- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-06-12 11:04:50
თბილისის ახალი გენგეგმის მიღებიდან სამი წელი გავიდა და არც ერთი მისი პუნქტი შესრულებული არ არის. მეტიც: პროექტი, რომელშიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარია გადახდილი, არ ამოქმედებულა.
მოქმედი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა თბილისის ადგილობრივმა მმართველობამ 2009 წელს მიიღო. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ ამ გეგმის განახლების საკითხი დადგა. თითქოს მეტი სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საქმე ხელისუფლებას არ ჰქონდა _ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლება-შემუშავება რთული პროცესია. იგი ელემენტარულად საჭიროებს გამართულ ეკონომიკურ-სოციალურ ფონს. მიუხედავად ამისა, დედაქალაქის ახალ გენგეგმაზე მუშაობა დაიწყო და 2015 წლის ოქტომბერში გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა 70-ზე მეტმა კომპანიამ _ როგორც ქართულმა, ისე უცხოურმა. მანამდე იყო ნარმანიას საზეიმო სიტყვა საცხოვრებელი გარემოს გაუარესებაზე, ლანდშაფტის ხელყოფაზე, საჯარო რეკრეაციული სივრცეების შელახვაზე, სატრანსპორტო პრობლემებსა და ა. შ. პრინციპში, ყველა ჩამოთვლილი საკითხი მართლაც მოსაგვარებელი იყო და საფუძვლად უნდა დასდებოდა თბილისის მიწათსარგებლობის ახალ გენერალურ გეგმას.
კომისიას, რომელსაც თბილისის გენერალური გეგმის შემუშავებაზე გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული უნდა გამოევლინა, თბილისის ვიცე-მერი, ლაშა აბესაძე ხელმძღვანელობდა. სწორედ ამ პერიოდში აბესაძე დაიჭირეს და ციხეში გაუშვეს თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის. კონკრეტულ შემთხვევაში გენგეგმის თემა არ ფიგურირებდა _ თბილისის ვიცე-მერი ქრთამის აღებასა და ერთ-ერთ კომპანიასთან კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულეს. არადა, პროკურატურას, პირველ რიგში, იმ კომისიის საქმე უნდა გამოეძიებინა, რომელმაც დედაქალაქისთვის ყველაზე სტრატეგიული კონკურსი გამოაცხადა, ჩაატარა, გამარჯვებულები გამოავლინა და დააფინანსა.
შეგახსენებთ! _ ეს დავით ნარმანიას ზეობის ხანაა _ 2015 წლის 19 მაისს გამოცხადებულ კონკურსში 11 მონაწილიდან ფინალში ექვსი კონკურსანტი გავიდა. ექვსიდან კომისიამ სამი გამარჯვებული აირჩია.
ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი ერგო „თბილისი ჯგუფის“, „სითი ინსტიტუტი საქართველოსა“ და „ Albert Speer & Partner GmbH “-დან ნიკოლოზ ჭეიშვილისა და მამუკა სალუქვაძის მიერ წარმოდგენილ ერთობლივ პროექტს; მეორე ადგილი დაიკავა „არტსტუდიო პროექტის“, „ Metrogramma Mobility in Chain “-ის, „ Aecom “-ისა და გიორგი სულაბერიძის ერთობლივმა ნამუშევარმა; ხოლო მესამე ადგილზე გავიდა შპს „გეოგრაფიკის“, „ KCAP “-ის, „ Burohappold Engineering “-ის, „ Studio 21“-ისა და გიორგი გოცირიძის კოლექტიური პროექტი.
