- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2022-06-30 07:19:59
გიორგი საკარული
თბილისში დაამთავრა სკოლა, თეატრალური უნივერსიტეტი. წლების განმავლობაში გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელიც იყო და არ აპირებდა საქართველოდან წასვლას, მაგრამ მაინც მოუწია საფრანგეთში დაბრუნება. თუ რატომ, ამაზე ის ინტერვიუში საუბრობს... გავიდა წლები, ბევრი რამ გადააფასა, პროფესიულად უფრო და უფრო წინ მიიწევს, დიდი წარმატებით ეწევა სარეჟისორო საქმიანობას და, რაც მთავარია‚ საკურორტო ქალაქ ლაბოლში მას პატარა საქართველო აქვს შექმნილი – ქართული სიმღერით, ცეკვით, სამოსით, მიწვეული ქართველი მსახიობებით, რომლებსაც მაყურებელი მისი სპექტაკლების საშუალებით ახლოს ეცნობა.
როგორია რეჟისორის თვალით დანახული ქართული სპექტაკლები? რა აკლია მათ? რას ფიქრობს კულტურის მინისტრზე? როგორ და რა ოცნება აუხდინა მან ქართველ ჟურნალისტს? რის გამო დაიკლო 143 კილო? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ქრონიკა+“-ს რეჟისორი ალექსი ჯაყელი ესაუბრება.
_ ბატონო ალექსი, დავიწყოთ თავიდან: თქვენ თბილისში ცხოვრობდით, დაამთავრეთ სკოლა, თეატრალური უნივერსიტეტი, მერე გააგრძელეთ კარიერული გზა, იყავით გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დადგით უამრავი სპექტაკლი, აქტიურად მონაწილეობდით პროცესებში და ჩართული იყავით თეატრალურ სამყაროში... ამ დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, კარიერული თვალსაზრისით, წახვედით საფრანგეთში.
რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც დატოვეთ თქვენი ქვეყანა და წახვედით სრულიად უცხო გარემოში?
_ როდესაც ყველაფერს ამოწურავ საკუთარ თავში და გგონია, რომ წინ ვეღარ წახვალ, ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. მაშინ ოჯახი მყავდა, ჩემი ყოფილი მეუღლე ძალიან კარგი პიანისტი იყო და. ფაქტობრივად, 1999 წელს ცხოვრება ცაიტ-ნოტში მივიდა, უკვე ძალიან ძნელი იყო წინ წასვლა, რამის გაკეთება და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ მინდოდა, მივიღე გადაწყვეტილება, საცხოვრებლად საფრანგეთში წავსულიყავი. ეს არ იყო ჩემთვის რთული, რადგან მქონდა მოქალაქეობა, იქ დავიბადე... აი, ასე მივიღე ეს გადაწყვეტილება.
ძალიან დიდი ხანი ყოველ წელს მაწვალებდა კითხვა, _ ხომ არ შევცდი? იქნებ, არ უნდა წავსულიყავი?! ბავშვებიც იზრდებოდნენ და სულ მქონდა ეს ფიქრი, მაგრამ რაც დრო გადიოდა, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ასე გეტყვით: ვარ უბედნიერესად უბედური, რომ საქართველოში აღარ ვცხოვრობ.
_ რაღაც წამს არ ინანეთ? გული არ დაგწყდათ იმის გამო, რომ მიატოვეთ თქვენი საყვარელი საქმე? ცოტა დრო ხომ არ არის, აქ იცხოვროთ, სპექტაკლები დადგათ, აქტიურად იყოთ ჩართული და უცებ მიატოვოთ ყველაფერი და წახვიდეთ. იქ წასვლა უფრო პირადმა ცხოვრებამ განაპირობა?
_ არა, არანაირად _ არც პირადმა ცხოვრებამ და არც ფინანსურმა მდგომარეობამ. საქართველოში ცხოვრება შეუძლებელი გახდა. წავედი იმიტომ, რომ აღარ შეიძლებოდა უკვე აქ გაჩერება, მაფიოზებთან ურთიერთობა. გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვიყავი. გორში ეს მერია კი არ იყო, არამედ რეკეტიორებისა და მაფიოზების ბანდა, რომელიც მართავდა ამ რეგიონს და მთლიანად საქართველოსაც. შეუძლებელი იყო უკვე იქ გაჩერება.
