- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-07-25 07:14:41
ახალი კორონავირუსის მეორე ტალღასთან საბრძოლველად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, „ნატო“ ერთვება. როგორც მისმა გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შესაძლო მეორე ტალღისთვის ემზადება. ამისთვის ყველა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ახალი საოპერაციო გეგმა უნდა შეადგინოს სამედიცინო აღჭურვილობის მომარაგებისა და აუცილებელი სამედიცინო მასალების სწრაფი მიწოდებისთვის, რაზედაც ახალ ფონდზე შეთანხმება უკვე შედგა.
რატომ არ მონაწილეობს ამაში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ამას „ქრონიკა+“ ცალკე პუბლიკაციას მიუძღვნის, ახლა კი ჯანდაცვის იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც მეორე ტალღის შემთხვევაში ამოქმედდება და რაშიც გარკვეული წვლილი ომბუდსმენის აპარატს მიუძღვის.
ევროპასა და აზიაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველოში უკვე ღიად საუბრობენ შემოდგომაზე მოსალოდნელი მეორე ტალღის შესახებ. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე ამირან გამყრელიძემ ამ დღეებში განაცხადა, საქართველომ მეორე ტალღისთვის მზადება უკვე დაიწყო.
„მეორე ტალღა შეიძლება გააქტიურდეს შემოდგომის, აციების პერიოდში, იმისდა მიხედვით, თუ რომელ სარტყელში ვართ. ჩვენთან, მოგეხსენებათ, რესპირატორული ვირუსები, ძირითადად, აქტიურდებიან ოქტომბრის მეორე ნახევრიდან და შესაძლებელია, გრიპთან ერთად, კორონავირუსული ინფექციაც გააქტიურდეს. თუმცა კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ მეცნიერთა გარკვეული ჯგუფი ემხრობა იმას, რომ თანდათანობით ვირუსის აგრესიულობა და ვირულენტობა იკლებს“.
ცუდი ამ ინფორმაციაში ის გახლავთ, რომ ვირუსი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან გააქტიურდება, კარგი _ ვირუსის აგრესიულობამ რომ შეიძლება დაიკლოს.
ასეც და ისეც, როგორც ქართველი, ისე უცხოელი უფლედამცველების აზრით, ჩვენს ქვეყანაში მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ადამიანის უფლებებს. კერძოდ, პირველი ტალღის დროს მნიშვნელოვანი დარღვევები დაფიქსირდა საკარანტინე და თვითიზოლაციის პირობებში ადამიანთა განთავსების დროს. ეს არ უნდა განმეორდეს მეორე ტალღის შემთხვევაში, რის შესახებაც სპეციალური ანგარიში მოამზადა სახალხო დამცველის აპარატმა.
„საზოგადოებირივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, იზოლაცია არის „ინფიცირებული პირის განცალკევება სხვა ადამიანებისგან დაავადების გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში“, საკარანტინე ღონისძიებები კი არის „ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში“.
მაშ, ასე! პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ პირს, რომელიც არ ეთანხმება მის მიმართ საკარანტინე ღონისძიების გამოყენებას, ჰქონდეს შესაძლებლობა გადაწყვეტილების მიმღებ ზემდგომ ორგანოში ან სასამართლოში მისი გასაჩივრების და რაც მთავარია, სამართლებრივი შედეგების დროულად მიღების.
ანუ თუ პირი არ ეთანხმება მისთვის წაყენებულ 14-დღიან იზოლაციას, გასაჩივრების შემდეგ მაქსიმუმ 2-3 დღეში უნდა მიიღოს პასუხი და არა 2-3 თვის შემდეგ. არსებული კანონმდებლობის პირობებში საკარანტინე რეჟიმის გასაჩივრება უბრალოდ აზრს კარგავს, რაც ადამიანის უფლებათა პირდაპირი დარღვევაა. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს დაკავებული თუ დაპატიმრებული პირის, რომლის მიმართაც არსებობს სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, დაუყოვნებლივ სასამართლოს წინაშე წარდგენას.
