QronikaPlus
ხათუნა ლაგაზიძე: „არჩევნები შეიძლება, გრიალით მოიგო ოქტომბერში, მაგრამ იანვარ-თებერვალ-მარტში მშიერი ხალხის რევოლუციამ წაგლეკოს“

ხათუნა ლაგაზიძე: „არჩევნები შეიძლება, გრიალით მოიგო ოქტომბერში, მაგრამ იანვარ-თებერვალ-მარტში მშიერი ხალხის რევოლუციამ წაგლეკოს“

2020-05-14 10:21:54

საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და არსებულ გამოწვევებზე „ქრონიკა+“ ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში, ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

_ ცხადია, რომ არჩევნები ნებისმიერ ვითარებაში გაიმართება. ხელისუფლება აცხადებს, რომ 120/30 ცვლილებებიც განხორციელდება, თუმცა მე კვლავაც იმ აზრზე ვარ, რომ მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეებს, იმავე „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, საკონსტიტუციო ცვლილებები სულაც არ სჭირდებათ. რა აქტივებით მიდიან არჩევნებამდე პოლიტიკური ძალები? მით უფრო, რომ საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, უკვე მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია ყველა ძალის მხრიდან.

_ ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ხვალ რომ არჩევნები იყოს, „ოცნება“ ცალსახად იგებს ამ არჩევნებს, ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე: არ უგრძნიათ ბოლომდე შიმშილი და უმუშევრობის სუსხი,  საქართველო კარგად უმკლავდება უშუალოდ ვირუსის პანდემიას. თუმცა, დროსთან ერთად, ვითარება „ოცნებისთვის“ საზიანოდ შეიცვლება და ეს ნათლად აჩვენა ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის გამოქვეყნების შემდეგ ატეხილმა აჟიოტაჟმა: ეკონომიკის სრული გახსნის გაწელამ სამ თვეზე საზოგადოების დიდი ნაწილის შეშფოთება გამოიწვია, ხშირად ისმის ხმები, შიმშილი უფრო ბევრს მოკლავს, ვიდრე კორონაო და ეს განწყობა დღითი დღე გამძაფრდება.

პირდაპირ ვთქვათ: დღეს ოპოზიციის პოლიტიკური აქტივი „ოცნების“ ანტიკოვიდური კამპანიის ჩავარდნაა. თუ  ხელისუფლებას ან ვირუსი გაექცა ან ხალხის დიდი ნაწილი დარწმუნდა იმაში, რომ ეკონომიკა უახლოეს თვეებში იმდენად ჩამოიქცევა, რომ მოსახლეობას მასობრივი უმუშევრობა და შიმშილი ემუქრება, მაშინ „ოცნებას“ არჩევნებზე უკიდურესად გაუჭირდება. ანუ ჩვენ იმ შემთხვევასთან გვექნება საქმე, რომ ოპოზიცია კი არ მოიგებს, არამედ - „ოცნება“ წააგებს.

_ რაც შეეხება ოპოზიციის საკუთრივ აქტივებს?

_ ამ ეტაპზე ყურადღებას გავამახვილებდი სააკაშვილის ფაქტორზე: თუ სააკაშვილმა მოასწრო და საქართველოს არჩევნებამდე დარჩენილ თვეებში რამდენიმე ძლიერი სვლა მაინც განახორციელა უკრაინის მთავარი რეფორმატორის რანგში, მაგალითად, შეიყვანა ჩინეთიდან წამოსული რამდენიმე მსოფლიო ბრენდი და ეს საყოველთაოდ გააპიარა - ეს გახდება „ნაციონალების“ დროშა ქართულ არჩევნებზე, - ნახეთ, ჩვენ რა შევძელით უკრაინაში და რა შეგვიძლია საქართველოში, პირობითად: „მერსედესის“, „მაიკროსოფტის“, „ტესლას“ ქარხნების, წარმოებების გადმოტანა და ეკონომიკური ბუმის მოხდენა. შეგახსენებთ, რომ ჩინეთიდან გამოსულმა მხოლოდ ერთმა კორპორაციამ უმუშევრად დატოვა 60 ათასი ჩინელი დასაქმებული. ასეთ მასშტაბებზეა საუბარი. ჩემი აზრით, სააკაშვილი ყველაფერს იზამს, რომ რაღაც მსგავსი „სასწაულები“ დაატრიალოს უკრაინაში საქართველოს არჩევნებამდე დარჩენილ 6 თვეში, თუმცა დრო ძალიან ცოტაა და გაუჭირდება მოსწრება.

