- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-05-07 13:42:05
მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე „ქრონიკა+“ ისტორიკოსსა და ჟურნალისტ დათო გამცემლიძეს ესაუბრა:
_ მოგესალმები, ჩვენი ინტერვიუ მსოფლიო პოლიტიკით დავიწყოთ. იმ პირობებში, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ღიად ადანაშაულებს ჩინეთს ვირუსის ხელოვნურად გავრცელებაში და აცხადებს, რომ ოფიციალური პეკინი ყველაფერს გააკეთებს, რათა მან არჩევნები წააგოს, ხოლო „ხელოვნურობის“ დამადასტურებელი არანაირი ფაქტი საჯარო არ ხდება, რა ჰქვია ამ პროცესს? ანუ რასთან გვაქვს საქმე?
_ გამარჯობა. გმადლობ. დიახ, ამერიკის ორმოცდამეხუთე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელიც ამ დიდებული ქვეყნის ისტორიაში არჩევისას ყველაზე მხცოვანი პრეზიდენტი იყო - რონალდ რეიგანის ჩათვლითაც კი და თითქმის პირველი პრეზიდენტია, ვისაც არჩევამდე არანაირი სახელმწიფო თანამდებობა არასდროს ეკავა, ღიად ადანაშაულებს ჩინეთს ვირუსის ხელოვნურად გავრცელებაში.
ოღონდ ამერიკის სპეცსამსახურები, რომელთაც აშშ-ის უმაღლესი მხედართმთავარი მეთაურობს, ასევე ღიად აცხადებენ, რომ ჩინეთს „გვირგვინას“ ვირუსი არც ხელოვნურად „გამოუყვანია“ ლაბორატორიაში და არც ხელოვნურად გაუვრცელებია. დამეთანხმები, რბილად თუ ვიტყვით, „ცოტა არ იყოს“, უცნაური ვითარებაა, არა?
_ დიახ და სწორედ ეს არის მეტად საინტერესო.
_ ყველაფერთან ერთად, ეს ვითარება წარმოაჩენს იმ დაძაბულობას, რაც ამჟამად გროვდება და ფეთქებადსაშიშიც ხდება ამერიკულ ელიტებში, რაკი ძალიან რთული განსასაზღვრია, რა სტრატეგია სჯობს ჩინეთის მიმართ, რომელთანაც ამერიკა, ნურავის გაუკვირდება, ბოლო 20-25 წლის განმავლობაში, „სიამის ტყუპივით“ აღმოჩნდა დაკავშირებული ეკონომიკურად და ფინანსურად. თუმცა იმ რისკებისა და გამოწვევების იგნორირებაც აღარ შეიძლება, რაც ამ გიგანტური, თანაც კვლავინდებურად არადემოკრატიული, ტოტალიტარული, არასამართლებრივი, თუმცა ძალიან სწრაფად განვითარებადი და უდიდესი ეკონომიკური პოტენციალის მქონე სახელმწიფოსგან მომდინარეობს როგორც ამერიკის, ასევე მთელი დემოკრატიული მსოფლიოს მიმართ.
რაც შეეხება SARS CoV-2 ვირუსის „ხელოვნურობას“, უკვე მრავალმა ევროპულმა და ამერიკულმა სამეცნიერო ცენტრმა დაადასტურა: ლაბორატორიაში „ხელოვნურად გამოყვანილი“ ვირუსის „შენიღბვა“ ისე, თითქოს იგი ბუნებრივი იყოს, აბსოლუტურად შეუძლებელია - მას აუცილებალდ დარჩება „კვალი“, რომელიც ხელოვნურობას დაადასტურებს.
ასევე ნაკლებ სარწმუნოა, რომ ვუჰანის ბიოლაბორატორიაში ჰქონდათ შტამი და იგი „გამოუშვეს“ ან „გამოექცათ“.
_ მაგრამ ამის საწინააღმდეგოდ მაინც ისმის არგუმენტები, რომელსაც უარყოფა სჭირდება...
_ პირველ ვერსიას ელემენტარული „საღი აზრი“ უარყოფს, რაკი ჩინეთი ყველაზე მეტად დაზარალდა, თანაც არა მხოლოდ და არა იმდენად ადამიანურ დანაკარგს ვგულისხმობ, არამედ ეკონომიკურსა და რეპუტაციულს.
რაც შეეხება ბიოლაბორატორიიდან „გამოქცევას“, ასევე უამრავი ფაქტი ამტკიცებს, რომ ვირუსის პირველწყარო იმავე ვუჰანის ბაზარი იყო, ხოლო „ხელსაყრელი გარემო“, - ამ ქვეყნის კულინარიული ტრადიციები. მაგალითად, ვუჰანშიც და სხვა ჩინურ ქალაქებშიც, რესტორნების პირველ სართულზე სხვადასხვა ცოცხალი ეგზოტიკური ცხოველი თუ ფრინველია გალიებში, მათ შორის, პანგოლინი, ღამურა თუ სხვ. იქ რომ ადამიანი შედის, ჯერ ირჩევს საკვებს, შემდეგ ადის მეორე სართულზე და შემწვარს მიართმევენ.
