QronikaPlus
სად, როდის და ვინ ჩააწყო ევროვიზია 2023-ზე ირუ ხეჩანოვის წასვლა?

სად, როდის და ვინ ჩააწყო ევროვიზია 2023-ზე ირუ ხეჩანოვის წასვლა?

2023-03-12 15:43:08

მარიამ ბალანჩივაძე

მუსიკალურ კონკურს „ვეროვიზიაზე“ საქართველო 2007 წლიდან მონაწილეობს, მას შემდეგ, რაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ევროპის მაუწყებელთა ასოციაციის წევრი გახდა. 2007 წლიდან დღემდე კონკურსზე საქართველომ წარმატება მოიპოვა სულ ორჯერ, 2010 და 2011 წლებში, როდესაც ათეულში მე-9 ადგილი დაიკავა. ამის გარდა იყო ბევრი წარუმატებლობა, ასევე დისკვალიფიკაციაც 2009 წელს, როდესაც კონკურსი ოკუპანტი ქვეყნის ტერიტორიაზე, მოსკოვში იმართებოდა და საქართველო პოლიტიკურად არასასურველი სიმღერის ტექსტის გამო დისკვალიფიცირდა. სიმღერის ავტორმა უარი განაცხადა ტექსტში ცვლილების შეტანაზე, რომელიც გარკვეული სახის პროტესტის მატარებელი იყო აგრესორი ქვეყნის ხელისუფლების მიმართ.

„ევროვიზიაზე“ გამსვლელი კონკურსანტი ეროვნული შესარჩევი ტურით ან პირდაპირი წესით ირჩეოდა, იყო შემთხვევა, როდესაც კონკურსზე მუსიკალურ პროექტ „ვოისის“ გამარჯვებული წავიდა (თორნიკე ყოფიანი, 2021 წელი). 2023 წელს „ევროვიზიის“ კონკურსზე საქართველოს ასევე „ვოისის“ გამარჯვებული, ირუ ხეჩანოვი წარადგენს. აღნიშნული სტატიის მთავარი თემაც სწორედ ირუ ხეჩანოვის გამარჯვება და მასთან დაკავშირებული აჟიოტაჟია, რომელიც „ვოისის“ მიმდინარეობისთანავე დაიწყო, კულმინაციას კი მას შემდეგ მიაღწია, რაც ხეჩანოვმა „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ღიად განაცხადა, რომ წელს მისი ჯერია, სწორედ ის წარადგენს საქართველოს „ევროვიზიაზე“ და ამას ვერავის დაუთმობს.

„ბრმა კასტინგზე ძალიან ვინერვიულე, რადგანაც 2016 წლიდან არსად მიმიღია მონაწილეობა. ველოდებოდი, რომ ოთხივე მწვრთნელს შემოვატრიალებდი, მაგრამ შემომიბრუნდა სამი. რადგან მაქსიმალისტი ვარ, მინდოდა, რომ ოთხივე მწვრთნელი შემობრუნებულიყო და ცოტა მეწყინა, მაგრამ ამან მომცა მოტივაცია, დამენახვებინა ოთხივე მწვრთნელისთვის, რომ მე ვიყავი იმის ღირსი, აქამდე მოვსულიყავი. ვფიქრობ დათოზე (დათო ფორჩხიძე, ერთ-ერთი მწვრთნელი „ვოისში“), რადგანაც რამდენჯერაც დათომ მიიღო მონაწილეობა პროექტში და იყო მწვრთნელი, იმდენჯერ მოიგო. ვინაიდან ამ პროექტში მოვედი გასამარჯვებლად და მოსაგებად, მინდოდა, სწორედ მასთან ვყოფილიყავი, რათა დახმარებოდა გამარჯვებაში და ასეც ხდება“.
ინტერვიუს დროს ხეჩანოვი მისი კონკურენტის, ანი ნოზაძის შესახებაც საუბრობს (პროექტის შემდგომ ნოზაძე იშემიური ინსულტით საავადმყოფოში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება) და ამბობს, რომ ის ვერ იქნებოდა მისთვის კონკურენტი და ცოტა გასაკვირი იყო, როდესაც მწვრთნელმა (დათო ფორჩხიძე) განაცხადა, რომ მას არჩევანის გაკეთება გაუჭირდა.
„საკმაოდ მარტივი კონკურენტი იყო რინგის დროს. რა თქმა უნდა, ძალიან მიხაროდა, რომ გვერდში მედგა… რაც შეეხება თვითონ დათოს არჩევანს, ვფიქრობ, როგორც თავად ამბობდა, რომ გაუჭირდა, არ უნდა გასჭირვებოდა არჩევანის გაკეთება. რასაც ამ პროექტში მივაღწიე, ეს არის საკმაოდ დასაფასებელი და ჩემი თავის კი მიკვირს დაძაბული და სტრესული გარემოს გამო, მაგრამ ერთ სურვილზე ვარ კონცენტრირებული, რომ მე უნდა ვიყო პროექტის გამარჯვებული“.
ხეჩანოვი არ მალავს ინტერვიუს დროს, რომ მისი გამოსვლები შოუს ელემენტების თანხლებით მიმდინარეობს. იგულისხმება ცეკვა (რაც სხვა კონკურსანტების შემთხვევაში არ ყოფილა, მიუხედავად შესაბამისი კომპოზიციისა).
„ჩემთვის პირველი ლაივი იყო ძალიან საპასუხისმგებლო. ვინერვიულე, რადგანაც თან ვმღეროდი და თან ვცეკვავდი, ჰაერში ვიყავი აწეული“.
ხეჩანოვი ასევე საჯაროდ საუბრობს იმაზე, რომ ის პროექტში არა როგორც რომელიმე რიგითი კონკურსანტი, არამედ როგორც პროექტი IRU მივიდა.
„ვოისში მოვედი, როგორც პროექტი IRU, რაშიც შედის მომღერალი, შოუვუმენი და ძალიან თავისუფალი პერფორმერი“.