_ საკმაოდ საინტერესო მოსაზრებაა. ერთი საკითხიც, ამაზე ადრეც მიპასუხეთ, მაგრამ ისევ ვიკითხავ: ჩვენთან გარკვეულ პანაცეად ჩამოყალიბდა აზრი იმის შესახებ, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში „მესამე ვადა“ არ არსებობს. როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ამ მსჯელობაშიც ზედაპირულები ვართ. არსებობს მესამეც, მეოთხეც და მეხუთე ვადაც. გააჩნია კონფიგურაციას. მაგალითისთვის, თუნდაც, გერმანიას დავასახელებ. ფორმალურად და ფაქტობრივადაც - „ქართული ოცნების“ პირველი ვადა იყო კოალიციური მთავრობა და მმართველობა. ფორმალურად მეორე ვადაც, რადგან პარლამენტში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად სხვა პარტიებიც შევიდნენ. ანუ ფორმალურად აქ ყველაფერი რიგზეა. ამ ფონზე ლეგიტიმურია კითხვა, - რა იქნება ხვალ, თუ ისევ იმარჯვებს „ქართული ოცნება“ და ვთქვათ რომელიმე მინიმალური ხმების მქონე პარტიას დაიმატებს, ასევე ფორმალობისთვის და შექმნის კოალიციას ან სულაც არ დასჭირდება? საერთაშორისო რეაქციებზე გეკითხებით.

_ დავიწყებ ერთი რემარკით, რომ „ოცნების“ მეორე ვადას ნაკლებად შეიძლება ვუწოდოთ კოალიციური - უფრო ვისუბრებდი მრავალპარტიულ პარლამენტსა და ეკლექტურ „ოცნებაზე“.

_ ფაქტობრივად, ასეა ნამდვილად...

_ რაც შეხება „ცონების“ მესამე ვადას: ეს დამოკიდებულია ბევრ თუ-ზე: გაიქცევა თუ არა ვირუსი? რამდენად გამწვავდება ეკონომიკური ვითარება? რამდენად დამაჯერებელი იქნება „ოცნების“ უპირატესობა წინასაარჩევნო კვლევებით და უშუალოდ ხმების დათვლის პროცესში, თუ ასეთი იქნება? რამდენად ეცლებათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ჩვენი არჩევნებისთვის? - ყველაფრიდან ჩანს, რომ ტრამპის საარჩევნო კამპანია, რომელიც ჩვენსას ემთხვევა დროში - ჩინეთის შეკავება-განეიტრალების ნიშნით ჩაივლის და მთელი მსოფლიოს ყურადღება აქეთ იქნება მიქცეული; როგორი იქნება პოსტკორონა მსოფლიო? იმაზეც, რამდენად შეძლებს სააკაშვილი უკვე უკრაინის ოფიციალური სტატუსებით „ოცნების“ საერთაშორისო ასპარეზზე ისედაც შელახული იმიჯის კიდევ უფრო შერყევას და ამერკისა და ევროპის დედაქალაქებში გადაწყვეტილების მიმღებთა დარწმუნებას, რომ ქართულ ოპოზიციას შეუძლია მყარად აიღოს ქვეყნის მართვის სადავეები? თუმცა თუ „ოცნებამ“ შეინარჩუნა კორონა ეპოქაში აკრეფილი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, რაც ძალიან რთული აღმოჩნდება, მაშინ დასავლეთს სათქმელიც არაფერი ექნება: იმას ხომ არ იტყვიან,  რატომ გაიმარჯვეთო. თუმცა „ოცნებისთვისვე“ სჯობს, რომ ხელისუფლების შიგნით საღმა აზრმა გაიმარჯვოს და რეალურად კოალიციურ მმართველობაზე წავიდნენ, რათა პასუხისმგებლობა გადაანაწილონ, თორემ არჩევნების შემდეგი თვეები უფრო რთული იქნება. ხელისუფლებამ გათვლა გააკეთა იმაზე, რომ სოციალურად ყველაზე დაუცველ ფენებს აღმოუჩინა გარკვეული დახმარება. მაგრამ მან არ უნდა იმოქმედოს პრინციპით, რომ მთავარია არჩევნები გადავაგორო და მის ჩატარებამდე არ იჩინოს თავი კრიზისებმა. დარწმუნებით ვამბობ, რომ ეს იქნება ძალიან ბრიყვული და ახლომხედველური პოლიტიკა. არჩევნების მოგება იმ ვითარებაში, რომელშიც მსოფლიო და საქართველოა, არაფერს ნიშნავს: არჩევნები შეიძლება გრიალით მოიგო ოქტომბერში, მაგრამ იანვარ-თებერვალ-მარტში რევოლუციამ წაგლეკოს, მშიერი ხალხის რევოლუციამ.