დღეს ამას განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც პირის დაკავების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის კანონიერება უნდა შეამოწმოს სასამართლომ. კი ბატონო, მაგრამ სასამართლო კონტროლი სავალდებულოა იმ შემთხვევებში, როდესაც პირს თავისუფლება ეზღუდება სამართალდარღვევის ჩადენაზე საფუძვლიანი ეჭვის გამო. მოცემულ შემთხვევაში კი, როდესაც საკითხი ეხება ინფექციური დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით პირის თავისუფლების შეზღუდვას, აქ ვრცელდება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ პირს, ვინც დააკავეს ან თავისუფლება შეუზღუდეს, უფლება აქვს სასამართლოს წესით, დროში ეფექტიანად მოითხოვოს დაკავების კანონიერების განხილვა და საფუძვლის არარსებობის შემთხვევაში განთავისუფლება.
ძალიან კარგია, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე სათანადოდ არის ინფორმირებული ახალი კორონავირუსის გავრცელების გზების თაობაზე. თუმცა ურიგო არ იქნება, თავიანთი უფლებების შესახებაც იცოდნენ, რომ შემდეგ ჩვენი, ჟურნალისტების დროც დაზოგონ თუ ცხელი ხაზებიც არ გადატვირთონ. ასე რომ, აქ მოცემულ ინფორმაციას ყურადღებით გაეცნონ.
საქართველოს სახალხო დამცველმა უკვე დადო ანგარიში იმის შესახებ, რომ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი არ წარმოადგენს ეფექტიან მექანიზმს, რადგან გასაჩივრება ხდება ზოგადი ადმინისტრაციული გასაჩივრების წესით, ჯერ ზემდგომ ორგანოში, შემდეგ კი _ სასამართლოში და გასაჩივრების ეს პროცესი შეიძლება, თვეები გაგრძელდეს. როგორც აღვნიშნეთ, საკითხი ეხება 14 დღით თავისუფლების შემზღუდავ ღონისძიებას და ომბუდსმენის მოთხოვნით იმისთვის, რომ გასაჩივრება ჩაითვალოს სამართლებრივი დაცვის ქმედით საშუალებად, სამართლებრივი შედეგი მაქსიმალურად მცირე დროში უნდა დადგეს. ანუ პირმა მაქსიმალურად მცირე დროში რომ შეძლოს საკარანტინე სივრცის დატოვება.
ახლა გადავიდეთ კონკრეტულ შემთხვევებზე.
მონიტორინგის მიმდინარეობისას ბავშვის უფლებების თვალსაზრისით საყურადღებო ორი შემთხვევა გამოვლინდა. ეს ორი შემთხვევა საყურადღებოა იმდენად, რამდენადაც კარგად ჩანს ის ზიანი, რაც ბავშვს შეიძლება მიადგეს საკარანტინე სივრცეში მოთავსებით. სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის დროს გამოვლენილ ერთ შემთხვევაში, საკარანტინე სივრცეში ქალი მოთავსებული იყო ორ ბავშვთან ერთად, რომელთაგან ერთ ბავშვს აღენიშნებოდა მუდმივი გაღიზიანება, ეშინოდა უცხო სივრცეში ყოფნის და ტიროდა გამუდმებით, რაც მეორე ბავშვში დამატებით სტრესს იწვევდა. მეორე შემთხვევაშიც ქალი საკარანტინე სივრცეში მოთავსებული იყო ორ ბავშვთან, სადაც, ერთ-ერთ ბავშვს აღენიშნებოდა აუტისტური სპექტრის აშლილობა, რის გამოც დახურულ სივრცეში ყოფნა მისთვის შეუძლებელი იყო. ეს მეორე ბავშვის ძილის რეჟიმის დარღვევას იწვევდა. პირველ შემთხვევაში დედას დამხმარედ ოჯახის წევრი შეუყვანეს, ხოლო მეორე შემთხვევაში სასტუმრომ ოჯახს დამატებითი ოთახი გამოუყო. არადა, ეს ოჯახები ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მიხედვით თვითიზოლაციაში უნდა გადაეყვანათ. ორივე შემთხვევაში თვითიზოლაციაში გადაყვანაზე, რაც ბავშვების მდგომარეობაზე, სავარაუდოდ, დადებითად აისახებოდა, უარი ეთქვათ.
ბავშვთა კვებას რაც შეეხება, დადგინდა, რომ რამდენიმე შემთხვევაში საკვების მომზადების დროს არ იყო გათვალისწინებული ბავშვებისთვის აუცილებელი საჭიროებები. პრობლემები მოგვარდა მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში (ისიც რამდენიმე დღის შემდეგ), რიგ შემთხვევაში აღნიშნული პრობლემა არ მოგვარებულა.
კარანტინში ან თვითიზოლაციაში გადაყვანამდე მნიშვნელოვანია მოგვარდეს აეროპორტში არსებული პრობლემები.