დავსვათ კითხვა: რისი ალბათობა უფრო მაღალია? რომ ვირუსი ლაბორატორიიდნ „გამოიქცა“ თუ ვირუსი ადამიანს გადაეცა მორიგი კერძის დამზადებისას, ციკლში „დაჭერიდან“- „შეწვამდე“? „გვირგვინაში“ ხომ როგორც პანგოლინის, ასევე ღამურის გენებია აღმოჩენილი.
_ ტრამპის განცხადებები ამ ლოგიკას უარყოფს...
_ მაგრამ ეს ყოველივე არ ნიშნავს, თითქოს ტრამპი არ არის მართალი მეორე, ბევრად არსებით და საკმაოდ დასაბუთებულ ბრალდებაში ჩინეთის მიმართ: პეკინმა თავდაპირველად ნამდვილად დამალა ეპიდემიის მასშტაბი, დროულად არ მიაწოდა ინფორმაცია მსოფლიოს, დროულად არ გააფრთხილა სხვა ქვეყნები და ა. შ.
აი, ეს კი მართლაც იოლი დასაჯერებელია, რაკი ასეთია ტოტალიტარიზმისა და „ავტორიტარული ბიუროკრატიის“ ძირეული, იმანენტური ბუნება: დამალოს, არ გაავრცელოს, იცრუოს, შეცდომაში შეიყვანოს, უპირველესად პრესტიჟს გაუფრთხილდეს, პრობლემები მიჩქმალოს და ა. შ.
ტრამპი არც იმაშია მწყრალი სიმართლესთან, როცა ამტკიცებს: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ნებსით თუ უნებლიეთ - უფრო ნებსით, დაეხმარა პეკინს სიმართლის მიყრუება-მიჩქმალვაში! ამ საკმაოდ სერიოზული არგუმენტით, პრეზიდენტმა ტრამპმა „ჯანმოს“ დაფინანსებაც შეუწყვიტა. არადა, ამერიკა ამ უნივერსალური ორგანიზაციის ფინანსურ საჭიროებათა მესამედს ფარავდა.
_ რატომ სჭირდება დონალდ ტრამპს ახლა ჩინეთთან ვითარების ასე გამწვავება? მთელი მისი პრეზიდენტობა ხომ ისედაც, რეალურად, ამ ორი სახელწიფოს დაპირისპირება იყო. მეტიც, ბოლო წლების პოლიტიკური მოვლენა სწორედ ვაშინგტონ-პეკინის გამოცხადებული ეკონომიკური და გამოუცხადებელი ჰიბრიდული ომია.
_ ჩინეთი თანდათან იქცა ამერიკის რეგიონული და, გარკვეულწილად, გლობალური დომინირების მთავარ ოპონენტად და მოწინააღმდეგედ. ვგულისხმობ როგორც ეკონომიკურ, ასევე სამხედრო-პოლიტიკურ ასპექტებს.
თუ მხედველობაში არ მივიღებთ ბირთვულ იარაღს, რაშიც ამერიკა და რუსეთი უპირობო ლიდერები არიან, ყველა სხვა მიმართულებით, სამხედრო-საზღვაო პოტენციალის მხრივაც, ჩინეთი ამერიკას უკვე „ტოლს არ უდებს“ ძალზე მნიშვნელოვან და სენსიტიურ რეგიონში _ წყნარ ოკეანესა და აღმოსავლეთ აზიაში.
ფინანსური თვალსაზრისითაც, ამერიკა უკვე არანაკლებ არის „მიბული“ ჩინეთს, ვიდრე ჩინეთი _ ამერიკას.
მხოლოდ ერთი ფაქტი: პეკინი ფლობს ტრილიონობით დოლარის ამერიკულ სასესხო ვალდებულებებს (სახაზინო ობლიგაცები). თეორიულად, ვაშინგტონს შეუძლია, სიტუაციის გამწვავებისას, უარი თქვას ამ სასესხო ვალდებულებათა შესრულებაზე, მაგრამ ეს გაანადგურებს ამერიკის საკრედიტო რეიტინგს მსოფლიოში და დასცემს დოლარს.
მეორე მხრივ, ჩინეთსაც შეუძლია, ამერიკის „დასასჯელად“ ერთბაშად „გამოყაროს“ ბაზარზე ეს ობლიგაციები, პეკინი ამით ძლიერ დაზარალდება, თუმცა ამერიკის ეკონომიკისა და ფინანსური სისტემისთვის, მათ შორის, დოლარისთვის, ისეთი შოკი იქნება, რაც ამ ქვეყანას ჯერ არასდროს გამოუცდია.
_ ეს, ერთგვარად, ცუგცვანგია ორივე სახელმწიფოსთვის, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე და ამიტომაც არის გასაკვირი პოზიციების რადიკალიზაცია...