ხეჩანოვის თქმით, მას სხვა კონკურსანტები სთხოვდნენ, რომ გამარჯვება დაეთმო მათთვის, რადგანაც მან ერთხელ უკვე მიაღწია წარმატებას საბავშვო „ევროვიზიაზე“.
„სულ მეუბნებიან კონკურსანტები, რომ დაგვითმე წელს, შენ ხომ უკვე მოიგე „ევროვიზია“ (ხეჩანოვის შეფასებით, საბავშვო „ევროვიზია 2011“, რომელიც რეალურად ჯგუფმა CANDY-მ მოიგო, არის არა ჯგუფის, არამედ მისი გამარჯვება). მე არ მაღიზიანებს ასეთი დამოკიდებულება იმიტომ, რომ „ევროვიზიას“ რაც შეეხება, ვფიქრობ, წინ ვარ სხვა კონკურსანტებთან შედარებით, ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს მიღებული და მახარებს ეს მომენტი. კი მინდა, რომ მომღერლებმა გამოსცადონ, რა არის „ევროვიზია“, მაგრამ წელს ჩემი ჯერია“.
უნდა აღინიშნოს, რომ პროექტ „ვოისში“ მიმდინარე წელს ძალიან ძლიერი კონკურსანტები მონაწილეობდნენ, მათ შორის იყვნენ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მუსიკალურ პროექტ „მხოლოდ ქართულის“ პირველი სეზონის გამარჯვებული, სოფო ბათილაშვილი და ჯგუფი „ალეგრო“ (რომელთანაც „ქრონიკა+“-მა ინტერვიუ ჩაწერა), ის მსმენელმა, როგორც ჯგუფი, ჯერ კიდევ 2015 წელს გაიცნო, მაშინ როდესაც იტალიიდან დაბრუნებულმა მუსიკოსმა პაატა სვანიძემ მის მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა ეს ჯგუფი.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, ხეჩანოვთან დაკავშირდებით გარკვეული მითქმა-მოთქმა ატყდა, რომ სწორედ მასზე იყო სწორება და ყველაფერი ისე ლაგდებოდა, რომ ის უნდა გამგზავრებულიყო „ევროვიზია 2023-ზე“. ეს ყველაფერი პირველივე ლაივის შემდეგ დაიწყო, მას მერე, რაც „ვოისი“ სოფო ბათილაშვილს დაატოვებინეს და არ მისცეს საშუალება, ნახევარფინალშიც კი გადასულიყო. ბოლოს კი, როდესაც გამარჯვებული გამოვლინდა, ღიად იწერებოდა, თუ ვინ იდგა ირუ ხეჩანოვის უკან და ვინ დაალაგა საქმე მაუწყებელში.

თამარ ივერი მსოფლიო საოპერო სცენის წარმომადგენელი, ქართველი სოპრანო:
„ერთი სიტყვით, საზმაუწყებელმა სრულიად სამარცხვინოდ, ყველა წესის დარღვევით და როგორც უკვე დაიწერა, ქოლცენტრებთან შეთანხმებით, ხმის მიცემის კორუფციული სქემით ჩაატარა წლევანდელი „ვოისი“!!!
ევროვიზიის წარმომადგენელ გიგა კუხიანიძის დაკრულზე სიარულს, მენტორების, ქოლცენტრების მოსყიდვა-გაყალბებებს რომ თავი დავანებოთ, უპირველესად იმიტომ არიან სამარცხვინონი, რომ ადამიანურად შეურაცხყვეს ბავშვები, რადგან მხოლოდ ერთ მომღერალს დაუდგეს სიმღერაში შოუ შესაბამისი რეჟისურით, ჩაცმულობით, განათებებით, საცეკვაო ანსამბლით, რეკვიზიტით და, ერთი სიტყვით, თეატრალიზებული წარმოდგენით. ე. ი. მხოლოდ იმ ერთზე იზრუნეთ, ვისი გაყვანაც წინასწარ გქონდათ დაგეგმილი!!!
დანარჩენი ნიჭიერი ბავშვები კი ცარიელ სცენაზე მხოლოდ მიკროფონის ამარა დატოვეთ, რათა მის ფონზე უფერულები და მაყურებლის თვალისთვის უინტერესონი გამოჩენილიყვნენ. ამას ხომ ბავშვიც მიხვდება? ეს იყო დანარჩენი ბავშვების მორალური შეურაცხყოფა!!!“
.