ერთ-ერთმა პირმა მოითხოვა თვითიზოლაცია საქართველოში დაბრუნებამდე. შეავსო ფორმა და ამ პერიოდში ბინის შემოწმებაც მოასწრეს, მაგრამ როგორც კი ეს პირი საქართველოში ჩამოვიდა, აეროპორტში უარი უთხრეს თვითიზოლაციაში გადაყვანაზე. მანამდე, საქართველოში დაბრუნებამდე, აღნიშნული პირი დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროს, ვინაიდან ვერ ავსებდა თვითიზოლაციის ფორმას. სამინისტროში უთხრეს, რომ ვერ დაეხმარებოდნენ, რადგანაც აზრი არ ჰქონდა შევსებას. კითხვაზე, _ რატომ? _ ჯანდაცვის სამინისტროსგან იყო პასუხი, რომ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში (მაგ.: ჯანმრთელობის მდგომარეობა) შეიძლებოდა თვითიზოლაციაში გადაყვანა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ პირმა მაინც მოითხოვა თვითიზოლაციაში გადასვლა, თუმცა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ ჯანდაცვის სამინისტროდან უარი მოვიდა პირის თვითიზოლაციაზე. ამ პიროვნებამ გადაწყვიტა, თავისი უფლებების დაცვა და მიმართა ცხელების ცენტრს, სადაც განუმარტეს, რომ ვინაიდან PCR ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა (ანუ არ ჰქონდა „კოვიდი“), იგი თვითიზოლაციაში უნდა გადასულიყო. გამოუყვეს ტრანსპორტი, რომელსაც პირი სახლში უნდა წაეყვანა თვითიზოლაციისთვის და ამ ტრანსპორტმა წაიყვანა სასტუმროში და არა სახლში. სასტუმროში პირი შეეცადა მის ხელთ არსებული ერთადერთი საშუალებით _ ცხელი ხაზის (144) მეშვეობით, საკითხის გარკვევას, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.
ეს შემთხვევა არ გახლავთ ერთადერთი და ევროპული კონვენციის თანახმად, ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა ომბუდსმენის ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაციის შედეგად ირკვევა, რომ სამინისტროს ხელთ არსებული შეზღუდული ადამიანური და ტექნიკური რესურსების გამო, რთული იყო პირთა თვითიზოლაციაში გადაყვანის ორგანიზება.
აქვე უნდა აღვნიშნოთ დადებითი ტენდენცია, კერძოდ, 2020 წლის 2 ივნისიდან N322 დადგენილებაში გაიწერა დამატებითი კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს პირი თვითიზოლაციაში გადასაყვანად. ასე რომ, ახალი ტალღის შემთხვევაში ასე ხელაღებით ყველას ვეღარ გადაიყვანენ კარანტინში.
112-დან 91 შემთხვევაში, საზღვრის გადმოკვეთის დროს, პირებს მიეწოდათ ინფორმაცია სავალდებულო კარანტინის შესახებ. აქედან, 13 შემთხვევაში ინფორმაცია არც ზეპირად და არც წერილობით არ მიწოდებიათ. 91 შემთხვევიდან მხოლოდ 34 პირს გადაეცა „თვითიზოლაციას დაქვემდებარებული პირის ინფორმირების ფორმა“. 57 შემთხვევაში, რესპონდენტების განცხადებით, კარანტინში ყოფნისას, სამართალდამცველი პირები, სამედიცინო და სასტუმროს მომსახურე პერსონალი მათ ეთიკურად ეპყრობოდა. 2 შემთხვევაში რესპონდენტები საუბრობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან ძალის გადამეტებაზე. 3 შემთხვევაში, თბილისის აეროპორტში მყოფი პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა უხეშ დამოკიდებულებასა და მიმართვას (დაყვირება, ცინიკური და აგდებული მიმართვა), ხოლო 5 შემთხვევაში ამგვარ მოპყრობას ადგილი ჰქონდა სასტუმროს თანამშრომლის, მიკროავტობუსის მძღოლისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის მხრიდან.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებს, საკარანტინე სივრცეებში განაწილებამდე უწევდათ საქართველოს აეროპორტებში გარკვეული დროით მოცდა. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ნორმატივით, ასეთი პირები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ძილისთვის შესაბამისი პირობებით, სათანადოდ მოწყობილი საპირფარეშოთი და საშხაპით. ზედმეტია იმის დაწერა, რომ მსგავსი რამ საქართველოს აეროპორტებში არ ყოფილა. სუფთა ჰაერზე ყოველდღიურ გასეირნებაზე, საკვებით და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. აეროპორტში არსებულ პირობებზე, სახალხო დამცველის ანგარაშში, საკარანტინე სივრცეში განთავსებულ პირებთან ჩაწერილი ინტერვიუების შედეგად, ცალკეულ შემთხვევებში გამოიკვეთა საქართველოს აეროპორტებში საზღვარგარეთიდან დაბრუნებული მოქალაქეების ხანგრძლივი დროით დაყოვნების, არასათანადო მოცდის პირობების, სასმელი წყლისა და საკვების ხელმისაწვდომობის პრობლემები.