_ ოპოზიციის შანსებზე ვისაუბროთ და, პირველ რიგში, იმაზე - იზრდება თუ არა მათი რიგები? რა პერსპექტივები აქვთ და რატომ არ ხდება ოპოზიციურ პარტიებში შიდა განახლება? რა არის ამის მიზეზი, რომ მთელ რიგ პარტიებში ცალკეულმა „პოლიტმოღვაწეებმა“ ლამის ლეონიდ ბრეჟნევსა თუ საბჭოთა კავშირის კპ-ის პოლიტბიუროს წევრებს გადაასწრონ პარტიულ ელიტაში ყოფნის ვადით? კიდევ უფრო მეტი, რატომ ვერ იზრდებიან ქართველი პოლიტიკოსები? - ეს ყველა ფლანგის პოლიტიკოსს ეხება. 

_ ამერიკის პოლიტიკურ ელიტას თუ გადავხედავთ, წლოვანებით აშკარად გვჩაგრავენ: მხოლოდ პრეზიდენტობის კანდიდატების ასაკზე თვალის გადავლებაც მოწმობს ამას. ეს ნახევრად ხუმრობით, რეალურად კი იქაც პოლიტიკური კლასის დაბერება სერიოზული პრობლემაა, არა მხოლოდ ასაკით, არამედ ერთგვარი მორალური ცვეთაც. ზოგადად, აღარ ხიბლავთ გონიერი და პერსპექტიული ახალგაზრდების უმეტესობას სივრცე, სადაც ყველაფერი შეზღუდულია: კონტროლდება პირადი ცხოვრება, ხარ მუდმივად სოციალური ქსელების თავდასხმის ობიექტი, მუდმივი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ, როცა მთელი შენი ცხოვრების ნაშრომი და მიზანი ერთ წუთში შეიძლება ჩამოგინგრიოს სოციალურ ქსელში შენზე გასულმა ფეიკნიუსმა და რაც მთავარია, როცა პოლიტიკით მოპოვებული გავლენის საპირწონე მარტივად შეიძლება იშოვო და დააგროვო ბიზნესში კარგი შემოსავლისა და კომფორტული ცხოვრების სახით. მით უფრო ახლა, როცა ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებული მართვის ეპოქაში გადავდივართ, უფრო მეტად გამოჩნდება ძველი პოლიტიკური კლასის ჩამორჩენა და ფასი დაედება მას, ვინც დროს ფეხს უწყობს და ხედავს ახალ, სუპერტექნოლოგიურ ერაში ერებისა და სახელმწიფოების წარმატების გზებს, მეთოდებსა და სტრატეგიებს. რადგან ოპოზიციაზე ვსაუბრობ, ამ მხრივ უდავოდ გამორჩეულია გიორგი ვაშაძე;  საინტერესო, სისტემური ხედვები აქვს ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით მამუკა ხაზარაძეს; ახალი ტექნოლოგიების ერაში საქართველოს განვითარების პერსპექტივებზე ბევრს ფიქრობს ლევან ბოძაშვილი, პოლიტიკის მიღმა კიდევ ბევრ სტრატეგიულად მოაზროვნე ადამიანს აღმოაჩენს მსურველი პოლიტიკური ძალა თუ ძალები, მაგრამ საქმე ის არის, რამდენად დააინტერესებს ამ ძლიერი ინტელექტისა და პროფესიონალიზმის მქონე ადამიანებს ნაკლებად პერსპექტიულ პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობით? ზოგს მათ ჩრდილქვეშ ყოფნისაც ეშინია და, ჯერჯერობით, ასე დავდივართ წრეზე, თუმცა უკეთესის მოლოდინით.