პირველ ადგილზე გასულ კომპანიებს მერიამ ხელშეკრულება გაუფორმა იმ პირობით, რომ ისინი 18 თვეში სრულყოფილი მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას წარმოადგენდნენ. საქმე ის არის, რომ მანამდე, ანუ კონკურსის გამოცხადებამდე, მერიის არქიტექტურის სამსახურმა მოქმედი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ანალიზი 2015 წლის იანვარში გამოაქვეყნა, რასაც უნდა დაყრდნობოდა თბილისის ახალი გენგეგმის კონცეფცია. სულ თავიდან დედაქალაქის ახალი გენგეგმის ღირებულება შეადგენდა 400 000 ამერიკულ დოლარს. წინასაპროექტო მოსაზრების შესყიდვის ღირებულება პირველი ადგილისთვის განისაზღვრა _ 50 000 ლარით, მეორე ადგილისთვის _ 30 000 ლარით, ხოლო მესამე ადგილისთვის _ 20 000 ლარით.
როდესაც ასეთ სოლიდურ თანხებზეა საუბარი, მას დასაბუთებაც უნდა, ამიტომ მერიამ ფართოდ გაშალა კამპანია, სადაც აპიარებდნენ და აპელირებდნენ იმ ფაქტით, რომ გენგეგმის შემუშავება-განახლების პროცესში ჩართული იყო საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია PWC ( PricewaterhouseCoopers ), რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 1000 დარგობრივი სპეციალისტით არის წარმოდგენილი და 20 ქალაქის, მათ შორის, ლიონის, ნიუ-ორლეანისა და რიჰარდის გენერალური გეგმების შემუშავებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. თბილისის გენგეგმის შემუშავების პროცესში კი კომპანია PWC ბერლინის ქალაქგეგმარების პროექტზე მუშაობდა.
მოკლედ, დიდი ზარზეიმით დაანონსებული დედაქალაქის გენგეგმის შესარჩევი პროექტის მიხედვით, 2030 წლამდე თბილისის ისტორიულ უბნებში უნდა აკრძალულიყო მაღალსართულიანი ნაგებობების მშენებლობა. რკინიგზა ქალაქის ცენტრიდან გარეუბანში გადავიდოდა და გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონები მოეწყობოდა (არადა, ზუსტად იგივე ეწერა 2007 წლის უგულავას პროექტში, რომელიც, თავის მხრივ, ზოდელავას მერობის დროს შემუშავებული მიწათსარგებლობის პროექტის მონახაზს იმეორებდა). ახალ გენგეგმას აუცილებლად უნდა მოეგვარებინა საცობების პრობლემა, გამწვანების ერთიანი სისტემის შემუშავება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება და ა. შ. ერთი სიტყვით, თბილისის პოლიცენტრულ ქალაქად გადაქცევა უნდა უზურნველეყო.
თბილისის მცხოვრებლებს კარგად ახსოვთ ახალ გენგეგმაში ჩადებული პუნქტი _ სასაფლაოების პარკებად და სკვერებად გადაკეთების შესახებ. მაგალითად, ვაკის სასაფლაოსა და კუკიაზე ისევე ისეირნებდით, როგორც კუს ტბაზე ან ვერის ბაღში. გენგეგმაში ზუსტად იყო გაწერილი პუნქტი, სადაც სასაფლაო განსაკუთრებული ფუნქციის მატარებელი უნდა ყოფილიყო და უნდა აღჭურვილიყო საქანელებით, შადრევნებით, კაფე-ბარებითა და ა. შ. გენგეგმის ჯგუფს მაგალითიც ჰქონდა მოყვანილი, რომ ვერის პარკი 1898 წლამდე სასაფლაო იყო, ხოლო კანონი ბერლინის სასაფლაოების შესახებ სწორედ ამას ითვალისწინებს. ამ პუნქტს გენგეგმაში ერქვა: „თბილისის სასაფლაოს განვითარების გეგმა“.