91 გამოკითხულიდან, ვინც საზღვარი გადმოკვეთა, 41 პირს მოუწია 1 საათი და მეტი მოსაცდელ სივრცეში გატარება ტრანსპორტირებამდე. მათგან 3 პირი დაყოვნდა 16 საათი, 4 პირი _ 5-6 საათი, 4 პირი _ 4 საათი, 24 პირი _ 2-3 საათი, 6 პირი _ 1-2 საათი. 8 რესპონდენტის განმარტებით, სადახლოს სასაზღვრო გამტარ პუნქტში და თბილისის აეროპორტში არ იყო საკმარისი მოსასვენებელი სკამები და 9 რესპონდენტის თქმით, ხალხის დიდი რაოდენობით ერთ სივრცეში მოთავსების გამო შეუძლებელი იყო დისტანციის დაცვა. ამასთან, 3 შემთხვევაში (დაახლოებით 2 საათის მანძილზე) სადახლოს სასაზღვრო გამტარ პუნქტში პირები განთავსებული იყვნენ კარავში, სადაც ციოდა და არ იყო საძილე პირობები. 1 საათზე მეტი ხნით დაყოვნებულ პირთაგან 5 შემთხვევაში არ იყო ხელმისაწვდომი სასმელი წყალი. 8 შემთხვევაში არ იყო ხელმისაწვდომი საკვები, კერძოდ, სადახლოს სასაზღვრო გამტარ პუნქტში დაახლოებით 16-საათიანი მოცდის პირობებში 3 შემთხვევაში არ იყო უზრუნველყოფილი კვება, ამავე პუნქტში 1 პირს 4-საათიანი მოცდის პირობებში და არც შემდგომ ტრანსპორტირებისას არ გადაეცა საკვები. თბილისის აეროპორტში 4 რესპონდენტის თქმით, 4-5 საათის დაყოვნების პირობებში ასევე არ იყო უზრუნველყოფილი კვება. 2 შემთხვევაში გამოიკვეთა საპირფარეშოთი სარგებლობის პრობლემა (ფიზიკურად არ იყო ხელმისაწვდომი).
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ახალი ტალღის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია აეროპორტებსა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში განთავსდეს საკმარისი რაოდენობის სკამები და ყველა მგზავრი, მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყონ სასმელი წყლითა და საპირფარეშოთი. სირცხვილია, დღეს რომ ამაზე ვწერთ! ხოლო ხანგრძლივი დროით დაყოვნების პირობებში, დამატებით უზრუნველყონ საკვებით.
55 შემთხვევაში მგზავრები გადაიყვანეს შორს მდებარე საკარანტინე სივრცეში. მგზავრობას 3 საათზე მეტი დრო დასჭირდა. 55-დან 10 რესპონდენტის თქმით გზაში კვება არ იყო უზრუნველყოფილი. 99 შემთხვევაში საჭიროებები არ ჰქონიათ მგზავრებს, ხოლო 8 შემთხვევაში მგზავრებს საჭიროებები წარმოექმნათ, ამათგან 7-ს დაუკმაყოფილდა საჭიროებები _ 2 პირს დაგვიანებით დაუკმაყოფილდა საპირფარეშოს საჭიროება, ხოლო 1-ს არ დაუკმაყოფილდა _ გული ერეოდა და არ გაუჩერეს ტრანსპორტი. რიგ შემთხვევაში თითო პირს 2-ჯერ ან მეტჯერ მოუწია მგზავრობა.