ივერის მსგავსად, ჩაწყობილ პროექტზე საუბრობს მომღერალი მაია დარსმელიძეც და ასევე ამბობს იმასაც, რომ კონკრეტულმა მწვრთნელებმა წინასწარ იცოდნენ ბრმა კასტინგზე, ვინ იყო ამა თუ იმ სიმღერის შემსრულებელი და ვის უნდა მობრუნდებოდნენ.

მაია დარსმელიძე, მომღერალი:
„ხოო, ჩიტებს მოაქვს ამბავი რაღაც გამზადებულ სიმღერაზე და ერთი წლით ადრე ჩაფიქრებულ „პროექტზე“.
და აი, ეს ერთმანეთზე უკეთესი, მართლა საოცარი შემსრულებლები ამ ვიღაცის პროექტის ანტურაჟად მოიყვანეთ?!! და ვიღაცის ხუშტურის დეკორად აქციეთ?!
(რომ არ დაიბნეთ, ამ კონკრეტულ პოსტში პროექტ „ვოისს“ არა, არამედ „ვოისში“ „პროდიუსერის“ მიტანილ „პროექტს“ ვგულისხმობ, აი, „ევროვიზიაზე“ რაც უნდა გაიტანონ _ იმას).
ხო, ვინმემ ოდესმე ხომ უნდა თქვას, სანამ კოლექტიურ-კოლეგიალური დაყ****ბა გჭირთ და სიმართლის თქმა გიტყდებათ… (აქაც რომ არ დაიბნეთ, ვიტყვი, რომ კომფორტულად გასუსულ ჩემს კოლეგებს ვგულისხმობ და არა კონკურსანტებს).
ყველა სიკეთესთან ერთად, გოიმ პროდიუსერზე საზარელი არაფერია. ეგ კრიმინალია ჩემთვის. მოაშორეთ მთელი ეს გოიმფართი და იქნებ, გვეშველოს ოდესმე.
ერთიც, „ვოისზე“ და მორჩა, მერე უკვე მართლა მკიდია. :)
აქ რაც ხდება და რასაც წლებია ვუყურებ, შორიდანაც და საკმაოდ ახლოდანაც, შესაცვლელია მთელი სისტემა, სქემა, ყველაფერი თავშივე არასწორია…
როდესაც საუბარია მუსიკალურ კონკურსზე, აუცილებლად პატივი უნდა სცე ბლაინდამდე (ბრმა მოსმენა) მისული თითოეული კონკურსანტის მუსიკალურ გემოვნებას და არ უნდა ამღერო ის, რაც უკვე „გარჩეულია“, რადგან უნდა იყოს გათვალისწინებული შემსრულებლის მუსიკალური არჩევანი, სადაც უმნიშვნელოვანესია რეპერტუარი, ანუ სიმღერა, რომლითაც ის აპირებს ბლაინდზე საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის, საუკეთესო მხარეების ჩვენებას და, შედეგად, მწვრთნელის შემობრუნებას. არ უნდა შეზღუდო ამ ძალიან მნიშვნელოვან „დეტალში“, არ უნდა „ეზარებოდეთ“ იმ კომპოზიციის გარჩევა, რომელიც კონკურსანტს უნდა, რადგან ბლაინდზე მისულ ტომ იორკს თუ ჰიუსტონის „აი ვილ ოლვეიზ ლავ იუ“-ს ამღერებთ, კი, საინტერესოდ იღიღინებს, სავარაუდოდ, მაგრამ ვოკალისტებისა და „გლოტკების“ არც ერთი კოლექციონერი კაციშვილი არ შემოუტრიალდება (შემსრულებლის მხოლოდ დიაპაზონით შეფასება კიდევ ცალკე პრობლემაა, ამას გეტყვით მე, ჩემი დიაპაზონის პატრონი და, იმედია, ვერ მომედავებით, რომ დიაპაზონის არქონის გამო ვიბოღმები და „უხმოებს“ „ვაპრავებ“. ))))…
მწვრთნელს არ უნდა უთითებდე, რომელი კონკურსანტია კარგი და რომ „არ უნდა გამაზო“ და „აუცილებლად უნდა შეუტრიალდე“ , თავიდანვე უნდა გაფილტრო და ბლაინდამდე მხოლოდ კარგი კონკურსანტები მიუშვა…
ბლაინდი ბლაინდს რომ ჰგავდეს, მწვრთნელი არ უნდა იცნობდეს კონკურსანტს და წინა დღეებში ბლაინდზე წარსადგენი ნომრის ეფექტურობაზე მწვრთნელი და კონკურსანტი, „რომელსაც ის ხვალ შეუტრიალდება“, წინასწარ არ უნდა მუშაობდნენ სტუდიაში. მით უფრო, არ უნდა გქონდეს თვეების წინ გამზადებული „საევროვიზიო კომპოზიცია“, რომლითაც ბოლოს სუუუყველაფერი „შემთხვევით“ დაემთხვევა და „რა კარგია, რომ ასე დაემთხვა“.)))))
კაზინოს პრინციპით, როდესაც კაზინოს სტუმრობს თაღლითი, რომელმაც „ყოველთვის მოიგო“ და უძლეველის მითიც შეიფერა, მას უბრალოდ აშავებენ და ის შემდგომ ვერც ერთ კაზინოში ვერ შედის… ასე, ამ პრინციპით აღარ უნდა ჯდებოდეს „ვოისის“ სავარძელშიც.
„ვოისი“ უნდა იყოს ცალკე ვოისი და არა რომელიმე წინასწარ დაგეგმილი „პროექტის“ გაბანძებული მომყოლი, რომლის ანტურაჟად უამრავ ნიჭიერ კონკურსანტსა და ასევე პატიოსან, სამართლიან მწვრთნელებს ითრევენ…
დაბოლოს, რაიმე ხარისხიანის ამბიცია თუ გვაქვს, დამლაგებლით დაწყებული და გამნათებლით დამთავრებული (პირობითად), პატიოსანი, უკომპრომისო, მუსიკაზე მართლა შეყვარებული და საქმის კეთების მცოდნე სტაფი უნდა მუშაობდეს, რომელიც არ დაუშვებს გოიმურ ჩაწყობებს კი არა, არავითარ მილიმეტრისოდენა „ხალტურასაც“ კი.
„ევროვიზიას“ რაც შეეხება, მუსიკალური კი არა, ბანძი მუსიკის კონკურსია, მაგრამ აქაც მირჩევნია, ყველა, ვინც რაღაც ცნობილ კომპოზიციებს იქით-აქედან იპარავს და აერთებს და მერე ამბიციურ-გოიმურად ფუთავს და აუბედურებს ვოკალისტებს, გაიწიოს და ქვეყანას ისეთი მაგარი წარმომადგენელი ჰყავდეს, რომელსაც უმაღლეს 12 ქულას ბრიტანელები აძლევენ. საქართველოს მთელი „ფიშკა“ ხომ ის არის, რომ ძალიან ბევრი, უამრავი სასწაული მომღერალი გვყავს, არც გემოვნებაში გვიჭირს და ევროვიზიის ბანძ ფორმატს მირჩევნია, ევროპამ ისეთ მაგარ მუსიკალურ ქვეყნად გაგვიცნოს, როგორიც ვართ სინამდვილეში“.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გაზეთ „ქრონიკა+“-ს დაუკავშირდა პიროვნება, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა და გადმოგვცა ინფორმაცია, რომელიც ნათელს ჰფენს ყველაფერს და ძალიან ბევრ კითხვას პასუხობს.