ახალი გენგეგმის მიხედვით, თბილისის ზღვის მიმდებარე სახლებისა და კოტეჯების მშენებლობა უნდა აკრძალულიყო. მოქალაქეებს უნდა ჩამორთმეოდათ მიწები, სახლები, აგარაკები და ა. შ. თბილისის ზღვაზე მდებარე ცნობილი აკვაპარკი „ჯინო პარადაისი“, უფრო სწორად, ეკოქალაქ „ჯინო გრინ სითის“ მშენებლობის პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ხსენებულ ტერიტორიაზე რეკრეაციული ინფრასტრუქტურის, პარკების, სასტუმროების, გასართობ-სავაჭრო ობიექტების განვითარებას, უნდა შეჩერებულიყო.
და აი, გენგეგმის შემუშავების შუა პროცესში, თბილისის გენგეგმის ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, არქიტექტორი მერაბ ბოლქვაძე, სკანდალურ განცხადებას აკეთებს იმის შესახებ, რომ ყველაფერი გაცემულია: ყველა მიწა, ყველა ტერიტორია, ყველა ნაკვეთი, კუთხე და კუნჭული _ დაკავებულია! რომ თბილისში არ დარჩა ტერიტორია, სადაც არ არის გაცემული მიწის ნაკვეთი. გასცემდა გარდაბანი, გასცემდა მცხეთა და უმეტესი ტერიტორია იყო რეკრეაციულ ზონებში. ეს იყო მეხის გავარდნასავით! რეკრეაციულ ზონებს თავი რომ დავანებოთ, ყველა სტრატეგიული ნაკვეთის უკან ვიღაცის ბიძაშვილი, მამიდაშვილი და ა. შ. იდგა. დავით ნარმანია სასწრაფოდ გამოვიდა და ადგილ-მონაცვლეობაზე ალაპარაკდა, რომ ეს არის სწორედ კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დავუბრუნოთ ქალაქს რეკრეაციული ზონებიო. მაგრამ ნარმანიას ოპერატიულად „მოაკეტინეს“. ასე რომ, პირველი რუკა, რომელზედაც გენგეგმის ჯგუფმა უსისტემოდ გაცემული ნაკვეთები იხილა, რუკადვე დარჩა! არაფერი შეცვლილა დღემდე _ 2015 წლიდან 2020 წლამდე.
სწორედ ამის გამო ვერ განხორციელდა გენგეგმაში გაწერილი სარეკრეაციო ზონების გაშლა. კერძოდ, საქალაქო პარკის გაშენება დიღმის ჭალებში, ფონიჭალაში საქალაქო მნიშვნელობის პარკი, რომელიც კრწანისის ტყეპარკს უნდა შეერთებოდა. საუბნო პარკი თემქის ორ განაშენიანებას შორის, ხევძმარას ხევის მიმდებარედ და საფეხმავლო ხიდებით მათი დაკავშირება. ერთ-ერთ ვარიანტად მოიაზრებოდა მდინარე ხევძმარას გახსნა, სადაც უნდა შექმნილიყო წყლის სარკე რამდენიმე კასკადით, ასევე დიღომში დაბეტონებული, ორ მიკრორაიონს შორის ჩამომავალი წოწორასხევის გახსნა და მწვანე საფარის მოწყობა.
ალბათ, იტყვით, რომ კერძო საკუთრება ხელშეუხებელიაო. აქ არ არის საუბარი კერძო პირების მიერ დაკავებულ პატარ-პატარა ნაკვეთებზე. დაწყებული 1997-1998 წლებიდან, ჯერ კიდევ, მაშინ, როდესაც მიწები გაიცემოდა, დედაქალაქში მოხდა ტერიტორიების ფრაგმენტაცია. ქალაქგეგმარებითი სტრუქტურის სიმკვირვე დაირღვა, ცალკეულ ადგილებში ტერიტორიები ამოაგდეს (ძირითდად, საწარმოო ტერიტორიების სახით _ ბრაუნფილდები და ყოფილი საწარმო ტერიტორები). ეს უზარმაზარი ტერიტორიები კერძო პირების ხელში გადავიდა (ელიავას ბაზრობა, ქავთარაძე, თემქა, მარცხენა სანაპირო და ა. შ.). ძალიან დიდია ამ ტერიტორიების რაოდენობა, _ დაახლოებით, 800 ჰა-ზე მეტი. საწარმო ტერიტორიებად ჩამოყალბდა ავჭალის, დიდუბისა და სამგორის საწარმოო არეალები და ამ ტერიტორიებთან დაკავშირებით ქალაქს დღემდე არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება რეგულირების გეგმის სახით.
