QronikaPlus
„ქართველებთან იმიტომ არ გვიბრძოლია, აფხაზური მიწები რუსებს დარჩენოდათ“

„ქართველებთან იმიტომ არ გვიბრძოლია, აფხაზური მიწები რუსებს დარჩენოდათ“

2022-10-05 17:57:55

შორენა მარსაგიშვილი

27 სექტემბერი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა, რამდენიმე დღეში კი მტერმა მთელი აფხაზეთი დაიკავა. სოხუმის დაცემიდან 29 წლის განმავლობაში საქართველომ ვერაფერი გააკეთა დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად. არც იმ კითხვებს გასცემია პასუხი, რომლებიც ამ ომმა გააჩინა. სოხუმი დაეცა და მორჩა.

ყველაფერი კი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. იმ დღეს აფხაზეთში ქართული საჯარისო შენაერთების შეყვანას მოჰყვა სროლა, რაც ომში გადაიზარდა, თორემ ეს კონფლიქტი დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა _ ვერაგი რუსეთი დიდი ხნის მანძილზე ეძებდა საბაბს, რომ საქართველოსთვის აფხაზეთი წაერთმია.
ამისთვის აფხაზებიც კარგად მოამზადა. ყველას გემახსოვრებათ ომის მიმდინარეობისას აფხაზთა ფრაზები, _ პატარა ღელეში დახრჩობას დიდ ოკეანეში სიკვდილი გვირჩევნიაო. პატარა ღელე საქართველო იყო, დიდი ოკეანე _ რუსეთი. ოკეანეში დახრჩობის წინასწარმეტყველება აფხაზებს სოხუმის დაცემის 29 წლის თავზე აუხდათ. რუსეთში გამოცხადებული მობილიზაცია მათაც შეეხება. მათაც მოუწევთ უკრაინაში წასვლა, საიდანაც უკან დაბრუნების შანსი ძალიან მცირეა.
რუსეთმა აფხაზებს უკვე ღიად მოსთხოვა მთელი რიგი მიწების რუსეთის საკუთრებაში გადაცემა. ახლა დიდი ამბებია ატეხილი ბიჭვინთის თემის შესახებ. აფხაზები უარს ამბობენ რუსებისთვის ამ მიწის გადაცემაზე. რუსეთი უკან არ იხევს. განსაკუთრებით ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მონაწილეები აქტიურობენ. ისინი ამბობენ, რომ ქართველებთან იმიტომ არ უბრძოლიათ, რომ აფხაზური მიწები რუსებს დარჩენოდათ. რუსებმა კი ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ომი ყოფილიყო. აფხაზებსაც იმიტომ დაეხმარნენ, რომ ეს შესანიშნავი, ძირძველი ქართული მიწა მათ დარჩენოდათ. აფხაზები ახლა ნელ-ნელა მოდიან გონს, მაგრამ ძალიან გვიანაა. თან არც ქართული მხარე აკეთებს რამეს იმისთვის, რომ აფხაზებს სხვა გზა შესთავაზოს.