მაშ, ასე, ვინ არის ირუ ხეჩანოვი და რა კავშირი აქვს მას კომპოზიტორ და პროდიუსერ გიგა კუხიანიძესთან?

ირუ ხეჩანოვს „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და მუსიკალურ კონკურს „ევროვიზიის“ გუნდთან ძალიან მჭიდრო, მეგობრული კავშირები აქვს.
წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, „ევროვიზია 2023-ის“ კონკურსანტისა და, შესაბამისად, პროექტ „ვოისის“ გამარჯვებულის ბედიც, ჯერ კიდევ, 2022 წლის მაისში იტალიაში, ქალაქ ტურინში გადაწყდა, იქ, სადაც „ევროვიზია 2022“ გაიმართა, როდესაც საქართველომ მორიგი წარუმატებლობა იგემა. ირკვევა, რომ გასულ წელს გიგა კუხიანიძე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელმა, თინა ბერძენიშვილმა, იტალიაში წაიყვანა იმ მოტივით, რომ მომდევნო წლის საკონკურსო სიმღერა სწორედ მას უნდა დაეწერა, თუმცა აღმოჩნდა, რომ კუხიანიძეს აღნიშნულზე თანხმობა მხოლოდ ერთი პირობით ჰქონდა, კონკურსზე მისი საპროდიუსერო კომპანიის, Gიგა Pროდუცტიონ-ის წარმომადგენელი, ირუ ხეჩანოვი უნდა გასულიყო, რაზედაც შეთანხმება შედგა. ხეჩანოვი, ისევე როგორც „ევროვიზია 2022-ის“ საქართველოს წარმომადგენელი, პირდაპირი შერჩევის გზით უნდა გასულიყო, თუმცა ინფორმაციამ გაჟონა და ჯერ კიდევ გასულ წელს გაჩნდა კითხვები. ასევე ცნობილი გახდა ისიც, რომ კომპოზიცია კუხიანიძეს უკვე რამდენიმე წელია, მზად აქვს, რომელიც მან სწორედ ირუ ხეჩანოვს მოარგო და, შესაბამისად, ბევრი სამუშაოც არაფერი იქნებოდა.
ინფორმაციის გაჟონვის შემდგომ მაუწყებლის ხელმძღვანელობამ გარკვეული გეგმები შეცვალა და გადაწყვიტა, რომ „ევროვიზიაზე“ გამსვლელი კონკურსანტის ბედს მუსიკალური პროექტი „ვოისი“ გადაწყვეტდა, რომლის ახალი სეზონიც უკვე მზადდებოდა. ამის შემდგომ ხეჩანოვმა გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში ვიდეო, სადაც ის განაცხადს აგზავნის „ვოისში“ მონაწილეობის მისაღებად.