აქვე არ შეიძლება არ შევეხოთ „ელიავას ბაზრობის“ ქალაქგარეთ გადატანის საკითხს. გენგეგმის შემუშავების საწყისს ეტაპზე საუბარი იყო იმაზე, რომ მომზადებულიყო ტერიტორიები, სადაც ბაზრობა გადავიდოდა. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონს დღემდე დიდი პრობლემები აქვს მწვანე სივრცეებთან დაკავშირებით. მაგრამ შემდეგ ამ ტერიტორიის, ელიავას ბაზრობის, ცალკეული ფეოდალები ახალარჩეულ მერ კალაძის ადმინისტრაციას გაურიგდნენ და ელიავა დღემდე იქ „დგას“, სადაც არის.
არ მოგვარებულა არც თბილისის სკოლებისა და ბაგა-ბაღების ტერიტორიების საკითხი, რომელთა ხელყოფა დღემდე მიმდინარეობს. იგივე ნუცუბიძის ქუჩის არეალი, სადაც სკოლის ტერიტორიების ნაწილი ჩამოიჭრა და კორპუსების მშენებლობა დაიწყო. ცნობისთვის: საბავშვო ბაღებისა და სკოლების ტერიტორიების ხელყოფის კუთხით ყველაზე დიდი ფრაგმენტებია საბურთალოზე. წესით და რიგით, მერიას გენგეგმამდე ედო ნორმატიული დოკუმენტი ასეთი შენობების დაშორებების შესახებ, რომ ზედ სკოლებისა და საბავშვო ბაღების ღობეზე არის კორპუსები მიმჯდარი.
ახალი გენგეგმისა და კანონმდებლობით აქტებში პირდაპირ იყო მითითებული, რომ თბილისში, საშუალოდ, 1 ჰა-ზე უნდა იყოს 150-160 კაცი, დაბალი ინტენსივობისთვის კი, ანუ ინდივიდუალური განაშენიანებისთვის, ეს გახლდათ 50-70 ადამიანი ჰა-ზე. თბილისის პირობებში დღეს, საშუალოდ, 300 კაცი მოდის ჰა-ზე.
ახლა კი მივადექით ყველაზე საინტერესოს: მას შემდეგ, რაც „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ დაასრულა თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმაზე მუშაობა, აზიის განვითარების ბანკმა იქირავა ფრანგი ექსპერტი – ერიკ ჰიუბრეხტი, რომელსაც უნდა შეეფასებინა გენგეგმის ჯგუფის მიერ გაწეული სამუშაო და დაკვნა დაეწერა.
ერიკ ჰიუბრეხტმა დაწერა კიდეც დასკვნა და წარუდგინა სპონსორ აზიის განვითარების ბანკს. ხსენებულ დასკვნაში „სითი ინსტიტუტი საქართველო“ მთლად მიწასთან არ იყო გასწორებული, მაგრამ არც არაფერი აკლდა.
გენგეგმის ჯგუფმა ფრანგი ექსპერტის შეფასება გააპროტესტა და მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურს ოფიციალური წერილით მიმართა.
„ქრონიკა+“, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერიკ ჰიუბრეხტის შეფასებები და შენიშვნები, რომლებიც აბსოლუტურად სწორია თბილისის ახალ გენგეგმასთან და ხარვეზებთან მიმართებით. რა თქმა უნდა, ევროპელი ექსპერტის დასკვნის ძირითად ნაწილს ქართული მხარე არ დაეთანხმა.