_ ახლა უსაფრთხოების საკითხებიც - მსოფლიოში მიმდინარე პროცესები: ფაქტობრივად საინფორმაციო ან, გნებავთ, ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება, რომ ჩინეთი ყველაფერს გააკეთებს მის დასამარცხებლად და ლავროვის გამოსარჩლება ჩინეთისადმი. როგორ შეაფასებდით პროცესს და რამდენად არის ეს ის საფრთხე, რომელმაც შესაძლოა, ირიბი ან პირდაპირი გავლენა იქონიოს საქართველოზე?

_ კორონავირუსი არანაკლებ ყურადღებას იმსახურებს, როგორც გამოწვევა მსოფლიოს საინფორმაციო უსაფრთხოების სისტემებისთვის: ის არის პირველი ვირუსი, რომელიც თავის ბუნებრივ, ჰაერწვეთოვან გზებზე უფრო სწრაფად და მასობრივად ადამიანთა ცნობიერებაში საინფორმაიცო არხებით ვრცელდება. ამიტომაც უწოდა მას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ „ინფოდემია“ პანდემიის ანალოგიით. ყველაზე ცუდი ის გახლავთ, რომ თუ უშუალოდ კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვს მსოფლიო, მეტ-ნაკლებად, ითვლის და არეგულირებს, ინფოდემიით გამოწვეული სტრესის, ისტერიის, შიშის, უიმედობისა და დეპრესიის შედეგები შეუდარებლად ყოვლისმომცველი და გრძელვადიანი შედეგების მომტანი იქნება. ამიტომაც ჩვენ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ კორონავირუსის ორ ასპექტზე - როგორც პანდემიასა და როგორც ინფოდემიაზე. მიუხედავად გავრცელების ბუნებრივი თუ ხელოვნური წყაროსი, ამთავითვე შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსის, როგორც პანდემიის და მეტადრე - ინფოდემიის, გავრცელების წყაროები თითქმის თანაბრად ატარებს ბიოლოგიური, საინფორმაციო, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ომების ასპექტებს. ამდენად, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ არსებული სიტუაცია არის გამოწვევა და ტესტირება, როგორც ცალკეული ქვეყნების, ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო უსაფრთხოების ისეთი სისტემების, როგორიც არის ნატო თუ ისეთი რეგიონული თუ საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიც ევროკავშირია.

_ რამდენად მზად აღმოჩნდა მსოფლიო არსებული გამოწვევების მიმართ?

_ მსოფლიოს მზაობა ამ კომპლექსური გამოწვევის მიმართ მეცნიერთა მთელი თაობების კვლევისა და განსჯის საგანად იქცევა. თუმცა ამთავითვე ცხადი გახლავთ ის, რომ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს უამრავი მასალა დაუგროვდათ მათი მოკავშირეებისა თუ მოწინააღმდეგეების სუსტი მხარეების გასაანალიზებლად. სამომავლოდ, ცალკე კვლევის საგანი იქნება ისიც, თუ როგორ შეიძლება იქცეს ინფოდემია ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ტიპის მმართველი რეჟიმების - დემოკრატიიდან ავტორიტარულამდე - მართვის ინსტრუმენტად. აგრთვე როგორია სხვადასხვა ტიპის რეჟიმების მარგი ქმედების კოეფიციენტი კორონავირუსთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევისას. კიდევ არაერთი საკითხია, რომლის საანალიზოდაც კორონავირუსი, როგორც ეპიდემია და ინფოდემია, უამრავ მასალას დადებს. მათ შორის აუცილებლად უნდა გამოიყოს: ვირუსის საფრთხისა და მედიით ყოველდღიურად გაღვივებული პანიკის წინაშე ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობის რეაგირების ფორმები და ხარისხი, მათ შორის, მზაობა დაემორჩილოს ათასგვარ შეზღუდვასა და აკრძალვას, კონტროლის ახალ და ზოგ შემთხვევაში, ტოტალურ თუ ტოტალიტარულ მექანიზმს. ცხადი გახდა ისიც, რომ დაიტესტა ცივილიზაციის განვითარების ახალ, ზეტექნოლოგიურ, გნებავთ, ნანოტექნოლოგიურ ერაში გადასვლისთვის პირველადი, შეიძლება ითქვას, საბაზისო საჭიროებები.

