- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-05-08 16:28:17
მმართველ პარტიას ცუდი პერიოდი უდგას. იქით დასავლეთი ითხოვს პოლიტპატიმრების განთავისუფლებას, აქეთ უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ გადასხა მათ ოცნებებს წყალი და მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ მაღალ პოსტზე დანიშნა. არადა, ერთი კვირის წინ „ქართული ოცნება“ პროგნოზირებდა, რომ სააკაშვილს ოფიციალური კიევი მშრალზე დატოვებდა.
მოლოდინი არ გამართლდა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩვენებური მაინც დანიშნა რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ. მამუკა მდინარაძეს რომ ჰკითხოს კაცმა, ეს პოსტი, ფაქტობრივად, ყავის მომდუღებლობას ნიშნავს, მაგრამ მეოცნებეთა გოდებას თუ შევხედავთ, მესამე პრეზიდენტის პოსტი აშკარად სერიოზული წონისაა.
ოფიციალურმა თბილისმა ოფიციალური კიევი ჯერ კიდევ გასულ კვირას გააფრთხილა, რომ თუ სააკაშვილს რამე თანამდებობაზე დანიშნავთ, ჩვენ შორის ურთიერთობა გაფუჭდებაო. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მაღალ პოსტზე დაინიშნა და რეაქციამაც არ დააყოვნა _ უკრაინაში საქართველოს ელჩს თბილისში უხმეს კონსულტაციებისთვის. ამან უკვე უკრაინის ხელისუფლება გააოცა. გაოცდა ზელენსკიც. მისი თქმით, ელჩის გაწვევა შეცდომაა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, განაცხადა, რომ საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას.
„თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი შეკითხვებს იწვევს“, _ ამბობს ქართული დიპლომატიის მამა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სააკაშვილის უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნა მათი საშინაო საქმეა.
„უკრაინას საქართველოსთან და ქართველ ხალხთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და, ყველაფრის მიუხედავად, საქართველოში უკრაინის ელჩის კონსულტაციისთვის გაწვევა არ იგეგმება, რადგან ქვეყნებს შორის ურთიერთობა უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ნებისმიერი ქვეყნის ხელმძღვანელობა. ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, მას უკრაინული პასორტი აქვს და მე უკრაინის პრეზიდენტი ვარ, ის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ მე დავნიშნე“, _ ამბობს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტს „ქართული ოცნების“ მომხრეებმაც შეუტიეს. მთელი დღის მანძილზე ისინი სოციალურ ქსელებში ზელენსკის შიშველ ფოტოს დააპროწიალებდნენ და მას კლოუნსა და შეშლილს ეძახდნენ. აღნიშნული ფოტო უკრაინის პრეზიდენტს შოუმენობის დროს აქვს გადაღებული.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა „ქართული ოცნება“ უკრაინის პრეზიდენტს ესხმის თავს. რამდენიმე წლის წინ ასეთივე იერიში ზელენსკის წინამორბედ პეტრო პოროშენკოზე მიიტანეს, რომელმაც ჩვენებური ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. გემახსოვრებათ, რომ მაშინ უკრაინის პრეზიდენტს მეკანფეტეს, „პარაშას“ და ათას უბედურებას ეძახდნენ მეოცნებეები. მასზე გული მას შემდეგ მოუბრუნდათ, რაც პოროშენკოსა და სააკაშვილს შორის შავმა კატამ გაირბინა.
სააკაშვილი შეიძლება არ გიყვარდეს, მაგრამ უკრაინასთან მის გამო თითის ქნევით ლაპარაკი, სულ მცირე, უნამუსობაა. სხვა თუ არაფერი, ეს ქვეყანა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და უკრაინელები ყველა ომში გვერდით ედგნენ ქართველებს. ბევრი უკრაინელი დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. უკრაინელმა პილოტებმა ათასობით ქართველი დევნილი იხსნეს, როცა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ისინი საომარი მოქმედებების ზონიდან უვნებლები გამოიყვანეს.
აქვე ისიც გასათვალისწინებელია, თუ ვინ წიოკობს სააკაშვილის გამო. ესენი არიან მიშას ყოფილი მეხოტბე კახა კალაძე, მიშას ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, მიშას ყოფილი მინისტრის მოადგილე გიორგი ვოლსკი და ა. შ.
შორენა მარსაგიშვილი