საბედისწერო შეთანხმება

ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. უიარაღო, უფორმო და ძირითადად მოხალისეებისგან შემდგარმა ქართულმა ჯარმა მტერს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია. ქართველების მხარეს კადრირებული რუსი ოფიცრები იბრძოდნენ. ისინივე ამარაგებდნენ აფხაზებს იარაღით. ქართველების წინააღმდეგ იბრძოდნენ ჩრდილოკავკასიელი „ბოევიკები“, თურქეთიდან და სირიიდან ჩამოსული დაქირავებული ჯარისკაცები. მსოფლიოში საქართველოს არსებობის შესახებ მაშინ თითქმის არავინ იცოდა და არც ჩვენ დასაცავად ამოუღია ვინმეს ხმა. დახმარების გაწევაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ერთადერთი, ვინც ჩვენ დაგეხმარნენ, იყვნენ უკრაინელები. „უნა უნსოს“ მებრძოლები ჩვენს მხარეს იბრძოდნენ. 7 მათგანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას შეეწირა. ბევრად მეტი დაიჭრა. დაცემული სოხუმიდან ქართველი დევნილები უკრაინულმა გემმა გაიყვანა. სვანეთის მთებში ჩარჩენილი დევნილებიც უკრაინელმა პილოტებმა გადაარჩინეს. მათ 8.000-მდე ადამიანი იხსნეს სიკვდილისგან.
მსხვერპლი მაინც დიდი იყო. დღემდე ზუსტად არ ვიცით, რამდენი სამხედრო ან სამოქალაქო პირი დაიღუპა ამ ომში. რატომღაც, ამ კონფლიქტს მეცნიერულად არავინ იკვლევს. აშკარაა, რომ ვიღაცებს რაღაცებზე პასუხის გაცემა არ სურთ.
დღეს საქართველო და მსოფლიო აღფრთოვანებით ადევნებს თვალს ყუკრაინელების ბრძოლას რუსების წინააღმდეგ. უკრაინელები შესაშურ სიმამაცეს იჩენენ… მაგრამ არც ჩვენი მებრძოლების გმირობა უნდა დავივიწყოთ. აფხაზეთის ომმა უამრავი გმირობის ისტორია დაწერა. მაშინ სოციალური ქსელები რომ ყოფილიყო, გაცილებით მეტს ეცოდინებოდა ამის შესახებ. მსოფლიოს ისიც ეცოდინებოდა, რომ რუსებმა ქართველებს გენოციდი მოუწყვეს! და არანაკლები საშინელებები ჩაიდინეს, ვიდრე დღეს ბუჩასა და იზიუმში სჩადიან.
საბედისწერო შეტევა სოხუმზე 1993 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. ქართული მხარე ამ შეტევისთვის სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, განიარაღებული დახვდა შეტევას. სოხუმის დაცემამდე 2 თვით ადრე საქართველომ საბედისწერო სამშვიდობო შეთანხმება გააფორმა.
სოხუმის დაცემას წინ უძღოდა რუსეთის მონაწილეობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები. 27 ივლისს სოჭის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომელიც აფხაზურმა მხარემ ცალმხრივად დაარღვია.
1993 წლის 1-20 აგვისტო: „ქართულმა მხარემ მთლიანად შეასრულა შეთანხმება: მდინარე გუმისთის მონაკვეთზე დატოვა მხოლოდ ორი სამეთვალყურეო პუნქტი, დაიწყო ბატალიონების დაშლა, ფოთის მიმართულებით გაიყვანა მძიმე ტექნიკა“.
1993 წლის 16 სექტემბერს რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა დაარღვიეს სოჭის შეთანხმება და რუსეთის სამხედრო ნაწილების დახმარებით დაიწყეს მასობრივი შტურმი პრაქტიკულად განიარაღებულ სოხუმზე. იერიში ძირითადად ხორციელდებოდა სოხუმის მშვიდობიან მოსახლეობაზე.