_ აქედან გამომდინარე, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ორი დიდი სახელმწიფო მოკლევადიან პერსპექტივაში - უახლოესი 10-15 წლის მანძილზე, დარჩება „მტერ-მოყვარედ“, ანუ განაგრძობს თანამშრომლობას, იმავდროულად, „ჭიდილს“ რამდენიმე რეგიონული და გლობალური მიმართულებით.
ასე იოლად ვერც ერთი „ჩაეხსნება“ მეორეს - უდიდესი რისკისა და დანაკარგის გარეშე. მეეჭვება, ეს ამერიკულ ელიტებს არ ესმოდეთ. მით უმეტეს, მკაფიოდ ესმით ჩინურ ელიტებს, რომლებმაც ბოლო ნახევარი საუკუნეა, პოლიტიკური პრაგმატიზმის ქრესტომათიული მაგალითები „დადეს“.
_ სადამდე შეიძლება მივიდეს პროცესი, ანუ ეს ჯერაც ვერბალური ესკალაცია?
_ ამჟამინდელ ისტორიულ ეტაპზე ძალიან შორს არც წავა და ვერც წავა იმ მიზეზებით, რაზედაც მოგახსენე. რა იქნება „ხვალ“, ანუ იმ საშუალოვადიან პერსპექტივაში, როცა ჩინეთი აუცილებლად მოინდომებს არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური ლიდერის როლისა და ფუნქციის მორგებას, დღეს ძნელი საპროგნოზოა. თუმცა ეს პერიოდი და რეალობა რომ გარდაუვალია, ამაში ეჭვი არ მეპარება. და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთი, საბოლოოდ, მაინც არ დაუშვებს, ორმილიარდიანი ჩინეთი იქცეს „სინგაპურად“, ანუ ტოტალიტარულ სახელმწიფოდ, რომელიც, იმავდროულად, მსოფლიოს ეკონომიკური და მწარმოებელი, მათ შორის, ტექნოლოგიური ლიდერი გახდება: ადრე თუ გვიან, დასავლური ელიტები უეჭველად დასვამენ საკითხს, რომ თუ ჩინეთს კვლავინდებურად სურს ისარგებლოს ატლანტიკური ერთობის ბაზრებით, ასევე დასავლური ტექნოლოგიებით, მაშინ კეთილი ინებოს და მიიღოს სრულყოფილი კონკურენციის წესები: როგორც პოლიტიკური სისტემის - დემოკარტია, პლურალიზმი, ხელისუფლების არჩევითობა, ასევე ეკონომიკის - იუანის ხელოვნურ დევალვაციაზე უარი, პროტექციონიზმის გამორიცხვა, საკუთარი ბაზრების გახსნა სხვადასხვა მიმართულებით.
_ დაახლოებით, იაპონიის მოდელზე საუბრობ?
_ დიახ, ანუ, დაახლოებით, „ტაივანის“ მოდელი ან იაპონიის, რომელიც მეორე ეკონომიკა იყო მსოფლიოში მცირე ხნის წინ და დღესაც მეორეა ტექნოლოგიური თვალსაზრისით, მაგრამ ატლანტიკურ ცივილიზაციას არანაირ საფრთხეს არ უქმნის - მისი მეგობარი და მოკავშირეა _ არა „მონა-ყმა“, არამედ მოკავშირე.
მაგრამ შენ კარგად შენიშნე ამერიკაში მომავალი არჩევნების გავლენა ტრამპის ამჟამინდელ რიტორიკაზე. ბუნებრივია, დონალდ ტრამპს აფრთხობს ჩინეთისა და რუსეთის გავლენა, დესტრუქციული ჩარევა და საინფორმაციო ინვაზია საარჩევნო პროცესში მისი მთავარი მოწინააღმდეგის, დემოკრატ ჯო ბაიდენის მხარეს. ამგვარი ინვაზია არასდროს ხდება „ცარიელ ადგილას“: დღეს ეკონომიკური კრიზისი და ეპიდემიით გამოწვეული უმუშევრობა ქმნის ნოყიერ „ბულიონს“ ასეთი ჩარევისთვის, ამიტომ დონალდ ტრამპის განცხადება უფრო მეტად პროფილაქტიკური ხასიათისაა: ტრამპი ჩინეთს და შეფარვით რუსეთს აფრთხილებს, არ ჩაერიონ არჩევნებში. მე თუ მკითხავ, სრულიად უსარგებლო და უშედეგო „გაფრთხილებაა“.
_ ამ გაფრთხილების უსარგებლობაში გეთანხმები. თან როცა ის მრავალასპექტიანია და თითქმის, ყოველმხრივ, წამგებიანიც. წამგებიანი უსაფრთხოების თვალსაზრისით, წამგებიანი პრევენციის თვალსაზრისით და წამგებიანი, თუნდაც, შიდა ელექტორული თვალსაზრისითაც. თუმცა ეს სხვა საუბრის თემად დავტოვოთ. აქვე საკმაოდ საინტერესო იყო რუსეთის საგარეო უწყების შეფის განცხადება, რომ დასავლეთის სახელმწიფოები ხელოვნურად ამწვავებენ ვითარებას ჩინეთთან. რეალურად, რა თამაშს თამაშობს მოსკოვი და სჭირდება კი თავად პეკინს მოსკოვის გამოსარჩლება?