_ საფრანგეთში ჩასვლის შემდეგ როგორ დაიწყო თქვენი ცხოვრება, რამდენად რთული გზა გაიარეთ იქამდე, სადაც დღეს ხართ? პროფესიული თვალსაზრისით ვამბობ.
_ ძალიან სწრაფად. ჩავედი თუ არა საფრანგეთში, მაშინვე აღმოვჩნდი ერთ-ერთ თეატრალურ კომპანიაში, სადაც დავდგი „მაკბეტი“ და პირველივე წელს ეს სპექტაკლი, დაახლოებით, 60-ჯერ გაიყიდა. ეს ძალიან დიდი შედეგია, უამრავი სტატია დაიწერა, საოცარი გამოხმაურება ჰქონდა. ამ კომპანიაში დაახლოებით 2005 წლამდე ვმუშაობდი, მქონდა მასტერკლასები, ვდგამდი სპექტაკლებს. ორ სპექტაკლში ვითამაშე კიდეც, როგორც მსახიობმა და 2005 წელს შევქმენი ჩემი საკუთარი კომპანია და გადმოვსახლდი ლა ბოლში, სადაც დღემდე ვარ. ფაქტობრივად, არ გავჩერებულვარ. თუმცა იყო ჩავარდნებიც და ამოვარდნებიც...
_ იქნებოდა, რა თქმა უნდა, თუმცა ეს არის ადგილი, სადაც ადამიანს აფასებენ და უფრო ადვილად ამჩნევენ.
_ არა, მაგას ნუ იტყვით. ეს ძალიან რთული ქვეყანაა, აქ კაპიტალისტური სისტემაა, შეიძლება ნახევრად სოციალისტურიც და მთლიანობაში ძალიან რთულია ამ ქვეყანაში ფეხის მოკიდება, მაგრამ არის სამართლიანი და კანონიერი. არავინ რაღაც პროექტს იმიტომ არ დააფინანსებს, რომ შენ ვიღაცის შვილი ხარ ან ვიღაცის ახლობელი და ნაცნობი....
_ მაგას ვგულისხმობ...
_ არ აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკურად ვის ემხრობი, ამის გამო არავინ დაგჩაგრავს. რა თქმა უნდა, საფრანგეთშიც არის რაღაც პატარა პროცენტი კორუფციის, ნეპოტიზმის, მაგრამ ეს ძალიან უმნიშვნელოა.
_ მინდა, თქვენს სპექტაკლებზეც ისაუბროთ: რა ხდება დღეს? რაზე მუშაობთ?
_ დღეს სპექტაკლები ძალიან შევამცირე, ისე აქტიურად აღარ ვმუშაობ, ჩემს ჯანმრთელობას მივხედე. ორ წელიწადში დავიკელი 143 კგ. ხომ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავს ეს! დავანებე მოწევას თავი, ვვარჯიშობ... ეს წლები მივუძღვენი ჯანმრთელობას. ამიტომ ნაკლებად ვიყავი დატვირთული თეატრში, მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლებს მაინც ვდგამდი, მაგრამ არა 8 და 9 სპექტაკლს, ორ-სამ სპექტაკლს წელიწადში. ძირითადად ვხატავ და რადგანაც უკვე აღარ მაქვს საქართველოსთან 2018 წლიდან არანაირი შეხება და არანაირი პროექტები, შევამცირე თეატრი ჩემს ცხოვრებაში. ძალიან კარგია სპექტაკლების კეთება, მაგრამ მე მაინც თავს მივიჩნევ ქართველად და ქართველ რეჟისორად. ისეთი ინტენსივობით აღარ ვმუშაობ, იმიტომ რომ როგორც ადრე ისე აღარ ჩამომყავს ქართველები. ამას გარკვეული მიზეზები აქვს, ახლა აღარ მოვყვები, მაგრამ ეს ჩემი მიზეზით არ ხდება.
_ ალბათ, ფინანსებთანაც არის დაკავშირებული მსახიობების საქართველოდან ჩაყვანა საფრანგეთში.
_ 2010 წლიდან 2018 წლამდე დაახლოებით 18 ქართული პროექტი განვახორციელე და 40-მდე არტისტი ჩამოვიყვანე. ფინანსურად საქართველოდან თუ რამე დაფინანსება იყო, ეს გახლდათ მხოლოდ 10-15% ან საერთოდ არ იყო, მაგრამ დღეს ისეთი მდგომარეობაა, რომ აღარ მაქვს არანაირი სურვილი ამ კუთხით ურთიერთობის მათთან, ვისაც ამ სფეროში სადავეები და ფინანსები უჭირავთ ხელთ.
