- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-06-17 17:32:09
გიორგი საკარული
მართალია, ადამიანებში, პირველ რიგში, შინაგანი სილამაზე უნდა დავაფასოთ, მაგრამ როგორც ამბობენ, მახინჯ სხეულში მახინჯი სულიაო. ასე რომ, ყველაზე ლამაზების აღმოჩენა ავტომატურად ლამაზი სულის მქონეთა რიგების გამდიდრებას ნიშნავს. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობთ, თუმცა ამჯერად ყველაზე ლამაზ გოგონასა და ბიჭს ვეძებთ. ყველაფრის მიზეზი კი „მის და მისტერ თბილისის“ კონკურსის ფინალური შოუა, რომელსაც წელს პირველად „ჰუალინგმა“ უმასპინძლა.
კონკურენციის მიუხედავად, სილამაზის კონკურსი, „მის და მისტერ თბილისი“, უკვე მე-15 წელია, რაც ტარდება და აქტუალობას არ კარგავს. პირიქით, როგორც კონკურსის ორგანიზატორი, გიორგი მასხულია ამბობს, ყოველ წელს კონკურსანტების რაოდენობა მატულობს და განსაკუთრებით დიდ ინტერესს მამაკაცები იჩენენ. იმ ფონზე, როდესაც საქართველოში სამოდელო სფეროში დიდად არაფერი ხდება, ბუნებრივია, მსგავსი კონკურსები კულტურის სფეროშიც ყოველთვის დიდ ყურადღებასა და ინტერესს იწვევს.
წელს ქართველ კონკურსანტებს ჟიურის 20 წევრი აფასდებდა. მათ შორის იყვნენ ცნობილი ადამიანები, რომლებსაც არ გასჭირვებიათ გამარჯვებულების გამოვლენა. ყველას მოსაწონს რომ ზოგადად ვერ გააკეთებ, ეგეც ცხადია, რადგან კონკურსის დამთავრებისთანავე ინტერნეტსივრცესში გავრცელდა გამარჯვებულების ფოტოები. კლავიატურის „ლომებს“ კი სალაპარაკო მიეცათ. წამოვიდა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი კომენტარები, თუმცა ამას დიდ ყურადღებას არ აქცევენ თავად მონაწილეები, რადგან იციან, რომ პოპულარობას ყოველთვის თან სდევს ე. წ. ბულინგი. მათ ეს არ აშინებთ და პირიქით, აპირებენ, რომ რაც შეიძლება ბევრ კონკურსსა თუ ფესტივალში მიიღონ მონაწილეობა და ღირსეულად ატარონ დედაქალაქის მთავარი ტიტული: „მის და მისტერ თბილისი“.
კონკურსის ორგანიზატორი გიორგი მასხულია და მთავარი გამარჯვებულები „ქრონიკა+“-თან თავიანთ ემოციებსა და განცდებზე საუბრობენ.
გიორგი მასხულია, კონკურსის ორგანიზატორი:
_ 15 წელია, რაც ეს კონკურსი, „მის და მისტერ თბილისი“, ტარდება. ეს არის ქვეყანაში მოვლენა, როდესაც ვლინდება თბილისის მთავარი სახე. ძალიან პრესტიჟული კონკურსია და იმიტომაც არის ყოველ წელს წარმატებული. ამ კონკურსის გამარჯვებული გახლავთ ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანი.
_ უშუალოდ კონკურსზე ვისაუბროთ. წელს რამდენად დიდი იყო ნაკადი, რამდენად გაგიჭირდათ არჩევა?
_ კონკურსში 10 გოგონა და 10 ვაჟი მონაწილეობდა. აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო და ასე ხდება ყოველ წელს. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით მატულობს ბიჭების რაოდენობა. საბოლოოდ დაირღვა ის სტერეოტიპი, რომ თითქოს ბიჭი მოდელი არ უნდა იყოს ან კაცს რა ესაქმება პოდიუმზე? გააქტიურდნენ და მიხარია.
_ რას იტყვით თავად მონაწილეებზე? რა არის მათი მთავარი მიზანი და მიზეზი, რის გამოც ისინი მონაწილეობენ კონკურსში? პრიზი?
_ სხვათა შორის, ვინც ჩვენთან მოდის, არავის თვითმიზანი პრიზის აღება არ არის. მათ ემაყებათ, პირველ რიგში, ისეთ კონკურსში მონაწილეობა, როგორიცაა „მის და მისტერ თბილისი“ და ბევრი სხვა კონკურსი, რომელსაც მე ვატარებ საქართველოს მასშტაბით. მათი მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, გამარჯვება და ის მთავარი ტიტულია, რომელიც კონკურსს თან ახლავს. ეს არის ჩვენი პრიზიო, _ ამბობენ ისინი. ეს ყველაფერი კი მე ძალიან მახარებს, რადგან უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ კონკურსი არის შემდგარი და წარმატებული.