განწირული რეისი

ალყაშემორტყმული და განიარაღებული სოხუმი დახმარებას ვერსაიდან ღებულობდა. ენგურის ხიდი ზვიადისტებს ჰქონდათ გადაკეტილი. ცას აკონტროლებდნენ აფხაზები, დახმარება ვერც ჰაერიდან და ვერც ხმელეთიდან ვერ შედიოდა.
სოხუმში გაფრენა სიკვდილის ტოლფასი იყო, მაგრამ მაინც გამოჩნდნენ ისეთები, რომლებმაც გარისკეს სოხუმში გაფრენა. ის რეისი მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
1993 წლის 22 სექტემბერს თვითმფრინავს, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა და სადაც ქართველი მებრძოლები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, რუსული საბრძოლო ხომალდებიდან ცეცხლი გაუხსნეს. მფრინავმა შეძლო, ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი სოხუმის (ბაბუშერა) აეროპორტში დაესვა, თუმცა ავიალაინერში მყოფთაგან ცოცხალი მხოლოდ 19 გადარჩა, 92 კი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ერთი ოჯახის 4 წევრი იყო.
ბაბუშერის აეროპორტში დაღუპულები იქვე დაკრძალეს. ომის დამთავრებიდან გარკვეული დროის შემდეგ ბაბუშერის სამარხიდან ნეშტების ამოცნობა და გადმოსვენება მოხერხდა. გადმოსვენების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობდა. ტრაგედიის მსხვერპლთა ნეშტები დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.
ასეთივე განწირული რეისი შესრულდა ერთი წლით ადრე გაგრის მიმართულებით. 1992 წლის 2 ოქტომბერს გაგრა დაეცა. ქართველ მებრძოლებს იმედი ჰაქონდათ, რომ გაგრის გადარჩენა კიდევ შეიძლებოდა, ამიტომ რამდენიმე ათეული თავზეხელაღებული ქართველი ჩასხდა ვერტმფრენში და გაგრის მიმართულებით გაფრინდა. ვერტმფრენი ადგილზე ჩავიდა. მებრძოლების დიდი ნაწილი უკან ვეღარ დაბრუნდა. ისინი სამშობლოს დაცვას შეეწირნენ. ბევრი მათგანის საფლავი დღემდე არ არის ნაპოვნი.
აღსანიშნავია, რომ გაგრის დაცემასაც ხელშკრულების გაფორმება უძღოდა წინ. მაშინ შეთანხმება 3 სექტემბერს გაფორმდა, ერთ თვეში კი გაგრა დაიკარგა. გაგრის დაკარგვამ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა. გაგრის დაცემის შემდეგ ქალაქში ნამდვილი ჯოჯოხეთი დატრიალდა: რუსებმა და ჩრდილოკავკასიელმა „ბოევიკებმა“ ქართველებს კოშმარი მოუწყვეს. ცნობილი ფაქტია, რომ ქართველებს თავები მოაჭრეს და ამ თავებით ფეხბურთი ითამაშეს.
მაშინდელმა ხელისუფლებამ მთავარი აქცენტი ჩეჩენ მებრძოლებზე გადაიტანა. არადა, ჩვენ წინააღმდეგ სულ ასიოდე „ბოევიკი“ იბრძოდა, მაგრამ ჩეჩნების დემონიზება იყო საჭირო. საქართველოს პირველი პრეზიდენტი იმ დროისთვის ჩეჩნეთს აფარებდა თავს. რუსებს თითქმის არაფერში ადანაშაულებდნენ. არადა, ძირითადად, ისინი სჩადიოდნენ დანაშაულს. ეს დანაშაულებები დაუსჯელი დარჩა.