112 რესპონდენტის გადმოცემით, 127 ტრანსპორტირების შემთხვევიდან 78 შემთხვევაში მგზავრობა იყო უსაფრთხო და კომფორტული, 14 შემთხვევაში მგზავრობა არ იყო კომფორტული და უსაფრთხო. საკარანტინე სივრცეებში მყოფი 112 პირის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ სასტუმროებში საცხოვრებელი პირობები ძირითადად კარგი იყო. ერთეულ შემთხვევებში რესპონდენტები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ სასტუმროში არსებულ პირობებთან დაკავშირებით. კერძოდ, გამოკითხული 112 რესპონდენტიდან მხოლოდ 14 პირი გამოხატავდა უკმაყოფილებას ნომერში არსებულ პირობებთან დაკავშირებით. მაგალითად, რუსთავში მდებარე სასტუმროში განთავსებული 6 რესპონდენტის თქმით, ოთახში, ფაქტობრივად, ბნელოდა, ისეთი სუსტი ხელოვნური განათება იყო, არ ჰქონდათ მაგიდა, საკვებს ტუმბოზე ან ფანჯრის რაფაზე მიირთმევდნენ. თბილისში მდებარე სასტუმროში მყოფი 3 რესპონდენტი გამოხატავდა უკმაყოფილებას სასტუმროს პირობებთან დაკავშირებით, კერძოდ, 2 რესპონდენტის თქმით ისინი დასალაგებელ ოთახში მოათავსეს, ხოლო მესამე რესპონდენტის თქმით ის მოთავსებული იყო მცირე ზომის (15 კვ.მ.-მდე) ოთახში, სადაც არ იყო რბილი ავეჯი. იმ ფონზე, რომ ოთახს ვერ ტოვებდა, არ ჰქონდა აივანი და რაიმე სახის აქტივობებს სასტუმრო არ სთავაზობდა, მისთვის ეს იყო სრული კოშმარი.
მარნეულში მდებარე სასტუმროში რესპონდენტის ყოფნის 2 დღის მანძილზე, მისი თქმით, არავინ შესულა ოთახის დასალაგებლად; მას ოთახში ასევე არ ჰქონდა წყლის მადუღარა, ხოლო ცუდი ინტერნეტკავშირის გამო, პრაქტიკულად, ვერ იყენებდა გარე სამყაროსთან კავშირის ამ საშუალებას.
არადა, სახელმწიფოსა და სასტუმროს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირების კვება უნდა იყოს სამჯერადი, რაზედაც თითოეულ სასტუმროს გამოყოფილი ჰქონდა შესაბამისი დღიური თანხა.
112 გამოკითხული პირიდან მხოლოდ 23 რესპონდენტი გამოხატავდა უკმაყოფილებას სასტუმროში მიწოდებულ საკვებთან დაკავშირებით. მაგალითად, რუსთავში მდებარე სასტუმროში მყოფი 6 რესპონდენტის თქმით, მათთვის საკვები ცივი იყო და არასაკმარისი რაოდენობით მიჰქონდათ. რომ საჭმელი არ ჰყოფნიდათ და ნახევრად მშივრები რჩებოდნენ.
რესპონდენტთა უმრავლესობის განცხადებით, სამედიცინო პერსონალი ყოველდღიურად უკავშირდებოდა საკარანტინე სივრცეში მყოფ პირებს უშუალო შემოვლის ან ტელეფონის საშუალებით და იღებდნენ ინფორმაციას მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ერთ-ერთი რესპონდენტის თქმით, ქრონიკული დაავადების გამო ესაჭიროებოდა მედიკამენტი, რომლის მარაგიც აღარ ჰქონდა და მოითხოვა ამ მედიკამენტის დანიშვნა, მაგრამ მრავალჯერადი მცდელობების მიუხედავად, ექიმს ვერ დაუკავშირდა, რათა ფორმა N100/ა მიეღო მედიკამენტის შესაძენად. ეს მედიკამენტი მას სასწრაფოდ ესაჭიროებოდა, თუმცა მისთვის მედიკამენტის მიწოდება მოხდა 3 დღის შემდეგ, ისიც ოჯახის წევრების მიერ.
მეორე შემთხვევაში ერთ-ერთმა რესპონდენტმა მედიკამენტები მოითხოვა არტერიული ჰიპერტენზიის გამო, რომელიც მოთხოვნიდან 8 საათის შემდეგ მიაწოდეს არასრულად. ასევე მის მეუღლეს დანიშნულ მედიკამენტებზე უთხრეს, რომ თავად შეეძინათ და ისინი ოჯახმა უზრუნველყო.
თამარ როსტიაშვილი