ირუ ხეჩანოვი Giga Production-თან 2011 წლიდან თანამშრომლობს, მას შემდეგ, რაც საბავშვო „ევროვიზია 2011-ისთვის“ ჯგუფი „ქენდი“ შეიქმნა (2011 წელს მათ მოიგეს საბავშვო ევროვიზია). გარდა ამისა, კუხიანიძესა და ხეჩანოვების ოჯახს შორის გარკვეული ნათესაური კავშირიც არსებობს. „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ირუ ხეჩანოვი აცხადებს, რომ ის პროექტში, როგორც ცალკე აღებული პროექტი IRU მივიდა. აღნიშნული პროექტი სწორედ Giga Production-ის პროდუქტია, რომლის ფარგლებშიც ხეჩანოვს უკვე რამდენიმე სიმღერა აქვს გამოშვებული. აღსანიშნავია ისიც, რომ სიმღერების ნაწილი ცნობილი უცხოური მომღერლების კომპოზიციების კოპირებაა, მაგალითად, სიმღერა „იდეა“, რომელიც სწორედ „ვოისის“ მიმდინარეობის დროს გამოქვეყნდა, ცნობილი ამერიკელი მომღერლის, არიანა გრანდეს ერთ-ერთი სიმღერის into you-ს კოპირებაა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხეჩანოვმა გარკვეული პერიოდის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც მის ინტერესებს დაიცავს საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია GERA, რომელიც რუსეთიდან მოპოვებულ თანხებთან კავშირშია ბრალდებული.
G&A-ს (საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია) საგანგებო განცხადება:
„რუსეთის მხარდაჭერით შექმნილი საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია (GERA), რომელიც საავტორო უფლებებით მოსარგებლეებს უკანონოდ სთხოვს ჰონორარის გადახდას, აცხადებს, რომ მისი და ქართული კომპანია MOშთ-ის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად გაფორმდა ხელშეკრულება ჭარნერ Mუსიც-თან.
ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ ხელშეკრულების რუსული სქემისა და მისი საგანგაშო დეტალების შესახებ. კომპანია MOშთ-მა (ს/კ: 402121477 რეგისტრაციის თარიღი: 20.03.2019 დირექტორი და 49%-იანი წილის მფლობელი დავით ხუჯაძე, რომელიც ამავდროულად არის GERA-ს ერთ-ერთი დამფუძნებელიც, რაც ინტერესთა კონფლიქტია) რეგისტრაციიდან 10 დღეში, 2019 წლის პირველ აპრილს, გააფორმა ხელშეკრულება არა ჭარნერ MUSIC-ის სათავო ოფისთან, არამედ მის რუსეთის დანაყოფთან (დირექტორი ალექსანდრე ბლინოვი). რუსეთის დანაყოფს კი საკუთარი დაფარვის ტერიტორიად, საქართველოსთან ერთად, მითითებული აქვს აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები!“, ნათქვამია ასოციაციის მიერ 2019 წელს გავრცელებულ განცხადებაში.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ პროექტ „ვოისში“ ირუ ხეჩანოვის მწვრთნელი დავით ფორჩხიძეც და ასევე Giga Production-ის დამფუძნებელი, კომპოზიტორი გიგა კუხიანიძე, ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან. ამის შესახებ ინფორმაციის მოპოვება GERA-ს ოფიციალური გვერდიდანაც არის შესაძლებელი.
რაც შეეხება თავად კუხიანიძისა და რუსული შოუბიზნესის წარმომადგენლების კავშირს, „ქრონიკა+“-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, ის აქტიურად თანამშრომლობს იმ მომღერლებთან (ქეთა თოფურია, ლარისა დოლინა), რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის რეჟიმს და აქტიურად გამოდიან რუსეთის მხარდამჭერ კონცერტებზე რუსეთ-უკრაინის ომის მომდინარეობისას.

ახლა კი დავუბრუნდები ისევ მთავარ თემას, მუსიკალურ კონკურს „ვოისს“, რომლის შესახებ დეტალებსაც ჯგუფ „ალეგროსგან“ შეიტყობთ. მათი თქმით, პროექტში არსებული სიტუაციის შესახებ, ორგანიზატორების გარდა, საქმის კურსში იყვნენ სხვა მენტორებიც.