აი, მათი არგუმენტიც („საპროტესტო“ წერილი ძალიან დიდია, მხოლოდ მის ნაწილს მოვიყვანთ):
„…ვერ დავეთანხმებით ფრანგ ექსპერტს, როდესაც იგი აღნიშნავს: „ფაქტობრივად არ ყოფილა რეალური მონაწილეობითი პროცესი, რომელიც გაითვალისწინებდა კერძო სექტორისა და მოსახლეობის მოთხოვნებს და საჭიროებებს. თუმცა ჩატარდა რამდენიმე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა. შესაბამისად, ეს პროცესი, ძირითადად, ტექნიკური და ბიუროკრატიული იყო და არ მოიცავდა ეკონომიკურ და სოციალურ განზომილებებს“ (ერიკ ჰიუბრეხტის დასკვნა).
ვერ მივიღებთ ექსპერტის შენიშვნას ჯენტრიფიკაციის (ფენომენი, რომელშიც იაფი, ფიზიკურად დეგრადირებული უბნები განახლებასა და უძრავი ქონების ფასების ზრდას განიცდის და რომელსაც თან სდევს ამ უბნებში შეძლებული მოქალაქეების გადმოსვლა, რაც იქიდან ძველი, ხელმოკლე ოჯახების გასახლებას იწვევს. ერთგვარი გლობალური ურბანული სტრატეგია, _ რედ.) გზით ძველი უბნების განახლებასთან დაკავშირებულ საშიშროებებზე, ერთი მარტივი მიზეზის გამო – აღნიშნული ტერმინი, არც მისი შინაარსობრივი შესატყვისი, არც ამგვარი მიდგომის აუცილებლობის დასაბუთება, მგგ-ს დოკუმენტის შემუშავების არც ერთ ეტაპზე არ გამოყენებულა და ამდენად, იგი არ ასახავს რეალობას.
ექსპერტი თავის დასკვნაში აღნიშნავს, რომ ურბანული გაფართოების შეჩერება არასწორია, რადგანაც შეიძლება დიდი წინააღმდეგობა გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ინვესტორებისა და ქალაქის მოსახლეობის მხრიდან, ასევე შეამციროს თბილისის მიმზიდველობა ინვესტირების თვალსაზრისით. ნათელია, რომ ექსპერტს არ გააცნეს მგგ-ის განახლების ფარგლებში განხორციელებული წინასაპროექტო კვლევები, ფართების მოთხოვნის ანალიზი, დემოგრაფიული პროგნოზები, ნებართვაგაცემული მშენებლობები და პროექტები, 7000 000 კვ.მ.-ზე მეტი ნებართვაგაცემული აგდ-ები (არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების გამოთხოვა, _ რედ.) და არსებული ტერიტორიული რესურსი განაშენიანების კონტურის შიგნით „ბრაუნფილდების“ (ყოფილი საწარმო ან მიტოვებული ტერიტორია; გამოუყენებელი, _ რედ.) სახით (849 ჰა-ზე მეტი). ვფიქრობთ, ამ ინფორმაციის გაცნობის შემდგომ ექსპერტის დასკვნა თვისობრივად სხვა შინაარსს შეიძენდა.
ერიკ ჰიუბრეხტის ექსპერტიზის დასკვნის მე-3 თავის (ძირითადი შედეგები) საპასუხოდ უნდა აღინიშნოს:
ექსპერტი მიუთითებს: „მგგ-ს ხედვები არ შეესაბამება ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ მხარდაჭერილ სატრანსპორტო დერეფნებს. ძალიან მნიშვნელოვანია დადგინდეს ძირითადი დერეფანი, ამ დერეფნებთან დაკავშირებული ურბანული ქსოვილის მოდიფიკაციისთვის, რაც სტრატეგიულ საკითხს წარმოადგენს“.