_ რამდენიმე დღის წინ რუსეთის ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა და გავლენიანმა პოლიტოლოგმა, ვიაჩესლავ ნიკონოვმა (სტალინის თანამებრძოლ ვიაჩესლავ მოლოტოვის შვილიშვილია) საინტერესოდ დაახასაითა რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობა: „ჩვენ პარტნიორები ვართ პეკინთან და არა მოკავშირეები“. როცა ჰკითხეს, _ რა განსხვავებააო? არგუმენტირებულად დაასაბუთა: „მოკავშირეობა გულისხმობს თვითშეზღუდვას, ანუ საკუთარ ეროვნულ ინტერესთა დელეგირებას საერთო ინტერესებისთვის (როგორც წესი), ასევე ვალდებულებებს მესამე ქვეყნებთან ურთიერთობაში; ხოლო პარტნიორობა სიტუაციურია, ანუ „ზოგჯერ დაგიჭერ მხარს მესამე ქვეყანასთან დაპირისპირებისას, თუმცა ზოგჯერ - არა - როცა ჩავთვლი საჭიროდ“.
ზუსტად ასეთი მოდალობისა და ფორმატის ურთიერთობაა პეკინსა და მოსკოვს შორის. ოღონდ ნიკონოვი ცრუობს, როცა მიანიშნებს, თითქოს ეს მოდალობა უპირატესად რუსეთის არჩეულია. არამც და არამც! ეს არის სტრატეგია, რომელიც დენ სიაოპინმა აირჩია მოსკოვთან ურთიერთობაში, როდესაც თავისი ქვეყნის მომავალი დასავლურ ბაზრებს დაუკავშირა და რეფორმები დაიწყო.
პუტინი და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, რთულ საჭადრაკო პარტიას თამაშობენ ჩინეთთან და მუდამ მხედველობაში აქვთ ორი სხვა „დაფაც“: „რუსეთ-ამერიკისა“ და „ჩინეთ-ამერიკის“. ამიტომ ამ „სამკუთხედში“ რომელიმე ორ წევრს შორის ურთიერთობის „სტრატეგიულ მოკავშირეობად“ გაფორმება, ჩემი აზრით, არც მოკლევადიან და არც გრძელვადიან პერსპექტივაში მოსალოდნელი არ არის.
_ აშკარაა, მოსკოვი პანდემიიდან სარგებელს წველის. ეს იქიდანაც დასტურდება, რომ კოვიდთან დაკავშირებული სენსაციებისა და ლამის აპოკალიფსის, ადამიანების მოსალოდნელი „დაჩიპვის“, ასევე ვირუსის ხელოვნურად „გაპარების“, მაგრამ ვაშინგტონის მიერ და უშუალოდ ბილ გეიტსის მონაწილეობით - საკმაოდ გააზრებული ინფორმაციების პირველწყარო რუსი „ბლოგერები“ და „სპეციალისტები“ არიან. თუმცა ჯერაც ძნელია იმის დანახვა, რა სარგებელს იღებს კრემლი ამ ყველაფრისგან? იქნებ, იმას, რომ საკუთარ ობავატელს აგუებენ და „რწმენაში ამტკიცებენ“ „დამპალი იმპერიალისტების“ ბრძოლაში რუსეთის წინააღმდეგ? და მხოლოდ ეს რომ არ იქნება სარგებელი, ცხადია. მაშინ, რა?
_ სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხი დასვი, თანაც დღევანდელი ვითარებით და კრემლის ქმედებებით მკაფიოდ ილუსტრირებული.
ნამდვილად: პანდემიის დაწყებისთანავე პუტინის დაფუძნებული „საინფორმაციო ჯარები“ (შეიარაღებულ ძალთა ცალკე სახეობაა, რაოდენ დაუჯერებლადაც არ უნდა ჩანდეს) კოლოსალურად „გადაეწყვნენ“ დასავლურ საზოგადოებაში არსებულ ფობიათა გაძლიერებასა და გაღვივებაზე.
აქვე მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ, რომ ისინი იშვიათად მოქმედებენ ისეთ „საინფორმაციო ნიადაგზე“, სადაც საფუძველი არ აქვთ: მუდამ იყენებენ არსებულ პრობლემებს, მათ შორის, სოციო-ფსიქოლოგიურ სფეროში. მით უმეტეს, როცა დემოკრატიული და პლურალისტური ევროპული (ატლანტიკური) ცივილიზაციის ერთ-ერთი განუშორებელი თვისებაა „სასარგებლო იდიოტთა“ ფენომენალური სიმრავლე.
