეა ფიროსმანის ადაბადების ადგილთან დაკავშირებით. ამის შესახებ რას გვეტყვით?
_ დიახ, აბსოლუტური სიახლეა მისი დაბადების ადგილთან დაკავშირებით. ფიროსმანის მამა იყო მირზაანიდან, მაგრამ იმ დროს, როდესაც ნიკო დაიბადა, მამამისი მუშაობდა შულავერში და ნიკო შულავერში დაიბადა. ამის გამო არ გვაქვს ჩვენ დაბადების ჩანაწერი მირზაანში. მირზაანის საეკლესიო ყველა წიგნი ადგილზეა. ვერ ვიტყვით, რომ დაკარგულია. რაც შეეხება შულავერს, აქ აღმოჩნდა კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, თუ რატომ არ გვაქვს შულავერში ჩანაწერი. სწორედ ნიკალას გამზრდელმა ქალანთაროვებმა, უფრო სწორად, მათმა წინაპრებმა დაანგრიეს მართლმადიდებლური ეკლესია და თეიმურაზ მეორის აშენებული ციხესიმაგრე და ამ ქვებით ააშენეს თავისი სახლი.
რაც შეეხება ნიკალას გარდაცვალების თარიღს, ეს არის 1918 წლის აღდგომის წინა დღე, 4 მაისი ის გარდაიცვალა მიხეილის საავადმყოფოში. წესი აუგეს ამ საავადმყოფოსთან არსებულ ეკლესიაში. ის დაკრძალეს 9 მაისს საავადმყოფოს სასაფლაოზე და ეს სასაფლაო გახლავთ კუკიის სასაფლაოს გაგრძელება. ამას ვიკვლევდი 2003 წლიდან. პირველად 2004 წელს გამოვეცი პატარა ბროშურა. მაშინ ვმუშაობდი ისტორიის ინსტიტუტში და სამეცნიერო საბჭომ განიხილა ჩემი კვლევის შედეგები, გაუწიეს რეკომენდაცია, რათა დაბეჭდილიყო ბროშურა. შემდეგ, 2014 წელს, შეიქმნა ფიროსმანის საფლავის დამდგენელი კომისია, რომლის თავმჯდომარეც გახდა პროფესორი ზაზა აბაშიძე. მე ვიყავი ერთ-ერთი წევრი და როგორც ჩანს, ბატონმა ზაზამ და კომისიამ ჩემი ვერსიები უფრო სარწმუნოდ მიიჩნია, რადგანაც 2017 წელს ბატონმა ზაზა აბაშიძემ ჩემი ნაშრომი გამოაქვეყნა და შემდეგ თქვა, რომ ეს იყო ძალიან მოთხოვნადი. 2019 წელს კი ისევ გამოსცა. წიგნის სათაური გახლდათ: „ფიროსმანზე და არა მხოლოდ“. ახლა მე ეს ორი საკითხი, დაბადებისა და გარდაცვალების, უფრო გამოვყავი და დავუმატე კიდევ ახალი დოკუმენტები, რომლებმაც გაამყარა ჩემი ძველი ვერსიები.
_ რამდენად რთული იყო ამ კვლევებზე მუშაობა, გამომდინარე იქიდან, რომ მწირე ინფორმაცია არსებობს ნიკო ფიროსმანის შესახებ?
_ სირთულეებს ნამდვილად წავაწყდი, რადგან ძალიან ცოტაა მასალები. მეორე უნდა ვთქვა ის, რომ ზოგიერთი მკვლევარი აღმოჩნდა, რომ გამიზნულად ურევდა ფაქტებსა და დოკუმენტებს, რაც, რასაკვირველია, არ არის კეთილსინდისიერი საქციელი და ეს აფერხებდა წლების მანძილზე კვლევას. ასევე უნდა გითხრათ ერთ-ერთი მომენტი, რაც დარწმუნებით ვიცით, რომ ასეა: ნიკალა 1918 წლის აღდგომის წინა ღამეს გახდა ცუდად და წაიყვანეს. სად წაიყვანეს, არ ვიცოდით. წლების მანძილზე აღდგომის თარიღს არასწორად განსაზღვრავდნენ. აღდგომა იყო 5 მაისს და ამბობდნენ, რომ იყო 18 აპრილს. ხომ აირეოდა ყველაფერი?
_ კვლევის დროს საარქივო მასალების გამოყენება გიწევდათ?
_ დიახ, ძირითადად არქივებში ვმუშაობდი, მე არ ვეხები მის შემოქმედებით ნაწილს. მომიხდა ასევე ერევნის არქივში წასვლა. შულავერთან დაკავშირებით მითხრეს, რომ წიგნები, თავის დროზე, ჩვენმა არქივმა გადასცა ერევნის არქივს და იქ წავედი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ სომხურ ენაზეა წიგნები. ამის შემდეგ ვნახე ძალიან საინტერესო საარქივო მასალები, მღვდელ ბაიდოშვილისა და სხვების, რომლებიც პირდაპირ ადებდნენ ხელს ქალანთაროვებს, რომ მათ დაანგრიეს მართლმადიდებლური ეკლესიები და ადამიანი სიკვდილის წინ მოკლებული იყო ზიარების შესაძლებლობას.
ქეთევან ტომარაძე _ პუბლიცისტი, მწერალი, მთარგმნელი:
_ ჩვენ შევიკრიბეთ მშვენიერი წიგნის, „ფიროსმანის დაბადებისა და გარდაცვალების მისტერიის“ წარდგებაზე. ეს არის მანანა ხომერიკის წიგნი, რომელიც უკავშირდება ფიროსმანს. ის დიდი ხანია, რუდუნებით მუშაობს ამ თემაზე. მოგეხსენებათ, ჩვენი სახელოვანი მხატვრის საფლავიც კი არ მოგვეპოვება, არათუ საფლავი, არ ვიცით ზუსტად დაბადების წელი, გარდაცვალების წელი, როგორ მოხდა, რა მოხდა, როგორ იცხოვრა. დღეს ხომ საქართველო ამაყობს მისი შემოქმედებით.
მანანა ხომერიკმა მიზნად დაისახა ამ შავი ლაქების შევსება ფიროსმანის ბიოგრაფიაში და მან ეს შესანიშნავად მოახერხა, იმიტომ, რომ იგი არის ისტორიკოსი, ძალიან კარგად მუშაობს არქივებზე, მაგრამ მარტო არქივებზე მუშაობა არ არის საკმარისი, ამ ყველაფრის ანალიზი, შეჯერებაა საჭირო სხვადასხვა მასალისა და აუცილებელია დასკვნების გამოტანა. მით უმეტეს, ფიროსმანი ისეთი პიროვნებაა, რომელზედაც ბევრი წერს, ბევრი არასპეციალისტიც, სხვათა შორის, და პოპულარიზაციას უწევს თავის ნაწერს. და აქ ისეთი სპეციალისტის ჩართულობაა საჭირო, რომელსაც აქვს კვლევის ფართო სპექტრი, ასეთი სპეცილიასტია მანანა ხომერიკი. მან დაადგინა ფიროსმანის დაბადების წელი, გარდაცვალების წელი, ნათესავების გარემო, მეგობრების გარემო და სხვა.
ნათელი მოჰფინა მის ბიოგრაფიას. ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა გახდეს ეს წიგნი. ძალიან ბევრი ადამიანი წერს ფიროსმანზე და ხალხი დაბნეულია, არ იცის, ვის ენდოს. ამიტომ ტელევიზიებმა, გაზეთებმა უნდა მოახერხონ ის, რომ ეს საკითხი საზოგადოებამდე მივიდეს.