_ ანუ ეს განაპირობა კულტურის არასწორმა პოლიტიკამ?
_ აბსოლუტურად! მე ვიტყოდი, დღევანდელი ქართული კულტურის პოლიტიკა არის ანომალიური და ავადმყოფური... თორემ არასწორი ყოველთვის იყო, არასწორი სააკაშვილსაც ჰქონდა, ყველას ჰქონდა არასწორი...
_ საინტერესოა თქვენი მოსაზრება კულტურის მინისტრზე...
_ ამაზე საუბარიც არ შეიძლება... მე ამ ადამიანს არ ვიცნობ, მაგრამ ის რასაც აკეთებს, რასაც ამბობს და როგორც იქცევა, ამაზე საუბარიც არ შეიძლება... თავის დროზე, როცა ჩამოვედი, მალევე მომივიდა კონფლიქტი სააკაშვილის ხელისუფლებასთან და იცით, რატომ? ინტერვიუში მკითხეს, _ რას ფიქრობთ, რობერტ სტურუა რომ გაათავისუფლა სამსახურიდანო? მე ვუთხარი, _ რობერტ სტურუას ისეთი რასისტული გამოსვლა ჰქონდა, რომ საფრანგეთში „კომედი ფრანსეს“ სამხატვრო ხელმძღვანელს ასეთი რამ რომ ეთქვა, შირაკი გაათავისუფლებდა-მეთქი, რადგან პრეზიდენტი ათავისუფლებს ეროვნული თეატრის ხელმძღვანელს. გახსოვთ, სტურუამ სააკაშვილზე თქვა, სომეხი ხომ არ არისო. მაგრამ რაზეა ლაპარაკი, როცა თვითონ პრეზიდენტი, რომელიც ათავისუფლებს რასისტული გამონათქვამის გამო რობერტ სტურუას, რაც არ უნდა დიდი დამსახურება ჰქონდეს თეატრისთვის, თვითონ ტელევიზიით გამოდის და ამბობს, _ ჩვენ ზანგები ხომ არ ვართო. ჰოდა, პრეზიდენტმა ეს არ უნდა თქვას.
მაგალითად, მოლიერს პიესებში დონ ჟუანზე მონოლოგი აქვს, სადაც სკანარელი ამბობს, _ ჩემი პატრონი, დონ ჟუანი, გათახსირებული, ცუდი ადამიანი და ნამდვილი თურქიაო. ეს ბატონი მოლიერის რასისტული გამონათქვამია, რადგან იმ პერიოდში ვიღაცას რომ ეტყოდი, შენ ნამდვილი თურქი ხარო, იგულისხმებოდა, რომ აფერისტი, მატყუარა ხარ და ა. შ., მაგრამ ის მოლიერია და ის არ არის ქვეყნის პრეზიდენტი. საქართველოში ყველა ხელისუფლებას ჰქონდა რაღაც ცუდი და რაღაც კარგი, მაგრამ ამათ რა აქვთ კარგი, არ ვიცი, ვერ გეტყვით. პირდაპირ КГБ-ს ხელში ვართ, რომელიც რუსეთისკენ მიგვაქანებს. აქ ორი აზრი არ არსებობს. მთელი საქართველო არის ნაყიდი, ამ კაცმა (ბიძინა ივანიშვილი, _ ავტ.) იყიდა, ყველას ხელფასი მისცა და ამის გამო ძალიან ბევრი ადამიანი ხმას ვეღარ იღებს. ეს ძალიან ძლიერი მანქანაა, პუტინის მანქანა, რომელმაც სათავეში ოლიგარქი დასვა.
_ თქვენ სტატუსი გეწერათ, _ ქართველ რეჟისორებს მოგიწოდებთ, დადგათ ქართული პათოსით გამსჭვალული სპექტაკლებიო. რას გულისხმობთ ამაში? პატრიოტული სული აკლია ქართულ სპექტაკლებს? როგორია საფრანგეთიდან დანახული თქვენი კოლეგების მიერ დადგმული სპექტაკლები? რა სჭირდება, რა აკლია დღეს ქართულ თეატრს? რამ განაპირობა თუნდაც ამ სტატუსის დაწერა?