რაც შეეხება კითხვას, თუ რა მიზანი აქვს მოსკოვს ან შენივე მოსწრებული მეტაფორით თუ ვიტყვით, რის „გამოწველას“ აპირებს აქედან პუტინის რეჟიმი, იგი რამდენიმე მიმართულებით მუშაობს: პირველ რიგში, დასავლურ ცივილიზაციაში წინააღმდეგობათა და ღირებულებითი ქაოსის პროვოცირება; ხელისუფლებათა დასუსტება; მათდამი ნდობისა და მხარდაჭერის შემცირება; თვით საზოგადოებაში სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს შორის წინააღმდეგობათა, ასევე დაპირისპირების გაღვივება; დასავლური ცხოვრების წესის დისკრედიტაცია და ა. შ.
ეს ერთი მიმართულება. მეორე მიმართულებაა იმგვარი ვითარების შექმნა დასავლურ სახელმწიფოთა შორის უთანხმოებებზე ოსტატურად თამაშით, რომ მოსკოვთან არსებული წინააღმდეგობები - იგივე საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციის გამო - კიდევ უფრო გადაიწიოს უკვე არა მეორე, არამედ მესამე და მეოთხე პლანზე და ეს პრობლემა საერთოდ ამოიშალოს „დღის წესრიგიდან“.
სამწუხაროდ, აქ დროს უდიდესი მნშვნელობა აქვს: რაც მეტი დრო გავა, მით მეტ „ლეგიტიმურობას“ შეიძენს არა იურიდიული, არამედ „რიალპოლიტიკის“ თვალსაზრისით ის ვითარება, რაც ცხინვალში, აფხაზეთში, ყირიმსა და დონბასში შეიქმნა 2008-2014 წლებში.
და არსებობს კიდევ შიდაპოლიტიკური ასპექტიც: რეჟიმი ცდილობს, რუსი „ობივატელი“ დაარწმუნოს, რომ დასავლეთი იქცევა, იღუპება, ხოლო „ღვთიურსხივმოსილი რუსეთი“ დგას, ვითარცა სალი კლდე „აფურთვნილ ცეცხლის ზღვაში“, როგორც კაცობრიობის ნოეს კიდობანი.
აქ რეჟიმს ძალიან ეხმარება არა მხოლოდ ინფორმაციული ბლოკადა და რეალურად არსებული ცენზურა, ასევე მედიის ფაქტობრივად მონოპოლიზება, არამედ კიდევ ის ობიექტური გარემოებაც, რომ ტოტალიტარულ და ავტორიტარულ რეჟიმებს, რასაკვირველია, კრიზისების დროს მობილიზების მეტი უნარი აქვთ, ვიდრე დემოკრატიებს. ჩინეთმა სწორედ ამ „ინსტრუმენტების“ წყალობით გადაჭრა ქალაქ ვუჰანისა და პროვინცია ჰუბეის პრობლემა.
_ ამ ფონზე თავზარდაცემული ევროპა, მისი პოლიტიკური ისტებლიშმენტი, არც კი იმჩნევს პროცესებს, თუ ვერ იცლის ამისთვის?
_ როგორც ანგელა მერკელმა აღიარა, ასეთი გამოწვევის წინაშე ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ დამდგარა. დავაკვირდეთ: მას არ უთქვამს, „ცივი ომის დასრულების“ შემდეგ, არამედ „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“.
ეს დაზუსტება იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ „ცივი ომის“ დროს მკაფიო დიქოტომია (ორად გაყოფა და ა. შ. -ბრედ.) და დეტერმინაცია არსებობდა, ასევე სრული კონსენსუსი, თუ რას წარმოადგენს საბჭოთა კავშირი.
შესაბამისად, საპასუხო რეაქციაც ნათელი იყო. დღეს ბევრად რთული ვითარებაა, რაკი მოსკოვი შეუდარებლად უფრო „დახვეწილ“ და ტექნოლოგიურ მეთოდებს იყენებს. თანაც არანაირი კონსენსუსი დასავლეთში უკვე აღარ არსებობს არა მხოლოდ საინფორმაციო ომის თემაზე, არამედ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიათა დაპყრობასაც კი ადეკვატური შეფასება არ მოჰყოლია. „პასუხზე“ ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
_ რატომ? რა მიზეზით?
_ იმიტომ, რომ როდესაც დასავლელი პოლიტიკოსი ამა თუ იმ პროცესს აფასებს ადეკვატურად, მაშინ მას აუცილებლად მოეთხოვება არა მხოლოდ ვერბალური შეფასება, არამედ ადეკვატური პასუხიც. აი, „საპასუხო“ ნაბიჯების გადადგმას კი დღეს ვერ ბედავენ, რადგან სარისკოა.