_ თუმცა ხომ არის ისეთი კატეგორია, რომელიც მოდის კონკრეტულად პრიზის მისაღებად ან ფულადი ჯილდოს ასაღებად?.. გარდა ტიტულისა, რა პერსპექტივა აქვთ კონკურსანტებს?
_ საკმაოდ დიდი პესპექტივა აქვს თითოეულ მათგანს და ესეც ინდივიდუალურია, ვინ, სად და როგორ წარმოაჩენს საკუთარ თავს. დაწესებული გვაქვს ხოლმე უცხოეთის საგზურები გამარჯვებულისთვის, არის უამრავი პატარა თუ დიდი კომპანიისგან საჩუქრები, სხვადასხვა ფოტოსესიაში მონაწილეობენ, იცვამენ დიზაინერების ლუქებს, რომლებიც შემდეგ მათ ჩუქნიან. აქვთ შემოთავაზებები, ხდებიან ამა თუ იმ კომპანიის სახე და ა. შ. კომპანიები, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ, ყოველთვის კარგ პრიზებს აწესებენ.
_ მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეები პროფესიონალი მოდელები იყვნენ? თუ ნებისმიერ მსურველს შეუძლია მონაწილეობის მიღება?
_ არ არის უცილებელი, რომ პროფესიონალი მოდელი იყოს, პირიქით, უნდა იყოს დამწყები, რადგან ჩვენ ვეძებთ ახალ სახეებს, ახალ ტალანტებს, რათა სიახლე შევთავაზოთ ყველას ამ სფეროში. ძალიან ბევრი ლამაზი გოგო და სიმპათიური ბიჭია საქართველოში, რომლებსაც უნდა მივცეთ შანსი, დაიმკვიდრონ ამ სფეროში თავი. კონკურსი და, ზოგადად, კონკურსამდე გასავლელი გზა კი მათთვის საკმაოდ დიდი გამოცდილებაა. სწავლობენ სიარულს, პოზიორობას, პლასტიკას, სცენაზე დგომას, თავდაჭერილობას და ხდებიან უფრო თავდაჯერებულები.
_ პარამეტრები მკაცრად გაწერილია თუ დაირღვა?
_ მოგეხსენებათ, რომ დიდი ხანია, დაირღვა პარამეტრები 90-60-90-ზე. მსოფლიო ტენდენციები შეიცვალა, მსოფლიო მოდა აღარ გავალდებულებს, რომ ამ პარამეტრებში იჯდეს მოდელი, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, შევინარჩუნოთ როგორც ძველი სტანდარტი, ასევე ახალიც დავნერგოთ. მონაწილე არ უნდა იყოს მსუქანი. რასაკვირველია, შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, პირიქით, მე უფრო მეტად მომწონს სავსე ადამიანები, მაგრამ კონკურსს თავისი წესები აქვს, მკაცრად დადგენილი წესები, რომელსაც ვერ გავექცევით. როცა სილამაზის კონკურსზეა საუბარი, ყურადღება ექცევა სიმაღლეს, ვიზუალურ მხარეს და სხვა დეტალებს.
_ ჟიურის წევრებზე მინდა გკითხოთ: ძირითადად რასაც ვაკვირდებით, ცნობილი ადამიანები სხედან ჟიურიში. რამდენად გაუჭირდათ მათ გადაწყვეტილების მიღება და არჩევანის გაკეთება?
_ პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ მე არ ჩავრეულვარ ჟიურის გადაწყვეტილებაში. კონკურსი მოიგო ნამდვილად ღირსეულმა კანდიდატმა. წელს ჟიურის 20 წევრი მყავდა, მათ შორის იყვნენ ცნობილი სახეები: სოფო ბედია, გიორგი დოლიძე, ნუკა კვალიაშვილი, ნინო ლეჟავა, გიორგი წერეთელი და ბევრი სხვა. ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ პირველი „მის საქართველო“, ლედი ხვინდია, რომელიც არის კომპეტენტური ამ საქმეში, წლების გამოცდილება აქვს და ზუსტად ვიცოდი, რომ ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებდა. შესაბამისად, ჟიურის ერთიანი გადაწყვეტილებით, კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ: „მისტერ თბილისი 2023“ მიშო ჯიბლაძე და „მის თბილისი 2023“ მარიამ გიგოლაშვილი. ვიცეების ტიტულები გაინაწილეს „პრაიმჰაუსის“ ერთ-ერთმა გამორჩეულმა სახე მიშო გრძელიშვილმა და „ვიცე მის თბილისი“ გახდა საბინა შამილოვა.
კონკურსს უმასპინძლა „ჰუალინგმა“, ეს იყო გრანდიოზული ღონისძიება. კონკურსანტებმა „ნატალი კაპრიზის“ ლუქები მოირგეს, ასევე საქორწინო კაბები, მათ ჩაცმულობაზე იზრუნა ატელიე „დარჩიამ“, ასევე მონაწილეებმა ატელიე „რ-სთორის“ ლუქები წარმოადგინეს, ერთ-ერთი ნომრის დროს ჩემი ექსკლუზიური სამოსი მოირგეს კონკურსანტებმა და ფინალის ბოლოს კლასიკური სამოსით გამოვიდნენ.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ადამიანს, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა, ყველასათვის ნაცნობი სახე, ბერძნული „ვოისის“ მეორე ადგილის მფლობელი, დოდონა ნამორაძე.