_ იქნებ, დააკონკრეტოთ, რას გულისხმობთ?

_ აქამდე ჩვენთვის ტრადიციულ, მიმოქცევაში მყოფ ფულის ნიშანზე უარის თქმა და მისი ეტაპობრივი ჩანაცვლება სხვადასხვა სახის ელექტრონული ფულით; დისტანციური-ონლაინ სწავლებისა და მუშაობის ნაირ-ნაირი რეჟიმი; ელექტრონული სახელმწიფო სერვისები და ეტაპობრივი გადასვლა „ელექტრონული მთავრობის“ რეჟიმზე პარლამენტის ვიდეოკონფერენციების რეჟიმში მუშაობის ჩათვლით; დისტანციური სამედიცინო თუ იურიდიული მომსახურებები და ა. შ. დაწესებული შეზღუდვები ლამის მთელი მსოფლიოს მასშტაბით აჩვენებს იმასაც, რომ პოსტკორონა ერაში დემოკრატიული სამყაროს მოქალაქეებიც კი უფრო მომთმენნი და ამტანნი გახდებიან კონტროლის ისეთი მექანიზმების მიმართ, რომლის განხორციელების მცდელობასაც კი ნებისმიერი დემოკრატიული მთავრობა გადაჰყვებოდა. მაგალითისთვის კომუნისტურ ჩინეთს რომ არ გადავწვდეთ, ისრაელსა და ავსტრიას მივმართოთ, სადაც საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ოფიციალურად დაიშვა მობილური აპლიკაციის მეშვეობით ნებისმიერი ადამიანის გადაადგილების კონტროლი ამ ეტაპზე დაინფიცირებულებისგან თავის დაცვის მიზნით. ანუ დასაშვები და ფართო მასებისთვის მისაღები და გასაზიარებელი გახდა ის, რაც სულ რაღაც ორი თვის წინ მხოლოდ გამონაკლისის წესით, მხოლოდ სასამართლოს ნებართვით შეიძლებოდა: ადამიანის გადაადგილების კონტროლი.  გლობალური ცვლილებები ეკონომიკაში,  რაც ყველაფერ ზემოთქმულის თანმდევი პროცესია და ამ ცვლილებებიდან გამომდინარე საქართველოს უნიკალური როლისა და ფუნქციის დანახვა, ჩვენი კომპეტენციის სფეროს სცილდება, თუმცა ასევე ქვეყნის უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი ასპექტია და ქვეყნის საუკეთესო ინტელექტუალური პოტენციალის, საუკეთესო ეკონომიკური ტვინების მობილიზაციას მოითხოვს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე - გარეთ.

_ ახალი კორონავირუსი დიახაც უსაფრთხოების საკითხადაც იქცა. ამ ფონზე როგორ უნდა გავიაზროთ სამომავლო გამოწვევები, თუნდაც რეგიონული ან, გნებავთ, მსოფლიო მასშტაბით?

