QronikaPlus
კომპანია „ბეჰლენი“ VS საქართველოს მთავრობა და შპს „სპორტმშენსერვისი“

კომპანია „ბეჰლენი“ VS საქართველოს მთავრობა და შპს „სპორტმშენსერვისი“

2022-10-14 19:22:34

მაკა მოსიაშვილი

როგორც სოლომონი იტყოდა: „ყველაფერს თავისი დრო აქვს ამ ქვეყანაზე: არის ჟამი დაბადებისა და ჟამი გარდაცვალებისა. ჟამი ნგრევისა და ჟამი შენებისა. ჟამი ქვების სროლისა და ჟამი ქვების შეგროვებისა. ჟამი დუმილისა და ჟამი ლაპარაკისა“. ახლა რისი დროა, არ ვიცი… ჩემი დრო კი არსებულ პრობლემებზე საუბრებით იწყება…
ამ ქვეყანაში თითქოს აშენებენ, თითქოს აკეთებენ, თითქოს ყველაფერს ცდილობენ, მაგრამ კაცს საქმის კეთებაში რომ საკუთარი თავი შეუშლის ხელს, ასეა ამათი საქმე.

თელავი პატარა ქალაქი აღარ არის, თუ გასულ წელს 19000-მდე სრულწლოვანი ცხოვრობდა, ახლა უკვე 21 000-ია.
ახალგაზრდები მარადიულად იმაზე წუხან, რომ არ არსებობს სივრცეები, სადაც ისინი შევლენ, გაერთობიან, განვითარდებიან.
თელავში რამდენიმე სპორტული სივრცეა: ერთია თელავის სპორტული სკოლა გივი ჩოხელის სტადიონის მიმდებარედ; მეორეა კორტები; მესამეა კრივისსპორტ სკოლა; მეოთხეა ჭიდაობისა და ძიუდოს სპორტსკოლა; მეხუთეა კავკასიის არენა, სადაც რაგბის სპორტსკოლაა….
თუმცა უნდა ყოფილიყო კიდევ მეექვსეც.
რამდენიმე დღის წინ თელავის აქამდე დაკეტილი სპორტის „მეექვსე“ სასახლე მხოლოდ ერთი დღით გაიხსნა და იქ ძაღლების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალის დასრულების შემდეგ კი სპორტის სასახლეს ტრადიციულად დიდი ბოქლომი დაედო.
არადა, რამდენი წელია, თელაველები ამაოდ ელოდებიან ახალი სპორტის სასახლის გახსნას.
ყველაფერი კი ასე დაიწყო:
2016 წლის პრველ ოქტომბერს თელავში სპორტის სასახლის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.
პროექტი „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება და ის 2016-2017 წლებში საქართველოში სამი მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობას ითვალისწინებს. სამშენებლო სამუშაოებს კანადური კომპანია „ბეჰლენ ინდუსტრი“ გაუძღვება.
თელავში აშენდება ორდარბაზიანი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი, საერთო ფართობით – 10 000 კვადრატული მეტრი. სასახლის დიდი დარბაზი გათვლილია 1500, ხოლო პატარა 500 მაყურებელზე.
სპორტული კომპლექსის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას განახორციელებს – შპს „სპორტმშენსერვისი“.
2016 წლის სექტემბრის ბოლოს თელავში ყოფნის დროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა:
„კახეთში აშენდება სპორტის სასახლე, რომელიც საშუალებას მისცემს როგორც ახალგაზრდა სპორტსმენებს დაოსტატდნენ და თავიანთი ნიჭი გამოავლინონ, ასევე კახეთის რეგიონს, რომ უმასპინძლოს არაერთ საერთაშორისო ღონისძიებას“.
მშენებლობა 2018 წლის ბოლოს დასრულდა, თუმცა ობიექტს ამ დრომდე არც საერთაშორისო სპორტული ღონისძიებებისთვის უმასპინძლია და ვერც სპორტით დაინტერესებული ახალგაზრდები დაოსტატდნენ, რადგან სპორტის სასახლეს არც ერთი დღე არ უმუშავია და კარს ამ დრომდე ბოქლომი ადევს.
2018 წელს თელავის სპორტის სასახლეში იგეგმებოდა ხელბურთში ევროპისა და მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატების გამართვა, მაგრამ იმის გამო, რომ მშენებელობა ვერ დასრულდა, სპორტული ღონისძიებები თელავის ნაცვლად თბილისში ჩატარდა.
რა ეტაპზეა ლონდონის არბიტრაჟში მიმდინარე დავა სახელმწიფო შპს-სა და მშენებელ კომპანიას შორის, ჯერჯერობით უცნობია.
შესაბამისად, უცნობია, როდის დასრულდება თელავის სპორტის სასახლის მშენებლობა. უფრო სწორად, ისიც კი უცნობია, დასრულდა თუ არა მშენებლობა.
ხელშეკრულების მიხედვით, თელავის სპორტის სასახლის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2017 წელს, მაგრამ მოცემულ ვადაში მიმწოდებელი კომპანიის მიერ სამუშაოები არ შესრულდა.
თელავში მულტიფუნქციურ სპორტის სასახლეს კანადური კომპანია „ბეჰლენი“ აშენებდა. როგორც ცნობილია, კომპანიასა და სპორტის სამინისტროს შპს „სპორტმშენსერვისთან“ ლონდონის არბიტრაჟში სამართლებრივი დავა აქვთ დაწყებული.
კომპანია „ბეჰლენი“ ედავება საქართველოს მთავრობასა და შპს „სპორტმშენსერვისს“ სამი სპორტული კომპლექსის მშენებლობის თაობაზე. კონტრაქტის თანახმად, „ბეჰლენმა“ საქმე გადასცა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს!
„სამუშაოების დროულად შეუსრულებლობა გამოწვეული იყო თავად სამინისტროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობით. კერძოდ, სამინისტრო ვალდებული იყო სამშენებლო ობიექტები უზრუნველეყო კომუნალური მომსახურებით _ ელექტროენერგიით, გაზითა და წყლით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ნაცვლად, ობიექტი ელექტროენერგით, გაზითა და წყლით უზრუნველყვეს 2018 წლის გაზაფხულზე, ათთვიანი დაგვიანებით. ამ და კიდევ სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, კომპანია „ბეჰლენი“ ვერ ხედავს სხვა გამოსავალს, გარდა იმისა, რომ ხელშეკრულების შესაბამისად მიმართოს ლონდონის საერთაშორისო არბიტრაჟს, რათა აღიდგინოს თავისი ფინანსური დანაკარგი და რეპუტაცია“, _ ასე ხსნის კომპანია არსებულ პრობლემას.
თელავის სპორტის სასახლის გარე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით კიდევ 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.
კერძოდ კი 2 მილიონ-ნახევარზე მეტი დაიხარჯა სპორტის სასახლემდე მისასვლელი გზებისთვის და 400 ათასი _ კომუნიკაციების მოსაწყობად.
რა ეტაპზეა ლონდონის არბიტრაჟში მიმდინარე დავა სახელმწიფო შპს-სა და მშენებელ კომპანიას შორის, ჯერჯერობით, უცნობია. შესაბამისად, უცნობია, როდის გაიხსნება სპორტის სასახლეც. პროექტის მიხედვით, თელავის მულტიფუნქციური სპორტის სასახლე 2000 მაყურებელზე უნდა იყოს გათვლილი.

გაზიარება