_ როგორც ორგანიზატორი, კმაყოფილი ხართ საბოლოო შედეგით?
_ სიმართლე გითხრათ, როგორც ორგანიზატორი, უფრო კარგ ნაკადს ველოდი წელს. ზოგადად, ძალიან პრეტენზიული ვარ, არასოდეს ვარ კმაყოფილი ჩემი კონკურსანტებით. მინდა, რომ ყოველთვის კარგი და კარგი ნაკადი იყოს, ძალიან მკაცრი ვარ ხოლმე. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, რომ ამბობენ, ძალიან მკაცრი ხარო. რა თქმა უნდა, მკაცრი ვარ, რადგან სხვანაირად ამ სფეროში განსაკუთრებულად არაფერი გამოვა. თუ მკაცრი არ ხარ, შედეგსაც ვერ მივიღებთ ისეთს, როგორიც ჩვენ გვინდა. ჩემთვის მნიშვნელოვანი დღე კიდევ იმიტომ იყო, რომ ლანდა მასხულიას დაბადების დღე დაემთხვა, რომელიც კონკურსის დირექტორია. ეს არის პიროვნება, დედა, რომელიც მთელი ცხოვრება გვერდით მიდგას და მგულშემატკივრობს.
მიხეილ ჯიბლაძე, „მისტერ თბილისი 2023-ის“ გამარჯვებული:
_ ჩემთვის ეს ტიტული, პირველ რიგში, პრესტიჟულია, რომელმაც მომცა ძალიან დიდი სტიმული და მოწონება. მომემატა ცნობადობა და ბევრი გამომწერი მყავს უკვე როგორც ინსტაგრამზე, ასევე სხვა სოციალურ ქსელებში. გოგონების რიცხვა იმატა, რაც ძალიან მახარებს.
_ ელოდით გამარჯვებას?
_ რაღაც მომენტში ველოდი, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ძალიან დიდი კონკურენცია იყო. ნამდვილად კარგი კონკურსანტები იყვნენ და ყველა ბიჭის ოცნებაა, გახდეს „მისტერ თბილისი“, განსაკუთრებით კი მათი, ვინც ზოგადად ამ სფეროთია დაინტერესებული.
_ რას აპირებთ?
_ გაჩერებას არ ვაპირებ. მაქვს გეგმები, რომლის განხორციელებაც აუცილებლად მინდა. ასევე მაქვს გადაღებები, წინ რამდენიმე ფესტივალი მელოდება, სადაც გავემგზავრები და მივიღებ მონაწილეობას. დიდი მადლობა კონკურსის ორგანიზატორებს, ჟიურის წევრებსა და ავტორებს ასეთი მასშტაბის კონკურსისთვის და იმისთვის, რომ ახალგაზრდებს აძლევენ შანსს, გახდნენ წარმატებულები.
მარიამ გიგოლაშვილი, „მის თბილისი 2023-ის“ გამარჯვებული:
_ ყველა ლამაზი გოგოსთვის ეს წოდება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და პრესტიჟული. მე კავკასიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტი ვარ. ჩემი ცხოვრება ამ გვირგვინის დადგმისთანავე შეიცვალა.
_ კერძოდ რა?
_ მეორე დღესვე ძალიან ბევრი მილოცვა, ზარი და დიდი სიყვარული ვიგრძენი ჩემ ირგვლივ ადამიანებისგან. ეს ჩემი ჰობია, სიმართლე გითხრათ.
_ პოდიუმზე როგორ მოხვდით?
_ გიორგის თხოვნით გამოვედი პირველად ჩვენებაზე და მის მერე დავინტერესდი ამ სფეროთი. შედეგიც წარმატებული იყო, გავხდი თბილისის სახე „მის თბილისი 2023“, ეს კი ისტორიას დარჩება და ძალიან მიხარია.
_ ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს ამ გამარჯვებას?
_ ძალიან კარგად. უხარიათ და ამაყობენ. ბედნიერი ვარ, რომ მყავს არაჩვეულებრივი ოჯახი და ასევე საქმრო, რომელიც ყოველთვის გვერდით მიდგას. ჩემი საქმროც სტუდენტია, ჩემთან სწავლობს, ჩემი დიდი გულშემატკივარია და ისიც საკმაოდ დიდი წარმატებით სარგებლობს თავის სფეროში, დიჯეია.
_ სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
_ ვაპირებ, რომ სამოდელო სფეროში უფრო აქტიურად ჩავერთო და სხვადასხვა აქტივობაში მივიღო მონაწილეობა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კონკურსის ორგანიზატორ გიორგი მასხულიას და კონკურსის გენერალურ დირექტორს, ქალბატონ ლანდა მასხულიას.