_ კონკურსის დაწყებისას, ვგულისხმობ ბრმა კასტინგს, წინასწარ გქონდათ თუ არა შეთანხმება საორგანიზაციო ჯგუფთან, თუ რომელი მენტორი უნდა აგერჩიათ?
_ წინასწარ არაფერი შეგვითანხმებია, ამ მხრივ თავისუფალი არჩევანი გვქონდა. დავით ევგენიძეზე თავად შევაჩერეთ არჩევანი. როდესაც გავიგეთ, თუ ვინ იქნებოდნენ მენტორები, ჯგუფმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ სწორედ დავით ევგენიძესთან უნდა წავსულიყავით, რადგანაც მას კლასიკური მუსიკალური განათლება აქვს და ის ახლოს არის იმ მუსიკასთან, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ.
_ როდის შეამჩნიეთ, რომ პროექტში ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ელოდებოდით და გარკვეული სახის მიკერძოებას ჰქონდა ადგილი კონკრეტული კონკურსანტის მიმართ?
_ ეს მარტივი შესამჩნევი იყო უკვე ლაივებიდან და თუნდაც რინგის პერიოდიან, სასცენო დადგმებშიდაც კი. მაგალითად, ძალიან მარტივ შემთხვევას მოგიყვანთ: სასცენო დეკორაცია „ცეცხლი“ მხოლოდ ერთი კონკურსანტისთვის იყო დამონტაჟებული და მისი გამოსვლის შემდეგ ის მოიხსნა, რამაც გაკვირვება გამოიწვია როგორც ჩვენში, ასევე მენტორებშიც კი. ასევე მნიშვნელოვანი იყო ერთ-ერთი პროდიუსერის პასუხი ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვაზე, - ბიჭებო, ნუ ღელავთ, ლაივებიდან ყველაფერი სამართლიანად იქნება.
_ რაც შეეხება ლაივ გამოსვლებს, ეს იყო ე. წ. გაცხრილვის მეორე ეტაპი (პირველი არის რინგი), რა დროსაც მაყურებლის ზარებთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა მენტორის გადაწყვეტილებას. სწორედ პირველი ლაივის დროს გაუშვეს პროექტიდან სოფო ბათილაშვილი, რომელსაც ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა მაყურებლის და თავისი გულშემატკივრების. მისი წინა გამოსვლები უკვე მოხვედრილი იყო „გლობალზე“ (კვირის საუკეთესო შესრულება, სხვადასხვა ქვეყნის „ვოისის“ პროექტებიდან შეკრებილი). ამ ფაქტმა არ გაგიჩინათ რაიმე სახის კითხვები?
_ რა თქმა უნდა, გაგვიჩნდა კითხვებიც და ეჭვებიც, რადგანაც დიახ, სოფო ბათილაშვილი არის ის შემსრულებელი, რომელსაც ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვიჭერდა მხარს, ამავდროულად, ნაწილი მასად ურეკავდა. შესაბამისად, ეს ნამდვილად გასაკვირი იყო. გარდა ამისა, ბათილაშვილის გამოჩენისთანავე ააგორეს კამპანია, რომ სწორედ ის იყო რჩეული და მასზე მუშაობდა მთელი შემოქმედებითი ჯგუფი და ის მიემგზავრებოდა „ევროვიზიაზე“. შემდგომში უკვე დავფიქრდით და გაგვიჩნდა მოსაზრება, რომ შესაძლოა, როგორც იტყვიან, „ძაღლის თავი“ სულ სხვაგან იყო დამარხული და ასეც მოხდა. უკვე გამოიკვეთა, რომ ხეჩანოვზე მუშაობდნენ. აღნიშნული მოსაზრება ჩვენი მენტორის, დავით ევგენიძის ნათქვამმაც გაამყარა, როდესაც პირად საუბრებში გვითხრა, რომ მთელი „კამანდა“ მუშაობს ირუზე და ამ მხრივ გააქტიურდითო. იგულისხმებოდა, რომ ხმების მობილიზება უნდა მოგვეხდინა და მხოლოდ ასე შევძლებდით პროექტში არსებობას. გარდა ამისა, იმასაც აღნიშნავდა, რომ დათო ფორჩხიძის თქმით, მასზედაც გარკვეული სახის ზეწოლა იყო ირუ ხეჩანოვთან დაკავშირებით, რის გამოც ის დისკომფორტს განიცდიდა. ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხეჩანოვი მუდმივად უსვამდა ხაზს საკუთარ გამარჯვებას. ფაქტობრივად, ის საუბრობდა არა როგორც კონკურსანტი, არამედ როგორც უკვე გამარჯვებული, რომელიც წავიდა „ევროვიზიაზე“. ერთი შემთხვევა იყო, პროდიუსერმა უთხრა, ირუ, როგორ უხდები სცენასო, რაზედაც მან უპასუხა, რომ შენ კი ხედავ და ხვდები ამას, მაგრამ სხვა კონკურსანტებმა რით ვერ გაიგეს, რომ მე ვარ გამარჯვებული და მე მივდივარ ევროვიზიაზეო?