ერთ ევროპელ კოლეგას რომ ვკითხე ამის მიზეზი, გულწრფელად მითხრა: „ნამდვილ სანქციებს თუ დავუწესებთ პუტინის რუსეთს, - საბანკო გადარიცხვებს თუ შევუზღუდავთ (SWIFT-ის დაბლოკვით) ან ნავთობის ექსპორტს ავუკრძალავთ ევროპულ ბაზრებზე, იმან შეიძლება ფანატიკურ ანტიდასავლურ რეჟიმებს (მაგალითად, ირანს) ბირთვული ბალისტიკური კონტინენტთაშორისო რაკეტები მიაწოდოს და მაშინ რაღა გვეშველებაო?
იგივე ლოგიკაა საინფორმაციო ომის დროსაც. იმედი აქვთ, გაუძლებენ და ამგვარი პროვოკაციები მრავალსაუკუნოვან ევროპულ ცივილიზაცის ვერ დაანგრევს.
ჩვენც იმავეს იმედი გვქონდეს. აბა, სხვა რა გზაა?
_ ბარემ, ევროკავშირის პოლიტიკური მომავლის კონტურებზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. რა გამოვიდა, რომ ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის ერთიანობა გაბზარა და თავზე დაამხო მის მამებს? რამდენდ არის მოსალოდნელი, რომ ამ გაერთიანების პოლიტიკური პრინციპები თუნდაც წევრობისა და ვალდებულებების ნაწილში გადაიხედოს?
_ ორბანი თანამედროვე ევროპის ძალიან სერიოზული პრობლემაა. ბევრად მეტი, ვიდრე „ბრექსიტი“, რადგან გავა თუ არ გავა დიდი ბრიტანეთი (ინგლისი) ევროკავშირიდან, იგი რჩება დემოკრატიად, ანუ რჩება „დემოკრატიულ კოორდინატთა სისტემაში“. მაშასადამე, ღირებულებითი თვალსაზრისით, ინგლისი რჩება ევროპული ყაიდის სახელმწიფოდ.
ხოლო რეჟიმი, რომელსაც „სთრონგმენი“ ორბანი ამჟამად ამკვიდრებს უნგრეთში პანდემიის გამოყენებით, სწორედ რუსეთის მმართველ რეჟიმს უფრო ჰგავს. ევროკავშირს, რასაკვირველია, აქვს „ინსტრუმენტები“, რათა იგი სათანადოდ დასაჯოს. როგორც ეკონომიკურ და ფინანსურ, ასევე პოლიტიკურ ინსტრუმენტებს ვგულისხმობ. მაგრამ ორბანმა იცის, რომ ახლა ევროპას ამისთვის მართლა არ სცალია, რაკი იგი ეგზისტენციურ პრობლემას შეეჩეხა.
ორბანის ფენომენი აძლიერებს ისედაც გაღვივებულ სკეფსისს ევროკავშირის მიმართ მიუხედავად იმისა, რომ როგორც ერთ-ერთ წინა ინტერვიუში ვთქვი, ის რაც მოხდა ევროპაში პანდემიის პირველ ეტაპზე, ანუ ეგოიზმი და სოლიდარობის ნაკლებობა ევროპულ სახელმწიფოთა შორის, ევროკავშირის „ბრალი“ კი არ არის, არამედ სწორედაც ევროპული - მათ შორის, უნგრული, იტალიური, ინგლისური და ა. შ. ნაციონალიზმისა, რომელმაც არ მისცა საშუალება 1970-1980 წლების დიდ ევროპელ ლიდერებს ბოლომდე, ლოგიკურ დასასრულამდე, მიეყვანათ ევროპული ინტეგრაციისა და „ევროპის შეერთებული შტატების შექმნის“ პროცესი, რაც მაასტრიხტში დაიწყო და „საერთო-ევროპული კონსტიტუციის“ შემუშავებით გაგრძელდა, თუმცა ვერ დასრულდა, რაკი ეს კონსტიტუცია სწორედ იმ ნაციონალისტებმა „ჩააგდეს“, ვინც ახლა ყველაზე მეტს ყვირის, „ევროკავშირმა ვერ გვიშველაო“.
როგორ „უშველიდა“, როდესაც ევროკომისია ყველა გადაწყვეტილებას, მხოლოდ და მხოლოდ, კონსენსუსით იღებს და არა - ფედერაციული პრინციპით?!
_ საქართველოზეც ვისაუბროთ. ცხადია, რომ მიუხედავად დიდი მონდომებისა, ოპოზიციამ ამ დრომდე ვერ შეძლო ტემპერატურის სასურველ დონემდე აწევა. არ გვაქვს მასობრივი დაინფიცირება და სიკვდილიანობა. ნამდვილად არ ვგულისხმობ ერთეულ შემთხვევებს, რაც ასევე ტრაგედიაა მათი ოჯახებისთვის. არ ვამბობ იმას, რომ ვინმეს ძალიან სურს ტრაგიკული შემთხვევების ზრდა. მაგრამ „ხელისუფლება ექიმებს ამოეფარა“ - საკმაოდ მრავალაზროვანი გზავნილია და ასევე პოლიტიკურად წამგებიანიც კი ოპოზიციისთვის და არა - ხელისუფლებისთვის. მოკლედ, რაც ხდება ქართულ პოლიტიკაში, ესეც შევაფასოთ...