_ აქედან სპექტაკლებზე არ დავდივარ, მაგრამ კარგად ვხედავ, თუ რა ხდება. ვფიქრობ, არანაირი მიმართულება არ აქვს სპექტაკლებს. დღეს მით უმეტეს საჭიროა თეატრი ხალხისთვის, თეატრი საკუთარი დუქანი კი არ არის. არადა, ჰგონიათ, რომ დიდი თეატრები საკუთარი დუქანია და რასაც უნდა და როგორც უნდა, ისე აკეთებენ. თეატრი ხალხს ემსახურება. დღეს ხალხს სჭირდება ვუთხრათ, რომ ჩვენ ვართ დაპყრობილები, ჩვენ ვართ დამონებულები, ხალხს ეს სჭირდება და, მინიმუმ, 10% ამას უნდა ამბობდეს, აქ კი 0%-ია. იყო ასეთი სპექტაკლი, თუ არ ვცდები, ქაქუცა ჩოლოყაშვილზე დადგა მარჯანიშვილის თეატრმა. მგონი, ლევან წულაძემ გააკეთა ეს სპექტაკლი. მე ტელევიზიით ვნახე ნაწყვეტები. ეს იყო კარგი, საინტერესო... ძალიან ბევრი ქართული მასალაა, რომელიც ლაპარაკობს ქართულ დაუმორჩილებელ სულზე და ქართულ მენტალიტეტზე, რომელიც იღვწის თავისუფლებისთვის.
როდესაც ვსაუბრობ პატრიოტულ სპექტაკლებზე, ახლა 21-ე საუკუნეა და არ ვგულისხმობ პათეტიკას, მაინცდამაინც ხმალი რომ უნდა ეჭიროთ ხელში და შაჰ აბაზს ახრჩობდნენ სცენაზე, მაგრამ...
_ თანამედროვე ჭრილშიც ხომ შეიძლება გადმოტანა?
_ რა თქმა უნდა.
_ თქვენი მთავარი სათქმელი რა არის? რა სპექტაკლზე იმუშავებდით სიამოვნებით? რა სპექტაკლს დადგამდით საკუთარ ქვეყანაში, საიდანაც გააჟღერებდით თქვენს მთავარ სათქმელს?
_ ძალიან ბევრია ასეთი სპექტაკლი.
_ არ გენატრებათ ქართულ სცენაზე მუშაობა?
_ კი, როგორ არა
_ ხომ არ აპირებთ ჩამოსვლას უახლოეს მომავალში?
_ არა, სამწუხაროდ, არა.
_ ბატონო ალექსი, საკმაოდ ბევრი წელია, წასული ხართ, რეჟისორობას რომ თავი დავანებოთ, როგორ ჩანს ევროპიდან დღევანდელი საქართველო?
_ საოცარია, მიუხედავად იმისა, რომ (შვიდი თვის წინ ვიყავი საქართველოში, ფაქტობრივად, 10 წელი არ ვყოფილვარ), ასეთი დამახინჯებული თბილისი არასდროს მინახავს და გული მომიკვდა. მიუხედავად ამისა, ამ მიწაზე რაღაც სული ტრიალებს ისეთი, რომ ძალიან მიმზიდველია ეს ყველაფერი და ძალიან ძლიერი. ვერ გამოვთქვამ, შეიძლება არ ვარ ობიექტური, იმიტომ რომ ქართველი ვარ და რაღაცნაირად მიმიწევს გული ამისკენ, მაგრამ ძალიან ბევრი ჩემი ახლო მეგობარი ფრანგი ჩამომიყვანია საქართველოში და მერე გაუზიარებიათ შთაბეჭდილება, _ რაღაც არის განსაკუთრებული ამ ქვეყანაში, განსაკუთრებული ხალხი ხართო. ამას ვერ ახსნი, ეს ისეთი ალქიმიაა, რომ ძალიან ძნელია ავხსნა, რა არის ეს განსაკუთრებულობა.
_ პრინციპში, ეს განცდა ყველა ქართველს აქვს, წასულ ემიგრანტს და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, რაღაც მაგნიტური ძალა, რომელიც ვერ ამოიხსნება, ფაქტობრივად, გარდა იმისა, რომ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა.
_ ნელ-ნელა იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ისეთი დიდი კულტურის ერები, როგორიც არის საბერძნეთი, ეგვიპტე, ეს ერები გადაიღალნენ, გადაიწვნენ... და დღეს სავალალო მდგომარეობაა ყველანაირად იქ. ვფიქრობ, რაღაცნაირად ხომ არ იწყება ეს პროცესი ჩვენთან, ხომ არ გადავიწვით? არ ვიცი, ამ კითხვას ვსვამ, პასუხი არ მაქვს. ხომ არ მივდივართ ბოლოსკენ? გადაშენებისკენ ხომ არ მივდივართ?