_ კრიზისმა საერთაშორისო სტრუქტურებისა თუ ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში ბევრი ისეთი თეთრი ლაქა გამოავლინა, რომელიც საფრთხეს უქმნის, ერთი მხრივ, გლობალურ უსაფრთხოებას, ადგილებზე კი ქმნის სახელმწიფოების უსაფრთხოებისთვის სერიოზულ გამოწვევებს, განსაკუთრებით ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკის სფეროებში, სახელმწიფოს სტრატეგიული მარაგების არსებობა-შევსების კუთხით. მაგალითად, იგივე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გარშემო აგორებული სკანდალი დიდი ალბათობით გამოიწვევს არსებული სართაშორისო სტრუქტურებისა და მექანიზმების არჩევითობისა და საქმიანობის ფორმატის ცვლილებებს, ისევე როგორც მათი ანგარიშვალდებულებების მექანიზმების კონტროლის გამკაცრებას. ამიტომაც საერთაშორისო ურთიერთობებში მოსალოდნელია სხვადასხვა საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციის ეფექტიანობის გადაფასება და მათი ძირეული რეფორმირების მოთხოვნა. მაგალითად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე ევროკავშირის მმართველი ინსტიტუტების მიერ გამოვლენილმა სრულმა დაბნეულობამ, მეტიც, სრულმა უსუსურობამ კრიზისებზე რეაგირების კუთხით ლოგიკურად დღის წესრიგში უნდა დააყენოს წევრი ქვყნების მიერ ევროკავშირის გაბერილი და მოუქნელი ბიუროკრატიის რადიკალური რეფორმირების საკითხი. იგივე შეიძლება ითქვას ნატოზეც - კორონავირუსს როგორც ნატოს ცალკეული წევრი ქვეყნები, ასევე მთლიანად ალიანსი, შეიძლება ითქვას, განიარაღებული შეხვდა. ყოველ შემთხვევაში, ნათლად გამოჩნდა, რომ ნატო შესაძლო ბიოლოგიური ომისთვის, რომელმაც მის წევრ ქვეყნებს ერთდროულად შეიძლება შეუტიოს, მოუმზადებელი აღმოჩნდა. მეტიც, მას ისეთი სტრატეგიული მარაგებიც კი არ აღმოაჩნდა საჭირო რაოდენობით, როგორიც არის სამედიცინო პირბადეები, აღჭურვილობა, ტესტები და ა. შ. ამ შემთხვეაშიც, ვფიქრობთ, რომ ნატო შესაბამის დასკვნებს გამოიტანს.  კიდევ ერთი ტრენდი, რომელიც კორონავირუსის გავრცელებამ უფრო დააჩქარა - გახლავთ ამერიკული და ევროპული უდიდესი კორპორაციების მიერ ჩინეთის მასობრივი დატოვება. დიდი კომპანიები ერთმანეთზე მიყოლებით ხურავენ თავის საწარმოებს ჩინეთში, რაც ამ ქვეყნის ეკონომიკაზე მკვეთრად უარყოფით გავლენას მოახდენს.

_ ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა ჩინეთისა და მისი ეკონომიკისთვის...

_ მასშტაბები რომ წარმოვიდგინოთ, საკმარისია ვთქვათ: მხოლოდ ერთი ასეთი საწარმოს დახურვამ 60 000 ჩინელი მუშახელი დატოვა სამუშაო ადგილის გარეშე. ჩინეთ-ამერიკის სავაჭრო ომის პარალელურად, ეს ტენდეცია იმანაც განაპირობა, რომ ვირუსთან ბრძოლის პროცესში დასავლეთის განვთარებულმა სახელმწიფოებმა აღმოაჩინეს: პირბადეების წარმოება-მომარაგებიდან დაწყებული, სამედიცინო ტესტებისა თუ აპარატურის ჩათვლით, ყველაფრით ჩინეთზე ყოფილან მიბმულ-დამოკიდებული, რამაც დიდწილად განაპირობა ვირუსის გავრცელების პირველ კვირებში ევროპასა თუ ამერიკაში პირბადეებისა თუ სხვა სამედიცინო აღჭურვილობის, ისვე როგორც ტესტების დეფიციტი.

ჩინეთისა და დანარჩენი სამყაროს ურთიერთობა უახლოესი წლების მთავარი პოლიტ-ეკონომიკური თემა იქნება. მაგალითად, ბოლო დროს დაიძაბა ურთიერთობა ავსტრალიასა და ჩინეთს შორის იმის გამო, რომ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა მოითხოვა გამოიძების დაწყება კორონავირუსის გავრცელების შესახებ. პასუხად ჩინეთი ავსტრალიური ხორცისა და ღვინის იმპორტის შეწყვეტით დაიმუქრა და ეს მაშინ, როცა ავსტრალიური ღვინო ჩინეთში გაყიდვების მიხედვით ერთ-ერთი უპირობო ლიდერია. დიდი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბრიტანეთი შეუძლებელია იყოს ჩინეთის მძევალი და შეინარჩუნოს მდგომარეობა, როცა, მაგალითად, მისი ანტიბიოტიკების 80%-ს ჩინეთი აწარმოებს. ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უკვე ღიად აცხადებს, რომ ჩინეთს მოუწევს პასუხი აგოს კორონავირუსის თაობაზე არსებული ინფორმაციის დამალვაზე, მაშინ როცა ამ ინფორმაციის დროულ გავრცელებას მსოფლიო შეიძლება პანდემიისგან ეხსნა და ვაქცინის შექმნა დაეჩქარებინაო. უკავშირდება ან დაუკავშირდება თუ არა კორონავირუსის თემა გლობალურად ჩინეთის შეკავების პოლიტიკას, ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს.  ბუნებრივია, ეს გლობალური ცვლილებები  საქართველოზეც აისახება.