_ 2008 და 2012 წლების „გარდატეხის“ შემდეგ, „გვირგვინას ეპიდემია“ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოში შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით. ნებისმიერ შემთხვევაში იგი განსაზღვრავს პროცესთა როგორც მიმართულებას, შინაარსს, ასევე - შედეგსაც.
გეთანხმები, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო „პოლიტიკური ტემპერატურის“ ისე „აწევა“, ეს მმართველი პარტიისთვის საზიანო ყოფილიყო. პირიქით: არცთუ უსაფუძვლოდ შეშინებული საზოგადოება (ამომრჩეველი) ცდილობს, ხელისუფლებას „მიეკრას“, „ამოეფაროს“, „დაუჯეროს“, „ენდოს“ და ა. შ. ხვალ რომ ჩატარდეს არჩევნები, მაღალი ალბათობით, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. მაგრამ... არჩევნები „ხვალ“ არ ტარდება. არჩევნები ჩატარდება 2020 წლის შემოდგომაზე. შემოდგომამდე კი საკმაოდ დიდი ვადაა.
_ და ეს ვადა დიდ რისკებს შეიცავს, რასაც, ვგონებ, ხელისუფლების ცალკეული სპიკერი ვერც კი ათვითცნობიერებს...
_ რაც მეტი დრო გავა, მით მეტი კითხვა გაჩნდება, რადგან ეკონომიკური კრიზისი, სოციალური გაჭირვება, უმუშევრობა, უიმედობა ოპოზიციის „მოგონილი“ არ არის - ნეგატიური განწყობა თანდათან გაძლიერდება იმ ადამიანებშიც კი, ვისაც მატერიალურად არ უჭირს და არც მაინცდამაინც გაუჭირდება. უბრალოდ, იმ მიზეზით, რომ... სიცოცხლეს ვერ შეაკავებ: ადამიანს ყველაფერი ყირჭდება, მათ შორის, შიშიც და სრულფასოვანი ცხოვრება უნდა!
თუ ხელისუფლებამ ვერ იპოვა აქ „ოქროს შუალედი“, მათ შორის, დროის თვალსაზრისით, თუ მეტისმეტად „გაწელა“ აკრძალვების მოხსნა, თუ მეტისმეტად გაგრძელდა ეს მტანჯველი და სულის შემხუთავი საგანგებო მდგომარეობა, ელექტორატის განწყობაც შეიცვლება და იგი ასევე „მიეკრობა“ იმ ძალებს, რომლებიც ალტერნატივას შესთავაზებენ. თუნდაც სარისკოს.
ამდენად, ხელისუფლება სერიოზული გამოცდის წინაშეა ამჟამად: „ჩლუნგი უკომპრომისობა“ და „ფორმალური სიმართლე“ მიზანშეწონილიც რომ იყოს ანტიეპიდემიური თვალსაზრისით, შესაძლოა, ძალიან ძვირად დაუჯდეს. უკვე „დრო და მომენტი“ წყვეტს ყველაფერს!
_ „დღეს“ ანუ „ხვალაც“ - როცა არჩევნები გაიმართება, რა შანსები აქვთ პოლიტიკურ ძალებს და ამ შანსების სასარგებლოდ რა არგუმენტების მოხმობა შეიძლება?
_ „გვირგვინას ეპიდემიას“ ძალიან კონკრეტული და ღრმა შედეგი აქვს (უკვე) პოლიტიკური თვალსაზრისით: მან მხოლოდ გააძლიერა პოლიტიკური „ლანდშაფტის“ „შავ-თეთრი“ აღქმა, რაც ისედაც დამახასიათებელი იყო ქართული დემოკრატიისთვის 1990 წლიდან - დღემდე.
ეს არის ტრაგედია, რადგან, ბოდიში არცთუ დახვეწილი რიტორიკულ-ფიგურალური გამონათქვამისთვის და ამ ქვეყანას „არასდროს არაფერი ეშველება“ მანამ, სანამ ქართველი ამომრჩეველი „შავ-თეთრად“ აღიქვამს პოლიტიკურ სპექტრს ანუ სხვა „ფერებს“ ვერ ამჩნევს.