_ ჯერჯერობით ასეთი პირი უჩანს, მაგრამ იმედია, არ წავალთ.
_ ღმერთმა გისმინოთ.
_ ბატონო ალექსი, კიდევ მინდა შევეხო ერთ საკითხს: ბოლო პერიოდში თქვენ დადგით სპექტაკლი და ჩემს კოლეგასა და მეგობარ დეა თავბერიძეს აუსრულეთ ოცნება და ათამაშეთ _ მისმა ისტორიამ განაპირობა და დაგვაჯერა, რომ ოცნებები ხდება. როგორ გაიცანით დეა? როგორ შესთავაზეთ თეატრში თამაში, რატომ შესთავაზეთ საერთოდ, როგორ ასრულდა ეს ოცნება?
_ ეს ძალიან მარტივად და სწრაფად მოხდა. ფეისბუქზე ბევრი ახლო საერთო მეგობარი გვყავდა და მეგობრობა გავუგზავნე. მალევე მომდის შეტყობინება, _ რატომ მიგზავნით მეგობრობას? თეატრში უნდა მათამაშოთ? მივწერე, _ თქვენ მსახიობი ხართ? _ არა, მე ჟურნალისტი ვარო, _ მპასუხობს და მიყვება თუ როგორ ოცნებობდა მსახიობობაზე, როგორ ითამაშა 16 წლის ასაკში თეატრში, მაგ დროს თან შეუყვარდა, ოჯახი შექმნა და ვერ გახდა მსახიობი, მაგრამ მთელი ცხოვრება როგორ ოცნებობდა თეატრში თამაშზე... მე პირდაპირ ვუთხარი, _ გინდათ აგისრულოთ ოცნება? როგორო? _ გაუკვირდა... _ ჩამოდით ჩემთან საფრანგეთში და სპექტაკლში გათამაშებთ-მეთქი. ასე პირდაპირ და მართლა სერიოზულად ვუთხარი ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი... აი, აქედან აგორდა ეს ყველაფერი...
სპექტაკლი „თეატრალური ბრეინსტორმინგი“ იმის საშუალებას იძლევა, რომ შევიყვანო არაპროფესიონალი მსახიობი. ორი სიტყვით აგიხსნით, რატომ: ეს არის თეატრი თეატრში. რეჟისორი სპექტაკლს დგამს, რეპეტიციაა, ხალხი ესწრება და ამ დადგმის პერიოდში ათასი რამ ხდება, ის იმას ეკამათება, ეს პროტესტს გამოთქვამს, მსახიობები გამუდმებით რეჟისორს ეჩხუბებიან... ბოლოს ისმის სროლის ხმა, რეჟისორმა თავი მოიკლა და მსახიობები ამბობენ, _ მოიკლავდა, აბა, რა, ასეთ საშინელებას რომ დგამს კაცი, მოიკლავდა თავსო... მერე ერთ მსახიობს გამოაქვს ჩანთა, _ ნახე რამდენი ფული ჰქონიაო, ყველას კლავს და უნდა, რომ ამ ფულით გაიქცეს, ამ დროს დეა გამოდის სცენაზე, ეს მისი ბოლო სცენაა ამ სპექტაკლში, კლავს მსახიობს და ფული მიაქვს. ქრება შუქი, უცებ ისმის ხვრინვის ხმა და ირკვევა, რომ რეჟისორი ცოცხალია და ეს თურმე მისი სიზმარი ყოფილა. ასეთი ფორმა იძლევა იმის საშუალებას, რომ სპექტაკლში იყოს ვიღაც გოგო, რომელიც ხან ქართულად ალაპარაკდება, ხან ნასწავლი ფრანგული სიტყვებით და მსახიობები გაიძახიან, _ კი მაგრამ, ვინ არის? რატომ დგას სცენაზე? რა უნდა?.. ასეთ ფორმაში იყო გაკეთებული და ამან ძალიან ბევრი საინტერესო სიტუაცია მოიტანა.
_ როგორ შეაფასებთ დეას თამაშს? თავის დროზე, მისთვის თეატრალურ უნივერსიტეტში გული რომ არ გაეტეხა ერთ ადამიანს, დღეს ის მსახიობი იქნებოდა? თქვენი იმედები თუ გაამართლა?