_ ანალიტიკოსები აქტიურად საუბრობენ პოსტკორონასეულ ეპოქაზე და მის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მახასიათებლებზე. ამ მიმართულებით რას უნდა ველოდოთ და სად ხედავთ ამ გლობალურ პროცესში საქართველოს?

_ გაიზრდება მთავრობის როლი, მათ შორის, ეკონომიკაშიც, თუმცა ვისაუბრებთ თუ არა ეკონომიკის რეცესიასთან ერთად დემოკრატიის რეცესიაზეც - ეს საზოგადოების აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული. ეტაპობრივად გადავალთ ელექტრონულ მმართველობაზე ყველგან, სადაც კი ამის ჩანაცვლება შესაძლებელი იქნება: დაწყებული საკანონმდებლო ხელისუფლებით, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ჩათვლით. ჩვენს რეალობაშიც უკვე გვაქვს საასამართლოების დისტანციურად ჩატარების პრაქტიკა, ისევე როგორც პარლამენტისა თუ მთავრობის წევრების ონლაინ შეხვედრა-კონფერენციები. პერსპექტივაში ამან უნდა გამოიწვიოს მთავრობისა და პარლამენტის შენახვაზე გასაწევი საბიუჯეტო ხარჯების შემცირება, რაც დამატებით შეიძლება მიემართოს, მაგალითად, უფრო მეტად სამართლიანი სოციალური პოლიტიკის ფორმირებაზე,  რადგან კორონავირუსმა გვაჩვენა, რომ თუნდაც ყველაზე განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში სოციალური დაცვის სისტემები მზად არ აღმოჩნდა ასეთი გამოწვევისთვის და დაგვანახა ისიც, თუ რამდენად არის დაკავშირებული ადამიანების ბედი ერთმანეთთან განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა, სოციალური მდგომარეობისა, რელიგიისა თუ ა. შ. შორს აღარ არის ის დროც, როცა ელექტრონული არჩევნები საყოველთაოდ მიღებული ფორმა გახდება.

_ დიახ, ეს ყველაფერი უკვე ფანტასტიკის სფეროს არ განეკუთვნება.

_ შეიცვლება საერთაშორისო ვაჭრობისა და დისტრიბუციის ტრაექტორია და მასშტაბებიც: ელექტრონული ვაჭრობა და მიწოდების სერვისი სულ უფრო ჩაანაცვლებს ვაჭრობისა და მომსახურების ტრადიციულ სახეობებს; გლობალური მომარაგების ქსელების პარალელურად სულ უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება ლოკალური, რეგიონული წარმოებისა და ბაზრების განვითარებაზე და სტაბილური მომარაგების ქსელების აწყობაზე, შესაბამისად, ფართო გასაქანი მიეცემა პროტექციონისტულ პოლიტიკას, ადგილობრივი წარმოების განვითარებას, სასურსათო და პირველადი მოხმარების საგნების უსაფრთხოების ქსელის აწყობას, რაც გამოიწვევს აქცენტების გადატანას სოფლის მეურნეობაზე, მოიმატებს მიწის ფასი, რასაც დამატებით განაპირობებს გაზრდილი მოთხოვნა ქალაქებთან ახლო მდებარე სოფლის ტიპის დასახლებებში საცხოვრებელი ფართებისა და მიწის ნაკვეთების შეძენაზე. და რა თქმა უნდა დაიწყება ტექნოლოგიების მეფობის ხანა ყველა მიმართულებით, რასაც საქართველომაც  აუცილებლად უნდა აუწყოს ფეხი.

_ მადლობა მეტად საინტერესო ინტერვიუსთვის

P. S. ინტერვიუ ჩაწერილია 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულების თემის გააქტიურებამდე.

კოკა წერეთელი

გაზიარება