აღნიშნულის საპასუხოდ, უნდა ითქვას, რომ გენერალურ გეგმაზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპებზე, მგგ-ზე მომუშავე ტრანსპორტის ჯგუფის წევრებს, მათ შორის, BRENNER INGENIEURGESELLSCHAFT MBH -ის სპეციალისტებსა და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებს შორის, მიმდინარეობდა კონსულტაციები, რა დროსაც სატრანსპორტო დერეფნებთან დაკავშირებულ საკითხზე ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები არ დაფიქსირებულა. მეტიც: ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 24 ივლისის 16 წერილით მოთხოვნილია მხოლოდ რკინიგზის სატრანსპორტო დერეფანთან დაკავშირებული ურთიერთშეთანხმების ასახვა საბოლოო დოკუმენტში, რაც უკვე გათვალისწინებულია.
პრინციპული თანხმობაა ექსპერტისა და მგგ-ის განახლებაზე მომუშავე გუნდის პოზიციაში ცენტრალური რკინიგზის სადგურის მიმდებარე 70 ჰა მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლების კუთხით (სადგურისა და ელიავას ბაზრობა, _ რედ.), რათა აღნიშნული ტერიტორია გამოყენებულ იქნას მაღალი დონის სტრატეგიული ურბანული განვითარებისათვის, მათ შორის, მსხვილი რეკრეაციული ტერიტორიის მოსაწყობად, რაც არაერთხელ დაგვიფიქსირებია საჯარო გამოსვლებში და ასახულია მგგ-ის დოკუმენტებში.
მთლიანად ვიზიარებთ ექსპერტის პოზიციას და მგგ-ის დოკუმენტებში, სხვადასხვა ეტაპზე აისახა, ქალაქის ცენტრიდან სატვირთო გადაზიდვების მოცილებისა და მისი ალტერნატიულ შემოვლით გზაზე გადატანის საკითხი.
ექსპერტმა შენიშვნის სახით, თბილისის ზღვის თემატიკასთან დაკავშირებით, განმარტა იმ წინადადების გათვალისწინების აუცილებლობა, რაც თავად მგგ-ზე მომუშავე გუნდის ერთ-ერთი მთავარი მესიჯია ქალაქის ხელისუფლებისთვის. მგგ-ს ყველა ეტაპის დოკუმენტში, დამკვეთისადმი მიწერილ არაერთ წერილში, მგგ-ის მომუშავე გუნდის წევრების საჯარო პუბლიკაციებსა და განცხადებებში მუდმივად ხაზგასმულია, რომ დაუშვებელია თბილისის ზღვის სანიტარიულ-დამცავი ზონის ფარგლებში ყოველგვარი მშენებლობა. აღნიშნული საკითხის შესახებ მგგ-ის ძირითადი მოთხოვნაა: ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე თითოეული პროექტი დამუშავდეს წყლის შესახებ კანონისა და კომპანია GWP -ის მოთხოვნების შესაბამისად.
ვერ გავიზიარებთ ფრანგი ექსპერტის შენიშვნას იმის შესახებ, რომ: „სქემები და სტრატეგია არ არის წარმოდგენილი. ამდენად, დოკუმენტი, ძირითადად, გახლავთ არადეტალიზებული მიწათსარგებლობი გეგმა, რომელიც არ განსაზღვრავს სივრცითი განვითარების სტრატეგიას. შესაბამისად, ძნელი გასაგებია, თუ რა სტატუსი აქვს დოკუმენტს“.