თუ არ ჩავთვლით 1992 წლის 11 ოქტომბრის არჩევნებს, როცა ამომრჩეველი ერთდროულად 3 პარტიას აძლევდა ხმას(!), საქართველოს მთელ უახლეს ისტორიაში (ვიმეორებ: 1990 წლის პირველი მრავალპარტიული არჩევნებით დაწყებული) არსებობს ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქართველმა ამომრჩეველმა სხვა პოლიტიკური ძალები და სხვა „პროექტებიც“ „შენიშნა“: 2003 წლის 2 ნოემბერს 7%-იანი(!) საარჩევნო ბარიერი გადალახა ექვსმა პოლიტიკურმა ძალამ და ათმა თუ თორმეტმა პარტიამ. ის პარლამენტი იქნებოდა პირველი, ნამდვილად პლურალისტური პარლამენტი საქართველოს უახლეს იტორიაში, სადაც არათუ საკონსტიტუციო, არამედ აბსოლუტური უმრავლესობაც კი არ ექნებოდა არც ერთ პარტიას. მაგრამ მოხდა „რევოლუცია“ და კვლავ ერთპარტიული პარლამენტი მივიღეთ საკონსტიტუციო უმრავლესობით.
როგორც ჩანს, ეპიდემია გააძლიერებს ამ სამწუხარო რეალობას და ამომრჩეველი ისევ აღიქვამს მას დიქოტომიაში - „მიშა თუ ბიძინა“, როგორც ადრე -„ზვიადი თუ შევარდნაძე“, „ბადრი თუ მიშა“, და ა. შ.
ამ „ორწევრიანი“ დაპირისპირების შედეგი არც ისე ნათელია, როგორც ამა თუ იმ პარტიის მომხრეს ჰგონია ან სურს წარმოაჩინოს: ბევრი რამ იქნება დამოკიდებული სამ ფაქტორზე:
1) როდის „გაიხსნება“ ქვეყანა, ე. ი. რამდენად მწვავე იქნება სოციალ-ეკონომიკური კრიზისი, რადგან როგორც ვთქვით, ადამიანებს „შიში ყირჭდებათ“ და ცხოვრება უნდათ;
2) ჩატარდება თუ არა საკონსტიტუციო რეფორმა;
3) მოახერხებს თუ ვერა მამუკა ხაზარაძე, ვისაც ბევრი დამკვირვებელი და სოციოლოგი სამართლიანად მიიჩნევს, ელექტორალური თვალსაზრისით, „მზარდ“ ძალად, იმ სოციალური ჯგუფის კონსოლიდაციას, ვისაც საქართველოში დიდი პირობითობით შეიძლება ვუწოდოთ „საშუალო ფენის ჩანასახი“;
ჯერ მხოლოდ ჩანასახია, რადგან კლასიკური გაგებით „საშუალო ფენა“ დღემდე ვერ ჩამოყალიბდა და ვერც ჩამოყალიბდებოდა ობიექტურად ღატაკ ქვეყანაში, თუმცა ელექტორული თვალსაზრისით არც ისე მცირერიცხოვანია მაინც, როგორც ერთი შეხედვით და ზედაპირული ანალიზით შეიძლება ჩანდეს.
თუ მამუკა ხაზარაძე ამას შეძლებს, მაშინ მისი პოლიტიკური ძალა იქნება არა „მესამე“, არამედ არსებითად „თანასწორი“ მომავალ პარლამენტში, ანუ საკანონმდებლო ორგანოში და პოლიტიკურ ლანდშაფტზე „კონფიგურაციისა“ და ძალთა განლაგების, გარკვეულწილად, „დამაბალანსებელი“ ფაქტორი, მაშასადამე, რეალური პლურალიზმის პრომოუტერი.
_ აქვე ისიც ვაღიაროთ, რომ ხაზარაძემ საკმაოდ დიდი, პოლიტიკურად უწონო პერსონები წამოიკიდა მხარზე, რაც მის პოლიტიკურ გამოუცდელობას შეიძლება მივაწეროთ. ჩემი შეხედულებით, ეს უწონო ფიგურები მას უფრო მეტად გამოიყენებენ, ვიდრე გამოადგებიან და დააზიანებენ კიდეც. თუმცა ამაზე სხვა დროს ვიმსჯელოთ. ვიცე-პრემიერზე უკეთესი პოსტი მიხეილ სააკაშვილისთვის... პროცესები მინდა შეაფასო და საქართველოს პოზიციაც, როგორც მომხრეების ასევე მოწინააღმდეგეების. რა თქმა უნდა, ხელისუფლების წერილებიც და დიპლომატიური ასპექტიც.
_ მე კვლავინდებურად ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ვერც ერთი მიმართულებით ვერ შეძლებს იმგვარი რეფორმების გატარებას, როგორიც საქართველოში მოახერხა. ამას სისტემური მიზეზი აქვს: 2003 წლის „რევოლუციის“ შემდეგ საქართველოში მოხდა ხელისუფლების „კონსოლიდაცია“ ისე, რომ პარლამენტი, რამდენიმე დღის განმავლობაში, იღებდა ნებისმიერ რეფორმატორულ კანონს, რასაც რეფორმატორები მიიჩნევდნენ მიზანშეწონილად.
ასევე მოხდა მედიის „კონსოლიდაცია“ ამ რეფორმების მხარდასაჭერად.
უკრაინაში ასეთი პირობები არ არსებობს და არც იარსებებს: უკრაინა, საბედნიეროდ, დემოკრატიული და პლურალისტური ს