საქართველოს პროკურატურაში უამრავი საქმე დევს აფხაზეთის ომის დანაშაულებებზე, მაგრამ საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას თავში აზრად არ მოსვლია, ამ საქმეებისთვის მსვლელობა მიეცა. რუსებს იმას როგორ გაუბედავდნენ, გენოციდი მოგვიწყვეთო. ამის გაკეთება მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ სცადა, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს. „ქართული ოცნება“ ამაზე საერთოდ არ იღებს ხმას. არადა, ისეთი ფაქტებია, ბუჩა და იზიუმი აფხაზეთის კოშმართან მონაგონია.
ერთადერთი, ვინც შევარდნაძის დროს ქართველთა გენოციდზე ყვიროდა, თამაზ ნადარეიშვილი იყო. მისმა ბრძოლამ არანაირი შედეგი არ გამოიღო. საქართველოში საერთაშორისო მისიები კი ჩამოდიოდნენ, მაგრამ ყველა თვალს ხუჭავდა. პატარა საქართველოს გამო დიდ რუსეთს ხომ არ აწყენინებდნენ.
დიდ რუსეთს თვალები დაუხუჭეს ჩეჩენთა გენიოციდზეც. რუსებმა ჩეჩნური ქალაქები და სოფლები მიწასთან გაასწორეს. ასეულობით ათასი ჩეჩენი გაჟლიტეს. არანაკლები სისასტიკეები ჩაიდინეს, ვიდრე დღეს სჩადიან უკრაინაში, მაგრამ ამაზეც თვალი დახუჭა დასავლეთმა.
დასავლეთმა თვალი დახუჭა ჩეჩნეთის მეორე ომზეც, სადაც ასევე უამრავი ადამიანი მოკლეს და საშინელებები ჩაიდინეს. შემდეგ იყო 2008 წლის აგვისტოს ომი. დასავლეთმა მორდორს ესეც აპატია.
სირიის კოშმარზეც თვალები დახუჭეს და არც ყირიმის ანექსიის ამბავი გაუპროტესტებიათ. დონბასსა და ლუგანსკში რუსები რვა წლის განმავლობაში ხოცავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას, მაგრამ არც ამას იმჩნევდა დასავლეთი. ასე მდუმარედ უყურებდნენ რუსების მოწყობილ ჯოჯოხეთს, სანამ 24 თებერვალი არ დადგა. ამ დღემ ბევრი რამე შეცვალა. ახლა რუსეთი მსოფლიოს დიდი ნაწილის თვალში არის აგრესორი. დიდი ალბათობით, მათ ომის დანაშაულებებისთვის მოუწევთ პასუხისგება. უკრაინელები უკვე ამზადებენ სათანადო მასალებს. ომის დანაშაულებების ამსახველი დოკუმენტაცია მოამზადა ჩეჩნეთის დევნილობაში მყოფმა ხელისუფლებამაც. ეს მასალები მათ უკრაინაში ჩაიტანეს. არაა გამორიცხული, ერთობლივი მსვლელობა მიეცეს ამ საქმეებს.
საქართველოს პროკურატურაშიც ბევრი საქმეა, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ქართველებს გენოციდი მოუწყვეს, მაგრამ ამაზე ხმამაღლა საუბარს ვერავინ ბედავს. მეტიც: რუსეთზე რამე რომ თქვა, მეოცნებეები მაშინვე დემაგოიას იწყებენ, ომი გინდაო?
27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, უსირცხვილოდ მივლენ გმირთა მემორიალზე და სამარცხვინო განცხადებებს გააკეთებენ. ყველაფერს იტყვიან იმის გარდა, რომ რუსებმა ქართველების გენოციდი მოაწყვეს. ეს გენოციდი დღემდე გრძელდება.