ფრანგმა ექსპერტმა, როდესაც იგი გამოთქვამს შენიშვნას, რომ მგგ-ის დოკუმენტებში არ არის წარმოდგენილი იმპლემენტაციის დეტალები, არ არის წარმოდგენილი ფართომასშტაბიანი ურბანული პროექტების განხორციელების ინსტრუმენტები და მიიჩნევს, რომ კონკრეტული პროექტების შესახებ ინფორმაცია ბუნდოვანია, როგორც ჩანს, არ მიაქცია ჯეროვანი ყურადღება შემაჯამებელი დოკუმენტის ერთ-ერთი ტომის შესაბამის თავს. ექსპერტი აღნიშნული თავის ბოლო შენიშვნაში გამოთქვამს ეჭვს, თუ როგორ მოხდება მგგ-ის ადაპტაცია არსებულ გეგმარებასთან, რამეთუ მისთვის არ არის ცხადი მოქმედი გენგეგმის ახლით ჩანაცვლების მექანიზმი. ექსპერტი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ „სითი ინსტიტუტი საქართველომ“, სხვადასხვა მიზეზის გამო, ბევრი ცვლილება შესთავაზა ქალაქს და მიიჩნევს, რომ აუცილებელია განიმარტოს ცვლილებების მიზეზი და გაიწეროს პრობლემების ნუსხა, რომელთა გადაჭრა მოხდება მგგ-ის იმპლემენტაციის ფარგლებში.
ექსპერტი მიჩნევს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის წარსადგენი საბოლოო დოკუმენტი უნდა შეიცავდეს შემდეგს: 1. სრულყოფილი ხედვა ინვესტორებისა და მოქალაქეებისთვის საკვანძო მესიჯებით; 2. მკაფიო სივრცითი მოდელი ერთიანი სივრცითი მოწყობის საკითხებთან მიმართებით სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულის კოორდინაციის მიზნით; 3. მარეგულირებელი ინსტრუმენტი, რომელიც განმარტავს თითოეული ზონის რეგულირებას; 4. მონიტორინგის სისტემა ინდიკატორებით; 5. პროგრამა და ინსტრუმენტები (ფინანსები და ინსტიტუციები) მგგ-ის 2030 წლამდე იმპლემენტაციისთვის“.
საკუთრივ ჩვენ კი აღვნიშნავთ: ევროპელი ექსპერტის კონცეფცია, რომელიც თავის დასკვნაში ხაზგასმით აღიშნავს, რომ გენგეგმაში არც ერთი პუნქტი არ არის დეტალურად დამუშავებული და ჩემთვის ბუნდოვანიაო, პრინციპში, სწორია.
უცხოელი ექსპერტების ჩართულობა გენგეგმაში თავიდანვე იყო განსაზღვრული. როდესაც გამოცხადდა ტენდერი გენგეგმის კონცეფციაზე, ქართული ჟიური მასში მონაწილეობდა და მერიამ კომპანია „ფრაისვოთერჰაუსკუპერს ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი.-ს ფილიალი საქართველოში“ კონსულტაციისთვის 470 ათასი დოლარი გადაუხადა. ამას დამატებული დოკუმენტზე გაწეული ორწლიანი სამუშაო და დედაქალაქის ბიუჯეტიდან დახარჯული თითქმის 3 მლნ ლარი.
ერთი განმარტებითი ბარათით 51 რეკრეაციულ ზონას ფუნქცია აქვს შეცვლილი. ამ ერთი გადაწყვეტილებით წყნეთში, კიკეთში, წავკისსა და ტაბახმელაში რეკრეაციული ზონების ნაცვლად დიდი მშენებლობები დაიწყო.
სწორედ ამ გენგეგმის სამართალმემკვიდრე გახდა 2015 წელს „სითი ინსტიტუტი საქართველო“, რომლის ხელმძღვანელი პირები აცხადებენ, რომ 2009 წლის გენგეგმა იყო კარგი და ბევრი რამ სწორედ იქიდანაა გადმოტანილი ახალში.
სად გადაიყარა ეს ფული? სად არის გენგეგმა? ვინ არიან ამ „ხაიპის“ ავტორები და პასუხისმგებელი პირები? _ ამაზე პასუხის გაცემა, როგორც ჩანს, ისევ ჩვენ მოგვიწევს.
თამარ როსტიაშვილი