- შაბათი, 11 იანვარი, 2025
2020-11-20 07:10:37
ცნობილი ამერიკელი ექიმი, დოქტორ ბლეილოკა და „ჯანმოს“ ექსპერტები შეშფოთებას გამოთქვამენ იმ უარყოფით პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ცხვირ-პირბადის ხანგრძლივი ტარებით შეიძლება იყოს განპირობებული. დამცავი საშუალებები უნდა გამოიყენებოდეს მინიმალური ინტენსივობით და მხოლოდ გარდაუვალი საჭიროებების დროს.
თვალებისა და სასუნთქი გზების დამცავი ასეთი ცხვირ-პირბადე მსოფლიოში არ არსებობს. ის მხოლოდ ჩვენ გვაქვს. იკითხავთ, ეს როგორ? _ ცნობილმა ქართველმა გამომგონებელმა, პროფესორმა თემურ მაისურაძემ, შექმნა უნიკალური რესპირატორი, რომლის ანალოგი მსოფლიოში არ არ არსებობს.
„ქრონიკა+“ თემურ მაისურაძეს ესაუბრება:
_ დღესდღეობით მსოფლიოში ანტიეპიდემიურ რესპირატორებთან დაკავშირებული პრობლემები შემდეგია: ბაზარზე არსებული რესპირატორები სრულად არ არის მომდგარი სახეზე და რჩება ადგილები, საიდანაც შეიძლება ვირუსმა შეაღწიოს. იორთქლება და ადამიანს უჭირს დიდხანს გაძლოს მის ქვეშ. საუბრის დროს ნიღაბი მოძრაობს და ხელით გიწევს მისი გასწორება. ამ დროს სწორედ საკუთარი ხელებით აბიძნურებ პირბადეს და გადამტანი თავადვე გამოდიხარ. მსოფლიოში ერთ-ერთ დამაბინძურებლად იქცა გადაყრილი რესპირატორები _ ჩინეთი ყოველდღე 115 მილიონ ნიღაბს აწარმოებს, ამდენივეს ინდოეთი, აშშ კი უშვებს 40-60 მილიონამდე. ანუ დედამიწაზე დღეში ნახევარ მილიარდზე მეტი რესპირატორი იყრება. ეს ცალკე პრობლემაა. ჩემი ამოცანა გახლდათ, შემექმნა ისეთი აირწინაღი, რომლის ხანგრძლივი ტარება იქნებოდა შესაძლებელი, ასევე მისი გარეცხვით სტერილიზება. რაც მთავარია, ის, რაც არც ერთ რესპირატორს არ აქვს, ეს არის თვალების დაცვის ფუნქცია. ცალკე უნდა გაიკეთოთ სახის გამჭვირვალე პლასტიკატის ნიღაბი და მის ქვეშ ცალკე პირბადე. მე შევქმენი რესპირატორი, სადაც სათვალის მოხსნა და გაკეთება შეიძლება მაგნიტური სამაგრებით. ანუ ხელის მიტანით მაშინვე ეწებება ნიღაბს და ადვილადვე ძვრება. თავად რესპირატორი გამოკრულია სამედიცინო სილიკონისგან დამზადებულ კარკასში, სადაც განთავსებულია პატარ-პატარა მაგნიტები. რაც მთავარია, პირბადე მაგნიტებზე არის მიკრული და სახეზე არ გედებათ. აქედან გამომდინარე, სინესტე არ გაწუხებთ, ვინაიდან მას სილიკონი იკავებს. თავად სილიკონი შევარჩიე და მივუახლოვე მაქსიმალურად ადამიანის კანის ე. წ. 20 სიმკვირივის სტრუქტურას. შედეგად, ყურებსა და სახის კანზე ვერ გრძნობთ მის შეხებას, იმიტომ რომ თავად კანს ჰგავს. გახლავთ მრავალჯერადი გამოყენების, შეგიძლიათ ჩვეულებრივი საპნით ყოველდღე გარეცხოთ, შეგიძლიათ შეარჩიოთ ნებისმიერი ფერისა და ნებისმიერი დიზაინის. ანუ ესთეტიკურიც არის და სრული დაცვის უზრუნველყოფაც შეუძლია. ვინმეს ეჭვი რომ არ შეეპაროს მის დაცულობაში, გეტყვით, რომ კარკასი არის სამედიცინო სილიკონისგან დამზადებული და პირბადის შიდა ფენებიც გახლავთ სამედიცინო სერტიფიცირებული მასალა. მას მოსდევს და ყველას ცალკე შეუძლია შეიძინოს ფილტრიანი პირბადეები, ე. წ. საწარმოო დანიშნულების, რომელსაც გვერდზე აქვს გამშვები სარქველი. ეს არის ახალი კონცეფცია, რაც მთავარია, პატენტუნარიანი და უკონკურენტო. ნებისმიერი პირბადე, რომელიც დღეს გამოიშვება, მათი გამეორება შეიძლება, რადგან გვერდით შეუძლიათ გაგიხსნან საწარმო და ანალოგიური პროდუქცია გამოუშვან. მას კონკურენტი არ ჰყავს, ვინაიდან დაპატენტებულია. ასეთი ფუნქციების მატარებელი კი დღეს მსოფლიო ბაზარზე არც ერთი პირბადე არ არის.
_ ძალიან პოპულარულია იტალიელი დიზაინერების მიერ შექმნილი ჩაფხუტი-პირპადე, სადაც ბლუთუზიც არის ჩამონტაჟებული, იგი 100 დოლარი ღირს.