ყულფი სოხუმის გარშემო

სოხუმის აღებას რუსები რამდენჯერმე შეეცადნენ, მაგრამ ყველა მათი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. პირველი მძლავრი შეტევა სოხუმზე 1993 წლის 15-16 მარტს განხორციელდა. არ ვიცით, რის ფასად, მაგრამ ქართველებმა ამ შეტევის მოგერიება შეძლეს, საოცრად იმუშავეს ქართველმა არტილერისტებმა. მოწინააღმდეგემ დიდი დანაკარგი განიცადა და ქართული მხარის პასუხით შოკირებული იყო. ქართველები მაშინ შეტევაზე გადასვლას აპირებდნენ, მაგრამ უმაღლესმა ხელმძღვანელობამ ამის უფლება არ მისცა.
მერე იყო ივლისი და ტამიშის დესანტი. 1993 წლის 2 ივლისს რუსებმა დაბა ტამიშში დესანტი გადმოსხეს. მათ დაიკავეს ტამიში და სოხუმისკენ მიმავალ მაგისტრალს აკონტროლებდნენ. სოხუმი მთლიანად მოწყვეტილი იყო და რუსები ქალაქზეც დაიწყებდნენ შტურმს. ტამიშის გზა უნდა გახსნილიყო. თითქმის ერთკვირიანი ბრძოლის შემდეგ ქართველებმა ტამიშში რუსული დესანტი გაანადგურეს. ტამიშის გზა გაიხსნა. ამას რამდენიმე ასეული ქართველის სიცოცხლე შეეწირა.
იმ დროს, როცა ქართველები ტამიშის განთავისუფლებას ცდილობდნენ და მთელი ყურადღება აქეთ იყო მიმართული, მოწინააღმდეგემ სოხუმის გარშემო სოფლებზე მიიტანა იერიში. ჯერ იყო კამანი. აქ ქართველებმა გასაოცარი სიმამაცე აჩვენეს. სოფელში, ძირითადად, სვანები ცხოვრობდნენ. ბრძოლის წინ სოფლის დამცველებმა კამანის იოანე ოქროპირის სახელობის ტაძარში დადეს ფიცი, რომ ბოლომდე დაიცავდნენ სოფელს. მამა ანდრია ყურაშვილმა მებრძოლები დალოცა, ეკლესიაში კი სოფელში მყოფი ქალები, ბავშვები და მოხუცები შეიფარა. კაცები მტერთან საბრძოლველად წავიდნენ. კამანს ქალებიც იცავდნენ იარაღით ხელში. რამდენიმე მათგანი დაიღუპა კიდევაც. ერთმა მამაცმა ქალმა, მერი პაკელიანმა, რომელიც დაჭრილი იყო და ტყვედ ჩავარდნა ემუქრებოდა, თავი აიფეთქა და რამდენიმე „ბოევიკიც“თან გაიყოლა.
ბრძოლა უთანასწორო იყო. სოფელი დაეცა. ძალიან ბევრი დაიღუპა. მძიმედ იყო დაჭრილი ზაზა პაკელიანიც, რომელიც სოფლის დაცვას ხელმძღვანელობდა. ის ძლივს მივიდა შტაბში და ქართულ მხარეს რაციით შემდეგი შეტყობინება გაუგზავნა: „ჩვენ დავიხოცეთ, დაბომბეთ კამანი“.
ქართველებმა მართლაც დაბომბეს კამანი, მაგრამ ეს უკვე არაფერს ცვლიდა, სოხუმთან მდებარე სოფელს მოწინააღმდეგე აკონტროლებდა. ისინი სასტიკად უსწორდებოდნენ სოფელში მყოფ ქალებს, მოხუცებსა და ბავშვებს. მათ არც ეკლესიის წინამძღოლი მამა ანდრია ყურაშვილი დაინდეს, ტაძარში შეუვარდნენ და ჰკითხეს, ვისი მიწაა აფხაზეთიო? მან უპასუხა, რომ ღვთის მიწააო. პასუხით გაცოფებულებმა მამა ანდრია დახვრიტეს.
წლების შემდეგ ქართულმა ეკლესიამ მამა ანდრია ყურაშვილი წმინდანად შერაცხა. ამის მიუხედავად, ქართულმა ეკლესიამ იმის თქმა ვერ გაბედა, რომ ქართველი სასულიერო პირი რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდა.
კამანის პარალელურად დაეცა სოფელი შრომა. ქართულ მხარეს მთელი ყურადღება ტამიშზე რომ არ ჰქონოდა გადატანილი, კიდევ შეიძლებოდა ამ სოფლის გადარჩენა, მაგრამ…. ტამიშის გზა მართალია განთავისუფლდა, მაგრამ სოხუმის გარშემო სოფლები მტრის ხელში იყო. სოხუმის გარშემო ყულფი ძალიან დავიწროვდა.