_ რა თქმა უნდა, გაამართლა. ეს ხომ ძალიან ძნელია, წარმოიდგინეთ, მხოლოდ ორი რეპეტიცია გაიარა და ასე აღმოჩნდა სცენაზე, ასე შევიდა როლში. თან ერთი და ორი გამოსვლა კი არ ჰქონდა, მთელი სპექტაკლის მანძილზე სცენები ჰქონდა. ეს ძალიან ძნელია, ეს არის საშინელი სტრესი. მშობიარობის ტოლფასია ეს ყველაფერი და იმშობიარა, კარგად იმშობიარა.
_ ადვილად დამყოლი მსახიობი აღმოჩნდა დეა?
_ ჩემთან შეუძლებელია, მსახიობი არ იყოს დამყოლი, თუ დამყოლი არ არის, მასთან არ ვმუშაობ. როდესაც სპექტაკლს ვაკეთებ, ვაწყობ რაღაც ჩარხს, რომელიც მუშაობს. იქ თუ ყველა ჭანჭიკი და ელემენტი არ იმუშავებს, ეს ჩარხი მოიშლება. როგორც მანქანის ძრავა, ისე უნდა ფუნქციონირებდეს თითოეული ელემენტი, თუ რომელიმე არ მუშაობს, იმ ელემენტს ვიღებ... ამ შემთხვევაში დეა იდეალურად დამყოლი იყო. მაგრამ ეს ყოველთვის წინასწარი პირობაა, როდესაც ადამიანთან ვიწყებ მუშაობას, თუ პირველივე წამში არ იწყება ასე, ჩვენი ურთიერთობა არ შედგება.
_ ძალიან მაგარი ადამიანი ხართ, რომ ასე აუსრულეთ ეს ოცნება. ამ მაგალითმა ის გვაჩვენა, რომ ნებისმიერ დროს შეგვიძლია ავიხდინოთ ოცნებები... თქვენც გაქვთ ოცნება?
_ კი, რა თქმა უნდა. ჩემი ოცნება არ ახდენილა...
_ საინტერესოა, რატომ არ ახდა ან ვერ ახდა? რატომ იგვიანებს?
_ მე დავიკელი 143 კგ. არ ვიცი, თუ წარმოგიდგენიათ, ეს რას ნიშნავს. საფრანგეთში ექიმებთან რომ მივდივარ, იმათაც კი თვალები შუბლზე ასდით. ეს ყველაფერი იმიტომ გავაკეთე, რომ ძალიან მინდა დავდგა სპექტაკლი, სადაც მე ვითამაშებ მარტო. დაახლოებით საათი და 10 წუთი უნდა მიდიოდეს ეს სპექტაკლი, სადაც იქნება აბსოლუტურად ყველაფერი _ სიტყვა, მოძრაობა, ცეკვა, სიმღერა... აი, ეს არის ჩემი ოცნება. საფრანგეთში უნდა დავდგა ეს სპექტაკლი, ბილეთის ღირებულება იქნება 300 ევრო და მაყურებელს თუ არ მოეწონება და დაასაბუთებს, რომ ეს არის ცუდი სპექტაკლი, ამ თანხას ავუნაზღაურებ.
_ ამხელა წონა დაიკელით იმის გამო, რომ სპექტაკლში გეთამაშათ?
_ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომ იდეალურ ფორმაში ჩავდგე, შემეძლოს ნებისმიერი რამის გაკეთება: ვერტიკალურად სამი ნაბიჯი გავაკეთო კედელზე, ადგილზე გავაკეთო ორჯერ სალტო, ფიზიკურად რომ არ შემექმნას არანაირი დაბრკოლება, მიუხედავად იმისა, რომ ახლა 58 წლის ვარ.
_ და რა აკლია კიდევ ამ ოცნების ასრულებას? _ გარკვეული ფინანსური შესაძლებლობები. ტექნიკურად აქ ყველაფერი იქნება გამოყენებული, ვიდეო, ასევე ისეთი ხმის სისტემა, რომელიც ტრიალებს. ძალიან ბევრი რამ უნდა იყოს საოცრად თანამედროვე და არაჩვეულებრივი. ეს ყველაფერი იქნება ქართული ცეკვებით გაჯერებული და ამის არანჟირებას გააკეთებს ჩემი შვილი, რომელიც არის ძალიან მაგარი მუსიკოსი _ მან საოცარი რაღაცები გამი