_ რა თქმა უნდა, ბაზარს ვიცნობ. ამ ჩაფხუტ-პირბადეებს ელექტრონული დამუხტვა სჭირდება და უკვე დევაისებს წარმოადგენს. საკმაოდ მძიმეა და ჩაფხუტებით მოსახლეობა არ ივლის. ის არ სტერილიზდება და თუ მათში ჩაყენებულია ე. წ. ულტრაიისფერი გამოსხივებით სტერილიზაცია, ანდა სხვა სისტემა, ეს უკვე ცალკე მოწყობილობაა და მერწმუნეთ, მოსახლეობას მაგაზე ვერ გადაიყვან. მე ვსაუბრობ ყოველდღიურად სატარებელ პირბადეებზე, რომელიც უნდა ეკეთოს ტაქსის მძღოლს, მუშას, რიგით მოქალაქეს და ა. შ.
_ რა გამოხმაურება მოყვა თქვენს გამოგონებას?
_ პირველ რიგში, ყველა მეკითხება, სად შეუძლიათ შეიძინონ? რაზეც ვპასუხობ, რომ ვერსად, იმიტომ რომ წარმოებაში არ არის ჩაშვებული. ექსკლუზიურ ინტერვიუს პირველი თქვენ გაძლევთ. მაქვს ძალიან ბევრი შეხვედრა _ განვიხილავ ვარიანტებს. ჯერ პატარა წარმოებას საქართველოს მასშტაბით გავხსნი და შემდეგ, თანდათანობით, გავზრდი წარმოებას. სადისტრიბუციო კომპანიებისგან უკვე მაქვს შემოთავაზება. მაგალითად, ერთ-ერთი უდიდესი ქვეყნის სადისტრიბუციო კომპანია შემომეხმიანა და მთხოვა ექსკლუზიური დისტრიბუციის უფლების მიცემა. ეს უკვე სერიოზული განაცხადებია. საინტერესო ის არის, რომ ეს კომპანია თავადვე აწარმოებს რესპირატორებს.
_ დისტრიბუცია გასაგებია, მაგრამ წარმოებაში ინვესტირების წინადადებები თუ მიიღეთ?
_ ჩემი რესპირატორების დამზადების თვითღირებულება გამოდის 2 დოლარამდე და ფასი დადგინდება იქიდან გამომდინარე, შესრულების როგორი ვარიაცია იქნება _ საწარმოო ვარიანტი, სამედიცინო თუ სხვა დანიშნულების.
_ ანუ მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იქნება?
_ რა თქმა უნდა. თუ გვინდა საკუთარი თავის დაცვა, უნდა გავიკეთოთ ახალ-ახალი პირბადე. თუ ამას გადავიყვანთ ლარებში დღიდან პანდემიის დაწყებისა, აღმოჩნდება, რომ ძალიან იაფია ის პირბადე, რომელსაც მოსახლეობას ვთავაზობ.
_ ლარებში თუ გადავიყვანთ მთელი წლის განმავლობაში რესპირატორებში დახარჯულ თანხას, 100 დოლარიც იაფი გამოვა?
_ კი ბატონო, მაგრამ 100-დოლარიანი ნიღაბი არ არის ის, რომელიც ადამიანის სრულ დაცვას ითავებს.
_ თქვენს პირბადეს ვარგისიანობის ვადა რამდენი აქვს?
_ საკუთრივ სილიკონის კარკასს აქვს 5 წლის გარანტია, იმიტომ რომ ეს სილიკონი 5 წლის განმავლობაში არ კარგავს თავის თვისებებს, ჩასაფენი პირბადეები კი 150 გარეცხვას აიტანს ყოველგვარი პრობლემის გარეშე.
_ როდიდან აპირებთ წარმოებაში ჩაშვებას?
_ დღესვე, გამომდინარე იქიდან, რა შემოთავაზებები მექნება. როგორც კი შევჯერდები კონკრეტულ კომპანიასთან, მის წარმოებას დავიწყებ. ამას დასჭირდება სამ თვემდე, ვინაიდან რესპირატორების დამამზადებელი დანადგარები უნდა შევუკვეთოთ და ცალკე დავამზადებინოთ. პლუს, ჩამოტანა. უფრო ოთხი თვე დასჭირდება. ხუთი ცალი ნიმუში მთხოვეს, რომ აშშ-ში გამეგზავნა და ძალიან დიდი დრო დამჭირდა მის დასამზადებლად არასაწარმოო პირობებში.
_ თქვენ მიერ გამოგონილ სუნთქვის აპარატებს რა ბედი ეწია? „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნების შემდეგ 330 000-მა ადამიანმა წაიკითხა მასალა. თითქოს ძალიან დიდი დაინტერესება იყო.
_ მანდაც განხილვების დონეზე ვართ, იმიტომ რომ ერთი პრობლემის წინაშე ვდგავართ: აპარატი ძალიან მოსწონთ, მაგრამ ვერ გადაუწყვეტიათ, სერტიფიცირების პრობლემა როგორ მოგვარდება.
თემურ მაისურაძის მიერ გამოგონილი უნიკალური რესპირატორები შეიძლება წინგადადგმული ნაბიჯი გახდეს არა მარტო ქართული წარმოებისთვის, არამედ მსოფლიო უსაფრთოებისთვის. წარმოიდგინეთ, კაცობრიობა ქართული რესპირატორებით რომ მომარაგდეს. კიდევ ერთხელ გთავაზობთ ჩამონათვალს იმისა, თუ რით შეიძლება გახდეს ჩვენი ნოუჰაუ მსოფლიო მონაპოვარი.
ახალი პირბადე სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება:
თამარ როსტიაშვილი