27 სექტემბერი

16 სექტემბერს მოწინააღმდეგემ სოხუმზე შტურმი დაიწყო. წინასწარ შემზადებული, კარგად დამუშავებული და ყოველმხრივ უზრუნველყოფილი გეგმის შესაბამისად, სეპარატისტთა ტყვარჩელის დაჯგუფებამ მძლავრი, სწრაფი შეტევით გაარღვია ფრონტის ხაზი ოჩამჩირე-ანუარხუ-აძიუბჟას ხაზზე და კოდორის შესართავი დაიკავა.
აძიუბჟას მიმდებარე ქართული სოფელი გადაწვეს, უკლებლივ ყველა ქართველი მამაკაცი მოკლეს და ყველა ქალი (მათ შორის, მცირეწლოვანი გოგონები) გააუპატიურეს. შემდეგ ისინიც დახოცეს.
კოდორის შესართავის დაკავებისთანავე აფსუანურმა შენაერთებმა და მათმა მოკავშირეებმა განაახლეს შეტევა ჩრდილოეთიდან (შრომა-კამანი) _ სოხუმის მიმართულებით. სოხუმი, ფაქტობრივად, დაუცველი აღმოჩნდა. ედუარდ შევარდნაძე კვლავ იმავე დღეს ჩაფრინდა ქალაქში, თუმცა ესეც უკვე ძალიან დიდ რისკთან იყო დაკავშირებული.
22-23 სექტემბრიდან ქართველმა მეომრებმა პოზიციებიდან გაქცევა დაიწყეს. მდგომარეობას ამძაფრებდა ის გარემოება, რომ მიუხედავად გააფთრებული ბრძოლისა, საქართველოს შეიარაღებული ძალების ოჩამჩირის დაჯგუფებამ ვერ შეძლო აძიუბჟას ზღუდის გარღვევა და სოხუმის დამცველებისთვის სამხედრო ტექნიკის მიშველება. ესეც ტეხდა წინააღმდეგობის ნებას.
1993 წლის 26 სექტემბერს, გვიან ღამით, სახელმწიფო მეთაური ედუარდ შევარდნაძე აგუძერაში ქართული შენაერთების დროებით შტაბში გადაიყვანეს (28 სექტემბერს, გამთენიისას, ის ბაბუშერიდან ბათუმში გადააფრინეს და იქიდან თბილისში დაბრუნდა), გია ყარყარაშვილმა კოდორის ხიდზე გადმოსვლა მოახერხა, თან რამდენიმე ათეული ჯარისკაცი და ორიოდე სამხედრო ტექნიკაც გადმოიყვანა, თუმცა თითქმის აღებული სოხუმისთვის ეს დახმარება იმდენად მცირე იყო, რომ ქალაქში მდგომარეობა არ შეცვლილა. 27 სექტემბერს, გამთენიისას, ქართული ჯარი და მშვიდობიანი მოსახლეობა ოჩამჩირეს უბრძოლველად ტოვებდა.
სოხუმში ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებდა. განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი. არც რუსებსა და ჩრდილოკავკასიელ „ბოევიკებს“ დაუკლიათ. ისინიც დაუნდობლად ხოცავდნენ ქართველებს. ათასი საშინელება ჩაიდინეს, მაგრამ ეს არც მსოფლიოს გაუგია და არც საქართველოს მოუთხოვია ვინმესთვის პასუხი.
ამ ომმა უამრავი ღალატისა და გმირობის მაგალითი დაგვიტოვა. ჟიული შარტავასა და გურამ გაბისკირიას ამბავი განსაკუთრებით გამორჩეულია. სოხუმი არცერთმა არ დატოვა. ჟიული შარტავაზე მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ ტყვედ ჩავარდა და მოკლეს. ომის დასრულებიდან რაღაც პერიოდის შემდეგ საქართველოს პატრიარქის სახელზე წერილი მივიდა უკვე ოკუპირებული აფხაზეთიდან. წერილის ავტორმა არ იცოდა, რომ პიროვნება, ვის შესახებაც წერდა, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. რუსულად დაწერილ წერილში ეწერა: „ჩვენ არ ვიცოდით, ვის ვესროდით, მაგრამ ერთი კია, გამაოცა ამ კაცის შეუდრეკელობამ, უშიშრობამ, სიმამაცემ, სამშობლოს ამგვარმა სიყვარულმა. მისი სახელი ასანთის კოლოფზე დავწერე, რათა იცოდეთ, როგორი გმირები ჰყავს საქართველოს. და თუ საქართველოს თუნდაც ერთი ადამიანი ჰყავს ასეთი, იმ ქვეყანას გადაშენება არ უწერია. ეს ბარათი მომწერა კაცმა, რომელიც მტრის ბანაკში იბრძოდა და, ალბათ, თვითონაც მონაწილეობდა შარტავასა და მისი მეგობრების წამებაში“.
ჟიული შარტავა აწამეს, მერე ფეხებში ესროლეს, შემდეგ ცოტა ზემოთ და ბოლოს, თავში ესროლეს. მასთან ერთად დაიღუპა უშიშროების გენერალი მამია ალასანია. სოხუმის დატოვება არც მან ისურვა.
სოხუმის აღების შემდეგ აფხაზებმა და რუსებმა ეთნიკური აფხაზი, გურაბ გაბესკირიაც დახვრიტეს. 1992 წელს გურამ გაბესკირია სოხუმის მერი გახდა, ხოლო 1993 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს წევრი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად პოლკოვნიკმა გურამ გაბესკირიამ უარი განაცხადა ალყაში მოქცეული ქალაქის დატოვებაზე, რის შედეგადაც, ტყვედ ჩავარდნილი მთავრობის ყველა წევრი, მათ შორის, გაბესკირია, სეპარატისტებმა დახვრიტეს.
სანამ დახვრეტდნენ, მას მოსთხოვეს, მოენანიებინა ქართველების გვერდით დგომა.
_ დაიჩოქე, პატიება გვთხოვე და შეაგინე ქართველებს! _ მოსთხოვეს გაბესკირიას.
_ არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ! _ ასე უპასუხა ტყვედ ჩავარდნილმა გურამ გაბესკირიამ „ბოევიკების“ მოთხოვნას. 2017 წლის 27 სექტემბერს გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ამავე წლის ოქტომბერში, ნეშტის იდენტიფიცირებისა და თბილისში გადმოსვენების შემდეგ, გურამ გაბესკირია სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.
29 წელი გავიდა ამ საშინელი დღიდან. კიდევ ბევრი გმირობისა და ღალატის ისტორია არ ვიცით. არც ის ვიცით, თუ როდის დავბრუნდებით მონატრებულ სოხუმში ან დავბრუნდებით კი საერთოდ? სამწუხაროდ, დრო ჩვენს სასარგებლოდ არ მუშაობს.
საქართველოში აფხაზეთი და სოხუმი ახლა მხოლოდ 27 სექტემბერს ახსენდებათ.

გაზიარება