გეტყვით იმასაც, რომ პირველი ლაივის შემდგომ უკვე თავად დათო ევგენიძეც დაუფარავად ამბობდა გაკვირვებული, _ ვის უპირებენ „ევროვიზიაზე“ გაშვებას, ამას? მისივე საუბრებით, რომელიც დადასტურებულია, ხეჩანოვის მამა, ძალიან დიდ თანხებს ხარჯავდა და გარდა ამისა, ირუსთვის უკვე დაწერილი იყო სიმღერა და შექმნილი იყო სასცენო კოსტიუმიც კი.
_ პროექტის მიმდინარეობისას ნათელი იყო, რომ თქვენ და კიდევ რამდენიმე კონკურსანტი აშკარად გამორჩეულები იყავით მაყურებლის თანადგომით და ეს კარგად გამოიხატებოდა მათ კომენტარებსა თუ ზარებში. ამ დროისთვის იგრძენით თუ არა რაიმე სახის საწინააღმდეგო ქმედებები თქვენი მისამართით?
_ სწორედ ამ დროს აღმოვაჩინეთ, რომ სოციალურ ქსელში იყო „ევროვიზიის“ გულშემატკივრების ჯგუფი, სადაც რამდენიმე ადამიანი, მართავდა სიტუაციას. ერთ-ერთი მათგანის პოსტები შენახულიც გვაქვს. აქ იგეგმებოდა, რომ როგორმე უნდა ვყოფილიყავით ნახევარფინალში აუტსაიდერებში და ამის შემდეგ დარწმუნებით საუბრობდნენ იმაზე, რომ ჩვენ დავით ევგენიძე პროექტს დაგვატოვებინებდა. აღნიშნული თავად ევგენიძესაც ვუთხარით და მან გვთხოვა, რომ მიგვეწოდებინა ე. წ. სქრინები და ინფორმაცია, თუ სად, რომელ ჯგუფში იწერებოდა ეს ყველაფერი. გარდა ამისა, გაკვირვება გამოიწვია იმანაც, რომ კომპოზიცია, რომელიც ნახევარფინალზე უნდა შეგვესრულებინა, უკვე იცოდნენ ირუს გულშემატკივრებმა და ამის განხილვა მიმდინარეობდა. ფაქტი იყო, რომ შიდა სამზარეულოდან გაჟონა. მათ ჰქონდათ კავშირი ადამიანთან, რომელმაც ზედმიწევნით იცოდა, თუ რას გეგმავდა ამა თუ იმ გუნდის წარმომადგენელი. რაც შეეხება ხმებს, ჩვენ ძალიან დიდი სამეგობრო გვყავს, თამამად შეგვიძლია ვთქვა, რომ ნახევარი საქართველო იქნება, ალბათ, რაც დავთვალეთ _ დაახლოებით 20 000 ხმა უნდა გვქონოდა. ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენ ვიყავით ლიდერები არა მხოლოდ დავით ევგენიძის გუნდში, არამედ თავად გამარჯვებულ კონკურსანტზე მეტი ხმა გვქონდა. ჩვენს ლიდერობას ადასტურებს კიდევ ერთი დეტალიც, რომელიც ნახევარფინალის მერე გახდა ცნობილი. ჩვენთან ერთად კონკურსი დატოვა კიდევ ერთმა მონაწილემ, გიორგი ფუტკარაძემ. მან დაგვირეკა და გვითხრა, რომ როდესაც სადილზე ვიყავით გასულები, ჩვენ მოვრჩით და გამოვედით, იქ კი დარჩნენ დათო ევგენიძე და ჩვენი გუნდის სხვა წარმომადგენლები, რა დროსაც მათთან მივიდა ერთ-ერთი პროდიუსერი, რომელმაც მათ უთხრა, რომ „ალეგრო“ ხმების კოლოსალური რაოდენობით ლიდერობდა. ამის მერე დაიწყო რაღაც ქმედებები.
_ ე. ი. თქვენ ამბობთ, რომ ციფრები გაყალბდა?
_ ჩვენს შემთხვევაში გაყალბდა თუ არ გაყალბდა ციფრები, ამ ინფორმაციის გამოტანა უკვე კრიმინალია, რადგანაც ამან ჩვენი შედეგი შეცვალა, გარკვეულწილად. სამი ადამიანი ვიდექით სცენაზე და გვეუბნებიან, რომ 8000 ხმა გვქონდა, რაც წარმოუდგენელია, რადგანაც ამდენ ხმას მხოლოდ ერთი ჩვენგანი მოაგროვებდა. ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისგან, მერებისგან თუ სხვა პირების მხრიდან.
_ რა ხდება ამ მხრივ სამართლებრივ ნაწილში? აპირებთ თუ არა დავას?
_ ჩვენი ადვოკატი გოჩა სვანიძე მუშაობს ამ საკითხზე, რომელმაც ოფიციალური წერილიც გადააგზავნა ხმების გამოთხოვასთან დაკავშირებით. იურიდიული დოკუმენტაციის მხრივ მან ასევე გამოითხოვა კონკურსის შიდა დებულება, სადაც ყველაფერი გაწერილია. ჩვენ გვინდა ამ საფუძვლიანი ეჭვების გაქარწყლება. დანარჩენი მოვლენები განვითარდება იმის მიხედვით, რა ინფორმაციასაც მოგვაწვდის პირველი არხი, თუმცა არის ეჭვი, რომ დრო გაიწელება.

