QronikaPlus
თელავში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელს მიუსაფარი ძაღლი შემოაკვდა

თელავში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელს მიუსაფარი ძაღლი შემოაკვდა

2020-05-09 12:07:45

თელავში მიუსაფარი ძაღლის მკვლელობის გამო პოლიციამ გამოძიება ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით დაიწყო.

შემთხვევა გუშინ ალაზნის გამზირზე მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცმა გამაფრთხილებელი გასროლა თავდაცვის მიზნით რამდენჯერმე განახორციელა, ბრმა ტყვია კი ძაღლს მოხვდა. ამ თემაზე კომენტარი გააკეთა დამნაშავის დამ, რომელსაც ძაღლი საკუთარ სადარბაზოსთან შემოაკვდა. ნაზი ჯაშიაშვილი განმარტავს: „ჩემს ძმას იარაღი აქვს გაფორმებული, რადგან ის თავდაცვის სამინისტროში მუშაობს. მიუსაფარი ძაღლების სიმრავლის გამო კორპუსში შემოსვლას ვერ ახერხებდა. ძაღლმა მისი კბენა სცადა, რა დროსაც მან გაისროლა“, - ამბობს ნაზი ჯაშიაშვილი.

თელავის მერის, შოთა ნარეკლიშვილის განმარტებით, ქალაქის მასშტაბით მიუსაფარი ცხოველების დამუშავება აცრებზე და სტერილიზება სისტემატურად ხორციელდება.

„მერია ემსახურება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, რომელიც მიუსაფარ ცხოველებს ამუშავებს, ასტერილებს (კასტრაცია) და ცრის. ყველა ამ პროცედურის შემდეგ  ძაღლს აბრუნებს პირველად გარემოში, როგორც ეს კანონით არის განსაზღვრული“, – განმარტავს თელავის მერი.

მაკა მოსიაშვილი

გაზიარება