_ მინდა გკითხოთ შოუსთან დაკავშირებით: პროექტში ცალსახად შესამჩნევი იყო, რომ შოუს ელემენტები მხოლოდ კონკრეტული კონკურსანტის შემთხვევაში იყო გამოყენებული. ამ მხრივ თუ გაგიჩნდათ შეკითხვები პროდიუსერებთან?
_ იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ჩვენ მოვითხოვეთ სიმებიანი საკრავები, რომელიც ყველაზე მეტად იყო საჭირო ჩვენ მიერ შესრულებული ნაწარმოებებისთვის. რუსიკო მორჩილაძემ (მუსიკალური ხელმძღვანელი) გვითხრა, რომ ეს მენტორს უნდა მოეგვარებინა, ისე როგორც ირუ ხეჩანოვის შემთხვევაში მოხდა, თუმცა როდესაც დავით ევგენიძეს მივმართეთ ამის თაობაზე, აღმოჩნდა, რომ ეს არხის პრეროგატივა იყო უშუალოდ. რაც შეეხება ცეკვების ნაწილს, როგორც გვითხრეს, მას აღნიშნულ ნომრებს ტყუპები ადგმევინებდნენ.

„ქრონიკა+“-მა აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება მოახერხა და გაარკვია, რომ ირუ ხეჩანოვის სასცენო დადგმას საზოგადოებრივი მაუწყებლის, „ევროვიზიაზე“ მომუშავე ქორეოგრაფი, გიორგი ტორიაშვილი აკეთებდა. ამის შესახებ ხეჩანოვი საკუთარ სოციალურ ქსელში თავადვე წერდა:
„ვიცეკვე უმაგრეს ბიჭებთან ერთად და უმაგრესმა ქორეოგრაფმა დამიდგა ცეკვა გიორგიტორიასვილი.

_ სხვა მენტორების მხრიდან თუ გაგიგიათ, რომ პროექტი ჩაწყობილი იყო?
_ ამის შესახებ ერთ-ერთი მწვრთნელის მეუღლე, მაია დარსმელიძეც წერდა, რომ სტეფანეს გასვლა არ უნდა ამ ყველაფრის გამოო.
_ კიდევ რა იყო ისეთი ამ კონკურსანტთან მიმართებით, რაც პირდაპირ მიანიშნებდა ხეჩანოვის გამარჯვებაზე?
_ როდესაც კონკურსანტს ბრმა კასტინგის შემდეგ მწვრთნელი შემოუბრუნდება და გაირკვევა, რომ შემდეგი სიმღერა უკვე დაწერილია, გიგა წერს სიმღერას, ჩემთვის ამის მერე ყველაფერი ნათელია. ერთმანეთს გავცეთ პასუხი, რას გვეუბნება ეს საუბარია?
_ თავად გიგა კუხიანიძე თუ ჩნდებოდა პროექტის მიმდინარეობისას?
_ ჩვენი წყაროების მეშვეობით შევიტყვეთ, რომ გიგა უნდა ყოფილიყო პროექტში ერთ-ერთი მწვრთნელი და სწორედ მასთან უნდა მოხვედრილიყო ირუ, თუმცა შემდგომ მოვლენები შეიცვალა. რაც შეეხება მის ჩართულობას პროექტის მსვლელობისას, ის ყოველთვის იყო ლაივებზე, იდგა იქ, სადაც იყვნენ არხის დირექტორი თინა ბერძენიშვილი და სხვა წარმომადგენლები, ვითომ არაფერი. თავდაპირველად ვკითხულობდით, ვინ იყო გიგა, შემდგომში კი გაირკვა, რომ მას ძალიან მჭიდრო კავშირები ჰქონდა არხის ხელმძღვანელობასთან და ამას ის ფოტომასალაც ადასტურებს, რომელიც თავად აქვს განთავსებული სოციალურ ქსელში.
_ სხვა კონკურსანტები თუ აპირებენ რამის თქმას პროექტთან დაკავშირებით?
_ რამდენადაც ვიცით, სხვებსაც სურდათ საუბარი, თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ გაჩერდნენ. აღნიშნულ მიზეზებზე გაგვიჭირდება, რომ ვისაუბროთ.

„ქრონიკა+“ ასევე დაინტერესდა, თუ რა ჯდება ირუ ხეჩანოვისა და Gიგა Pროდუცტიონ-სურვილების ასრულება? წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ევროვიზიის საორგანიზაციო ჯგუფმა, რომელშიც თავად არხის დირექტორი თინა ბერძენიშვილი და რუსუდან მანჯგალაძე არიან წარმოდგენილები, Giga
Production-ს ყველანაირ მოთხოვნაზე თანხმობა განუცხადეს. ჩვენთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი ისიც, რომ ირუ ხეჩანოვის საკონკურსო სცენოგრაფიაზე „ევროვიზია 2014-ის“ გამარჯვებულის, კონჩიტა ვურსტის სცენოგრაფი იზრუნებს, რაც არხს 30 000 დოლარი უჯდება.
რაც შეეხება სხვა ხარჯებს, რომლებშიც შედის დელეგაციის ტრანსპორტირება, სასტუმროს ნომრები, ასევე სხვადასხვა ფართზე კონკურსანტის რამდენიმე ვიზიტი, ინფორმაცია, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.
ასევე არ არის ცნობილი, რა დაუჯდა მაუწყებელს პროექტი „ვოისი“, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, სრულად იყო მორგებული Giga Production-სა და ირუ ხეჩანოვზე, თუმცა თუ წინა სეზონის ხარჯების მიხედვით ვიხელმძღვანელებთ, ის, სულ მცირე, მილიონი ლარი დაჯდა.

გაზიარება